ნინოშვილი ეგნატე 

 

ჯანყი გურიაში

 

ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის ცხოვრებიდან

 

 

 

I

 

– უფ, რა გრილი ღამეა! პერანგისამარა გამოვედი და საშინლად მცივა!

– თუ გცივა, გულზე მომეკონე და გათბები.

– გულზე? არ ჯობს. მოწიფული კაცის გული და ზღვაი ერთია. სხვაი რამე რომ გაგიპირდეს, მაშვინ რაღაი? ხომ იცი, სიმონ, ჩვენი ჯვარისწერის საქმე ჯერ ცხრა ქედს გადაღმაა!

– მანა, გული მტკენია, რომ ამაზე მეტი დანდობა არ გაქ ჩემზე! რა გეივლე გულში აგი! აბა უნამუსო ვყოფილვარ, თუ ჯვარისდაწერამდე შენ საიმგვაროთ შეგეხე! ისე იმასაც ვიტყვი, ჩვენი ჯვარისწერის საქმე, შენ რომ ფიქრობ, არც ისე დაკარგულია. გუშინ ჩემს დედ-მამასთან განგებ შენი ქება ვთქვი და ბოლოს დავატანე: ვინც გინდა თავმომწონე აზნაურმა შეირთოს, ზრახი არ ეთქმება-მეთქი. არა, მე და ჩემმა ღმერთმა, ჩვენს სოფელში მანაის ფარდი ქალი არ მოიძებნებაო, დამემოწმა მამა. კაი დედ-მამის შვილია და კაი გამოვიდაო, თქვა დედაჩემმა. თუ კაია, ჩემია-მეთქი, გევივლე გულში. ერთი ორ-სამჯელ კიდევ მოვუყოლებ ამბავს და ბოლოს გავუტეხ ჩხირს: მანაი ჩემია, მე უნდა შევირთო-მეთქი. მგონია, უარი ვერ მითხრან. მეტყვიან და შენ მაინც ჩემი ხარ!

– შენი ვარ, სიმონ, შენი! აჰა, გული დანითაც რომ დასჭრა, იმ დღიდან მაინც შენია. ნუ გეწყინება, რომ ხანდახან ეჭვი შემომეპარება.

– ნუ, ნუ მოაკარეფ შენს გულს, მანა, იმ, უღვთო ეჭვს. აა, ასე დაგიკოცნი თვალებს, ყელს, გულს... კოცნა აბა სხვაი რა? სხვაფერ ჯვარის დაწერამდი და-ძმაი ვართ.

ასე საუბრობდენ გურიის ერთ სოფელში 1841 წელს, მაისის მოწმენდილ ღამეს, ისლით დახურულ ფიცრულა სახლზე ცოტა მოშორებით, დიდი კაკლის ხის ძირში მსხდომნი მანა, გლეხი X-შვილის ქალი და აზნაური სიმონ ზ-ძე. პირველი, მანა X-შვილის ქალი, იყო თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წლის, მომაღლო მშვენივრად მოყვანილი ტანისა. მის თეთრყირმიზს, ცისფერი დიდრონი თვალებით გაბრწყინებულ პირისახეს რაღაც ისეთი გვარი მომჯადოებელი სხივი ეკერა, რომ ბერათ განყენებულსაც კი გულს უბრუნებდა და აუტოკებდა. მანას მოტრფიალე აზნაური სიმონ ზ-ძე ოცი-ოცდაორი წლის, საშუალო ტანის ყმაწვილი კაცი იყო. მის ლამაზ, სუფთა პირისახეს ძლიერ უხდებოდა ახალამოშლილი, წაბლისფერი წვერ-ულვაში და დიდრონი თაფლისფერი თვალები. სიმონ, როგორც ახლო მეზობელი, თვით ბავშვობიდანვე მეგობრულად განწყობილი იყო მანას მშობლებთან და მეტადრე მანას ძმა ბესიასთან. ხშირათ დადიოდა იმათ ოჯახში და, რა თქმა უნდა, მანასაც დაახლოვებით იცნობდა. “რა ლამაზია იი ყაძახის გოგო! რა მოხდენილი სიტყვა-პასუხი აქ. ერთ ქალად მარტო იმის ჩანგურის დაკვრა და მღერა ღირს”, – ფიქრობდა ის უწინდაუწინ მანას შესახებ. შემდეგ ეს ფიქრი ნელ-ნელა სიყვარულად შეეცვალა და ეს ყმაწვილი აზნაური შეიქნა “ყაძახის გოგოს” თაყვანისმცემელი. რა რომ მანამ ყმაწვილი, ლამაზი თვალტანადი აზნაური მის მოტრფიალეთ დაინახა, თითონაც გაება სიყვარულის ბადეში და, როცა სიმონმა მას განუცხადა, მიყვარხარ, ცოლათ უნდა შეგირთოო, რასაკვირველია, უარი აღარ უთქვამს სიმონისთვის.

რადგანაც ორივე – მანაც და სიმონიც – ერთმანეთთან შეუღლების თანახმანი და მოხარულნი იყვენ, იმათი ჯვარისწერაც ადრე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ამ საქმეს გადაეღობა წინ ერთი დიდი დამაბრკოლებელი მიზეზი: ეს მიზეზი იყო სიმონის მშობლები, რომლებთანაც სიმონი ჯერჯერობით ვერა ბედავდა ეთქვა, გლეხის ქალი მანა უნდა შევირთოვო. ამ უშველებელი მიზეზის გამო მანამ და სიმონმა თავიანთი ჯვარისწერა გადადვეს იმ დრომდე, როცა რაიმე ბედნიერი შემთხვევა ამ საქმის შესახებ სიმონის მშობლების ნებართვას მისცემდათ. მისცეს ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა, რომ მანა სიმონის გარდა სხვა ქმარს არ გაჰყოლოდა და სიმონს მანას გარდა სხვა ცოლი არ შეერთო. აგრეთვე დადეს პაემანი, რომ ჯვარის დაწერამდე ყოველ კვირაში სამ-სამხელ ნახონ ერთმანეთი და ამ საშუალებით მოიწყვიტონ სიყვარულისაგან აღძრული ნახვის წყურვილი. რადგანაც მანას და სიმონს ეშინოდათ, დღით ვისმე ბოროტი თვალი შემოგვესწრება, ხალხში ცუდ ხმას დაგვიყრისო, ამიტომ გადაეწყვიტათ, ღამით, როცა სოფელი ძილს მიეცემოდა, ენახათ ერთმანეთი. მართალია, სრულიად შიშს მოკლებულნი არც აქ იყვენ, აქაც ეშინოდათ, გულფიცხელმა ბესიამ (მანას ძმამ) არ გაგვიგოს ეს მარტოდმარტო ერთმანეთის შეხვედრაო, მაგრამ იმათი სიყვარულის ძალა იმდენად მძლავრი იყო, რომ ეს უკანასკნელი საშიშროება ვერ არღვევდა დათქმულ პაემანზე ერთმანეთის ნახვას.

აი, ერთი ამგვარი ნახვის პაემანი ანუ დათქმულობა ჰქონდათ მანას და სიმონს იმ ღამეს, როცა ჩვენ მკითხველო, პირველად გავიცანით ეს შეყვარებულები. მიჯნურთაგან დიდი პატივცემული და საამურად მიჩნეული მთვარე სრულის თავისი სიმრგვლე-დიდებით გამოკიდულიყო მოწმენდილი ცისქვეშე და, თითქო დედამიწის მოვერცხლო-მოოქროება უნდაო, ჩამოეშო მზისგან ნასესხები სხივები. მიჯნურთა მომღერალი ბულბულის ხმა დაუწყნარებლად მოისმოდა ყოველის მხრით. ამ ორი მოწამის გარდა მანას და სიმონის ტრფიალობა-საუბარს ჰყავდა კიდევ მესამე მოწამეც. ეს მესამე მოწამე იყო ერთი დიდი ძაღლი, რომელიც ისე ახლო მიმჯდარიყო მოტრფილე ქალ-ვაჟთან, რომ გეგონებოდათ, ეს მესამე მოტრფიალე უნდა იყვესო.

იმ დროიდან მოწყებული, რაც მანამ და სიმონმა ღამღამობით ერთმანეთის ნახვა დაიწყეს, ეს ძაღლი ერთგულ დარაჯად ემსახურებოდა ამ შეყვარებულებს: ის მუდამ ფხიზლობდა, გაბრაზიანებულის ყეფით მივარდებოდა ყოველივეს, რაც კი რამ ამათ სიახლოვეს გაიჭაჭანებდა. ამ ძაღლის ერთგულობის მიზეზი ის იყო, რომ მანამ ის თავის მზრუნველობით გამოზარდა.

მე არ მიამება, გგონია, გულში ჩაკონება? – უთხრა მანამ სიმონს, როცა ამ უკანასკნელმა მიიკრა ის გულზე, მეც შენსავით გული და სისხლი მაქ, მარა მეშინია, სიმონ, ბოლოს ქვეყნის საყბო არ გავხთე-მეთქი. წეღანაი მისაყვედურე: ეჭვიანოფ, დანდობა არ გაქო. ეჭვიანობით არ ვეჭვიანოფ, მარა მაინც რომ დავფიქრდები, ჩვენი ცოლქმრობა არ მოხთება, მგონია. აბა იფიქრე, შენ გვარს აზნაური ქვია, ჩემსას – ყაძახი! არა, სიზმარია ჩვენი ცოლქმრობა!..

– მანა, ან შენ რეიზა იტეხ გულს და ან მე რეიზა მაწვალებ? – უთხრა წყენით სიმონმა. – თავადაზნაურობა და ყაძახობა კაცის გამონაფიქრია, ჩვენი სიყვარული ჩვენი გულღვიძლის ნამდვილი შვილია, იმისთანა შვილი, რომ სანამდი ჩვენ ცოცხალი ვიქნებით, არ შეიძლება იგი რამემ მოკლას. ჩვენი სიყვარული მაშინვე მოკტება, თვითან ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ქვეყანაზე. აზნაურიო! უნდა გითხრა, ახლა რომ გვარის საქმეს შევხედე, კინტრათაც არ მიმაჩნია ჩემი აზნაურობა და თუ დამიჯერებენ, არც იი თავადობაა საბოლოო საქმე. დღეს მე ვარ აზნაური, ასე ქვია, ხვალ ეგება მე ყაძახი შევიქნა და ჩემი ყაძახი – აზნაური. ამას წამართვი-წაგართვი ქვია, მეტი არაფერი და ბევრით ჯობს, ყველას ერთი სახელი გვქონდეს. რაა რომ გეიკვირე დიდი საქმეა გაყაძახება თუ? მე გამიგონია, ჩვენი ძველი ყაძახი იყო თურმე. აბა რაფერ გააზნაურებულა ნეტაი? ადვილი აღარ იქნებოდა, – ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მანამ.

მიყურე და ქე გეტყვი, რა ადვილად უშონია. დედოფალს თურმე მუცელმა დაუცა ისე ურიგოთ, რომ გამობახთებოდა დედოფალი, თუ ერთი ჩვენი ძველი იქინეი არ შეხვედროდა. მარა იი ცხონებული ჩვენი ძველი ძაან მოხერხებული ყაძახი იყო თურმე, დედოფალის სამოქმედო მიიმისა, ასე რომ, გამოვიდა შვა დარბაზში და თქვა: მე დღეს იმისთანა საქმე მიყო ჩემმა ოხერმა მუცელმა, ისე გამაბახა ამდენ დარბაისელში, რომ ჩემი სიცოცხლე აღარ ღირს და აწი რაც გენებოსთ, იგი მიყავითო. რაღამც შენ იმდონი ზდილობა გაქ, რომ ამგვარი ბოდიშის მოხდა გააკვლიე, აზნაურობა მიჩუქებიაო, უთხრა თურმე საჩქაროთ სხვისი პირის და ხერხის გამო ბოდიშმოხდილმა დედოფალმა. აა, ამგვარათ ნაშოვარი აქ ჩვენ გვარს აზნაურობა!

– უჰ, სიმონ, რა ხუმარა ხარ, რაფერ მომკალი სიცილით! – უთხრა მანამ, რომელიც ამ დროს ვეღარ იჭერდა თავს სიცილისაგან, – დედოფალს მუცელმა დაუცა და თქვენ აზნაურობა მოგცეს? თითო მუცლის დაცემაზე რიგდებოდა აზნაურობა?

– ღმერთმანი, მანა, ასე იყო! ჩვენს გარდა კიდევ ძაან ბევრს აქ ამისთანა ახირებული რამეით ნაშოვარი ბატონობა.

– არა, სიმონ, შენ ცრუობა გაგიგონია, ბატონობა და ყაძახობა ზეცას არის დაწესებული და დარიგებული.

– უი, უწინ მეც ისე მომატყუეს, მარა მერე რომ გავაყურე, აღარ დარჩა ასე.

– ამით მაიმედებ?

– მე იმით გაიმედებ, რომ ჩვენ შეყვარებული ვართ და ყაძახ-აზნაურობას აღარ აქ ჩვენთან ძალა. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე შენი ქმარი. შენი ყაძახობა და ჩემი აზნაურობა ვისაც უნდა, იმან წეიღოს. თუ დედ-მამა მომიშლის ამ ჭკუაზე ყოფნას, თვითან ახლთენ იი აზნაურობა, ჩვენ გევიპაროთ სხოგან და იქინეი ვიცოცხლოთ.

– სიმონ, გაპარვა კაია, თვარა ისე ამ სოფელში არ გვაცოცხლებენ, ვიცი.

– ფიქრი ნუ გაქ, მანა, ჩვენ ერთმანეთის ვართ. სიკვტილს გარდა რაღაა ქვეყანაზე იმისთანაი, მე და შენ რომ გაგვაშოროს?!

– ვინ იცის, სიმონ, აგიც არ ითქმება, რაღაა ქვეყანაზე, მე და შენ რომ მოგვაშოროსო...

– რაა, მიგეგონება?

– მე არ მიმეგონება, მარა... რა ვიცი, ათასი უცნაურია...

– მანა, ხანდახან შენი გაბედულობა და გულის სიმაგრე მაკვირვებს და ხანდახან შენი გულგატეხილობა და მშიშარობა! რა არის...

სიმონს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ზარის ხმამ, რომელიც გარკვეულად გამოისმა დაწყნარებულ ღამეში, უცებ გააწყვეტინა ლაპარაკი...

– რა იყო, რა დაგემართა? – ჰკითხა მანამ.

– ყურობ, რეკენ!

– მერე საყდრის ყალაური იქნება.

– არა, თავის შეყრის რეკაა. ახლა ბესიე გამოვა გარეთ საყდარზე წასავალათ და თუ შეგვატყო, მაშვინ... მანა, რამეგვარათ შეიპარე სახლში.

მანა წამოდგა და დააპირა სახლში წასვლა, მაგრამ ამ დროს შეიჭრიალა სახლის წინა კარებმა და გარეთ გამოვიდა მაღალი, ნაკვთად მოყვანილი, ამაყი შეხედულობის ყმაწვილი კაცი. ეს იყო ბესია, მანას ერთადერთი ძმა. მანა და სიმონ ბესიას დანახვაზე უსაზომო შიშმა შეიპყრა: იმათ გაკმინდეს სულისთქმა და ისე მიეკრე ნიგვზის ხეს, თითქო მის გულში შეძრომას აპირებდენ. იმათ საბედნიეროთ, ბესიას სრულიად არ შეუნიშნავს იმათი იქ ყოფნა, ისე გაიარა მათ სიახლოვეს და გაუდგა თავის გზას.

– ღმერთო, შენ გმადლობ, რომ გადაგვარჩინე! – თქვა მანამ, როცა ბესია გაშორდა თვალისაგან.

– ასე დასდევს, მანა, სიყვარულს შიში და განსაცთელი. მარა ახლა მეც უნდა წევდე საყდარზე, ვერ დავაკლტები.

– სიმონ, თუ გიყვარდე, მითხარი რა ამბავია, რაზე გაქვან ამდენი თავისყრა წრეულს? მერე კიდევ ღამღამობით! ბესიას ვკითხე და, ქალის საქმე არ არისო, გამიწყრა.

– მანა, მე შენ ყველა გულის პასუხს გაგიმხელ, არ მეშინია, მარა, ამ საქმეში ხატზე ნაფიცი ვარ, არსად ვთქვა-მეთქი და ამიზა, მომიტევე, ვერ გეტყვი.

მანამ თითქო იწყინა ეგ პასუხიო, ცოტაოდენ ხანს გაჩერდა და შემდეგ წარმოსთქვა:

– შენ თუ გაწყენს, ნუ მეტყვი.

სიმონმა დამშვიდობების ნიშნად ერთი კიდევ მხურვალედ გადაკოცნა მანა, შემდეგ წამოავლო თავის თოფს ხელი და გასწია იმ გზით, რომლითაც იმ რამდენიმე წამის წინედ ბესია წავიდა. მანა კი წამოდგა ზეზე, მიეყრდნო ნიგვზის ხეს, უმზერდა მიმავალ სიმონს, რომლის თოფი ბრჭყვიალებდა მთვარის სინათლეზე, მაგრამ რა რომ სიმონი მიიკარგა სივრცეში და მანას თვალისაგან გადაეფარა, მანა მოწყენილათ მობრუნდა, შეხედა თავის ძაღლს და უთხრა:

– ყურშა, ჩვენო ერთგულო ყურშა, სიმონი წევიდა და ჩვენ რაღა გვინდა აქანაი, ახლა ჩვენც წევიდეთ და, სიმონ რომ მოვა, კიდევ შევხთეთ.

ძაღლმა ამ ალერსზე გააქიცინა კუდი და მოუსვა თავისი სველი ენა მანას თეთრ ხელებზე, მაგრამ საჩქაროდ მოიბრუნა თავი, გაუყურა რაღაცას და გაბრაზებულის ყეფით გაექანა ბუჩქებისაკენ; მას გაჰყვნენ სხვა ძაღლებიც და ვიღაცას აუტეხეს გაცხარებული ყეფა. “დედაო!” წამოიძახა მანამ და შიშისაგან აჟრჟოლებული გაიქცა თავის სახლისკენ, ჩუმად გააღო ამ სახლის უკანა კარები, შეიპარა შიგ და დაწვა თავის ლოგინში, ისე რომ, არც ერთს მის მშობელთაგანს არ შეუტყვია ეგ გარემოება.

მანას ჯერ კიდევ არ ეძინა და ფიქრობდა, ნეტა რა იყო, ძაღლებმა რომ დაუყეფესო, რომ მისმა სატრფომ სიმონმა კიდევაც მიაღწია მთის წმ. გიორგის ეკლესიას.

ეს ეკლესია იდგა ერთ იმ გორთაგანზე, რომლებითაც ისე მოუსწორმასწორებულია გურიის არემარე. ეს იყო ერთი პატარა, მუხის ყავრით დახურული, ქვითკირის ოთხკუთხედი შენობა. ამ ეკლესიის რომელიმე მრევლთაგანისთვის რომ გეკითხათ, როდის ააშენეს ეს ეკლესიაო, ის შეუყოყმანებლად გიპასუხებდა: როდის და თამარ მეფის დროს, თვითონ თამარმა ააგებინა თავის კალატოზსო. ამასთან ის დაგიწყებდა რწმუნებას, რამ ის აგორავებული ადგილი, რომელზედაც ეს ეკლესია სდგას, თამარ მეფის ამალა ქალების ქოშზე მონაფხეკი მიწისაგან არის გაკეთებული; ბატონი თამარი თურმე ჩამობრძანებულა გურიაში, დაბრძანებულა ღამის გასათევად ჩვენს სოფელში. დილაზე, წასვლის დროს, მის ამალა ქალების ქოშები დაუფხეკიათ, ის მონაფხეკი მიწა ისე ბევრი ყოფილა, რომ იმისგან გორა გაკეთებულა. ბატონ თამარს შეუხედავს ამ გორაკისთვის და უბრძანებია თავის კალატოზებისთვის: ამ გორაკზე საჩქაროდ ეკლესია ააგეთო. ეს კია, რომ ეს ხალხი ვერავითარ დასამტკიცებელ საბუთს თავის ნათქვამის შესახებ ვერ გაჩვენებდა. იმათ ვისგანღაც გაეგონათ თურმე, ეგრე ყოფილაო. და, როგორც ყველა უსწავლელ ხალხს, რომელსაც რაც კი ძველადგან გაუგონია, ყველა სიმართლე ჰგონია, ამათაც დაეჟინა: ეგრეა და ეგრეო.

ამას გარდა ამ ეკლესიის მრევლს ბევრი გადმოცემა შეენახა იმ სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც, მათი სიტყვით, ამ ეკლესიაზე მყოფი წმ. გიორგის ხატი შვრებოდა ძველ დროში. თუკი შემთხვევას იპოვნიდენ ლაპარაკისას, დიდიდან პატარამდე თვითეული მათგანი სრულის დარწმუნებით გიამბობდა, რომ ამ წმინდა გიორგის ხატმა ქვათ აქცია ამ ხატის სახელობაზე გაშვებული ხარის შემჭმელი მგელი; მესენაკე დედაბერის თხოვნაზე ფრთებდამტვრეული ჩამოაგდო ძირს ქორი, რომელსაც მესენაკისთვის წიწილა მოეტაცნა; ერთმა მუშა კაცმა ეკლესიის ეზოში წკნელი მოსჭრა: საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, ავად შეიქნა და სანამდის ხატის სახელზე ხარი არ შესწირა, წმინდა გიორგი მკლავს, ყვიროდაო, და სხვა ათასგვარ სასწაულებს მოგიყვებოდენ იმის შესახებ, თუ რისთვის მიუტოვებია ხსენებულ ხატს სასწაულთმოქმედება, რისთვის აღარ სურდა ამ დროშიაც ექნა ისეთი სასწაულები, რომლებსაც. ხალხის სიტყვით, ის ძველ დროში შვრებოდა. არც კითხვა იყო და არც პასუხი. სასწაულთმოქმედებას გარდა ეს ხატი მით იყო შესანიშნავი, რომ ნამდვილი ოქროსაგან იყო გაკეთებული და ძვირფასი თვლებით მორთული. ეკლესიის წინ, ურთხლის ბოძზედ ეკიდა ერთი პატარა ზარი, რომელიც ამ ოცი თუ ოცდაათი წლის წინეთ ეყიდა ამ ეკლესიის მრევლსა. ამ ზარის ყიდვამდე ზარის ადგილს იჭერდა ცაცხვის ფიცარი და წითელი ხის ურო. წირვის დაწყების წინეთ დეკანოზი უროს ურტყამდა ფიცარზე, რომლისაგან გაისმოდა ერთ უსიამოვნო რახუნის ხმა, რომლის გაგონებაზე ღვთისმოყვარე ხალხი იკრიბებოდა ეკლესიაში. გარშემო მიდამო ანუ გზა ეკლესიისა ვიწრო იყო და, გარდა ერთის მხრისა, ტყით დაბურვილი. ერთი დიდი ცაცხვის ხე და ერთი დიდი ურთხლის ხე ისე ახლოს ედგენ ეკლესიას, რომ იმისაგან მონაცვენის ფოთლებით ეკლესიის სახურავი ერთობ მოფენილიყო. თუმცაღა ერთი უცაბედით რომ ამ ხეებისთვის ქარს ტოტი მოეგლიჯა, ეკლესიას დამტვრევა არ ასცდებოდა, მაგრამ ხალხი მაინც ვერა ჰბედავდა იმათ მოჭრას, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ეს ხეები ჯვარის ძალის მოსასვენო და სასხდომი არიანო.

სიმონს დახვდა ეკლესიის ეზოში კარგა ძალი ხალხი, რომლის შუაში საქმიანი, გაბედული სახით გაჩერებულიყო ერთი შავწვერულვაშა კაცი და ყვიროდა: “აბა, თუ ვინმე დარჩა კიდევ დაუფიცებელი, მეიყვანეთ და ბარემ მოვრჩეთ ამას!” მის გვერდით მყოფ მღვდელს ეჭირა რაღაც ნაგლეჯი ქაღალდი, რომლისაგან ის კითხულობდა იმ სიტყვებს, რომლებიც უნდა წარმოეთქვათ ფიცის მიმღებთ. მათ შუა, მიწაზე იდო წმ. გიორგის ხატი. ერთ ჭაღარა კაცს ეჭირა ხელში ზარის ენაზე მიბმული ბაწარი და ხანდახან შემოჰკრავდა ზარს.

ხალხს ჯერ კიდევ ემატებოდა თითო-ოროლა კაცი; იმათგანში, რომელთაც ჯერ ფიცი არ მიეღოთ, მღვდელი აფიცებდა, რომ ისინი არ გამოტეხილიყვენ იმ საქმეში, რომელსაც ხალხის უმეტესობა დაიწყებდა. არ ეღალატნათ თავის ქვეყნისთვის და რაც ძალ-ღონე ჰქონდათ, ემოქმედათ თავის ქვეყნის გასათავისუფლებლად, არ დაეზოგათ მისთვის თავისი სიცოცხლე. ვინც ამგვარი ფიცის მიღებაზე უარს განაცხადებდა, იმას ყვირილით მისცვინდებოდენ ყველა დაფიცულები და ძალად აღებინებდენ ფიცსა. ახალ დაფიცებულები ჯერ ემთხვეოდენ იქვე მიწაზე მყოფ წმ. გიორგის ხატს და შემდეგ სხვა ხატების სამთხვევად შედიოდენ ეკლესიაში, რომლის კარი ამ დროს ღია იყო და რომლიდანაც გამობჟუტავდა თაფლის სანთლის სუსტი სინათლე.

– აჰა, სიმონმაც მოაწია, ახლა მზათ ვართ, – დაიძახა ვიღაცამ, რა რომ სიმონ ზ-ძე ავიდა ეკლესიაზე.

– რა დეიჩემე, სიმონ, აი დაგვიანება! – უსაყვედურა ბესიამ.

– შეუძლოთ ვარ და იმიზა დამაგვიანდა, – იმართლა სიმონმა თავი და ბოლოს დაატანა კითხვა: – რა იყო, ვითამ უჩემობით წახდა რამე თუ?

– რაი და ბესიამ არჩია, ერთი ნასტავლი ბიჭი იცი, იმას ვკითხოთ ჩვენი საქმეო. ამიზა ამოგარჩიეთ აზნაურებში ევანე და შენ, ყაძახებში ბესიეი, პეტრიეი, ათარმიზაი და სამი კიდევ. თქვენ უნდა წახვიდეთ, დააფიცოთ იი ვინცხაა და მერე ჰკითხოთ ჩვენ საქმეზე! – უთხრა ერთმა ჭაღარა კაცმა სიმონს.

– გიორგის ვკითხოთ-მეთქი, სიმონ, რავა, მოგწონს? – დაეკითხა ბესია.

– გიორგი? ღირს, მე და ჩემმა ღმერთმა, ძაან ნასტავლი ყმაწვილია! – უპასუხა სიმონმა.

– მერე რეზა მე ან სხვაი ვინმე, თქვენს გარდა, არ ვიცნობთ იმ თქვენ გიორგის, თუკი იმისთანაი ნასტავლი არის? გურიაში არც ერთი წარჩინებული კაცი არ არის, რომ მე ვერ ვიცნობდე! სთქვა ამპარტავნულად ერთმა მაღალ-მაღალმა, ქოსა წვერულვაშა, ცბიერი სახის ქერა კაცმა, რომელსაც ივანეს ეძახდენ და რომელიც აზნაურების მხრით იყო ამორჩეული, რომ გაჰყოლოდა სიმონს და ბესიას.

– ნუ ყოყმანობთ, ბარემ წადით იმ კაცთან, ეგება ერთი კაი რამე გვირჩიოს, – დაიძახა ვიღაცამ.

– წადით! ჰო, წადით! – დაიძახეს რამოდენიმე სხვებმაც.

– წევდეთ აბა, – სთქვა ბესიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ამ დროს ივანემ წამოიძახა:

– მე ჩემი ბიჭი კოზიეი თუ არ მახლავს, ისე ვერ წავალ.

– ვითომ სად არის, რეზა არ მოვიდა ამდონ ხანს კოზიეი? – შექნეს ხალხში კითხვა.

– სადმე საქურდალათ იქნება წასული, – ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

ამ დროს ჩავიდა ეკლესიის ჭისკრებში ერთი ბეჭებგანიერი, უსიამოვნო შეხედულების შავგვრემანი ყმაწვილი კაცი, რომლის ჩაღრმავებული წვრილ-წვრილი თვალები გამომეტყველებდენ ამ კაცის ვაჟკაცობასაც და თან ავსულობასაც. ეს იყო კოზია, აზნაური ივანე X-ძის შინაყმა.

– გვეღირსა, მოვიდა კოზიეიც, აბა, ეხლა წავიდეთ, – სთქვა ბესიამ, გაიდო თოფი მხარზედ და წაუძღვა თავის ამახანაგებს.

– წამოი, კოზიავ, ჩემთან. ხედავ, ამ ყურუმსაღ ბესიას თავის ჭკუაზე მიჰყავს თემი და რომ არ დაიჯერებ, რაღას იქ აბა, სიმონ თაობიდან ატორღიალებული ჰყავს და იგია, – უთხრა ივანემ თავის ბიჭს და რაღაც უკმაყოფილო სახით გაუყვა ბესიასა და სიმონს.

– სიმონ სიძეა მისი და იმისა ეტორღიალება, – გესლიანი ღიმილით უპასუხა კოზიამ.

– რავა სიძე, ბიჭო?

– ბესიეის და უყვარს.

– დასტურ, ბიჭო?

– დასტურ ჰო, ყოველ ღამე მასთან გდია.

– კაი ქალია?

– მე ჯერ იმისთანაი არ მინახავს. მზეთუნახავია, მეტი რაი! ივანეს სახე ბოროტათ გაუღიმდა, მისი წვიტ-წვიტი ნაცრის ფერი თვალები შეთამაშდენ, ეტყობოდა, რომ ამ ნახევრად მოხუცებულ აზნაურს რაღაც ეშმაკურმა ფიქრებმა გაუთამაშეს გულში.

ბიჭო კოზიავ! – მიუბრუნდა ის თავის შინაყმას და უნდოდა რაღაც გაენდო, მაგრამ ამ დროს დაინახა ბესია და სიმონ, რომლებიც გაჩერებულიყვენ გზაზე და უცდიდენ ამათ, და გადაასხვაგვანა სიტყვა ამგვარად:

– ხედავ, კოზიავ, შებრუნდა დროი, აზნაურები ყაძახები ჭკუაზე ვიარებით.

– რა ვუყოთ, ევანე, დღეს ჩვენ კრებაში ყაძახები უფრო ბევრნი არიან, ჩვენ – სულ მცირე. ჯობია, რომ დავუჯეროთ, – ეხუმრა სიმონმა.

– აგია დავუჯერე და მეტი რაღა უნდა.

– ევანე, რომ გწყენია, აქანაი საშენჩემო საქმე არ არის, ქვეყნის საქმეა და ქვეყნის საქმე ქვეყანას რომ ჭკუაში მოუვა, ისე უნდა წავიდეს. მე თქვენს ჭკუაზე ვიარებიო, რა დიდი საქმეა შენ და გინდა სხვაი ერთი-ორი კაცი, ვინც გინდა იყოს, რომ ქვეყანამ მის ჭკუაზე წაეყვანოს! – გულმოსულად უთხრა ბესიამ.

– მერე ქვეყანა შენ ხარ? – ჰკითხა ივანემ და მწარედ ჩაიცინა.

– ქვეყანა მე, ერთი კაცი, რეზა ვიქნები? მე ჩემი აზრი ვუთხარი, თემს მოეწონა და დამიჯერა. სხვას რომ უკეთესი ეთქვა, მაშინ ჩემსას უარს ყოფდა, იმ უკეთესს დაადგებოდა. თემის საქმე ასე უნდა. აბა საშენჩემოთ თემის საქმე რავა იქნება!

– მეიცა, ადრე ნახავ, რაც დიდი ჭკუა აქ იმ შენ თემს და რაც ხეირს დაგაყრიან! – ჩაილაპარაკა ივანემ თავისთვის და გაჩუმდა. ბესიას და მისი ამხანაგების წასვლის შემდეგ ერთ-ორ საათს კიდევ სდუღდა ხალხის ხმა ეკლესიის ეზოში, კიდევ დაფიცდა რამდენიმე კაცი, შემდეგ კი დეკანოზმა შეიტანა ხატი ეკლესიაში, დაკეტა კარები და გამოუცხადა ხალხს, რომ წასულიყვენ თავიანთ სახლებში. ხალხი დაემორჩილა დეკანოზის ბრძანებას და ერთი წამის განმავლობაში დაცარიელდა ეკლესიის მიდამო.

II

მანამ ჩვენი რომანის გმირები, ბესია და მისი ამხანაგები, მივიდოდენ იმ კაცთან, რომელთანაც წავიდენ რჩევის საკითხავად, ჩვენ მოკლეთ ვუამბობთ მკითხველებს, თუ რა საქმის შესახებ იყო ეკლესიაზე ის ყრილობა და ერთმანეთის დაფიცება, რომელიც ჩვენ მოვიხსენიეთ ამ რომანის დასაწყისში.

მას შემდეგ, რაც პატარა გურიის სამთავრო პოლიტიკურად შეერთდა (1812 წელს) რუსეთის სახელმწიფოსთან, ბარბაროსი ოსმალეთის ხვედრათ გამხდარნი, დიდი ხნიდან პოლიტიკურად და ზნეობრივად ჩვენთან, დაშორებულნი ჩვენი მოძმე ქობულეთელები და აჭარლები ძლიერ შიშობდენ, რუსები რა რომ გურიაში ფეხს მოიმაგრებენ, შემდეგ ჩვენი მამულის დაპყრობასაც მოინდომებენო. მეტადრე ამის გამო ძლიერ დაფიქრებული იყვენ იქაური თავადები (ბეგები), რომლებსაც დროიანათ მიეყიდნათ თავიანთი სამშობლო და ხალხი ოსმალეთისთვის და ახლა ცხოვრობენ ხონთქრის მიერ ბოძებული ჯამაგირებით და ულუფებით. ამ ბეგებს კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის ხელმწიფე ისე ტყვილა ხელობა-ჯამაგირებს არ მიაჩეჩებდა, როგორც ხონთქარი, რომელიც თითო გოგოს ფასად, აჯილდოვებდა მათ ფაშობის ღირსებით, დიდი ჯამაგირებით და მოსამსახურეებით. ამას გარდა, გურიაში რუსეთის ფეხის ჩამოდგმა ერთი მითაც აჯავრებდა ქობულეთ-აჭარას, რომ რუსებმა გურიის და ოსმალეთის შუა, საზღვარზე, გააჩინეს ფრთხილი და მძლავრი დარაჯები, რომლის გამოც ქობულეთ-აჭარის აბრაგებს აღარ ძალუძდათ ჩვეულებრივად ეძარცვათ და ეღლიტათ გურიის ხალხი. ამიტომაც იყო, რომ ქობულეთ-აჭარა ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა უსიამოვნო ახალი მეზობელი – რუსები – გურიიდან უკანვე გაერეკა. წადილის სისრულეში მოსაყვანად საჭიროთ ხედავდენ ერთ საშუალებას: უნდა ჩამოეგდოთ მტრობა და უკმაყოფილება რუსეთისა და გურიის ერთა შორის და აეჯანყებიათ ეს უკანასკნელი რუსეთის წინააღმდეგ. მერე, რა რომ გურია რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდება, ჩვენც ჩვენის მხრით ჯარს მიუსევთ და გავრეკავთ რუსებს გურიიდანო, ფიქრობდენ ქობულეთ-აჭარის ბეგები. ისინი ამ მიზნის მისახწევად უმეგობრდებოდენ გურიის იმდროინდელ თავადაზნაურობას, რომლებშიაც უმეტესი ნაწილი იმათი ახლო ნათესავი იყო, აძაგებდენ იმათთან რუსეთის ზნე-ჩვეულებას, წეს-წყობილებას და სამოთხისებურ ცხოვრებად ხატავდენ ხონთქრის ქვეშევრდომობას.

გავიდა ამ პოლიტიკური ბადის ქსოვაში კარგა ხანი. ქობულეთ-აჭარის ბეგებს ჯერ ვერ მოეხერხებინათ გურიის ხალხსა და რუსის მთავრობას შორის სრული აშლილობის ჩამოგდება. თუმცაღა თითო-ოროლა კაცი გურიის თავადაზნაურობისაგან ყოველ წლივ მიჰყავდათ თავის მხარეზე ბეგბს და უორგულებდენ რუსებს, მაგრამ მთელ ხალხში ერთი-ორი და თუნდა, ასიც, გინდ ერთგული იყოს მთავრობისა, გინდ ორგული, ვერცა რას დააკლებს და ვერცა რას შემატებს. მაგრამ დაახლოვდა აგერ 1841 წელი; ქობულეთ-აჭარაში ვაჟკაცობით განთქმულმა, თავისებურმა პოლიტიკოსმა, გონებაგამჭრიახმა ქობულეთის ბეგმა ჰასან თავდგირიძემ მოუხშირა გურიაში თავის ნათესავ თავადებთან სტუმრობას. ის ბარათები, რომლებიც ამ ბეგის სტუმრობის დროს საიდუმლოთ დადიოდენ გურიის თავადაზნაურობაში, ამტკიცებდენ, რომ ეს სტუმრობა არ იყო უმნიშვნელო, ერთმანეთის მამიდა-მზახლური მოკითხვა, არამედ მას სარჩულად ჰქონდა სულ სხვა მიზანი. როგორც ეს ხშირად სჭირს ხალხს, რომ ერთ ვინმე ადამიანს ტყუილუმართლოთ აიჩემებენ, ცამდე აიყვანენ და გააღმერთებენ, გურულ ხალხსაც ეგრე მოუვიდა. გაიცნეს თუ არა ჰასან თავდგირიძე, უცებ მოედო იმისი ქება მთელ გურიას; დიდსა და პატარას ამ დროს გურიაში ჰასანბეგი უტრიალებდა ენაზე და ქებას ასხამდენ. ასე გასინჯეთ, ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ საამურ სახალხო სიმღერად; ის მოსიმღერე მოსიმღერედ არ ჩაითვლებოდა, თუ ჰასან-ბეგური კარგად არ იცოდა. თითქმის გურიის ყველა თავმომწონე ყმაწვილი კაცი იცნობდა ამ ბეგს. წარმოიდგინეთ, ქალებსა და ბავშვებსაც კი ისე ენატრებოდათ ამ საარაკო ბეგის ნახვა, რომ როცა გაიგონებდენ, ამა და ამ გზაზე ჰასან-ბეგი გაივლისო, გზის აქეთ-იქით ნაპირი გაივსებოდა ხალხით.

იმ დროს, როცა გურიის ხალხი სულელივით ღაღადებდა ჰასან თავდგირიძის ქებას, ამ ხერხინმა ბეგმა კიდევაც შეასრულა ამ ხალხში თავის წადილი, ესე იგი ააღელვა გურიის ერი რუსეთის წინააღმდეგ. აქ წამოუსწრო კიდევ ერთმა შემთხვევამ, რომელმაც ძლიერ შეუწყო ხელი ხალხის აღელვებას. აი რა შემთხვევა იყო ის: რუსეთის მთავრობამ გამოუცხადა გურიის გლეხკაცობას, რომ ჩვენს ხაზინას ყოველწლიურად კომლზე ფული უნდა აძლიოთო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, იმისი არ იყოს, ჰასან თავდგირიძესაც ეს უნდოდა იმ გამოცხადებამ ალმურიანი ცეცხლი დაანთო გურიის ხალხის, ამ დროს უიმისოთაც აღრინებულს გულში. ამ შემთხვევით ისარგებლა ცბიერმა თავდგირიძემ, აღუთქვა გურიის ხალხს შემწეობა ტყვია-წამლით, თოფ-იარაღით, ჯარით, ფულით და სხვებით და 1841 წელს ააჯანყა ისინი რუსეთის წინააღმდეგ. ჯანყის გამოცხადების წინა თვეში გურიის ხალხს ჰქონდა ის საიდუმლო კრებები. ერთმანეთის დაფიცება და სხვა, რომლებიც აუცილებლად საჭიროა აჯანყებისათვის.

ამ განმარტების შემდეგ მკითხველი, ეჭვი არ არის, მიხვდება, რასაც ნიშნავდენ ის ფიცი და კრება, რომლებიც პირველ თავში მოვიხსენიეთ.

III

შუაღამე იყო. პირსავსე მთვარე შუა ციდან ჩამოიყურებოდა. ბესია მიუძღვა თავის ამხანაგებს წკნელით შეღობილ ეზოს ჭიშკრებთან და უთხრა:

– ახლა გიორგი დაძინებული იქნება და ძალიან გასაჭირი საქმეა იმისი ისე გაღვიძება, რომ სხვებმა არ შეიტყონ. ძალიან საფრთხილო საქმეა. თუ შეგვიტყუეს, ერთი შავი დღეი აშენდება. მარა ახლა რაღაი საქმეზე მოვსულვართ, ხელცარიელი უკან წასვლა სირცხვილია. მე შევალ ჩუმათაი ეზოში, თამარას გავაღვიძებ და შევეხვეწები, რამეგვარათ გიორგი გვაჩვენოს. თქვენ მანამდი აქანაი მოიცადეთ, მარა ძაან ჩუმათაი იყავით, თვარა მურა შეგვიტყობს.

ამის თქმის შემდეგ ბესია კვერნასაებრ ავიდა ღობეზე, გადავიდა ეზოში და თვალის დახამხამებამდის გაქრა სადღაც.

– მერე იი მურა, ბესიას არ ერჩის – იკითხა ივანემ.

– არა, ბესიეი აქანაი შინა კაცია, – უპასუხა სიმონ ზ-ძემ.

რამდენიმე წამის შემდეგ ბესია დაბრუნდა ამხანაგებთან და უთხრა:

– რავაც იყო, ვიშონე! წამობძანდით.

– მერე იი მურააო, ხომ დაგვჭამს! – სთქვა ერთმა ბესიას ამხანაგთაგანმა.

– შე დალოცვილო, რუსის ჯარის მოშლას აპირებ და ერთი ლეკვის გეშინია!

გაეხუმრა ამ ფრთხილ ამხანაგს ბესია, რომელიც ამ დროს ხელახლა ავიდა ღობეზედ, გადავიდა ეზოში, გაუღო ჭისკრის კარები თავის ამხანაგებს და შეუძღვა კარგა დიდ ეზოში, რომელშიაც მთავარი სინათლეზე გაარჩევდით რამდენიმე შენობებს, რომლებშიც ერთი ფიცრის სახლი ყველაზე დიდი და სუფთა იყო.

– რომელ სახლში უნდა მივიდეთ? იკითხა ივანემ. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / ჯანყი გურიაში