ოლკოტი დერეკ 

 

იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდაა”

 

ფრაგმენტები ინტერვიუდან

 

 

 

 

 რობერტ ლოუელის გარდაცვალებამ ყველას თავგზა აგვიბნია. იგი ძალიან გვიყვარდა, შესანიშნავი ადამიანი იყო. პირველად ტრინიდადში გავიცანი, შემდეგ კი მან და მისმა მეუღლემ, ელიზაბეტ ჰარდუიკმა ბევრი იზრუნეს ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის, როცა ნიუ-იორკში გადავედით საცხოვრებლად... ყველანი შეძრულები ვიყავით. დაკრძალვის დღეს ეკლესიაში ვიღაც კაცი შემოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. არ ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო სახე ჰქონდა, შესანიშნავი პროფილი, თავი მაღლა ეჭირა და მშვიდად იდგა. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ისიც განიცდიდა ამ მწუხარებას. ვიფიქრე, რომ ეს ბროდსკი უნდა ყოფილიყო. აღარ მახსოვს, გაგვაცნეს თუ არა ერთმანეთს დაკრძალვის შემდეგ, ქუჩაში და არც ის მახსოვს, როდის გამოველაპარაკეთ ერთმანეთს პირველად. მაშინ მხოლოდ რობერტის სიკვდილზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ ელიზაბეტ ბიშოპთან წავედით, სადაც ბლომად ხალხი ირეოდა. ძნელია იმის გახსენება, თუ როდის დამყარდა პირველი კონტაქტი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დავმეგობრდით და ხშირადაც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

 

     * * *

 

 იმ პოლიტიკური პირობების გამო, რომელშიც იოსიფს უწევდა ცხოვრება, მე რეალურად გავიგე, თუ რას ნიშნავს იყო დევნილი, ჭეშმარიტი დევნილი, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ასე უწოდებენ მწერლებს, რომლებიც სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ, თუმცა ყოველთვის, როცა კი მოესურვებათ, შეუძლიათ შინ დაბრუნდნენ, საცხოვრებლად თუ არა, ახლობლების მოსანახულებლად მაინც. ჩემთვის წარმოუდგენელია სამუდამოდ დავშორდე მშობლებს (დედაჩემს), ან ჩემს სამშობლოს. და მე გავაცნობიერე მთელი სიღრმე ამ სიტყვაში ჩადებული ტკივილისა. მაგრამ იოსიფის ინდივიდუალური მაგალითი იყო მაგალითი სულის სიმტკიცისა, სიდიადისა, რომელიც საკუთარ თავსაც არ ინდობდა და შორს იდგა ქედმაღლობისგან, იგი არც თავის ებრაელობაზე წუწუნებდა და ა.შ. – არამედ გრანდიოზული სარკაზმით აკრიტიკებდა რეჟიმს. მე ვერ ვხედავ იოსიფში თვისებებს, რომლებიც ებრაელობით იქნებოდა განპირობებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ებრაელ მწერალს შეუძლია შავკანიანი მწერალივით მოიქცეს: “ფესვები! პირობები! დევნა!” ან რაღაც ამდაგვარი. და როცა შემდეგ მივხვდი, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილ მწერალთაგან უმრავლესობა ებრაელი იყო, ამან ჩემამდე რაღაც დაგვიანებული ჭეშმარიტებასავით მოაღწია. ვფიქრობ, ეს დევნა ძირითადად პოლიტიკური იყო და არა ანტისემიტიზმის გამოხატულება.

 

     * * *

 

მე ორი უახლოესი მეგობარი მყავს, შეიმას ჰინი და იოსიფ ბროდსკი. ისინი იმიტომ მიყვარს, რომ, ჯერ ერთი, პოეტებად არიან შობილნი, მეორე კი იმიტომ, რომ მეგობრები არიან.

 

 

 * * *

 

მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორი ხელგაშლილია იოსიფი სხვების მიმართ, ეს კი იმის გამოა, რომ მას ძალიან უყვარს პოეზია და ვერ იტანს, როცა კარგი პოეტი ახალტურებს. იგი მძიმე ხასიათის კაცია, ფიცხი, მაგრამ ამავე დროს აღგზნებადიცაა, ფიზიკურად აღგზნებადი, როგორც ფეხბურთელი მატჩის დროს, ჯარისკაცი ომში ან ჩოგბურთელი თამაშისას. ეს ფიზიკური აღგზნებაა. ეს ადამიანი პოეზიის შუაგულში ცხოვრობს. მას წინამორბედებიც ჰყავს: ახმატოვა, მანდელშტამი, ცვეტაევა... და მისი მეგობრები მილოში, ზაგაევსკი – ასეთივე სულიერი წყობის ადამიანები არიან.

 

     * * *

 

იოსიფი ლამის ინგლისურს უფრო შესაფერისად მიიჩნევდა პოეზიისთვის, ვიდრე რუსულს. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს სიტყვები ზუსტად მას ეკუთვნის, მაგრამ იოსიფი ძალიან რადიკალურია აზრის გამოთქმისას. ბარი რუბინმა ერთხელ მითხრა: “ვერ წარმოიდგენ, რა მდიდარი და რთულია იოსიფის რუსული”. მე, რა თქმა უნდა, ეს ვიცი. ვფიქრობ, რომ სირთულეები იოსიფის თარგმნისას სიჯიუტის ბრალი უფროა, მაგრამ მას ხომ აქვს ამის უფლება?! როცა მასთან საუბრისას ლექსის გარკვეულ ასპექტებს ვეხები, რომლებიც ძნელია გადმოსაცემად, იოსიფს უჭირს უკან დახევა, რადგან იგი ყველაფერს ორი მხრიდან აფასებს. უპირველეს ყოვლისა, იგი შესანიშნავ პროზას წერს ინგლისურად და კარგი ინგლისური ლექსების წერაც შეუძლია – კიდევ ერთი გასაოცარი თვისება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ინგლისურად ლექსების წერას ახერხებდა, ნაბოკოვი იყო, მაგრამ იოსიფი გაცილებით უკეთესი პოეტია, ვიდრე ნაბოკოვი, ან, ვთქვათ, კონრადი. დავუბრუნდები იოსიფის ენის სიმდიდრესა და სირთულეს, – ეს ადვილი შესამჩნევია, რადგანაც რუსულში სტრიქონის ბოლოს მწყობრი რითმაა შესაძლებელი, ინგლისურში კი ეს შეუძლებელია. ინგლისურში მწყობრი რითმა ირონიულ ელფერს იძენს – როგორც ბაირონთან – ან სულაც კომიკურს.

 

დაბოლოს, ისევ, რაც შეეხება “მინის დინასტიის წერილებს”: დიახ, რაღაც-რაღაცებით კმაყოფილი ვარ, იოსიფსაც მოეწონა ეს, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ თავის ყველა მთარგმნელს იოსიფი ძალიან უადვილებს შრომას, ზოგჯერ რიტმისა და რითმის მოძებნაშიც ეხმარება მათ. ხშირად იგი მთარგმნელებსაც უტოლდება, ანუ, როცა იგი თქვენთან ერთად მუშაობს და აწყდებით მეტაფორას, რომელიც ძნელი გადმოსაცემია, იოსიფი ცვლის მეტაფორას ინგლისური რითმისთვის; ეს ცოტა უცნაურია, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა მეტაფორა (რომელიც კარგად ირითმება ინგლისურ ტექსტში) მოძებნოს, ვიდრე დედნის ერთგული დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რომ იოსიფის პოეზიამ გაამდიდრა მეოცე საუკუნის ინგლისური პოეზია, რადგან ჩვენი საუკუნის პოეტთა უმრავლესობა არ მიიჩნევს გონებას პოეზიის აუცილებელ თვისებად. ფიქრის უნარი ყველას როდი აქვს. არა მხოლოდ არგუმენტირების, არამედ ფიქრის უნარი, არ წარმოადგენს მეოცე საუკუნის პოეზიის უდიდესი ნაწილის აუცილებელ ატრიბუტს. ანუ, მასში ბევრია ბრძოლა, ბუნდოვანება და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ასე აზროვნება, ასეთი დახვეწილი..! ვფიქრობ, იოსიფისგან სწორედ ეს ვისწავლე – გავიგე, რომ აზროვნების პროცესი პოეზიის ნაწილია.

 

     * * *

 

მან მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ სინამდვილეში იგი არც ერთ ქალაქზე არაა მიჯაჭვული. იგი რუსია, მაგრამ ამასაც, ბოლოს და ბოლოს, არა აქვს მნიშვნელობა. ებრაელია და იოსიფი ამასაც არ ანიჭებს აზრს, ქრისტიანობის იდეითაა ატანილი, თუმცა ებრძვის კიდეც მას. მან პოეზიაში ტრადიციონალისტის ხვედრი აირჩია და მუდმივ გადაადგილებაში აცნობიერებს თავს, არსად არ იდგამს ფესვებს; ამგვარ სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანის ხასიათი, სადილისას მარტო დარჩენილი კაცის ხასიათს ჰგავს. განმარტოებულ ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ პურითა და ჩაით დაკმაყოფილდეს და იგი საკუთარ აზრებსაც ღეჭავს, იგემოვნებს. ამგვარი სიტუაციისთვის ეს დამახასიათებელი ნიშანია. ეს გამოიხატება მქადაგებლობაში, თუკი სხვა გამოსავალი არ ჩანს, რადგანაც ადამიანი განსჯისთვის საუბრობს, ჭკუის დარიგებისთვის (ჩვეულებრივ პირობებში კათედრიდან “წარმოთქმულ” სიტყვებს არ ვგულისხმობ). იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდაა და ამიტომაც იგი თავის თავს ესაუბრება. და ეს მედიტაციური თვითანალიზი, როგორც წესი, ფრაგმენტულია. ბროდსკის ფიგურა – ესაა ფიგურა ადამიანისა, ვინც არც თავი მოიკლა და არც მოეკვლევინა ვინმეს – არამედ გაიქცა და მხოლოდ ფიქრობს იმაზე, თუ რას განიცდიან ამ დროს მისი თანამემამულენი. სხვა არჩევანი არ არსებობს.

 

 თარგმნა მათე კრავეიშვილმა

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ოლკოტი დერეკ / “იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდაა”