პავეზე ჩეზარე 

 

თვითმკვლელები

 

თარგმანი იტალიურიდან – ნუნუ გელაძე

 

 

 

 

არის დღეები, როცა ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, სხვანაირად იღვიძებს. გარეგნულად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გამვლელები, ხეები და მთელი ირგვლივეთი სხვად გეჩვენება, სწორედ ისე, ხანდახან სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის მაგიერ უცხო კაცს რომ შეეფეთები.

ასეთი დღეები გამორჩევით მიყვარს; თუ მოვახერხე, სამსახურიდან ადრე ვიპარები და ხალხს შევერევი ხოლმე; მოურიდებლად ვაკვირდები ნებისმიერ გამვლელს, ისევე როგორც თავად მომაშტერდებოდა, რადგან იმ წუთებში სითამამე მეძალება და სულ სხვა კაცი ვხდები.

ვიცი, ცხოვრება უკეთესს აღარაფერს გამოიმეტებს ჩემთვის იმის გარდა, თუ საკუთარი სურვილით არ გამოვიხმე ამგვარი წუთები; რამდენჯერმე შევძელი კიდეც მათი გახანგრძლივება, ვთქვათ ასე: მივუჯდები მაგიდას რომელიმე მოდურ შუშებიან კაფეში და ვაყურადებ ქუჩის ყრუ გუგუნს, ვისრუტავ ფერთა და ხმათა უწყვეტ ნაკადს და ჩემივე სულის ყოვლისმომწესრიგებელი სიმშვიდის მოლოდინით ვიტრუნები. რამდენიმე წლის წინ გადატანილმა საშინელმა გულგატეხილობამ და სინდისის ქენჯნამ ისეთ სასოწარკვეთამდე მიმიყვანა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი – ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება სიმშვიდეა; ბრძოლისა და ქარიშხლებისთვის არ ვარ შექმნილი, ხანდახან დილაობით აფორიაქებული თუ გამოვალ სახლიდან და ჩემი ნაბიჯები გამოწვევად გაისმის, თორემ ამ ცხოვრებისგან მაყურებლის როლის გარდა არაფერს ვითხოვ. თუმცა ეს მოკრძალებული, მოზომილი სიამოვნებაც ჩემსავე უბადრუკობაში მარწმუნებს და ყოფას მიმწარებს.

გუშინ არ აღმომიჩენია, რომ ცხოვრებაში ეშმაკობაა საჭირო, სხვების კი არა, საკუთარი თავის მიმართ. საშინლად მშურს იმ ადამიანების, განსაკუთრებით ქალების, ვინც სიგლახეს, თუნდ მცირე უსამართლობას ისე ჩაიდენს, თითქოს უმნიშვნელო კაპრიზს იკმაყოფილებდეს და თავს ისე დაიჭერს, საკუთარ სინდისთან სუფთა აღმოჩნდეს. არანაირი ავი ზნე არ მჭირს თუ არ ჩავთვლით უნდობლობისა და სიმშვიდის მოთხოვნილების გამო ბრძოლაში უკან დახევის ჩვევას. არც საკუთარი თავის ეშმაკურად გამოყენება მეხერხება და არც თვითფლობა, როცა იმ მცირეოდენით ვტკბები, რაც განგებამ მომისართა. ზოგჯერ შუა ქუჩაში ვხევდები, მიმოვიხედავ და საკუთარ თავს ვეკითხები, მაქვს კი უფლება ამქვეყნად ყოფნისა? ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა სამსახურიდან გამოპარვას მოვუხშირებ ხოლმე. არა, საქმეს ხელს არ ვაკლებ, საკმაოდ კარგი სამსახური მაქვს, თავსაც კარგად ვინახავ და უპატრონო დისშვილსაც კოლეჯის ხარჯს მე ვუხდი, რომლის სახლში გაჩერება არ უნდა მოხუცს, დედაჩემად რომ დამიწესა განგებამ. დიახ, ხშირად შევყოვნებულვარ ქუჩაში და საკუთარი თავისთვის მიკითხავს, სასაცილო არა ვარ, ასე აღტკინებული რომ დავაბიჯებ?! ასე კი იმიტომ ვფიქრობ, რომ მგონია, არ ვიმსახურებ ასეთ სიხარულს. მსგავსი რამ დამემართა გუშინ დილით: საკმარისი აღმოჩნდა კაფეში შემთხვევით შევსწრებოდი ჩვეულებრივ ვოდევილს ჩვეულებრივი პერსონაჟებით, რომ მიუსაფრობა და უნუგეშობა მეგრძნო. და რაც უფრო ვცდილობ ჩემში დანაშაულის გრძნობა მივაყუჩო, მით უფრო შიშვლდება იგი თავისი უძრავი და საშინლად მტანჯველი არსით. ჰო, ეს იყო თეთრლაბადიანი ჭაბუკის გაარშიყება ახალგაზრდა მოლარესთან. ვითომ გაბრაზებული თეთრლაბადიანი მოლარეს უყვიროდა, ასი ლირის ხურდა დამაკელიო:

 – ქალიშვილო, კლიენტებს ასე არ ექცევიან, – თვალს უკრავდა დამორცხვებულ მეგობარს. Mმოლარე იცინოდა, თეთრლაბადიანი უმტკიცებდა, რომ იმ ასი ლირით რომელიმე სადღეღამისო სასტუმროს ნომერში მისი დაპატიჟება შეეძლო ან სულაც ბანკში დააბანდებდა იმ ფულს.

 – აბა, კარგად, ლამაზო, ამაღამ ჩემზე იფიქრე! – მიაძახა ბოლოს.

 – ესღა მაკლდა! – გადაიკისკისა ვითომ აღშფოთებულმა მოლარემ.

იმ კაფეში საუზმობისას ხშირად დავკვირვებივარ იმ მოლარეს, ხანდახან ნეტარებით გარინდებული ისე გავღიმებივარ, ზედაც არ შემიხედავს. თუმცა ჩემი სიმშვიდე საკმაოდ ხანმოკლეა, საყრდენი არა აქვს და ამიტომაც გამუდმებით მიპყრობს თანმდევი სინდისის ქენჯნა. Uუცნაურია, მაგრამ დილაობით კაფეში საუზმობისას, როგორც გუშინ დამემართა, სულ უფრო მიახლდება გრძნობა, რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი დანაშაული სხვა არაფერია, თუ არ სიბრიყვე. სხვებს, ალბათ, შეუძლიათ საკუთარი თავისადმი ღრმა რწმენით კარგად გაითვალონ და გააზრებულად ჩაიდინონ დანაშაული, თანაც დაუოკებელი ინტერესი გამოავლინონ მსხვერპლისა და თამაშისადმი, და, ვფიქრობ, ამაში გახარჯულ ცხოვრებას არცთუ უმნიშვნელო კმაყოფილება მოაქვს. პირადად მე კი არასოდეს არაფერი მიკეთებია სულიერი ტანჯვის გარდა. და ჩემსავე სულელურ თავდაუჯერებლობას და საკუთარ თავთან ჭიდილს ხშირად ადამიანებთან უხერხულ და სასტიკ ვითარებამდეც კი მივუყვანივარ. გამოსავლის ძებნას არც ვაპირებ, მაგრამ საკმარისია წამით სინდისის ქენჯნამ შემიპყროს, მაშინვე კარლოტაზე ვიწყებ ფიქრს. წელიწადზე მეტია რაც გარდაიცვალა და ზედმიწევნით ვიცნობ ყველა იმ ბილიკს, რომელზეც მასზე ფიქრი წამომეწევა; თუ მოვისურვე, შემიძლია კიდეც გამოვიხმო ის საწყისი სულიერი მდგომარეობა, როცა იგი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მაგრამ ამას ყოველთვის არ ვაკეთებ, რადგან ჯერ არ გამნელებია მწარე სინანულის გრძნობა, რომელსაც სულ უფრო ღრმად შევყავარ სულის ბნელ კუთხეებში და ისეთი მოუთმენლობით ჩავკირკიტებ, თითქოს წარსული არ იყოს. ისე უთავბოლოდ ნამდვილი ვიყავი კარლოტას მიმართ, რომ მასთან გატარებული ყოველი განვლილი დღე ხსოვნაში მიცოცხლდება არა როგორც გარდასული, არამედ დღევანდელი, არსებული, ცოცხალი.

კარლოტა არ იყო იდუმალი და გამოუცნობი, პირიქით, იგი იმ ზედმეტად პრიმიტიულ და, ვიტყოდი, საცოდავ ქალებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც როგორც კი საკუთარი თავისადმი ერთგულებას ღალატობენ და მამაკაცის მოსახიბვლელად კეკლუცობას იწყებენ, აუტანლად გამაღიზიანებლები ხდებიან, თუმცა კი ვიდრე უბრალოები არიან, ვერავინ ამჩნევს მათ. ვერაფრით ამეხსნა, სად ჰყოფნიდა მოთმინება, ლუკმაპურის საშოვნელად მოლარეობას რომ იტანდა. ის ალბათ საუკეთესო და იქნებოდა. დღესაც ბოლომდე ვერ ამიხსნია ჩემი მაშინდელი გრძნობა და საქციელი. აბა რა დავარქვა ჩემს მოქმედებას იმ საღამოს, როცა კარლოტამ თავის ოროთახიან ბინაში დამპატიჟა და ხავერდის ძველ კაბაში რომ დავინახე, საბანაო კოსტუმი ჩაგეცვა, უკეთესი იქნებოდა-მეთქი, ვუთხარი. ეს იყო ჩემი პირველი სტუმრობა, მანამდე არც კი მეკოცნა მისთვის. საქციელწამხდარმა მორცხვად გამიღიმა, მეორე ოთახში გავიდა და ჩემდა გასაკვირად, საბანაო კოსტუმში გამომეცხადა. იმ საღამოს მოვეხვიე და ტახტზე გადავაწვინე; მერე გამოვუცხადე, ამგვარი ვნებათაღელვის შემდეგ მარტო ყოფნა მიყვარს-მეთქი და წამოვედი. სამი დღე აღარ გამოვჩენილვარ, მერე რომ შევხვდი, თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.

ასე გაგრძელდა ეს სიყვარული – კარლოტას მღელვარე აღსარებებითა და ჩემი ძუნწი ფრაზებით. ერთ დღეს, ჩემდა მოულოდნელად, შენობით დავუწყე მიმართვა, კარლოტამ იუცხოვა, მერე ვკითხე, ქმარს ხომ არ შეურიგდი-მეთქი, ცრემლმორეულმა შემომწუწუნა – ასე თქვენსავით იგი არასოდეს მექცეოდაო. გაუძალიანებლად დავადებინე ჩემს მკერდზე თავი, ვეფერებოდი და ჩავჩურჩულებდი, მიყვარხარ-მეთქი, თან საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ დიახაც შემეძლო მყვარებოდა ეს ვითომ ქვრივი. კარლოტა მომენდო, გამომიტყდა, რომ პირველი შეხვედრისთანავე შევუყვარდი, რადგან არაორდინალურ მამაკაცად მოვეჩვენე, მე კი ამ ხანმოკლე პერიოდში უკვე მოვასწარი მისი გვარიანად გაწამება, საბრალოს, უკვირდა, ყველა მამაკაცი ასე რატომ ექცეოდა.

 – დღეს სითბო, ხვალ სიცივე, აი რა ამყარებს სიყვარულს – გავუღიმე ფილოსოფიურად.

კარლოტა ფერმკრთალი იყო, დიდი თვალები დაღლილობისგან ამოღამებოდა, სხეულიც ფერმკრთალი ჰქონდა. იმ ღამეს მის ჩაბნელებულ ოთახში რომ ვისხედით, მორიდებით მკითხა, ალბათ ჩემი სხეული არ მოგეწონათ და იმიტომ დამტოვეთ პირველ ღამესო. არც ამჯერად დავინდე, შუაღამისას წამოვდექი და თავი გავიმართლე, გასეირნება მომინდა-მეთქი; მეც სიამოვნებით გამოვისეირნებ შენთან ერთადო, სხვასთან სეირნობას ვერ ვიტან – მოვუჭერი და სახტად დავტოვე.

 

II

კარლოტა რომ გავიცანი, ახალი გადატანილი მქონდა ქარიშხლიანი სიყვარული, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა. და ახლა ტკბილ-მწარე სიხარულს განვიცდიდი იმის ქუჩაზე ჩავლისას. მე ხომ იქ არაერთი დამამცირებელი ღამე დამთენებია იმ ქალის ჭირვეულობის გამო. ახლა მჯერა, რომ არანაირ ვნებას არ გააჩნია ისეთი ძალა, შეცვალოს იმ ადამიანის შინაგანი ბუნება, ვინც ამ ვნებას გადაიტანს. ვნებისაგან შეიძლება მოკვდე, მაგრამ ამით საბოლოოდ არაფერი იცვლება; დაცხრება ვნებათაღელვა და ისევ რჩები პატიოსანი ან არამზადა, ოჯახის მამა თუ კეთილზნიანი ჭაბუკი, იმის მიხედვით, რაც მანამდე იყავი და ცხოვრებაც ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ხომ კრიტიკულ მომენტში ვლინდება, რაც ჩვენვე გვაძრწუნებს, ნორმალურობა კი ზიზღს აღგვიძრავს. ალბათ სიკვდილს ვირჩევდით სასტიკი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ სხვას ვერავის დავადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა. მე უნდა ვუმადლოდე იმ ქალს, რომელმაც მიმიყვანა ამ უმიზნო დღიურ, მარტოსულ ყოფამდე, სამყაროსთან, ახლობლებთან კავშირის გაწყვეტამდე, მოყვასისადმი გულგრილობამდე – ძლივს რომ ვიტან დედაჩემს და ლამის მძულს ჩემი დისშვილი; იმ ქალის დამსახურებააესყველაფერი, ან კი სხვასთან უკეთ დავამთავრებდი სასიყვარულო ისტორიას, ან სხვა უკეთ შეძლებდა ჩემს დამცირებას, ვიდრე ამას ჩემი შინაგანი ბუნება მოითხოვდა?! ყოველ შემთხვევაში, მაშინ, იმის ფიქრმა, რომ მე დამჩაგრეს, რომ ჩემი ყოფილი სატრფო ვერაგი აღმოჩნდა, ერთგვარი კმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. ჯოჯოხეთური განცდების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ეს ბუნებრივი გამაყუჩებელი საშუალება – დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ უსამართლოდ დაისაჯე, რადგან ეს გიბრუნებს ძალას, საკუთარი თავისადმი პატივისცემას და, ესეც არ იყოს, შენსავე თავმოყვარეობას ეამება. და ახლა სხვისგან მიყენებული უსამართლობისათვის იმავე საწყაულით ვუხდი სამაგიეროს ჩემი ჭრილობების მიმყენებელს კი არა, როგორც საერთოდ ხდება, – სხვა ქალს.

ღამით კარლოტას ბუდიდან დაკმაყოფილებული და ოდნავ დაბნეული გამოვდიოდი; მსიამოვნებდა მარტო ხეტიალი, ყოველგვარ საზრუნავს ჩამოშორებული ვტკბებოდი თავისუფლებით და გრძელ ხეივანში თითქოს ფეხდაფეხ მივდევდი ყმაწვილობისდროინდელ ფიქრებსა და განცდებს. ღამის უბრალოება, სიბნელე და ლამპიონები ნაზად მხვევდა თავის საბურველში და ნებას მრთავდა მივცემოდი ყველაზე აბსურდულ და ლხინისმომგვრელ ოცნებას, ღამეული შუქ-ჩრდილები რომ მიფერადებდა და მიბევრებდა; ის ყრუ გაღიზიანებაც კი რაც კარლოტასაგან მისი წრეგადასული მოკრძალების გამო მომყვებოდა, ერთვებოდა ამ თავისუფალ თამაშში, რომელიც უხერხულობისა და სიბრალულისაგან მათავისუფლებდა, მასთან ყოფნისას რომ განვიცდიდი. მაგრამ მე ყმაწვილკაცი აღარ ვიყავი და კარლოტასთან განშორება რომ არ გამჭირვებოდა, ანატომიური სიზუსტით ვიხილავდი მის სხეულს, მოძრაობას, მის მოფერებას. ვერ მივმხვდარიყავი, ასეთ ახალგაზრდას, ქმართან გაშორებულს და უშვილოს რატომ სჯეროდა, რომ მე ვიყავი ის მამაკაცი, ვისთანაც ბედნიერებას ეწეოდა. საცოდავი, მეტად უბადრუკი საყვარელი იყო და ალბათ ამიტომაც მიატოვა ქმარმა.

ერთ საღამოს კინოთეატრიდან გამოსულები ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩას რომ მივუყვებოდით, კარლოტამ მითხრა:

 – რა ბედნიერი ვარ, რა კარგი ყოფილა შენთან ერთად კინოში სიარული.

 – შენს ქმართან ერთად თუ დადიოდი კინოში?

 – ეჭვიანობ? – გაიღიმა კარლოტამ.

 – არა, ისე, – ავიჩეჩე მხრები.

 – მეტი აღარ შემიძლია, – ამოიოხრა კარლოტამ და მომეკრო, – რატომ არ გვაძლევს კანონი განქორწინების უფლებას, როცა შვილები არა გვყავს, ან იგივე კანონო რატომ მაიძულებს ქმარი ვუწოდო იმას, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი მახსოვს?!

იმ ღამეს კარლოტასთან ხანგრძლივი და მგზნებარე სიახლოვით ვინებივრე.

 – კიდევ ეჭვი გეპარება ჩემში? – ვკითხე.

 – ო, ძვირფასო, რატომ ყოველთვის ასეთი კარგი არა ხარ, როგორც დღეს, ხომ წარმოგიდგენია, რა გველის, განქორწინება რომ შემეძლოს?

არ ვუპასუხე. მაგრამ ერთხელ, როცა ისევ განქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, ვეღარ მივითმინე და ავფეთქდი:

 – კარგი ერთი, ვინ ცხოვრობს შენზე უკეთესად, ფაქტიურად თავისუფალი ქალი ხარ და დარწმუნებული ვარ, კარგადაც გარჩენს, სიმართლე თუ გინდა, შენ უღალატე მას.

რაც ერთმანეთს დავშორდით, მისგან არაფერი მომითხოვია, თავს თვითონ ვირჩენ, შემომხედა დაღვრემილმა, – და თუ ახლა მისგან რამეს მივიღებდი, ამით შენ გიღალატებდი.

კოცნით შევაწყვეტინე სიტყვა, მერე სადგურის კაფეში წავიყვანე და ძალით ორი სირჩა ლიქიორი დავალევინე. შეორთქლილი მინების შუქში მაგიდას შეყვარებულებივით ვუსხედით. მე კარგა ბლომად გადავკარი და ხმამაღლა ვუთხარი:

 – კარლოტა, მოდი ამაღამ ბიჭი გავაკეთოთ?

ეტყობა ვიღაცამ შემოგვხედა, რადგან მთლად აპილპილებულმა კარლოტამ კისკისით პირზე ხელი მომაფარა. მერე ისიც ალაპარაკდა რაღაც სისულელეებზე, ჩვენს ამბავს რომელიღაც ფილმის სიუჟეტს უდარებდა. და მე ვსვამდი, რადგან ვიცოდი, ეს იყო ერთადერთი საშუალება, რაც კარლოტას სიყვარულს შემაძლებინებდა. გარეთ გამოსულები სიცივემ გამოგვაფხიზლა და სახლისკენ გავეშურეთ.

მთელი ღამე დავრჩი მასთან. დილით რომ გავიღვიძე, გვერდით ნამძინარევი, გაწეწილი კარლოტა დამელანდა, ჩემს ჩახუტებას ლამობდა. ხელი არ მიკრავს, წამოვდექი; ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი; კარლოტას ნაძალადევად შეკავებული სიხარულიც მაღიზიანებდა, სამზარეულოში სიმღერით რომ გავიდა ყავის მოსახარშად. მერე ერთად უნდა გამოვსულიყავით სახლიდან, მაგრამ მეკარე ქალი გაახსენდა და წინ გამიშვა, მანამდე კი წინაკარში მომეხვია და მაგრად ჩამკოცნა. იმ გაღვიძებიდან ყველაზე ცხადად დამამახსოვრდა გამზირის ხეთა ტოტები, რომლებიც ნისლში ორთქლავდნენ და ფანჯრების ფარდებს მიღმა წვეთებს ცრიდნენ. დილის ცივი ჰაერი სისხლს მიდუღებდა, ახლა მხოლოდ განმარტოება მჭირდებოდა, რათა სიგარეტის ბოლში გახვეულს ფანტაზიით სხვანაირი გაღვიძება და სხვა ქალი წარმომედგინა.

ხანდახან კარლოტა სინაზეს გამომტყუებდა ხოლმე, მერე, როგორც კი მარტო დავრჩებოდი, თავს ვამუნათებდი ამის გამო; საკუთარი სულის შრეებში ვიქექებოდი, რათა გამეფანტა მისი უმნიშვნელო მოგონებაც კი, ფიცი დამედო, სასტიკი ვყოფილიყავი და მტკიცედაც ვიცავდი ამ ფიცს. კარლოტასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ უსაქმურობის, უბრალოდ მოთხოვნილების გამო ვიყავით ერთად და არა იმ მიზეზისა, რასაც თავგანწირვით ებღაუჭებოდა. საწოლში კარლოტასთან წუთიერი თავდავიწყების შემდეგ მისი ნეტარი და მადლიერი გამოხედვა ნერვებს მიშლიდა, რადგან ვისგანაც ველოდი მსგავს შემოხედვას, ერთხელაც არ მღირსებია.

 – თუ ისეთს მიმიღებ, როგორიც ვარ, ხომ კარგი, – ვუთხარი ერთხელ კარლოტას, – მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას ნუ ეცდები.

 – მაშ, არ გიყვარვარ ? – ენა დაება.

 – ის მცირეოდენი სიყვარულის გრძნობა, რაც გამაჩნდა, ახალგაზრდობაში გავხარჯე და გადავიწვი.

თუმცა კი იშვიათად, სირცხვილისა თუ აღგზნებულობის გამო ვეთანხმებოდი, რომ ცოტათი მიყვარდა, რაც თავადვე მაცოფებდა.

ასეთ დროს კარლოტა ცდილობდა გაეღიმა:

 – კარგი მეგობრები ხომ მაინცა ვართ?

 – მისმინე, – ვეუბნებოდი მკაცრად, – გულს მირევს ეს დათაფლულობა, დაიმახსოვრე, რომ მე და შენ მხოლოდ მამაკაცი და ქალი ვართ, რომლებიც მოწყენილობის გამო წვებიან ერთად ლოგინში!

 – ჰო, ეს მართალია, მაგრამ მე მიყვარხარ, მიყვარხარ, – მეხუტებოდა თავდავიწყებით.

 – ჰოდა მეტს ნურაფერს მთხოვ.

საკმარისი იყო მსგავსი საუბრისას თუნდაც ერთხელ ზედმეტად თავაზიანი მომჩვენებოდა თავი, რომ მერე კვირაობით გავურბოდი კარლოტას. თუ თავისი კაფედან დამირეკავდა სამსახურში, ვპასუხობდი, რომ ბევრი საქმე მქონდა და არ მეცალა.. თავიდან კარლოტა უკმაყოფილების გამოხატვას ეცადა, მაშინ ჩემი ცივი ღიმილის თანხლებით ერთი მტანჯველი საღამო გავატარებინე: შორი-შორ ვისხედით ჩაბნელებულ ოთახში, აბაჟური თეთრ შუქს სცემდა მის მუხლებს და ვუმზერდი მის მწუხარე სახეს. აუტანელი სიჩუმე პირველმა მე დავარღვიე:

 – მადლობა მითხარი, ქალბატონო, შესაძლოა ეს საღამო უფრო მეტჯერ გაგახსენდეს, ვიდრე სხვა რომელიმე.

კარლოტა არ შერხეულა.

 – რატომ არ მომკლავ, ქალბატონო? თუ შენ ნებიერი ქალი გინდა გაითამაშო, დროს ტყუილად კარგავ, მე ჩემი ჭირვეულობაც მყოფნის.

კარლოტა ასლუკუნდა.

 – დღეს საბანაო კოსტუმიც ვერ გიშველის, – ჩავუირონიე.

კარლოტა ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, ინსტინქტურად ხელები გავუწოდე, თეთრ შუქზე გაიელვა მისმა თავმა და ტირილით ჩემს მუხლებზე დაეშვა; მოფერება ვცადე, მაგრამ წამოვდექი.

 – ალბათ მეც უნდა ვტიროდე, კარლოტა, მაგრამ ვაი, რომ აზრი არა აქვს. რასაც ახლა შენ განიცდი, მე დიდი ხნის წინ გადავიტანე, თავის მოკვლა მინდოდა, ვაჟკაცობა არ მეყო. ბედის დაცინვაც ეგ არის, ვინც იმდენად სუსტია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს, იმ ზომამდეა სუსტი, თავს ვერ მოიკლავს. Aასე რომ, ჭკვიანად მოიქეცი, კარლოტა.

 – ასე სასტიკად რატომ მექცევი, – ამოიგმინა.

 – სულაც არ გექცევი სასტიკად, მშვენივრად იცი, რომ მარტო ყოფნა მიყვარს. და თუ ამის საშუალებას მომცემ, დაგიბრუნდები თუ არადა, ვეღარასოდეს მიხილავ. ჰოდა ასე.. გინდა რომ მიყვარდე ?

კარლოტამ ტკივილისაგან დასერილი სახე ასწია.

 – მაშინ შენ აღარ უნდა გიყვარდე – ჩავუმარცვლე – სხვა გამოსავალი არა გაქვს, ხომ იცი, ძაღლი გადაგდებულ ძვალს მაშინვე არ დასწვდება.

მსგავსმა სცენებმა ისე შეძრა კარლოტა, ჩემთან განშორება აღარც უფიქრია. გარდა ამისა, განა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ორივენი ერთი ჩამოსხმისანი ვიყავით?! კარლოტა კი იმდენად პრიმიტული ქალი იყო, ამას ვერც ჩასწვდებოდა, თუმცა კი რაღაცას გრძნობდა. საბრალო, ცდილობდა ვითომ ხუმრობით ჩამხუტებოდა და ამოიხვნეშებდა:

ასე ყოფილა ეს ცხოვრება, ან ვაი შენ ჩემო თავო ... იმ ღამეს რომ ეთქვა, კარგი, დავშორდეთო, ალბათ, პატარა ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ კარლოტას ეს არ შეეძლო. ზედიზედ ორ საღამოს რომ არ გამოვჩნდებოდი, მერე დარდისაგან თვალებამოღამებული მხვდებოდა. თუ იშვიათად მისადმი სიბრალული ან თანაგრძნობა შემომეპარებოდა და კაფეში გავუვლიდი სადმე დასაპატიჟებლად, სიხარულისაგან აწითლებული და შეცბუნებული წამოხტებოდა.

მე კონკრეტულად კარლოტას კი არ ვუბრაზდებოდი, არამედ ნებისმიერი შეზღუდვისა და მორჩილების წინააღმდეგი ვიყავი, რამაც, ღრმად მწამდა, ჩვენი ურთიერთობა დამატეხა თავს. რაკი მე კარლოტა არ მიყვარდა, მის მიერ ყოველი უმნიშვნელო ნების გამოვლენა თავდასხმად მეჩვენებოდა. ისეთი დღეებიც მახსოვს, თავი მეზიზღებოდა, შენობით რომ მივმართავდი. რა უფლება აქვს ამ უცხო ქალს, ხელკავს რომ მიკეთებს?! – ვფიქრობდი. სამაგიეროდ, ისეთი დღეებიც გამოერეოდა, თავი ამქვეყნად ახლადმოვლენილი მეჩვენებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემეძლო მზიან ქუჩებს მარტოდმარტო, კარლოტას გარეშე გავყოლოდი; მისი სხეულით დაკმაყოფილებული და ძველტკივილმიყუჩებული, ხარბად ვიმზირებოდი ირგვლივ, როგორც ყმაწვილობის ჟამს ვივსებოდი ირგვლივეთის ხმებითა და სურნელით. და კარლოტა რომ ჩემდამი სიყვარულის გამო იტანჯებოდა, ეს ძველ ტკივილებს მიამებდა, ჟამთასრბოლის ფერფლს აყრიდა და აბიაბრუებდა მას. კარლოტას როგორც კი მოვშორდებოდი, თავს ხელშეუხებლად და უფრო გამოცდილად ვგრძნობდი. მჯეროდა, რომ იგი ჩემი სულის გსნსაწმენდლს წარმოადგენდა.

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პავეზე ჩეზარე / თვითმკვლელები