პარკერი დოროთი 

 

ტელეფონის ზარი

 

 

 მთარგმნელი – ჩხეიძე ზაალ

 

 

 

 

გთხოვ, ღმერთო, დამირეკოს, რა მოხდება. ძვირფასო ღმერთო, დამირეკოს რა. მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ, მართლა აღარ გთხოვ. ეს ხომ ძალიან იოლი რამეა შენთვის, ღმერთო, ძალიან იოლია. ოღონდ ახლა დამირეკოს ღმერთო, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ.

 

იქნებ ამაზე თუ არ ვიფიქრებ, ტელეფონმა მაშინ დარეკოს. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ნეტა სხვა რამეზე ფიქრი შემეძლოს. იქნებ ხუთასამდე ხუთ-ხუთობით თუ დავთვლი, მაშინ დარეკოს. ნელა დავითვლი.

 

არ მოვიტყუები. ტელეფონმა სამასზეც რომ დარეკოს, მაინც არ გავჩერდები. არ ვუპასუხებ, სანამ ხუთასამდე არ ავალ. ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი, ოცდაათი, ოცდათხუთმეტი, ორმოცი, ორმოცდახუთი, ორმოცდაათი . . . ოჰ, დარეკე რა, გთხოვ, გთხოვ.

 

უკანასკნელად შევხედე საათს.

 

მორჩა, მეტს აღარ შევხედავ. რვის ათი წუთია. იმან მითხრა, ხუთზე დაგირეკავო. ,,ხუთზე დაგირეკავ, ძვირფასო” _ მგონი ასე თქვა, ,,ძვირფასო”-ო. თითქმის დარწმუნებული ვარ, ასე თქვა. მახსოვს, ორჯერ მითხრა ,,ძვირფასო”-ო, მეორედ _ დამშვიდობებისას, ,,ნახვამდის ძვირფასო”. დაკავებული იყო, თან სამსახურში ბევრს ხომ ვერ ილაპარაკებდა, მაგრამ ,,ძვირფასო”-ო მაინც ორჯერ მითხრა.

 

ვერც წარმოიდგენდა თუ დავურეკავდი. ვიცი, არ უნდა დაურეკო იმათ, ვიცი, იმათ არ უყვართ, როცა ურეკავენ. როცა ურეკავ, ხვდებიან, ჩვენზე ფიქრობს და ვენატრებითო და მერე ამის გამო შეგიჯავრებენ. მაგრამ მე სამი დღე არ მილაპარაკია მასთან _ მთელი სამი დღე. მარტო ის ვკითხე, როგორ ხარ მეთქი, სხვასაც ხომ შეეძლო დაერეკა და ასე ეკითხა. რას წარმოიდგენდა. ვერც კი იფიქრებდა, ჩემზე ღელავსო.

 

,,არა, რა თქმა უნდა, არა”-ო, მითხრა. მერე მითხრა, გადმოგირეკავო. არ უნდა ეთქვა. მე არ მითხოვია, მართლა არ მითხოვია. დარწმუნებული ვარ, არ მითხოვია. რატომ უნდა ეთქვა, დაგირეკავო და მერე აღარ დაერეკა. გთხოვ, ამას ნუ იზამს ღმერთო, გთხოვ, ნუ იზამს.

 

,,ხუთზე დაგირეკავ, ძვირფასო”.

 

,,ნახვამდის, ძვირფასო”. დაკავებული იყო, ჩქარობდა, თან იმდენი ხალხი ეხვია ირგვლივ, ორჯერ მაინც მითხრა, ,,ძვირფასო”-ო. ეს ჩემია. ჩემია, საერთოდ რომ ვეღარ ვნახო, მაინც ჩემია. ჰო, მაგრამ ეს ისე ცოტაა, სულ არ არის საკმარისი. არაფერიც არ იქნება საკმარისი, თუ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. გთხოვ, კიდევ მანახე რა, ღმერთო.

 

გთხოვ, ძალიან მინდა. ისე ძალიან მინდა. კარგად მოვიქცევი, ღმერთო. შევეცდები უკეთესი გავხდე, შევეცდები, თუ შენ ისევ მანახებ მას. თუ დამირეკავს. ეჰ, რა მოხდება, ახლავე დარეკოს.

 

აჰ, ჩემი სათხოვარი არ გეცოტავოს რა, ღმერთო, შენ ზიხარ მანდ, ისეთი თეთრი, მოხუცი, სულ ანგელოზებში და ირგვლივ ვარსკვლავები წყდებიან. მე კიდევ მოვდივარ და ტელეფონის ერთ ზარს გთხოვ.

 

აჰ, არ დამცინო, ღმერთო. შენ ხომ არ იცი, ეს რა გრძნობაა. შენ ისეთი მიუწვდომელი ხარ, მანდ, შენს სამეუფო ტახტზე, ლურჯ მორევს ზემოთ.  შენ ვერაფერი შეგეხება, გულს ვერავინ მოგიკლავს. აი, ეს კი ტანჯვაა, ღმერთო, საშინელი, საშინელი ტანჯვა. არ დამეხმარები? შენი შვილის გულისათვის, დამეხმარე, ხომ თქვი, ყველაფერს შეგისრულებთ, ჩემი შვილის სახელით რაც უნდა მთხოვოთო, ოჰ, ღმერთო, შენი ერთადერთი, უსაყვარლესი ვაჟის, იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის, გულისათვის, რა მოხდება ახლავე დამირეკოს.

 

მორჩა. ასე აღარ შეიძლება. აი, ვთქვათ, ახალგაზრდა კაცი ეუბნება გოგოს, დაგირეკავო, მერე რაღაც ხდება და აღარ ურეკავს.

 

ეს ხომ არც ისეთი დიდი საშინელებაა, არა? სწორედ ამ წუთას რამდენი რამ ხდება ქვეყანაზე. ეჰ, რაში მენაღვლება, რა ხდება ქვეყანაზე? რატომ არ რეკავს ეს ტელეფონი? რატომ არ რეკავს? ვერ რეკავ? წყეულო, საძაგელო, პრიალა საგანო. რაო, მოკვდები რომ დარეკო? მოკვდები? კედლიდან ჩამოვგლეჯ მაგ შენ საძაგელ ფესვებს, მაგ თვითკმაყოფილ სახეს სულ ნაწილ-ნაწილ დაგიფშვნი. ჯანდაბამდე გზა გქონია.

 

არა, არა, არა, თავი ხელში უნდა ავიყვანო. სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. ასეც მოვიქცევი. საათს მეორე ოთახში გავიტან.

 

მაშინ ვეღარ შევხედავ. თუ შეხედვა მაინც მომინდება, მაშინ საძინებელში მომიწევს გასვლა და ასე რამეს მაინც გავაკეთებ. იქნებ სანამ ხელახლა შევხედავ, დამირეკოს. თუ დამირეკავს, ისე ტკბილად დაველაპარაკები. თუ მეტყვის, ამაღამ ვერ გნახავო, ვუპასუხებ, ,,არა უშავს, ყველაფერი რიგზეა, ძირფასო, რა მოხდა მერე, არა უშავს.” ისე მოვიქცევი, როგორც მაშინ, პირველად რომ ვნახე. მაშინ იქნებ ისევ მოვეწონო. თავიდან ყოველთვის ალერსიანი ვიყავი.

 

ოჰ, სანამ გიყვარს რა ადვილია, ალერსიანად მოექცე ადამიანებს.

 

 მგონი, ოდნავ ჯერ კიდევ ვუყვარვარ. ოდნავ მაინც რომ არ ვუყვარდე,  დღეს ორჯერ რატომ დამიძახებდა ,,ძვირფასო”-ს. თუ ოდნავ მაინც ვუყვარვარ, ე.ი. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. სულ ოდნავ, სულ, სულ ოდნავ მაინც თუ ვუყვარვარ. გესმის, ღმერთო, ოღონდ ახლა დამირეკოს და მეტი არაფერი მინდა.

 

ძალიან ტკბილად დაველაპარაკები, ზუსტად ისეთი ვიქნები, როგორიც უნდა ვიყო და მაშინ იგი ისევ შემიყვარებს. და მერე მეც მეტს აღარასდროს აღარაფერს აღარ გთხოვ. გესმის, ღმერთო? გთხოვ, დამირეკოს რა მოხდება? დამირეკოს, რა. გთხოვ, გთხოვ, გთხოვ.

 

ცუდად რომ მოვიქეცი, იმიტომ მსჯი, ღმერთო? ცუდად რომ მოვიქეცი, იმიტომ ხარ გაბრაზებული ჩემზე? ოჰ, კი მაგრამ იმდენი ცუდი ადამიანია ქვეყანაზე _ მარტო მე ხომ ვერ დამსჯი. თან ძალიან ცუდადაც არ მოვქცეულვართ. ჩვენ საქციელზე ცუდიაო, ვერც კი იტყვი. არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, ღმერთო.

 

საქციელი მარტო მაშინაა ცუდი, თუ ვინმეს რამეს უშავებს, ჩვენ კიდევ არც ერთი სულიერისთის არაფერი არ დაგვიშავებია. ხომ იცი. შენ იცი რომ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ხომ იცი, ღმერთო? ახლაც არ დამირეკავს?

 

    თუ არ დამირეკავს, მაშინ მეცოდინება, რომ ღმერთი გაბრაზებულია ჩემზე. ხუთასამდე ხუთ-ხუთობით დავითვლი და თუ არ დამირეკავს, მაშინ მეცოდინება, რომ ღმერთი აღარ დამეხმარება, აღასოდეს აღარ დამეხმარება. ეს იქნება ნიშანი. ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი, ოცდაათი, ოცდათხუთმეტი, ორმოცი, ორმოცდახუთი, ორმოცდაათი, ორმოცდათხუთმეტი. . .

 

ცუდად მოვიქეცით, ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცით. კარგი, ღმერთო, ჩამაგდე ჯოჯოხეთში. გგონია, შენი ჯოჯოხეთით შემაშინებ? გგონია, შენი ჯოჯოხეთი ჩემსაზე უარესია?

 

არ უნდა გავაკეთო. მე ეს არ უნდა გავაკეთო. იქნებ ცოტა მოგვიანებით უნდა, რომ გადმომირეკოს.

 

ე.ი. გადასარევიც არაფერია. იქნებ სულაც არ აპირებს დარეკვას და პირდაპირ მოდის. ნამტირალევს რომ მომისწროს, მაშინვე გამეცლება. იმათ არ უყვართ, როცა ტირი.

 

თვითონ არასდროს არ ტირის. ღმერთს ვთხოვ, აატიროს, ნეტა აატიროს, ნეტა შემეძლოს მე ავატირო.

 

ფეხქვეშ გავთელო და ვიგრძნო, როგორ ეფლითება გული. ნეტავ შემეძლოს, საშინლად დავტანჯო.

 

    თვითონ არ მისურვებდა იმავეს. არა მგონია, ის მაინც იცოდეს, როგორ მტკენს გულს. ნეტა უჩემოდ გაიგოს. იმათ არ უყვართ, როცა ეუბნები, შენს გამო უბედური ვარო. თუ მაინც ეტყვი, მესაკუთრე და მეტისმეტად მომთხოვნიაო, ფიქრობენ.

 

და მერე შეგიძულებენ. როგორც კი ამას ეტყვი, რასაც მართლა ფიქრობ, მაშინვე შეგიძულებენ. ცოტ-ცოტა სულ უნდა ითამაშო. ოჰ, მეგონა ჩვენ ეს არ დაგვჭირდება-მეთქი. მეგონა, ჩვენ ისე გვიყვარს ერთმანეთი, შემიძლია ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა-მეთქი. ახლა ვხვდები, თურმე არ შეიძლება. არასდროს არ შეიძლება.

 

ახლა ვხვდები, ამხელა გრძნობა თურმე არ არსებობს. აჰ, ახლა თუ დამირეკავს, არ ვეტყვი, უშენოდ მოვიწყინე-მეთქი. ისინი ვერ იტანენ მოწყენილ ხალხს. ისეთი ნაზი და მხიარული ვიქნები, რომ არ უნდოდეს, ხელახლა მაინც შევუყვარდები. ოღონდ დამირეკოს, ოღონდ დამირეკოს.

 

 იქნებ მართლა ასე იქცევა, იქნებ გაუფრთხილებლად მოდის. იქნებ გზაშია ახლა. ვაითუ რამე შეემთხვა.

 

არა, არასდროს არაფერი შემთხვევია, ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა შეემთხვეს. ვერც კი წარმომიდეგნია, რომ შეიძლება მანქანამ დაარტყას. ვერ წარმომიდგენია, იწვეს წყნარად, მშვიდად, როგორ შეიძლება მოკვდეს. ნეტა მოკვდეს. რა საშინელი ნატვრაა, არა, მშვენიერი ნატვრაა. მკვდარი რომ იყოს, მხოლოდ ჩემი იქნებოდა, მკვდარი რომ იყოს, ისე აღარასდროს ვიფიქრებდი მასზე, როგორც ბოლო რამდენიმე კვირაა ვფიქრობ. მარტო სასიამოვნო რამეებს გავიხსენებდი.

 

რა მშვენიერი იქნებოდა ყველაფერი. ნეტა მოკვდეს, ნეტა მოკვდეს, მოკვდეს, მოკვდეს.

 

სისულელეა, სისულელეა, ადამინებს მარტო იმიტომ უსურვო სიკვდილი, რომ ზუსტად დანიშნულ დროს არ დაგირეკეს. იქნებ საათია წინ. არც კი ვიცი სწორია თუ არა. იქნებ მისი ჩამორჩება. ცოტათი ყველაფერს შეიძლება შეეყოვნებინა. იქნებ სამსახურში შერჩა, იქნებ დასარეკად შინ წავიდა და ამ დროს ვინმემ შეუარა.

 

არ უყვარს, როცა ტელეფონზე სხვისი თანდასწრებით მელაპარაკება. იქნებ ღელავს ჩემზე, ოდნავ, სულ ოდნავ ვალოდინებო. იქნებ იმის იმედი აქვს, თვითონ დამირეკავსო. მე შემიძლია დავურეკო, შემიძლია.

 

არა, არა, არა. ოჰ, ღმერთო, არ დაუშვა, რომ მე დავურეკო. გთხოვ ნუ გამაკეთებინებ ამას. მე და შენ ხომ კარგად ვიცით, ღმერთო, მართლა რომ ღელავდეს ჩემზე, სადაც არ უნდა იყოს და რამდენი ხალხიც არ უნდა ეხვიოს ირგვლივ, მაინც დამირეკავდა.

 

გთხოვ, მომეხმარე, საკუთარი თავი დავირწმუნო ამაში ღმერთო. ხომ არ გთხოვ გული არ მეტკინოს მეთქი. მაინც ვერ შეძლებ ამას, თუმცა კი სამყარო შენი შექმნილია. დამეხმარე რომ საკუთარი თავი დავირწმუნო ამაში, ღმერთო, არ დაუშვა, რომ იმედი კიდევ მქონდეს. არ დაუშვა, რომ თავი ტყუილებით ვინუგეშო. გთხოვ, არ დაუშვა, თავი დავიიმედო, ღმერთო, მოწყალეო, გთხოვ.

 

მე არ დავურეკავ.

 

ჩემ ცხოვრებაში აღარ დავურეკავ. მანამ დაიხრუკოს ჯოჯოხეთში, სანამ მე მაგას არ დავურეკო. ამის ძალა შენ არ უნდა მომცე, ღმერთო, მე თვითონაც მაქვს. რომ ვდომებოდი, დამირეკავდა. იცის, სადაც ვარ. იცის, რომ ველოდები. მას ისე სჯერა ჩემი, ისე სჯერა.

 

ნეტა, ვიცოდე, როგორც კი თავისად დაგიგულებენ, მაშინვე რატომ გადაგიყვარებენ ხოლმე. მე კი მეგონა, რა სასიამოვნოა, როცა ვინმე შენად მიგაჩნია-მეთქი.

 

   სულ თავისუფლად შემიძლია მე დავურეკო. ყველაფერს გავიგებდი. იქნებ სულაც არ იყოს სულელური აზრი. იქნებ გადაავიწყდა. იქნებ გაუხარდეს.

 

იქნებ თვითონ მირეკავს. ზოგჯერ რეკავ, რეკავ და გეუბნებიან ნომერი არ პასუხობსო. არა, თავს კი არ ვინუგეშებ, მართლა ხდება ასე. შენ ხომ იცი, რომ მართლა ხდება ასე, ღმერთო. ოჰ, ღმერთო, მომაცილე ამ ტელეფონს. მომაცილე. სულ ერთი ბეწო სიამაყე მაინც მომეცი.

 

მგონი ყველაზე მეტად ახლა მჭირდება, ღმერთო. მგონი, ესღა დამრჩა.

 

რაში მჭირდება ეს სიამაყე თუ მას ვერ დაველაპარაკები? ამისთანა სიამაყე ისეთი სულელური, ისეთი უბადრუკი რამაა. ნამდვილი, დიდი სიამაყე, სიამაყის არქონაა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დარეკვა მინდა. არა, მაგიტომ არა. უბრალოდ მართლა ასეა. დარწმუნებული ვარ, მართლა ასეა.

 

მე თავს ხელში ავიყვან. მე ამ პატარ-პატარა სიამაყეებზე მაღლა დავდგები.

 

გთხოვ ღმერთო, არ დაუშვა, რომ მე დავურეკო. გთხოვ, ღმერთო.

 

არ ვიცი სიამაყეს ამასთან რა ესაქმება. ჩემთვის ისე იოლია ამაყი ვიყო, ისე იოლია, სცენები მოვუწყო. იქნებ კარგად ვერ გავიგონე. იქნებ პირიქით მითხრა, ხუთზე შენ დამირეკეო.

 

,,ხუთზე დამირეკე, ძვირფასო”. თავისუფლად შეიძლება ასე ეთქვა. შეიძლება მე ვერ გავიგონე სწორად. ,,ხუთზე დამირეკე, ძვირფასო”, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე მითხრა. ღმერთო არ დაუშვა, ასეთი რამეები ველაპარაკო საკუთარ თავს. არ დაუშვა, გთხოვ, არ დაუშვა.

 

სხვა რამეზე ვიფიქრებ.

 

წყნარად დავჯდები. ნეტა წყნარად ჯდომა შემეძლოს. იქნებ წიგნი წავიკითხო.

 

ოჰ, მაგრამ ყველა წიგნი იმ ადამინებზეა ნაზი და ჭეშმარიტი სიყვარულით რომ უყვართ ერთმანეთი. რატომ წერენ ასე? არ იციან რომ მართალი არ არის? არ იციან, რომ ტყუილია, წყეული ტყუილი? რატომ წერენ ასე, როცა იციან სინამდვილეში რა მტკივნეულია ყველაფერი? წყეულები, წყეულები, წყეულები.

 

მეტს აღარ ვიზამ. დავმშვიდდები. არაფერი ასაღელვებელი არ ხდება. აი, ვთქვათ, ის ისეთი ვინმეა, ვისაც კარგად არ ვიცნობ.

 

ვთქვათ, გოგოა. მაშინ ხომ მე თვითონ დავურეკავდი და ვკითხავდი: ,,ღვთის გულისათვის, როგორ ხარ, რამე ხომ არ შეგემთხვა?” აი, სწორედ ასე ვიზამდი, თან არც კი დავფიქრდებოდი. რატომ არ შეიძლება წინდაუხედავად და ბუნებრივად მოვიქცე მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს? შემიძლია, პატიოსნებას ვფიცავარ შემიძლია. დავურეკავ და ისე წყნარად, ისე ალერსიანად დაველაპარაკები, ნახე თუ ასე არ მოვიქცე, ღმერთო. ოჰ, გთხოვ, არ დაუშვა რომ მე დავურეკო. არ დაუშვა, არ დაუშვა, არ დაუშვა.

 

ღმერთო, მართლა არ აპირებ, რომ დამირეკოს? დარწმუნებული ხარ ღმერთო? არ შეიძლება რომ ცოტა გული მოგილბეს? არ შეიძლება? ხომ არ გთხოვ ახლავე დამირეკოს-მეთქი, ღმერთო. მთავარია მალე დამირეკოს.

 

ხუთასამდე ხუთ-ხუთობით დავითვლი. აი, ნახავ, ისე ნელა დავითვლი. ერთს არ ვიეშმაკებ. თუ მერეც არ დამირეკავს, მე თვითონ დავურეკავ. დავურეკავ. ოჰ, გთხოვ, ღმერთო, ჩემო ძვირფასო, მოწყალეო ღმერთო, ჩემო კურთხეულო ზეციურო მამავ. დამირეკოს რა მოხდება.

 

გთხოვ, ღმერთო, გთხოვ.

 

ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი, ოცდაათი, ოცდათხუთმეტი...    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პარკერი დოროთი / ტელეფონის ზარი