პელევინი ვიქტორ
იძინე
თარგმანი რუსულიდან – ფატმან წერეთელი
მესამე სემესტრის დასაწყისში, მარქსიზმ-ლენინიზმის ფილოსოფიის ერთ-ერთ ლექციაზე ნიკიტა სონეჩკინმა ერთი საოცარი რამ აღმოაჩინა.
საქმე ის იყო, რომ ბოლო ხანებში რაღაც გაურკვეველი ემართებოდა: როგორც კი ჩია დიდყურა დოცენტი, რომელიც მკრეხელური ფიქრების დაძლევის მცდელობაში მყოფ პატარა მღვდელს უფრო წააგავდა, აუდიტორიაში შემოაბიჯებდა, ნიკიტას რული ერეოდა, ხოლო მაშინ, როდესაც ლექტორი საუბარს იწყებდა და სტუდენტებს ჭაღზე მიუთითებდა, ნიკიტა თავს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა და იძინებდა. ეჩვენებოდა, რომ ლექტორი ფილოსოფიაზე კი არ საუბრობდა, არამედ ბავშობის მოგონებებზე: რაღაც სხვენზე, საქვიშეებსა და ალმოდებულ სანაცხეებზე. ნიკიტას თითებში კალამი ნელ-ნელა ფურცლის თავში მოექცეოდა და კვალდაკვალ გაურკვეველ ფრაზებს ტოვებდა. ბოლოს მძინარე თავს ჩაქინდრავდა და ღრმა ძილს ეძლეოდა, ორიოდე წამში გამოფხიზლდებოდა, და შემდეგ ყველაფერი ისევ იმავე თანმიმდევრობით მეორდებოდა. ნიკიტას ჩანაწერებით მეცადინეობა კი ყოვლად შეუძლებელი იყო: ტექსტის მოკლე აბზაცებს გრძელი დახრილი წინადადებები კვეთდა, რომლებიც დაკარგულ კოსმონავტებს, მონღოლი ხანის სამუშაო ვიზიტებსა და სხვა ათასგვარ სისულელეს ეხებოდა, ნაწერი კი აცაბაცა და წვრილი იყო.
ლექცია წესიერად ერთხელაც რომ ვერ მოისმინა, ნიკიტა შეშფოთდა, შემდეგ კი დაფიქრდა: ნუთუ ასე მხოლოდ მას ემართება? დააკვირდა სხვა სტუდენტებს და მოულოდნელად გასაოცარი რამ აღმოაჩინა.
ნიკიტამ შეამჩნია, რომ თითქმის ყველას ეძინა, მაგრამ ამას მასზე უკეთ ახერხებდნენ – გაშლილ ხელისგულს შუბლით დაებჯინებოდნენ, ისე რომ სახე დაემალათ, მარჯვენა ხელის მტევანს მარცხენის იდაყვი ისე ეფარებოდა, რომ იმის გარკვევა, მჯდომარე წერდა თუ არა, შეუძლებელი იყო. ნიკიტამ ამგვარად დაჯდომა სცადა და შეამჩნია, რომ ასე ძილი უკეთესი ყოფილა. თუ ადრე ღრმა ძილი და შეშინებული გამოფხიზლება ერთმანეთს ცვლიდა, ახლა ეს ორი მდგომარეობა შერწყმულიყო – ის იძინებდა, მაგრამ არა ღრმად. ეს ძილი დილის თვლემას უფრო წააგავდა, როდესაც ნებისმიერი აზრი მოძრავ სურათად იოლად გარდაიქმნება, და მისთვის თვალის დევნებასთან ერთად ადამიანი ერთი საათით წინ გადაწეული მაღვიძარის წკრიალსაც ელოდება.
აღმოჩნდა, რომ ამ ახალ მდგომარეობაში ლექციების ჩაწერა უფრო მოხერხებული იყო – უბრალოდ ხელისთვის ნება უნდა მიეცა, რომ თავისით ემოძრავა, და ლექტორის ბურტყუნი ყურიდან პირდაპირ თითებისკენ დაეშვებოდა, თუმცა საჭირო იყო რომ ინფორმაცია ტვინში არ მოხვედრილიყო, რადგან ამ შემთხვევაში ნიკიტას ან ეღვიძებოდა, ან ღრმად ეძინებოდა და გარემოსთან კავშირს სრულიად წყვეტდა. ნელ-ნელა, როცა ამ ორ მდგომარეობას შორის ოქროს შუალედს მიაგნო, ძილში ისე გაშინაურდა, რომ თავისი ცნობიერების იმ პაწაწინა ნაწილით, რომელიც გარემოსთან კავშირს უზრუნველყოფდა, ყურადღების რამდენიმე საგანზე ერთდროულად განაწილება ისწავლა. მაგალითად, მას ესიზმრებოდა ქალების აბანო, (რაც გამაოგნებელი უცნაურობებითა და უაზრობებით სავსე რამ იყო: ხის კედლებზე ხელნაწერი აბრები გამოეკრათ, რომლებზეც გალექსილი სტრიქონებით პურის გაფრთხილებისაკენ მოუწოდებდნენ. ჩამრგვალებული ქერა დედაკაცები ბუმბულებისგან შეკერილ მოკლე საბალეტო ფაშფაშა ქვებაბოლოებში გამოწყობილიყვნენ, ხელში კი ჟანგიანი გოვზა ეჭირათ.) და ამავე დროს არა მარტო ლექტორის ჰალსტუხზე კვერცხის ლაქას ამჩნევდა, არამედ ვინ უწყის უკვე მერამდენედ უსმენდა ანეგდოტს კოსმოსში მოხვედრილი სამი ქართველის შესახებ, რომელსაც გვერდით მჯდომი ვინ მოსთვლის მერამდენედ უთხრობდა.
პირველ ხანებში ფილოსოფიის ლექციის შემდეგ გამოღვიძებულს თავისი ახალი შესაძლებლობებით გამოწვეული თვითკმაყოფილება მაშინვე უქრებოდა, როცა ხედავდა რომ სხვებს ძილში უფრო მეტი რამის გაკეთება შეეძლოთ, ვიდრე მოსმენა და წერაა. ლექციაზე ანეგდოტს ვინც უყვებოდა, მასაც ხომ ეძინა! ეს ცხადი იყო თვალების რაღაც განსაკუთრებული ზეთოვანი ბრწყინვალებით, სხეულის საერთო მდგომარეობითა და მთელი რიგი პატარა, მაგრამ უეჭველი დეტალებით.
ერთხელაც, ლექციაზე რომ დაიძინა, ნიკიტამ ანეგდოტის მოყოლა სცადა, ამისთვის ყველაზე პატარა და მარტივი შეარჩია – პარიზში ჩატარებულ მევიოლინეების კონკურსის შესახებ. თითქმის გამოუვიდა, მაგრამ ბოლოში ცოტა აურია და ძერჟინსკის მაუზერის მაგივრად დნეპროპეტროვსკის მაზუთზე ილაპარაკა, თუმცა თანამოსაუბრემ მაინც ვერაფერი შეამჩნია და ნიკიტას ნათქვამი ბოლო სიტყვის შემდეგ სამი წამი რომ გავიდა, და ცხადი გახდა, რომ ანეგდოტი დასრულდა, გულიანად გადაიხარხარა.
ნიკიტას ყველაზე მეტად ის სიღრმე და სინელე აოცებდა, რომელსაც მისი ხმა ძილში საუბრისას იღებდა. თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილებდა და უცებადი გამოღვიძება ერთი იყო. ასე რომ გარისკვა არ ღირდა.
ძილში საუბარი რთული, მაგრამ შესაძლებელი იყო, მაგრამ მწვერვალს, თუ სადამდე შეეძლო ადამიანის ოსტატობას განვითარება, ლექტორის მაგალითი აჩვენებდა.
ლექტორსაც რომ ეძინა, ამას ნიკიტა ვერასოდეს მიხვდებოდა, მის ჩვევას რომ არ დაკვირვებოდა. ლექციის კითხვისას ის კათედრას ეყრდნობოდა, დროდადრო გვერდს შეინაცვლებდა და გადაბრუნდებოდა. აუდიტორიისკენ ზურგით როცა ხვდებოდა, თავისი არათავაზიანი მდგომარეობის გასამართლებლად, დანომრილ თეთრ მონაცემებს ხელით ზანტად მიუთითებდა. ხანდახან ლექტორი ზურგზე ბრუნდებოდა, ამ დროს მისი საუბარი ნელდებოდა, ხმის ტემბრი კი აღტაცებული და ლიბერალური ხდებოდა, მაგრამ კურსის ძირითად ნაწილს ის მარჯვენა გვერდზე კითხულობდა.
მალე ნიკიტა მიხვდა, რომ ძილი სემინარებზეც ისევე მოსახერხებელი იყო, როგორც ლექციებზე. თანდათან რამდენიმე მარტივი მოძრაობა აითვისა: შეეძლო მასწავლებლის მისასალმებლად გამოუღვიძებლად ამდგარიყო, დაფასთან გასულიყო და ნაწერი წაეშალა, მეზობელ აუდიტორიებში ცარცი მოეძებნა. მასალის გამოსაკითხად როცა იძახებდნენ, ტავიდან ეღვიძებოდა, შეკრთებოდა, აზრს წესიერად ვერ იკრებდა და სიტყვები ერეოდა, თან აღტაცებით შესცქეროდა მასწავლებლის მოხერხებას, რომელიც ძილისას წარბებს ჭმუხნიდა, ახველებდა, მაგიდაზე ხელით აკაკუნებდა, და ამათ გარდა გახელილ თვალებს რაღაც გამომეტყველების მაგვარს ანიჭებდა.
პირველად მძინარე ნიკიტამ პასუხი ყოველგვარი მომზადების გარეშე, მოულოდნელად გამოუვიდა – ცნობიერების პაწაწინა ნაწილით მან შენიშნა, რომ რაღაც “ძირითად საზრისებს” ჰყვებოდა, თან მაღალი სამრეკვლოს ზედა სართულზე იმყოფებოდა, სადაც პატარა სასულე ორკესტრი სიყვარულის, მაიმუნის გამოხტომების მქონე პატარა ყვითელთმიანი დედაბერის ხელმძღვანელობით უკრავდა. ნიკიტამ ხუთიანი მიიღო და ამის შემდეგ პირველწყაროების კონსპექტებსაც გამოუღვიძებლად აწარმოებდა, და მხოლოდ მაშინ იღვიძებდა, როდესაც სამკითხველოდან უნდა გამოსულიყო. თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო ოსტატდებოდა და მეორე კურსის დასასრულს მაშინ იძინებდა, როცა დილით მეტროში შედიოდა და იღვიძებდა საღამოს, როდესაც იმავე სადგურიდან გამოდიოდა.
უცებ ნიკიტა რაღაცამ შეაშფოთა. მან შეამჩნია, რომ მოულოდნელად უფრო და უფრო ხშირად იძინებდა და თავს ვერაფერს უხარხებდა. მხოლოდ გამოღვიძებული ხვდებოდა, რომ მასთან ინსტიტუტში ამხანაგ ლუნაჩარსკის მისვლა ეტლით, რომელშიც სამი ყორნისფერი ეჟვნებიანი ცხენი იყო შებმული, პირველი რუსული ბალალაიკის სამასი წლისთავისადმი მიძღვნილი იდეოლოგიური პროგრამის (რომლისთვისაც იმ დღეებში მთელი ქვეყანა ემზადებოდა) ნაწილი კი არა, მორიგი სიზმარი იყო. სინამდვილის აღქმა შეიძლებოდა ყოველ წამს დაეკარგა, ამიტომ, იმის გამოსარკვევად, ეძინა თუ არა, ნიკიტა ჯიბით მწვანეთავიან ქინძისთავს ატარებდა და როდესაც ეეჭვებოდა, ნანახი სიზმარი იყო თუ სინამდვილე, მას ბარძაყში იჩხვლეტდა, რის შემდეგაც ყველაფერი ირკვეოდა. მართალია, გაუჩნდა ახალი შიში, რომ ქინძისთავის ჩხვლეტა შეიძლებოდა უბრალოდ დასიზმრებოდა, მაგრამ ეს აზრი, როგორც აუტანელი, ნიკიტამ განდევნა.
ინსტიტუტის ამხანაგებთან ურთიერთობა ნიკიტას შესამჩნევად გაუუმჯობესდა – კომსორგი სერიოჟა ფირსოვი, რომელსაც ძილში თერთმეტი კათხა ლუდის დალევა შეეძლო, გამოუტყდა, რომ ადრე ნიკიტა ყველას გარეკილი და უცნაური ბიჭი ეგონა, მაგრამ აი, გაირკვა, რომ ის მათგან არაფრით განსხვავდებოდა. სერიოჟას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ენა დაება და მოულოდნელად სპარტაკისა და სალავათ იულიევის შანსების თანაფარდობაზე მსჯელობა დაიწყო, ნიკიტამ, რომელსაც ყარსის ბრძოლა ესიზმრებოდა, დაასკვნა, რომ მეგობარს რაღაც რომაულ-პუგაჩოვური და ძალიან ჩახლართული ესიზმრებოდა.
მალე ნიკიტას ისიც აღარ უკვირდა, რომ მეტროში მძინარე მგზავრებს ერთმანეთისთვის კბილის გაკვრა, ფეხზე დაბიჯება და ტუალეტის რულონებითა და ზღვის კომბოსტოს კონსერვებით გამოტენილი მძიმე ჩანთებით ხელში წონასწორობის შენარჩუნება რომ არ უჭირდათ. ეს ყველაფერი თვითონაც გაეთავისებინა. გასაოცარი სხვა რამ იყო: მგზავრების უმეტესობა თავისუფალ ადგილს რომ იპოვიდა, დაჯდომისთანავე თავს ჩაქინდრავდა და იძინებდა – ოღონდ არა ისე, როგორც დაჯდომამდე, არამედ ღრმა ძილს ეძლეოდნენ და გარესამყაროს ეთიშებოდნენ. მაგრამ ძილში თავიანთი სადგურის დასახელებას როგორც კი გაიგონებდნენ, გასაოცარი სისხარტით გადადიოდნენ იმ მდგომარეობაში, რომლიდანაც დაჯდომისას დროებით არყოფნაში ჩაყვინთეს. პირველად ნიკიტამ ეს მაშინ შენიშნა, როდესაც მის წინ მჯდომმა ცისფერხალათიანმა კაცმა, რომელიც მთელი ვაგონის გასაგონად ხვრინავდა, უცებ თავი აიქნია, სამგზავრო ბილეთი მუხლებზე გადაშლილ წიგნში ჩადო, თვალები დახუჭა და არაბუნებრივად გაქვავდა. როცა უცაბედად ვაგონი შეირყა, ცისფერხალათიანმა თავი გაიქნია და ისევ ხვრინვა ამოუშვა. როგორც ნიკიტა მიხვდა, დანარჩენებსაც ასევე ემართებოდათ, მაგრამ არ ხვრინავდნენ.
შინ ნიკიტა მშობლებს ყურადღებით დააკვირდა და მალევე მიხვდა, რომ ისინი მღვიძარედ არასოდეს უნახავს. მათ სულ ეძინათ. მამას მხოლოდ ერთადერთხელ გამოეღვიძა, როდესაც სავარძელში მჯდომს საშინელი სიზმარი ესიზმრა. მან ამოიბღავლა, სავარძლიდან წამოხტა, შეიკურთხა და გამოეღვიძა, ამას ნიკიტა მამის სახის გამომეტყველებით მიხვდა, – თუმცა გამოღვიძება წამიერი იყო, ის ტელევიზორს ახლოს მიუჯდა, სადაც ცისფრად ელავდა ასევე რომელიღაც ისტორიული ერთობლივი დაძინება.
ერთხელ დედას უთო დაუვარდა, ფეხი დაეწვა და სასწრაფო დახმარების მოლოდინში ძილში ისე საცოდავად გმინავდა, რომ ნიკიტამ ამას ვერ გაუძლო და თავადაც დაიძინა. გაიღვიძა მხოლოდ საღამოს, როცა დედას თავი “ივან დანისოვიჩის ერთ დღეში” ჩაექინდა. ეს წიგნი მას მოხუცმა მეზობელმა, ანტროპოსოფმა მაქსიმკამ ათხოვა, რომელმაც გადასახვევების და სისხლის სუნმა მიიყვანა მეზობლის მოსაკითხად. მაქსიმკა ნიკიტას ბავშობიდანვე გამოფრუტუნებულ ბიბლიურ პატრიარქს აგონებდა. მოხუცებულს მრავალრიცხოვანი კრიმინალი შვილიშვილებიდან რომელიმე იშვიათად თუ შეუვლიდა, ამიტომ ის თავის აღსასრულს მშვიდ ძილში მოელოდა.
ამ შემთხვევის შემდეგ ნიკიტას მშობლებთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაეწყო. მიხვდა, რომ ყოველი სკანდალსა და გაუგებრობას თავიდან უმტკივბეულოდ აიცილებდა, თუ საუბრის დასაწყისშივე დაიძინებდა. ერთხელ მამასთან ერთად დიდხანს მსჯელობდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე; საუბრისას ნიკიტა ცქმუტავდა და შეშინებული კრთებოდა, იმიტომ რომ ბოროტად მოქირქილე სენკევიჩს ის პაპირუსის ნავის კიჩოზე მიება და გამხდარ და ბოროტ ტურ ჰეიერდალს ყურში რაღაცას უჩურჩულებდა. ნავი სადღაც ატლანტის ოკეანეში დაკარგულიყო, ამიტომ ჰეიერდალს და სენკევიჩს შავი, მასონური ქუდები უშიშრად ეხურათ.
– ჭკუა გემატება – უთხრა მამამ, რომელიც ცალი თვალით ჭერს, მეორეთი კი ზღვის კომბოსტოს მისჩერებოდა, – მხოლოდ ვერ ვხვდები, ვინ მოგატყუა, რომ ქუდები ახურავთ, ისინი წინსაფრებს ატარებენ, აი ასეთებს – და ჰაერში წინსაფრის ფორმა და სიგრძე მოხაზა.
საერთოდ გამოირკვა: ადამიანის ნებისმიერ საქმიანობასთან შეჩვევისას ნიკიტასთვის სირთულეები იმ წუთამდე არსებობდა, სანამ დაიძინებდა, შემდეგ კი ჩაურევლადაც ყველაფერს ისე მშვენივრად აკეთებდა, რომ გამოღვიძებულს თავადაც უკვირდა. ასე არა მარტო სწავლისას ხდებოდა. თავისუფალ დროს, რომ უსასრულოდ იწელებოდა ხოლმე, ნიკიტამ ბევრი ისეთი წიგნი წაიკითხა, რომელსაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებდა კაცი, და გაზეთების კითხვაც ისწავლა, რამაც საბოლოოდ დაამშვიდა მშობლები, რომლებსაც ეს საკითხი ძალიან ადარდებდათ და ხშირად გაცხარებითაც უჩურჩულიათ მის შესახებ.
– პირდაპირ ხელახლა დაიბადე! – ეუბნებოდა საზეიმო წიაღსვლების მოყვარული დედა. ჩვეულებრივ ეს ფრაზა სამზარეულოში, ბორშჩის მზადებისას გაიჟღერებდა, როდესაც ქვაბში ჭარხალი ვარდებოდა, ხოლო ნიკიტას მელვილის ამბები ესიზმრებოდა, ღია ფანჯრიდან კი შემწვარი ზღვის კომბოსტოს სუნი და ვალტორნის ძროხისებრი ბღავილი შემოდიოდა.. შემდეგ მუსიკა წყნარდებოდა და რადიოში აცხადებდნენ:
– დღეს 19 საათზე პირველი რუსული ბალალაიკის 300 წლისადმი მიძღვნილი სადრესასწაულო სიმფონიის დასკვნით ნაწილს წარმოგიდგენთ ცნობილი მუსიკოსების შესრულებით.
საღამოობით მთელი ოჯახი სამყაროს ცსფერ სარკმელთან იკრიბებოდა. ნიკიტას მშობლების საყვარელი საოჯახო გადაცემას “კამერა იცქირება სამყაროში” ერქვა. თავის ნაცრისფერ პიჟამოში გამოწყობილი მამა ტელევიზორს ახლოს მიუჯდებოდა, დედა სამზარეულოდან თეფშით ხელში გამოდიოდა და ორივე საათობით მონუსხული ადევნებდა ნახევრადგაღებულ თვალებს ეკრანზე მოლივლივე პეიზაჟებს.
– თუ გსურთ, ახალი ბანანი იგემოთ და მას ქოქოსის რძე დააყოლოთ, თუ ზვირთების ხმაურით, თბილი ოქროსფერი ქვიშით და მზის ნაზი სხივებით დატკბობა გწადიათ, – აქ ხმა დამაინტრიგებლად შეყოვნდებოდა – მაშინ ბანანისა და ლიმნის სინგაპურში ყოფნა გინატრიათ.
ნიკიტა მშობლების გვერდით ფშვინავდა. ხანდახან ძილის მღვრიე პრიზმაში გარდატეხით მის ყურთასმენასაც აღწევდა გადაცემის სახელწოდება და სიზმრის შინაარსი ეკრანზე გამოიხატებოდა. მაგალათად, გადაცემის “ჩვენი ბაღის” დროს ნიკიტას რამდენჯერმე სექსუალური გარყვნილების პოპულარული დამფუძნებელი მოელანდა: ფრანგ მარკიზას ოქროსფერი გალუნებით გაწყობილი მოცვისფერი კაფტანი ეცვა და მას ქალთა საერთო საცხოვრებელში ეპატიჟებოდა. ხანდახან კი ყველაფერი ირეოდა და სრულიად გაუგებარი ხდებოდა, და არქიმანდრიტი იულიანე, ნებისმიერი ღირსეული “მრგვალი მაგიდის” მონაწილე, თავისი გრძელი ზილიდან თვალს ჩაუკრავდა და ეუბნებოდა:
– მომავალ შეხვერდამდე!
თან შეშინებულივით თითს აწევდა ციურ სიცარიელეში, სადაც მარტოსულად იდგა ანტარესის წითელი ურიკა ივან ბუნინის შესახებ გაკეთებული გადაცემიდან. დედა ან მამა ტელევიზორს გადართავდნენ, ნიკიტა თვალებს ოდნავ აღებდა და ეკრანზე ცხელ მთიან ხეობაში მდგარ ცისფერბერეტიან მაიორს ხედავდა. “სიკვდილი?” – იღიმებოდა მაიორი, – “ის საშიში მხოლოდ თავიდან, პირველ დღეებშია, აქ მსახურობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, ჩვენ ვასწავლიდით სულებს, სულები კი ჩვენ...”.
ჩამრთველი დაიწკაპუნებდა, ეკრანი ჩაქრებოდა და ნიკიტა თავის ოთახში დასაძინებლად გაეშურებოდა. დილით, როდესაც ნაბიჯების ხმას ან მაღვიძარის წკრიალს რომ გაიგონებდა, თვალებს ფრთხილად აღებდა, დღის შუქს ეჩვეოდა და აბაზანისკენ გაეშურებოდა, სადაც თავში სხვადასხვა აზრი დაუტრიალდებოდა და ღამეული სიზმარი დღის პირველ მათგანს უთმობდა ადგილს.
“მაინც რა მარტოსულია ადამიანი.” – ფიქრობდა ის, თან პირში კბილის ჯაგრისს ატრიალებდა – მე ხომ არც ვიცი რა ესიზმრებათ ჩემს მშობლებს, ან ქუჩაში გამვლელებს, ან ბაბუა მაქსიმს. ვინმესთვის მაინც შეიძლებოდეს მეკითხა, თუ რატომ გვძინავს.
აქ შეკრთებოდა, რადგან ესმოდა, რომ ამას ვერასდროს ვერავის კითხვდა. ყველაზე ურცხვ წიგნებშიც მას გაკვრითაც კი არ ეხებოდნენ. ნიკიტა ხვდებოდა, ამ თემაზე ლაპარაკს არა მარტო გაურბოდნენ, არამედ ის ცხოვრების იმ სახსრადაც ქცეულიყო, რომელზეც ყველაფერი ტრიალებდა, და თუ ვინმე გაცხარებით მოუწოდებდა, რომ მხოლოდ სიმართლე ელაპარაკათ, იმიტომ კი არ იქცეოდა ასე, რომ ტაბუები სძულდა, არამედ იმიტომ, რომ ამას ცხოვრების მთავარი ტაბუ კარნახობდა. ერთხელ, როდესაც ნიკიტა ზღვის კომბოსტოს საყიდლად ნელ და ნახევარ უნივერმაღზე გაწელილ რიგში იდგა, სიზმარი სწორედ ამ თემაზე ნახა. ვითომ თაღოვან დერეფანში იმყოფებოდა, რომლის ჭერიც ვაზის მტევნებითა და აპრეხილცხვირიანი ქალების პროფილებით მოეხატათ, იატაკზე კი წითელი ხალიჩის ბილიკი დაეგოთ. ნიკიტა დერეფანს გაუყვა, რამდენჯერმე მიუხვ-მოუხვია და უცებ აპენდიქსში აღმოჩნდა, რომელიც შეღებილი ფანჯრით მთავრდებოდა. დერეფნის მოკლე ჩიხში ერთ-ერთი კარი გაიღო, იქიდან შავკოსტუმიანმა კაცმა გამოიხედა და ბედნიერი გამომეტყველებით ნიკიტას ხელით დაუძახა. ნიკიტაც შევიდა.
ოთახის ცენტრში მდგარ დიდ მრგვალ მაგიდას 10-15 ადამიანი ეჯდა. ყველა შარვალ-კოსტუმებსა და ჰალსტუხებში გამოწკეპილიყვნენ და ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ – მელოტები, ხანში შესულები, სახეზეც ერთი და იმავე გამოუთქმელი ფიქრს ჩრდილი გადაკვროდათ. ნიკიტასთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
– ეჭვგარეშეა, – ამბობდა გამომსვლელი, – სრული სიმართლე უნდა ვთქვათ, ხალხი დაიღალა.
– რატომაც არა? რა თქმა უნდა! – რამდენიმე მხნე ხმა გამოეხმაურა დანარჩენებმაც მათ აუბეს მხარი და ყველამ ერთხმად დაიწყო საუბარი. საშინელად ყაყანებდნენ, სანამ გამომსვლელმა მთელი ძალით არ დაანარცხა მაგიდაზე საქაღალდე წარწერით “ვ.რ.პ.ო. დალრიბა”, (ეს, როგორც შემდეგ მიხვდა ნიკიტა, საქაღალდეზე კი არა, ზღვის კომბოსტოს ქილაზე ეწერა, ოღონდ ეს სულ სხვა სიზმარში ნახა.) დარტყმამ მთელ სიბრტყეს გადაურბინა, ხმა ჩუმი, მაგრამ ხანგრძლივი და მძიმე, ჩახშობილი ზარის რეკვის მსგავსი აღმოჩნდა. ყველა დადუმდა.
– გასაგებია, – დაარღვია სიჩუმე დამრტყმელმა, – ჯერ უნდა განვსაზღვროთ, თუ რას გამოიწვევს ეს. იქნებ კომისიია შეგვექმნა, სამკაციანი შემადგენლობით მაინც.
– რატომ? – იკითხა თეთრხალათიანმა ქალიშვილმა.
ნიკიტა მიხვდა, რომ ის აქ მის გამო იყო და თავისი ხუთი ქილის ფული გაუწოდა. გოგონამ პირიდან სალარო აპარატის მსგავსი წკრიალა ხმა გამოსცა, მაგრამ ნიკიტასთვის არც შეუხედავს.
– იმიტომ რომ – უპასუხა გამომსვლელმა, თუმცა ნიკიტა სალაროს უკვე გასცდენოდა და უნივერმაღის კარებისაკენ მიდიოდა. – იმიტომ რომ, კომისიის წევრები შეეცდებიან ერთმანეთს სრული სიმართლე გაუნდონ, მოკლედ პატარა ექსპერიმენტი.
კომისიის წევრები სწრაფადვე შეარჩიეს – თვითონ ორატორი და ცისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი რქის სათვალეებიანი ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ღვიძლი ძმებივით ჰგავდნენ: ქერტლიც კი ორივეს მარცხენა მხარეს უფრო მეტი ჰქონდათ. (რა თქმა უნდა, ნიკიტამ კარგად იცოდა, რომ ქერტლი და მდაბიურად წარმოთქმული სიტყვები ყალბი იყო და მხოლოდ ესთეტიკის მისაღებ გამოვლენას წარმოადგენდა.). დანარჩენები დერეფანში გავიდნენ, სადაც ანათებდა მზე, ქროდა ქარი და გუგუნებდნენ ავტომანქანები. სანამ ნიკიტა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩადიოდა, ოთახის კარი ისე ჩარაზეს, რომ ვერავის შეეჭყიტა, გასაღების ჭუჭრუტანაც კი ამოელესათ ბუტერბროდიდან ამოცლილი ხიზილალით.
ელოდნენ. ნიკიტამ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის ძეგლს ჩაუარა, გასცდა მაღაზია “ტაბაკს” და უკვე ქორწინების სასახლის პანელის კედელზე უზარმაზარი ასოებით დაწერილ გინებას მიახლოვებულიყო – რაც ნიშნავდა, რომ სახლამდე 5 წუთის სავალი დარჩენოდა – როცა ოთახიდან, საიდანაც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩუმი გაურკვეველი ხმები გამოდიოდა, უცებ ბუყბუყისა და ჯაყჯაყის ხმები მოისმა, რის შემდეგაც სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. როგორც ჩანდა, სრული სიმართლე გამოეთქვათ, ასე რომ ვიღაცამ კარზე მიაკაკუნა:
– ამხანაგებო, როგორ ხართ?
პასუხი არ გაუციათ. კარებთან შეგროვებულებმა ერთმანეთს გადახედეს. გარუჯულმა, ევროპული შესახედაობის მქონე მამაკაცმა შეცდომით ნიკიტას გადახედა, მაგრამ მზერა მყისვე მოაშორა და უკმაყოფილოდ რაღაც ჩაიბურტყუნა.
– უნდა შევამტვრიოთ. – გადაწყვიტეს.
მეხუთე თუ მეექვსე დარტყმის შემდეგ კარები შეიღო. სწორედ ამ დროს ნიკიტა თავის სადარბაზოში შედიოდა. ოთახში არავინ იყო, იატაკზე დიდი გუბე იდგა. თავიდან ნიკიტა გადაწყვიტა, რომ ეს ის გუბე იყო, ლიფტში რომ ნახა, მაგრამ კონტურების შედარებიდან დარწყმუნდა, რომ ასე არ იყო. შარდის გრძელი ენები უკვე კედლებისაკენ მიცოცავდნენ, მაგრამ არც მაგიდის ქვეშ, არც შტორების უკან იყო ვინმე, სკამებზე კი სამი შიგნიდან გამომწვარი კოსტუმი იდო. ხოლო გადაყირავებული სკამის ფეხებთან გაბზარული რქის სათვალეები ბრწყინავდნენ.
– აი ისიც, სიმართლე! – ზურგსუკან ვიღაცამ წაიჩურჩულა.
უკვე მომაბეზრებელი სიზმარი არა და არ მთავრდებოდა და ქინძისთავის ამოსაღებად ნიკიტამ ხელი ჯიბეში ჩაიყო. თითქოს ჯინაზე, ის იქ არ აღმოჩნდა. შინ შესულმა კონსერვის ქილებით სავსე ჩანთა მოისროლა, კარადა გამოიღო და ყველა შარვლის ჯიბეები ამოაბრუნა. ამ დროს ოთახიდან ყველა ისევ დერეფანში გამოლაგდა და რაღაცაზე ნერვიულად აჩურჩულდნენ. გარუჯულმა ტიპმა ლამის რაღაც გადაუჩურჩულა ნიკიტას, მაგრამ დროულად შეჩერდა. გადაწყვიტეს, რომ სადღაც უნდა დაერეკათ, და გარუჟული, რომელსაც ეს საქმე მიანდეს, ის-ის იყო ტელეფონისკენ უნდა წასულიყო, რომ დერეფანში სამივე გამქრალი მამაკაცი გამოჩნდა, მათ ლურჯის სპორტული საცვლები და მაღალყელიანი წინდები ეცვათ, სახე ისე აწითლებოდათ და იმდენად მხნედ გამოიყურებოდნენ, თითქოს აბანოდან ეს-ესაა გამოსულიყვნენ.