პერუცი ლეო

 

მთვარეზე ნადირობა

 

თარგმანი გერმანულიდან – მიქელ ირემაძე

 

 

 

 

ჩამობნელდა.

ბეარნის სამრეკლოს საათმა ათი დარეკა. ლეონია შინ ოღროჩოღრო თემშარაზე ხანგრძლივი ნჯღრევით ილაჯგაცლილი დაბრუნდა და მაშინვე დასაძინებლად გაეშურა. ბეარენის სასაფლაომდე, სადაც ჩვენი პატარა ალენი გვყავს დაკრძალული, სამი საათის სავალია და მისი სამარიდან ლეონია მუდამ დაღამებულზე ბრუნდება ხოლმე.

მხოლოდ ახლა, როცა ისევ აქვე ახლოს მყავს, ვიგრძენი რა ძლიერ ვღელავდი ჩემი ლეონიას გამო – შიშს ვერაფრით მოვერიე, გეფიცებით: გარეთ ხომ ასეთი ძრწოლისმომგვრელი ღამეა – მთელ ცაზე ღრუბლის ერთი ფთილიც კი არსად ჩანს და ზემოდან მთვარის კაციჭამია სახე დაგვქათქათებს.

ოჰ, მთვარე! მთვარე! ნეტავ ოდესმე თუ მომასვენებ?

დროდადრო საკუთარ თავს დავცინი ხოლმე. და მაინც, უნდა გამოვტყდე, რომ ჩემში ყოვლისდამთრგუნავი ძალით ცოცხლობს კარაგანთა ძველთუძველესი ძრწოლა მთვარის წინაშე, როგორც იმ ბავშვივით ცრუმორწმუნე ჰერცოგ გასპარში, სავსემთვარეობისას ბეარენის ტაძარს რომ მიაშურებდა ხოლმე და ღამეები, საკურთხევლის წინ მუხლმოყრილს, ფსალმუნებაში გაჰყავდა.

მთვარე საუკუნეების მანძილზე გვჟლეტს კარაგანებს, ვერ გაძღა ჩვენი სისხლით და სიძულვილით. თუ ჩვენს საგვარეულო ქრონიკას ვენდობით, სწორედ მთვარის მსხვერპლი გახდა უკლებლივ ყველა ჰერცოგი კარაგანი.

ზღაპრებიაო? ასეა, რა თქმა უნდა. ყველა, ვისაც ჩემს მსგავსად შეუსწავლია ასტროფიზიკა და ასტროქიმია, იტყვის, რომ კარაგანთა ქრონიკა ზღაპრული მონაჩმახებით არის სავსე. და მაინც, მამაჩემი ჩემს თვალწინ ჩაიხრჩო ზღვაში, როცა იხვებზე ნადირობდა სავსემთვარეობისას. ნაპირზე ვიდექი და საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაბნელდა მთვარე და უღრუბლო ციდან რა წყვდიადი ჩამოწვა ზღვაზე. და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ნავი ცდილობდა ბეარნის რიფებს გასცდენოდა, სიბნელეში რომ ვერას დიდებით გვერდს ვერ აუვლი. და იმავე წამს, როგორც კი რიფს შემსხვრეული ნავი ზღვამ შთანთქა, ისევ გამოანათა მძულვარებით მოქათქათე მთვარემ.

ჩემი პაპა, ჰერცოგი იპოლიტი, ფრიად საგულისხმო ვითარებაში დაიღუპა ვანდეის აჯანყების დროს. რესპუბლიკელებმა ლეზ-ეის ციხე-სიმაგრეში მიიმწყვდიეს იგი ჩვიდმეტ სხვა როიალისტთან ერთად. ალყაშემორტყმულებს ტყვია-წამალი გაუთავდათ და, რაკიღა წვიმიანი კუნაპეტი ღამე იყო, გადაწყვიტეს, თავი გაქცევით გადაერჩინათ. ისინი სიმაგრის კედელზე გადაძვრნენ და ნაკადულის გაყოლებით ყველამ უვნებლად მიირბინა ტყემდე. ოღონდ სულ ბოლოს, სწორედ მაშინ, როცა პაპაჩემის ჯერი დადგა, მოღალატურად გამოაშუქა მთვარემ და ყველას დაანახა თოკზე უმწეოდ ჩამოკონწიალებული ჰერცოგი იპოლიტი, რომელიც ისეთ დიდებულ სამიზნეს წარმოადგენდა, რომ დაუყოვნებლივ იქნა ტყვიებით დაცხრილული.

პოლკოვნიკი ოლივიე დე კარაგანი, რომელიც ფრანგების ჯარში იბრძოდა პფალცელი კუფიურსტების წინააღმდეგ, სიკვდილის წინა ღამით მეცის მახლობლად იყო დაბანაკებული რაზმთან ერთად. მისი ბრძანებით ჯარისკაცებმა ქვემეხები მიმართეს ცისკენ და ჭურვები დაუშინეს სავსე მთვარეს, თვითონ კი ამ დროს კარვის წინ იჯდა, მძიმე საუნაგირე სიათებიდან შეუსვენებლივ ისროდა ცაში და თან სულ ნარჩევ-ნარჩევი გინებით ამკობდა მთვარეს, ვიდრე ირიჟრაჟებდა. მაგრამ ჯერ ის დღე არც კი იყო დაღამებული, რომ თავის რაზმით ქალაქში შემავალ პოლკოვნიკს კინკრიხოში ვაშლისხელა ქვა მოხვდა, ჩაჩქანი წააცალა და თან ორად გაგლეჯილი თავის ნახევარიც გააყოლა. ეს უცნაური ქვა სფეროსებრი ფორმის იყო და მწვანე ფერი გადაჰკრავდა, მანამდე არავის ენახა მსგავსი მინერალი. ისე რომ, ყველას უნებლიეთ დაეუფლა განცდა – ეს თვით მთვარემ მოკლა საპასუხო სროლით ოლივიე დე კარაგანი.

საგვარეულო ქრონიკის ყველაზე საოცარი ეპიზოდი კი ჟაკლინ კარაგანს უკავშირდება, სწორედ იმას, ალბიგოიის ომების დროს ერეტიკოსობის გამო რომ დაწვეს. ეს შუადღისას მოხდა, ორიაკის საბაზრო მოედანზე, სეირის სანახავად თავშეყრილი უამრავი ადამიანის თვალწინ. როდესაც ტუსაღი ბოძზე მიაბეს და ჯალათმა ცეცხლი ააგიზგიზა, ყველა ღვთივდადგენილი კანონის საპირისპიროდ, შუადღის ცაზე მოულოდნელად გამოჩნდა მთვარე და მთელი საათის განმავლობაში მძულვარებითა და ბოროტი სიხარულით სავსე უმზერდა ჟაკლინ კარაგანის საზარელ წამებას.

მაგრამ მე რაღას მივედ-მოვედები? ნუთუ ოდნავ მაინც მჯერა ძველი და ბნელი დროის ამ დედაბრული ცრურწმენებისა? განა საგვარეულო ქრონიკის ზღაპრები მხოლოდ დაცინვას არ იმსახურებს? და მაინც! რატომ ხდება, რომ მოსაღამოებისთანავე მთელ ჩემს არსებას ძრწოლა ეუფლება და სულიან-ხორციანად თოშავს? რატომ აღმიძრავს მთვარის ყვითლად მანათობელი დისკო აუხსნელ ბოღმას, რომელსაც დღისით ირონიის გარეშე ვერც კი ვიხსენებ? ნუთუ ეს შიში სხეულში წინაპართა სისხლმა შემომისახლა?

ან იქნებ ყველაფერი საგვარეულო ბიბლიის ფურცელზე ჩემი დედიკოს გაუწაფავი, ბავშვური ხელით მიწერილი იმ გაუგებარი სიტყვების ბრალია, რომლებიც სწორედ სრული უაზრობის გამო გახდა ჩემთვის ძრწოლისმომგვრელი: “ვერაგი მთვარე მთელ სასიცოცხლო ძალას მაცლის”... ჩემი დედიკო სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

კარაგანთა გერბზე გამოსახულია ხელი, რომელიც ჯავარდნით აპობს მთვარის ვერცხლისფერ დისკოს. არ ვიცი, რა იდუმალ შინაარსს, რა უცნაურ საიდუმლოს ფარავს ეს გამოსახულება ან საიდან იღებს სათავეს იგი – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან, როგორც ჰერალდიკოსები ირწმუნებიან, თუ ბრეტონული ლეგენდებიდან, რომლებშიც ჩვენი საგვარეულოს ისტორიული ფესვებია ჩაკარგული.

დროდადრო ვხვდები, რომ ჩემმა წინაპრებმა შეუდარებლად უფრო მეტი იცოდნენ მთვარისა და ჩვენი საგვარეულოს უცნაურ კავშირზე, ვიდრე მე; და რომ ისინი ფლობდნენ საიდუმლოს, რომელიც საუკუნეთა წყვდიადში ჩაიკარგა და ჟამთასვლის მტვერმა დაფარა. ოღონდ იმ ჰერცოგ კარაგანს, მთვარეს სიათას რომ ესროდა, ჯერ კიდევ რაღაც უნდა სცოდნოდა ამ საბედისწერო კავშირისა. და სრულიად უეჭველია, რომ ყველაფერი იცოდა მელქიორ კარაგანმა, რომელმაც, სადაც კი შეძლო, ყველგან დაგზავნა ჰეროლდები მებუკე-მედაფდაფეთა თანხლებით და მეზღვაურებს აღუთქვა ზღაპრული ჯილდო, – “ორი კასრი ოქრო და, ამასთან ერთად, კიდევ ბევრი სხვა ძვირფასეულობა”, – თუკი ისინი მოახერხებდნენ დიდ-დიდი ლოდები ჩაეყარათ ზღვაში, “სწორედ იმ ადგილას, საიდანაც მთვარის სატანური სახე ამოცურდება ხოლმე, რათა ქვეყნიერებას თავს დაატეხოს ახალ-ახალი ენითაუწერელი უბედურებები”.

ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ ოდესღაც, შორეულ ბავშვობაში, მეც ვიცოდი მთვარის საიდუმლო, ოღონდ შემდეგ მიმავიწყდა. მეხსიერების ბურუსიდან წამიერად გამოანათებს რაღაც ბუნდოვანი მოგონება და ამ დროს მჯერა, რომ ვიპოვე სწორედ ის სიტყვა, რომელსაც ამდენ ხანს უშედეგოდ ვეძებდი; რომელიც საიდუმლოს ფარდას ახდის და ყველაფერს ნათელს მოჰფენს. მაგრამ იმავე წამს სიტყვა ისევ უკვალოდ ქრება და არაფერს მიტოვებს სულში უნუგეშო სევდის გარდა.

ახლა სისხამი, ხალისით სავსე დილაა. ეს ესაა ცხენი ვაჭენე ნამიან მინდვრებზე და ჩემი გულუბრყვილო ღამეული შიშის გახსენებისას თავშეუკავებელი ხარხარი ამივარდა. ნუთუ დღევანდელ ღამესაც ფანჯარასთან გავატარებ გულდამძიმებული და ცისკენ თვალმიციებული? ნუთუ ისევ შეძრწუნებული ღრიალით გავიღვიძებ, როცა ფარდებს შორის დედამიწის ამ უწყინარი თანამგზავრის შუქი შემოაღწევს?

ნუთუ წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ცრუმორწმუნე შიშს მთელი სიცოცხლე უნდა მოვაწამლინო? ნუთუ ვერ მივაგნებ მასთან გამკლავების საშუალებას? მე ხომ ასტრონომია მაქვს შესწავლილი და პლანეტათა გზასავალი გამომითვლია! ამ ზეციური სხეულის შესახებაც იმდენი ვიცი, სხვებს არც კი დაესიზმრებათ! ხუთი თითივით ვიცნობ მის ერთფეროვან დაბლობებსა და ჩამქრალ კრატერებს. ვიცნობ კანონებს, მთვარის მოძრაობას რომ წარმართავენ. მაგრამ, ჩამოღამდება თუ არა, მთელი ცოდნა უკვალოდ ქრება და მთვარის პირისპირ ისევ კარაგანთა შიშითა და სიძულვილით შეპყრობილი ნაშიერი რჩება, ხელები ბოღმით რომ ემუშტება და მთელი სხეული ძრწოლით უცახცახებს.

ოღონდ, ახლა უკვე მგონი ვიცი, შიშს როგორ მოვერიო: სარკმელთან ტელესკოპს დავდგამ და მთვარის უსიცოცხლო ლანდშაფტების ჭვრეტით ყოველღამიერ დავთრგუნავ შიშს. ახლო მანძილიდან დავაკვირდები მთვარეს – შესაქმის აქტის ამ სავალალო შეცდომას; მკვდარ მიწას, მილიონობით წელია გარს რომ გვიტრიალებს.

პირველი ღამეა, ტელესკოპი ცისკენ რომ მივმართე. იქიდან მთვარის სიძულვილით დამახინჯებული და ბნელი ვნებებით დაღარული ამაზრზენი სახე შემომყურებს. მრგვალი ლაქები ნაყვავილარებს მიუგავს, ხოლო მთელ დისკოს ჯავარდნის ნაიარევივით უსერავს ფართო სისხლისფერი ზოლი.

ოჰო, მთვარე სიძულვილით გავარვარდა! ახლა კი ერთიანად გაფითრდა! რა საოცრებაა, ნუთუ, მხედველობა მატყუებს? – მთვარე ამოძრავდა! ვხედავ, რა მოუსვენრად წრიალებს იგი: ხან მარჯვნივ გაიწევს, ხან – მარცხნივ, თითქოს ჩემი მზერა აშინებსო, თითქოს ტელესკოპი ფიზიკურ ტკივილს აგრძნობინებდეს. მაგრამ ღრუბლის ფთილა ჩამოიფარა... მთვარე ერთად კრებს, რაც კი ცაზე ღრუბლები არის და მათ მიღმა იმალება. ვხედავ, ფარულად იჭვრიტება სამალავიდან, მთლიანად გამოჩენა კი ვერ გაუბედავს.

არა, თვალს არ მოვუტყუვებივარ – მთვარე გამექცა ამ ღამით ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არ არის, ასე რომ, ვეღარსად დამემალებოდა. ჰოდა, თვალნათლივ დავინახე, როგორ გადაუთეთრდა სახე, როგორც კი მისკენ მივმართე ტელესკოპი; ხოლო შემდეგ – გეფიცებით, ეს მხედველობითი ილუზია არ ყოფილა! – ზემოთ ქვემოთ დაიწყო ზიგზაგურად მოძრაობა და ჩემ მიერ დამიზნებულ ოკულარს გაექცა. მე კი კვალში ჩავუდექი მთვარეს და ტელესკოპით შეუსვენებლივ ვდევნე მთელ ცარგვალზე, როგორც შემოდგომის ნადირობისას დევნიან მწევარი ძაღლებით კურდღელს. თვითონაც ასე დევნა ოდესღაც მინდორ-მინდორ და გორა-გორა საბრალო გასპარ კარაგანი, ვიდრე სული არ ამოხადა.

დილამდე არ მოვეშვებოდი, მაგრამ დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა მთვარე ისეთი სისწრაფით გაექანა აღმოსავლეთისკენ, რომ ტელესკოპის მიდევნებას ძლივსღა ვასწრებდი. იგი ბეარნის სამრეკლოს გასცდა და ციხე-დარბაზის პარკის ხეებს მიეფარა. იქაურობას კარგად ვიცნობ. პარკში თელები და აკაციები იზრდება. იგი შარშან ტუნისიდან დაბრუნებული პოლკოვნიკი სპაგის საკუთრებაა.

ლეონიას ოთახის კარზე მივაკაკუნე, მსურდა ცოლისთვის უმთვარო ცა მეჩვენებინა. ოთახი ცარიელია, ლეონია ჯერ არ დაბრუნებულა.

კიდევ კარგი, მთვარე განვდევნე. ლეონია სასაფლაოზეა, ჩვენი პატარა ბიჭის სამარესთან. საშინლად ვღელავ, როცა წარმოვიდგენ, რომ მთვარიან ღამით ჩვენი სახლისკენ მომავალი თემშარა აქვს გამოსავლელი. სავსემთვარეობისას გზისპირას აღმართული ჯვრები მიწაზე ავბედით ჩრდილებს აფენენ და ცხენებს აფრთხობენ. სწორედ ამის გამო გადაბრუნდა ეკიპაჟი, რომელშიც ლეონია და ჩვენი საყვარელი ბიჭუნა ისხდნენ.

გათენებისას სარკმელთან რომ მივედი, მთვარე ისევ ცაზე დამხვდა. ვიდრე მეძინა, თავის ადგილას აბრუნებულიყო და ახლა დაცინვით დამცქეროდა.

ეს თამაში უკვე მესამე ღამეა გრძელდება: დავუმიზნებ თუ არა ტელესკოპს, მთვარე ბეარნის ციხე-დარბაზის პარკისკენ გამირბის და ხეებს ეფარება. მაგრამ დილაუთენია, როცა ვიღვიძებ, ყოველთვის თავის ადგილას მხვდება და თავხედურად შემომხარხარებს სახეში.

ამ ღამით აღარ დავიძინებ. აღარ მივცემ საშუალებას მთვარეს, მალულად აბრუნდეს ცარგვალზე. ბოლოს და ბოლოს ავხდი ფარდას მის საიდუმლოს: გავიგებ, ყოველთვის ბეარნის პარკისკენ რატომ გამირბის; რაღა მაინცდამაინც იქ მემალება. ახლა მოთმინება უნდა მოვიკრიბო. სარკმელთან ვზივარ, ტელესკოპი ცისკენ მაქვს მიმართული და ველი, როდის გადაიყრის ღამეული ცა ღრუბლებს, რათა დავიწყო შერკინება მთვარესთან.

გული უცნაური შიშით მიცივდება. ყველა კარაგანი, ვინც კი ჩემამდე შერკინებია მთვარეს, მისი წერა გახდა. იქნებ, ჩემთვისაც შეარჩია რაღაც სისაძაგლე და უკვე გადაწყვიტა, რა ხერხით ამომხადოს სული. მთვარე ხომ ჯოჯოხეთურად ეშმაკი და მუხანათია.

აი ისიც, უკვე გამოჩნდა! ბრძოლა იწყება. ციდან მთვარის სისხლგუდა სახე დამნათის. კუნთები ლამის დაძაბულობისგან დამისკდეს. მრისხანებისა და ბრძოლის ჟინისგან სისხლი ჩაქუჩებივით მირახუნებს საფეთქლებში. ოლივიე დე კარაგან, ჩემო წინაპარო! ახლაღა ვხვდები, რას განიცდიდი, როცა მეცის მახლობლად დაბანაკებული ტყვიას ტყვიაზე ესროდი მთვარეს.

აი გამექცა! ხედავ, ზიგზაგებს აღარ აკეთებს! პირდაპირ მეაცის ციხე-დარბაზის პარკისკენ მიექანება ღამეულ ცაზე. აი, უკვე კედლის თავზეა... თელებს გადაუარა... აი, გაქრა კიდეც.

ახლა მოთმინება! სადაცაა ისევ გამოჩნდება. ტელესკოპით პარკის გალავანს ვათვალიერებ, თელების კენწეროებს ვაკვირდები.

აი, მე შენზე ვნადირობ, მთვარევ!

აი, თურმე სად ყოფილხარ!.. მთვარე იქაა: ხეებს შორის, რაღაც სინათლე დავლანდე. ტელესკოპი დავუმიზნოთ... ასე... ახლა გავასწოროთ...

არა, ეს მთვარე არ არის! ციხე-დარბაზის განათებული სარკმელი ყოფილა. იქ მამაკაცი დგას. რა მკაფიოდ ჩანს ყველაფერი! ვიცანი – პოლკოვნიკი სპაგია. მარტო არ არის, ქალი ჰყოლია. ქალი ეხვევა, თავს მხარზე ადებს. საოცრად მკაფიო გამოსახულებაა! კარგად ჩანს, როგორ ეალერსება ქალს თმაზე. ქალის სახეს ვერ ვხედავ, პოლკოვნიკის თავი ეფარება.

ქალი ძალიან ლამაზი უნდა იყოს... მაგრამ სახეს რატომ ვერ ვხედავ?!. აი პოლკოვნიკი უკვე სამოსს ხდის და პერანგი ნელა ჩამოცურდა ქალის სხეულზე. მთვარის შუქზე ქალის ტანი თეთრად ქათქათებს.

მაგრამ ეს რაღაა? მთვარემ ისევ მომაღორა: შუა ცარგვალზე აპარულა და თვალს მიპაჭუნებს... მთვარე დამცინის: თავხედური, უხამსი, ბოროტი ხარხარით დამყურებს და ციხე-დარბაზის ფანჯარაზე მანიშნებს. ვიცი, ვიცი, ვიცანი ის ქალი! მთვარე ხარხარებს! გეორგ, ცხენები!

კამერდინერი გეორგი, რომელსაც წინკარში ეძინა, ჰერცოგმა შუაღამისას გაააღიძა და უბრძანა, ცხენები შეეკაზმა, რის შემდეგ ორივე ჭენებით გაემართა ბეარნის ციხე-დარბაზისკენ. გეორგი კართან დარჩა. ჰერცოგმა შოლტი ჩაბღუჯა და სწრაფად აირბინა კიბე.

კამერდინერი იდგა და განძრევის ეშინოდა, ვიდრე ხმამაღალ კივილს გაიგონებდა, რასაც ძნელად გასარჩევი შეძახილები მოჰყვა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთიმეორის მიყოლებით გაისმა ორი გასროლა, გეორგი კიბეზე ავარდა.

  • კარი რომ გააღო, მან დაინახა პოლკოვნიკ სპაგის მკლავებზე მისვენებული ცნობამიხდილი ქალბატონი ლეონია. პოლკოვნიკის ხელში ჯერაც ბოლავდა რევოლვერი. იატაკზე ეგდო გათეთრებული, გასისხლიანებული ტყვიით საფეთქელგანგრეული ჰერცოგი კარაგანი. ოთახში ღამის სუსხიანი ნიავი ქროდა და უხვად იღვრებოდა მთვარის ვერცხლისფერი შუქი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პერუცი ლეო / მთვარეზე ნადირობა