პუშკინი ალექსანდრე 

 

კირჯალი 

 

მოთხრობა

 

 

 

კირჯალი

 

 კირჯალი წარმოშობით ბულგარელი იყო. სიტყვა კირჯალი მამაცს, ვაჟკაცს ნიშნავს თურქულად, ხოლო ნამდვილი სახელი ამ კაცისა არ ვიცი.

 კირჯალი დაყაჩაღობდა და მთელ მოლდავეთს შიშის ზარს სცემდა. რომ გაგაგებინოთ, რა კაცი იყო, მის ერთ საგმირო ამბავს მოგიყვებით. ერთხელ, ღამით, ის და არნაუტი მიხაილიკი ბულგარელთა სოფელს დაესხნენ, თავსა და ბოლოში ცეცხლი წაუკიდეს და ქოხებს მოედვნენ. კირჯალი სისხლის ტბორს აყენებდა, მიხაილიკი ნადავლს ხვეტდა. “კირჯალი! კირჯალი!” გაჰყვიროდა ორივე, მთელი სოფელი გაიხვეწა.

 როცა ალექსანდრე იპსილანტიმ ამბოხება საქვეყნოდ გამოაცხადა და ლაშქრის შეკრება დაიწყო, კირჯალიმ თავისი რამდენიმე ძველი ამხანაგი მოუყვანა. რა ედო გულში ჰეთერიას, კირჯალიმ და მისმა ამხანაგებმა არ იცოდნენ, მაგრამ იგი რომ შემთხვევას აძლევდათ, თურქების და, ვინ იცის, იქნებ მოლდაველების ხარჯზეც გამდიდრებულიყვნენ, ეს არ ეეჭვებოდათ.

 ალექსანდრე იპსილანტი თავად მამაცი იყო, მაგრამ არ ჰქონდა იმ როლისათვის საჭირო თვისებები, რის შესრულებაც ეგზომ გატაცებით და ეგზომ ხელაღებით იკისრა. მას არ შეეძლო, საერთო ენა გამოენახა ადამიანებთან, რომლებისთვისაც უნდა ეწინამძღოლა. ეს ადამიანები კი არც პატივს სცემდნენ, არც ნდობით ეკიდებოდნენ. როცა ერთ უიღბლო ბრძოლაში ბერძენი ახალგაზრდობის ნაღები დაეღუპა, იორდაკი ოლიმბიოტიმ ურჩია, აქედან მოუსვიო, და თვითონ დაიკავა მისი ადგილი. იპსილანტიმ ავსტრიის საზღვრებისკენ გაქუსლა და იქიდან შეაჩვენა ადამიანები, მისი აზრით, ურჩები, ლაჩრები და არამზადები. ისე, ეს ლაჩრები და არამზადები მეტწილად სეკუს მონასტრის კედლებში დაიღუპნენ ან პრუტის ნაპირებზე, როცა ათჯერ ძლიერი მტრისაგან შეუპოვრად იცავდნენ თავს.

 კირჯალი გიორგი კანტაკუზინის რაზმში იყო. კანტაკუზინზე იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ, რაც იპსილანტიზე ითქვა. სკულიანთან ბრძოლის წინადღეს მან რუსთა უფროსობას სთხოვა, ნება მომეცით, თქვენს კარანტინში გადმოსვლისაო. რაზმი უწინამძღოლოდ დარჩა, თუმცა კირჯალი, საფიანოსი, კანტაგონი და სხვები სრულიადაც არ ისაკლისებდნენ წინამძღოლს.

 სკულიანთან ბრძოლა, მგონი, არავის აუწერია მთელი თავისი ამაღელვებელი სიმართლით. წარმოიდგინეთ შვიდასი კაცი – არნაუტები, ალბანელები, ბერძნები, ბულგარელები და ათასგვარი ნაყარნუყარი ხალხი, რომელსაც არაფერი არ გაეგებოდა სამხედრო ხელოვნებისა და რომელმაც თხუთმეტათასიანი მხედრობის დანახვაზე უკან მოკურცხლა. ეს რაზმი პრუტის ნაპირზე მიემწყვდა და წინ დაიყენა ორი პატარა ქვემეხი, რომლებიც იასაში მთავრის კარზე იპოვეს და რომლებსაც იქ წვეულების დროს აქუხებდნენ ხოლმე. თურქები ამ რაზმს სიხარულით დასცხებდნენ ფინდიხს, მაგრამ ვერ გაბედეს რუსთა უფროსების ნებადაურთველად. ფინდიხი უთუოდ ჩვენს ნაპირსაც გადმოსწვდებოდა. კარანტინის უფროსს (აწ უკვე განსვენებულს), სამხედროში ორმოც წელს ნამსახურ ბერიკაცს თავის დღეში არ გაეგონა ტყვიის ზუზუნი და ღმერთმა აქ მოიყვანა მის მოსასმენად. რამდენიმე ტყვიამ ყურთან გაუწივლა მას. ამან გადარია და რჯულზე გამოთათხა კარანტინში მყოფი ოხოტის ქვეითი პოლკის მაიორი. მაიორმა აღარ იცოდა, რა ექნა, მდინარისკენ გავარდა, რომლის გაღმა დელიბაშები ცხენებს დაანავარდებდნენ, და მათ თითით დაემუქრა. ამის მნახველმა დელიბაშებმა ცხენები შემოაბრუნეს და გაქუსლეს, თურქთა რაზმიც მთლიანად უკან მიჰყვათ. დელიბაშებს რომ თითით დაემუქრა, ის მაიორი გვარად ხორჩევსკი იყო. მას რა მოუვიდა, არ ვიცი.

 თურქებმა კი მეორე დღეს ჰეთერისტებს შეუტიეს. რაკი ვერც ფინდიხის გამოყენებას ბედავდნენ და ვერც ყუმბარისას, ჩვეულებას უღალატეს და გადაწყვიტეს ცივი იარაღი დაეტრიალებინათ. ბრძოლა იყო სასტიკი. ჩახაჩუხი გაჰქონდა იატაგანებს. თურქების მხარეს შეამჩნიეს შუბები, ხოლო შუბები მათ აქამდე არ ჰქონიათ. შუბები რუსული იყო: ნეკრასელები იბრძოდნენ თურქთა რიგებში. ჩვენი ხელმწიფის ნებართვით ჰეთერისტებს შეეძლოთ პრუტზე გადმოსვლა და ჩვენს კარანტინში მიმალვა. დაიწყეს კიდეც გადმოსვლა. თურქთა ნაპირზე კანტაგონი და საფიანოსი დარჩნენ უკანასკნელნი. წინადღეს დაჭრილი კირჯალი უკვე კარანტინში იწვა. საფიანოსი მოკლეს. კანტაგონი, ჩაგოდრებული კაცი, შუბით გულში დაჭრეს. მან ცალი ხელით ხმალი შემართა, მეორე მტრის შუბს ჩაავლო, შუბი უფრო ღრმად ჩაირჭო და ამგვარად შეძლო ხმლით მისწვდომოდა თავის მკვლელს, რომელთან ერთადაც დაეცა ძირს.

 ყველაფერი გასრულებული იყო. გაიმარჯვეს თურქებმა. მოლდავეთი გაიწმინდა. ექვსასამდე არნაუტი ბესარაბიაში გაიფანტ-გამოიფანტა. არ იცოდნენ კი, რით გამოეკვებათ თავი და მაინც მადლიერნი იყვნენ რუსეთისა მფარველობისათვის. ცხოვრობდნენ უქმად, მაგრამ არა თავაშვებულად. მათ ყოველთვის წააწყდებოდით ნახევრად თურქული ბესარაბიის ყავახანებში, პირში გრძელი ჩიბუხი გაერჭოთ და პატარა ფინჯნებიდან ყავის ნალექს ხვრეპდნენ. სახეებიანი ქურთუკები და ჭვინტწაწვეტებული წითელი ხამლი უკვე უცვდებოდათ, მაგრამ გაფშეკილი სკუფია ჯერ მაინც ეხურათ ცერღელად და ფართო ქამარზე კვლავინდებურად ეკიდათ იატაგანები და დამბაჩები. არავინ უჩიოდა მათ. კაცი ვერ იფიქრებდა, რომ ეს მშვიდობიანი ღატაკები მოლდავეთის საქვეყნოდ ცნობილი კლეფტები, მრისხანე კირჯალის ამხანაგები იყვნენ და რომ თვით კირჯალი მათ შორის იმყოფებოდა.

 იასაში უფროსად მჯდომმა ფაშამ გაიგო ეს და საზავო ხელშეკრულებათა საფუძველზე რუსთა უფროსობას ყაჩაღის თავი მოსთხოვა.

 პოლიციამ ძიება დაიწყო. გაიგეს, რომ კირჯალი მართლაც კიშინიოვში იმყოფებოდა. იგი დაიჭირეს ლტოლვილი ბერის სახლში, საღამოს, როცა შვიდი ამხანაგითურთ სიბნელეში იჯდა და ვახშმობდა. კირჯალი ჩასვეს. მას სიმართლე არ დაუფარავს, აღიარა, კირჯალი ვარო, მაგრამ დაურთო:

 – რაც კი პრუტზე გადავედი, სხვისი მისხალი ქონებისთვის ხელი არ მიხლია, უკანასკნელი ბოშასთვისაც კი არ მიწყენინებია. თურქებისთვის, მოლდაველებისთვის, ვალახებისთვის, რა თქმა უნდა, ყაჩაღი ვარ, სამაგიეროდ, რუსებისთვის – სტუმარი. როცა საფიანოსმა მთელი თავისი ფინდიხი გახარჯა და ჩვენთან კარანტინში მოვიდა, რათა დაჭრილებისთვის ღილები, ლურსმნები, ძეწკვები და იატაგანების ბუნიკები გამოერთმია უკანასკნელი ტყვია-წამლისთვის, ოცი ბეშლიკი მივეცი და უფულოდ დავრჩი. ღმერთი ხედავს, რომ მე, კირჯალი, გასაკითხით ვცხოვრობდი! მაშ ახლა რისთვისღა მაგდებენ რუსები ჩემი მტრის ხელში?

 ამის შემდეგ კირჯალი ხმას არ იღებდა და მშვიდად ელოდა თავის ხვედრს.

 დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. უფროსობამ, რომელიც ვალდებული არაა, ყაჩაღებში მათი რომანტიკული მხარე დაინახოს და მოთხოვნის სამართლიანობა არ ეეჭვება, ბრძანა, კირჯალი იასაში გაეგზავნათ.

 ჭკვიანი და გულიანი კაცი, იმჟამად უცნობი ახალგაზრდა ჩინოვნიკი, ახლა კი მნიშვნელოვანი ადგილის მქონებელი, ცოცხლად ამიწერდა მის გამგზავრებას.

 საპყრობილეს ჭიშკართან იდგა საფოსტო კარუცა... იქნებ არ იცით, რა არის კარუცა. ეს არის ლასტისძარიანი პატარა დაბალი ფორანი, რომელშიც ჯერ კიდევ ამ ცოტა ხნის წინათ ჩვეულებრივად ექვს ან რვა ჯაგლაგს აბამდნენ. ერთ-ერთ ჯაგლაგზე მჯდომი ულვაშა, ფაფახიანი მოლდაველი წამდაუწუმ ყვიროდა, შოლტს ატყლაშუნებდა და ჯაგლაგებიც საკმაოდ გაშლილი ჩორთით მიქროდნენ. თუ რომელიმეს დაქანცულობა შეეტყობოდა, მოლდაველი წარმოუდგენელი ლანძღვა-გინებით გამოხსნიდა და ღვთის ანაბარა მიაგდებდა გზაზე. დარწმუნებული იყო, რომ აქეთობისას იმავე ადგილას, მწვანე ტრამალზე მშვიდად მობალახეს ნახავდა. ხშირად ერთი სადგურიდან რვა ცხენით გასული მოგზაური მეორე სადგურში წყვილი ცხენით მისულა. ასე იყო თხუთმეტი წლის წინათ (ახლა გარუსებულ ბესარაბიაში რუსულის მაგვარი აკაზმულობა და ფორანია გავრცელებული).

 ასეთი კარუცა იდგა საპყრობილეს ჭიშკართან 1821 წელს, სექტემბრის ერთ-ერთ ბოლო დღეს. კარუცას გარს ეხვეოდნენ ურიის ქალები, სახელოები რომ ჩამოეფართხუნებინათ და ფეხსაცმელებს დააფრატუნებდნენ, ჩამოგლეჯილი, მაგრამ ლამაზი ტალავარით მოსილი არნაუტები, წერწეტა მოლდაველი ქალები, რომელთაც შავთვალა ბალღები აეტატებინათ. მამაკაცები ხმას არ იღებდნენ, დედაკაცები აგზნებული ელოდნენ რაღაცას.

 ჭიშკარი გაიღო და პოლიციის რამდენიმე ოფიცერი ქუჩაში გამოვიდა. მათ გამოჰყვა ორი სალდათი, რომლებმაც ბორკილდადებული კირჯალი გამოიყვანეს.

 კირჯალი ოცდაათიოდე წლისა ჩანდა. სახის ნაკვთები სწორი და კუშტი ჰქონდა, შავგვრემანი იყო, უჩვეულოდ ღონიერი. ჭრელი ჩალმა ცერღელად ეხურა თავზე. წვრილ წელზე ფართო ქამარი ერტყა. სქელი ლურჯი მაუდის დოლიმანი და ლამაზი ხამლი ეცვა, პერანგის განიერი ნაკეცები მუხლებს ზემოთ სცემდა. გამოიყურებოდა ამაყად და მშვიდად.

 ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, სახეწითელმა ბერიკაცმა, რომელსაც გახუნებული მუნდირი ემოსა და ზედ სამი ღილი უქანქარებდა, კალის სათვალით მიიჭყლიტა გაჭარხლებული კოპი, ცხვირის მაგივრობას რომ უწევდა, გაშალა ქაღალდი და მოლდავურად დუდღუნით დაიწყო კითხვა, დროდადრო მედიდურად გადმოხედავდა ბორკილდადებულ კირჯალის, ვისაც, როგორც ჩანდა, ეს ქაღალდი ეხებოდა. კირჯალი ყურადღებით უსმენდა. ჩინოვნიკმა კითხვა დაამთავრა, ქაღალდი დაკეცა, მრისხანედ დაუცაცხანა ხალხს – გაიწ-გამოიწიეთო და ბრძანა, კარუცა მოეყენებინათ. ამ დროს კირჯალიმ მოლდავურად უთხრა რამდენიმე სიტყვა. ხმა უკანკალებდა, სახე შეეცვალა, ტირილი აუტყდა და ბორკილის ჩხარუნით ფეხებში ჩაუვარდა პოლიციის ჩინოვნიკს. პოლიციის ჩინოვნიკი დაფრთხა და განზე გახტა; სალდათებმა კირჯალის წამოყენება დაუპირეს, მაგრამ ის თვითონ წამოდგა, ბორკილი აიწია, კარუცაზე ააბიჯა და დაიყვირა: ჰაიდა! ჟანდარმი გვერდით მიუჯდა, მოლდაველმა შოლტი გაატყლაშუნა და კარუცა გაქანდა.

 – რაო, რას გეუბნებოდათ კირჯალი? – ჰკითხა ახალგაზრდა ჩინოვნიკმა პოლიციელს.

 – ის (იცით, ბატონო ჩემო), მთხოვდა, – სიცილით მიუგო პოლიციელმა, – მიმეხედა მისი ცოლისა და ვაჟიშვილისთვის, რომლებიც კილიას მახლობლად ბულგარელთა სოფელში ცხოვრობენ. ეშინია, მაგის გულისათვის იმათაც არა დაუშავდეთ რა. სულელი ხალხია, ბატონო ჩემო.

 ახალგაზრდა ჩინოვნიკის ნათქვამმა ერთობ ამაღელვა. შემეცოდა საბრალო კირჯალი. დიდხანს არ ვიცოდი, რა ბედი ეწია. გავიდა რამდენიმე წელი და ისევ შევხვდი ახალგაზრდა ჩინოვნიკს. საუბარი გავაბით გარდასულ ამბავზე.

 – ჰო, მართლა, რასა იქმს თქვენი მეგობარი კირჯალი? – ვკითხე მე. – ხომ არ იცით, რა მოუვიდა?

 – როგორ არა, – მომიგო მან და ეს ამბავი მომიყვა:

 ჩაიყვანეს კირჯალი იასაში და წარუდგინეს ფაშას, რომელმაც სარზე ჩამოცმა მიუსაჯა. დასჯა რომელიღაც დღესასწაულამდე გადადეს. მანამდე კი ციხეში ჩასვეს.

 ტყვეს შვიდი თურქი დარაჯობდა (ხალხი უბრალო და სულიერად კირჯალისთანა ყაჩაღი); მცველები პატივს სცემდნენ კირჯალის და მთელი აღმოსავლეთისათვის ნიშნეული გატაცებით უსმენდნენ მის საკვირველ ნაამბობს.

 მცველები და ტყვე ერთობ დაახლოვდნენ. ერთხელაც კირჯალიმ უთხრა მათ: ძმებო, მოახლოვდა ჩემი აღსასრულის ჟამი, კაცს რაც ბედად უწერია, ვერ გადაუვა. მალე გავშორდებით, ჰოდა, მინდა სამახსოვროდ რაიმე დაგიტოვოთო.

 თურქებმა ყური ცქვიტეს.

 – ძმებო, – განაგრძობდა კირჯალი, – სამი წლის წინათ, როცა განსვენებულ მიხაილიკთან დავყაჩაღობდი, ჩვენ იასის მახლობლად, ტრამალზე გალბინებით სავსე ქვაბი ჩავმარხეთ. ეტყობა, ამ განძის პატრონობა არც მე და არც იმას არ უწერია. რას იზამ; თქვენ წადით და ძმაკაცურად გაიყავით.

 თურქები კინაღამ გადაირივნენ. დაიწყეს ბჭობა, როგორ მივაგნოთ სანუკვარ ადგილსო? იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს – კირჯალიმ თვითონ გვიჩვენოსო.

 დაღამდა. თურქებმა ტყვეს ფეხებზე ბორკილი ახსნეს, ხელები თოკით გაუკრეს და მასთან ერთად ქალაქიდან ტრამალს მიაშურეს.

 წაიყვანა კირჯალიმ ისინი, სულ ერთი მიმართულებით მიჰყავდა, ყორღანიდან ყორღანისაკენ. მიდიოდნენ დიდხანს. ბოლოს კირჯალი ფართო ქვასთან შეჩერდა. თორმეტი ნაბიჯი გადაზომა სამხრეთით, ფეხი დააბაკუნა და თქვა, აქააო.

 თურქები საქმეს შეუდგნენ. ოთხმა იატაგანი იძრო და მიწის თხრა დაიწყო. სამი გუშაგი დადგა. კირჯალი ქვაზე ჩამოჯდა და მათ მუშაობას მიადევნა თვალი.

 – როგორაა საქმე? მალე მორჩებით? – კითხულობდა იგი. – არ გამოჩნდა?

 – ჯერ არა, – უპასუხებდნენ თურქები და ისე მუშაობდნენ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ.

 კირჯალი თანდათან მოუთმენლობას ამჟღავნებდა.

 – ეჰ, რა ხალხია, – ამბობდა, – მიწის თხრაც კი არ იციან ხეირიანად. მე ორ წუთში მოვათავებდი საქმეს. ბალღები არიან, რაღა! გამიხსენით ხელები, მომეცით იატაგანი.

 თურქები შეფიქრიანდნენ და ბჭობა გამართეს.

 – ეგრე იყოს, – გადაწყვიტეს მათ. – გავუხსნათ ხელები, მივცეთ იატაგანი, მერე რა? ის ერთია, ჩვენ შვიდნი – და გაუხსნეს ხელები და მისცეს იატაგანი.

 ბოლოს კირჯალი თავისუფალი და შეიარაღებული აღმოჩნდა. ჰოდა, რა უნდა ეგრძნო!.. მან მარდად დაიწყო თხრა, მცველები კი ეხმარებოდნენ... უცებ ერთ მათგანს იატაგანი გაურჭო მკერდში, შიგ ჩაუტოვა და ქამრიდან ორი დამბაჩა ამოაცალა.

 დანარჩენმა ექვსმა, რაკი დაინახა, კირჯალი ორი დამბაჩითაა აღჭურვილიო, მოკურცხლა.

 კირჯალი ახლა იასის მახლობლად დაყაჩაღობს. ამ ცოტა ხნის წინათ მთავარს წერდა, ხუთი ათასი ლევი მომეციო, და ექადნებოდა, თუ არ მომცემ, იასას გადავბუგავ და შენც შავ დღეს დაგაყენებო. ადგნენ და მისცეს.

 როგორი კაცი ყოფილა კირჯალი?

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / კირჯალი