პუშკინი ალექსანდრე 

 

პეტრე დიდის ზანგი

 

 

 

პეტრეს ურყევი ნებით

 გარდასახული რუსეთი

 

ნ. იაზიკოვი

 

 

 

პირველი თავი 

 

 ვარ პარიზში;

 არათუ სუნთქვა,

ცხოვრება დავიწყე

 

                                                                                                                      დმიტრიევი

 

  მოგზაურის ჟურნალი

 

 

იმ ახალგაზრდათა შორის, რომლებიც პეტრე დიდმა გარდაქმნილი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ცოდნის დასაუფლებლად უცხო ქვეყნებში მიავლინა, მისი ნათლული ზანგი იბრაჰიმიც ერია. იბრაჰიმი პარიზის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრებისას არტილერიის კაპიტნის წოდება მიიღო, შემდეგ თავი გამოიჩინა ესპანეთის ომში და მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა პარიზს. ათასგვარ საქმეთა მიუხედავად, იმპერატორი ნიადაგ იკითხავდა თავისი გამორჩეული ნათლულის ამბავს და მისი წარმატებებისა და ქცევის ქება-დიდებას იგებდა მუდამ. ნათლულით ერთობ კმაყოფილმა პეტრემ არაერთხელ შეუთვალა მას, რუსეთში ჩამოდიო, მაგრამ იბრაჰიმი ფეხს ითრევდა, ხან რას იმიზეზებდა და ხან რას: ეს ჭრილობაო, ეს ცონდის სრულყოფა მინდაო, ეს უფულობაო. პეტრეც გულმოწყალედ ეკიდებოდა იბრაჰიმის სათხოვარს, იქით სთხოვდა, ჯანმრთელობას მიხედეო, სწავლაში მუყაითობას უმადლიდა და, საკუთარი თავის მიმართ ერთობ ხელმოჭერილს, მისთვის ღია ჰქონდა ხაზინა, ოღონდ თუმნიანებს მამობრივ რჩევას აყოლებდა და არიგებდა, ფრთხილად იყავიო.

 თუ ყველა ისტორიულ ჩანაწერს დავიმოწმებთ, ვერაფერი დაუდგებოდა გვერდით მაშინდელი ფრანგების ქარაფშუტობას, უგუნურებასა და განცხრომას. კვალიც კი არ დაუტოვებია ლუი XIV-ის მეფობის უკანასკნელ წლებს – კარის მკაცრი ღვთისმოსაობით, მედიდურობით და წესიერებით ნიშნეულ ხანას. ორლეანის ჰერცოგს, კაცს, ვისაც ბევრ დიდებულ თვისებასთან ერთად საუბედუროდ ათასგვარი მანკიერება ჰქონდა, პირმოთნეობის ნატამალი არ ეცხო. პალე-როიალის ორგიები პარიზისთვის საიდუმლო როდი იყო. მაგალითი გადამდები გახლდათ. იმ დროისთვის ქვეყანას მოევლინა Law; ფულზე დახარბება სიამოვნებისა და დროსტარების წყურვილს შეერთო; ქრებოდა მამულები, ბოლო ეღებოდა ზნეობას; ფრანგები იცინოდნენ და ანგარიშობდნენ, და სახელმწიფო ირღვეოდა სატირული ვოდევილების ხალისიან მისამღერთა ხმიანში.

 

 საზოგადოებრიობა კი ერთობ თავშესაქცევ სურათს წარმოსახავდა. განათლებულობამ და მხიარულების მოთხოვნილებამ ყველა წოდება დააახლოვა. სიმდიდრეს, თავაზიანობას, დიდებას, ნიჭიერებას, თვით უცოდინარობასაც კი, ყველაფერს, რაც ცნობისმოყვარეობას აღვიძებდა, ან რასაც სიამოვნების მინიჭების პირი უჩანდა, ერთნაირ კეთილგანწყობით ეკიდებოდნენ. ლიტერატურა, განსწავლულობა და ფილოსოფია წყნარ კაბინეტს თავს ანებებდნენ და მაღალ საზოგადოებას ევლინებოდნენ, რათა მოდის შეხედულებანი წარემართათ და მისთვის ეამებინათ. ქალებს მეუფების სადავე ეპყრათ, მაგრამ კერპად შერაცხვას აღარ ითხოვდნენ. კდემამოსილი მოწიწება მოჩვენებითმა თავაზიანობამ შეცვალა. ჰერცოგ რიშელიეს, ამ უახლესი ათენის ალკიბიადეს ოინბაზობანი ისტორიას განეკუთვნებიან და გვამცნობენ, თუ რა ზნეჩვეულებანი არსებობდა მაშინ.

 

 Temps fortuné, marqué par la licence,

 Ou la folie, agitant son grelot,

 D’un pied lèger parcourt toute la France,

 Où nul mortel ne daigne être dévot,

 où l’on fait tout excepté pénitence.

 

 იბრაჰიმის გამოცხადებამ, შესახედაობამ, განსწავლულობამ და თანდაყოლილმა ჭკუამ ყველას ყურადღება მიიპყრო პარიზში. თითოეულ ბანოვანს სურდა Le negre bu czar**-ს სწვეოდა და ცილობა ჰქონდათ ერთმანეთთან; რეგენტმა რამდენჯერმე მიიპატიჟა იგი თავის მხიარულ საღამოებზე; იბრაჰიმი ესწრებოდა არუეტის სიახალგაზრდავითა და შოლიეს მოხუცებულობით, მონტესკიესა და ფონტენელის საუბრებით ზეშთაგონებულ ვახშმებს; არ აცდენდა არც ერთ ბალს, არც ერთ დღესასწაულს, არც ერთ პირველ წარმოდგენას და თავისი წლებისა და მოდგმის ნიშანდობლივი მთელი გზნებით როკავდა საერთო ფერხულში, მაგრამ მარტო ის აზრი კი არ აძრწუნებდა, რომ ეს დროსტარება, ეს დიდებული თავშექცევანი პეტერბურგის სასახლის პირქუშ უბრალოებაზე უნდა გაეცვალა. არა, სხვა უძლიერესი ხუნდი აჯაჭვავდა პარიზს. ახალგაზრდა აფრიკელი შეყვარებული გახლდათ.

 

 ყვავილხანობას უკვე გადამცდარ გრაფინია დ.-ს სილამაზეს ჯერ კიდევ არ მისდგომოდა ჩრდილი. მონასტერში სწავლა რომ გაათავა, იგი, ჩვიდმეტი წლისა, გააყოლეს კაცს, ვისი შეყვარება ვერ მოასწრო და ვისაც შემდგომ ამაზე არასოდეს არ შეუწუხებია თავი. ამბობდნენ, გრაფინიას საყვარლები ჰყავსო, მაგრამ საზოგადოების კეთილმოწყალე წესდების შემწეობით კარგი სახელი ჰქონდა, რამეთუ არავის შეეძლო დაედო ბრალი, რაიმე სასეირო ან მაცდუნებელ ამბავშია გახვეულიო. გრაფინიას სახლი ყველაზე მოდური გახლდათ და პარიზის ნაღები საზოგადოება იქ იკრიბებოდა. იბრაჰიმი გრაფინიას ახალგაზრდა მერვილმა გააცნო. მერვილი საერთოდ გრაფინიას უკანასკნელ საყვარლად იყო მიჩნეული და ყოველნაირად ცდილობდა, ეს ამბავი საცნაური გაეხადა.

 

 გრაფინია თავაზიანად, მაგრამ ყოველგვარი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე შეხვდა იბრაჰიმს, რაიც აფრიკელს სასიამოვნოდ დარჩა. ახალგაზრდა ზანგს, ჩვეულებრივ, ისე უყურებდნენ, როგორც საოცრებას, გარს ეხვეოდნენ, მისალმებებითა და კითხვებით მოსვენებას არ აძლევდნენ და ეს ცნობისწადილი, მიუხედავად იმისა, რომ კეთილგანწყობილებას იყო ამოფარებული, თავმოყვარეობას ულახავდა. ქალების სიამის მომნიჭებელი ყურადღება, თითქმის სიმწარითა და აღშფოთებით ავსებდა იბრაჰიმს. იგი გრძნობდა, რომ მათთვის იყო იშვიათი სახეობის ნადირი, უცხო, განსაკუთრებული ქმნილება, შემთხვევით მოხვედრილი ამ უჩვეულო სამყაროში. შურდა კიდევაც ადამიანებისა, რომელთაც კაციშვილი აინუნში არ აგდებდა, და მათ არარაობას ბედკეთილობად რაცხდა.

 

 იბრაჰიმი ფიქრობდა, ბუნებას საიმისოდ არ გავუჩენივარ, ვინმე მიყვარდეს და ვუყვარდეო. ამ აზრმა განარიდა თავდაჯერებულობის და თავმოყვარეობის პრეტენზია, რაც ქალებთან მის მოქცევას განუმეორებელ მომხიბვლელობას ანიჭებდა. ლაპარაკობდა სადად და საგულისხმოდ. სწორედ ეს მოეწონა გრაფინია დ.-ს, რომელსაც თავი შეაწყინა დაუსრულებელმა ხუმრობებმა და ფრანგული მახვილგონივრულობის ნიშნეულმა დახვეწილმა ქარაგმებმა. იბრაჰიმი ხშირი სტუმარი იყო მისი. ახალგაზრდა ზანგის გარეგნობას გრაფინია ნელ-ნელა შეეჩვია და თავისი სასტუმროს დაპუდრულ პარიკებს შორის შავად მკრთომი ხუჭუჭთმიანი თავი ერთგვარ სიამოვნებასაც კი ანიჭებდა (იბრაჰიმი თავში იყო დაჭრილი, ჭრილობა შეხვეული ჰქონდა და ამიტომ პარიკი არ ეკეთა). ჭაბუკი ოცდაშვიდი წლისა გახლდათ, მაღალ-მაღალი იყო, ტანადი და ბევრი ლამაზმანი იმაზე მეტი სიამის მომგვრელი გრძნობით უყურებდა, ვიდრე უბრალო ცნობისწადილია. წინასწარი აზრით შებოჭილი იბრაჰიმი კი ან ვერაფერს ამჩნევდა, ან სიკეკლუცის მეტს ვერას ხედავდა. ხოლო როცა მისი თვალები გრაფინიასას ხვდებოდა, უნდობლობა მაშინვე უქრებოდა. გრაფინიას თვალებში ისეთი საამო გულითადობა გამოსჭვიოდა, ის ისე უბრალოდ, ისე თავისუფლად ექცეოდა იბრაჰიმს, შეუძლებელი გახლდათ ქალისთვის თუნდაც ერთი ბეწო სიკეკლუცე ან დაცინვა დაგებრალებინათ.

 

 იბრაჰიმს სიყვარული აზრადაც არ მოსდიოდა, მაგრამ გრაფინიას ხილვა მუდამდღე უკვე ჰაერივით სჭირდებოდა. ყოველი ღონით ცდილობდა ენახა და მასთან შეხვედრას ნიადაგ ღვთის მოულოდნელ წყალობად რაცხდა. ახალგაზრდა ზანგის გრძნობები გრაფინიამ უფრო ადრე გამოიცნო, ვიდრე თვით იბრაჰიმმა. რაც გნებავთ, თქვით და, ქალის გულს ყოველ საცთურზე უფრო აჩქროლებს იმედებსა და მოთხოვნებს მოკლებული სიყვარული. გრაფინია იბრაჰიმის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მის ყოველ სიტყვას აყურადებდა; უიმისოდ ფიქრი ეძალებოდა და ჩვეული დაბნეულობა ეუფლებოდა. მერვილმა პირველმა შეამჩნია ქალ-ვაჟის ტრფობა და იბრაჰიმს მიულოცა. გარეშე პირის გამამხნევებელ შენიშვნაზე უფრო სიყვარულს არა აღანთებს რა. სიყვარული ბრმაა, საკუთარ თავს ვერ ენდობა და სულსწრაფად ეჭიდება ყოველ საყრდენს.

 

 მერვილის სიტყვებმა იბრაჰიმი გამოაყოჩაღა. აქამდე ვერ წარმოედგინა, თუ საყვარელ ქალს დაეუფლებოდა, და იმედმა უცებ სული გაუსხივოსნა. სიყვარულმა თავი დაავიწყა. იბრაჰიმის ვნების ლაგამაწყვეტით შეშინებული გრაფინია ამაოდ ირჯებოდა მეგობრული დარიგებითა და გონივრული რჩევით დაეოკებინა ვაჟი, მას თვითონვე ეცლებოდა ძალა. წინდაუხედავად დათმობილი საბოძვარნი სწრაფად მოსდევდნენ ერთიმეორეს. ბოლოს კი გრაფინიამ, მის მიერვე აღძრული ვნებით თავდავიწყეუბლმა და გათანგულმა, მოჯადოებული იბრაჰიმის წინაშე ფარ-ხმალი აიყარა. თვალხმიერი საზოგადოება ყველაფერს ამჩნევს. მალე სუყველამ გაიგო გრაფინიას ახალი გატაცების ამბავი. ზოგიერთი ბანოვანი სახტად დარჩა – ეს ვინ აურჩევიაო, ბევრს კი მისი არჩევანი ერთობ ბუნებრივად ეჩვენა. ერთნი იცინოდნენ, მეორენი მიუტევებელ გაუფრთხილებლობად მიიჩნევდნენ მის გადადგმულ ნაბიჯს. ვნების პირველი ბანგით გაბრუებული იბრაჰიმი და გრაფინია ვერას ამჩნევდნენ, მაგრამ მალე მათ სმენას უწია კაცთა ორაზროვანმა ოხუნჯობამ და ქალთა შხამგარეულმა შენიშვნებმა. აქამდე იბრაჰიმს ზვიადი და ცივი მოქცევა არიდებდა ამგვარ თავდასხმებს; ახლა მათ მოთმინებადაკარგული ურიგდებოდა და არ იცოდა, როგორ მოეგერიებინა. გრაფინია შეჩვეული იყო მაღალი საზოგადოების მიერ პატივისცემას. გულმშვიდად ვერ მოეკიდებოდა იმას, რომ მითქმა-მოთქმისა და დაცინვის საგანი ყოფილიყო. იგი ხან ცრემლთა ფრქვევით შესჩიოდა იბრაჰიმს, ხან მწარედ საყვედურობდა, ხან ემუდარებოდა, არ გამომესარჩლო და ამაო აურზაურით მთლად არ გამაუბედუროო.

 

 ახალმა ვითარებამ უფრო მეტად აბურდა გრაფინიას მდგომარეობა. გამომჟღავნდა წინდაუხედავი სიყვარულის შედეგი. ამოიშრიტა და უკუიგდო ყოველი ნუგეში, რჩევა, წინადადება. გრაფინია ხედავდა, რომ დასამარება არ ასცდებოდა და იმედწარხოცილი ელოდა ამას.

 

 გრაფინიას ორსულობის გამომჟღავნებისთანავე ჭორებმა ახალი ძალით იფეთქა. გულჩვილი ბანოვანნი ვიშვიშებდნენ საშინელებისა გამო, ხოლო მამრნი ერთმანეთს ენაძლევებოდნენ, როგორ ბავშვს დაბადებდა გრაფინია, თეთრს თუ შავს. ქმრის, მთელ პარიზში ერთადერთი კაცის მისამართით, ვინც არა უწყოდა რა და არც რაიმეს აინუნში იყო, ეპიგრამა ეპიგრამას მოსდევდა.

 

 კარს მოდგა საბედისწერო ჟამი. გრაფინია შავ დღეში იყო. იბრაჰიმი ერთი დღით არ შორდებოდა გვერდიდან და ხედავდა, როგორ თანდათან იშრიტებოდა ქალი სულიერად და ხორციელად. გრაფინიას წამდაუწუმ სდიოდა ცრემლი და ძრწოლა იპყრობდა. ბოლოს იგრძნო პირველი ტკივილები. სასწრაფოდ დატრიალდნენ. გამოძებნეს საშუალება, რათა გრაფი სახლისათვის გაერიდებინათ. მოვიდა ექიმი. ორი დღის წინათ ერთი გაჭირვებული ქალი დაეთათბირებინათ, რომ უცხოთათვის თავისი ახალშობილი დაეთმო და ბავშვის მოსაყვანად მესაიდუმლე გაგზავნეს. იბრაჰიმი კაბინეტში წრიალებდა საწოლი ოთახის გვერდით, სადაც უბედური გრაფინია იწვა, სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა და ესმოდა მშობიარის ყრუ გოდება, მოახლის ჩურჩული და ექიმის ბრძანებები. გრაფინია დიდხანს ეწამებოდა. მისი ყოველი კვნესა იბრაჰიმს გულს უკოდავდა, კვნესის შემდეგ ყოველი გაჩუმება თავზარს სცემდა... უცებ ბავშვის სუსტი ჭყავილი შემოესმა, სულშეძრულმა თავი ვერ დაიურვა და გრაფინიას ოთახში შევარდა. იქ, ახალმოლოგინებულის ფერხთით, საწოლზე იწვა შავი ყრმა. იბრაჰიმი მიუახლოვდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, შვილი აკანკალებული ხელით დალოცა, გრაფინიამ უღონოდ გაუღიმა და ძალაგამოცლილი ხელი გაუწოდა... მაგრამ ექიმმა იმის შიშით, ავადმყოფს ერთობ დიდმა მღელვარებამ არ ავნოსო, იბრაჰიმი საწოლს მოაშორა. ახალშობილი დახურულ კალათაში ჩააწვინეს და საიდუმლო კიბით სახლს განარიდეს. მოიყვანეს მეორე ბავშვი და მისი აკვანი გრაფინიას საწოლ ოთახში დადგეს. იბრაჰიმი ცოტათი დამშვიდებული წავიდა. ელოდნენ გრაფს. იგი გვიან მოვიდა შინ, როცა გაიგო, მეუღლემ მშვიდობიანად მოილოგინაო, ერთობ ესიამოვნა. ასე და ამგვარად სკანდალური აყალმაყალის მომლოდინე საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დარჩა და იძულებული გახდა, მარტოოდენ ავსიტყვაობით დაეცხრო გული.

 იბრაჰიმი კი გრძნობდა, რომ ბედი უნდა შეცვლოდა, რომ გრაფინიასთან მის ურთიერთობას, როცა იქნებოდა, გრაფი დ. შეიტყობდა. ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა ამბავი დატრიალებულიყო, გრაფინია უთუოდ დაიღუპებოდა. იბრაჰიმს გრაფინია გაგიჟებით უყვარდა, გრაფინიასაც ასევე უყვარდა იგი, მაგრამ თვითრჯულა და თავქარიანი ქალი იყო; პირველად როდი მოჰკიდებოდა სიყვარულის სახმილი. ზიზღსა და სიძულვილს შეეძლო უნაზესი გრძნობები ამოერეცხა მისი გულიდან. იბრაჰიმი უკვე იმთავითვე ხედავდა, რომ დადგებოდა წუთი და გრაფინიას ადრინდელი გზნება გაუნელდებოდა; აქამდე ეჭვიანობა რა იყო, არ იცოდა, მაგრამ ძრწოლაატანილი გუმანით შეიგრძნობდა მას წინასწარ. ჰოდა, ეჩვენებოდა, განშორების ტანჯვამ ნაკლებ უნდა დამიშაშროსო სული და უკვე გულში ედო ეს ბედკრული ურთიერთობა გაეწყვიტა, გასცლოდა პარიზს, გამგზავრებულიყო რუსეთს, საითაც კარგა ხანია მოუწოდებდა პეტრეცა და საკუთარი მოვალეობის შეუცნობელი გრძნობაც.

 

 

 

 

 

 მეორე თავი

 

 

 არცთუ მამკობს სილამაზე,

 გულს არ ხვდება სიხარული.

 არცთუ მეთქმის თავქერქეტა,

 და არცთუ ვარ ბედკეთილი...

 გავიტანჯე ერთი ნდომით -

 ვიყო სახელმოხვეჭილი.

 მიხმობს, მესმის ხმა დიდების!

 

დერჟავინი

 

 

 დღე დღეს მისდევდა, თვე – თვეს, მაგრამ შეყვარებული იბრაჰიმი თავს ვერ ერეოდა, რომ მის მიერ შეცდენილი ქალი მიეტოვებინა. გრაფინია სულ უფრო და უფრო ეჩვეოდა იბრაჰიმს. ბინა მათ ვაჟიშვილს შორეულ პროვინციაში ზრდიდნენ, ჭორები თანდათან ცხრებოდა და შეყვარებულებიც დიადი სიმშვიდით ნეტარებდნენ, მდუმარედ იხსენებდნენ გადაქროლილ ქარიშხალს და ცდილობდნენ, მომავალზე ფიქრი განერიდებინათ.

 

 ერთხელ იბრაჰიმი ორლეანის ჰერცოგთან დარბაზობაზე იყო. ჰერცოგი მის გვერდით ჩავლისას შედგა და წერილი გადასცა, თან უბრძანა, მოცალეობის ხანს წაეკითხა. წერილი პეტრე პირველისა იყო. ხელმწიფეს გამოეცნო, რა სახმილი სწვავდა იბრაჰიმს და ჰერცოგს წერდა, მე არ ვაპირებ იბრაჰიმს რაიმე ვაიძულო, როგორც მოეგუნებება, ისე მოიქცეს – უნდა დაბრუნდეს რუსეთში და უნდა არა; ისე, რაც უნდა იყოს, ჩემს გაზრდილს არასდროს ხელს არ ავაღებო. წერილმა იბრაჰიმი სულით ხორცამდე შეძრა. ის წუთი იყო და ის – მისი ბედის გზაკვალი გაირკვა. მეორე დღეს ჰერცოგს მოახსენა – ახლავე რუსეთს მივდივარო.

 

 – დაუფიქრდით თქვენს ნაბიჯს, – უთხრა ჰერცოგმა, – რუსეთი თქვენი მიწა-წყალი არ გახლავთ, ვეჭვობ, ოდესმე კვლავ იხილოთ თქვენი ალხიანი სამშობლო. საფრანგეთში ამდენი ხანი ყოფნის შემდეგ ნახევრად ველური რუსეთის ჰავას და ცხოვრებას ვეღარ შეეთვისებით. თქვენ პეტრეს ქვეშევრდომად არ მოვლენილხართ ამ ქვეყანას; ირწმუნეთ ჩემი: ისარგებლეთ ხელმწიფის დიდსულოვანი ნებართვით, ნუ დატოვებთ საფრანგეთს, რომლის გულისთვის უკვე სისხლი დაღვარეთ, და გწამდეთ, რომ თქვენს დამსახურებასა და ნიჭს აქაც საკადრის ჯილდოს მიაგებენ.

 

 იბრაჰიმმა გულწრფელად მოახსენა მადლი, მაგრამ თავის განზრახვას არ გადასულა.

 – გული მწყდება, ისე კი მართალი ბრძანდებით, – უთხრა ჰერცოგმა, დაჰპირდა, სამსახურიდან გაგათავისუფლებო, და ყველაფერი მისწერა რუსთ ხელმწიფეს.

 იბრაჰიმმა მალე მოათავა გამგზავრების სამზადისი. წასვლის წინა საღამოს ჩვეულებისამებრ ეწვია გრაფინია დ.-ს. გრაფინიამ არა უწყოდა რა, იბრაჰიმი კი ვერ ბედავდა, განაზრახი გაემხილა. გრაფინია მშვიდად და ხალისიანად იყო. იბრაჰიმი ერთი-ორჯერ მიიხმო და წაეხუმრა – რამ ჩაგაფიქრაო. ნავახშმევს ყველა წავიდა და სასტუმროში მხოლოდ გრაფინია, მისი მეუღლე და იბრაჰიმი დარჩნენ. ბედკრული იბრაჰიმი ყველაფერს გაიმეტებდა, ოღონდაც თვითონ და გრაფინია მარტონი ყოფილიყვნენ, მაგრამ გრაფ დ.-ს, ეტყობოდა, ისე მშვიდად მოეკალათებინა ბუხართან, ოთახიდან მისი გაძევების იმედი არ იყო. არც ერთი ხმას არ იღებდა.

 – Bonne nuit – თქვა ბოლოს გრაფინიამ.

 იბრაჰიმის გულს ელდა ეცა და უცებ იგრძნო, რარიგ საშინელი იყო განშორება. იგი გაქვავებული იდგა.

 – Bonne nuit, messieurs– ისევ თქვა გრაფინიამ. იბრაჰიმი კი არა და არ იძვროდა... ბოლოს თვალებზე ბინდი გადაეკრა, რეტი დაესხა და ძლივს გამოლასლასდა ოთახიდან. შინ თითქმის ცნობამიხდილმა ასეთი უსტარი დაწერა:

 “მივდივარ, ძვირფასო ლეონორა, გშორდები სამარადჟამოდ. გწერ, ვინაიდან სხვა გზით არ ძალმიძს, გითხრა სათქმელი.

 არ შეიძლებოდა ჩემს ბედნიერებას დიდი დღე ჰქონოდა. მე მით ვტკბებოდი განგებისა და ბუნების ჯიბრზე. შენ გული უნდა შეგცვლოდა ჩემზე, ხიბლი უნდა გამქრალიყო. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა მაშინაც კი, როცა თითქოსდა ყოველივეს ვივიწყებდი, როცა შენს ფერხთით შენი მგზნებარე თავგანწირვა, შენი უნაპირო სინაზე მაჯადოებდა... ქარაფშუტა მაღალი საზოგადოება ცხოვრებაში დაუნდობლად გმობს იმას, რის ნებასაც იძლევა თეორიულად: მისთვის ნიშანდობლივი უსულგულო დამცინაობა ერთხელაც იქნებოდა ქედს მოგახრევინებდა, შენს მღელვარე სულს ლაგამს ამოსდებდა და ბოლოს და ბოლოს შეგრცხვებოდა შენივე გატაცებისა... მერედა რა დღეში ჩავვარდებოდი მე? არა! უმჯობესია მოვკვდე, უმჯობესია განგშორდე, ვიდრე ეს შემაზრზენი წუთი მოაწევდეს...

 მე შენი სიმშვიდე ყველაფერზე უფრო მეძვირფასება: შენ არ შეგეძლო მით დამტკბარიყავ, ვიდრე საზოგადოება გვითვალთვალებდა. გაიხსენე ყოველი, რაც გამოსცადე – თავმოყვარეობის ყოველი შელახვა, შიშით ნაწვნევი ყოველი ტანჯვა. გაიხსენე ჩვენი შვილის გულშემზარავი მოვლენა ქვეყნად. დაფიქრდი: ნუთუ შემდგომაც იგივე მღელვარება და საფრთხე უნდა გარგუნო? რისთვის ვეცადოთ, ერთმანეთს შევუერთოთ ბედი ესოდენ ნაზი, ესოდენ მშვენიერი არსებისა და შავი ბედი ზანგისა, ბეჩავი ქმნილებისა, რომელიც არცთუ არის ღირსი ადამიანის სახელისა?

 მაპატიე, ლეონორა, მაპატიე, ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო. შენთან განშორებით ვეთხოვები პირველ და უკანასკნელ სიხარულს ჩემი ცხოვრებისას. მე არც სამშობლო მაქვს, არც მახლობლები მყავს. მივემგზავრები მწუხარე რუსეთს, სადაც ყოველივესგან განაპირება იქნება სალბუნი ჩემი. თავდაუზოგავი მუშაობა, რაშიც ამიერიდან ჩავებმები, თუ არ ჩამიკლავს, გამიყუჩებს მაინც აღფრთოვანებითა და ნეტარებით მოცული დღეების მტანჯველ მოგონებებს... მაპატიე, ლეონორა, ასე მგონია, შენს ხვევნა-ალერსს ვეთიშები, ამ წერილს რომ ვცილდები. მაპატიე, იყავ ბედნიერი და ხანდახან იფიქრე ბედშავ ზანგზე, შენს ერთგულ იბრაჰიმზე”.

 იბრაჰიმმა იმ ღამითვე გასწია რუსეთს.

 რომ ელოდა, მგზავრობა ისე გაუსაძლისი არ მოსჩვენებია. მისმა წარმოსახვამ დასძლია სინამდვილე. რაც უფრო უკან იტოვებდა პარიზს, მით უფრო ცოცხლად, მით უფრო თვალნათლივ ეხატებოდა სამარადჟამოდ თავგარიდებული საგნები.

 იბრაჰიმმა ვერც გაიგო, ისე აღმოჩნდა რუსეთის საზღვარზე. შემოდგომა უკვე ფეხს იდგამდა, მაგრამ მეეტლეები, გზის უხეირობის მიუხედავად, ქარივით მოაქროლებდნენ და მეჩვიდმეტე დღეს, დილით, ჩამოვიდა კრასნოე სელოში, რომელზეც იმჟამინდელი გზატკეცილი გადიოდა.

 ოცდარვა ვერსი უკლდა პეტერბურგში მისვლას. ვიდრე ცხენების შებმას მორჩებოდნენ, იბრაჰიმი ფუნდუკში შევიდა. აქ მწვანე ხიფთანიანი მაღალ-მაღალი კაცი კუთხეში მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა და ჰამბურგის გაზეთებს კითხულობდა, პირში ყალიონი გაეჩარა. რაწამს გაიგო, ვიღაცა შემოვიდაო, თავი ასწია.

 – ოჰო! იბრაჰიმი ხარ? – ამის ყვირილით წამოიჭრა მერხიდან: – გამარჯობა, ნათლულო!

 იბრაჰიმმა პეტრე იცნო და გახარებული ლამის გაიჭრა მისკენ, მაგრამ მოკრძალებით შედგა. ხელმწიფე მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.

 – შენი ჩამოსვლის ამბავი წინასწარ შემატყობინეს და შესახვედრად წამოვედი. გუშინდლიდან აქ გელოდები, – უთხრა მას.

 იბრაჰიმი სიტყვებს ვერ პოულობდა მადლობის გამოსახატავად.

 – ბრძანე, შენი ეტლი უკან მოგვყვეს, – განაგრძო ხელმწიფემ, – ხოლო შენ ჩემსაში ჩაჯექ და წავიდეთ ჩემთან.

 მოაყენეს ხელმწიფის ეტლი. ხელმწიფე და იბრაჰიმი ჩასხდნენ და გზას გაუტიეს. საათ-ნახევარში პეტერბურგში იყვნენ. იბრაჰიმი გაფაციცებით ათვალიერებდა თვითმპყრობელობის ნება-სურვილით ჭაობიდან ამოზიდულ ახლად ლიბოჩადგმულ დედაქალაქს. მოშიშვლებული ჯებირები, არხები, რომელთაც ჯერ სანაპირო არ ჰქონდათ, ხის ხიდები ყველგან მეტყველებდნენ, რომ ადამიანის ნებამ ეს-ესაა დათრგუნა სტიქიის წინააღმდეგობა. სახლები თითქოს სახელდახელოდ აეგოთ. მთელ ქალაქში შესანიშნავი იყო მხოლოდ ნევა, ჯერ კიდევ მოუკაზმავი გრანიტის ჩარჩოთი, მაგრამ სავსე სამხედრო და სავაჭრო გემებით. ხელმწიფის ეტლი ეგრეთ წოდებულ დედოფლის ბაღის სასახლესთან შედგა. პეტრეს პარმაღზე პარიზის უკანასკნელი მოდის მიხედვით გამოწყობილი ოცდათხუთმეტი წლის მშვენიერი ქალი გამოეგება. ხელმწიფემ ტუჩებში აკოცა მას. მერე იბრაჰიმს ხელი ჩაავლო.

 – კატენკა, იცანი თუ არა ჩემი ნათლული? – უთხრა ქალს, – გთხოვ, წინანდებურად გიყვარდეს და წყალობდე.

 ეკატერინამ შავი, გამჭრიახი თვალები მიაპყრო იბრაჰიმს და გულმოწყალედ გაუწოდა ხელი. მის უკან მდგომი ორი ახალგაზრდა მაღალ-მაღალი, ლამაზი, ტანწერწეტა, ვარდივით სხივმფინარე ქალიშვილი მოკრძალებით მიუახლოვდა პეტრეს.

 – ლიზა, გახსოვს პატარა ზანგი, ორანიენბაუმში შენი გულისთვის რომ ვაშლებს მპარავდა? – ჰკითხა პეტრემ ერთ მათგანს, – აი, აგერ გახლავს, გაიცანი.

 ხელმწიფის ასულმა გაიცინა და სახე აუყირმიზდა. ყველა სასადილოსაკენ გაემართა. იქ ხელმწიფეს ელოდნენ და სუფრა უკვე გაეშალათ. პეტრემ იბრაჰიმიც მიიპატიჟა და სახლეულობასთან ერთად მაგიდას მიუჯდა. სადილობისას სხვადასხვა ამბავზე ესაუბრებოდა იბრაჰიმს, ეკითხებოდა ესპანეთის ომის შესახებ, საფრანგეთის შინაური საქმეების შესახებ, რეგენტის შესახებ, რომელიც უყვარდა, მაგრამ ბევრი რამისთვის კიცხავდა. იბრაჰიმი თვალხმიერი და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა. პეტრეს დიდად იამა მისი პასუხები, გაიხსენა იბრაჰიმის ბალღობის ზოგი ამბავი და ისე გულითადად და ხალისიანად ჰყვებოდა მათ, ვერავინ იფიქრებდა, ეს ალერსიანი და სტუმართმოყვარე მასპინძელი პოლტავის გმირი, რუსეთის ძლევამოსილი და მრისხანე გარდამქმნელიაო.

 ხელმწიფემ ნასადილევს, რუსული ჩვეულებისამებრ, მოსვენება ინება. იბრაჰიმი დედოფალსა და მეფის ასულებთან დარჩა და ცდილობდა დაეცხრო მათი ცნობისმოყვარეობა: უსურათხატებდა პარიზის ცხოვრებას, იქაურ დღესასწაულებსა და თავისებურ მოდებს. ამასობაში სასახლეში თავი შეიყარა ხელმწიფის რამდენიმე შინაკაცმა. იბრაჰიმმა იცნო დიდი თავადი მენშიკოვი, რომელმაც, რომ დაინახა, ზანგი ეკატერინას ესაუბრებოდა, მედიდურად გადმოხედა მას, თავადი იაკობ დოლგორუკი, მკაცრი მრჩეველი პეტრესი, სწავლული ბრიუსი, ხალხში რუსი ფაუსტის სახელით ცნობილი, ახალგაზრდა რაგუზინსკი, თავისი ყოფილი ამხანაგი, და სხვები, პეტრესთან მოხსენებებითა და ბრძანებათა მისაღებად მოსულნი.

 ხელმწიფე ორი საათის შემდეგ გამობრძანდა.

 – ვნახოთ, დაგავიწყდა თუ არა შენი ძველი თანამდებობა, – უთხრა იბრაჰიმს, – აბა, ერთი ასპიდის დაფა აიღე და მომყევი.

 პეტრე სახარატოში ჩაიკეტა და სახელმწიფო საქმეებს ჩაუჯდა. იგი ჯერ ბრიუსთან მუშაობდა, შემდეგ თავად დოლგორუკთან, გენერალ-პოლიცმეისტერ დევიერთან და იბრაჰიმს რამდენიმე ბრძანებულება და გადაწყვეტილება ჩააწერინა. იბრაჰიმს აოცებდა პეტრეს სხარტი და მყარი გონება, ყურადღების ძალმოსილება და სიცხოველე, საქმიანობის მრავალფეროვნება. ხელმწიფემ მუშაობა რომ დაამთავრა, უბის წიგნაკი ამოიღო, რათა შეემოწმებინა, საამდღეოდ ნავარაუდევი ყველაფერი გავაკეთე თუ არაო. შემდეგ, სახარატოდან გამომავალმა, იბრაჰიმს უთხრა:

 – უკვე გვიანია. ალბათ დაიღალე: წინანდელის არ იყოს, აქ გაითენე. ხვალ მე გაგაღვიძებ.

 იბრაჰიმი მარტო დარჩა და ძლივს გამოერკვა. იგი პეტერბურგში იმყოფებოდა, კვლავ იხილა დიდი ადამიანი, ვის სიახლოვესაც წამოიჩიტა, თანაც ისე, რომ მისი ფასი არ იცოდა. გულში თითქმის სინანულით აღიარა, გრაფინია დ. განშორების შემდეგ პირველად მთელი დღე ჩემი ფიქრების ერთადერთი მპყრობელი არ ყოფილაო. დაინახა, რომ ახალ მომავალ ცხოვრებას, საქმიანობას და ნიადაგ მუშაობას შეეძლო გაეცოცხლებინა ვნებით, უსაქმურობით და გაუმხელელი დარდით გასავათებული სული. იმ აზრმა, ყოფილიყო დიდი ადამიანის თანამდგომი და მასთან ერთად წარემართა დიდი ხალხის ბედი, პირველად აღუძრა პატივმოყვარეობის კეთილშობილური გრძნობა. ასეთ გუნებაზე დაწვა მისთვის გაშლილ სამგზავრო საწოლზე და ჩვეულმა სიზმარმა მაშინვე შორეულ პარიზში, ძვირფას გრაფინიას ჩააკონა.

 

 

 

 მესამე თავი

 

 ვითა ღრუბლები ცაზე,

 აზრები ისე იცვლიან წყობას,

 რაიც დღეს გვიყვარს,

ხვალ გვეზიზღება.

     კიუხელბეკერი

 

 პეტრემ დაპირება შეასრულა, თვითონ გააღვიძა იბრაჰიმი და პრეობრაჟენსკის პოლკის ბომბარდირთა ასეულის კაპიტან-ლეიტენანტობა მიულოცა. თვითონაც ამ ასეულის კაპიტანი გახლდათ. იბრაჰიმს კარისკაცები შემოეჯარნენ, თითოეული თავისებურად ცდილობდა, მეფის ახალ რჩეულს მიალერსებოდა. ქედმაღალმა თავადმა მენშიკოვმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი, შერემეტიევმა პარიზელი ნაცნობების ამბავი ჰკითხა, ხოლო გოლოვინმა სადილად მიიწვია. გოლოვინს დანარჩენებიც აჰყვნენ, ასე რომ, იბრაჰიმს მთელი თვე მაინც გასწვდებოდა ეს მიპატიჟებანი.

 დღეები ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ საქმით იყვნენ აღსავსენი, ამიტომ იბრაჰიმს მოსაწყენად არ ეცალა. იგი უფრო და უფრო ეთვისებოდა ხელმწიფეს და უკეთ სწვდებოდა მის დიად სულს. დიდი ადამიანის აზრთათვის თვალის მიდევნება ერთობ საინტერესოა. იბრაჰიმი პეტრეს ხედავდა, როცა სენატში ბუტურლინს და დოლგორუკს ეკამათებოდა, კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებს არჩევდა; ხედავდა საადმირალოს კოლეგიაში, სადაც რუსეთის საზღვაო დიდებას განამტკიცებდა. უნახავს თეოფანესთან, გავრილ დეჟანსკისა და კოპიევიჩთან, უნახავს მოსვენების ჟამს, როცა საზღვარგარეთის პუბლიცისტების თარგმანებს ათვალიერებდა, ან კიდევ უნახავს ვაჭრის ფაბრიკაში, ოსტატის სახელოსნოში და მეცნიერის კაბინეტში. იბრაჰიმს რუსეთი ესახებოდა ვეებერთელა სახელოსნოდ, სადაც მარტო მანქანები მოძრაობენ, სადაც დადგენილ წესრიგს დამორჩილებული თითოეული მუშა თავის საქმეს აკეთებს. თვითონაც მოვალედ რაცხდა თავს, საკუთარ დაზგასთან ემუშავა და ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლებად ემწუხარა პარიზული ცხოვრების შესაქცევრებზე. უფრო უმძიმდა სხვა, სანუკვარი მოგონების დათრგუნვა: იგი ხშირად ფიქრობდა გრაფინია დ.-ზე, გონებაში ისარკავდა მის სამართლიან აღშფოთებას, ცრემლს, ნაღველს... მაგრამ ხანდახან შემაზრზენი აზრი უწურავდა გულს: მაღალი საზოგადოების დროსტარებანი, ახალი ნაცნობები, სხვა ბედნიერი მამრი... და ჟრჟოლა უვლიდა: აფრიკულ სისხლს ეჭვი უმღვრევდა და შავ სახეზე ლამის ცხარე ცრემლი გადმოსდენოდა.

 ერთ დილას, თავის კაბნეტში საქმიან ქაღალდებში ჩაფლულს, უცბად შემოესმა, რომ ვიღაცა ხმამაღლა მიესალმა ფრანგულად. იბრაჰიმი მკვირცხლად შემობრუნდა და მხიარული შეძახილით გადაეხვია კიდეც ახალგაზრდა კორსაკოვი, კაცი, რომელიც პარიზის მაღალი საზოგადოების ცხოვრების ქარტეხილში დატოვა.

 – ეს-ესაა ჩამოვედი და პირდაპირ შენთან მოვიჭერი, – უთხრა კორსაკოვმა. – ჩვენი პარიზელი ნაცნობები უკლებლივ მოკითხვას გითვლიან, ნანობენ, რატომ ჩვენთან არ არისო. გრაფინია დ.-მ დამაბარა, უსათუოდ ჩამოვიდესო. აგერ მისი წერილიც.

 იბრაჰიმმა გულისფანცქალით სტაცა ხელი წერილს და ნაცნობ ნაწერს დააცქერდა, იგი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.

 – რარიგ მიხარია, რომ ამ ბარბაროსულ პეტერბურგში მოწყენილობას ჯერჯერობით არ მოუკლავხარ! – განაგრძობდა კორსაკოვი. – რას აკეთებენ აქ, რას საქმიანობენ? ვინაა შენი მკერავი? არის თუ არა თქვენთან თუნდაც ოპერა?

 იბრაჰიმმა უგულისყუროდ მიუგო, ხელმწიფე ახლა ალბათ ნავსაშენში მუშაობსო. კორსაკოვს გაეცინა და უთხრა:

 – ვატყობ, ახლა საჩემოდ არ გცალია. ლაპარაკით სხვა დროს ვიჯერებთ გულს, მივდივარ, რათა ხელმწიფეს წარვუდგე.

 იგი ცალ ფეხზე შეტრიალდა და ოთახიდან გავარდა.

 იბრაჰიმმა თავი რომ დაიმარტოხელა, სულსწრაფად გახსნა წერილი. გრაფინია ნაზად ეუბნებოდა სამდურავს, საყვედურობდა, თვალთმაქცობა, უნდობლობა გამოიჩინეო. წერდა: “მეუბნები შენი სიმშვიდე ყველაფერზე უფრო მეძვირფასებაო! ეს რომ ჭეშმარიტებას შეეფერებოდეს, განა იმ დღეში ჩამაგდებდი, რაც შენი გამგზავრების უეცარმა ცნობამ მაწვნია? შენ შიშობდი, განზრახვაზე ხელი არ ამაღებინოსო. გჯეროდეს, ჩემი სიყვარულის მიუხედავად, შევძლებდი ეგ სიყვარული მსხვერპლად გამეღო შენი კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რასაც საკუთარ მოვალეობად რაცხ”. წერილის ბოლოს გრაფინია მგზნებარედ უმტკიცებდა სიყვარულს და აფიცებდა, ხანდახან მაინც მომწერე, თუ უკვე გადაწურულია იმედი, ოდესმე ჩვენი კვლავ შეხვედრისაო.

 იბრაჰიმმა ოცჯერ წაიკითხა წერილი და გულაფოფინებულმა კოცნა სათაყვანო სტრიქონები. ერთი სული ჰქონდა, რაიმე მოესმინა გრაფინიას შესახებ და საადმირალოში წასვლა დააპირა, იქნებ კორსაკოვს მივუსწროო, მაგრამ კარი გაიღო და კორსაკოვი თვითონ გამოჩნდა. ხელმწიფესთან უკვე ყოფილიყო და ჩვეულებისამებრ ერთობ კმაყოფილი ჩანდა თავისი თავით.

 – Entre nous ხელმწიფე უუცნაურესი კაცია, – უთხრა იბრაჰიმს. – შენ წარმოიდგინე, რაღაცნაირი ტილოს სათბურა ეცვა, ახალი ხომალდის ანძაზე იყო ასული. მეც იძულებული გავხდი, ჩემი დეპეშით იქ ავბღოტებულიყავი. თოკის კიბეზე დამდგარს ადგილი არ მყოფნიდა, წესიერი რევერანსით მივსალმებოდი, და სულ ავირიე, რაც ჩემს სიცოცხლეში არ დამმართნია. მაგრამ ხელმწიფემ, როცა ქაღალდების კითხვა მოათავა, ამხედ-დამხედა და ალბათ გაუკვირდა და იამა, ეს რა კოხტად და გემოვნებით გამოწყობილაო. ყოველ შემთხვევაში, გაიღიმა და დღევანდელ ასამბლეაზე მიმიპატიჟა. მაგრამ მე პეტერბურგში ნამდვილად უცხოელი ვარ. ექვსი წელი რომ სხვაგან ვიყავი, სულ დამავიწყდა აქაური ჩვეულებანი. შენი ჭირიმე, მენტორად დამიდექ, გამომიარე და ხალხს გამაცანი.

 იბრაჰიმი დაეთანხმა და დაეშურა, საუბარი მისთვის უფრო მიმზიდველ საგანზე გადაეტანა:

 – როგორაა გრაფინია დ.?

 – გრაფინია? რაღა თქმა უნდა, თავდაპირველად ნაღველმა დარია ხელი, შენ რომ წამოხვედი. შემდეგ, რასაკვირველია, ნელ-ნელა გაიქარვა დარდი და ახალი საყვარელი გაიჩინა. მერედა, ვინ? აყლაყუდა მარკიზი რ. რას გადმოქაჩე შენი ზანგის თვალები! თუ გეუცნაურება ეგ ამბავი? განა არ იცი, რომ ხანგრძლივი მწუხარება არ ესადაგება ადამიანის ბუნებას, განსაკუთრებით ქალისას? კარგად დაუფიქრდი ამას, მე კი წავალ, ნამგზავრზე დავისვენებ, იცოდე, გამოვლა არ დაგავიწყდეს.

 რა გრძნობებმა მოიცვა იბრაჰიმის სული? ეჭვმა? სიბრაზემ? სასოწარკვეთილებამ? არა, გულის მომწყვლელმა ნაღველმა. ამას წინასწარ ვხედავდი, ეს უნდა მომხდარიყოო, – იმეორებდა თავისთვის. შემდეგ გრაფინიას წერილი გახსნა, ისევ წაიკითხა, თავი ჩაქინდრა და გულამოსკვნით ატირდა. ტიროდა დიდხანს. ცრემლებმა გულს მოუფონეს. დახედა საათს და დაინახა, რომ წასვლის დრო იყო. ერთობ სასიხარულოდ დარჩებოდა, თუ თავს დაიძვრენდა, მაგრამ ასამბლეა სამსახურებრივი საქმე გახლდათ და ხელმწიფე სასტიკად ითხოვდა ყველა შინაკაცის დასწრებას. იბრაჰიმმა ჩაიცვა და კორსაკოვის წამოსაყვანად გასწია.

 კორსაკოვი ხალათმოსხმული იჯდა და ფრანგულ წიგნს კითხულობდა. იბრაჰიმი რომ დაინახა, ჰკითხა:

 – ასე ადრე?

 – როგორ გეკადრება, – მიუგო იბრაჰიმმა. – უკვე ექვსის ნახევარია, ვიგვიანებთ. ჩქარა გამოეწყვე და წავიდეთ.

 კორსაკოვი დაფაცურდა, მთელი ძალით ატეხა ზარის რეკვა. შემოცვივდნენ მსახურნი. კორსაკოვმა ფაცხაფუცხით დაიწყო ჩაცმა. ფრანგმა კამერდინერმა წითელქუსლიანი ფეხსაცმელები, ცისფერი ხავერდის შარვალი და კილიტებით ნაკერი ვარდისფერი ხიფთანი ჩააცვა. წინოთახში პარიკს სასწრაფოდ აფრქვევდნენ პუდრს, შემდეგ პარიკი შემოიტანეს; კორსაკოვმა შეკრეჭილი პატარა თავი შეყო შიგ, დაშნა და ხელთათმანი მოითხოვა, ათჯერ შეტრიალ-შემოტრიალდა სარკის წინ და იბრაჰიმს აუწყა, მზად ვარო. ჰაიდუკებმა ერთსაც და მეორესაც დათვის ქურქები მოაცვეს და ისინი ზამთრის სასახლისკენ გაემართნენ.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / პეტრე დიდის ზანგი