პუშკინი ალექსანდრე

 

პიკის ქალი (I ვარიანტი)

 

 

პიკის ქალი ნიშნავს

იდუმალ არაკეთილმოსურნეობას

 

უახლესი სამკითხაო წიგნი

 

 

 I

 

 ხოლო ავდრიან დღეს

 ხშირად იყრიდნენ თავს

 ერთად;

 აორმაგებდნენ ბანკს:

 ასად ორმოცდაათს -

 ოი, შეუნდოთ

 ღმერთმა!

 და წაგებ-მოგებას

 მსწრაფლ აღნუსხავდნენ

 ცარცით.

 ასე, ავდრიან დღეს,

 გართული იყვნენ

 საქმით.

 

ერთხელ კარტს თამაშობდნენ ცხენოსან გვარდიელ ნარუმოვისას. ზამთრის ხანიერი ღამე თვალსა და ხელს შუა გაიპარა. სავახშმოდ დილის ხუთ საათზე დასხდნენ. მოგებულებმა მგლის მადა გამოიჩინეს, სხვები, დავთრებარეულნი, ხელს არ ახლებდნენ თავიანთ დანა-ჩანგალს, მაგრამ გამოიტანეს შამპანური, საუბარი გაცხოველდა და ყველამ აიდგა ენა.

 – რა ჰქენი, სურინ? – ჰკითხა ერთს მასპინძელმა.

 – წავაგე, ჩვეულებისამებრ. უნდა ვაღიარო, უბედურ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი: ისე ვთმაშობ, ჩამოსულ თანხას არ ვზრდი, არასოდეს არ ვფიცხობ, ვერაფრით თავგზას ვერ ამიბნევ და მაინც ვაგებ!

 – მერედა, არც ერთხელ ცთუნებას არ აჰყოლიხარ? არც ერთხელ არ ჩამოსულხარ გაზრდილ ფსონს? ბარაქალა შენს გულმტკიცობას.

 – ეგ რაა, გერმანს არ იკითხავთ? – თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა და ახალგაზრდა ინჟინერზე მიანიშნა. – მის სიცოცხლეში კარტს არ გაჰკარებია, მის სიცოცხლეში ფსონი არ გაუორკეცებია და მაინც ხუთ საათამდე ზის ჩვენთან ერთად და თამაშს ადევნებს თვალს!

 – ძალიან კი მიმიწევს გული სათამაშოდ, – მიუგო გერმანმა, – მაგრამ არ შემიძლია აუცილებელი რამ გავიმეტო ზედმეტის მოგების იმედით.

 – გერმანი გერმანელი გახლავთ: მომჭირნე კაცია, მორჩა და გათავდა! – შენიშნა ტომსკიმ. – ბებიაჩემს, გრაფინია ანა ფედოტოვნას კი ვერა გავუგე რა.

 – როგორ? რაო? – დასძახეს სტუმრებმა.

 – ვერ ჩავმხვდარვარ, – განაგრძო ტომსკიმ, – რატომ არ თამაშობს ბებიაჩემი.

 – ოთხმოცი წლის ბებრუხანა რომ არ თამაშობს, ამას რა გაგება უნდა?

 – მაშ, არაფერი იცით მის შესახებ?

 – არა! მართალი გითხრათ, არაფერი!

 – ოო, არ იცით და მისმინეთ:

 უნდა გაუწყოთ, რომ ბებიაჩემი სამოცი წლის წინათ პარიზს ეწვია და იქ ერთობ გამორჩეული ჰყავდათ. ხალხი კაბის კალთაზე გამოება, იქნებ La Vénus moscovite*-ს თვალი შევავლოთო. ხოლო რიშელიე ეკურკურებოდა და ბებიაჩემი ირწმუნება, ლამის ტყვია დაიხალა, უწყალოდ რომ მოვექეციო. იმხანად ქალები ფარაონს თამაშობდნენ. ერთხელ სასახლეში ორლეანის ჰერცოგს ვალზე ეთამაშა და ქვეყნის ფული წააგო. მოვიდა შინ და სახეზე მიწებებულ ხალებს რომ იცილებდა და ფიჟმებს იხსნიდა, ბაბუას გამოუცხადა, ამდენი და ამდენი წავაგე და გადაიხადეო, – უბრძანა.

 განსვენებული ბაბუაჩემი, მახსოვს, ბებიაჩემის მსახურთუფროსის მაგვარი რაღაც იყო. ბებიაჩემისა, როგორც ცეცხლს წყლისა, ისე ეშინოდა, მაგრამ ამოდენა თანხის წაგების ამბავი რომ გაიგო, ქოში უკუღმა ჰყარა, მოიტანა ხარჯების ჩანაწერები და ბებიას დაუმტკიცა, რომ ნახევარ წელიწადში ნახევარ მილიონს გამოუყვანეს წირვა, რომ პარიზის მახლობლად არც მოსკოვთან ახლომდებარე და არც სარატოვის სოფლები ჰქონდათ და ცივი უარი სტკიცა ფულის გადახდაზე. ბებიამ სილა უთავაზა და, რომ ეჩვენებინა, გაცამწყრალი ვარო, ცალკე დაწვა.

 მეორე დღეს ბრძანა, ქმარი ეხმოთ, იმედოვნებდა – შინაურული დასჯა მოტეხდა, ბაბუას კი ნირიც არ შეცვლოდა. ბებიამ თავის დღეში პირველად დაუწყო ბჭობა და ახსნა-განმარტება, ფიქრობდა, დავამუნათებო, ლმობიერად უმტკიცებდა, ვალი ვალს გააჩნია, პრინცი და ეტლის ხელოსანი ერთმანეთისგან განსხვავდებიანო, მაგრამ საქმეში ხართ! ბაბუამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. არა და არაო! ბებიამ აღარ იცოდა, რა წყალში ჩავარდნილიყო.

 ბებიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთ ძალზე შესანიშნავ კაცს. გაგეგონბათ გრაფი სენ-ჟერმენი, რომელზეც ამდენ სასწაულს ჰყვებიან. იცით, რომ თავი მოჰქონდა მარადიულ ურიად, სიცოცხლის ელექსირის, ფილოსოფიური ქვისა და სხვათა გამომგონებლად. მას მასხრად იგდებდნენ, ვითარცა თაღლითს, ხოლო კაზანოვა თავის ჩანაწერებში ამბობს – ჯაშუში იყოო. ისე კი თავისი იდუმალების მიუხედავად, ერთობ დარბაისლური შესახედაობისა იყო და საზოგადოებაში მეტად თავაზიანად იქცეოდა. ბებიაჩემს დღესაც გაგიჟებით უყვარს და ბრაზობს, როცა მასზე უპატივცემლოდ ლაპარაკობენ. ბებიამ იცოდა, რომ სენ-ჟერმენს შეიძლებოდა ფული ბლომად ჰქონოდა. გადაწყვიტა, მისი მეშვეობით ხელი გაემართა. მისწერა ბარათი და სთხოვა, სასწრაფოდ სწვეოდა. ახირებული ბერიკაცი მაშინვე მასთან გაჩნდა და ბებია უსაზღვროდ დამწუხრებული იხილა. ბებიამ მთლად შავბნელად დაუსურათხატა ქმრის ბარბაროსობა, ბოლოს უთხრა, თქვენი მეგობრობისა და თავაზიანობის იმედითღა ვარო. სენ-ჟერმენი დაფიქრდა, “ამ თანხის მორთმევა შემიძლია, – უთხრა ბებიას, – მაგრამ ვიცი, რომ სანამ არ გადამიხდით, გული საგულეს არ გექნებათ. მე კი არ ვისურვებდი, თქვენთვის ახალი საფიქრალი შემომემატებინა. საშველი არის: წანაგები შეგიძლიათ დაიბრუნოთ”. “კი, მაგრამ, ძვირფასო გრაფო, – უთხრა ბებიამ, – გეუბნებით, გროში არ მოგვეძევება”. “ფულს რას ვაქნევთ, გთხოვთ, მომისმინოთ”, – მიუგო სენ-ჟერმენმა და ერთი ისეთი საიდუმლო გაუმხილა, მისი გულისთვის თითოეული ჩვენგანი რას არ დათმობდა...

 ახალგაზრდა მოთამაშეებმა ყური დაცქვიტეს. ტომსკიმ ჩიბუხს მოუკიდა, გააბოლა და განაგრძო:

 ბებია იმავე საღამოს გაჩნდა ვერსალში au jeu de la Reiné**. ორლეანის ჰერცოგი კარტს არიგებდა. ბებიამ მოუბოდიშასავით, ვალი ვერ მოგიტანეთო, თავის გასამართლებლად რაღაც ამბავი მოიგონა და მის წინააღმდეგ ჩაება თამაშში. ამოირჩია სამი კარტი, ისინი ერთიმეორის მიყოლებით დასვა და სამივემ ფსონი მოაგებინა, რითაც მთელი წანაგები დაიბრუნა.

 – შემთხვევის ამბავია! – თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა.

 – დაუჯერებელია! – შენიშნა გერმანმა.

 – იქნებ კარტი დანიშნული იყო? – დასძინა მესამემ.

 – ვეჭვობ, – აღუშფოთებლად მიუგო ტომსკიმ.

 – რას ამბობ! – უთხრა ნარუმოვმა. – კაცს ბებია გყავს, რომელიც სამ კარტს ზედიზედ ცნობს და დღემდე მისი კაბალისტიკა ხელთ ვერ გიგდია?

 – ოჰ, რას ბრძანებ! – მიუგო ტომსკიმ. – ბებიაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა. მათ შორის მამაჩემიც, და ოთხივე თავგადაკლული მოთამაშე, მაგრამ თავისი საიდუმლო არც ერთისთვის არ გაუმჟღავნებია, თუმცა ეს საიდუმლო არც იმათ დაადგებოდა ყელზე და არც მე. ისე, აი, რა ამბავს მიყვებოდა ხოლმე ბიძაჩემი გრაფი ივან ილიჩი და რას მარწმუნებდა პატიოსნად: თურმე აწ განსვენებულმა ჩაპლიცკიმ, სწორედ იმან, მილიონები რომ ქარს გაატანა და თვითონ სიღატაკეში ამოხდა სული, ერთხელ თავის ახალგაზრდობაში, ვგონებ, ზორიჩთან სამას ათასამდე წააგო და ყოვლის იმედი გადაეწურა. ბებიაჩემი ნიადაგ სასტიკად ეკიდებოდა ახალგაზრდების გიჟობას, მაგრამ ჩაპლიცკიზე რატომღაც გული დაუდნა, ადგა და მისცა სამი კარტი, თან შეიპირა, ისინი ზედიზედ დაესვა და ვაჟკაცური პირობა დაადებინა, ამის შემდეგ თამაშზე ხელი აეღო. ჩაპლიცკი გამოცხადდა თავის მძლეველთან. დასხდნენ სათამაშოდ. ჩაპლიცკი პირველ კარტზე ორმოცდაათ ათასს ჩავიდა ბანკი მოხსნა. გააორკეცა ფსონი, გააოთხკეცა და წანაგები დაიბრუნა, თან მოგებაც დარჩა...

 მაგრამ ძილის დროა...

 უკვე ექვსს თხუთმეტი აკლია.

 მართლაც რიჟრაჟდებოდა. ახალგაზრდებმა თავიანთი სირჩები გამოწრუპეს და გაიყარნენ.

 

 II

 

 – II paraît que monsueur est décidement pour les suivantes.

 – Que voulez-vous, madame? elles sont plus fralîches.**

                                                                                                           მაღალი წრის საუბარი

 

 მოხუცი გრაფინია თავის საპირფარეშოში სარკეს უჯდა. გარს სამი მოახლე შემოსდგომოდა. ერთს ფერ-უმარილის ქილა ეჭირა, მეორეს – სარჭებიანი კოლოფი, მესამეს – ალისფერლენტებიანი მაღალი ჩაჩი. გრაფინია თავს აღარ იდებდა დიდი ხნის გარდასულ სილამაზეზე, მაგრამ ახალგაზრდობის დროინდელ არც ერთ ჩვევაზე არ აუღია ხელი, ზედმიწევნით მისდევდა სამოცდაათიანი წლების მოდას და ისევე დიდხანს, ისევე საგულდაგულოდ იცვამდა, როგორც სამოცი წლის წინათ. ფანჯარასთან ქალიშვილი – მისი გაზრდილი – ქარგას უჯდა.

 საპირფარეშოში ახალგაზრდა ოფიცერი შემოვიდა.

 – გამარჯობათ, grand’ maman*** – თქვა მან. – Bon jour, mademoiselle Lise****. თქვენთან სათხოვარი მაქვს, grand’ maman.

 – რა არის, Paul?

 – ნება მომეცით, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი გაგაცნოთ და პარასკევს ბალზე მოგიყვანოთ.

 – პირდაპირ ბალზე მომიყვანე და იქ გამაცანი კიდეც. გუშინ ***-სთან თუ იყავი?

 – მაშ როგორ! რჯულზე ვიმხიარულეთ. დილის ხუთ საათამდე ვცეკვავდით. რარიგ ლამაზი იყო ელეცკაია!

 – იჰ, ჩემო კარგო! სილამაზისა რა სცხია? განა მასეთი იყო ბებიამისი, თავადის ქალი დარია პეტროვნა?.. სიტყვამ მოიტანა და ალბათ იგი, თავადის ქალი დარია პეტროვნა, ნამეტანი მოხუცდა, არა?

 – რაო, მოხუცდაო? – დაბნეულად მიუგო ტომსკიმ, – შვიდი წელია, რაც იმ ქვეყანას წავიდა.

 ქალიშვილმა თავი ასწია და ახალგაზრდა კაცს რაღაც ანიშნა. ოფიცერს გაახსენდა, რომ მოხუც გრაფინიას მისი თანატოლების გარდაცვალებას უმალავდნენ და ტუჩი მოიკვნიტა, მაგრამ გრაფინიას ეს ახალი ამბავი აინუნშიაც არ ჩაუგდია.

 – იმ ქვეყანას წავიდა! – თქვა მან. – არც კი ვიცოდი! ჩვენ ერთად გვიბოძეს ფრეილინობა, და როცა დედოფალს წარვუდექით, მან...

 აქ გრაფინიამ მეასეჯერ უამბო შვილიშვილს თავისი თავგადასავალი.

 – აბა, Paul, – თქვა შემდეგ, – ახლა წამოდგომაში მიშველე. ლიზანკა, სადაა ჩემი საბურნუთე?

 გრაფინია თავის მოახლეებთან ერთად თეჯირებს უკან გავიდა, რომ მორთვა-მოკაზმვა დაემთავრებინა. ტომსკი ქალიშვილთან დარჩა.

 – ვინ უნდა გააცნოთ ბებიას? – წყნარად ჰკითხა ლიზავეტა ივანოვნამ.

 – ნარუმოვი. იცნობთ?

 – არა, სამხედრო პირია თუ სამოქალაქო?

 – სამხედრო.

 – ინჟინერია?

 – არა, კავალერისტი. კი მაგრამ, რატომ იფიქრეთ, რომ ინჟინერი იყო?

 ქალიშვილს გაეცინა და არაფერი უპასუხა.

 – Paul! – დაიძახა გრაფინიამ თეჯირებს მიღმა. – გამომიგზავნეთ რომელიმე ახალი რომანი, ოღონდ ამჟამინდელი არა, თუ შეიძლებოდეს.

 – აბა, grand’maman?

 – ესე იგი, ისეთი რომანი, სადაც გმირი არც მამას ახრჩობდეს, არც დედას და სადაც არ იქნებიან დამხრჩვალი გვამები. ძრწოლას მგვრიან დამხრჩვალები!

 – ამგვარი რომანები ამჟამად არ არის. რუსული რომანები ხომ არ გნებავთ?

 – მაგრამ არსებობს კი რუსული რომანები?.. გამომიგზავნე, გენაცვალე, გამომიგზავნე!

 – უკაცრავად, grand’maman! მე ვიჩქარი... უკაცრავად, ლიზავეტა ივანოვნა! მაინც რატომ იფიქრეთ, ნარუმოვი ინჟინერიაო? – იკითხა ტომსკიმ და საპირფარეშოდან გავიდა.

 ლიზავეტა ივანოვნა მარტო დარჩა, ხელსაქმე მიატოვა და ფანჯარაში გაიხედა. მალე ქუჩის მხარეს, კუთხის სახლთან ახალგაზრდა ოფიცერი გამოჩნდა. ლიზას ლოყები აუყირმიზდა: იგი კვლავ შეუდგა ქარგვას და თავი ისე დახარა, ლამის კანვას შეეხო. ამ დროს შემოვიდა გრაფინია, საბოლოოდ ჩაცმული.

 – ლიზანკა, ეტლში ცხენები შეაბან და გავისეირნოთ, – უთხრა მან ქალიშვილს.

 ლიზანკამ ქარგვას თავი მიანება და სამუშაოს ალაგებას შეუდგა.

 – რა გჭირს, შვილოსა! ყრუ ხარ თუ რა! – დაუყვირა გრაფინიამ. – სასწრაფოდ შეაბმევინე ცხენები.

 – ამ წუთში! – წყნარად მიუგო ქალიშვილმა და წინკარში გაიჭრა.

 შემოვიდა მსახური და გრაფინიას თავად პაველ ალექსანდროვიჩისაგან მორთმეული წიგნები შემოუტანა.

 – კეთილი! მადლობა მოახსენე, – უთხრა მსახურს გრაფინიამ. – ლიზანკა, ლიზანკა! კი მაგრამ, სად გარბიხარ?

 – ჩასაცმელად.

 – მოასწრებ, შვილოსა, აქ იჯექი. გადაშალე, ერთი, პირველი ტომი. იკითხე ხმამაღლა...

 ქალიშვილმა აიღო წიგნი და რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა.

 – უფრო ხმამაღლა! – უთხრა გრაფინიამ, – რა ამბავია შენს თავს, შვილოსა? ხმა ხომ არ წაგერთვა?.. მოიცა. ფეხის დასადგმელი სკამი მომიწიე, უფრო ახლო... აბა!

 ლიზავეტა ივანოვნამ კიდევ ორი გვერდი ჩაათავა. გრაფინიამ დაამთქნარა.

 – მოაშორე ეგ წიგნი, – უთხრა ქალიშვილს. – რა აბდაუბდაა! გაუგზავნე თავად პაველს და მადლობა შეუთვალე... კი მაგრამ, ეტლი რაღას შვრება?..

 ლიზავეტა ივანოვნამ ქუჩას გახედა და მიუგო:

 – ეტლი მზადაა.

 – მერე შენ რატომღა არ ჩაგიცვამს? ყოველთვის უნდა გელოდო! ეს აუტანელია, შვილოსა!

 ლიზა თავის ოთახში გავარდა. ორი წუთიც არ გასულა, რომ გრაფინიამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიწყო ზარის რეკვა. ერთ კარში სამი მოახლე შემოიჭრა, ხოლო მეორეში – კამერდინერი.

 – ნეტავ რა გიხშობთ ყურებს? – უთხრა მათ გრაფინიამ. – ლიზავეტა ივანოვნას აუწყეთ, გიცდის-თქო.

 შემოვიდა ლიზავეტა ივანოვნა. მას კაპოტი ეცვა და ქუდი ეხურა.

 – ძლივს არ დაგვაყენე საშველი, შვილოსა! – უთხრა გრაფინიამ. – ეს როგორ გამოწყობილხარ! რატომ?.. ვის აწონებ თავს? მერედა ამინდი როგორია? მგონი, ქარი ქრის.

 – რას ბრძანებთ, თქვენო ბრწყინვალებავ! ძალიანაც სიწყნარეა! – მიუგო კამერდინერმა.

 – თქვენ ნიადაგ ზეპირად ლაპარაკობთ! გამოაღეთ სარკმელი. რა თქმა უნდა, ქარია! თანაც ერთობ ცივი! გამოხსენით ცხენები! ლიზანკა, აღარ წავალთ, არ უნდა გამოვწყობილიყავით.

 “ვაი, ჩემს ცხოვრებას”! – გაიფიქრა ლიზავეტა ივანოვნამ.

 ლიზავეტა ივანოვნა მართლაც უუბედურესი არსება იყო. ყელზე იცის დადგომა სხვისმა პურმა, – ამბობს დანტე, – და წელის მოწყვეტა სხვისი პარმაღის საფეხურებმა, ხოლო დიდგვაროვანი ბებრუხანას საბრალო გაზრდილზე უკეთ ვის უნდა სცოდნოდა, რარიგ მწარეა, სხვაზე რომ ხარ დამოკიდებული. გრაფინია ***, რა თქმა უნდა, გულბოროტი არა, მაგრამ თავნება კი გახლდათ, ვითარცა მაღალი წრის მიერ ხელისგულზე ნატარები ქალი, ქვაწვია და უსულგულო ეგოიზმით აღსავსე, ვითარცა ყველა მოხუცი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების სვრელი გალიეს და გული აუყრიათ დღევანდელობაზე. იგი მაღალი საზოგადოების არც ერთ უსაზმნო თავშექცევას არ აკლდებოდა, დაწოწიალებდა ბალებზე, სადაც კუთხეში იჯდა ფერუმარილწასმული და ძველებურად გამოწყობილი, ვით საბალო დარბაზის უშნო და აუცილებელი სამკაული. შემოსული სტუმრები დაწესებული ჩვეულებისამებრ მდაბალი სალმით ეახლებოდნგენ ხოლმე, შემდეგ კი ზედაც აღარავინ უყურებდა. თავის სახლში მთელ ქალაქს ღებულობდა, რის დროსაც მკაცრ ეტიკეტს იცავდა, ოღონდ სახით ვერავის სცნობდა. ურიცხვი მსახურნი, მის წინაოთახსა და სამოახლოში გასუქებულ-გაჭაღარავებულნი, თავიანთ ქეიფზე იქცეოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამარეში ცალფეხჩადგმული დედაბრის ძარცვაში. ლიზავეტა ივანოვნა ნამდვილი შინაჯვარცმული გახლდათ. ასხამდა ჩაის და საყვედურობდნენ, შაქარს არ უფრთხილდებიო; ხმამაღლა კითხულობდა რომანებს და ავტორის ყველა შეცდომას მას აბრალებდნენ; სასეირნოდ გასულ გრაფინიას თან ახლდა და ამინდი და ქვაფენილი მისი თავშისაცემი იყო. დანიშნული ჰქონდა ხელფასი, რომელსაც პირწმინდად არასოდეს უხდიდნენ, სამაგიეროდ, მოითხოვდნენ ჩაეცვა ისე, როგორც ყველა იცვამდა, ესე იგი, როგორც ერთობ ცოტანი იცვამდნენ. საზოგადოებაში უბეჩავესი ადამიანის როლს ასრულებდა. ყველა იცნობდა და არავინ კი არაფრად აგდებდა. ბალებზე მარტოოდენ მაშინ ცეკვავდა, vis-à-vis რომ არ კმაროდა. ბანოვანებიც ხელკავს ყოველთვის მაშინ გამოსდებდნენ, როცა საპირფარეშოში უნდა წასულიყვნენ თავიანთი მორთულობის მოსაწესრიგებლად. ლიზავეტა ივანოვნა თავმომწონე ქალიშვილი იყო. ცხოვლად შეიგრძნობდა, რა დღეც ადგა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალს, მოუთმენლად ელოდა ვინმე მხსნელის გამოჩენას, მაგრამ ანგარიშიანი, ქარაფშუტული პატივმოყვარეობით შეპყრობილი ახალგაზრდები ზედაც არ უყურებდნენ, თუმცა ლიზავეტა ივანოვნა ასჯერ უფრო მიმზიდველი იყო იმ უტიფარ და უკარება საპატარძლოებზე, რომელთაც ისინი კუდში დასდევდნენ. რამდენჯერ ჩუმად დაუტოვებია მოსაწყენი და დიდებული სასტუმრო და თავის უბადრუკ ოთახში სატირლად გასულა, ოთახში, სადაც შპალერაკრული თეჯირები, კამოდი, პატარა სარკე, შეღებილი საწოლი იდგა და სპილენძის შანდალში ქონის სანთელი იბჟუტებოდა!

 ერთხელ (მოთხრობის თავში აღწერილი საღამოს შემდეგ ორი დღე იყო გასული, ხოლო იმ სურათამდე, რომელზეც ჩვენ შევჩერდით, ერთი კვირა დარჩენილი) ლიზავეტა ივანოვნა ფანჯარასთან ქარგას უჯდა. ანაზდად გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ახალგაზრდა ინჟინერი ქუჩაში უძრავად იდგა და მის ფანჯარას მოსჩერებოდა. ქალიშვილმა თავი დახარა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. ხუთი წუთის შემდეგ კვლავ გაიხედა. ახალგაზრდა ოფიცერს ფეხი არ მოეცვალა. ლიზავეტა ივანოვნას ჩვევად არ ჰქონდა გამვლელ ოფიცერთან კოპწიაობა, ქუჩაში აღარ გაუხედავს და დაახლოებით ორი საათი თავაუღებლად ქარგავდა. გააწყვეს სადილი. ლიზავეტა ივანოვნა წამოდგა და ქარგის ალაგებას შეუდგა. ამ დროს უნებლიეთ გახედა ქუჩას და კვლავ დაინახა ოფიცერი. ეს ამბავი საკმაოდ უცნაურად ეჩვენა. ნასადილევს ერთგვარი მღელვარებით მივიდა ფანჯარასთან, მაგრამ ოფიცერი წასულიყო და შემდეგ იგი აღარ გახსენებია...

 ორი დღის შემდეგ, როცა გრაფინიასთან ერთად სახლიდან გამოდიოდა, რომ ეტლში ჩამჯდარიყო, ოფიცერი კვლავ დაინახა. იგი სადარბაზოსთან იდგა, სახეს თახვის საყელო უფარავდა. ქუდქვემოთ შავი თვალები უელავდა. ლიზავეტა ივანოვნას ელეთმელეთი მოუვიდა, თვითონაც არ იცოდა რისგან, და აუწერელი გულისფანცქალით ჩაჯდა ეტლში.

 შინ მობრუნებულმა ლიზავეტა ივანოვნამ ფანჯარასთან მიირბინა. ოფიცერი ისევ იმ ადგილას იდგა და შემოჰყურებდა. ქალიშვილი ფანჯარას მოშორდა ცნობისმოყვარეობით გატანჯული და მისთვის სრულიად უცნობი გრძნობით გულაფოფინებული.

 მას შემდეგ დღე არ გავიდოდა, რომ ახალგაზრდა კაცი გარკვეულ დროს მათი სახლის ფანჯარასთან არ გამოცხადებულიყო. ქალ-ვაჟს შორის უსიტყვო ურთიერთობა გაიბა. თავის ხელსაქმეს მიმჯდარი ლიზავეტა ივანოვნა გრძნობდა, როგორ ახლოვდებოდა ოფიცერი, ქალიშვილი თავს მაღლა სწევდა და, რაც მეტი დღე გადიოდა, მით უფრო ხანიერად აპყრობდა ვაჟს მზერას. ვაჟი ამის გამო თითქოსდა მადლობელი რჩებოდა; ქალიშვილი სიყმაწვილის გამჭრიახი თვალით ხედავდა, ვაჟს როგორ ელეწებოდა ფერმიხდილი ლოყები ყოველთვის, როცა მათი თვალები ერთმანეთს გადააწყდებოდა. ერთი კვირის თავზე ლიზავეტა ივანოვნამ ოფიცერს გაუღიმა...

 ტომსკიმ რომ ნება ითხოვა, გრაფინიასთვის თავისი მეგობარი გაეცნო, საბრალო ქალიშვილს გული აუტოკდა, მაგრამ რაკი გაიგო, ნარუმოვი ინჟინერი კი არა, ცხენოსანი გვარდიელი იყო, ინანა, რომ მოურიდებელი კითხვით თავქარიან ტომსკის თავისი საიდუმლო გაუმხილა.

 გერმანს, ერთი გარუსებული გერმანელის ვაჟიშვილს, მამამ პატარა კაპიტალი დაუტოვა. მას მტკიცედ სწამდა, რომ თავისი დამოუკიდებლობა აუცილებლად უნდა განემტკიცებინა და პროცენტებსაც არ აკარებდა ხელს, მხოლოდ და მხოლოდ ჯამაგირით ცხოვრობდა, თავს ნებას არ აძლევდა უმცირესი გულისთქმა აესრულებინა. სხვა მხრივ გულდახშული და პატივმოყვარე იყო და ამხანაგებს იშვიათად უჩნდებოდათ საბაბი მისი ზედმეტი მომჭირნეობის გასაქირდავად. გერმანისთვის ნიშნეული გახლდათ დაუცხრომელი გატაცება და მგზნებარე წარმოსახვა, მაგრამ ახალგაზრდობის ჩვეულებრივ ცთუნებებს სიმტკიცის წყალობით არიდებდა თავს. მაგალითად, ბუნებით მოთამაშეს, კარტისთვის არასდროს ხელი არ მოუკიდია, რამეთუ გამოიანგარიშა, რომ შეძლება ნებას არ აძლევდა (როგორც თავად ამბობდა) აუცილებელი რამ გაემეტებინა ზედმეტის მოგების იმედით, თუმცა მთელი ღამეობით სათამაშო მაგიდებთან იჯდა და თამაშის ჩარხის ტრიალს ისე ადევნებდა თვალს, გული ლამის ბუდიდან ამოვარდნოდა.

 სამი კარტის ამბავმა ერთობ იმოქმედა გერმანის წარმოსახვაზე და იგი მთელ ღამეს გონებიდან არ მოშორებია. “რა იქნება, – ფიქრობდა მეორე დღეს მიმწუხრზე პეტერბურგში მოხეტიალე, – რა იქნება, რომ მოხუცმა გრაფინიამ თავისი საიდუმლო გამიმჟღავნოს! ან მითხრას, რომელია ეს სამი უტყუარი კარტი! რატომ არ უნდა სცადო ბედი?.. გაეცნო გრაფინიას, მოიხვეჭო მისი წყალობა, – ის კი არადა, საყვარლად გაუხდე, მაგრამ ყოველივე ეს დროის საქმეა, ხოლო გრაფინია ოთხმოცდაშვიდი წლისაა, შეიძლება მოკვდეს ერთ კვირაში, ორ დღეში!.. ახლა თვით ამბავი?.. შეიძლება კი ირწმუნო?.. არა! საქმის აწონ-დაწონა, ზომიერება და შრომისმოყვარეობა, აი, ჩემი სამი უტყუარი კარტი, აი, რა გამისამკეცებს, გამიშვიდკეცებს კაპიტალს და სიმშვიდეს და დამოუკიდებლობას მომანიჭებს!”

 გერმანი ასე სჯიდა, რომ პეტერბურგის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ძველებური სახლის წინ აღმოჩნდა. ქუჩაზე ეტლების ტევა არ იყო, ისინი ზედიზედ მოქროდნენ გაჩირაღდნებული სადარბაზოსკენ. სადარბაზოსთან ეტლებიდან ხან ახალგაზრდა მზეთუნახავის მოხდენილი ფეხი გამოიწვართებოდა, ხან ბრახუნა ბოტფორტი, ხან ზოლიანი წინდა და დიპლომატის ფეხსაცმელი. გაყინჩული მეკარის გვერდით ქურქები და მოსასხამები კრთოდნენ. გერმანი შედგა.

 – ვისია ეს სახლი? – ჰკითხა კუთხეში მდგომ გუშაგს.

 – გრაფინია ***-ს, – მიუგო გუშაგმა.

 გერმანს კანკალი აუვარდა. სამი კარტის საკვირველი ამბავი კვლავ შეუჯდა ტვინში. იგი სახლის მახლობლად ბოლთის ცემას მოჰყვა, თან დიასახლისსა და მის სასწაულებრივ უნარზე ფიქრობდა. თავის უბრალო ბინაში გვიან მობრუნდა და კარგა ხანს ვერ დაიძინა, ხოლო, როცა ძილი დაეუფლა, ესიზმრა კარტი, მწვანე მაგიდა, დასტა-დასტა ასიგნაციები და გორად დამდგარი თუმნიანები. კარტს ზედიზედ ჩადიოდა, გაბედულად აორკეცებდა ფსონს, წამდაუწუმ იგებდა და თავისკენ იხვეტდა ოქროს, ჯიბეში იწყობდა ასიგნაციებს. გერმანმა გვიან გაიღვიძა და ოხვრა აღმოხდა, რამეთუ ეს ზღაპრული სიმდიდრე გაუჩინარდა. მან კვლავ ქალაქში გასწია სახეტიალოდ და კვლავ გრაფინია***-ს სახლის წინ ამოყო თავი. აქეთ თითქოს რაღაც იდუმალი ძალა იზიდავდა. გერმანი შედგა და ფანჯრებს მიაპყრო თვალი. ერთ-ერთ ფანჯარაში დაინახა შავთმიანი თავი ალბათ წიგნზე, ან ხელსაქმეზე დახრილი. თავი წამოიწია. გერმანმა მოსხივცისკარე სახე და შავი თვალები დალანდა და ამ წუთმა გადაწყვიტა მისი ხვედრი.

 

 III

 

Vous m’écrivez, mon ange, des

 lettzers de quatre pagos plus vite

 que je ne puis les lire.

                                                                                                                                 მიმოწერა

 

 ის იყო, ლიზავეტა ივანოვნამ გაიხადა და ქუდი მოიძრო, რომ გრაფინიამ უკვე შემოუთვალა, ეტლში კვლავ შეაბმევინე ცხენებიო. გავიდნენ ჩასასხდომად. სწორედ იმ დროს, როცა ორმა ლაქიამ მოხუცი აიყვანა და ეტლის კარში შესვა, ლიზავეტა ივანოვნამ ზედ ეტლის თვალთან თავისი ინჟინერი დაინახა. ვაჟმა ხელზე სტაცა ხელი, ქალიშვილს შიშისგან თავგზა აერია. ვაჟი გაქრა, ხოლო ლიზავეტა ივანოვნას ხელთ წერილი შერჩა. მან წერილი ხელთათმანში შეინახა და მთელი გზა არც არას ხედავდა, არც არა ესმოდა. გრაფინიას ჩვეულებად ჰქონდა, წამდაუწუმ რაღაც-რაღაცები ეკითხა ეტლში: ეს ვინ შეგხვდაო? ამ ხიდს რა ჰქვიაო? იქ აბრაზე რა წერიაო? ლიზავეტა ივანოვნა ამჯერად მოუაზრებლად და შეუსაბამოდ უპასუხებდა, რითაც გრაფინია გააბრაზა.

 – რა მოგივიდა, შვილოსა! ხომ არ გამოშტერდი! არ მისმენ, თუ არ გესმის ჩემი?.. მადლობა ღმერთს, ენას არ ვუკიდებ და ჯერჯერობით არ გამოვჩერჩეტებულვარ!

 ლიზავეტა ივანოვნა გრაფინიას არ უსმენდა. შინ რომ მობრუნდა, თავის ოთახში გაიქცა და ხელთათმნიდან წერილი ამოიღო. წერილი დაწებებული არ იყო. ქალიშვილმა წაიკითხა იგი. ვაჟი სიყვარულს უხსნიდა: წერილი იყო ნაზი, მოკრძალებული და სიტყვასიტყვით ამოღებული გერმანული რომანიდან, მაგრამ ლიზავეტა ივანოვნამ გერმანული არ იცოდა და წერილმა ერთობ აამა.

 წერილმა ამავე დროს მეტისმეტად ააფორიაქა ლიზავეტა ივანოვნა. იგი პირველად ამყარებდა საიდუმლო, მჭიდრო ურთიერთობას ახალგაზრდა კაცთან. ვაჟის უტიფრობა აძრწუნებდა, თავს საყვედურობდა, გაუფრთხილებლად მოვიქეციო, და არ იცოდა, რა გზას სწეოდა: აღარ დამჯდარიყო ფანჯარასთან და უყურადღებობით ჩაეკლა ახალგაზრდა ოფიცრისთვის შემდგომი დევნის ხალისი? წერილი უკან გაეგზავნა? უგულოდ და პირდაპირ ეპასუხა? რჩევას ვერავის ჰკითხავდა. არც მეგობარი ჰყავდა და არც დამრიგებელი. ბოლოს გადაწყვიტა, ინჟინერი უპასუხოდ არ დაეტოვებინა.

 ქალიშვილი საწერ მაგიდას მიუჯდა, აიღო კალამი, ქაღალდი და გულისყური მოიკრიბა. წერილი რამდენჯერმე დაიწყო და დახია: ნაწერი ხან მეტისმეტად ლმობიერი ეჩვენებოდა, ხან მეტისმეტად უწყალო. ბოლოს რამდენიმე სტრიქონის დაწერა მოახერხა, რომლებმაც კმაყოფილება აგრძნობინეს: “მე მჯერა, – წერდა ვაჟს, – გულში სპეტაკი ზრახვები გიდევთ და არ გინდოდათ წინდაუხედავი ნაბიჯით ჩემთვის შეურაცხყოფა მოგეყენებინათ, მაგრამ ნაცნობობის გაბმა ასეთნაირად არ შეიძლებოდა. უკანვე გიგზავნით წერილს და ვიმედოვნებ, ამიერიდან საბაბი აღარ მექნება უმართებულო უპატივცემლობაზე დავიჩივლო”.

 მეორე დღეს ლიზავეტა ივანოვნამ აქეთ მომავალი გერმანი რომ დაინახა, ქარგა მიატოვა, დარბაზში შევიდა, სარკმელი გამოაღო და წერილი ქუჩაში გადააგდო ახალგაზრდა ოფიცრის სიმკვირცხლით დაიმედებულმა. გერმანმა მოირბინა, წერილს დასწვდა და საშაქარლამოში შევიდა. იქ წერილი გახსნა და შიგ თავისი ბარათი და ლიზავეტა ივანოვნას პასუხი იპოვა. თვითონაც ამას ელოდა და შინ ისე დაბრუნდა, მთელი ფიქრით და გონებით თავის სამიჯნურო ამბავს დასტრიალებდა.

 სამი დღის შემდეგ ლიზავეტა ივანოვნას თვალებცქრიალა მამზელმა მოდების სავაჭროდან ბარათი მოუტანა. მან ბარათი გულისფანცქალით გახსნა, ეგონა, ფულის გადახდას მოითხოვენო, და უცებ გერმანის ნაწერი იცნო.

 – თქვენ, გენაცვათ, შეცდით, – უთხრა ბარათის მომტანს. – ბარათი ჩემი არ არის.

 – არა, სწორედ რომ თქვენია, – მიუგო თამამმა ქალიშვილმა ეშმაკური ღიმილით. – კეთილინებეთ და წაიკითხეთ!

 ლიზავეტა ივანოვნამ ბარათს თვალი ჩაჰკრა. გერმანი შეხვედრას მოითხოვდა.

 ლიზავეტა ივანოვნა დააფეთიანა ცალკერძ ვაჟის ნაჩქარევმა მოთხოვნამ და ცალკერძ მის მიერ გამოყენებულმა ხერხმა.

 – შეუძლებელია! ეს ნამდვილად ჩემთვის არ მოუწერიათ! – თქვა და წერილი ნაკუწებად აქცია.

 – თუ ბარათი თქვენთვის არ მოუწერიათ, რატომღა დახიეთ? – უთხრა მამზელმა. – გამომტანს უკანვე წავუღებდი.

 მის შენიშვნაზე ლიზავეტა ივანოვნას სახე აეტკიცა.

 – თქვენი ჭირიმე, – მიმართა ქალიშვილს, – ამიერიდან ბარათებს ნუ მომიტანთ. ხოლო იმას, ვინც თქვენ გამოგგზავნათ, უთხარით, უნდა გრცხვენოდეთ-თქო...

 მაგრამ გერმანი არ დაშოშმინებულა. ლიზავეტა ივანოვნა მის წერილებს ყოველდღე ღებულობდა ხან ამ გზით, ხან იმ გზით. ეს წერილები უკვე გერმანულიდან კი აღარ იყო გადმოთარგმნილი, თვითონ ვაჟი წერდა გატაცებით შთაგონებული და მისთვის ნიშანდობლივი ენით: მათში ისარკებოდა გერმანის სურვილთა სიმტკიცეცა და ლაგამაწყვეტილი წარმოსახვის აბურდულობაც. ქალიშვილი უკვე აღარ ფიქრობდა წერილების უკან გაბრუნებაზე: ახლა ნეტარებას ჰგვრიდა ისინი და დაიწყო პასუხის გაცემა. მისი ბარათებიც თანდათანობით უფრო გრძელი და ნაზი ხდებოდა. ბოლოს გერმანს ასეთი წერილი გადაუგდო ფანჯრიდან:

 “დღეს ბალი არის ***-ის დესპანთან. გრაფინია იქ იქნება. ჩვენ ორ საათამდე დავრჩებით. აი, გეძლევათ შემთხვევა, ჩემი მარტო ნახვისა. გრაფინიას წასვლისთანავე ალბათ მსახურებიც გაიკრიფებიან. შემოსასვლელში დარჩება მეკარე და ისიც ჩვეულებრივად, თავის სენაკში მიდის ხოლმე. მოდით თორმეტის ნახევარზე. ამოჰყევით პირდაპირ კიბეს. თუ წინოთახში ვინმეს წააწყდებით, ჰკითხეთ, გრაფინია შინ ხომ არ არის-თქო. გეტყვიან, არ არისო, და რაღას იზამთ, უკან უნდა გაბრუნდეთ. მაგრამ ალბათ არავის არ გადაეყრებით. მოახლეები თავიანთსას, ყველანი ერთ ოთახში სხედან. წინოთახიდან გაუხვიეთ მარცხნივ, იარეთ სულ პირდაპირ, გრაფინიას საწოლ ოთახამდე. საწოლ ოთახში, თეჯირებს იქით დაინახავთ ორ პატარა კარს: ერთი გადის მარჯვნივ კაბინეტში, სადაც გრაფინია არასდროს არ შედის, მეორე – მარცხნივ, დერეფანში. იქვეა ჩემს ოთახში ამომავალი ვიწრო, ხვეული კიბეც”.

 გერმანი დანიშნულ დროს ელოდა და სული კბილით ეჭირა. საღამოს ათ საათზე უკვე გრაფინიას სახლის წინ იყო ასვეტილი. ამინდი საშინელი იდგა: დაქშიტინებდა ქარი, ფანტელებად დიოდა წყალთოვლი. ფარნები მქრქალად ანათებდა. ქუჩებში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ხანდახან შეგვიანებული მგზავრის მაძებარი ვანკა თუ ჩამოივლიდა თავისი გაძვალტყავებული ჯაგლაგით. გერმანი სერთუკის ამარა იდგა, მისთვის არც ქარი არსებობდა, არც თოვლი. ბოლოს ჩამოაყენეს გრაფინიას ეტლი. გერმანი ხედავდა, ლაქიებმა როგორ გამოიყვანეს ხელით სიასამურის ქურქში შეფუთნული მოკაკვული ბებრუხანა, ხოლო მის უკან სიფრიფანა მოსასხამით მოსილი, ცოცხალი ყვავილებით თავშემკული მისი გაზრდილი გაკრთა. ეტლის კარი ჯახუნით დაიხურა და ეტლიც მძიმედ წახორხილდა თოვლზე. შვეიცარმა კარი დახურა. ფანჯრებში შუქი ჩაქრა. გერმანი დაცარიელებული სახლის მახლობლად მოჰყვა სიარულს. მივიდა ფანჯარასთან, დახედა საათს: თორმეტის ოცი წუთი გასულიყო. გერმანი ფარანს აღარ გასცილებია, თვალები საათის ისარს ჩააბეჭდა და დარჩენილი წუთების გასვლას დაელოდა. ზუსტად თორმეტის ნახევარზე გრაფინიას პარმაღზე შეაბიჯა და გაჩახჩახებულ შესასვლელში შევიდა. მეკარე იქ არ დახვდა. აირბინა კიბე, წინოთახის კარი გააღო და ძველებურ გაჭუჭყიანებულ სავარძელში ლამპის ქვეშ მძინარე მსახური დაინახა. მსახურს ფეხაკრეფით, ნაბიჯშეუშლელად ჩაუარა. დარბაზი და სასტუმრო ოთახი ჩაბნელებული იყო. წინოთახიდან შემომავალი ლამპის შუქი მკრთალად ანათებდა მათ. გერმანი საწოლ ოთახში შევიდა. ძველებური ხატებით ავსებული სახატეს წინ ოქროსფერი კანდელი პარპალებდა. ბუმბულისბალიშებიანი, შტოფგახუნებული, ვარაყებგადაცლილი სავარძლები და დივნები ნაღვლის მომგვრელი სიმეტრიით ეკიდა m-me Lebrun-ის მიერ პარიზში დახატული ორი პორტრეტი. ერთზე გამოსახული იყო ორმოციოდე წლის სახეღაჟღაჟა, ჩასუქებული, ღია-მწვანე ფერის მუნდირში გამოწყობილი, მკერდზე ვარსკვლავმიბნეული კაცი, მეორეზე – ახალგაზრდა მზეთუნახავი, რომელსაც კეხიანი ცხვირი ჰქონდა, საფეთქლები აევარცხნა და გაპუდრულ თმაში ვარდი უკრთოდა. ყოველ კუთხეში იყო გამოჩხერილი ფაიფურის მწყემსი ქალები, სახელოვანი Leroy-ს* ნახელავი მაგიდის საათები, კოლოფები, რულეტები, მარაოები და ქალის სხვადასხვა სამშვენისები, გასული საუკუნის დამლევს მონგოლფიეს ბურთთან და მესმერის მაგნეტიზმთან ერთად გამოგონილნი. გერმანი თეჯირებს უკან გავიდა. იქ პატარა რკინის საწოლი იდგა. მარჯვნივ ჩანდა კაბინეტში გამავალი კარი, მარცხნივ მეორე, დერეფანში გამავალი. გერმანმა გააღო დერეფნის კარი და თვალი ჰკიდა გრაფინიას საბრალო გაზრდილის ოთახისკენ ამავალ ვიწრო ხვეულ კიბეს... მაგრამ უკან დაბრუნდა და ჩაბნელებულ კაბინეტში შევიდა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / პიკის ქალი (I ვარიანტი)