პუშკინი ალექსანდრე 

 

რომანი წერილებად

 

 

 

 

1. ლიზა – საშას

 

ძვირფასო საშენკა, რა თქმა უნდა, გაგაკვირვებდა ჩემი მოულოდნელი გამგზავრება სოფლად. ვიჩქარი გულწრფელად აგიხსნა ყოველივე. ის ამბავი, რომ სხვაზე ვარ დამოკიდებული, ნიადაგ გულს მიმძიმებდა. რასაკვირველია, ავდოტია ანდრეევნა ისე მზრდიდა, თავისი დისწულისგან არ მარჩევდა, მაგრამ მის სახლში მაინც აღზრდილი ვიყავი, შენ კი ვერ წარმოიდგენ, რამდენი წვრილ-წვრილი სიმწარე ახლავს ამ წოდებას. მე ბევრი რამ უნდა ამეტანა, ბევრი რამ დამეთმო, ბევრი რამ არ დამენახა იმ დროს, როცა ჩემს თავმოყვარეობას ერთი ბეწო უყურადღებობა არ გამოეპარებოდა. თვით ის ამბავი, რომ თანასწორი ვიყავი თავადის ასულისა, გულზე ლოდად მაწვა. როცა ბალზე მივდიოდით ჩაცმულნი ერთნაირად, მწყინდა, რაკი მის ყელზე მარგალიტებს ვერ ვხედავდი. ვგრძნობდი, რომ მათ მხოლოდ იმიტომ არ იკეთებდა, ჩემგან არ განსხვავებულიყო, და ეს ყურადღებიანობა უკვე შეურაცხმყოფდა. ნუთუ ჰგონიათ, თითქოს შურს ან ამგვარი ბალღური სულმოკლეობისთანა რაღაცას განვიცდი? – ვფიქრობდი მე. მამაკაცების დამოკიდებულება ჩემდამი, რარიგ თავაზიანიც უნდა ყოფილიყო, წამდაუწუმ მილახავდა თავმოყვარეობას. მათი გულცივობა თუ გულთბილობა სულ უპატივცემლობად მეჩვენებოდა. ერთი სიტყვით, უუბედურესი არსება ვიყავი და გული ჩემი, ბუნებით ნაზი, თანდათანობით სულ უფრო მიქვავდებოდა. შეგიმჩნევია თუ არა, რომ ქალიშვილები, რომლებიც აღზრდილების, შორეული ნათესავების, demoiselles de compagnieდა მისთანანი გახლავთ, ჩვეულებისამებრ, ან სულმდაბალი მსახურნი არიან, ან აუტანელი ახირებულნი? ამ უკანასკნელთ პატივს ვცემ და მთელი სულით და გულით ბოდიშს ვუხდი.

 ზუსტად სამი კვირის წინათ საბრალო ბებიას წერილი მივიღე. მარტოობას უჩიოდა და სოფელში მიხმობდა. გადავწყვიტე, შემთხვევა ხელიდან არ გამეშვა. ავდოტია ანდრეევნას ძლივძლივობით გამოვთხოვე წასვლის ნება და აღვუთქვი, ზამთარში პეტერბურგს ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ არ ვაპირებ სიტყვის შესრულებას. ჩემმა ჩასვლამ ბებია უზომოდ გაახარა. სრულებით არ მელოდა. მისმა ცრემლებმა აუწერლად ამიჩუყეს გული. ბებია გულითადად შევიყვარე. იგი ოდესღაც მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა და იმდროინდელი თავაზიანობა საკმაოდ აქვს გამოყოლილი.

 ახლა შინ ვცხოვრობ, დიასახლისი ვარ და ვერ დაიჯერებ, ეს რა ჭეშმარიტ სიამოვნებას მგვრის. უმალ მივეჩვიე სოფლურ ცხოვრებას და სრულიად არ მეხამუშება, რომ ფუფუნება მაკლია. ჩვენი სოფელი მეტად მიმზიდველია. გორაკზე წამომდგარი ძველი სახლი, ბაღი, ტბა, ფიჭვის წარაფები – ეს ყოველივე შემოდგომით და ზამთრობით ცოტათი სევდიანია, მაგრამ სამაგიეროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში ამქვეყნიური სამოთხე უნდა იყოს. მეზობლები ცოტანი გვყავს და ჯერჯერობით არავის შევხვედრივარ. განმარტოება მართლაც მომწონს, ისე როგორც შენი ლამარტინის ელეგიებში.

 მომწერე, ჩემო ანგელოზო, შენი წერილები ჩემთვის დიდი ნუგეში იქნება. რა ხდება თქვენს ბალებზე, რას შვრებიან ჩვენი საერთო ნაცნობები? თუმცა განდეგილი კი გავხდი, მაგრამ უარი მთლად არ მითქვამს ამქვეყნიურ ამაოებაზე – ამბებს მის შესახებ გულგრილად არ ვეკიდები.

 სოფელი პავლოვსკოე.

 

 

 2.საშას პასუხი

 

 ძვირფასო ლიზა!

 

 წარმოიდგინე, რარიგ განვცვიფრდი, როცა სოფელში შენი წასვლის ამბავი შევიტყვე. თავადის ასული ოლგა რომ მარტო დავინახე, შენზე ვიფიქრე, შეუძლოდ არის-მეთქი, და არ მინდოდა მისი სიტყვები დამეჯერებინა. მეორე დღეს ვღებულობ შენს წერილს. მოგილოცავ, ჩემო ანგელოზო, ახლებურად ცხოვრებას. მიხარია, რომ იგი მოგეწონა. შენს ადრინდელ მდგომარეობაზე გამოთქმულმა სამდურავებმა გული ამიჩუყეს და ცრემლი მადინეს, მაგრამ მეტად მწარედ კი მეჩვენა ისინი. როგორ შეგიძლია თავი აღზრდილებს და demoiselles de compagnie-ს შეადარო? ყველამ იცის, რომ ოლგას მამა ყველაფერს მამაშენს უნდა უმადლოდეს და მათი მეგობრობა უახლოეს ნათესაობასავით წმიდათა წმიდა იყო. შენ თითქოს ბედს არ ემდუროდი. არასდროს მიფიქრია, რომ ესოდენ იქნებოდი გაღიზიანებული. გამოტყდი, სხვა რაიმე იდუმალმა მიზეზმა ხომ არ გაიძულა სასწრაფოდ გამგზავრებულიყავი. მე ეჭვი მაქვს... შენ კი მეკრძალები და მეშინია, ჩემი ვარაუდებით შორიდან არ გაგაღიზიანო.

 რა გითხრა პეტერბურგის შესახებ? აგარაკზე ვართ ისევე, მაგრამ უკვე თითქმის ყველა წავიდ-წამოვიდა. ბალები ორი კვირის შემდეგ დაიწყება. ამინდი მშვენიერია. ბევრს ვსეირნობ. ამას წინათ ჩვენთან სტუმრები იყვნენ სადილად. ერთმა შენზე მკითხა, ხომ არაფერი იცი, რას შვრებაო? თქვა, ბალებზე რომ არ არის, ეს ისევე შესამჩნევია, როგორც გაწყვეტილი სიმი ფორტეპიანოშიო, და მეც სავსებით ვეთანხმები. სულ მეიმედება, რომ ამ შენს კაცთმოძულეობის შეტევას დიდი დღე არ უწერია. დაბრუნდი, ჩემო ანგელოზო. თორემ ამ ზამთარს ვერავის გავუზიარებ უწყინარ დაკვირვებებს, ვერავის გავანდობ ჩემი გულის ეპიგრამებს. მომიტევე, ძვირფასო, დაფიქრდი, და გონს მოდი.

 ჯვრის კუნძული.

 

 

 

 3. ლიზა – საშას

 

 შენმა წერილმა ერთობ მასიამოვნა, ისე ცხოვლად მომაგონა პეტერბურგი. მეჩვენებოდა, თითქოს გისმენდი! რა სასაცილოა შენი გაუთავებელი ვარაუდები! ეჭვობ, რომ დიდი, იდუმალი გრძნობები მაქვს, რაღაც უიღბლო სიყვარული მწვავს – ხომ ასეა? დამშვიდდი, ძვირფასო, შენ ცდები: გმირს მხოლოდ იმით ვგავარ, რომ მიყრუებულ სოფელში ვცხოვრობ და, კლარისა ჰარლოს არ იყოს, ჩაის ვასხამ ხოლმე.

 ამბობ, ამ ზამთარში ვერავის გავუზიარებ სატირულ დაკვირვებებსო. კი მაგრამ, ჩვენი მიმოწერა რის მაქნისია? მომწერე უკლებლივ, რასაც შეამჩნევ. გიმეორებ, სრულიადაც არ შემიქცევია ზურგი საზოგადოებისთვის, ჩემთვის ყველაფერი საგულისხმოა, რაც მას ეხება. ამის დასტურად გთხოვ, შემატყობინო, ვის ვაკლივარ თვალში? ჩვენს ძვირფას ლაქლაქა ალექსეი რ*-ს ხომ არა? დარწმუნებული ვარ, გამოვიცანი, ყურნი ჩემნი ყოველთვის იყვნენ სასმენელად მისდა, ხოლო მას სხვა არა უნდოდა რა.

 გავიცანი ***-ს ოჯახი. მამა ხუმარა და სტუმართმოყვარე კაცია, დედა მსუქანი, მხიარული დიაცი, ძალიან უყვარს ვისტი, რომანებსა და სუფთა ჰაერზე გაზრდილი ჩვიდმეტი წლის ტანწერწეტა, ზაფრამორეული ქალიშვილი ჰყავთ. ქალიშვილი მთელი დღე ბაღში ან მინდვრადაა, ხელთ წიგნი უჭირავს, ირგვლივ ეზოს ძაღლები ახვევია. გაბმულად ლაპარაკობს ამინდზე და სტუმარს გულითადად უმასპინძლდება მურაბით. მისას ვნახე ძველებური რომანებით გამოჭედილი კარადა. განზრახული მაქვს, სუყველა წავიკითხო და დავიწყე რიჩარდსონიდან. სოფელში უნდა ცხოვრობდე, რომ შესაძლებლობა გქონდეს, ნაქები “კლარისა” წაიკითხო. ვახსენე ღმერთი და მთარგმნელის წინასიტყვით დავიწყე; წინასიტყვა კი ირწმუნებოდა, მართალია, პირველი ექვსი ნაწილი მოსაწყენია, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო ექვსი სავსებით მიაგებს საზღაურს მკითხველის მოთმინებასო, და მეც მამაცურად მოვკიდე საქმეს ხელი. ვკითხულობ ერთ ტომს, მეორეს, მესამეს, ბოლოს მივაღწიე მეექვსემდე, ისეთი მოსაწყენია, მეტი არ იქნება. კარგი, -ვფიქრობდი მე, – ახლა გარჯისთვის საზღაური მომეგება-მეთქი. შენც არ მომიკვდე. ვკითხულობ კლარისას სიკვდილს, ლოველასის სიკვდილს და გასრულდა ყოველი! თითოეული ტომი ორნაწილიანია და ვერ შევამჩნიე, როგორ გადავედი ექვსი მოსაწყენი ნაწილიდან ექვს საინტერესო ნაწილზე.

 რიჩარდსონის კითხვამ საბაბი მომცა დავფიქრებულიყავი, თუ რა საშინლად განსხვავდება ერთმანეთისაგან ბებიებისა და შვილიშვილების იდეალები! რა აქვს საერთო ლოველასს და ადოლფს? ამ დროს კი ქალების როლი არ იცვლება. კლარისა, თუ არ გავითვალისწინებთ მის გაპრანჭულ მუხლთჩახრას მაინც, უახლესი რომანების გმირს ჰგავს. იმიტომ ხომ არა, რომ მამაკაცის მხრივ მოწონება დამოკიდებულია მოდაზე, წუთიერ აზრზე... ხოლო ქალთა მხრივ დაფუძნებულია გრძნობასა და ბუნებაზე, რომელნიც მარადიულნი არიან?

 შენ ხედავ, მე ჩვეულებრივად ვლაყბობ შენთან. ნურც შენ დამიძვირებ საუბარს. რაც შეიძლება ხშირად მომწერე და რაც შეიძლება უფრო მეტი – ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს სოფელში ფოსტის დღის მოლოდინი. ბალის მოლოდინი ამას ვერ შეედრება.

 

 

 4. საშას პასუხი

 

 შენ შეცდი, ჩემო კარგო ლიზა. თავმოყვარეობა რომ დაგიამინო, გიცხადებ, რომ რ*-ს სრულებით არ აკლიხარ თვალში, იგი ლედი პელამს, გზად შემოვლილ ინგლისელ ქალს გადაეკიდა და სულ კუდში დასდევს. მის ნალაპარაკევს ქალი მიამიტად იკვირვებს და მოკლედ წამოიძახებს ხოლმე oho! რკი აღტაცებულია. იცოდე, შენს ამბავს მეკითხებოდა და გული უკვდება შენზე შენს განუშორებელ ვლადიმირ**-ს კმაყოფილი ხარ თუ არა? ვფიქრობ, ერთობ კმაყოფილი ხარ და ჩვეულებისამებრ ვბედავ ვივარაუდო, რომ უჩემოდაც მიხვდი მისახვედრს. ხუმრობა იქით იყოს, და **-ს გულში ჰყავხარ ჩავარდნილი. მე რომ შენ ვიყო, შორს შევატოპვინებდი. რა მშვენიერი საქმროა... რატომ არ უნდა გაჰყვე – ინგლისურ სანაპიროზე იცხოვრებდი, შაბათობით საღამოები გექნებოდა და ყოველ დილით მე შემომივლიდი. ნუ სულელობ, ჩემო ანგელოზო, ჩამოდი ჩვენსა და გაჰყევი **-ს.

 გუშინწინ ბალი გამართეს კ**-სთან. ქვეყნის ხალხი იყო. ხუთ საათამდე ცეკვავდნენ. კ. ვ.-ს ძალზე უბრალოდ ეცვა, თეთრი კრეპის კაბა ემოსა, გირლანდიც კი არ ჰქონდა, ხოლო თავზე და ყელზე ნახევარი მილიონის ბრილიანტები ეკეთა: მეტი არაფერი. Z-ს, თავისი ჩვეულებისამებრ, მეტად სასაცილოდ ეცვა. საიდან იგონებს ამ ჩაცმულობას? კაბაზე ყვავილები კი არ ჰქონდა დაკერებული, რაღაცნაირი გამხმარი სოკოები. შენ ხომ არ გამოგიგზავნია მისთვის, ჩემო ანგელოზო? ვლადიმირ*არ ცეკვავდა: იგი შვებულებაში მიდის. მოვიდნენ ს.-ები (ალბათ პირველნი), მთელი ღამე ისხდნენ, არ უცეკვიათ და ყველაზე ბოლოს წავიდნენ. უფროსს, ეტყობოდა, ფერ-უმარილი ჰქონდა წასმული: დროა!.. ბალმა მეტად დიდებულად ჩაიარა. კაცები უკმაყოფილონი დარჩნენ სადილით, მაგრამ ისინი ხომ ნიადაგ რაღაცით უნდა იყვნენ უკმაყოფილონი. მე ერთობ მხიარული გახლდი, თუმცა კ ო ტ ი ლ ი ო ნ ს ვცეკვავდი აუტანელ დიპლომატ სტ.-სთან, რომელმაც თავის თანდაყოლილ სისულელეს მადრიტიდან ჩამოტანილი დაბნეულობაც მიუმატა.

 მადლობელი ვარ შენი, სულო ჩემო, რიჩარდსონზე რომ ანგარიში ჩამაბარე. ახლა ვიცი, რაცა ბრძანდება. ჩემი მოთმინების პატრონს იმედი არა მაქვს, რომ წავიკითხავ. მე უოლტერ სკოტშიც კი ზედმეტ გვერდებს ვამჩნევ. სიტყვამ მოიტანა და, მგონი, ელენა ნ.-სა და გრაფ ლ.-ს რომანი მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, გრაფმა ისე ჩამოყარა ყურები, ელენა კი ისე იფხორება, ალბათ ქორწილის საქმე გადაწყვეტილია.

 მომიტევე, ჩემო მშვენებავ!

 კმაყოფილი ხარ ჩემი დღევანდელი ლაყბობით?

 

 

 5. ლიზა – საშას

 

 არა, ჩემო ძვირფასო მაჭანკალო, არ ვფიქრობ სოფელი დავტოვო და თქვენსას საქორწინოდ ჩამოვიდე. გულახდილად ვაღიარებ, რომ ვლადიმირ*მომწონდა, მაგრამ არასდროს გულში არ გამივლია ცოლად გავყოლოდი. იგი არისტოკრატია, მე კი მოკრძალებული დემოკრატი. ვისწრაფვი, აგიხსნა და შეგნიშნო ამაყად, ვითარცა რომანის ნამდვილმა გმირმა, რომ მე ვეკუთვნი ძველთუძველეს რუს აზნაურთა გვარეულობას, ხოლო რაინდი ჩემი წვეროსანი მილიონერის შვილიშვილია. მაგრამ შენ იცი, რაც არის ჩვენი არისტოკრატია. *მაინც მაღალი წრის კაცი გახლავს, შეიძლებოდა მოვწონებოდი, მაგრამ ჩემი გულისთვის არ დათმობს მდიდარ საცოლეს და სახარბიელო ნათესაობას. თუ ოდესმე მაინც გავთხოვდი, აქ ვინმე ორმოცი წლის მემამულეს ამოვირჩევ. იგი თავის შაქრისქარხნიან მამულს მიხედავს, მე – შინაობას და ვიქნები ბედნიერი, რამეთუ არ ვიცეკვებ კ.-ს ბალზე და საღამოები არ მექნება შაბათობით ჩემსას ინგლისურ სანაპიროზე.

 აქეთ ზამთარია: სოფელში c-est un événement. ეს სრულიად ცვლის ცხოვრებას. განმარტოებით სეირნობანი წყდება, გაისმის ზანზალაკების ჟღარუნი, მონადირენი ძაღლებითურთ გადიან ნადირობად – ყველაფერს სინათლეს, სიმხიარულეს მატებს პირველი თოვლი. არაფრით არ მოველოდი ამას. ზამთარი სოფლად მაშინებდა, მაგრამ ამქვეყნად ყოველივეს აქვს თავისი კარგი მხარე.

 დავუახლოვდი მაშენკა ***-ს და შემიყვარდა. მაშას ბევრი კარგი, ბევრი ორიგინალური რამა აქვს. შემთხვევით გავიგე, რომ *მათი ახლო ნათესავია. მაშას შვიდი წელი არ უნახავს, მაგრამ აღტაცებულია მით. **-მ ამათსას ერთი ზაფხული დაჰყო და მაშა განუწყვეტლივ მიამბობს ყოველ წვრილმანს მისი მაშინდელი ცხოვრებისას. მაშას რომანებს რომ ვკითხულობ, არეებზე ვპოულობ **-ს შენიშვნებს, ფანქრით მკრთალად მიწერილთ. *ეტყობა, მაშინ ბავშვი იყო და აოცებდა აზრები და გრძნობები, რომლებზეც ახლა, რასაკვირველია, სიცილი აუტყდებოდა. ისე კი ჩანს ხალასი მგრძნობიარე სული. ვკითხულობ ერთობ ბევრს. ვერ წარმოიდგენ, რაოდენ უცნაურია 1829 წელს 775-ში დაწერილი რომანის კითხვა, თითქოს უცებ საკუთარი სასტუმროდან შტოფაკრულ ძველებურ დარბაზში შევდივართ, ვსხდებით ატლასგადაკრულ ბუმბულის სავარძლებში, მახლობლად ვხედავთ უცნაურ სამოსს, მაგრამ ნაცნობ სახეებს და ვცნობთ ჩვენს ბიძებს, ბებიებს, ოღონდ გაახალგაზდავებულებს. ამ რომანებს სხვა ღირსება მეტწილად არ მოეძევებათ, ამბავი მიმზიდველია, ვითარება კარგადაა დახლართული, მაგრამ ბელკური ლაპარაკობს ბნდუდ, შარლოტა კი უპასუხებს უადგილოდ. ჭკვიან კაცს შეეძლო აეღო მზა გეგმა. მზა ხასიათები, გაესწორებინა ენა და უაზრობანი, შეევსო დაუბოლოებელი ნათქვამი და მშვენიერი, ორიგინალური რომანი გამოუვიდოდა. გადაეცი ეს ჩემგან უმადურ რ*-ს. ძალას ნუღარ ატანს გონებას ინგლისელ ბანოვანებთან ამაო საუბრების ჟამს! დაე, ძველი ქარგის მიხედვით ახალი ნაყშები ამოქარგოს და პატარა ჩარჩოში წარმოგვიდგინოს სურათი საზოგადოებისა და ადამიანებისა, რომელთაც იგი ესოდენ კარგად იცნობს.

 მაშამ კარგად იცის რუსული ლიტერატურა. საერთოდ, აქ უფრო იზიდავთ სიტყვიერება, ვიდრე პეტერბურგში. ღებულობენ ჟურნალებს, ცხოვლად მონაწილეობენ მათ ურთიერთგაქიაქებაში, რიგრიგობით სჯერათ ორივე მხარისა, ბრაზობენ, თუ მათი საყვარელი მწერალი გაკრიტიკებულია. ახლა ვხვდები, ასე რატომ უყვართ ვიაზემსკის და პუშკინს მაზრის ქალიშვილები – ისინი მათი ნამდვილი მკითხველები არიან. ის იყო, თვალი გადავავლე ჟურნალებს და “ვესტნიკ ევროპის” კრიტიკული წერილების კითხვას შევუდექი, მაგრამ მათი უკბილობა და ლაქიობა სისაზაზღრედ მომეჩვენა – სასაცილოა, სემინარისტი როგორ მედიდურად უსაყვედურებს უზნეობას და უწმაწურობას თხზულებებს, რომლებიც ჩვენ ყველამ წავიკითხეთ, ჩვენ – სანკტ-პეტერბურგელმა უკადრისებმა!..

 

 6. ლიზა – საშას

 

 ძვირფასო! აღარ შემიძლია თვალთმაქცობა, მე დახმარება და მეგობრული რჩევა მჭირდება. **, ის, ვისაც გამოვექეცი, ვისაც უბედურებასავით ვუფრთხი, აქ არის! რა ვქნა? თავი მიბრუის, ვიბნევი, თუ ქალი ხარ, გადაწყვიტე, რა გავაკეთო. გიამბობ ყველაფერს...

 შენ შარშან ზამთარში შეამჩნიე, რომ *არ მშორდებოდა. ჩვენსას არ დადიოდა, მაგრამ ვხვდებოდით ყველგან. ამაოდ ვიჭურვებოდი გულგრილობით, უპატივცემლობის გამომეტყველებითაც კი, ვერაფრით ვერ გავარიდე თავი. ბალებზე ნიადაგ პოულობდა ადგილს ჩემ გვერდით, სეირნობისას ნიადაგ შემოგვეყრებოდა ხოლმე, თეატრში მისი ლორნეტი ჩვენი ლოჟისკენ იყო მოპყრობილი.

 თავდაპირველად ეს თავმოყვარეობას მიამებდა. შესაძლოა **-ს ზედმეტად შევამჩნევინე ეგ ამბავი. ასე იყო თუ ისე, იგი ყოველ საათს ახალ უფლებებს აძლევდა თავს და ნიადაგ საკუთარ გრძნობებზე მელაპარაკებოდა, ხან ეჭვიანობდა, ხან ჩიოდა...

 თავზარდაცემული ვფიქრობდი, ეს ყოველივე რას მიმზადებს-მეთქი, და სასოწარკვეთით ვაღიარებდი, რომ *ჩემს სულზე უფლობდა. ავდექი და პეტერბურგიდან წამოვედი. ამით ძირშივე მინდოდა ამომეკვეთა ბოროტება. ჩემმა გადაწყვეტილებამ, იმის რწმენამ, რომ ვალი მოვიხადე, ერთი პირობა გული დამიმშვიდა. **-ზე გულგრილად, ნაკლები მწუხარებით ვიწყებდი ფიქრს. უცებ კი ვხედავ მას!

 მე მას ვხედავ: გუშინ ***-ს სახელის დღე იყო. მივედი სადილობისას, შევდივარ სასტუმროში, მხვდება უამრავი სტუმარი, ულანთა მუნდირები, ქალები გარს მეხვევიან, ვკოცნი ყველას ისე, რომ ზედაც არავის ვუყურებ. ვჯდები დიასახლისის გვერდით და ჩემ წინ **-ს ვხედავ. გავშეშდი. რამდენიმე სიტყვა მითხრა, თან ისეთი ნაზი, გულწრფელი სიხარული ეხატა სახეზე, მეც ვერ შევძელი დამეფარა დაბნეულობა და კმაყოფილება.

 გავემართეთ მაგიდისკენ. *ჩემ წინ დაჯდა. ვერ ვბედავდი შემეხედა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ყველა მას უყურებდა. *დუმდა, დაბნეული იყო. სხვა დროს ერთობ აღმიძრავდა ცნობისმოყვარეობას საერთო სურვილი ჩამოსული გვარდიის ოფიცრის ყურადღების მიპყრობისა, ქალიშვილების მოუსვენრობა, მამაკაცთა მოუქნელობა, მათი ხარხარი თავიანთსავე ხუმრობაზე, ამავე დროს თავაზიანი გულცივობა და სრული უყურადღებობა სტუმრისა...

 ნასადილევს *ჩემთან მოვიდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა, და საკმაოდ უადგილოდ ვკითხე, საქმეებზე ხომ არ შემოიარეთ-მეთქი ჩვენკენ?

 “ერთ საქმეზე ჩამოვედი, რომელზეც ჩემი ცხოვრების ბედნიერებაა დამოკიდებული”, – მითხრა ხმადაბლა და გამშორდა. იგი ბოსტონის სათამაშოდ დაჯდა სამ ბებრუხანასთან (იმათში ბებიაჩემიც ერია), მე კი მაშასთან ავედი მაღლა, სადაც საღამომდე ვიწექი, – თავი მტკივა-მეთქი, – მოვიმიზეზე. სინამდვილეში უფრო ცუდად ვიყავი, ვიდრე უქეიფობაა. მაშენკა არ მცილდებოდა. იგი აღტაცებული იყო **-ით. *მათსას ერთი თვე მაინც დარჩება. მაშა მთელი დღე იქნება მასთან. მერწმუნე, მაშას უყვარს **. ღმერთმა ქნას, **-საც შეუყვარდეს. მაშა მოხდენილი და უცნაური ქალიშვილია – კაცებსაც მეტი არა უნდათ რა.

 რა ვიღონო, ძვირფასო? აქ შესაძლებლობა არ მექნება, თავი გავარიდო დევნას. **-მ უკვე მოასწრო ბებიაჩემის მოჯადოება. ივლის ჩვენთან. კვლავ დაიწყება გულის გადმოშლა, ჩივილი, ფიცილი – მერედა რისთვის? იგი მოიხვეჭს ჩემს სიყვარულს, ამომათქმევინებს გულისნადებს, შემდეგ იფიქრებს, ქორწინებაში ხეირი არა ყრიაო, რაიმე საბაბს გამოძებნის და წავა, მიმატოვებს, მე კი... რა საშინელი მომავალია! თუ ღმერთი გწამს, ხელი გამომიწოდე: ვიხრჩობი.

 

 

 7. საშას პასუხი

 

 გაცილებით უკეთესია, როცა ბოლომდე იტყვი აღსარებას და ამით გულს მოგეშვება! დიდი ხანია ასე უნდა გექნა, ჩემო ანგელოზო! რა ძალა გადგა, რომ არ აღიარებდი იმას, რაც მე კარგა ხანია ვიცოდი. *და შენ შეყვარებულნი ხართ. მერე რა? ღმერთი შეგეწიოთ. შენ ნიჭი გაქვს, ისეთი თვალით შეხედო საგნებს, ღმერთმა რომ არ უწყის. უბედურებას ელტვი და, ფრთხილად, არ შეეყარო. რატომ არ გინდა გაჰყვე **-ს: სადაა აქ გადაულახავი დაბრკოლებანი? ის მდიდარია და შენ ღარიბი – ნუ მიედ-მოედები! მისი სიმდიდრე ორს გასწვდება. მეტი რაღა გინდათ? *არისტოკრატია, შენ კი სახელით, აღზრდით განა არისტოკრატი არა ხარ?

 ამას წინათ მაღალი წრის ბანოვანებზე ატყდა კამათი. მე გავიგე, რომ ერთხელ **-მ გადაჭრით გამოაცხადა, არისტოკრაციის მხარეზე ვარ, ვინაიდან არისტოკრაცია უკეთ იცვამსო ფეხზე. ამრიგად, განა ცხადი არაა, რომ შენ თავით ფეხამდე არისტოკრატი ხარ?

 მომიტევე, ჩემო ანგელოზო, მაგრამ შენმა პოეტურმა წერილმა გამაცინა. *სოფელში ჩამოვიდა, რომ ენახე. რა საშინელებაა! შენ იღუპები, შენ მოითხოვ, რამე გირჩიო, უკვე მაზრის გმირ ქალად ხომ არ იქეცი! ჩემი რჩევაა, რაც შეიძლება მალე დაიწეროთ ჯვარი თქვენი სოფლის ეკლესიაში და ჩამოხვიდე ჩვენსას, რათა ფორნარინად მოგვევლინო წარმოდგენებში, ს**-სთან რომ იდგმება.

 ხუმრობა იქით იყოს და შენი რაინდის ქცევამ გული ამიჩუყა. რა თქმა უნდა, ძველად შეყვარებული სამი წლით საბრძოლველად მიდიოდა პალესტინაში, რათა კეთილი თვალით შეეხედათ. ჩვენს დროში კი პეტერბურგიდან ხუთას ვერსზე წასვლა შენი გულის მპყრობელის სახილველად, მერწმუნე, ბევრს ნიშნავს! *ღირსია ჯილდოსი.

 

 

 8. ვლადიმირ* – თავის მეგობარს

 

 პატივი დამდე და გაავრცელე ხმა, თითქოს ისე ავად ვარ, სულს ვღაფავ. განზრახული მაქვს ვადას გადავაცილო და მინდა დავიცვა ყოველგვარი წესიერება. აი, უკვე ორი კვირა სოფელში ვცხოვრობ და ვერ ვამჩნევ, როგორ გარბის დრო. ვისვენებ პეტერბურგული ცხოვრებისგან, რომელიც საშინლად მომბეზრდა. არ უყვარდეს სოფელი, ეს მონასტერში აღზრდილს, გალიიდან ახლახან გამოშვებულს, და თვრამეტი წლის კამერ-იუნკერს თუ მიეტევება. პეტერბურგი წინოთახია, მოსკოვი – სამოახლო, სოფელი კი ჩვენი კაბინეტი. წესიერი კაცი აუცილებლობის გამო გამოივლის წინოთახს და იშვიათად შეიხედავს სამოახლოში. სამაგიეროდ ზის თავის კაბინეტში. მეც ამით დავამთავრებ ცხოვრებას. სამსახურს თავს დავანებებ, ქალს შევირთავ და ჩემს სარატოვის სოფელში წავალ. მემამულის წოდება იგივე სამსახურია. სამი ათასი სულის გაძღოლა, რომელთა კეთილდღეობა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოცეულის მეთაურობა ან დიპლომატიური დეპეშების გადაწერა.

 აგდებული დამოკიდებულება, რასაც გლეხების მიმართ ვიჩენთ, შეუწყნარებელია. რაც უფრო მეტი უფლება გვაქვს მათზე, მით მეტი მოვალეობაც გვაკისრია მათ მიმართ. ჩვენ გლეხებს ვტოვებთ გაიძვერა მოურავის ანაბარა, რომელიც მათ ჩაგრავს, ჩვენ კი გვძარცვავს... ჩვენ ვალებს ვახმართ ჩვენს მომავალ შემოსავალს და ვკოტრდებით. მოხუცებულობა გაჭირვებასა და ურვაში გვისწრებს.

 აი, ჩვენი თავადაზნაურობის სწრაფი დაკნინების მიზეზი: ბაბუა მდიდარი იყო, შვილს უჭირს, შვილიშვილი მათხოვრდება. ძველი გვარები არარაობად იქცევიან, ახლები მაღლდებიან და მესამე თაობაში კვლავ ქრებიან. საით მივყავართ ასეთ პოლიტიკურ მატერიალიზმს? არ ვიცი, მაგრამ დროა მას ზღვარი დაედოს.

 მე ყოველთვის მწუხარებით ვუცქეროდი ჩვენს ისტორიულ გვართა განადგურებას. ჩვენში არავინ უფრთხილდება მათ – ამავე გვარების წევრთაგან მოკიდებული. ხალხს, რომელსაც ძეგლზე უწერენ: “მოქალაქე მინინსა და თავად პოჟარსკის”, აბა მოგონება რა სიამაყით უნდა ავსებდეს. რომელი თავადია პოჟარსკი? რა არის მოქალაქე მინინი? იყო ტახტის აზნაური დიმიტრი მიხაილოვიჩ პოჟარსკი და მედაბური კოზმა მინიჩ სუხორუკი, მთელი სახელმწიფოს არჩეული კაცი, მაგრამ სამშობლომ თავის მხსნელთა ნამდვილი სახელებიც კი დაივიწყა. წარსული ჩვენთვის არ არსებობს. საცოდავი ხალხი ვართ!

 დიდჩინოვანი არისტოკრაცია ვერ შეცვლის გვაროვნულ არისტოკრაციას. თავადაზნაურობის ოჯახური მოგონებანი უნდა იყოს ხალხის ისტორიული მოგონებანი, მაგრამ რა ოჯახური მოგონებანი უნდა ჰქონდეს კოლეგიის ასესორის შვილებს?

 არისტოკრაციის სასარგებლოდ რომ ვლაპარაკობ, მე თავი არ მომაქვს ინგლისელ ლორდად. ჩემი წარმომავლობა, თუმცა მე იგი არ მერცხვინება, არავითარ საამისო უფლებას არ მანიჭებს. Affecter le mépris de la naissance est un ridicule dans le parvenu et une lâcheté dans le gentilhomme.*

 ყოველივე ეს დავასკვენი უცნობ სოფელში მცხოვრებმა, მცირე მამულის მქონე აზნაურთა მართვა-გამგეობის მაყურებელმა. ხსენებული ბატონები არ მსახურობენ და თვითონ განაგებენ თავიანთ პატარა სოფლებს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, ღმერთმა ქნას და ჩვენებრ გაკოტრდნენ. რა სიველურეა! მათთვის ისევ ფონვიზინის დრო დგას. მათ შორის ჰყვავიან პროსტაკოვები და სკოტინინები!

 ეს სხვათა შორის, არ ეხება ნათესავს, ვისი სტუმარიც მე ვარ. იგი ერთობ კეთილი კაცია, ცოლი მისი ერთობ კეთილი ქალი, შვილი მათი ერთობ კეთილი ქალიშვილი. შენ ხედავ, რომ მე ერთობ გავკეთილდი. მართლაც, მას შემდეგ, რაც სოფელში ვარ, განსაკუთრებულად სათნო და ლმობიერი გავხდი, რაც შედეგია მშვიდი, პატრიარქალური ცხოვრებისა და ლიზა ***-ს იქ ყოფნისა. უმისოდ ძალიან მომწყინდებოდა. ჩამოვედი, რათა პეტერბურგში დაბრუნებაზე დამეყოლიებინა იგი. ჩვენი პირველი შეხვედრა ბრწყინვალე იყო. ბიცოლაჩემი სახელის დღეს იხდიდა. მისას მთელი მეზობლობა შეიყარა. მოვიდა ლიზაც და საკუთარ თავსაც არ უჯერებდა, რომ მე მხედავდა. არ შეეძლო, არ ეღიარებინა, რომ აქ მხოლოდ მისი გულისთვის ჩამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ვეცადე ეს მისთვის მეგრძნობინებინა. სოფლად ისეთ წარმატებას მივაღწიე, სრულებით არ მოველოდი (რაც ბევრს ნიშნავს). ბებრები ჩემით აღტაცებულნი არიან, ქალბატონები ბუზივით მეხვევიან გარს,

 

 ვინაიდან გახლავთ პატრიოტი ქალნი...

 კაცებს განსაკუთრებულად არ მოსწონთ ჩემი fatuité indolente,რაც ჯერ კიდევ ახალი ხილია. ისინი მით უფრო ხელდებიან, რომ უჩვეულოდ თავაზიანი და წესიერი ვარ და ვერაფრით მიმხვდარან, რა არის კერძოდ ჩემი თავხედობა, თუმცა გრძნობენ, რომ თავხედი ვარ. მშვიდობით. რას შვრებიან ჩვენები? Servitor di tutti quanti. **

 მომწერე *სოფელში.

 

 

 

 9. მეგობრის პასუხი

 

 დავალება შეგისრულე. გუშინ თეატრში შენზე განვაცხადე, ნერვული ცხელებით გახდა ავად და ალბათ უკვე ცოცხლებში აღარ წერია-მეთქი. ამრიგად, ისარგებლე სიცოცხლით, ვიდრე ჯერ კიდევ არ აღმდგარხარ მკვდრეთით.

 შენი დამრიგებლური ფიქრები მამულის მართვის თაობაზე მახარებს. სულ სხვაა:

 

 Un homme sans peur et sans reproche.

 Qui n-est ni roi. in duc, ni comte aussi.***

 

 მემამულის მდგომარეობა, ჩემი აზრით, ერთობ საშურველია.

 რუსეთში ჩინები აუცილებელია თუნდაც მხოლოდ სადგურებისთვის, სადაც უიმათოდ ცხენებს ვერ ეღირსები.

 . . . . . . . . .

 საყურადღებო მსჯელობას შევყევი და სულ დამავიწყდა, რომ ახლა საამისოდ არ გცხელა, შენი ფიქრი და გონება ლიზას აქვს დაპყრობილი. რა ძალა გადგას, რომ თავი მოგაქვს ბ-ნ ფობლასად და ნიადაგ ქალებს დასდევ! ამ მხრივ შენ შენს დროს ჩამორჩი და ემსგავსები 1807 წ. გვარდიის ხმაჩახრინწულ ci-devant ოფიცერს. ჯერჯერობით ეს ნაკლია. მალე გენერალ გ**-ზე სასაცილო გახდები. არ ჯობია განა, ადრევე შეეჩვიო მოწიფული ასაკის სიმკაცრეს და ნებაყოფლობით თქვა უარი მჭკნარ ახალგაზრდობაზე? ვიცი, რომ ამაოდ ვქადაგებ, მაგრამ ასეთია ჩემი მოვალეობა.

 ყველა შენი მეგობარი მოკითხვას გითვლის და მეტად ნაღვლობენ შენს ნაადრევ გარდაცვალებას, სხვათა შორის, შენი ადრინდელი მეგობარი ქალიც, რომელიც რომიდან პაპზე შეყვარებული დაბრუნდა. რარიგ ნიშნეულია ეს მისთვის და რარიგ უნდა აღგაფრთოვანოს შენ ამან! ხომ არ ჩამოხვალ, რათა მეტოქეობა გაუწიო cum servo servorum dei? *ეს უკვე შენთვის იქნებოდა ნიშნეული. მე ყოველდღე შენს მოლოდინში ვიქნები.

 

 

 

 10. ვლადიმირ* – თავის მეგობარს

 

 შენი სამდურავები სრულიად უმართებულოა. მე კი არა, შენ ჩამორჩი შენს დროს, თანაც მთელი ათწლეულით. შენი განყენებული და საყურადღებო მსჯელობანი 1818 წელს განეკუთვნება. იმ დროს ზნე-ჩვეულებათა სიმკაცრე და პოლიტიკური ეკონომია მოდაში იყო. ჩვენ მივდიოდით ბალებზე და არ ვიხსნიდით დაშნებს. ჩვენთვის უწესობა იყო ცეკვა და არც გვეცალა ქალებისთვის. პატივი მაქვს გაუწყო, რომ ამჟამად ეს ყოველივე შეიცვალა. ფრანგულმა კადრილმა შეცვალა ადამ სმიტი. როგორც შეუძლია, ისე არშიყობს და მხიარულობს ყველა. მე მხარს ვუბამ დროების სულისკვეთებას, შენ კი სიცოცხლე ჩაგშრეტია, შენ ci-devant un fommeსტერეოტიპი ხარ. რა ძალა გადგას უძრავად იჯდე ოპოზიციურ სკამზე. ვიმედოვნებ, Z ჭეშმარიტ გზაზე მოგაქცევს: ჩამიბარებია თავი შენი მისი ვატიკანობითი კეკლუცობისათვის.

 რაც შემეხება მე, სავსებით ჩავერთე პატრიარქალური ცხოვრების ფერხულში: ვწვები საღმოს ათ საათზე, აქაურ მემამულეებთან ერთად თოვლის დადების შემდეგ დავდივარ სანადიროდ, ბებრუხანებს კაპიკიან ბოსტონს ვეთამაშები და ვბრაზობ, როცა ვაგებ. ლიზას ყოველდღე ვხვდები და თანდათანობით უფრო და უფრო მიყვარდება. მას ბევრი წარმტაცი რამ მოეძევება. ესაა მშვიდი, კეთილშობილური ჰარმონიულობა ურთიერთობაში, მშვენება პეტერბურგის მაღალი საზოგადოებისა, ამავე დროს აქვს რაღაც ცინცხალი, შემწყნარებლური, კეთილნათესაური (როგორც ბებიამისი ამბობს), მსჯელობაში არავითარი სიმკვახე, სიმკაცრე არა სდევს, არ იჭმუხნება შთაბეჭდილებებზე, როგორც ბავშვი რევანდის დალევის წინ. ის ისმენს და იგებს, რაც ჩვენი ქალების იშვიათი ღირსებაა. ხშირად მაკვირვებდა ქალბატონთა, სხვათა შორის, ერთობ თავაზიან ქალბატონთა გონებაჩლუნგობა და ბიწიერი წარმოსახვა. ხშირად ყველაზე ფაქიზი ხუმრობა, ყველაზე პოეტური მისალმება ან თავხედური ეპიგრამა ჰგონიათ, ან არასაკადრისი უხამსობა. ამ შემთხვევაში მათ მიერ მიღებული ცივი გამომეტყველება ისერიგად საზიზღარია, ყველაზე მგზნებარე სიყვარულიც კი ვერ გაუძლებს.

 ეს მე გამოვცადე ელენა***-სთან, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. ელენა***-ს მე რაღაც ალერსიანი სიტყვა ვუთხარი, მან ეს სიტყვა უკმეხად მიიჩნია და მეგობარ ქალს შესჩივლა. ამან სავსებით გამიტეხა გული.

 ლიზას გარდა მართობს მაშენკა***. იგი სასიამოვნო ადამიანია. ეს ქალიშვილები, გაზრდილნი ვაშლის ხეთა ძირას და ზვინებს შორის, აღზრდილნი ძიძებისა და ბუნების მიერ, გაცილებით მიმზიდველნი არიან ჩვენს ერთფეროვან მზეთუნახავებთან შედარებით, რომლებიც ქორწილამდე თავიანთი დედების აზრს არ გადადიან, შემდეგ კი თავიანთი ქმრებისას.

 მშვიდობით, ჩემო კარგო, ახალი რა არის საზოგადოებაში? ყველას გამოუცხადე, რომ ბოლოს მეც მოვკიდე ხელი პოეზიას. ამას წინათ დავწერე წარწერა თავადის ასულ ოლგას პორტრტეზე (რისთვისაც ლიზა კარგა ლამაზად მტუქსავდა):

 

 სულელია, ვით ჭეშმარიტება, მოსაწყენია, ვით სრულყოფილება.

 უკთესი ხომ არაა:

 მოსაწყენია, ვით ჭეშმარიტება, სულელია, ვით სრულყოფილება.

 ერთიც და მეორეც აზრსა ჰგავს, ვ.-ს სთხოვე მოძებნოს პირველი ლექსი და ამიერიდან პოეტად მიმიჩნიოს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / რომანი წერილებად