პუშკინი ალექსანდრე

 

როსლავლიოვი

 

 

 

ვკითხულობდი “როსლავლიოვს” და განცვიფრებულმა შევამჩნიე, რომ მის კვანძს ნამდვილი, ჩემთვის ფრიად ნაცნობი შემთხვევა ედო საფუძვლად. მე ოდესღაც მეგობარი გახლდით. ბ-ნი ზაგოსკინის მიერ თავისი მოთხრობის გმირად არჩეული უბედური ქალისა. ბ-ნმა ზაგოსკინმა ხელახლა მიაპყრო საზოგადოების ყურადღება დავიწყებულ ამბავს, გაუღვიძა დროთა ვითარებაში მიძინებული გრძნობა აღშფოთებისა და სიმშვიდე დაურღვია საფლავებს. მე დამცველი ვიქნები აჩრდილებისა და მკითხველი სისუსტეს მიუტევებს კალამს ჩემსას, რამეთუ პატივს დასდებს ჩემს გულითად ზრახვებს. იძულებული ვიქნები, ბევრი ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ვინაიდან ბედი ჩემი დიდხანს იყო დაკავშირებული ჩემი საბრალო მეგობრის ხვედრთან.

 საზოგადოებაში გამომიყვანეს 1811 წლის ზამთარში. არ შევუდგები პირველ შთაბეჭდილებათა გადმოცემას. ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა უნდა ეგრძნო თექვსმეტი წლის ასულს, რომელმაც ანტრესოლები და მასწავლებლები გამუდმებულ ბალებზე გაცვალა. მხიარულების ფერხულში ჩემი ასაკისთვის ნიშნეული მთელი მჩქეფარებით ჩავერთე და საფიქრელად ჯერ არ მეცალა. დასანანი კია: ის დრო ღირდა დასაკვირვებლად.

 ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოსულ ქალიშვილთა შორის გამოირჩეოდა თავადის ასული*(ბ-ნმა ზაგოსკინმა მას პოლინა დაარქვა, მეც ასე ვუწოდებ). მე და პოლინა მალე დავმეგობრდით, აი, რა შემთხვევის წყალობით.

 ჩემი ძმა, ოცდაორი წყლის ყმაწვილი, მაშინდელ ფრანტთა დასს ეკუთვნოდა. მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში და ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დაცეკვავდა და დაქარაფშუტობდა. მას გული შეუვარდა პოლინაზე და ხვეწნით დამიყოლია, ჩვენი ოჯახები დამეახლოვებინა. ძმა მთელი ჩვენი სახლეულობის კერპი იყო. ამიტომ რაც უნდოდა, იმას მაკეთებინებდა.

 პოლინას ძმის საამებლად დავუახლოვდი და მალე გულწრფელად შემიყვარდა. ქალიშვილს ჰქონდა ბევრი რამ უცნაური და უფრო მეტი რამ მიმზიდველი. მე ჯერ კიდევ არ მესმოდა მისი, მაგრამ უკვე მიყვარდა. ვერ ვგრძნობდი, თანდათან ისე ვისხამდი მის თვალებს და ვფიქრობდი მისებურად.

 პოლინას მამა დამსახურებული კაცი ბრძანდებოდა, ესე იგი, დადიოდა ექვსცხენა ეტლით და ატარებდა გასაღებსა და ვარსკვლავს, თუმცაღა თავქარიანი და მიმნდობი კაცი იყო. დედამისი, პირიქით, დინჯი ქალი გახლდათ და გამოირჩეოდა გულზვიადობითა და კეთილგონიერებით.

 პოლინა დადიოდა ყველგან; გარს ეხვივნენ თაყვანისმცემლები; თავს ევლებოდნენ, მაგრამ თვითონ მოწყენილი იყო. მოწყენილობა კი ამაყი და გულცივი ადამიანის იერს აძლევდა, რაც ფრიად შვენოდა მის ბერძნულ სახეს და შავ წარბებს. გული სიხარულით მევსებოდა, როცა ჩემი სატირული შენიშვნები ღიმილს ჰფენდა სწორნაკვთებიან და მოწყენილ სახეზე.

 პოლინა ბევრზე ბევრს კითხულობდა, თანაც განურჩევლად. მამის ბიბლიოთეკის გასაღები მას ჰქონდა. ბიბლიოთეკაში მეტწილად XVIII საუკუნის მწერალთა თხზულებანი იყო. ქალიშვილი მთელ ფრანგულ სიტყვიერებას იცნობდა მონტესკიედან მოკიდებული კრებილიონის რომანებამდე. ზეპირად იცოდა რუსო. ბიბლიოთეკაში არც ერთი რუსული წიგნი არ ჭაჭანებდა, გარდა სუმაროკოვის თხზულებებისა, რომელთაც პოლინა არასდროს არ ეკარებოდა. მეუბნებოდა ხოლმე, რუსულ ნაბეჭდს ძლივს ვარჩევო, და ალბათ არაფერს კითხულობდა რუსულად, მოსკოველი მოლექსეების მიერ მისდამი მიძღვნილ ლექსებსაც კი.

 აქ თავს ნებას მივცემ მცირედი წიაღსვლისას. აი, უკვე, ღვთის მადლმა, ოცდაათი წელია ჩვენ, საბრალოებს, გვლანძღავენ, რომ რუსულად არ ვკითხულობთ და არ შეგვიძლია (თითქოსდა) მშობლიურ ენაზე ლაპარაკი (NB: “იური მილოსლავსკის” ავტორს ცოდვად ჩაეთვლება უხამსი ბრალდებების განმეორება. ყველამ წავიკითხეთ მისი თხზულება და, მგონი, ერთ ჩვენგანს უნდა უმადლოდეს თავისი რომანის გადათარგმნას ფრანგულ ენაზე). საქმე ის არის, რომ ჩვენ მოხარულიც ვიქნებოდით, რუსულად გვეკითხა, მაგრამ ჩვენი სიტყვიერება, მგონი, ლომონოსოვზე ძველი არაა, თანაც მეტისმეტად შეზღუდულია. რა თქმა უნდა, იგი რამდენიმე ჩინებულ პოეტს გვაცნობს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველა მკითხველს მოვთხოვოთ, განსაკუთრებულად ენიაზებოდეს ლექსები. პროზაში მხოლოდ “კარამზინის ისტორია” გვაქვს; პირველი ორი თუ სამი რომანი გამოჩნდა ორი-სამი წლის წინათ, მაშინ, როცა საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში ზედიზედ გამოდის ერთიმეორეზე საუცხოო წიგნები. ჩვენ ვერც თარგმანებს ვხედავთ, ხოლო თუ ვხედავთ, როგორც გენებოთ და, მე მაინც დედნები მირჩევნია. ჩვენი ჟურნალები მხოლოდ ჩვენი ლიტერატორებისათვის არის საყურადღებო. იძულებული ვართ, ყველაფერი, ამბები თუ ცნობები, უცხოური წიგნებიდან ამოვკრიფოთ. ამგვარად, აზროვნებითაც უცხო ენაზე ვაზროვნებთ (ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც აზროვნებს და ადამიანური აზრების მიმდევარია). ასე მითხრეს გამოტეხილად ჩვენმა უცნობილესმა ლიტერატორებმა. ჩვენი მწერლების გამუდმებული ჩივილი – რუსულ წიგნებს აგდებულად ეკიდებითო, ჰგავს რუს მოვაჭრეთა ჩივილს, რომლებიც ბრაზობენ, რატომ სიხლერის ქუდებს ყიდულობთ და კოსტრომელი მკერავების ნაწარმი არ გაკმაყოფილებთო.

 ვუბრუნდები ჩემი საუბრის თემას.

 მოგონებანი მაღალი წლის ცხოვრებაზე ჩვეულებრივად არაფრის მთქმელი და უბადრუკია ისტორიულ ეპოქაშიც კი. თუმცაღა ერთი მოგზაური ქალის გამოჩენამ მოსკოვში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს მოგზაური გახლდათ M-me de Staël-ი. იგი ჩამოვიდა ზაფხულში, როცა მოსკოველთა უმრავლესობა სოფლებში გაიკრიფა. დაფაცურდა რუსული სტუმართმოყვარეობა; აღარ იცოდნენ, როგორ გამასპინძლებოდნენ სახელოვან უცხოელს. რასაკვირველია, უმართავდნენ სადილებს, მამრნი და მდედრნი თავს იყრიდნენ მის შესათვალიერებლად და მეტწილად უკმაყოფილონი რჩებოდნენ. M-me de Staël-ი მათ თვალში გახლდათ ორმოცდაათი წლის ჩასუქებული, ასაკის შეუფერებლად გამოწყობილი დიაცი. მისი კილო არ მოეწონათ, სიტყვები ფრიად გრძელი ეჩვენათ, ხოლო სახელოები – ფრიად მოკლე. პოლინას მამა M-me de Staël-ს ჯერ კიდევ პარიზიდან იცნობდა. მას სადილი გაუმართა და ყველა მოსკოველი ჭკუის კოლოფი მოუპატიჟა. აქ ვნახე მე “კორინას” ავტორი. სუფრის თავში იჯდა, მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა და ლამაზი თითებით ქაღალდის მილს ხან ახვევდა, ხან შლიდა. უგუნებობა ეტყობოდა. რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი, მაგრამ თავი ვერ მოაბა. ჩვენი ჭკუის კოლოფები ჭამდნენ და სვამდნენ ზომაზე და ისე ჩანდა, თითქოს თავადის უხათი უფრო იყვნენ კმაყოფილნი, ვიდრე M-me de Staël-ის საუბრით. ქალები იპრანჭებოდნენ. ერთნიცა და მეორენიც, დარწმუნებულნი საკუთარი აზრების უსუსურობაში და დამფრთხალნი ევროპის სახელგანთქმული ადამიანის წინაშე, მხოლოდ ხამუშ-ხამუშ თუ იღებდნენ ხმას. პოლინა მთელი სადილობის ჟამს თითქოს ეკლებზე იჯდა. სტუმრების ყურადღება თართსა და M-me de Staël-ს შორის იყო განაწილებული. M-me de Staël-ისაგან ყოველ წამს მოელოდნენ bon-mot-ს. *ბოლოს წამოსცდა ორაზროვანი სიტყვა, თანაც საკმაოდ თამამი. სიტყვა იგი ყველამ აიტაცა, გადაიხარხარეს, ატყდა განცვიფრების გამომხატველი ჩურჩული; თავადს სიხარულისაგან გული საგულეში აღარ ეტეოდა. მე პოლინას შევავლე თვალი. ქალიშვილს სახეზე ცეცხლი ეკიდა, ცრემლიც გაუკრთა თვალებში. სტუმრები წამოდგნენ, სავსებით შერიგეოდნენ M-me de Staël-ს. მან თქვა კალამბური და დაეშურნენ ქალაქისთვის მოეფინათ იგი.

 – რა დაგემართა, ma chére?” – ვკითხე პოლინას. – ნუთუ ამ ოდნავ თამამმა ხუმრობამ ესოდენ შეგაცბუნა?

 – ოჰ, ძვირფასო, – მომიგო პოლინამ. – სასო მაქვს წარკვეთილი! რა უბადრუკად უნდა მოსჩვენებოდა ამ საოცარ ქალს ჩვენი დიდი საზოგადოება! M-me de Staël-ი შეჩვეულია, ნიადაგ ისეთი ადამიანები ეხვიოს გარს, რომლებსაც მისი ესმით, რომლებისთვისაც ბრწყინვალე შენიშვნა, გულის ძალუმი მოძრაობა, შთაგონებული სიტყვა არასდროს უქმად არ ჩაივლის. შეჩვეულია დიდი განსწავლულობით მადლცხებულ მომხიბლავ საუბარს, აქ კი... ღმერთო ჩემო! არც ერთი აზრი, არც ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა სამი საათის განმავლობაში. ყეყეჩური სახეები, ყეყეჩური მედიდურობა და მეტი არაფერი! რა მოწყენილი იყო! რა დაქანცული ჩანდა! დაინახა, რა სჭირდებოდა, რა შეიძლებოდა გაეგოთ ამ განათლების მაიმუნებს და კალამბური გადმოუგდო. ესენიც ჯიქურ ეცნენ! სირცხვილით დავიწვი, ლამის ავტირებულიყავ... მაგრამ, დაე, ამ მაღალი წრის ბრბოზე ისეთი აზრი გამოიტანოს, რისი ღირსიცაა. სამაგიეროდ, დაინახა, ჩვენი კეთილი, უბრალო ხალხი და ესმის მისი. გაიგონე, რა უთხრა ამ ბებერ, აბეზარ მასხარას, არიქა უცხოელს ვაამოთო, რუსული წვერის დაცინვა რომ მოეპრიანა: “ხალხი, რომელმაც ასი წელი შეინარჩუნა თავისი წვერი, ჩვენს დროში თავის თავსაც შეინარჩუნებს”. ოჰ, რა კარგია, რარიგ მიყვარს! რარიგ მძაგს მისი მადევარი!

 მარტო მე როდი შევამჩნიე პოლინას შეცბუნება. მას იმავე წუთს ჩააცქერდა სხვისი გამჭრიახი თვალებიც, თვით M-me de Staël-ის შავი თვალები. არ ვიცი, რა გაიფიქრა M-me de Staël-მა, მაგრამ ნასადილევს მხოლოდ ის მივიდა ჩემს მეგობართან და გამოებაასა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლინას ასეთი ბარათი მოსწერა:

 Ma chère enfant, je suis toute malade. Il serait bien aimable à vous de veniz me ranimer. Tâchez de I-obtenir de m-me votre mère et veulliz lui prèsenter les respects de votre amie de S.*

 ეს ბარათი მე მაქვს. პოლინას არასდროს უთქვამს ჩემთვის M-me deStaël-თან ურთიერთობის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობისმოყვარეობა მკლავდა. სახელოვანმა ქალმა, ისეთივე გულკეთილმა, როგორი გენიოსიც გახლდათ, ჭკუაზე შეშალა იგი.

 რას არ აკადრებინებს ადამიანს ავსიტყვაობა! ამას წინათ ყოველივე ეს ერთ ძალზე წესიერ საზოგადოებაში მოვყევი და მითხრეს:

 – შესაძლოა M-me de Staël-ი ნაპოლეონის ჯაშუში იყო და მხოლოდ და მხოლოდ, თავადის ასული* კი მას საჭირო ცნობებს აწვდიდა.

 – რას ბრძანებთ, – მივუგე მე, – M-me de Staël-ი, ვისაც ათი წელი დევნიდა ნაპოლეონი, კეთილშობილი, სათნო M-me de Staël-ი, ვინც ძლივს გამოიქცა და რუს იმპერატორს შემოაფარა თავი, M-me de Staël-ი, მეგობარი შატობრიანისა და ბაირონისა, ნაპოლეონის ჯაშუში იქნება!..

 – ფრიად და ფრიად შესაძლებელია, – შემომეპასუხა ცხვირწაწინწილებული გრაფინია ბ. – ნაპოლეონი დიდი გაიძვერა იყო, M-me de Staël-ი კი ეშმაკის ერთია!

 ყველა მოახლოებულ ომზე ლაპარაკობდა, თანაც რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ დაუფიქრებლად. წესად იქცა ლუი XV-ის დროინდელი ფრანგული ტონის წაბაძვა. სამშობლოს სიყვარული პედანტობად მიაჩნდათ. მაშინდელი ჭკუის კოლოფები ნაპოლეონს ფანტასტიკური პირმოთნეობით ასხამდნენ ხოტბას და დასცინოდნენ ჩვენს წარუმატებლობას. სამწუხაროდ, სამშობლოს ქომაგთ, ცოტა არ იყოს, ჭკუა არ უჭრიდათ. ისინი საკმაოდ სასაცილოდ ჰყავდათ აგდებული და არავითარი გავლენა არ ჰქონდათ. მათი პატრიოტიზმი განისაზღვრებოდა იმით, რომ სასტიკად კიცხავდნენ საზოგადოებაში ფრანგულად საუბარს, უცხო სიტყვათა შემოტანას, მრისხანედ გამოდიოდნენ “კუზნეცკი მოსტის” წინააღმდეგ და სხვა. ახალგაზრდობა ყოვლივე რუსულზე ზიზღით ან გულგრილად ლაპარაკობდა და რუსეთს ხუმრობით რაინის კონფედერაციის ხვედრს უწინასწარმეტყველებდა. ერთი სიტყვით, საზოგადოება საკმაოდ საძაგელი იყო.

 უცებ განგვაცვიფრა შემოსევის ცნობამ და ხელმწიფის მოწოდებამ. მოსკოვი ამღელვარდა. გაჩნდა უბრალო ხალხისადმი მიმართული ფურცლები გრაფ რასტოპჩინისა. ხალხი გააფთრდა. მიყუჩდნენ მაღალი წრის ოხუნჯები. ქალები დაფრთხნენ, ფრანგული ენისა და “კუზნეცკი მოსტის” მდევნელებმა საზოგადოებაში საბოლოოდ გაიმარჯვეს და სასტუმროები აივსო პატრიოტებით: ვინ საბურნუთედან ფრანგული ბურნუთი გადმოყარა და რუსული ბურნუთის ყნოსვა დაიწყო, ვინ ათეული ფრანგული ბროშურა დაწვა, ვინ უარი თქვა ლაფიტზე და შუშხუნა ბურახს მიეძალა. ყველამ აიკვეთა ფრანგულად ლაპარაკი, ყველამ გააბა ბრახაბრუხი პოჟარსკისა და მინიზე და დაიწყო სახალხო ომის ქადაგება, თან ემზადებოდნენ, სულმოუთქმელად გაეტიათ სარატოვის სოფლებისაკენ.

 პოლინა ვერ მალავდა ზიზღს ისევე, როგორც წინათ ვერ მალავდა აღშფოთებას. ასეთი სწრაფი ცვლილება და სიმხდალე მოთმინებას უკარგავდა. ბულვარზე, პრესნენსკიე პრუდიზე განგებ ლაპარაკობდა ფრანგულად, სუფრაზე მსახურთა თანდასწრებით განგებ კამათობდა პატრიოტულ მკვეხარობაზე, განგებ ლაპარაკობდა ნაპოლეონის ჯარების მრავალრიცხოვნობაზე, მის სამხედრო გენიაზე. ირგვლივ მყოფთ დასმენის ეშინოდათ, ფერფური მისდიოდათ და წამსვე საყვედურობდნენ, სამშობლოს მტრის ერთგული რადა ხარო. ხოლო ის ზიზღით იღიმებოდა და ამბობდა:

 – ღმერთმა ქნას, ყველა რუსს ისე უყვარდეს სამშობლო, როგორც მე მიყვარს.

 პოლინა მანცვიფრებდა... ვიცოდი, რომ ყოველთვის მოკრძალებული და უთქმელი იყო და ვერ გამეგო, საიდან გაუჩნდა ასეთი სითამამე.

 – როგორ გეკადრება, – ვუთხარი ერთხელ, – რა ძალა გადგას, სხვის საქმეში რომ ერევი. დაე, კაცებმა იჩხუბონ და იკამათონ პოლიტიკაზე, ქალები არ ომობენ და ბონაპარტესთანაც არაფერი ესაქმებათ.

 პოლინას თვალები აენთო.

 – გრცხვენოდეს, – მითხრა მან. – განა ქალებს არა აქვთ სამშობლო? განა მათ არა ჰყავთ მამები, ძმები, ქმრები? განა ძარღვებში რუსული სისხლი არ გვიჩქეფს? თუ გგონია, ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის გავჩნდით, ბალზე ეკოსეზის ცეკვისას გვატრიალონ, შინ კი გვაიძულონ, კანვით ფინიები ვქარგოთ? არა! მე ვიცი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქალს საზოგადოებრივ აზრზე ან თუნდაც ერთი კაცის გულზე. სათაკილოდ მიმაჩნია დამცირება, რასაც ჩვენ გვარგუნებენ. შეხედე M-me de Staël-ს, ნაპოლეონი ისე ებრძოდა, როგორც მტერს... ძია კი ბედავს დასცინოს კიდეც, ვითომდა M-me se Stë?l-ს ფრანგთა არმიის მოახლოებისა ეშინოდეს! “დარდი ნუ გაქვთ, ქალბატონო: ნაპოლეონი რუსეთს ეომება და არა თქვენ”... დიახ! ძია რომ ფრანგებს ხელში ჩაუვარდეს, პალე-როიალში დროს სატარებლად გაუშვებენ, M-me de Staël-ი კი ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო საპყრობილეში დალევდა სულს. ახლა არ იკითხავ შარლოტა კორდეს? ჩვენს მართა პოსადნიცას? მთავრის ქალს დაშკოვას? რითა ვარ მათზე ნაკლები? გამბედაობითა და შეუპოვრობით ნამდვილად არა.

 პოლინას გაოცებული ვუსმენდი. არასდროს არ მომსვლია აზრად, რომ ასეთი მგზნებარე, ასეთი პატივმოყვარე იყო. აფსუს! აი, რა მოუტანა სულის უჩვეულო თვისებებმა და გონების ვაჟკაცურმა სიდიადემ. მართალი თქვა ჩემმა საყვარელმა მწერალმა: Il n-est de bonheur que dans les voies communes”.*

 ხელმწიფის ჩამოსვლით საერთო მღელვარებამ უფრო იმატა. პატრიოტული გზნება ბოლოს მაღალ საზოგადოებასაც მოედო, სასტუმრო ოთახები საპაექრო დარბაზებად იქცა. ყველგან პატრიოტულ შეწირულებაზე ლაპარაკობდნენ. იმეორებდნენ ახალგაზრდა გრაფ მამონოვის უკვდავ სიტყვას, გრაფისა, მთელი თავისი მამული რომ მსხვერპლად გაიღო. ზოგმა დედიკომ ამის შემდეგ შენიშნა, გრაფი არც ისე საშურველი სასიძო არისო, სამაგიეროდ ჩვენ ყველანი აღტაცებული ვიყავით. პოლინას სულ მამონოვის სახელი ეკერა პირზე.

 – თქვენ რას გაიღებთ მსხვერპლად? – ჰკითხა ერთხელ ჩემს ძმას.

 – მე ჯერ მამული არ გამაჩნია, – მიუგო ჩემმა თავქარიანმა ძმამ, – სამაგიეროდ არც მეტი არც ნაკლები 30000 მაქვს ვალი: მსხვერპლად მიმიტანია იგი სამშობლოს საკურთხეველზე.

 პოლინა გაწყრა:

 – ზოგიერთს არც პატიოსნება უღირს რამედ და არც სამშობლო. მათი ძმები ბრძოლის ველზე იხოცებიან, ხოლო თავად სასტუმრო ოთახებში მასხარაობენ. არა მგონია, მოიძებნოს ქალი, ისერიგად სულმდაბალი, რომ ამგვარ ოინბაზებს უფლება მისცეს მას თავი შეყვარებულად მოაჩვენონ.

 ჩემი ძმა აენთო:

 – თქვენ მეტისმეტად მკაცრი ბრძანდებით, თავადის ასულო, მოითხოვთ, ყველამ M-me de Staël-ად გცნოთ და “კორინგდან” ამოღებულ ციტატებს გეუბნებოდნენ. იცოდეთ, ვინც ქალს ეხუმრება, შეუძლია სამშობლოსა და მის მტრებს არ ეხუმროს.

 ჩემი ძმა ამის თქმისთანავე შებრუნდა. მეგონა, ქალ-ვაჟი სამუდამოდ წაიჩხუბა-მეთქი, მაგრამ შევცდი. პოლინას მოეწონა ჩემი ძმის შემართება, აპატია შეუფერებელი ხუმრობა, რადგან მან კეთილშობილური აღშფოთება გამოთქვა და, როცა ერთი კვირის შემდეგ გაიგო, რომ მამონოვის პოლკში ჩაერიცხათ, აქეთ მთხოვდა, შეგვარიგეო. ძმა აღტაცებული იყო. პოლინას მაშინვე შესთავაზა ხელი. პოლინას უარი არ უთქვამს, მაგრამ ქორწილი ომის დამთავრებამდე გადასდო. მეორე დღეს ჩემი ძმა არმიაში გაემგზარა.

 ნაპოლეონი მოსკოვისაკენ მოიწევდა: ჩვენები უკან იხევდნენ. მოსკოვი ღელავდა, მცხოვრებნი ერთიმეორის მიყოლებით მიიბარგებოდნენ იქიდან. თავადმა და თავადის ცოლმა დედა დაიყოლიეს ერთად წასულიყვნენ მათ სოფელ ***-ში.

 ჩავედით ***-ში, საგუბერნიო ქალაქიდან ოცი ვერსით დაშორებულ ვეება სოფელში. მეზობელი უამრავი გვყავდა, მეტწილად მოსკოვიდან ჩამოსულნი. ყოველდღე ერთად ვიყავით: ჩვენი სოფლური ცხოვრება ქალაქისას ჰგავდა, არმიიდან თითქმის ყოელდღე მოდიოდა წერილები. მოხუცები რუკაზე ეძებდნენ ბანაკის ადგილსამყოფელს და ბრაზობდნენ, როცა ვერ პოულობდნენ. პოლინა პოლიტიკას გადაჰყვა, არაფერს კითხულობდა გაზეთებისა და რასტოპჩინის ფურცლების გარდა, წიგნს არ ეკარებოდა. გარს გონებაშეზღუდული ადამიანები ეხვივნენ. ნიადაგ უაზრო მსჯელობა და დაუსაბუთებელი ახალი ამბები ესმოდა და უსაშველო ნაღველმა დარია ხელი. სულით ხორცამდე წუხილმა მოიცვა. მას სამშობლოს ხსნის იმედი გადაუწყდა, ეჩვენებოდა, თითქოს რუსეთს საცაა ბოლო მოეღებოდა, ყოველი ცნობა უიმედობას უძლიერებდა. გრაფ რასტოპჩინის პოლიციური განცხადებანი მოთმინებას უკარგავდა, – მათი ხუმრობის კილო უხამსობის მწვერვალად ეჩვენებოდა, ხოლო რასტოპჩინის მიერ გატარებული ღონისძიებანი შეუწყნარებელ ბარბაროსობად. პოლინა ვერ წვდებოდა მაშინდელი დროის აზრს, ესოდენ შემაძრწუნებელს, აზრს, რომლის გაბედულად განხორცხიელებამ რუსეთი იხსნა და ევროპა გაათავისუფლა. იგი მთელი საათობით რუსეთის რუკაზე იყო დაყრდნობილი და ითვლიდა ვერსებს, თვალს ადევნებდა ჯარების სწრაფ მოძრაობას. თავში უცნაური აზრები ებადებოდა, ერთხელ მითხრა – სოფლიდან უნდა წავიდე, გამოვცხადდე ფრანგთა ბანაკში, მივაღწიო ნაპოლეონამდე და ჩემი ხელით მოვკლაო. მე ადვილად დავარწმუნე, ასეთი რამ უგუნურებაა-მეთქი, მაგრამ შარლოტა კორდეზე ფიქრი კიდევ დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას.

 მამამისი, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, საკმაოდ თავქარიანი კაცი იყო; სულ იმას ფიქრობდა, სოფლად რაც შეიძლება მოსკოვურად ეცხოვრა. მართავდა სადილებს, გაიჩინა theâtre de societe, სადაც იდგმებოდა ფრანგული proverbes**, *და ყოველნაირად ცდილობდა ჩვენთვის არავითარი სიამოვნება არ მოეკლო. ერთხელ ქალაქში რამდენიმე ტყვე ოფიცერი გაჩნდა. თავადი ახალ პირთა გამოჩენამ გაახარა და გუბერნატორს ნებართვა გამოსთხოვა, ისინი თავისთან გადაეყვანა.

 სულ ოთხი ოფიცერი იყო. სამი მათგანი დიდი არაფერი ბრძანდებოდა, ნაპოლეონის ფანატიკურად ერთგულნი და აუტანელი ყბედები იყვნენ, თუმცა თავიანთ ბაქიბუქს პატივსადები ჭრილობებით ისყიდდნენ. სამაგიეროდ, მეოთხე გახლდათ ფრიად საყურადღებო ადამიანი.

 იგი ოცდაექვსი წლისა იყო, კარგი ოჯახიშვილი, სასიამოვნო სახისა, მეტად თავაზიანი. მაშინვე გამოვარჩიეთ. ალერსს კეთილშობილური მოკრძალებით ხვდებოდა. ლაპარაკობდა ცოტას, მაგრამ სიტყვას გონებას ატანდა. პოლინას იმით მოეწონა, რომ პირველმა შეძლო, ნათლად განემარტა მისთვის სამხედრო მოქმედებანი და ჯარების მოძრაობა. ქალიშვილი დაარწმუნა – რუსთა ჯარების უკანდახევა უაზრო გაქცევა როდიაო, ეს ისევე აწუხებს ფრანგებს, როგორც ააფთრებს რუსებსო, – და გული დაუმშვიდა.

 – მაგრამ თქვენ, – ჰკითხა პოლინამ, – განა თქვენ არა გწამთ თქვენი იმპერატორის უძლეველობა?

 სინეკურმა (მე მასაც ბ.-ნი ზაგოსკინის მიერ შერქმეულ სახელს ვუწოდებ) ცოტა იყუჩა და მიუგო, ჩემს მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცისთვის გულახდილობა სამძიმო იქნებოდაო. პოლინა დაჟინებით მოითხოვდა პასუხს. სინეკურმა აღიარა, ფრანგთა ჯარების სწრაფვა რუსეთის გულისკენ, შესაძლოა, მათთვის სახიფათო გახდეს, 1812 წლის ლაშქრობა, მგონი, დამთავრებულია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არ არისო.

 – დამთავრებულია! – შეეპასუხა პოლინა, – ნაპოლეონი ისევ და ისევ წინ მოდის, ჩვენ კი ისევ და ისევ უკან ვიხევთ!

 – მით უარესი ჩვენთვის, – მიუგო სინეკურმა და საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა.

 პოლინას მობეზრდა შიშნეული წინასწარმეტყველებაც, ჩვენი მეზობლების სულელური ბაქიბუქიც და სულსწრაფად უსმენდა დასაბუთებულ და მიუკერძოებელ სჯა-ბაასს. ძმა ისეთ წერილებს მიგზავნიდა, აზრს ვერ გამოიტანდით. გაუთავებლად ხუმრობდა ჭკვიანურად თუ უხეიროდ, იძიებდა პოლინას ამბავს, უხამსად ირწმუნებოდა სიყვარულს და ასე შემდეგ. პოლინა კითხულობდა მის წერილებს, სწყინდა და მხრებს იჩეჩდა.

 – გამოტყდი, რომ შენი ალექსეი ერთობ ჭკუათხელი ვინმეა, – მეუბნებოდა იგი. – ახლანდელ ვითარებაშიც კი, ბრძოლის ველზე არაფრის მთქმელი წერილებისთვის იცლის, და რა ძნელი მოსასმენი იქნება ჩემთვის მისი საუბარი წყნარი ოჯახური ცხოვრების ჟამს?

 პოლინა ცდებოდა, ჩემი ძმის წერილების უშინაარსობა მისი ბედოვლათობის ბრალი კი არ იყო, მიზეზი გახლდათ ცრუ შეხედულება, სხვათა შორის, ჩვენთვის, ქალებისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი ცრუ შეხედულება. ძმა ფიქრობდა, ქალებს მათი უწვრთნელი გონების შესაბამისად უნდა ელაპარაკო, მნიშვნელოვანი რამეები არ მოეკითხებათო. ასეთი აზრი სხვაგან ყველგან სიბრიყვე იქნებოდა, ჩვენთან კი სისულელეც გახლავთ. რუსი ქალები უეჭველად უფრო განათლებულნი არიან, უფრო კითხულობენ, უფრო აზროვნებენ, ვიდრე კაცები, რომელნიც, ეშმაკმა იცის, რით არიან გართულნი.

 ქვეყანას მოედო ბოროდინოს ბრძოლის ამბავი. ყველა მასზე ლაპარაკობდა. ყველას ჰქონდა უტყუარი ცნობა, ყველას ჰქონდა მკვდრებისა და დაჭრილების სია. ძმა აღარაფერს გვწერდა. ჩვენ მეტისმეტად შეშფოთებულნი ვიყავით. ბოლოს ერთი მცნევარი ჩამოვიდა და გვაუწყა, ტყვედ ჩავარდაო, პოლინას კი ჩურჩულით განუცხადა – დაიღუპაო. პოლინა ერთობ დანაღვლიანდა. მას ჩემი ძმა არ უყვარდა და ხშირად ემდუროდა, მაგრამ ამ წუთს წამებულად, გმირად რაცხდა და ჩემს მალულად დასტიროდა. რამდენჯერმე აცრემლებულს წავადექი. მისი ცრემლი არ მაკვირვებდა, ვიცოდი, რარიგ უკლავდა გულს ჩვენი ტანჯული სამშობლოს ბედი, მაგრამ ფიქრადაც არ მომდიოდა თუ კიდევ სხვა რამ იყო მიზეზი მისი მწუხარებისა.

 ერთ დღეს ბაღში ვსეირნობდი. გვერდით სინეკური მომყვებოდა. ვსაუბრობდით პოლინაზე. შევატყვე, რომ სინეკური ზედმიწევნით გრძნობდა ქალიშვილის უჩვეულო ღირსებებს, რომ პოლინას სილამაზემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. მე სიცილით შევნიშნე, ერთობ გამიჯნურებული ჩანხართ-მეთქი, ვუთხარი:

 – მტრის ხელთ ტყვედ ჩავარდნილი რაინდი ციხესიმაგრის კეთილშობილ მფლობელს უმიჯნურდება, გულს უჩქროლებს და ბოლოს ქალს ცოლობაზე ითანხმებს.

 – არა, – მითხრა სინეკურმა. – თავადის ასული რუსეთის მტრად მრაცხს და არასდროს დატოვებს თავის სამშობლოს.

 ამ დროს პოლინა ხეივნის ბოლოს გამოჩნდა. ჩვენ მისკენ გავემართეთ. პოლინა სწრაფი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა. ისე ფერწასული იყო, გავოცდი.

 – მოსკოვი აიღეს, – მითხრა მე, სინეკურის თავის დაკვრაზე არ უპასუხია. გული შემეკუმშა, თვალთაგან ღვარღვარად წამსკდა ცრემლი. სინეკურს თავი დაეხარა და დუმდა. – კეთილშობილმა, განათლებულმა ფრანგებმა, – განაგრძო აღშფოთებისაგან ხმააკანკალებულმა პოლინამ, – ღირსეულად აღნიშნეს თავიანთი გამარჯვება. მათ მოსკოვს ცეცხლი წაუკიდეს – მოსკოვი უკვე ორი დღეა იწვის.

 – რას ამბობთ, – დაიყვირა სინეკურმა, – შეუძლებელია.

 – დაღამებას დაელოდეთ და შეიძლება ხანძრის ანაშუქი დაინახოთ, – ცივად მიუგო პოლინამ.

 – ღმერთო ჩემო! იგი დაიღუპა, – თქვა სინეკურმა. – როგორ, განა ვერ ხედავთ, რომ მოსკოვის ხანძარი საფრანგეთის მთელი ჯარის დაღუპვა გახლავთ, რომ ნაპოლეონი ვერსად ვერაფრით ვერ მოიკიდებს ფეხს, იძულებული იქნება, ზამთრის მოახლოებაზე სასწრაფოდ დაიხიოს უკან და გაიაროს აოხრებული, დაცარიელებული მხარე დაქსაქსულ და უკმაყოფილო ჯართან ერთად. მერედა, გგონიათ, ფრანგებმა თვითონ გაითხარეს სამარე? არა, არა, რუსებმა, რუსებმა წაუკიდეს ცეცხლი მოსკოვს! შემაძრწუნებელია, ბარბაროსული დიდსულოვნებაა, ახლა ყველაფერი გადაწყვეტილია: თქვენმა სამშობლომ საფრთხეს თავი დააღწია, მაგრამ რა მოგვივა ჩვენ, რა მოუვა ჩვენს იმპერატორს!..

 სინეკური გაგვეცალა.

 მე და პოლინა გონს ვერ მოვსულიყავით.

 – ნუთუ სინეკური მართალია და მოსკოვს ცეცხლი ჩვენ წავუკიდეთ? – მკითხა მან. – თუ ასეა... ო, მე შემიძლია ვიამაყო რუსი ქალობით. მსოფლიოს განაცვიფრებს დიადი მსხვერპლი! ახლა ჩვენი დაცემაც კი არ მაშინებს, ჩვენი ღირსება გადარჩენილია. ევროპა ვეღარასოდეს გაბედავს ებრძოლოს ხალხს, რომელიც თვითონ იკვეთს ხელებს და თავის დედაქალაქს წვავს!

 თვალები უბრწყინავდა, ხმაში ზარი ედგა. მე მოვეხვიე: ხან კეთილშობილური აღტაცებისაგან ვტიროდით, ხან მხურვალედ ვლოცულობდით სამშობლოსათვის.

 – იცი? – მითხრა პოლინამ შთაგონებული გამომეტყველებით, – შენი ძმა... იგი ბედნიერია, იგი ტყვედ არაა, გიხაროდეს: იგი მოკვდა რუსეთის გადასარჩენად.

 მე შევყვირე და უგონოდ ჩავესვენე მის მკლავებში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / როსლავლიოვი