პუშკინი ალექსანდრე 

სოფელ გორიუხინოს ისტორია 

 

 თუ ღმერთი მკითხველებს გამომიგზავნის, შეიძლება მათთვის საგულისხმო იყოს იმის გაგება, როგორ გადავწყვიტე, სოფელ გორიუხინოს ისტორია დამეწერა. ამიტომ ზოგი რამ წინასწარ დაწვრილებით უნდა გადმოვცე.

 მშობეს პატიოსანმა და კეთილშობილმა მშობლებმა სოფელ გორიუხინოში 1801 წელსა, აპრილის პირველსა, და პირველდაწყებითი განათლება ჩვენმა დიაკვანმა მიმაღებინა. სწორედ ამ პატივცემულ მამრს უნდა ვუმადლოდე ჩემს შემდგომად გამყარებულ წადილს კითხვისას და საერთოდ ლიტერატურულ საქმიანობას. თუმცა წარმატებებს ნელ-ნელა ვაღწევდი, სამაგიეროდ, ისინი კეთილსაიმედო გახლდათ, რამეთუ მეათე წელში გადამდგარმა თითქმის უკვე ვიცოდი ყველაფერი ის, რაც დღემდე შემორჩა ჩემს დაბადებითვე სუსტ მეხსიერებას, მეხსიერებას, რომლის გადატვირთვასაც ასევე ჯანმრთელობისა გამო არ მანებებდნენ.

 ნიადაგ მეჩვენებოდა, რომ ლიტერატორის წოდება ჩემთვის ყველაზე საშურველი იყო. ჩემი მშობლები დარბაისელი, მაგრამ უბრალო და ძველებურად აღზრდილი ადამიანები, არასდროს არაფერს კითხულობდნენ და მთელ სახლში ჩემთვის ნაყიდი ანბანის, კალენდრებისა და უახლესი წერილების ნიმუშთა კრებულის კითხვა დიდხანს იყო ჩემი საყვარელი ვარჯიში. კრებული თუმცა ზეპირად ვიცოდი, მასში ყოველდღე ვპოულობდი ახალ, მანამდე შეუმჩნეველ სილამაზეს. გენერალ პლემიანიკოვის შემდეგ, რომლის ადიუტანტი იყო მამაჩემი ოდესღაც, კურგანოვი უგამოჩინებულესი კაცი მეგონა. მის ამბავს ვეკითხებოდი ყველას და, სამწუხაროდ, ვერა კაცი ვერ მიცხრობდა ცნობისმოყვარეობას, არავინ იცნობდა პირადად, ჩემს კითხვებზე მხოლოდ იმას მიპასუხებდნენ, კურგანოვმა უახლესი წერილთა ნიმუშების კრებული შეადგინაო, რაიც მე წინათაც მტკიცედ ვიცოდი. კურგანოვი ბნელით იყო გარემოცული, ვითარცა რომელიმე ძველი ნახევარღმერთი. ზოგჯერ მეეჭვებოდა კიდეც, რომ არსებობდა. კურგანოვის გვარი გამოგონილი მეგონა და გადმოცემა მის შესახებ – უსაფუძვლო მითი, რომელიც ახალი ნიბურის კვლევა-ძიებას ელის. მაგრამ მე მაინც გონებიდან არ მცილდებოდა და ვცდილობდი, რაიმე სახით წარმომედგინა ეს იდუმალი პიროვნება. ბოლოს გადავწყვიტე, ერობის მსაჯულ კორიუჩკინს, ცხვირწითელა და თვალებმოელვარე ტანმორჩილ მოხუცს უნდა ჰგავდეს-მეთქი.

 1812 წელს მოსკოვში წამიყვანეს და კარლ ივანოვიჩ მეიერის პანსიონში მიმაბარეს. იქ სამ თვეზე მეტს არ დავრჩენილვარ, ვინაიდან მტრის შემოსვლის წინ დაგვითხოვეს და სოფელში დავბრუნდი. თორმეტენოვანი ურდოს განდევნის შემდეგ უნდოდათ კვლავ ჩამოვეყვანეთ მოსკოვს, რათა ენახათ, დაუბრუნდა თუ არა კარლ ივანოვიჩ მეიერი თავის მშობლიურ კერას, თუ არადა სხვა სასწავლებელში მივებარებინეთ, მაგრამ დედას ვთხოვე, დამტოვეთ-მეთქი სოფელში, ვინაიდან ჯანმრთელობის გამოისობით არ შემეძლო შვიდ საათზე ავმდგარიყავი ლოგინიდან, როგორც ეს წესადაა მიღებული ყველა პანსიონში. ამდაგვარად მივაღწიე თექვსმეტ წელს ისე, რომ პირველდაწყებითი განათლებისათვის არაფერი შემიმატებია და ჩოგანბურთს ვეთამაშებოდი ჩემს შემაქცევრებს. სწორედ ჩოგანბურთის თამაში გახლდათ ერთადერთი მეცნიერება, რომლის საკმაო ცოდნაც შევიძინე პანსიონში ყოფნის ჟამს.

 ამ ხანებში იუნკრად განვწესდი *ქვეით პოლკში, სადაც შარშანდელ 18... წლამდე ვიმყოფებოდი კიდეც. პოლკში ყოფნამ არცთუ სასიამოვნო მოგონებანი დამიტოვა. მხოლოდ ეს იყო, ოფიცრის წოდება მომანიჭეს და 245 მანეთი მოვიგე იმ დროს, როცა ჯიბეში სულ მანეთი და ექვსი უზალთუნი დამრჩენოდა. ძვირფასი მშობლების სიკვდილმა მაიძულა სამსახურიდან გადადგომა მეთხოვა და სამემკვიდრეო მამულში ჩამოვსულიყავი.

 ცხოვრების ეს ეპოქა ისე მნიშვნელოვანია ჩემთვის, განზრახული მაქვს, დაწვრილებით ვიუბნო მასზე და წინასწარ ბოდიშს ვუხდი კეთილგანწყობილ მკითხველს, თუ ბოროტად გამოვიყენებ მის შემწყალე ყურადღებას.

 შემოდგომის მოქუშული დღე იდგა. სადგურში, რომლიდანაც გორიუხინოსკენ უნდა გამეხვია, კერძო ცხენები ვიქირავე და შარაგზას გავუყევი. მართალია, ბუნებით წყნარი კაცი ვარ, მაგრამ ისე სულწასული ვესწრაფოდი იმ ადგილების ხელახლა ნახვას, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, რომ წარამარა ვაჩქარებდი მეეტლეს, ხან არყის ფულს ვპირდებოდი, ხან მიბეგვით ვემუქრებოდი, ხოლო ვინაიდან ჩემთვის უფრო უპრიანი იყო, ზურგში მებიძგებინა მისთვის, ვიდრე საფულე ამომეღო და გამეხსნა, გამოვტყდები, ერთი სამჯერ დავკარი კიდეც, რაც ჩემს დღეში არ ჩამიდენია, რამეთუ მეეტლეთა დასი, თვითონ არ ვიცი რატომ, განსაკუთრებით მეძვირფასება. მეეტლე თავის სამცხენას კი მიერეკებოდა, მაგრამ ცხენებს რომ უძრახებდა და მათრახს უქნევდა, მეჩვენებოდა, თითქოს მეეტლის ჩვეულებისამებრ, მაინც თავისკენ ექაჩებოდა ჭაპანს. ბოლოს თვალი ვკიდე გორიუხინოს წარაფს და ათ წუთში ბატონიანთ ეზოში შევედი. გული ძალუმად მიძგერდა – ირგვლივ აუწერელი მღელვარებით ვიყურებოდი. რვა წელი არ მენახა გორიუხინო. პატარა არყები, ჩემსობას ღობის მახლობლად დარგულნი, გაზრდილიყვნენ და ტოტებხშირი ხეები გამხდარიყვნენ. ეზოს ბალახი მოსდებოდა და შიგ წაბლისფერი ძროხა ძოვდა, ოდესღაც კი მას სამი სწორი ყვავილნარი ამშვენებდა, რომელთა შორის ქვიშამოყრილი განიერი გზა გადიოდა. ბრიჩკა წინა პარმაღთან გაჩერდა. ჩემმა მსახურმა დააპირა კარის გასაღებად წასულიყო, მაგრამ კარი აჭედილი აღმოჩნდა, თუმცა დარაბები ღია იყო და სახლში, ეტყობოდა, ცხოვრობდნენ. სამოახლოდან დიაცი გამოვიდა და მკითხა, ვინ გინდაო. ბატონის ჩამოსვლა რომ გაიგო, ისევ ქოხისკენ გაქანდა და მალე გარს შემომეხვივნენ შინაყმები. უჩვეულოდ ამიჩუყდა გული, როცა ნაცნობი და უცნობი სახეები ვიხილე და მეგობრულად ვკოცნიდი მათ: ჩემი შემაქცევარი ბიჭები უკვე კაცები იყვნენ, ხოლო ოდესღაც იატაკზე მსხდომი ფარეში გოგოები – გათხოვილი ქალები. კაცები ტიროდნენ. ქალებს მოურიდებლად ველაპარაკებოდი: როგორ მოხუცებულხართ-მეთქი, – ვეუბნებოდი; მეც გრძნობით მიპასუხებდნენ – თქვენც როგორ დაუშნოებულხართ, გენაცვაო. წამიყვანეს უკანა პარმაღზე. იქ ჩემი ძიძა გამომეგება და ტირილ-ქვითინით გადამეხვია, ვითარცა მრავალტანჯულ ოდისევსს. გავარდნენ აბანოს გასახურებლად.

 მზარეულმა, რომლსაც ახლა უსაქმობით წვერი მოეშვა, თავს იდო, ჩემთვის სადილი გაეკეთებინა, ანუ, ვახშამი, რადგან უკვე ბინდდებოდა. მაშინვე გამომისუფთავეს ოთახები, რომლებშიც ძიძა ცხოვრობდა განსვენებული დედის მოახლეებთან ერთად; მე წყნარ მამეულ სავანეში აღმოვჩნდი და სწორედ იმ ოთახში დავიძინე, სადაც ოცდასამი წლის წინათ მოვევლინე ამ ქვეყანას.

 დაახლოებით სამი კვირა ათასგვარმა საზრუნავმა წაიღო – ვფაციფუცობდი მსაჯულებთან, წინამძღოლებთან და გუბერნიის ნაირნაირ მოხელეებთან. ბოლოს მივიღე მემკვიდრეობა და გავხდი მამულის მფლობელი. უკვე დავმშვიდდი, მაგრამ მალე დამრია ხელი უსაქმობით გაჩენილმა მოწყენილობამ. მე ჯერ არ ვიცნობდი ჩემს კეთილ და დარბაისელ მეზობელს **-ს. სამეურნეო საქმიანობა ჩემთვის უცხო ხილი იყო. საუბარი ძიძისა, რომელიც მეკუჭნავედ და მოურავად გავამწესე, ამოიწურებოდა თხუთმეტი შინაურული ანეკდოტით. ეს ანეკდოტები ერთობ მიზიდავდა, მაგრამ ძიძა ყოველთვის ერთნაირად მიყვებოდა. ასე რომ, თვით ძიძა ჩემთვის იქცა უახლესი წერილების ნიმუშთა კრებულად, რომელშიც ვიცოდი, რომელ გვერდზე რომელ სტრიქონს ვიპოვიდი. ნამდვილ ღირსეულ ნიმუშთა კრებულს კი შებღალულს წავაწყდი საკუჭნაოს ათასგვარ ხარახურაში. კრებულს მზის შუქი ვანახე და ის იყო, ჩავუჯექი, მაგრამ კურგანოვს წინანდელი მომხიბლაობა აღარ ჰქონდა. იგი ერთხელ კიდევ წავიკითხე და შემდეგ აღარც გადამიშლია.

 ამ გასაჭირში ერთი აზრი დამებადა: თვითონ ხომ არ ვცადო-მეთქი რაიმეს შეთხზვა? კეთილგანწყობილმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ხელმოკლედ აღვიზარდე, რომ შემთხვევა არ მქონია თვითონ შემეძინა ის, რაც ერთხელ ხელიდან გავუშვი, რამეთუ თექვსმეტ წლამდე შინაყმა ბიჭებთან ვერთობოდი, შემდეგ კი გუბერნიიდან გუბერნიაში გადავდიოდი, ბინიდან ბინაში, დროს ურიებთან და მარკიტანტებთან ვატარებდი, გაქერქილ ბილიარდზე ვთამაშობდი და მარშით დავდიოდი ტალახში.

 ამასთანავე, მწერლობა ჩვენთვის, საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის, ისე საძნელოდ, ისე მიუწვდომლად მეჩვენებოდა, რომ ხელში კალმის აღების აზრმა თავდაპირველად შემაშინა. რას გავბედავდი, ოდესმე მწერალთა დასში შერაცხვის იმედი მქონოდა, როცა არასდროს არ აღმსრულებია მგზნებარე სურვილი რომელიმე მათგანთან შეხვედრისა? მაგრამ ეს მაგონებს ერთ შემთხვევას, რომელიც მინდა მოვყვე იმის დასამტკიცებლად, რომ მშობლიური სიტყვიერებით ყოველთვის ვიყავი გატაცებული.

 1820 წელს, ჯერ კიდევ იუნკერი, სახელმწიფო საჭიროების გამო პეტერბურგში მოვხვდი. იქ ერთი კვირა დავყავი და, თუმცა არც ერთი ნაცნობი არ მყავდა, დრო ერთობ მხიარულად გავატარე: ყოველდღე ჩუმად დავდიოდი თეატრში, მეოთხე იარუსის გალერეაში ვიჯექი, ყველა მსახიობის სახელი გავიგე და გაგიჟებით შემიყვარდა **, რომელმაც ერთ კვირა დღეს მეტად ოსტატურად ითამაშა ამალიას როლი დრამაში “ადამიანებისადმი სიძულვილსა და სინანულში”. დილით, მთავარი შტაბიდან მობრუნებული, ჩვეულებისამებრ კამფეტების ჭერდაბალ სავაჭროში შევდიოდი, ფინჯან შოკოლადს ვსვამდი და თან ლიტერატურულ ჟურნალებს ვკითხულობდი. ერთხელ ვიჯექი და “ბლაგონამერენის” კრიტიკულ წერილს ვუტრიალებდი, რომ მუხუდოსფერი შინელით მოსილი ვიღაც მოახლოვდა და წყნარად გაიცოცა “ჰამბურგის გაზეთის“ ფურცელი, რომელიც ჩემი წიგნაკის ქვეშ იდო. მე ისე ვიყავი გართული, თვალიც არ შემივლია მისთვის. უცნობმა ბიფშტექსი მოითხოვა და ჩემ წინ დაჯდა. მე სულ ვკითხულობდი და ყურადღებას არ ვაქცევდი. ამასობაში უცნობმა ისაუზმა, მწყრალად დატუქსა ფარეში ბიჭი დაუდევრობისათვის, ნახევარი ბოთლი ღვინო დალია და გავიდა. იქვე ორი ყმაწვილი საუზმობდა.

 – იცი, ეს ვინ იყო? – ჰკითხა ერთმა მეორეს. – ეს იყო ბ., მწერალი.

 – მწერალი! – წამოვიძახე უნებურად, ჟურნალის ბოლომდე წაკითხვასა და შოკოლადის დალევაზე ხელი ავიღე, დანახარჯის გასასტუმრებლად გავვარდი და ხურდისთვის არ დამიცდია, ისე გამოვიჭერი ქუჩაში. ირგვლივ მიმოვიხედე, მუხუდოსფერი შინელი შორიდან დავლანდე და უკან გამოვუდექი ნევის პროსპექტზე, ოღონდ სირბილით არა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ანაზდად ვგრძნობ, რომ მაჩერებენ. მოვიხედე და გვარდიის ოფიცერმა შემნიშნა – ტროტუარიდან კი არ უნდა გადაგეგდეთ, უნდა შეჩერებულიყავით და გამომჭიმვოდითო. ამ საყვედურის შემდეგ უფრო ფრთხილად ვიქცეოდი. სამწუხაროდ, ოფიცრები წამდაუწუმ მხვდებოდნენ, მეც წამდაუწუმ ვჩერდებოდი, მწერალი კი სულ წინ და წინ მიდიოდა. არასდროს ჩემს ჯარისკაცურ შინელს ჩემთვის გული ასე არ დაუმძიმებია, არასდროს სამხრეები ასე საშურველი არ მომჩვენებია. ბოლოს ზედ ანიჩკოვის ხიდთან წამოვეწიე მუხუდოსფერ შინელს, შუბლთან ხელი მივიტანე და ვუთხარი:

 – ნება მომეცით გკითხოთ, თქვენ ბატონი ბ. ბრძანდებით, რომლის მშვენიერი წერილების წაკითხვის ბედნიერება მქონდა “სორევნოვატელ პროსვეშჩენიაში”?

 – არა, ბატონო ჩემო, – მომიგო მან, – მე კერძო ვექილი ვარ და არა მწერალი, მაგრამ **-ს ძალიან კარგად ვიცნობ, თხუთმეტი წუთის წინ პოლიციელის ხიდთან შევხვდი.

 ამრიგად, რუსული ლიტერატურისადმი პატივისცემამ დამაკარგვინა ოცდაათი კაპიკი ხურდა, მივიღე სამსახურებრივი საყვედური და კინაღამ დამაპატიმრეს, თან ყოველივემ ამაოდ ჩაიარა.

 მიუხედავად ჩემი გონების ყოველი წინააღმდეგობისა, მწერლად გახდომის თავხედური აზრი სულ თავში მიტრიალებდა. ბოლოს ვეღარ შევძელი წინ აღვდგომოდი სწრაფვას ბუნებისას, შევკერე სქელი რვეული და მტკიცედ გადავწყვიტე, იგი რაღაცით შემევსო. მე გარჩეული, შეფასებული მქონდა პოეზიის ყოველი სახე (ვინაიდან წყნარ პროზაზე ჯერჯერობით არც კი ვფიქრობდი) და გადავწყვიტე, უთუოდ მომეკიდა ხელი ეპიკური პოემისათვის, რომლის თემა მშობლიური ისტორია იქნებოდა. გმირი დიდხანს არ მიძებნია. არჩევანი რიურიკზე შევაჩერე და სამუშაოს ჩავუჯექი.

 ლექსებში ერთგვარად გავიწაფე, რაკიღა ოფიცრებს შორის ერთობ გავრცელებული რვეულების გადაწერა მიხდებოდა. ესენი გახლდათ, კერძოდ: “საშიში მეზობელი”, “კრიტიკა მოსკოვის ბულვარზე”, “პრესნენსკი ეპრუდიზე” და მისთანანი. მიუხედავად ამისა, პოემა ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მეც ავდექი და მესამე ლექსზე თავი მივანებე. ვფიქრობდი, ეპიური სახეობა საჩემო სახეობა არ არის-მეთქი, და შევუდექი რიურიკის ტრაგედიის წერას. ტრაგედია ადგილიდან არ დაიძრა. ვცადე, იგი ბალადად მექცია, მაგრამ რატომღაც არც ბალადას უჩანდა პირი. ბოლოს შთაგონებამ გამინათა გონება, დავიწყე და კეთილად დავამთავრე მინაწერი რიურიკის პორტრეტზე.

 თუმცა მინაწერი ყურადღების ღირსი არ გახლდათ, განსაკუთრებით როგორც ახალგაზრდა მელექსის პირველი ნაწარმოები, ვიგრძენი, რომ პოეტად არ ვიყავი დაბადებული და ეს პირველი გამოცდილება ვიკმარე, მაგრამ ჩემმა შემოქმედებითმა ცდებმა ისე შემაყვარეს ლიტერატურული საქმიანობა, უკვე ძალა არ შემწევდა რვეულს და სამელნეს განვშორებოდი. მინდოდა პროზისთვის დამედო პატივი და, რაკი არ მეწადა წინასწარ შემესწავლა საკითხი, შემედგინა გეგმა, დამეკავშირებინა ნაწილები და ასე შემდეგ, განვიზრახე, თავდაპირველად ცალკეული აზრები მეწერა ერთმანეთთან დაუკავშირებლად, ყოვლად დაულაგებლად, იმ სახით, როგორც წარმომესახებოდნენ. სამწუხაროდ, თავში აზრები არ მიჩნდებოდა და მთელი ორი დღე მხოლოდ ეს შენიშვნა მოვიფიქრე:

 ადამიანი, რომელიც გონების კანონებს არ ემორჩილება და დაეჩვია ვნებათა ხმას დაჰყვეს, ხშირად ცდება და ნაგვიანევი სინანული იპყრობს.

 აზრი, რა თქმა უნდა, მართებულია, მაგრამ არა ახალი. გავანებე აზრებს თავი და ჩავუჯექი მოთხრობას, მაგრამ რაკი უწვრთნელი ვიყავი და გამოგონილი ამბის დალაგება არ შემეძლო, შევარჩიე ოდესღაც სხვადასხვა პირთაგან მოსმენილი მშვენიერი ანეკდოტები და ვცდილობდი, ჭეშმარიტება თხრობის სიცხოველით გამემშვენიერებინა, ხოლო ზოგჯერ – საკუთარი წარმოსახვის ყვავილებითაც. ამ მოთხრობის წერით ნელ-ნელა განვივითარე ენა და მივეჩვიე სწორად, სასიამოვნოდ და თავისუფლად აზრის გამოთქმას. მაგრამ მალე მარაგი ამომეწურა და კვლავ დავიწყე ძებნა ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობის საგნისა.

 ჭეშმარიტ და დიად ამბავთა მოსათხრობად უმნიშვნელო და საეჭვო ანეკდოტების გამოყენებაზე ხელის აღების აზრი დიდი ხანია მოსვენებას არ მაძლევდა. საუკუნეებისა და ხალხების მსაჯულად, მეთვალყურედ და წინასწარმეტყველად ყოფნა მწერლისათვის მისაწვდომ უმაღლეს ღირსებად მიმაჩნდა, მაგრამ რა ისტორია შემეძლო დამეწერა ჩემი უბადრუკი განათლების მქონეს, თანაც სად არ დამასწრეს დიდად განსწავლულმა, კეთილსინდისიერმა მამრებმა? რა სახის ისტორია არ ამოუშრიტავთ მათ ჯერ კიდევ? მსოფლიო ისტორიის წერას მოვკიდო ხელი? მაგრამ ხომ არსებობს უკვე უკვდავი ნაშრომი აბატ მილოტისა? მშობლიურ ისტორიას მივმართო? განა რას ვიტყვი ტატიშჩევის, ბოლტინისა და გოლიკოვის შემდეგ? მერედა, განა მე უნდა ვიქექო მატიანეებში და მივაგნო დროგარდასულ ენის იდუმალ აზრს, როცა სლავური ციფრების შესწავლაც არ ძალმიძს? ვფიქრობდი ნაკლები მოცულობის ისტორიაზე, მაგალითად, ჩვენი საგუბერნიო ქალაქის ისტორიაზე, მაგრამ აქაც რამდენი გადაულახავი დაბრკოლება იყო! წასვლა ქალაქს, დარბაზობა გუბერნატორთან და მღვდელმთავართან, თხოვნა არქივისა და მონასტრის საწყობებში შეშვებაზე და სხვა. ჩვენი სამაზრო ქალაქის ისტორია ჩემთვის უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ იგი არც ფილოსოფოსისთვის გახლდათ საყურადღებო, არც პრაგმატიკოსისათვის, და მჭევრმეტყველებისთვისაც ნაკლებ საზრდოს იძლეოდა. ***-ს 17*წელს ქალაქი დაერქვა და ერთადერთი საყურადღებო მოვლენა, შემონახული მის მატიანეებში, არის საშინელი ხანძარი, რომელიც ათი წლის წინათ გაჩნდა და ბაზარი და სახელმწიფო დაწესებულებანი გაანადგურა.

 საგონებელი მოულოდნელმა შემთხვევამ გამიქარწყლა. სხვენზე თეთრეულის გაფენისას მრეცხავმა დედაკაცმა ნაფოტებით, ნაგვითა და წიგნებით ავსილი ძველი კალათი იპოვა. მთელმა სახლმა იცოდა, რომ კითხვა მიყვარდა და მეკუჭნავემ სწორედ იმ დროს, როცა ჩემს რვეულს ვუჯექი, კალამს ვღრღნიდი და სოფლურ ქადაგებათა დაწერაზე ვფიქრობდი, ოთახში დიდის ამბით შემოათრია კალათი და სიხარულით დაიძახა:

 – წიგნები! წიგნები!

 – წიგნები! – გავიმეორე აღტაცებით და კალათას ვეცი. მართლაც მწვანე და ლურჯი ქაღალდის ყდებში ჩასმული წიგნების მთელი გროვა დავინახე, ოღონდ ეს გახლდათ ძველი კალენდრების დასტა, რამაც გაანელა ჩემი აღტაცება. მიუხედავადა ამისა, მოულოდნელმა ნაპოვნმა მაინც გამახარა: ესენი, სულ ერთია, წიგნები იყო და მრეცხავი გულმოდგინებისათვის ხელგაშლილად დავასაჩუქრე ვერცხლის ათშაურიანით.

 მარტო რომ დავრჩი, კალენდრებს ჩავუჯექი და მათ მალე დაიპყრეს ჩემი ყურადღება. კალენდრები ქმნიდნენ წლების უწყვეტ ჯაჭვს 1744 წლიდან მოყოლებული 1799 წლამდე, ე.ი. ზუსტად 55 წელიწადს მოიცავდნენ. ლურჯი ფურცლები, კალენდრებში ჩვეულებრივად ჩაკრულნი, ძველებურ ნაწერს აევსო. თვალი მივაპყარ ამა სტრიქონებს და გაკვირვებულმა დავინახე, რომ აქ იყო არა მარტო შენიშვნები ამინდზე და სამეურნეო ანგარიშები, არამედ მოკლე ისტორიული ცნობებიც სოფელ გორიუხინოს შესახებ. დაუყოვნებლივ შევუდექი ამ ძვირფასი ჩანაწერების გარჩევას და მალე შემდეგი დავასკვენი: ჩანაწერები გადმოსცემდნენ ჩემი სამემკვიდრეო მამულის სრულ ისტორიას, თითქმის მთელი საუკუნის ისტორიას, აღნუსხულს უზუსტესი ქრონოლოგიური მიმდევრობით. ამას გარდა, მოიცავდნენ უშრეტ მარაგს ეკონომიკური, სტატისტიკური, მეტეოროლოგიური და სხვა მეცნიერული დაკვირვებისას. ეს იყო და მთელი არსებით მოვკიდე ხელი ჩანაწერთა შესწავლას, რამეთუ დავინახე, რომ შესაძლებლობა მეძლეოდა მწყობრი, საყურადღებო და ჭკუის სასწავლი თხრობის გარდმოღებისა. როცა გვარიანად გავეცანი ამ ძვირფას ძეგლებს, დავიწყე სოფელ გორიუხინოს ისტორიის ახალ წყაროთა ძებნა და მალე მათმა სიუხვემ განმაცვიფრა. მთელი ექვსი თვე შევწირე წყაროთა წინასწარ შესწავლას, ბოლოს შევუდექი დიდი ხნის სასურველ შრომას და შეწევნითა ღვთისათა დავასრულე იგი 1827 წლის ნოემბრის სამს.

 ამჟამად ისე, ვით ჩემდაგვარი მავანი ისტორიკოსი, ვისი სახელიც არ მახსენდება, შრომითი გმირობის გასრულების შემდეგ ვდებ კალამს და ნაღვლიანი მივდივარ ჩემს ბაღსა შინა, რათა ვიფიქრო ჩემ მიერ ხორცშესხმულ საქმეზე. მეც მეჩვენება, თითქოს სოფელ გორიუხინოს ისტორიის დაწერის შემდეგ ქვეყანას აღარ ვჭირდები, ვალი ჩემი მოვიხადე და დროა ღვთივ განვისვენო!

 აქ ვურთავ წყაროთა სიას, რომლებიც სოფელ გორიუხინოს ისტორიის დაწერისას გამომადგა:

 1. ძ ვ ე ლ  კ ა ლ ე ნ დ ა რ თ ა  კ რ ე ბ უ ლ ი, 54  ნ ა წ ი ლ ი. პირველი 20 ნაწილი ავსებულია ქარაგმებიანი ძველებური ნაწერით. მატიანე ესე დაწერილია ჩემი პაპის მამის ანდრეი სტეპანიჩ ბელკინის მიერ და გამოირჩევა ენის სიცხადითა და სისხარტით. მაგალითები: 4 მაისი. თოვლი, ტრიშკა უხეშობისთვის გაილახა. 6 – წაბლისფერი ძროხა მოკვდა. სენკა ლოთობისთვის გაილახა. 8 – მზიანი ამინდია. 9 – წყალთოვლი. ტრიშკა გაილახა ამინდის შესაფერისად. 11 – მზიანი ამინდია. ყაპი; სამი კურდღელი დავიჭირე, და მისთანები, არავითარი ფიქრის ნასახი აქ არ ჩანს. დანარჩენი 35 ნაწილი აჭრელებულია სხვადასხვანაირი ნაწერით, მეტწილად ეგრეთ წოდებული მედუქნური ქარაგმებიანი და უქარაგმო ნაწერით. ნაწერი საერთოდ უზღვავია, არეულ-დარეული და მართლწერას მოკლებული. აქა-იქ შეიმჩნევა ქალის ხელი, ამა განყოფილებაშია ჩემი პაპის ივან ანდრეევიჩ ბელკინისა და ჩემი ბებიის, მისი მეუღლის ევპრაქსია ალექსეევნას, აგრეთვე მოურავ გორბოვიცკის ჩანაწერები.

 2. გორიუხინოს დიაკვნის მატიანე. ესე საყურადღებო ხელნაწერი ვიპოვე ჩემს მღვდელთან, მემატიანის ქალიშვილის ქმართან. პირველი ფურცლები ამოეხიათ და მღვდლის შვილებს ეგრეთ წოდებულ ფრანებად გაეხმარათ. ერთი ასეთი ფრანი ჩემსას შუა ეზოში დაეცა. დავწვდი და მინდოდა ბავშვებისათვის დამებრუნებინა, მაგრამ შევამჩნიე, ნაწერით იყო სავსე. პირველი სტრიქონებიდანვე მივხვდი, რომ ფრანი მატიანისა იყო. საბედნიეროდ, მოვასწარი მატიანის დანარჩენი ნაწილის გადარჩენა. მატიანე ესე, ჩემ მიერ ერთ ფუთ შვრიად შეძენილი, ღრმა აზროვნებითა და უჩვეულო ენაწყლიანობით გამოირჩევა.

 3. ზეპირი გადმოცემები. მე არ უგულვებელვყოფდი არც ერთ ცნობას, მაგრამ განსაკუთრებით მადლიერი ვარ აგრაფინა ტრიფონოვნასი, ავდეი მამასახლისის დედისა, როგორც ამბობენ, მოურავ გორბოვიცკის ყოფილი საყვარლისა.

 4. სააღწერო სიები ადრინდელი მამასახლისების შენიშვნებითურთ (საანგარიშო და გასავლის დავთრები) გლეხების ზნეობისა და შეძლების შესახებ.

 ქვეყანას, თავისი დედაქალაქის გორიუხინოს სახელის მქონეს, დედამიწაზე უკავია 240 დესეტინაზე მეტი. მცხოვრებთა რაოდენობა 63 სულამდე აღწევს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელ დერიუხოვოს და პერკუხოვოს, რომელთა ბინადარნი, ღატაკნი, გამხდარნი და ტანმორჩილნი გახლავან, ხოლო ამაყი მფლობელნი – კურდღელზე ნადირობის მეომრულ ვარჯიშს გადაყოლილნი. სამხრეთით მდინარე სივკა ყოფს კარაჩევსკის თავისუფალი მხვნელ-მთესველების – დაუდგრომელი, სასტიკი ზნით ცნობილი მეზობლების – სამფლობელოებისაგან. დასავლეთით ეკვრის ზახარინოს მინდორნი, აყვავებულნი სვესვიანი, ბრძენი და განათლებული მემამულეების ხელში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკაცრიელ ადგილებს, გაუვალ ჭაობს, სადაც მხოლოდ შტოში იზრდება, მხოლოდ ბაყაყების ერთფეროვანი ყიყინი ისმის და სადაც, ცრურწმენის მიხედვით, რომელიღაც ეშმაკი ბინადრობს.

 NB. ჭაობსა ამას ე შ მ ა კ ი ს ჭაობი ჰქვია. ჰყვებიან, თითქოს ერთი ნახევრად შეშლილი მწყემსი ქალი კოლტს დარაჯობდა ამ მივარდნილი ადგილის მახლობლად. მწყემსი დაორსულდა და მიზეზს ვერაფრით ვერ ხსნიდა რიგიანად. ხმამ ერისამ ჭაობის ეშმაკი დაადანაშაულა, მაგრამ ზღაპარი ესე ისტორიკოსის ყურადღების ღირსი არაა და ნიბურის შემდეგ მისი დაჯერება მიუტევებელი იქნებოდა.

 

 გორიუხინო ძველთაგანვე იყო განთქმული ნაყოფიერებითა და მარგებელი ჰავით. მის ნოყიერ ყანებში მოდის ჭვავი, შვრია, ქერი და წიწიბურა. არყის წარაფი და ნაძვის ტყე მოსახლეობას ამარაგებს საცხოვრებელთა ასაგებად და გასათბობად საჭირო ხეებითა და ფიჩხით. აქ საკმარისადაა კაკალი, შტოში, წითელი მოცხარი და მოცვი. სოკო უზღვავი იზრდება. არაჟანში შემწვარი სოკო სასიამოვნო, თუმცა მაწყინარი საჭმელია. ტბორი სავსეა კარჩხანებით, ხოლო მდინარე სივკაში ქარიყლაპიები და თავდიდები იცის.

 გორიუხინოს ბინადარნი მეტწილად საშუალო ტანისა, ჩასკვნილი და ვაჟკაცური აღნაგობის ხალხია, თვალები ნაცრისფერი აქვთ, თმა – ქერა ან წითური. დიაცნი ოდნავ აპრეხილი ცხვირით, გამობერილი ყვრიმალებითა და ახოვანებით გამოირჩევიან.

 NB. ზორბა დედაკაცი – გამოთქმა ესე ხშირად გვხვდება მამასახლისის მიერ სააღწერო სიებისათვის დართულ შენიშვნებში.

 მამაკაცნი კეთილზნიანნი, შრომისმოყვარენი (განსაკუთრებით თავიანთ ყანაში), მამაცნი, მეომრული სულისკვეთებით აღვსილნი გახლავთ: ბევრი მათგანი მარტო მიდის დათვზე სანადიროდ და იმ არემარეზე მოკრივედაა ცნობილი. ყველას ლოთობის დაუცხრომელი სიამოვნება იტაცებს. დიაცნი საოჯახო საქმეთა გარდა კაცების მხარდამხარ მათი საქმეების დიდ ნაწილს ასრულებენ და კაცებს არც სიმამაცეში უდებენ ტოლს. იშვიათად, რომ რომელიმეს მამასახლისის ეშინოდეს. ესენი გახლავთ მტკიცე საზოგადოებრივი დაცვა, დაცვა, რომელიც თვალმოუხუჭავად ფხიზლობს ბატონიანთ კარზე და ეწოდებათ კოპეიშჩიცები (სლოვენური სიტყვიდან კოპიე). კოპეიშჩიცების ძირითადი მოვალეობაა თუჯის დაფაზე ქვის ხშირ-ხშირი ცემა და ამით ბოროტი ზრახვის გაფრთხობა. ისინი ისევე უმწიკვლონი არიან, როგორც მშვენიერება. თავხედის თავდასხმას მკაცრად და მარჯვედ უპასუხებენ.

 გორიუხინოს მცხოვრებნი ძველთაგანვე გაცხოველებით ვაჭრობენ ლაფანით, ხოკერებითა და ქალამნებით. ამას ხელს უწყობს მდინარე სივკა, რომელსაც გაზაფხულობით, ძველი სკანდინავიელებისა არ იყოს, პატარა ნავით გადასცურავენ ხოლმე. წლის დანარჩენ დროს კი დაკარწახებულნი ფონდაფონ გადაჭრიან.

 გორიუხინოს ენა აშკარად სლავურის შტოა, მაგრამ ისევე განსხვავდება მისგან, როგორც რუსული. იგი სავსეა შემოკლებებითა და შეკვეცებით – ზოგი ასო მთლად მოსპობილია ან სხვითაა შეცვლილი, მაგრამ რუსისთვის ადვილია გაუგოს გორიუხინოელს და პირიქით.

 კაცები ჩვეულებრივად მეცამეტე წელს ოჯახდებოდნენ და ოცი წლის ქალებს ირთავდნენ. ცოლები ოთხ-ხუთ წელიწადს სცემდნენ თავიანთ ქმრებს, რის შემდეგ უკვე კაცები უწყებდნენ ცემას ცოლებს. ამრიგად, ორივე სქესს ჰქონდა თავის დროზე ძალაუფლება და წონასწორობაც დაცული იყო.

 დასაფლავება ასეთნაირად ხდებოდა: გარდაცვალების დღეს მიცვალებული სასაფლაოზე მიჰქონდათ, რამეთუ ცხედარს ტყუილუბრალოდ ზედმეტი ადგილი არ დაეკავებინა ქოხში. ამის გამო ზოგჯერ ნათესავთა გულის ფრიად და ფრიად გასახარებლად ცხედარი აცხიკვებდა ან ამთქნარებდა სწორედ იმ წუთს, როცა კუბოთი სოფლის გარეთ გაჰქონდათ. ცოლები დასტიროდნენ ქმრებს და წივილ-კივილით მოთქვამდნენ: ჩემო სინათლევ, ჩემო ვაჟკაცო! ვის დაუტოვე ჩემი თავი, რითღა მოგიგონოო! სასაფლაოდან დაბრუნებისას იწყებოდა ქელეხი მიცვალებულის პატივსაცემად და ნათესავები და მეგობრები მთვრალნი იყვნენ ორი-სამი დღე ან მთელი კვირაც კი, იმის მიხედვით, რა გულმოდგინებას და სიყვარულს იჩენდნენ განსვენებულის ხსოვნისადმი. ეს ძველებური წეს-ჩვეულება დღემდე შემორჩა.

 გორიუხინოელთა სამოსი გახლავთ პერანგი. პერანგს შარვალს ზემოთ უშვებენ, რაც მათი სლავური წარმოშობის განმასხვავებელი ნიშანია. ზამთრობით ცხვრის ტყაპუჭს ატარებდნენ, მაგრამ უფრო შნოსათვის, ვიდრე ნამდვილი საჭიროებისა გამო, ვინაიდან მას ჩვეულებისამებრ ცალ მხარზე იგდებდნენ და ოდნავი გატოკებისთანავე იცილებდნენ.

 მეცნიერება, ხელოვნება და პოეზია გორიუხინოში ძველთაგანვე საკმაოდ ჰყვაოდა. მღვდლისა და მედავითნეთა გარდა იქ ყოველთვის იყვნენ წერა-კითხვის მცოდნენი. მატიანე იხსენიებს ერობის მწერალ ტერენტის, რომელიც დაახლოებით 1767 წელს ცხოვრობდა და არა მარტო მარჯვენა ხელით, მარცხენათიც წერდა. ხსენებულმა უჩვეულო ადამიანმა იმ არემარეში სახელი გაითქვა ათასნაირი წერილის, არზის, ყალბი პასპორტებისა და მისთანათა შედგენით. არაერთხელ წამებულა კიდეც თავისი ხელოვნებისათვის, დაუზარებლობისა და სხვადასხვა შესანიშნავ ამბავში მონაწილეობისათვის. გარდაიცვალა დროთგან მოყრილი, სწორედ მაშინ, როცა მარჯვენა ფეხით წერას ეჩვეოდა, რამეთუ მისი ორივე ხელის ნაწერი უკვე საყოველთაოდ ცნობილი გახლდათ. ის, როგორც მკითხველი დაინახავს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გორიუხინოს ისტორიაში.

 მუსიკაც ყოველთვის საყვარელი ხელოვნება გახლდათ განათლებული გორიუხინოელოებისთვის. მგრძნობიერ გულთა დამატკბობელი ბალალაიკა და სტვირი დღემდე ჟღერენ მათ საცხოვრისებში, განსაკუთრებით ნაძვის ხითა და ორთავიანი არწივით დამშვენებულ ძველ საზოგადოებრივ შენობაში. პოეზია ოდესღაც ასევე ჰყვაოდა ძველ გორიუხინოში. დღემდე შემოინახა თაობების მეხსიერებაში არხიპ-ქაჩალის ლექსები.

 სინაზით ეს ლექსები არ ჩამოუვარდებიან ცნობილი ვირგილიუსის ეკლოგებს, წარმოსახვის სინატიფით ერთობ სჯობიან ბ-ნი სუმაროკოვის იდილიებს და თუმცა ენის პეწიანობით ჩვენთა მუზათა უახლეს ნაწარმოებებს ჩამორჩებიან, მათ უცნაურობითა და გონებამახვილობით მაინც უტოლდებიან.

 

 სამაგალითოდ მოვიყვან ამა სატირულ ლექსს:

 

 მამასახლისი ანტონ

 ბოიართანა მიდის, (2)

 უბეში უდევს საჭდე (2)

 და ბოიარსა უწვდის,

 ბოიარი კი საჭდეს

 დასცქერს და ვერას არკვევს.

 ჰაიტ, ანტონო, თურმე

 ბატონი სულ გაღლიტე.

 სოფელი გააოხრე

 და ცოლი გაამდიდრე.

 რაკი ჩემს მკითხველს ასე და ამგვარად გავაცანი გორიუხინოს ეთნოგრაფიული და სტატისტიკური მდგომარეობა და ზნენი და ჩვეულებანი ბინადართა მისთა, აწ შევუდგები თვით თხრობას.

 

 

 

 დრონი საარაკონი

 

 მამასახლისი ტრიფონი

 

 მმართველობის სახე გორიუხინოში რამდენჯერმე შეიცვალა. მმართველობის სადავენი რიგრიგობით ხელთ ჰქონდათ თემის მიერ არჩეულ მამასახლისებს, მემამულეთა მიერ დანიშნულ მოურავებს და, ბოლოს, უშუალოდ თვით მემამულეებს. მმართველობის ამ სხვადასხვა სახის სარგებლიანობას და უსარგებლობას მე ნათელვყოფ თხრობის ჟამს.

 როგორ დაფუძნდა გორიუხინო და თავდაპირველად როგორ დასახლდა, ბნელითაა მოცული. ბუნდოვანი გადმოცემების მიხედვით, გორიუხინო ოდესღაც მდიდარი და ვრცელი სოფელი ყოფილა, მცხოვრებთ დიდი შეძლება ჰქონიათ, ღალას აქ წელიწადში ერთხელ კრებდნენ და რამდენიმე საზიდრით გზავნიდნენ, კაცმა არ იცოდა, სად. იმ დროს ყველაფერს იაფად ყიდულობდნენ და ძვირად ყიდდნენ. მოურავები არ არსებობდნენ, მამასახლისები არავის ჩაგრავდნენ, ხალხი ცოტას მუშაობდა, მაგრამ უდარდელად ცხოვრობდა, მწყემსებსაც წაღები ეცვათ და ისე უდგნენ ნახირს. ჩვენ ამ მომხიბვლელმა სურათმა არ უნდა გვაცთუნოს. ოქროს ხანაზე აზრი ყველა ხალხისათვის ნიშანდობლივია და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ადამიანები არასდროს აწმყოთი კმაყოფილი არ არიან და, რაკი გამოცდილებით მცირე იმედი აქვთ მომავლისა, დაუბრუნებელ წარსულს თავიანთი წარმოსახვის ყოველი ფერით ამკობენ. უტყუარი კი აი, რა არის:

 სოფელი გორიუხინო ძველთაგანვე ბელკინების სახელოვან გვარეულობას ეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი წინაპრები ბევრ სხვა მამულსაც ფლობდნენ და ამ შორეულ მხარეს ყურადღებას არ აქცევდნენ. გორიუხინო მცირე გადასახადს იხდიდა და მართავდნენ მამასახლისები, რომელთაც თემის ყრილობად წოდებულ ვეჩეზე ირჩევდა ხალხი.

 მაგრამ დროთა ვითარებაში ბელკინების საგვარეულო სამფლობელოები დაქუცმაცდა და დაკნინდა. მდიდარი პაპის გაღატაკებული შვილიშვილები ხელს ვერ იღებდნენ განცხრომით ცხოვრებაზე და ადრინდელ სრულ შემოსავალს მოითხოვდნენ უკვე ათჯერ შემცირებული მამულისაგან. ერთმანეთს კვალდაკვალ მოსდევდა მრისხანე მოწერილობანი და მამასახლისი ვეჩეზე კითხულობდა მათ. გზირები ენამჭევრობდნენ, თემი ღელავდა, ბატონებს კი ორმაგი ღალას მაგიერ წილად ხვდებოდათ ეშმაკური მიზეზები და თვინიერი საჩივარნი, დაწერილნი გაქონილ ქაღალდზე და დაბეჭდილნი გროშიანით.

 გორიუხინოს უბედურება ადგა კარს, მაგრამ არავინ აინუნში არ იყო. ტრიფონის, ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი მამასახლისის უკანასკნელი მეუფების ჟამს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულის დღეს, როცა მთელი ხალხი გამამხიარულებელი შენობის (ანუ როგორც მდაბიურად უწოდებენ, სამიკიტნოს) გარშემო ზიმზიმებდა, ან კიდევ ქუჩებში დაეხეტებოდა, ერთმანეთს ეხვეოდა და ხმამაღლა მღეროდა არხიპ-ქაჩალის სიმღერებს, სოფელში შემოვიდა ლასტის ძარიანი დახურული ბრიჩკა, რომელშიც წყვილი ცოცხალ-მკვდარი ჯაგლაგი ება. კოფოზე იჯდა ჩამოფლეთილი ურია, ხოლო ბრიჩკიდან ვიღაცას კარტუზით მოსილი თავი გადმოეყო და თითქოს ცნობისმოყვარეობით უცქეროდა მომხიარულე ხალხს. მცხოვრებლები ბრიჩკას სიცილითა და უხეში დაცინვით შეხვდნენ (NB. უგუნურებმა ტანსაცმლის კალთები აიგორგლეს და გამასხრება დაუწყეს ებრაელ მეეტლეს, სასეიროდ გაიძახოდნენ: “ურია, ურია, ჭამე ღორის ყურია!..” – გორიუხინოს დიაკვნის მატიანე). მაგრამ რარიგ განცვიფრდნენ, როცა ბრიჩკა შუა სოფელში გაჩერდა, ძირს ვიღაც მგზავრი ჩამოხტა და მბრძანებლური ხმით მოითხოვა მამასახლისი ტრიფონი. წარჩინებული მოხელე ესე გამამხიარულებელ შენობაში იმყოფებოდა. მას ორი გზირი აქეთ-იქით შეუდგა და მოწიწებით გამოიყვანა გარეთ. უცნობმა მრისხანედ შეხედა ტრიფონს, წერილი გადასცა და უბრძანა, ახლავე წაეკითხა. გორიუხინოს მამასახლისები ჩვეულებისამებრ თვითონ არასდროს არაფერს კითხულობდნენ. მამასახლისი ტრიფონი ისედაც წერა-კითხვის უცოდინარი იყო. კაცი გაგზავნეს ერობის მწერალ ავდეის მოსაყვანად. ავდეი მახლობლად შესახვევში, ღობის ძირას მძინარე იპოვეს და როგორც კი გამოიღვიძა, უცნობს მოჰგვარეს, მაგრამ უეცარი შიშისა და მწარე წინათგრძნობის გამო მკაფიოდ დაწერილი წერილის ასოები დაბინდული ეჩვენა და ვერ შეძლო მათი გარჩევა. უცნობმა მამასახლისი ტრიფონი და მწერალი ავდეი საშინელი ლანძღვა-გინებით გაისტუმრა დასაძინებლად, წერილის კითხვა ხვალამდე გადასდო და საგანგიოსკენ გასწია. ურია უკან მიჰყვა მისი პატარა ჩემოდნითურთ.

 გორიუხინოელოები განცვიფრებულნი, მდუმარენი უცქეროდნენ ამ უჩვეულო ამბავს. მაგრამ ბრიჩკა, ურია და უცნობი მალე დაივიწყეს. დღე ჟივილ-ხივილით დამთავრდა და გორიუხინომ ისე დაიძინა, გუმანი არ ჰქონდა, რა ელოდა.

 მზის ამოსვლისას მცხოვრებნი გამოაღვიძა ფანჯრებზე კაკუნმა და ძახილმა – თემის ყრილობაზე წამოდითო. მოქალაქენი ზედიზედ ცხადდებოდნენ საგანგიოს ეზოში. ეს ეზო ვეჩეს მოედნის მოვალეობას ასრულებდა. მოსულთ თვალები ამღვრეულ-დაწითლებული ჰქონდათ, სახე – დასიებული. მთქნარება-ფხანაავარდნილნი უცქეროდნენ საგანგიოს პარმაღზე მედიდურად მდგომ, ძველი ცისფერი ხიფთანით მოსილ კარტუზიან კაცს და ცდილობდნენ, მოეგონებინათ მისი ოდესღაც ნანახი ნაკვთები. მამასახლისი და მწერალი ავდეი გვერდით უქუდოდ ედგნენ და სახეზე პირფერობა და უზომო მწუხარება აღბეჭდოდათ.

 – ყველა აქაა? – იკითხა უცნობმა.

 – ყველა აქაა, ასივე? – გაიმეორა მამასახლისმა.

 – ყველა, ასივე, – მიუგეს მოქალაქეებმა.

 მაშინ მამასახლისმა გამოაცხადა, ბატონმა წერილი გამოგზავნაო, და მწერალს უბრძანა, იგი თემის გასაგონად წაეკითხა. ავდეი გამოვიდა და ხმამაღლა წაიკითხა შემდეგი (NB. “წერილი ესე, რისხვისა მაუწყებელი, გადავიღე მამასახლის ტრიფონისაგან, ვისთანაცვე კიდობანში ინახებოდა იგი გორიუხინოს ზედა მისი გამგებლობის ჟამინდელ სხვა ძეგლთა თანა”. მე ვერ შევძელი თვითონ მომეძებნა ესე საყურადღებო წერილი):

 

 ტრიფონ ივანოვ!

 ამა წერილის გადმომცემი, რწმუნებული ჩემი **, მოდის ჩემს მამულში სოფელ გორიუხინოში, რათა შეუდგეს მართვას მისას. რწმუნებულის მოსვლისთანავე შეკრიბე გლეხები და ამცნე ბატონის ნება. კერძოდ, შემდეგი: რწმუნებულის ბრძანებები მათ, გლეხებმა, ისე იღონ ყურად, ვითარცა ჩემი საკუთარი და ყველაფერი, რასაც კი მოითხოვს, სიტყვაშეუბრუნებლად შეუსრულონ, თუ არადა, მას, **-ს უფლება აქვს უმკაცრესად მოიქცეს. ესე მაიძულა მე მათმა უნამუსო ურჩობამ და შენმა, ტრიფონ ივანოვ, თაღლითურმა წაქეზებამ.

 ხელმოწერა ¹¹

 

 მაშინ **-მა ფეხები გაჩაჩხა, დოინჯი შემოიყარა და წარმოთქვა შემდეგი მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვა:

 – იცოდეთ, მაინცდამაინც ნუ იპეიტრებთ, ვიცი, თავგასულები ხართ, მაგრამ სისულელეს თავიდან ალბათ გუშინდელ სიმთვრალეზე უფრო ჩქარა გამოგიბერტყავთ.

 სიმთვრალე უკვე ყველას გამობერტყილი ჰქონდა თავიდან. გორიუხინოელებმა მეხნაკრავივით ჩამოყარეს ყურები და შეძრწუნებულნი წავიდ-წამოვიდნენ შინ.

 

 

მოურავ **-ის მმართველობა

 

**-მა ხელში აიღო მმართველობის სადავეები და შეუდგა თავისი პოლიტიკური სისტემის განხორციელებას. ეს სისტემა ღირსია განსაკუთრებული განხილვისა.

 ხსენებულ სისტემას ძირითად საფუძვლად ედო შემდეგი აქსიომა: რაც უფრო მდიდარია გლეხი, მით უფრო თავსაა გასული, რაც უფრო ღარიბია, მით უფრო მორჩილია. აქედან გამომდინარე, *ცდილობდა მამული მორჩილი ჰყოლოდა, თითქოს ეს იყო მთავარი გლეხური სათნოება. მოითხოვა გლეხების აღწერა და ისინი მდიდრებად და ღარიბებად დაჰყო. 1) გადასახადის ნარჩენები ყველა შეძლებულ გლეხს გაუნაწილა და მთელი სისასტიკით გადაახდევინა. 2) ღარიბი და უსაქმური ლოთიფოთები დაუყოვნებლივ სახნავ-სათესში გაუშვა. თუ სამუშაო ეცოტავებოდა, მათ მოჯამაგირეებად აძლევდა სხვა გლეხებს, რისთვისაც ეს უკანასკნელნი ნებაყოფლობით გადასახადს უხდიდნენ, მონებად გაცემულთ კი სრული უფლება ჰქონდათ, თავი გამოესყიდათ, თუ გადასახადის ნარჩენების გარდა ორმაგ წლიურ ღალას გადაიხდიდნენ. ყოველგვარი საზოგადოებრივი ბეგარა შეძლებულ გლეხებს აწვებოდა კისერზე. რეკრუტობა ხომ ცის გახსნად მიაჩნდა ანგარებიან მმართველს, ვინაიდან თავს იხსნიდა ყველა მდიდარი გლეხი, ვიდრე ბოლოს არჩევანი ვინმე არამზადას ან ღატაკს არ შეხვდებოდა,თემის ყრილობები მოისპო. ღალას თვითონ მოურავი კრეფდა ცოტცოტაობით და თან მთელი წელი. ამას გარდა შემოიღო მოულოდნელი გადასახადები. გლეხები თითქოს არცთუ ისე ბევრს იხდიდნენ წინანდელთან შედარებით, მაგრამ ვერც საკმარისი ფულის გამომუშავებას ახერხებდნენ და ვერც მოგროვებას. სამ წელიწადში გორიუხინო მთლად გაღატაკდა.

 გორიუხინომ მოიწყინა, ბაზარი დაცარიელდა, არხიპ-ქაჩალის სიმღერები მიწყდა. ბავშვებმა მათხოვრობას მიჰყვეს ხელი. ნახევარი გლეხობა მიწას ამუშავებდა, ნახევარი კი მოჯამაგირეობდა. საეკლესიო დღესასწაულიც, მემატიანის გამოთქმით, სიხარული და ზეიმი კი აღარ იყო, მწუხარების წლისთავად და სიმწარის მოსახსენებლად იქცა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პუშკინი ალექსანდრე / სოფელ გორიუხინოს ისტორია