პფეფერი სიუზან

 

უკბილო ანეკდოტი

 

 მთარგმნელი – გოგაძე ლალი

 

 

 

შავ ლიმუზინს მაისის თბილი მზის სხივები ალმაცერად ეფინებოდა, მაგრამ გოგონას მანქანაში ჩაჯდომისას მაინც შეაჟრჟოლა. წინდები არ ეცვა და შიშველი კანი უსიამოვნოდ შეეხო დასაჯდომზე გადაკრულ შალითას. დილით დედამ გააფრთხილა, წინდები ჩაიცვიო, მაგრამ თრეისიმ ჯიუტად იუარა, არ მინდაო.

ამაზე დედა – შვილმა იჩხუბა. თრეისი ბავშვურად მოიქცა, თუმცა რა გასაკვირია, ბავშვი იყო და მამის დაკრძალვის დღეს ბავშვივით გაჯიუტდა.

 – აქ ყველა თავისუფლად მოვთავსდებით, – თქვა თრეისის ბიძამ ბარიმ, რომელიც დედას გვერდით მიუჯდა და მერე ცოლს გასძახა, – შეილა, მოდი, დავეტევით.

 – არის ადგილი? – თავი შემოყო შეილამ.

 – რა თქმა უნდა, ძვირფასო, დიდი მანქანაა, – უპასუხა დედამ.

 – ესეც ჩემი პირველი მგზავრობა ლიმუზინით, – ჩაილაპარაკა თრეისიმ.

ბარი გოგონას მიუბრუნდა:

 – გისურვებ კიდევ ბევრჯერ გემგზავროს.

ოღონდ სულ ლხინსა და ქორწილში.

 – ამინ, – კვერი დაუკრა შეილამ და თრეისის ხელს მოსაფერებლად გადასწვდა.

,,სასაცილოა, – გაიფიქრა თრეისიმ. – ჩვენგან მხოლოდ მძღოლია თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი. თუმცა არა, შეილასაც შავი ფეხსაცმელები აცვია და შავი ხელჩანთა უჭირავს. დედაჩემის აქსესუარები კი მუქი ლურჯი ფერისაა. იქნებ ასეთ დროს მარტო მძღოლი გლოვობს.

ეჰ, ვინ იცის,” – ფიქრებში ჩაიძირა გოგონა.

 – როგორ ხარ, თრეისი, ხომ კარგადა ხარ? – ჰკითხა შეილამ.

 – კი.

 – მახსოვს, მამა რომ გარდამეცვალა, თრეისიზე ბევრად უფროსი ვიყავი, –  დაიწყო ბარიმ.

 – ძვირფასო, იქნებ უადგილოა ახლა ამ ამბის მოყოლა, – გააწყვეტინა შეილამ.

 – არა, არა უშავს, –  ჩაილაპარაკა თრეისიმ.  – სიჩუმეს ყველაფერი სჯობს.

დილანდელი ჩხუბის შემდეგ დედა – შვილი ერთმანეთს ხმას არ სცემდა.

 – არა, შეილა ალბათ მართალია. ვიცი, მამის სიკვდილი რა თავზარდამცემია, – მიუგო ბარიმ.

მაგრამ საკითხავია, იყო თრეისი თავზარდაცემული? გოგონას რაღაც ბუნდოვანი გრძნობა დაეუფლა.

სამი დღის წინ ტელეფონმა რომ დარეკა, უკვე იცოდა, ცუდი ამბავი უნდა გაეგო. ჩერი რეკავდა, მამამისის ახალგაზრდა საყვარელი. დედასთან უნდოდა საუბარი.

ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და რაღაც საშინელი უბედურება უნდა მომხდარიყო, რომ ჩერის მათთან დაერეკა.

 – მამაშენი მომკვდარა ერთი საათის წინ. ვიცოდი, ასეც იზამდა და ვიღაც ჩერის ბინაში მოკვდებოდა, – უთხრა დედამ დადო თუ არა ყურმილი.

ერთი წელია მამა ჩერისთან ცხოვრობდა და დედასთან განქორწინებას ელოდა. მერე ჩერი უნდა შეერთო ცოლად. სიკვდილზე არც უფიქრია, არ ჰქონდა ამის მიზეზი.

 – გულმა უმტყუნაო.

აბა, რა ეგონა, ტუტრუცანა გოგოსთან ცხოვრება ნებისმიერ კაცს გაისტუმრებს საიქიოში, – ნიშნისმოგებით თქვა დედამ.

 – მოკვდა? იქნებ მოგეყურა. იქნებ ინფარქტი დაემერთა. ხომ მოსდით ასე ზოგჯერ ასაკოვან კაცებს ახალგაზრდა საყვარლის საწოლში.

   – მოკვდა, მოკვდა. ჩერის ,,სასწრაფო” გამოუძახია, მაგრამ ვერ მოუსწროო. ვწუხვარ ძვირფასო.

 – მოკვდა, – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა თრეისიმ. ბოლო ერთი

წლის მანძილზე რამდენჯერ უთქვამს, ნეტავ მოკვდესო. წელს მამა ოთხჯერ თუ ნახა. სამჯერ ჩერისთან სახლში, როდესაც მამა – შვილი იჯდა, ხოლო ჩერი წინ და უკან დაფარფატებდა, ვითომ გამასპინძლებას ცდილობდა. ნასადილევს კოკა – კოლას ან სხვა რამეს ხომ არ დალევო? – ეკითხებოდა თრეისის წამდაუწუმ. ჯერ სადილიც არ ეჭამათ და ყასიდად ნასადილევს დასალევს სთავაზობდა. ერთი სიტყვით, ოთხჯერ ნახა მამა და აქედან სამჯერ ჩერისთან ერთად.

მხოლიდ ერთხელ იყვნენ მარტონი. პარკში ისხდნენ. იქ კი შეიძლებოდა გულახდილი საუბარი., მაგრამ თრეისი ატირდა. მერე მამასაც მოერია ცრემლი. შემოდგომის ცივმა დღემ კი აიძულა ისინი მალე გასცლოდნენ იქაურობას. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა. თრეისის ახსოვდა მამის უაზრო გამომეტყველება., მისი შეშუპებული თვალის უპეები.

ყურში ჩაესმოდა მისი ქსუტუნი, რადგან ცხვირსახოცი თრეისის მისცა.

 – წირვამ მშვენივრად ჩაიარა, –  ფიქრი შეაწყვეტინა შეილამ. თრეისი მიხვდა, რომ ყველანი საოცარ შვებას გრძნობდნენ, რადგან დაკრძალვა სკანდალისა და აყალ – მაყალის გარეშე დასრულდა.

 – ჰო, ყველაფერი ლამაზი და გულისამაჩუყებელი იყო, – ჩაერია საუბარში ბარი.

 – მეც სული ამიფორიაქა, – თქვა დედამ.

 – სწორედ რომ ასეა, ფილის, – მიუგო შეილამ და ხელის ოდნავი მოძრაობით თრეისისაკენ მიახედა.  – ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული.

დედამ ღრმად ამოიოხრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარგია, რომ გაჩუმდა. წინა სამ დღეს კი წყევლა – კრულვას არ აკლებდა ქმარს. თრეისი ფიქრობდა, დედას ალბათ ქმართან გაყრას ქვრივობა ურჩევნიაო. მაგრამ ქალი ქმარს მაინც ლანძღავდა: რომ მოკვდა, დედა – შვილი უპენსიოდ, ცარიელ – ტარიელი დატოვა და დაზღვევისა თუ საბანკო ანგარიშის წიგნაკიც სხვას ჩაუგდო ხელში. თუმცა ეჭვობდა ანგარიშზე რაიმე თანხა დარჩენილიყო. საყვარლის სურვილებსა და მოთხოვნილებებს ხომ უნდოდა დაკმაყოფილება! ჰოდა, ქმარს თუკი რაიმე ქონება გააჩნდა, ალბათ კარგა ხანია გაანიავეს.

ასეც რომ არ ყოფილიყო, ალბათ ქალს არავინ არაფერს გამოუჩენდა. დაკრძალვის ხარჯები კი ცოლს უნდა გაეღო. მერე კარგა ხანს მოთმინებით ეცადა, ვიდრე ანდერძს ოფიციალურად არ დაუმტკიცებდნენ. თრეისი კი მამამისისგან არაფერს ელოდა. არც კეთილდღეობას და არც ფულს, კერძო კოლეჯში განათლება რომ მიეღო. ერთი სიტყვით, წყალი კარგა ხანია გადაწურული ჰქონდა. მშობლებისაგან მხოლოდ სასმელ – საჭმელი, თავშესაფარი და ჩხუბი ახსოვდა.

ბოლო დროს მამა რომ სახლიდან წავიდა, ჩხუბი თანდათან შემცირდა. ახლა კი სამუდამოდ შეწყდებოდა. ჰოდა, მამისეული მემკვიდრეობაც სწორედ .ეს გახლდათ.

 – იმ დღეს ერთი უცოდველი ანეკდოტი მოვისმინე, – დაარღვია სიჩუმე ბარიმ.

თრეისიმ შვებით ამოისუნთქა. ბარის მარაგში ორნაირი ანეკდოტი ჰქონდა: უცოდველი და კარგი. უცოდველ ანეკდოტებს თრეისისა და თავისი შვილების თანდასწრებით ყვებოდა.

კარგი ანეკდოტები კი უწმაწური გახლდათ. თრეისის უყვარდა უწმაწური ანეკდოტების მოსმენა. ზოგჯერ ბიძამისს ავიწყდებოდა, რომ თრეისი ჯერ ისევ ბავშვი იყო. მაგრამ ახლა ზედმეტი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ლიმუზინში დაკრძალვის შემდეგ ბარი კარგ ანეკდოტს მოყვებოდა.

 – რა ანეკდოტია? –  იკითხა შეილამ. –  ახლა გაღიმება და ცოტა გამხიარულება არცერთს არ გვაწყენდა.

 –  ცოტა გრძელი ანეკდოტია, მაგრამ მოკლედ მოვყვები, –  მიუგო ბარიმ.

 – მერე რა, გრძლად მოყევი.

 

დრო გვაქვს, ნეტავ სად გვეჩქარება, – თქვა დედამ.

 – არა, მოკლედ ჯობია, –  მიუგო ბარიმ. – ჰოდა, იყო ორი მტრედი – ლეონარდო და კორა.

 – მიყვარს მტრედებზე ანეკდოტები, – ჩაურთო შეილამ.

 – ლეონარდო ფილადელფიაში ცხოვრობდა, კორა კი –  ნიუ – იორკში.

ერთმანეთს ატლანტიკ სიტიში შეხვდნენ და ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ თავ – თავიანთი ქალაქი და სახლი არცერთს არ ეთმობოდა. ერთი სიტყვით, გადაწყვიტეს შაბათ – კვირას ენახათ ერთმანეთი.

ერთ შაბათ – კვირას ლეონარდო უნდა ჩამოფრენილიყო ნიუ – იორკში, მეორე შაბათ – კვირას კორა უნდა ამოფრენილიყო ფილადელფიაში.

 – ფილადელფია ნიუ – იორკის სამხრეთითაა, ამიტომ კორა უნდა ჩამოფრენილიყო, –  ჩაერია თრეისის დედა.

 –  ამოფრენა, ჩამოფრენა, რა მნიშვნელობა აქვს. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ,  –  მიუგო ბარიმ. ჰოდა, ამჯერად ლეონარდოს ნიუ – იორკში ჩამოფრენა – ამოფრენის რიგი იყო. კორა პარასკევს საღამოს ელოდა. გახდა შვიდი საათი, გახდა რვა საათი, მაგრამ ლეონარდო არა და არ ჩანდა.

კორა ღელავს, ვაითუ რაიმე უბედურება შეემთხვაო. მერე ისიც გაიფიქრა ხომ არ მღალატობსო.

 –  გამოცდილებით ვიცი, საათობით ლოდინი რა სანერვიულოა,  –  თქვა შეილამ.

 –  ბოლოს ლეონარდო ათ საათზე გამოჩნდა. კორა უკვე ისტერიკაშია.

 –  სადა ხარ აქამდე,  –  უყვირის კორა,  –  იცი ახლა რომელი საათია?

 –  მაპატიე საყვარელო,  –  ეუბნება ლეონარდო – ისეთი სასიამოვნო საღამო იყო, რომ შენთან ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე.

ბარი დაელოდა, გაიცინებდნენ თუ არა.

შეილამ მართლაც გაიცინა. დედამაც უხალისოდ ჩაიცინა. თრეისიმ კი ზრდილობის გულისათვის გაიღიმა. ახლა უკბილო ანეკდოტზე გულიანი სიცილი ნამდვილად არ შეეძლო.

 –  თრეისი, მართალია შეთანხმებულები ვიყავით და ეს შაბათ – კვირა ჩვენთან უნდა გაგეტარებინა, მაგრამ თუ გადაიფიქრე და წამოსვლა არ გინდა, არ გვეწყინება,  –  უთხრა შეილამ.

 –  არა, წამოსვლა მირჩევნია. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ შეგაწუხებთ,  –  მიუგო თრეისიმ.

 –  ნუ გეშინია, არ შეგვაწუხებ,  –  უპასუხა შეილამ და თრეისი გულში ჩაიკრა. გოგონას ჩვეულებრივზე ცოტა მეტ ხანს ჰქონდა შეილას მკერდში თავი ჩარგული. ერთი წამით მას თავისი დეიდაშვილების შეშურდა, რადგან ასეთი კარგი მშობლები ჰყავდათ და ყველანი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ, მაგრამ შურს მალევე სძლია. თრეისიც ხომ ყოველ შაბათ – კვირას მათი მუდმივი სტუმარი იყო. კვირის ბოლოს დედასთან ზედმეტად წუთსაც ვერ რჩებოდა, მათკენ მიიჩქაროდა. დედა – შვილი ამას ისე შეეჩვია, რომ შაბათ – კვირას ალბათ ვერც დედა იგუებდა თავისი ქალიშვილი, შინ რომ დარჩენილიყო.

 –  ამ საღამოს რეიჩელის ორკესტრს კონცერტი აქვს და იქ მივდივართ,  –  მოიბოდიშა შეილამ.

– მისთვის ამ კონცერტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რომ არ წავიდეთ, ალბათ ვერ გადავურჩებით.

 –  კარგი, ნუ წუხხარ, ყველაფერი რიგზეა,  –  უპასუხა თრეისიმ.

 –  ჯესიკაც ამაღამ სახლში არ იქნება და თავს არ მოგაბეზრებს. შენ შეგიძლია მის ოთახში დაიძინო;  –  უპასუხა შეილამ.

 –  კარგი,  –  გაუხარდა გოგონას. – ჯესიკას ფარდებიანი საწოლი ჰქონდა და თრეისი ფარდების მიღმა პლუშის სათამაშოებმიმოფანტულ საწოლზე ამ სამყაროს განერიდებოდა და განმარტოვდებოდა.

 –  შენ თუ გინდა, კონცერტზე ნუ წამოხვალ, სახლში დარჩი და ტელევიზორს უყურე,  –  უთხრა ბარიმ.

 –  მგონი, კარგი აზრი არ უნდა იყოს დღეს თრეისის სახლში მარტო დატოვება –  თქვა შეილამ.

 –  ამ საღამოს მეც მარტო უნდა ვიყო, მაგრამ არა მგონია, ეს ვინმეს აღელვებდეს,  –  განაცხადა დედამ.

 –  ფილის, ძვირფასო,  –  მიუბრუნდა შეილა,  –  აუცილებლად დავრჩებოდი, მაგრამ ამ კონცერტს რა ვუყო. არადა, რეიჩელს ხომ იცნობ, როგორია.

 –  ჰო, მისი კონცერტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე, ან ჩემი ქმრის სიკვდილი. 

 –  ოჰ, კარგი რა, ფილის,  –  უსაყვედურა ბარიმ.

 –  დედა, თუ გინდა, მე დავრჩები შენთან,  –  უთხრა თრეისიმ.

 –  არა, წადი, წაყევი, გაერთე, შენ ეს უდაოდ დაიმსახურე.

 –  არ მესმის, რა გართობა იქნება დაწყებითი სკოლის ორკესტრის კონცერტზე,  –  თქვა ბარიმ.

 –  იმაზე მეტი კი იქნება, ვიდრე ჩემთან დარჩენაა,  –  მიუგო დედამ. ამაზე არავინ შეკამათებია.

 –  ყველანი საშინლად დავიღალეთ,  –  ღრმად ამოისუნთქა შეილამ. – დაკრძალვა დასრულდა და ცხოვრება თავის კალაპოტს უბრუნდება.

 –  მანქანიდან ჩემს ხარახურას გადმოვიტან,  –  ჩაილაპარაკა თრეისიმ, როდესაც მძღოლმა ლიმუზინი დაამუხრუჭა. გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ გახარებული იყო. დედამისის მანქანიდან ჩანთა გადმოიღო და დანარჩენებისაკენ გამოემართა. დედას დაემშვიდობნენ და მსუბუქი ნაბიჯით, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოიხსნესო, ბარის მანქანისაკენ გასწიეს. ბარიმ მანქანის კარი გააღო და თრეისი უკანა სავარძელში ჩაეშვა. აქა – იქ რეიჩელისა და ჯესიკას რაღაცეები იყო მიმოფანტული: თმის ბაბთა, ნამცხვრის შესაფუთი ქაღალდი, თოჯინას პაწაწინა თმის სამაგრი, რომელსაც თმის ბეწვები შერჩენოდა. დროდადრო თრეისის ყურთასმენას ბარისა და შეილას მონოტონური საუბარი სწვდებოდა.

მეტწილად კი ისინი ჩუმად ისხდნენ. გოგონას სიჩუმე მონატრებოდა. თრეისი ვერც წარმოიდგენდა, რომ დაკრძალვა ასეთი ხმაურიანი იქნებოდა.

გოგონა ჯესიკას ოთახში შევიდა და საწოლზე წამოწვა. არაფერზე და თან ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა. გონებაში ათასი რამ უტრიალებდა. ფიქრობდა სკოლაზე, დღეს რომ გააცდინა.

ბიოლოგიის ტესტზე. დილანდელ კრებაზე, სადაც ალბათ მოწვეული სტუმარი ნარკოტიკებსა და მის დამანგრეველ ზემოქმედებაზე ისაუბრებდა. ფიქრობდა ყვავილებსა და ზაფხულის არდადეგებზე. პლუშის სათამაშოებსა და ფარდებიან საწოლზე. ფიქრობდა ბედნიერ გოგონებზე, რომელთაც ერთიც ჰქონდათ და მეორეც. მამაზეც ფიქრობდა, რომელიც ამქვეყნად აღარ იყო და ტკივილი და დამძიმებული გული დაუტოვა.

 –  კარგია, რომ შენც წამოხვედი,  –  წასჩურჩულა შეილამ, როდესაც სკოლის საკონცერტო დარბაზში სკამებზე სხდებოდნენ.

– რეიჩელი ძალიან გაფასებს და უყვარხარ.

 –  მეც ძალიან მიყვარს,  –  უპასუხა თრეისიმ. – ალბათ კარგი კონცერტი იქნება.

 –  რას ამბობ, დაგვაყრუებენ,  –  გაიხუმრა ბარიმ.

 –  კარგი რა, ბარი,  –  საყვედურით შეხედა შეილამ,  –  მთავარია, რომ ბავშვებს მუსიკაში გარკვევას ასწავლიან. რეიჩელი პროფესიონალი მევიოლინე ვერასოდეს გახდება, მხოლოდ ელემენტარულ ცოდნას იძენს და თან თავისი ცოდნის გამომზეურების შანსიც აქვს.

 –  მე ცუდი მუსიკაც მომწონს,  –  თქვა თრეისიმ მხიარულად.

 –  ჰოდა, ზუსტ მისამართზე მოხვედი,  –  მიუგო ბარიმ.

 –  ჩუ, გაჩუმდით ორივენი. იმდენი რეპეტიცია და ვარჯიში ჰქონდათ, შეიძლება გაგვაოცონ კიდეც ბავშვებმა.

 –  ოჰ, არა მგონია,  –  უდარდელად ჩაილაპარაკა ბარიმ.

მალე ფარდა აიხადა და პატარა მუსიკოსებით სავსე სცენა გამოჩნდა.

 –  აბა, თქვენ იცით, დაგვატკბეთ ბავშვებო,  –  გაიღიმა ბარიმ.

 –  ბარი! – ცოტა არ იყოს ხმამაღლა მოუვიდა შეილას.

ირგვლივ მსხდომებმა თავი საყვედურით გადააქნიეს. შეილას შერცხვა და ოდნავ წამოწითლდა.

თრეისიმ თვალი შეასწრო და თავისთვის ჩაეღიმა.

ორკესტრმა პირველად მარში შეასრულა. მუსიკა კი არა, საშინელი ბრახა – ბრუხი იყო. დედა ალბათ იტყოდა, შაკიკის მომგვრელი მუსიკააო, მაგრამ თრეისის მოეწონა. 

მერე ბავშვებმა მეორე ნომრის შესრულება დაიწყეს.

მასში ვიოლინოები და მთელი გუნდი ჩაერთო. თრეისი თავიდან ვერ მიხვდა, რომელ სიმღერას ამახინჯებდნენ. მერე უცებ იცნო “იესთერდეი”. სად არ მოესმინა ეს სიმღერა: რადიოში, სუპერმარკეტში თუ ესკალატორზე; რომელიღაც არხზე ამ სიმღერის შემსწავლელ გაკვეთილებსაც გადმოსცემდნენ, მაგრამ ასეთი საშინელება? ღმერთო, ეს რა იყო?! სიმღერას ყოველგვარი Lლირიულობა დაკარგული ჰქონდა. ვიოლინოები უმოწყალო წრიპინით აპობდნენ ჰაერს. საშინელი ჟღარუნი იდგა. თრეისი უეცრად მიხვდა, რომ იცინოდა.

თავის შეკავება არც უცდია. იცინოდა და სიცილისაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. მერე სიცილი ტირილში გადაეზარდა და გული ამოუჯდა. ახლა უკვე მწუხარებისაგან ტიროდა.

 –  რა მოგივიდა, თრეისი? – შეეკითხა შეილა ჩურჩულით.

გოგონა ერთი წუთით დაიბნა, მაგრამ მალევე მოძებნა გამოსავალი. ხომ ვერ ეტყოდა შეილას, ეს ამბავი რეიჩელმა და მისმა ორკესტრმა დამმართაო.

 –  ანეკდოტი,  –  ძლივს წარმოთქვა სიცილ – ქვითინით.

 –  რა? – ჰკითხა შეილამ.

 –  ანეკდოტი მტრედებზე. გახსოვს, მშვენიერი დღე იყო და ფეხით წამოვედიო, შეახსენა შეილას. ქალი დაბნეული ღიმილით შეჰყურებდა.

ამდენი თავის დღეში არ უცინია. ორკესტრი დაკვრას აგრძელებდა.

გუნდიც სიმღერას ცდილობდა. მადლობა ბარის ამ სულელური ანეკდოტისთვისო, გაიფიქრა თრეისიმ. მე მგონი, დიდი ცოდვა არ იქნება, თუ კონცერტის დროს ანეკდოტზე გავიცინებო. იმედი ჰქონდა, რომ სიმღერის დამთავრებისთანავე შეძლებდა სიცილის შეწყვეტას. იმედი ჰქონდა, რომ გულში ჩაგუბებული ტკივილი ერთ მშვენიერ დღეს დაუამდებოდა. ჯერჯერობით კი გოგონა იცინოდა, ტიროდა და იმედოვნებდა...

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / პფეფერი სიუზან / უკბილო ანეკდოტი