ჟორდანია ხათუნა

 

არმაგედონი

 

 ბალეტი (ლიბრეტოსათვის)

 

 

 

შორს, ძალიან შორს, მოქუფრული ქალაქიდან მოშორებით, ზურმუხტის ტბის მიდამოებში ცხოვრობდა ლოტოსის ყვავილივით პირმშვენიერი ქალწული, რომელიც ადგილის რაობის სრულქმნას წარმოადგენდა.

სიცოცხლის სული იყო იგი... უთვისტომობას მიღწეული, არც სევდა ემეტყველებოდა მის იერს და არც სიხარული.

მზის სულით ესხივოსნებოდა ქალწულს გული, მთვარის ანარეკლი კი მის გონებას ამალგამებდა, ცივი და მშვიდი იყო მთვარე, მზის შორეული, მწველი ნათელით გასხივებული და არსებობდა, იმიტომ რომ მზე იყო ქვეყნად, სამყაროს გული, სტიქიათა და ყოველი დვრიტის მაცოცხლებელი.

ღამეს კი კვლავ მოჰქონდა უჩუმრად დარდი და მრუმე სევდა, თანდაყოლილი კაცთაგანის.

 ტბა სულიერი თანა იტევდა თავად მასშივე აყვავებულ მთელ დედამიწას , და მის ხატებად გადმოდიოდა შემოქმედება: მუსიკად, ბგერად, ფერებად, ჰანგად...თავისუფლების მირქმად და განძად.

 

***

შორს, ძალიან შორს, ზურმუხტის ტბისგან მოშორებით, მოთენთილ ქალაქს ეძინა ფშვინვით, ამქვეყნიური უხამსობითა და ბიწით დაღლილს. ყოველ ცისმარე იწყებდა დრტვინვას ლექი და ბიწი..

დროდადრო ქალწულის სამყოფელშიაც აღწევდა დაფდაფებისა და ორკესტრების ხმა. იხმობდა ყოველს ითრევდა თავდავიწყებისა და სანახაობების ორომტრიალში.

მართლაც და ჯადოსნური იყო ეს ქალაქი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმქონე. მფრინავი ხალიჩებით, ჯადოსნური სარკეებითა და თვითმოძრავი ფაეტონებით, მაღალგუმბათოვანი, მრავალსართულიანი სრა-სასახლეებით.

დიდი ხანია ფრინველებმა მიატოვეს ქალაქი, აქა-იქ სახლებს ბეღურები თუ გადაუფრენდნენ, იმათ მაგივრად ვირთხები მომრავლებულიყვნენ ასევე ნაცრისფერები.

ქალაქი სავსე იყო მაგისტრებითა და ოინბაზებით, ფაკირებითა და ჯამბაზებით. ყველა დროის გრძნეულს შეშურდებოდა მათი მოქნილობა და ჭკუის სიმლაშე.

ვერავინ ვერ აუვლიდა გვერდს ამ ქალაქს, მაგიურად გრძნეული მიზიდულობა ახლდა თან, მორევივით მოარული და ჩამძირავი.

მშვენიერებისა და სიკეთის პირისპირ არსებული, იმიტომ ფეთქავდა ასე მძვინვარედ, ბოროტებითა და ლიზღვით მიმზრახი, რათა ცისფერ ქრიზანთემასავით აფეთქებული უსათნოესი სიყვარულისთვის ევნო და ემტრო.

ყრუ ტკივილით უცხო სურვილი მიუსართა თვის სულის სარწყულს, გონებისგან ნაკარნახევი.

 .საკუთარ ნებით, თვით ნათელი დაუყვა მრუმე ქალაქისაკენ მიმავალ ბილიკს, გამოცდათ ხილვათა ორიფიელის ხანაში.

მთვარემ უჩვენა ეს გზა.

მანვე გაუხსნა ყველა კარი სიამისანი.

იალს აკმევდა ღამის მეკლმე, ცა ლიჟრიანი ცვარს აფრქვევდა თვალცრემლიანი.

ქალწული შედგა კარიბჭესთან. თვალი შეავლო მაღლივ გუმბათებს, შორს მაშხალებმა დაიწყეს ღვენთა. ფეირვერკები ბოლავდნენ სახლებს. უცბად მოაწყდა ხალხის ტალღა, სამუსის ხმაზე, ცეკვა-თამაშით, თვალსათნეული ნაზი ქალწულიც თან გაიყოლეს... და ისიც მიჰყვა ამღვრეულ ქუჩებს წვიმასავით აკიდებული.

მუქ ლურჯ არდაგზე მოქარგულივით მოჩანდა მთვარე, მოსთქვამდა ღამე ქალაქის ბჭეში კარჩაკეტილი, ქუჩა ბორგავდა. ხმა მახმიერი ასკდებოდა ქვებს, ღამეს კაბარე მასპინძლობდა აშეთებული.

მკერდით არღვევდა მზრილავ ტალღას ქალწული რიდით, მონაპირებას ცდილობდა ისევ ბრბოში ხეტიალს არდაჩვეული. იქვე, მახლობლად ქვაფენილზე ჩამოჯდა შვებით.

– არ შეიძლებაო ქვაფენილზე შესვენება, – ვიღაც გამვლელმა შეახსენა თავგაბეზრებით.

არ შეიძლება? თურმე? – ეს ორი სიტყვა აეჭედა და დადგა ფეხზე აკრძალულით შეცბუნებული.

– იყიდეთ ყვავილები.

ჯადოსნური ფარნები.

ჭრელი სათამაშოები, – ყვიროდნენ ბრბოში მჭახედ, ხმამაღლა.

აბი, ელექსირი თავდავიწყების!

იყიდეთ სიკვდილი,

შხამი და ნესტარი,

დაშნა თუ ნაგანი...

იყიდეთ ერთი ღამის სიყვარული, – და ისინიც თავაწყვეტით ყიდულობდნენ ჭრელ, უმაქნის, დასამტვრევად გამიზნულ სათამაშოებს, ხმიერ საკრავებს, ჯადოსნურ ფარნებსა და სარკეებს.

ერთი ღამის სიყვარულსაც და ერთმანეთს.

ყიდდნენ თავისთავს და ყიდულობდნენ ისევ ხელახლა.

რაღაც სიამე დაჰკრავდა კიდეც ამ ორომტრიალს ქავილის მსგავსი.

იდგა ქალწული უბიწოდ, უცხოდ, აქაოტებულ მძიმე ანდაფში. არ აპირებდა ნაბიჯის წარდგმას არც წინ, არც უკან.

– ნეტავ სად მოვხვდი?!

კეთილს უქადდა თუ სხვას?

რას?

ეს სიზმარივით ოდესღაც იყო?!...

– კარგს რას ელოდა... ბოლოს სიკეთის?

– არა გსურს ხელზე გიმეტყველო? – შენ ისეთი თვალწარმტაცი ხარ, იშვიათად შენი სადარი, შთაგონებულად უმზერდა ქალი, სრულიად უცხო.

საფასურად კი ოქროსფერი თმის ერთ გრძელ დალალს გაიღებ ჩემთვის? ან თუნდაც ღიმილს? მე შენ მომავალს გაუწყებ, გაგაგებინებ რა გელის, ხვალ... ზეგ...

არა, არა მსურს, – მყის იუარა კრძალვით ქალწულმა, სუნთქვაშეკრულმა. გრძნეულს კი შიში დაეუფლა, შიში მპყრობელი მთლიან ქალაქის.

– სილამაზეს აქ პატივს სცემენ, ძვირადაც ფასობს, ყოველივეს განაცვალებენ, ნუ იუარებ, დედოფალივით განირთხე ყველა. შენი სინაზე გაალღვობს კიდეც ძლიერთა გულებს. მათ რას ჰპირდები? სიდიადეს? – არა! მაშინ რას? – სიტყვებს უპნევდა სასაუბროდ გრძნეული ქალი.

– წამს, თვალსატყუარს მშვენიერებით ვიღებ გამოცდად..

– რაღა თქმა უნდა, შენც დაიჯერე, იმ კალაპოტით დაიწყე დენა გიჩნევენ რომელს, ეს იოლია, გაგიადვილებს ყველა სიძნელეს.

იყო მეექვსე სარტყელის მგზავრი... სტიქიურ ხილვებს უნდა მისცე გზა... შენც მიიბურე ბნელის პირბადე, ჩირაღდანს ზეთი დაუკელი მეხუთე ხანის, გზება ჩააქრე...

– ახლა კი ვინ ვარ?

– ამ ბრბოს ნაწილი, მცირე წვეთი... იმხიარულე, თორემ ეს ღამე გადავა ისე, რადგან ყოველ წუთს ულმობლად დანთქავს გარდასულობა. თავდავიწყებით იცეკვე გათენებამდე ქუსლებდაცვეთით, გადაივიწყე დრო, ბედი და მათი მწარე თავგასულობა.

ყური მიუგდე დაფდაფების ხმას...

– არული, არული კუდიანებო! – კიოდნენ ბრბოში.

კლარნეტებისა და ტამტამების ხმაზე იხმობდნენ ერთურთს. ხორხს აწყდებოდა მძიმე ბგერა ხავილის მსგავსი.

ყიოდა ვიღაც მამალივით, –

– არული! არული!

ბღაოდა ვიღაც ყბაახსნილი.

– არული, არული.

ცეკვავდა ქალი, მთლად შიშველი, შეშლილი როკვით, ცვარად ედინა სხეულზე ოფლი, ულაპლაპებდა, ფარნების შუქზე ბზინავდა კანი.

ვიღაც ლესავდა დანის წვერებს ნაპერწკალთ ფრქვევით, არჭობდა მიწას, ქალი კი მაინც ცეკვავდა როკვით, არ აკარებდა შისველ ტერფებს ალესილ პირებს გრძნეული ქალი.

– არული! არული! – კიოდა ბრბო.

– არული, არული, – წიოდა ქალი.

– არული, არული! – ხაოდა კაცი, დანების ლესვით, ნაპერწკალთფრქვევით.

სისხლი მოსწყურდათ, სისხლი და ღვინო. ჩამოაგორეს კასრი ზომით უზომოდ დიდი.

პირთამდე იყო სავსე ღვინით, ღვინით თუ სისხლით?

ყველას წილხვედრი ჩაესხათ შიგნით.

ჩამოატარეს, ერთადერთს მხოლოდ ქალწულმყოფელს არ ერგო იგი.

ქალწულს ჩასჭიდეს ახლა ხელი, ბოძზე ააკრეს, ალესილ დანებს ესროდნენ ირგვლივ.

ცვიოდა ოქრო, ცვიოდა ვერცხლი, დიოდა სისხლი..

ცეკვავდა ქალი მთლად შიშველი თეძოთა რხევით, ძუძუთა ეშხით, ცრუ მომღიმარე ხმით მოკისკისე მიუახლოვდა ქალწულს, ყურთან ჩასწივლა.

– არული არული! – დაჰღმუვლა ბრბომ.

– გაიღე მზერა შენი ზურმუხტი.

– დაღვარე სული სათნო და წრფელი.

– განახვე თაღი, შეუღწევი, უჩინოდქმნილი.

– აღივსე რისხვით.

– შეივსე ზიზღით!

საფასურად ესროდენ ოდენ უთვალავ ოქროს, აუწონავ ვერცხლს, ყოველივეს ანაცვალებდნენ.

დააცხნენ ვნებით, კბილებთა ღრჭენით, ერთურთს ახლიდნენ.

უკვირდა ქალწულს. სთხოვდნენ ნეტა რას? მათ თავს უკრავდა გაღიმებით, თან სეცბუნებით, იდგა მოახლედ, წარმოშობით კი დედოფალი.

– განირთხე ყველა, – უწიოდა გრძნეული ქალი, სადღაც შორიდან, სრულიად უცხო.

– გადააკვესე თვალები რისხვით, ქამანდის ქნევით დაერიე ამ ბრბოს და ორმოს ცემით, ყივილით.

– აღიღე ხელი! – და უმალ კიდეც გადედოფლდები, აღიღე ხელი!

– არული, არული, უყეფდნენ მთვარეს. ისიც გამოჩნდა სავსე, მაცდური, წითელი ფერი შერეოდა მის მიმქრალ სახეს, როგორც კვერცხის გულს ძარღვი ნაყოფის.

სულშემოსილი იდგა ქალწული ყვავილებით, მზით და ნათელით თვითმოკაზმული.

და ერთადერთი, მასთან მყოფელი, – სულთქმნად ცხებული ჭეშმარიტება, უსასრულობის ერთსახებად გადასახული.

ვერ მიეკარა მის თვალებს ცრემლი, ვერც სინანული დაეტყო სახეს, რისხვა კი თითქოს ალმოდებული ამაოდ ხლიდა ბობოქარ ქშენით მისი სულის ჩარაზულ კარებს.

მხოლოდ ღიმილი გაცრეცილი მიეკრა ბაგეს... და კიდევ ფიქრი, – ფიქრმა ნაღველი შეურია ნამზევ თვალებში, ზურმუხტისფერი აემღვრა მხოლოდ და გაებლანტა. მერე სახეზე უფერული დაუშვა რიდე. სიბრძნის სიმშვიდით, მარადი ტრფობით ენუგეშა ამაოებას.

და ჰა, უეცრად შეწყდა ყეფა, მორჩა გნიასი, დაწყნარდა ირგვლივ ყოველივე, წამით გარინდდა და ეს სამყარო მოქცეული დარჩილულ ღერძზე ჩაწყდა, გაწბილდა და უკუიქცა.

ძულვა კი, ძულვად ამძუვნებული ექადნებოდა ამოდ ქალწულს და მის წაბილწვას.

იდგა ქალწული დაღვრილი თმებით, დაღლილი მზერით, თლილი თითები გულთან აიკრა.

 

ნელი ტაატით, მზეტანის რწევით, ძლივს აითრია ფეხი ნაბიჯად. იავარქმნილი მისი სხეული ტოვებდა ბრბოს და ღამის სამძიმარს.

ერთი ნაბიჯი გადადგა უკან ზვავმა ავსულმა, ორად გაიპო. მთენარე ქალწულს გზას უთმობდა სულმიწურვილი.

– შეშლილი ალბათ, – ჩურჩულად აწვდა შეძახილი, ჩაენთო ბრბოში, მიაცილებდნენ მიმავალ ქალწულს, შეცბუნებულ და იჭვიან მზერით...

 

* * *

გზის გასაყართან, ხელჯოხით ხელში, ფრაკით მოსილი იდგა მაესტრო! უმზერდა ქალწულს გასაკვირალს აზრთგამოცნებით.

– მაესტრო! მაესტრო! – მიესალმა ბრბო აღტაცებით არსების მისას. იგი არ იყო არც ნაწილი და არცა მრთელი.

და როს შეახო ქალწულის მკლავებს მაესტრომ ხელი, სულ სხვა სამოსით გარდამოსა, მუქ ზოწისფერით.

უფერმკრთალესი გამხდარიყო სახე ასულის, რიჟრაჟის მთვარეს დამსგავსებული.

– რა საჭიროა ამდენი შფოთი, გაადედოფლეთ! – უმალ განლხვება ყოველივე შეუღწეველი, – ცალმხრივ ღიმილით იღიმოდა დამტყვევებელი.

წუთიერად, ამ უმეტყველეს სამყაროში ქალწულმა მარტოდ შეიგრძნო თავი. მიმოიხედა, ათასი სახე აირეკლა ქალის და კაცის თვითკმაყოფილ იერით მზერნის. არავინ იყო ამ ქალაქში მასსავით მარტოსული.

ო, სულთათანა, ერთადერთი თუ იყო იგი!?

ხელი ჩასჭიდა მაესტრომ ქალწულს, დიდ სარკეებიან დარბაზში შეიყვანა.

განქარდა ბნელი ბრბოც, დარჩა ქვევით და დადგნენ ორნი სარკეთ პირისპირ, რამეთუ ვუწყით, არის ორი რამ:

არის კეთილი,

არის ბოროტი.

რამეთუ ვუწყით არის ორი გზა – ჭეშმარიტების და უმეცრების.

გამოჩნდა ბაღი სარკეთ მიღმა. ბაღში სასახლე, სიჩუმე, – ყრუ და აკლდამური, სვემწუხრეული.

ნანატრს სიმშვიდეს მინდობილი ბედი ქალწულის შეასკდა სარკეს სიმარტოვით და ორეულით.

ქარაგმად შედგა მაესტრო ლამის: – მე შენ სამყაროს განაცვალებ, დაგითმობ ამ ბაღს, რუხ სასახლეს, ნანატრ სიმშვიდეს.

ქვეყნის სიამეს დაგანახებ, განცდას არ განცდილს ჩაგისახლებ, მხოლოდ, – ბატონად შენდა სული ჩემი უფლად თანიღე. მხოლოდ, – უფლებად ჩემდა სული შენი ჩემს ფერხთ განმიგდე.

გაგადედოფლებ!

ცახცახი ასწვდა მის თლილ თითებს, ბგერა ჩურჩულად მომდინარი ყრუდ გაიბზარა.

– ო, მოიხიბლე დედოფალო, შენ ჯერ არ იცი, აქ სიამე რარიგ დიდია, ცდუნება მიწყით სინანულად როგორ ტკბილია, შეხედე ჩემს ბაღს, ამ სასახლეს, წალკოტს, შადრევნებს, ამ სპეტაკ ქვებს და ლალ-იაგუნდებს, ძოწს და ანდამატს. ხედავ ბამოვნებს მოარულებს, გესმის მუსიკა? გიჩვენებ რჩეულ გალერეებს, დიად შედევრებს. სიცოცხლე შენი მშვენიერი იქნება რადგან... იცხოვრებ!

– სიცოცხლე ჩემი? – მშვენიერია იგი თავადდაც და არ თხოულობ მისგან არარას?

– ო, არა!

გაქრა სასახლე, ბაღი ირგვლივ, თითქმის ყოველი იცვალა ფერი მიდამო-არემ სიზმრისეული.

ჰანგი მოვარდა ზათქით, ღრეობით, სიცარიელე შეივსო ხმებით, უცბად განათდა. მილიარდ შანდალთ განენათა გრძელი ტალანი, პაზიონებით მოოჭვილნი იდგნენ კედლები, სადაფის ჭერი ყირმიზმული ოფაზის ჭაღით, სარდიონები მიწად განრთხმული.

სულ ზემოთ, კიბის საფეხურზე იდგა მაესტრო ფრაკით მოსილი, მარჯვნივ მზესრული ქალწული იგი.

თორმეტჯერ ზარი ჩამოჰკრა ჟამმა. იწყებდა აღსვლას დიდი მეჯლისი.

ყრუჩქამიერად შეწყდა მუსიკა. რეკვას იწყებდა მეუფე, – ჟამი! ბოლო გუგუნი, მეთორმეტე! სიმშვიდე წამით.

გარდიხსნა ქვებით მოოჭვილი აღსავლის კარი.

კისკისი ქალთა, ბანოვანთა მოზღვავდა ტალღად. ხალხი მედინად მომავალი, მიმოარული მოედო ჯარად. სიუხვე ირგვლივ თვალთწარმტაცი. მუსიკა, როგორც ქარიშხალი ზაფრავდა დარბაზს.

მაცილთ ბატონი მართავდა კონცერტს. დირიჟორობდა თვით მაესტრო ყოფით ქარავანს. შეფაკლულ ქალწულს ერთვოდა ჟღერა, მუსიკა, თნევა, ღიმილი ირგვლივ.

გამხიარულდა მაესტროც უცბად, თვალშესამჩნევლად დახვეწა ქცევა. შემოდიოდნენ სტუმრები წყებად.

სალამი ჰკადრა რჩეულ ასულებს...

– ო, გაიცანით, ლამარისი და სალომეა.

ნაღები ქალთა, ლამაზმანთა: – მირანდუხტ – მეჯლისთ დედოფალი, პამელა, პემმა, ნენელი, გეტა, – სალამი თქვენდა!

სალამი თქვენდა – ჩურჩულებდნენ ექოდ კედლებიც.

სარკმელებს მიღმა ზვიადი ქარი ექიშპებოდა გზად ჩამწკრივებულ ქვათა გრიფონთა გრძელ პროცესიას.

დარბაზში ლიზღვით ქილიკობდა ორი ჯამბაზი და დგამდნენ სცენას.

– ქალბატონებო და ბატონებო!

შემოგთავაზებთ დღეს წარმოდგენას.

წუთით სიბრმავედ ჩამოწვა ბინდი. ელვით განათდა.

რევერანსებით გარდახსნა ფარდა ერთმა ჯამბაზმა.

სცენაზე იდგა მარიონეტი, სწუხდა რაღაცას.

– რა დაგემართა ფაბლო? – ჰკითხა ჯამბაზმა.

– ო, სიყვარულის აღზევებამ შეაკრთო გული, ვუსმენ, ტრფობისგან სულგანაბული, თუ როგორ გალობს სულსა შინა ყრუ საუფლოში მეფეთა მეფე აცრემლებული...

– რამ? სიყვარულის!? მერე ვის ეტრფი?

– მარგარეტს, უმშვენიერესს ბანოვანთ შორის.

გამოჩნდა ქალი ფაიფურის, ბაბთებითა და ყვავილებით მორთულ-კაზმული.

– თქვენ რაღას იტყვით?

რა საჭიროა სიტყვა ან ფიცი, მე ვეტრფი სცენას, პაჟებს, ტაშსა თუ ღიმილს, აღიარებას და დაფნის გვირგვინს.

და მხოლოდ ფაბლო?! არა მსურს იგი...

– მაშ, გაიმართოს ვარიეტე, ცეკვა თუ ფლირტი. თქვენ ფაიფურის ქალბატონო, მოგენიჭებათ პრიმა და პრიზი, ფაბლო კი მორჩეს უმიზეზო კვნესას და ჩივილს..

– მე თქვენ მოგითხრობთ ჩემი გულის წრფელ სიყვარულზე...

– ღირს კი?

– მე ავაშენებ სასახლეებს, აქ ყოველივეს გარდავქმნი მისთვის, დავიპყრობ მასებს, შევებმები ომსა და ჭიდილს.

– საბრალო ფაბლო, შენ დადუმდები, ეგ გულისძგერაც ჩაქრება მიწყივ, რადგან გულისთქმას და აზრებს შენსას კულისებს მიღმა უხილავად ვიღაც განაგებს. დაგაზიარებს სულისთქმას მისას, თუნდაც ავყიას, ამაყს, მხარდიადს და გეტყვის ასე:

– იწამე იგი!

ანდა, შუბლში იხალე ტყვია.

ცოტაც და კიდეც იხილავდით აქ თვითმკვლელობას, ჩვენ ამ საღამოს გზას დავუთმობთ სიცილს და ლხენას. თავი მიეცით კვლავ აღმაფრენას.

სცენა დაფარეს მოცეკვავე ქალებმა.

კედლებზე ლამპრები თვალისმომჭრელად აციმციმდნენ. ფერები ცეკვავდნენ ესტრადის ხმაზე, წყვილები ციბრუტივით ბრუნავდნენ. ამო სურნელი მოჰყვებოდა კაბების შრიალს.

მიართვეს ქალწულს გავალაკი, შემოსეს სკიპტრით, დიადებით, – გაადედოფლეს..

ეახლა სახემზე მირანდუხტ, მეჯლისთ დედოფალი, თაყვანსცა მოწლებითად მსხდომს უცხოს, ცისიერს, შემდეგ მაესტროს დაუკრა თავი, საცეკვაოდ მიიპატიჟა. რამდენი ღიმილი იყო ირგვლივ. ასი? ათასი? ნიღბები! მერე როგორი, მრავალულევი, ნაირფერ ჭრილის, ყალბი ყალიბის.

მაქმანთა ტალღას შეერივნენ მაესტრო დიდი მისანთ მისანი და მხევალი მისი მირანდუხტ – მეჯლისთ დედოფალი...

...და იწყო ვალსი.

– დღეს უტურფესად იმზირები მგოსანთ სარკმლიდან მშვენიერო, როგორც ყოველთვის, სად არის რგული სული შენი? – ჰკითხა მაესტრომ.

– იქ, სადაც თრობის ვარდებია, ცეკვა და ვნება, მიჯრით მხლებლები, სად ფუფუნება და სიმდიდრეა ურღვევ-უცვლელი, სადაც ღიმილი გარეგნული სათნოდ გებული. სად – დედოფალი ვიქნები მანამ, ვიდრე მოვკვდები.

– მირანდუხტ, მერე ამათათვის შენს სულს მომცემდი?

– მე მას დავსცემდი.

– მოგენიჭება ესე ნიჭი, ესე ვნება, ესე ღიმილი... და მყარუფლება დედოფლისა ამა მეჯლისის.

მიუახლოვდნენ ცეკვით ქალწულს, ხელი ჩაჰკიდეს, შემოიარეს ერთად შემდეგ მცირე დარბაზნიც.

ერთგან ცეკვავდა შიშველი ჰემმა როსკიპთა დასით, სამოსი ჰქონდათ დანაფლეთი, ნაგლეჯი ძალვით.

ყრუ კვნესა ქალთა, შეკივლება, მუდმივი ახი, ღვინო სისხლისფრად ანაღვარი, ვით შადრევანი.

შიშველ წვივ-ფეხთა აშხეფება, დავლური დაფით, და მოგიზგიზე სარდიონი ელვარე ალით. ცეკვავდა ჰემმა როსკიპთ მეფქალი, მოიახლოვა მაესტრომ, ძუძუთ შეეხო.თავი დაუკრა ჰემმამ, პირქვე დაემხო, ფეხზე ეამბორა ბატონს, დიდ მისანთმისანს.

ჯაზი უკრავდა ტავაწყვეტით, ცეკვას იწყებდნენ გაშმაგებით, ყველა სასანთლე ჩაქრა, ჩაღვენთა შუქი ალმურმა, მზად იყო ჰემმა ზმა შიშველი როსკიპთა დასით ამ ღამეული ორგიისათვის...

იძვრნენ ჩრდილები!

ო, ჰა, ნიშატი, შვება სხეულთა, უსამანო და განუწილველი. დაეშვა ფარდა ზლაზვნით, მძინებით. იქ... იქ ნეტარებდნენ წრეგადასულნი, თბეშეთნეულნი და აღვირმხსენნი.

– ხედავ, მირანდუხტ, ამ თვინიერ დასთა მხილებას?! არის რამ კარგი სხვა ამაზე უფრო საამო?

– ო, ვხედავ... ვუმზერ თუ როგორ თრიაქობენ ფანტასტთა დასში და ნებდებიან ილუზიურ, მიღმურ ჩვენებას.

ჰამელა! დიასახლისი ამ სურნელთა, მუშკთა, ამბართა...

იგი წამოდგა, რწევით, რონინით, როგორც ზმანება უცხო, შორისი... გზა, გზა დაამკო ნელ სურნელი ღრუბლად მომდანი, ბურუსი ნელი ქარაგმულად მიესალბუნა მის მხრებს, თმათ ტევრებს, თვალნი მონისლა, ძლივს მიაცქერდა მაესტროს, მხლებლებს.

– მობრძანებითა აქა თქვენითა!

– აჰა, თრიაქთა, ყაყაჩოთა ხმილვა სხვაგვარი, ქვედ იმღვრევიან საუკუნენი, შორს ზანზალაკთა ისმის წკარუნი, ჩნდება ჩრდილ-ლანდნი ვითა სიზმარი, აქ კვლავ ბობოქრობს ჯერუთქმელი საალმობელი, გრეხილ მთებს მიღმა მზე კიაფობს ყოვლისმფლობელი, ირწევა მხარე, არე ირგვლივ, მთა, ზღვა ყოველი, მიიწევ ვითარცა უსხეულო, განუწოველი...

უთვალავ ფერებს ფრთა შეუსხამთ, შეხსნეს კამარა, განახვეს თაღი, შეენივთნენ ცის მკრთალ ანდამატს.

ქროლას ესწრაფვის ვნება მჭვრეტი “ზესთა საუფლოს”, ირგვლივ სახეებს უმყოფადს და სნებით აღრეულთ.

გრძელდება წამი, დრო არ სრულობს, დნება გუმბათი.

ირწევა სახლი, ქვესამყარო მოძრავ-უძრავი.

– მათ ამა ქვეყნის მიღმა ჰპოვეს უცხო თალარი, აი, სამანი, – რქვა მაესტრომ და გამოხურა ღიმილით კარი.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჟორდანია ხათუნა / არმაგედონი