ჟორდანია ხათუნა

 

სად მიდის გზა

 

 

“საით მივდივართ?!”

მუდამ ყოველთვის შინისაკენ”

 

        ფრიდრიხ ნოვალისი

 

 

წარმოიდგინე გამთენიის დილის მზის სურათი. თვალი მოავლე ცის რხევას, იგი მსოფლიო სულთქმის რიტმია.

გარიჟრაჟზე აღმოსავლეთით მანამ ცის თაღის მეწამულ მანდილს აისი შეარხევს, მთის წვერზე შემომსხდარი ღამის ფარშევანგები გუდა-ნაბადს აიკრავენ და ფრთათა ჩუმი შრიალით, შორს, დასავლეთით გაიკვლევენ გზას.

უხილავი, გრძნეული ფუნჯი რიტმულად კრთის და თანდათანობით უბრუნებს დედასამყაროს სინათლეს, სიცოცხლეს.

ცა იშმუშნება!

შუბლს გახსნის. ღამეს ნათელი შეენაცვლება, ირევა, იმღვრევა, მუქი სილურჯე ბაცდება. ჯერ ლილისფერი შეეპარება, მერე ცისფერი და . . . ჰა, გათენდა!

ფრინველებმა ჭიკჭიკი მორთეს – მისასალმებელი გალობა. ფრთა-ფრთას შემოჰკრეს და შხუილით გაინავარდეს.

– ნათელი მობრძანდა, ღამე დამარცხდა! აუწყეს ცასა და დედამიწას. ცოტა ხნის შემდეგ კი წუთით შეწყვიტეს გალობა.

გაიყუჩნენ.

სამყარო გაირინდა. გახედე! აღმოსავლეთით.

სადაცაა სასწაული მოხდება.

ვარდისფრი გვირგვინი ჯიღად დაადგა ჰორიზონტს. ნელ-ნელა გაიშალა.

ფერებმა საოცარი ფერხული იწყეს.

ოქროსფერმა ნათელმა იმატა. აგერ! პირველი სხივიც ამოიწვერა, ნელ-ნელა აიწია ზევით და... მზე, სიცოცხლის გვირგვინი, სიცოცხლის დედა შემობრძანდა.

– სალამი, სალამი, დილა მშვიდობისა მთებო, ველებო, ჭალებო, ტყეებო, წყაროვ ანკარა. სალამი ჩიტუნებო, დათვის ბელო, შენც, პატარა ლურჯთვალება იავ!

სალამი დედამიწავ!

სიო გალაღდა. ხეებმა შრიალი იწყეს.

– სალამი, ბიჭუნა, სალამი . . .

ჰე . . .

ბიჭუნა გამოერკვა. გულში სითბო ჩაეღვარა. მის სულსაც გალობა ეწადა. უნებურად, ლოცვასავით გაისმა მისასალმებელი, ხელები მზისკენ ასწია, სულ მაღლა, თითქოს ცის წვერს შეეხო, წონა დაეკარგა. სხეულში უცნაურმა, ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა.

სადღა არსებობდა ცა და დედამიწა, იყო მთლიანი სივრცე და სითბო, სიცოცხლის, ნეტარების ოკეანე.

ბიჭმა მზე იხილა, გამოიღვიძა, სიცოცხლე შეიგრძნო, სიცოცხლე ტკბილზე ტკბილი, იგი მთელს შეერია, უხილავ ჯაჭვს გამოება.

იყო ყველა და ყველაფერი. ყვავილი, ბალახი, ხე, ფრინველი, იყო არა ერთი, არამედ მთლიანი სიცოცხლე ნაზიარები მის ძირსა და ფესვს.

შემდეგ გაირინდა. შეწყვიტა ღაღადისი. საიდანღაც ძაღლის ყეფა შემოესმა. სოფელსაც გამოღვიძებოდა. ქოხებიდან ამომავალი კერიის კვამლი ცის თაღს სწვდებოდა.

ბიჭმა ბორცვი ჩაირბინა და ცვრიან მინდორზე გაინავარდა.

ნამი ალმასებივით ეკიდა ზურმუხტისფერ ბალახს. მზის სხივი მასაც მისწვდენოდა და აციმციმებდა.

პაწაწინა ყვავილებიც იღიმებოდნენ. ჟუჟუნებდნენ. ხალიჩასავით მოექარგათ მინდორი, აუ, რა ლამაზი იყო! გრძნეული მხატვარი სასწაულებს ჩადიოდა, უამრავი ფერი ერთმანეთისთვია შეეხამებინა.

ბიჭუნა გარბოდა. ნამი ფეხებს უსველებდა, დილის ჰაერი ელამუნებოდა. ლოყებს სწვავდა, უტკარცალებდა.

მინდორს სოფლის ბილიკი გამოება.

სუფთა ჰაერი კვამლის სუნმა შეცვალა. მეზობლის ეზოში ნაცნობი გოგონა შენიშნა. გაუღიმა.

გოგონა კისკისებდა. თავის ტოლს ხელის ქნევით აცილებდა.

ბიჭუნას ქოხიც გამოჩნდა, დროს, წვიმასა და ქარს თავისი გაეტანა, ოდესღაც წაბლის ხისაგან მკვიდრად ნაგები სახლი ახლა გაშავებულიყო. ობი და ხავსი მოჰკიდებოდა. ბიჭუნას გარდა აქ უამრავ მწერს დაედო ბინა. უჩვეულო ბზუილს გამოსცემდა ქოხი, ჟამთა სვლისაგან დაბეჩავებული, ბეჭებში მოხრილი, მობუზული ბეღურასავით მდგარი.

საკვამურიდან კვამლი არ ამოდიოდა. ბიჭმა ფეხს აუჩქარა. ეზოში შეშა მოაგროვა, გაციებულ სახლში შევიდა, შეუკეთა ბუხარს და ცეცხლი დაანთო.

მალე მზეც მომძლავრდებოდა. ქოხს სინათლითა და სითბოთი აავსებდა.

ეზოში მრავალი ხე და მცენარე ხარობდა. ბიჭუნა კაკლის ხის გვერდით, კუნძზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და იქიდან ებაასებოდა მეგობრებს.

საიდანღაც ჭიაყელა გამოძვრებოდა. შაშვი, ჩხართვი, ბეღურები მოფრინდებოდნენ, შემოსხდებოდნენ წყავისა და ალუბლის ტოტებზე და ქვეყნის ამბავსს უამბობდნენ ბიჭს. ეზოს სტვენითა და ჭიკჭიკით ავსებდნენ.

ქოხის წინ, ჭის გვერდით, გამხმარი თუთის ხე, გაფარჩხული ბებერი ჯადოქარივით იდგა. ბიჭუნას უცნაურ ზღაპრებს უთხზავდა და საღამოს სძილისპირს მოუთხრობდა.

ეზოში პირისპირ, წელგამართული მეომრებივით იდგნენ კაკლის ხეები, ფოთლებს აშრიალებდნენ და ქარისა და წვიმისაგან იცავდნენ ქოხს.

ბუტია ქალბატონიც ჰყავდათ: ალუბლის ხე. წელიწადის ყოველ დროს ნაირფერი სამოსით შეიმოსებოდა, ხან ყვავლების ფატას დაიფხოტებდა.

ხან მწვანით შეიფოთლებოდა, ხანაც თეთრ საბურველში გაეხვევოდა.

ყველაზე ლამაზი კაბა ზაფხულობით ეცვა, მწვანე, წითელწინწკლებიანი. ამპარტავანი ქალივით იდგა. კეკლუცი და აზიზი. მაგრამ ბიჭუნასთვის ყოველთვის სათნო და კეთილი.

ბიჭუნას არავინ ჰყავდა. ობლად ცხოვრობდა. მშობლები სადღაც წასულიყვნენ და არასდროს აღარ დაბრუნდებოდნენ. მხოლოდ ბიჭუნას სჯეროდა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა მათ.

 იგი თავს ობლად არ გრძნობდა.

უხილავი დედა მფარველობდა, ეფერებოდა. ყველა ცოცხალი არსების დედა კალთას აფარებდა, თავის უბეში ზრდიდა.

მას გაზაფხულის წვიმები და ლურჯთვალა იები მოჰყავდა, იგი ამშვენებდა ფერად ყვავილებს, ყვითელ გვირილებს, ძუძუს აწოვებდა ყველა სულდგმულს, ასაზრდოებდა, ზრდიდა და.... ბავშვმა სხვა აღარ იცოდა, თუ კიდევ რა შეეძლო მას.

მამა იშვიათად ანებივრებდა ბიჭს. ჭკუასა და რწმენას მატებდა. ნელ-ნელა ავაჟკაცებდა.

ბიჭუნა კარის ზღურბლზე შედგა.

– დილა მშვიდობისა! – მიესალმა ეზოს მობინადრეებს.

კაკლის ხეებმა შრიალი იწყეს.

ალუბალი გადაიფურჩქნა.

უცბად, ხესთან მიბმული თხის კიკინი შემოესმა. თეთრი თხა ჰყავდა, პატარა ბეკეკოთი. იგი აწვდიდა რძეს, აპურებდა.

ბიჭუნას კი საბალახოდ დაჰყავდა.

– დილა მშვიდობისა, ბიჭუნი! – ჩუმი ჩურჩული ჩასწვდა მის სმენას: ნელა აფუსფუსდა მზის სხივებით გაბრწყინებული ბაღი.

საყურე ცვიოდა თვალჭრელა ყვავილებსა და ხასხასა ბალახს, ღეროზე მიგორავდა, მიწის წიაღში, ფესვებისაკენ ეშვებოდა, მზემ თანდათანობით შეუმშრალა ფოთლებს სისველე, გაათბო მიწაც. დილის ნამი ალმასებივით აღარ ბრწყინავდა, ხეთა ფოთლებში შეყუჟულიყო და ნაკლებ ცელქობდა. ნიავს გადაევარცხნა მინდვრის ქოჩორი.

მოხუცი ბზა ჩაფიქრებული იმზირებოდა. ყველანი ბიჭუნას შესცქეროდნენ და ელოდნენ. იგი მიუახლოვდა და თითოეულ მათგანს თითებით მიეალერსა.

კაკლის ხეს ტოტები ძირა დაეხარა.

– შეხედე როგორ ავმაღლდი, ცოტაც და მზეს მივწვდები – ახარა ბიჭს.

– მზეს მისწვდები? – გაკვირვებით მიაჩერდა ბავშვი – მერე?

– უფრო ძირს დავწევ, არსად გავუშვებ, არც ღრუბლებს მივაკარებ.

სულ ჩვენთან, ჩვენს ზემოთ იქნება, არ მიგვატოვაბს.

– სულ როგორ იქნება, – არ დაიჯერა ბიჭმა – განა მზეს ძილი არ უნდა? ღამეც ხომ კარგია. მასაც ხომ ჰყავს პაწაწინა შვილები, გაიზრდებიან და ისინიც უზარმაზარი მზეები იქნებიან!

  – ღამეც კარგია, მაგრამ მე მზესთან მინდა...

– გაჩუმდი ერთი, – აიმრიზა ალუბალი, – გეყოფა ღრუბლებში ფრენა.

ისა სჯობს მიწაზე დაეშვა და მადლობა შესწირო მას. იგი გასაზრდოებს – და ტანმაღალს გზრდის. აი, მოხუცი ბზა, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნისაა, მაგრამ მზემდე ვერ მიუღწევია, შენ კი . . .

ბზამ ჩაიქირქილა.

– იყო დრო, მეც მზისაკენ მივილტვოდი. ახლა კი მხოლოდ სიარული მინდა ვიცოდე.

– სიარული?! სიარული ჩვენც გვინდა რომ შეგვეძლოს.

– კი, მაგრამ რისთვის? – იკითხა ბიჭმა.

– ჰმ, – ჩაეცინა თუთას – სიარული რომ შემეძლოს უპირველესად ცისა და მიწის სიხარულს მოვიძიებდი. ვიპოვიდი უნაზეს ყვავილს ჩვენი ხეობისას, ავაყვავებდი, ქარისა და წვიმისაგან დავიცავდი, ყველა სულდგმულთან მივიტანდი და მათ გულში გადავრგავდი.

მერე დავბრუნდებოდი და გიამბობდით, თუ როგორ გაათბობდა და გაალამაზებდა თითოეულ მათგანს გულში გაშლილი, სისხლისფრად მოგიზგიზე სიყვარულის კოცონი.

ჩვენ ერთ ადგილზე დგომით ასე ძალიან ბევრს ვხედავთ და განვიცდით. მათზე უფრო მეტს, ვისაც სიარული და მეტყველება შეუძლია. ისინი სად აღარ დადიან. შეუძლიათ თვალის ერთი გადავლებით დაინახონ მთელი დედამიწა, მოიარონ და ნახონ, მაგრამ მაინც ვერაფერი უპოვიათ, განუწყვეტლივ რაღაცას ეძებენ, თუმცა რას, თვითონაც არ იციან, სახელიც კი ვერ დაურქმევიათ. მათ იციან, რომ ეს ბალახია, ეს ხე, ცა, მზე, ყვავილი, მთა; რომ ბუნება რთულია; მის მოვლენებს ათასი კანონით ხსიან, რადგან ცოდნა უფრო აინტერესებთ და საკუთარი გულის ძახილს ნაკლებ უგდებენ ყურს. ბოლოს ეს ხმა სრულად ეკარგებათ და გზააბნეულნი რჩებიან. ჩვენ კი სულ მუდამ ბუნების ერთგულნი ვრჩებით და მას არასდროს ვღალატობთ.

– ჩვენ? ჩვენ რაღას მოგვიტანდი? – ჰკითხა ალუბალმა.

– თქვენ? – ცოტა ხნით ჩაფიქრდა მოხუცი თუთა, – წელიწადის ყოველ დროს ისევ და ისევ ნაირფერი სამოსით შეიმოსებით.

სიყვარული ყოველთვის არის ჩვენს მახლობლად. გვახალისებს და გვაყვავებს დღენიადაგ.

შენ, ჩემო ალუბალო, გაზაფხულობით თეთრზე თეთრ ფიფქებს პეპლებივით დაიხვევ თავს. ქარი ნელა შეგირხევს ახლადამოყრილ მომწვანო ქოჩორს. უნაზეს ფიფქებს ნიავს გაატანს და ზურმუხტისფერ მინდორს მოაპნევს. მზე ნაზად მოგითათუნებს ნორჩ მხრებზე სხივებს. ღამე ჩაგაცმევს გრძნეულ სამოსელს, იისფერ ფარჩას მოგახვევს ტანზე, თვით დედოფალი – ღამის პირიმზე, მოგეახლება ფერმკთალი მთვარე.

ხანდახან წვიმაც ამღერდება, წკაპ, წკაპ, ყლორტებს წურწურით დაედინება. წყაროც ტაშისცემით, ლიკლიკითა და სიმხიარულით ჩამოგივლის და ნისლიანი მთების ამბავს გიამბობს, არ მოგაწყენენ და არ მიგატოვებენ მანამდე, სანამ იქნები, შენ კი ყოველი გამოღვიძების შემდეგ პატარძალივით დაელოდები თვითეულ მათგანს.

მე თქვენშიც ავაყვავებდი უჭკნობელ ყვავილს, ეხლა ჩვენს გულში პატარა კოკრად რომ ჩაბუდებულა, გაშლას არ ვაცლით, დიდებს კი, როცა გაუშლელი კვირტი ჭკნობას იწყებს, სიცოცხლე გვბეზრდება, მარტონი ვრჩებით.

– ასე უფრო ხშირად ადამიანებს ემართებათ, – თქვა მოხუცმა ბზამ.

– თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა, რატომღა გრძნობენ მარტო თავს? – იკითხა ბიჭმა.

– ადამიანები ცთომილებივით ცხოვრობენ.

ერთმანეთს ეახლებიან, ირევიან, მაგრამ მაინც მარტონი რჩებიან. საღამოობით ვარსკვლავებს თუ უკვირდები? – შეეკითხა მოხუცი თუთა ბიჭუნას, – მათ მხოლოდ ადამიანებივით ციმციმი და არსებობა შეუძლიათ, ანათებენ, მაგრამ ერთმანეთს ვერ ათბობენ, თუმცა ერთმანეთთან უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი და ერთიმეორეს გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. გაერთიანება რომ შეეძლოთ ერთი უზარმაზარი მზე კიდევ შეგვემატებოდა ალბათ.

– ისინი ჯერ პატარები არიან, გაიზრდებიან, მერე ერთი კი არა, უამრავი მზე იქნება – გაჯიუტდა ბავშვი.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ შეესმა ხესთან მიბმული თხის კიკინი. იგი დროებით დაემშვიდობა მეგობრებს. თხა მოწველა. დედისეული თიხის ქოთანი რძით აავსო. დანაყრდა, შემდეგ კი დილის საქმიანობას შეუდგა.

ეზოში ნივთებს კუთვნილი ადგილი მიუჩინა, გამჭვარტლული ქოხი მიალაგა და თავისი სამწყემსავი საბალახოდ გაირეკა ტყისკენ.

ბიჭს ტყეში სიარული უყვარდა. ვის აღარ ხვდებოდა იქ. მზესავით გული ჰქონდა, ყველაფერს იტევდა, უყვარდა, ეალერსებოდა.

უამრავი მეგობარი ჰყავდა. განა ვინმე უფრთხოდა. ყველანი გრძნობდნენ რომ კეთილი სულიერი მოდიოდა.

ტყეში მხიარულად ატარებდა დროს. საღამოობით კი, კვლავ სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგებოდნენ სამნი და ქოხისკენ მიიჩქაროდნენ. გამძღარი თხა კმაყოფილი მიბაკუნებდა, გვერდით ბეკეკა ამოსდგომოდა.

ბიჭუნა კი ერთი ღამით ემშვიდობებოდა ბაჭიებსა და ციყვებს, მაჩიტებსა და მათიოლებს.

შებინდებისას ჭრიჭინობელები იწყებდენ ჭრიჭინს. ბიჭუნას სმენას უჩვეულო ხმები სწვდებოდა და იდუმალებით ავსებდა. ასეთ დროს ქოხში უხაროდა ყოფნა. ცეცხლს დაანთებდა, თან პატარა ჩიტის სტვენას უსმენდა. ჩიტი დღედაღამ გალიაში იჯდა და ბიჭუნას უმღეროდა. გალიას კარები მუდამ ღია ჰქონდა, ჩიტი კი არსად აპირებდა გაფრენას. მოიხელთებდა თუ არა ბიჭუნას ქოხში, სტვენას იწყებდა, ყოვლისმსმენელი გამხდარიყო ბავშვი, დედამიწის გუგუნის ხმაც კი ჩაესმოდა მის ყურთასმენას.

ბიჭუნას ეზოში ღამე ჯერ შეუმჩნევლად ეშვებოდა.

ხის კენწეროებსა და ქოხის სახურავს ჩამოსცდებოდა. ბიჭს მუქ ლურჯ საბურველში გაახვევდა. ნელა, ძალიან ჩუმად ნანას უმღეროდა. ღამეული მომღერლები უფრო ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ, თამამად ამღერებდნენ თავიანთ საგალობელს.

შორს, დასავლეთით, მუქ მთათა ჩრდილები ბებერი დევებივით მიწოლილიყვნენ. გზადაგზა ციცინათელებიც გაიელვებდნენ.

ქოხიდან სტვენა ისმოდა. ეს ხმა ბიჭუნას ყოველივეს ავიწყებდა, სულ სხვა სამყაროში მიამგზავრებდა. ბიჭუნა თვალებს დახუჭავდა.

უამრავ ვარსკვლავებსა და ციცინათელებში მშვენიერების დედა ფრენას იწყებდა. სივრცე ნელ-ნელა გაიშლებოდა და უთვალავი მაყრიონით ივსებოდა.

ნაზი, უსაზღვროდ სევდიანი მუსიკის ხმაზე სტვენდა ჩიტი. ამ ხმაზე ცისარტყელას ფერებით ინთებოდა ყოვლადუნაზესი, უჩვეულო, მოციალე ნეთელი ბილიკივით იშლებოდა ბიჭუნას ფერხთით. იგი ფეხს შედგამდა ნათლით მოსილ გზაზე და . . .

უმშვენიერესი მარადქალწული თავის სამყაროში მიამგზავრებდა.

დედების ცრემლიანი ღიმილი, მათი ზღვარდაუდებელი სიყვარული იყო პირველი მასპინძელი.

იგი ყოველივეს იტევდა: მზის ბრწყინვალებას, წვიმის სისველეს, ნამიანი მიწის სიგრილესა და ცის სილაჟვარდეს.

უტკბესი ყვავილივით სუნთქვა ჰქონდა მას.

რძის სურნელი დაჰკრავდა, დედის განუმეორებელი სურნელი.

ბავშვი ეთაყვანებოდა, ერთვოდა. იგი კი თავისი უბისაკენ იზიდავდა უფრო და უფრო.

შემდეგ ჰაეროვანი ქალწული ეგებებოდა წინ. მარად ცოცხალი დედოფლისაკენ მიუძღვებოდა.

  ბიჭუნა ძლივს ახერხებდა მისთვის თვალის შევლებას.

მას ცისფერი სხეული ჰქონდა, მზეზე გაბრწყინებული, მშვიდი და ღრუბელივით გამჭვირვალე. მაისის სიოს ჰგავდა მისი მოძრაობა, გრძელი ნაწნავები ვერცხლისფერი ჩანჩქერივით ეშვებოდა ძირს, წყლის შხეფებივით იფრქვევოდა და ციალებდა. თვალებში ორი დიდი ვარსკვლავი უკიაფებდა, ცისარტყელის ფერების სამოსელი ემოსა, მხრებთან კი ღამე და ნათელი ერთდროულად ამოსდგომოდა და მზის ბრწყინვალება მიჰყვებოდა გზადაგზა.

ჰაერი მძიმედ ამოძრავდებოდა, ბიჭუნას არწევდა, ანანავებდა, ზღაპრული ხილვებით ავსებდა. მერე ნელ-ნელა ფრენას იწყებდნენ ვარსკვლავთბიჭუნები და ქალწულები, ფერთა ზეიმზე მოსულიყვნენ. მისი მეგობრებიც ყველანი აქ იყვნენ: კოპწია ალუბალი, ბრძენი ბზა, მოხუცი თუთა, ამაყი კაკალი და ყველა, ვისაც კი ბიჭუნა იცნობდა.

ცოცხალი არსება, რომელმაც სიკვდილისა არა უწყოდა რა, უსასრულობას უერთდებოდა.

ეს განცდა უკვდავებასა და მარადისობას აზიარებდა, მერე კი ფერად ოცნებებში აძინებდა.

ბიჭს ეგონა, ასი, ათასი, ათიათასი წლების შემდეგაც გაგრძელდებოდა სიცოცხლის ნეტარება. ვერავინ ვერ შეუშლიდა მის სრბოლას ხელს. ამ შეგრძნებაზე დიდი არ არსებობდა მისთვის სხვა უფრო ძლიერი ძალა, და იმ გრძნობაზე მშვენიერი არა იყო რა ამქვეყნად, – რასაც ბიჭუნას სული განიცდიდა.

დილაადრიან ისევ მზის შესაგებებლად გარბოდა, სოფლის ბოლოს ყველაზე მაღალ ბორცვს ამოირჩევდა და იქიდან უმზერდა, მზესთან ერთად ყოველდღე იბადებოდა და შინ უსაზღვროდ მადლიერი ბრუნდებოდა.

მერე ისევ ამეტყველდებოდა გრძნეული ბაღი.

– შემხედეთ, ქარმა წუხელის ფოთლები მომტაცა, – წუხდა ალუბალი.

მოხუცი თუთა ბეჭებში მობუზულიყო. ისიც შეეწუხებინა აბეზარ ქარს. მზის მობრძანებას ელოდა. მისი სხივები შემცივნებულ სხეულს გაუთბობდა, სიმხნევეს დაუბრუნებდა.

– ბიჭუნი, ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები, მიწა სველია, – არიგებდა ბრძენი ბზა. ის კი თამამად დატყაპუნებდა ცვრიან ბალახზე.

– შემხედეთ, კიდევ გავმაღლდი, – კმაყოფილად ბუტბუტებდა კაკალი.

მას არ აშინებდა ქარიშხალი, არც სიცივე, ქედმოუხრელად, ამაყად მხრებგაშლილი იდგა და მზეს გასცქეროდა.

– მეც გავიზრდები, – უხაროდა ბიჭს და სტვენა-ხტუნვით დარბოდა ეზოში. შემდეგ ეზო გადასერა, მეგობრებს მიუახლოვდა. ისინი შეცბუნებულები იმზირებოდნენ.

– რად გინდა ბიჭუნი გაზრდა? – გაკვირვებული მიაჩერდა ალუბალი.

– მე მინდა ძალიან დიდი და ჭკვიანი გავხდე. ისეთი, როგორც თქვენა ხართ – უპასუხა ბიჭმა და დამნაშავესავით ახედა მეგობრებს.

– შენ ახლაც დიდი და ჭკვიანი ხარ. ყველაფერს ხედავ, შეიგრძნობ, ცა და დედამიწა შენი მეგობარია, კიდევ რაღა გსურს?

– მე მინდა განვიცადო ის, რასაც დიდები განიცდიან.

– დიდები? – ჩაფიქრდა თუთა, – დიდები სამწუხაროდ არაფერს არ განიცდიან. იმას ტანჯვა უფრო ჰქვია ვიდრე განცდა. ისინი მხოლოდ ცხოვრობენ და რაღაცას ელიან.

გადის დრო და თავისით არაფერი მოდის სიკვდილის გარდა.

– სიკვდილი რა არის? – იკითხა ბიჭმა.

– არაფერი – ამოიოხრა თუთამ და მხრები დახარა.

– როცა გავიზრდები, ყველაზე დიდ სიკეთეს გავაკეთებ ამქვეყნად და სიკვდილს მოვსპობ.

– ყველაზე დიდი სიკეთე სიყვარულია ბიჭუნი, თქვა მოხუცმა ბზამ.

მთავარია ყველა და ყველაფერი წმინდა გულით გიყვარდეს. ამას ლაპარაკი რად უნდა, სიკეთე ისედაც უნდა აკეთოს კაცმა. იგი ისე სჭირდება სულს, როგორც წყალი სიცოცხლეს.

სიყვარული რომ არ ყოფილიყო ამ ქვეყნად, ჩვენ რა გვაცოცხლებდა, აღარც მზის სხივი გაგვათბობდა, არც მთვარის შუქი გვიმღერებდა ღამღამობით ნანას. სუსხიანი ზამთრის შემდეგ ვინ მოიყვანდა გაზაფხულს. უგაზაფხულოდ კი აღარც ყვავილთა მაყრიონი იმაყრებდა, აღარც ნიავი, არც წვიმა და საერთოდ დედამიწა კი იბრუნებდა? ვინ იცის...

– ვინ იცის, ვინ იცის, – ჩაფიქრებული ჩურჩულებდნენ ხეები.

– ჩვენ სიკვდილიც სხვანაირი ვიცით, ჩვენი სიცოცხლის დასასრულს სიკვდილი არ ჰქვია, რადგან ლამაზად ვამთავრებთ სიცოცხლეს, მშვიდად, უშფოთველად, ყოველგავრი ბოროტებისა და ღალატის გარეშე.

მიწა გვასაზრდოებს, გვზრდის, მას ვართ ჩაკირული ფესვებით და ძარღვებით, სამუდამოდ მისი ვართ სისხლით თუ ხორცით. ჩვენ გვესმის მისი ყოველი ამოსუნთქვა, მისი ხმა, მაჯისცემა, გვესმის და ვგრძნობთ, რომ ყველანი ამ მიწის შვილები ვართ და არაფერი არა გვაქვს გასაყოფი.

 ბიჭუნას ეზოში ღამე ნაზად შემოიპარებოდა. ძაძისფერს აცმევდა არე-მარეს, სხვა ფერს ფანტავდა.

ნელ-ნელა სახეს იცვლიდა ჯადოსნური ბაღი.

საღამოს ბინდს ემარჯვა უკვე. ჩუმად მოეტაცა თეთრი მანდილი და მთების იქით გადაემალა.

შორით ხეები ნაირგვარ სახეებს თხზავდნენ, მოცეკვავე შავჩოხიან ჭაბუკებს ჰგავდნენ, მკლავგაშლილებს.

ბალახებსა და ბუჩქებში შემალული ჭრიჭინობელები კვლავ იწყებდნენ გაბმულ ჭრიჭინს. შორეული მინდვრებიდანაც კი ისმოდა მათი ხმა. ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა და ერთ მთლიან ღამეულ საგალობელს ქმნიდა.

ქოხიდან სტვენა მოისმოდა. ასე დაუსრულებლივ გრძელდებოდა გზა, საფეხური საფეხურს ცვლიდა.

ერთ დღეს ბიჭმა სიკვდილი იხილა, ჯერ ცხოველთა ორთაბრძოლას შეესწრო, დამარცხებული წაქცეულიყო, ძლიერი სუსტს თავზე დასდგომოდა და ჯიჯგნიდა. ფერად სითხეს უწუწნიდა. თურმე ბუნებას უხილავი კანონი განაგებდა.

შემდეგ მის თვალწინ სროლის ხმაზე გაქცეული შველი შეჩერდა, წაიქცა და აღარ განძრეულა.

ბიჭს შიში ჩაუდგა თვალებში.

პირველად შეესმა საკუთარი გულის ფეთქვა, რაღაც მიძინებულმა გაიღვიძა მასში, ნელა დაიპყრო, შებოჭა, თავისუფლება წაართვა, ცოცხალი არსება უმოძრაობის, გადაშენების, სიკვდილის შიშმა მოიცვა. უხეშად, ერთის დაკვრით ჩამოუნგრია მარადისობისა და უკვდავების კოშკი, მოკვდავობის ხუნდები დაადო, დაატყვევა.

რაღა ააკოწიწებდა მას იმ სიმაღლეზე, ვინღა მიანიჭებდა მარადისობას მოძრაობასა და თვით სიცოცხლეს. თურმე სრული გარდაცვალებაც არსებობდა, სრული გაქრობაც. უკვდავება კი თითქოსდა ერთ ადგილზე გაყინული უძრაობა ყოფილა, – არა სიცოცხლე, არამედ მუდმივი სიკვდილი. ბიჭუნა უმწეოდ დაჰყურებდა მოკლულს, ფეხის ხმამ გამოარკვია. ტყიდან შავმოსასხამიანი კაცი გამოვიდა.

– რას გაჩერებულხარ, შველი არ გინახავს? – ჰკითხა მოსულმა.

ბიჭი ფრთამოტეხილი ფრინველივით მხრებჩამოყრილი იდგა.

მკლავები დამძიმებოდა.

გახევებულ თვალებში გაყინული აზრი ჩასდგომოდა. წონასწორობა დაერღვია მის სულში. სითბო წაერთმია, გულისხმიერი განედევნა.

კაცის სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურში.

“შენ რა, შველი არ გინახავს?!”

– წაქცეული არა! – ხმისკანკალით მიუგო ბიჭმა.

მოსული დაიხარა, მოკლულს დახედა, უკანა ფეხებით დაითრია.

– შეშა მოაგროვე, ცეცხლი დავანთოთ – დაავალა კაცმა. თვითონ კი, ნანადირევის გატყავებას შეუდგა.

სულ მალე ცეცხლზე ხორცი აშიშხინდა, სისხლი ცვარივით დაეკიდა, გამაბრუებელი, მადისამღვძრელი სუნი დატრიალდა.

კაცმა ნაჭერი ჩამოაჭრა, ბიჭს მიაწოდა.

– ჭამე! – უბრძანა.

ბიჭმა ხორცი გამოართვა. ჩაკბიჩა. პირველად მისდაუნებურად ილუკმებოდა. შემდეგ თანდათან შეიგრძნო შიმშილი, ნდომა, კიდევ შეჭამა.

ამიერიდან ხორცი ხორცს მოსთხოვდა მას.

სისხლი სისხლს. სიცოცხლე სიკვდილს, სიყვარული სიძულვილს.

ქოხისაკენ დამძიმებული წამოვიდა. ყინული ჩასდგომოდა თვალებში. ბუნების სილამაზეს ვეღარ ამჩნევდა. სიბრმავემ შეიპყრო, ხეებს, ბილიკებს, ბალახს ძველი სიმშვენიერე დაჰკარგვოდა, მზეც უღიმღამოდ ანათებდა.

პაპისეულ ქოხს მიუახლოვდა. კაკლის ხეები, ალუბალი, რწყავი და თუთა, ყველანი შეუმჩნევლად, გარინდებულნი იდგნენ. ბიჭუნა დღეიდან ვეღარ გააცოცხლებდა და აამეტყველებდა მათ.

ან ვინღა უნდა გაეცოცხლებინა, როცა საკუთარი თავის სიყვარულისა და კუთვნილი სიცოცხლის შენარჩუნების სურვილს შეეპყრო მხოლოდ.

იგი ქოხში შევიდა. მისი ერთადერთი სიმდიდრე, პატარა ჩიტი, სტვენით არ მიეგება პატრონს. გალიის კარის ზღურბლზე მობუზული იჯდა.

ბიჭს ეჭვი აღეძრა. ჩიტის დაკარგვის შეეშინდა, დასაჭერად წაეპოტინა. მან ძველი პატრონი ახლოს არ მიიკარა, ფრთები გაშალა, ჯერ ფანჯარას მიეხალა, შემდეგ ღია კარებში გზა გაიკვლია და პერგამენტისფერ სივრცეში გაფრინდა.

ბიჭუნა თავზარდაცემული უმზერდა, სანამ წერტილად არ იქცა და მთლიანად არ მიეფარა თვალს.

ასე გაღარიბდა იგი. ცოცხალ მოკვდავად იქცა. შემდეგ ერთფეროვნად გადიოდნენ საათები, დღეები, ფერადი ოცნებები აღარ ეალერსებოდნენ, ვეღარც მზის ამოსვლის მშვენიერებას ხედავდა, ვერც ღამის იდუმალებას, მის ყურთასმენას აღარც ყვავილთა ჩურჩული ჩაესმოდა.

ხანდახან, დიდი აღტაცების ჟამს, წარსულის მოვლენები სიზმარივით გაიელვებდნენ, თავს გაახსენებდნენ. უცებ, მზეც ლამაზი მოეჩვენებოდა, დღეც, სიცოცხლეც . . .

მაგრამ გადიოდა წუთი და აღტაცება ქრებოდა, მშვენიერება ტოვებდა, ერთფეროვნება ისდგურებდა ირგვლივ.

აღარ ჰყავდა არც თეთრწვერა თხა. ეხლა ცხვრის ფარას ირეკავდა ტყისკენ.

ბუნების წიაღში დაბადებულსა და აღზრდილს ისევ ეწვეოდნენ ბავშვობის დროინდელი მოგონებები. დახუჭავდა თვალებს და სადღაც, გონების წიაღში ამოტივტივდებოდნენ ფერადი სიზმრები და გარდასული ოცნებები, თავისკენ იზიდავდნენ, ეალერსებოდნენ, შემდეგ, როგორც კი დაჭერას დაუპირებდა, დამფრთხალი მერცხლებივით მიფრინავდნენ.

ჭაბუკი თვალებს ახელდა, თვალცრემლიანი გაჰყურებდა შორეთს. გაფრენილი ჩიტის კვალს სევდამორეული გასცქეროდა.

მთელი ცხოვრება გარდასული სამყაროს შესასვლელ კარს ეძებდა.

ამ იდუმალ კარიბჭესთან მისი შინაგანი ლტოლვა მოქმედებასა და წინსვლას სთხოვდა.

ხვდებოდა – სინამდვილეში ეს კარი უნდა არსებულიყო, რომ უმოქმედოდ ვეღარ გალევდა წუთისოფელს.

კი არ დაეპყრო, არამედ შეექმნა, აეყვავებინა, სული შთაებერა, სიცოცხლე დაებრუნებინა.

ახალგაზრდული სიცოცხლე მშვენიერებასთან ზიარებას სთხოვდა.

ჭაბუკის სულში კვლავ იღვიძებდა გრძნობა, რომელიც სხვათა ტკივილს, მთელი სამყაროს წუხილსა და სიხარულს განაცდევინებდა.

ყური მიუგდო საკუთარი გულის ძახილს. დედამიწის გუგუნის ხმაც კვლავ ჩასწვდა მის ყურთასმენას. მან დაივიწყა პირადული და უზარმაზარი სამყაროს გულისფეთქვას აზიარა მისი პატარა, ნამცეცა სიცოცხლე.

მან კვლავ შეიგრძნო, რომ უკვდავება შეუძლია, რადგან მის ხელთ იყო იგი, რამაც არ იცის დასასრული, რისი ქმნადობაც ხელეწიფების მისსავე სულს სიყვარულითა და სასოებით და აძლევინებს ყოველივეს ამქვეყნად, თვით სიკვდილსაც კი.

 ერთ დღეს ჭაბუკმა პაპისეული ქოხის კარები მიხურა. უხილავი ბილიკებიდან ნელი მგზავრული მოესმა.

ბავშვივით მიუალერსა მეგობრებს. დამცველი მეომრებივით იდგნენ კაკლის ხეები ქოხის წინ. ბუტია ქალბატონი საქორწინო სამოსელში გამოწყობილიყო და ისე აცილებდა შირეულ გზაზე მიმავალ ჭაბუკს.

– დაბრუნდები ბიჭუნი? – დაღვრემილები ეკითხებოდნენ.

– სად უნდა წახვიდე! – ეჩურჩულებოდა უხილავი დედა.

– გაუშვი, ეძებოს! – უფლებას აძლევდა რწმენა.

პატარა ბილიკი გრძელი გზებისკენ, სხვა ქვეყნებისკენ იკლაკნებოდა. შემდეგ კი სულ აღარ ჩანდა.

ჭაბუკმა ჭიშკარი მიხურა.

შორეულ გზას დაადგა.

ცისა და მიწის სიხარული უნდა მოეძია, ყველა სულიერისთვის ნუგეში უნდა მიეცა, მას უნდა მოეყვანა გაზაფხულის შხაპუნა წვიმა, უნდა დაემშვიდებინა უმწეო, რწმენა ჩაენერგა, ესწავლებინა, შემოევლო ეს ქვეყანა და მერე?..

– მე დავბრუნდები,

მე დავბრუნდები, – გრძნობამორეული ჩურჩულებდა.

ქოხიდან შორს, აღმოსავლეთით წერტილივით მოსჩანდა იგი.

შემდეგ კი სულ მიეფარა თვალს.

ძველი მეგობრები ფოთლებს აშრიალებდნენ.

ბებერი ჯადოქარი წელში გასწორებას ლამობდა.

მშვიდობით, მშვიდობით...

 შემდეგ კი გაყუჩნდნენ.

პაპისეულ ქოხიდან ჩიტის სტვენა მოისმოდა...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჟორდანია ხათუნა / სად მიდის გზა