ჟორდანია ხათუნა

სენი

 

როგორც ჩვეულებრივ ხდება, ორნი ვისხედით დაბალ მაგიდასთან და ჩვენს გადაუდებელ, საჩქარო საქმეებზე ზოგადად, სხვათაშორის ვსაუბრობდით. საქმეებს კი რა მოთვლის. ან თუნდაც გეგმებს. ობობას ქსელივით დახლართულია ყოველივე. ჩვენც ვეხვევით, ვიხლართებით და სისხლის გაშრობამდე ვწვალობთ.

ღირს კი ჩვენი სურვილები ამდენ წამებად? ღირს კი იმ ფასად, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს იგი მატერიალური საზომებით, მის მოპოვებას რომ ანაცვალო საკუთარი თუ წინაპართაგან გადმომდინარე უზარმაზარი სულიერი კულტურა? გათელო და დააკნინო, დაამდაბლო, ან სულაც მოკლა?

ხანდახან ვფიქრდები ცხოვრებაზე და თავს ვხრი. გინდა – არ გინდა, უნდა გაძლო, ან უნდა სძლიო და დათრგუნო, ან კი?... არ ვიცი... განა მცირე რამ მანადგურებს ისედაც? კმარა!

ერთ ბრძენკაცს უთქვამს: თუნდაც შეუსრულებელნი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია ჩვენთვის, ვიდრე დაბალი, თუნდაც ისინი აღსრულებულიც იყოსო.

ისიც ხომ ნათქვამია – ადამიანის წადილში მთელი მისი არსება გამოიხატებაო.

ან – მაღალ ტაძარში მაღალიაო სულისკვეათებაც.

რამდენი რამ დაწერილა და თქმულა, რამდენს უსწავლებია. განა ჩააქრო სულის ამაღლებული და ლაღი სულისკვეთება, მდაბალ სურვილთა შემოტევებმა?

ან სად განქარდა დიდბუნევნობა? თუმცა მის სიღრმესთან და სიმაღლესთან ზიარება ოდითგანვე ერთეულთა, იმ რჩეულთა ხვედრია, რომელთაც შესძლეს ამქვეყნიურ სიამეზე ამაღლება?

კაცმა რომ მკითხოს, რა გსურს ამ წუთასო, – პასუხს ვერ გავცემ. დავფიქრდები. ამ ფიქრს კი იმდენი რამ მოჰყვება, სჯობს სადმე ჭიქა გადავკრა, სულაც გავერთო, მივიღო ხიბლი ამ წამიერ საცთურებათგან, სადავე შევხსნა ჩემს ყველა ნებასა და რწმენის ბორკილები ვანაცვალო სურვილების თავისუფლებას.

ტვინს, სხვა ყოველგვარ სირთულესთან ერთად ყოველივე სირთულეებთან ერთად ანგარიშიც შეუძლია.

ანგარიში კი ხშირად ცხოვრების საზომებთან შეფარდებით ანგარებასა და სიცრუეს ბადებს.

დღეს მე თავდავიწყებაში მინდა ვპოვო ხსნა, დაე, იყოს ესეც სიცრუე, ტკბობის მომგვრელი სიცრუე.

განა არის სამაგალითო ჩემი ცხოვრების წესი? ვერც ვერავის მივუთითებ ასევე იცხოვროს. ზნეობასა და მორალზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ის კიარა-და ნასწავლიც ოხრად მრჩება. ვერც ვერავის სულში დავიწყებ საკუთარი ჭუჭყიანი გონებით ფათურსა და მითუმეტეს არც შევეცდები რაიმე ნაკლი ვეძიო მასში.

რამდენჯერ შეიძლება წარმოაჩინო სიბოროტე, გააშიშვლო და ბოლოს გაწკეპლო. მე მინდა იგი ძირშივე მოვკლა, ერთხელ და სამუდამოდ დავასამარო, იმ ანდაზისვე სიმართლით “თევზი ხომ თავიდან ლპებაო”, რათა სიცოცხლე არსებობდეს საერთოდ კადნიერებისა და ბოროტების გარეშე. მე მინდა! და დავიჯერო ეს მონდომება ასე მცირეა, თუკი შენც გინდა, მასაც, მავანს და მავანს? მაშ, რა ხდება? ასე რა გვჯაბნის?!

მეგობარს შევახსენე ერთხელ კიდევ ჩამოესხა ჩემთვის სასმელი.

– თავი დაანებე ამდენ ფიქრს – მითხრა და ჭიქა შემივსო, – ერთხელ იქნება გადაგრევს კიდეც.

– ეჰ, შენ საერთოდ, – ვთქვი და ხელი ჩავიქნიე. შემაშფოთა მისმა სიმშვიდემ. იქნებ თავსაც იტყუებდა, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ჩემს პირდაპირ მჯდარი რომ სულ ასეა? მშვიდად, ღიმილით – თითქოს ამქვეყნიური მას არაფერი ეხებაო, ხანდახან გადააქნევდა თავს, აზრებს მომაშველებდა, არც დაიწუწუნებდა, არც დაიყვედრებდა და არც გატყდებოდა.

თუმცა, დღეს უჩვეულო გუნებაზე დადგა, გული გადამიშალა, ერთი გულუბრყვილო ამბავი გაიხსენა, თავს რომ გადახდა.

– სოფელში, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე, შუაგულში გზა ოთხად იყოფოდა – თქვა მან.

აქედან, ჩემი სახლის ქვემოთ, პირდაპირ სოფლის გზაჯვარედინზე სასაფლაო იყო, ვერანაირად ვერ ავუვლიდი გვერდს, დღისით არ ვიმჩნევდი, მაგარამ ღამით, თუკი სადმე შევჩერდებოდი, მეზობლის ეზოებიდან კარდაკარ გადავდიოდი, შორით ვუვლიდი და ისე ვბრუნდებოდი შინ. ყველანაირად ვცდილობდი სასაფლაოს გზას ავცდენოდი. ვერ ვიტყვი, რა იყო ეს, ცრურწმენა თუ თანდაყოლილი შიში, მაგრამ ღამით, სასაფლაოს ფონზე, აკლდამისებრ მდუმარებაში სიცოცხლესთან ერთად სიკვდილის არსებობასაც ვგრძნობდი. მზარავდა იმის შეგნება, ჩემივე სიკვდილს რომ ვატარებდი მხრებით, სულის წიაღებიდან მოემართებოდა ჩემივ ჩანასახიდანვე არსებული მისი შეგრძნების იდუმალება, იმდენად საიდუმლო, როგორც რეალობის სარკოფაგამდე შობილი დაბადების აუხსნელობა; მიემართებოდა ჩემი არსებობის ეს წამიერი ყოფა, გარდაუვალი და მარადიული სიკვდილით, რათა მუხლი მოეყარა ამ უცვლელი მდუმარებისა და კრძალვის წინაშე. მზარავდა მასზე ფიქრიც კი და ამ შეგრძნებას სასომიხდილი გავურბოდი..

სასაფლაოს გვერდით ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, უბედური და საცოდავი. სოფლელები კი ამბობდნენ – ჯადოქარიაო, მის დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ, საყოლ-საქონელს მალავდნენ, არ გაგვითვალოს და ბარაქა არ წაგვიხდინოსო. დილით თუ ვინმეს შეხვდებოდა გზად, ის დღე დანავსულად მიაჩნდა.

რას აღარ ყვებოდნენ მასზე.

ახალგაზრდობაში ნაბუშარი გააჩინა და მერე თავისი ხელით ცეცხლში დაწვაო. ზოგი იმასაც ამბობდა, ადრე ქმარიც ჰყავდა, მერე ახლადფეხადგმული შვილი მდინარეში ჩაუვარდა და დაეხრჩოო. ბოლოს ქმარსაც შეუჩნდა თურმე და იმდენს ეცადა, სანამ ისიც იქითა ნაპირზე არ გაისტუმრაო. მკვდრის მთვარეზე ყოფილა დაბადებული. ალქაჯებთან ჰქონიაო საქმე, ღამით მიცვალებულის სულებს ერეკებიან და სტანჯავენო, ერთი რაკარუკი, გნიასი და ფერხული ჰქონიათ ღამღამობით. ისე ყვებოდნენ, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ. სასაფლაოს გვერდით სახლი ედგა ჯადოქარს.

ადრე, როცა ეს სახლი აშენდა, სოფელში ყველაზე დიდად ითვლებოდა. სოფლელები დღისითაც თავს არიდებდნენ იმ მხარეს გავლას, თუმცა მე თამამად ჩავივლიდი ხოლმე. ვინ იცის, იქნებ უკვირდა კიდეც სოფლის ჯადოქარს, ვინ არის ეს კაცი, არაფრად რომ არ მთვლისო.

ერთ დღეს სოფლის შუკაში შემთხვევით მაშატას შევხვდი, ასე ერქვა სოფლის გამთვალავსა და გრძნეულ ჯადოქარს. არცა ვცდილვარ გზიდან გადახვევას. პირდაპირ გავემართე. ერთი კი შემომხედა მაშატამ გრძნეული თვალებით, უფრო მეტად მეტყველებისა და ვარამის ნაკვესებს რომ აფრქვევდა, ვიდრე გრძნეულებას. შევეცადე დაკვირვებული იჭვიანი მზერით ტკივილი არ მიმეყენებინა მისთვის და თვალი ავარიდე.

მხოლოდ წამით დავლანდე, მხრებიდან შეუმჩნევლად რომ ჩამოუცურდა შავი თავსაფარი და ბრდღვინვიან, ქვიან მიწაზე დაეცა.

– მაშატა ბები, – მივაძახე.

ქალი ჯოხს დაეყრდნო, შემობრუნდა და შემომხედა. გაკვირვებით მიმზერდნენ მისი ჯერაც ჩაუმქრალი თვალები.

– მაშატა ბები, თავსაფარი ჩამოგივარდა.

ქალს პასუხი არ გაუცია.

დავიხარე და მივაწოდე.

ისევ უხმოდ იდგა. შემდეგ მივუახლოვდი, მხრებზე შემოვახვიე მანდილი და გზა განვაგრძე.

– ვისი ხარ შენ? – ჯოხს დაყრდნობილი უცვლელად იდგა ძველ ადგილზე და დაკვირვებით მიმზერდა.

– ნინოს შვილიშვილი გახლავარ.

– ნინოსი? – ჩაფიქრდა, შემდეგ ხელი ასწია და – იმ ნინოსი? – იკითხა, ხმა არ გამიღია.

– კეთილი და სათნო ქალი იყო ბებიაშენი, ღვთაებრივი. სხვებს არ ჰგავდა. ის ნაადრევად წავიდა, მე კი, სიკვდილი სანატრელი გამიხდა და აღარ ვახსენდები. ასეა, ასე – სინანულით ჩაქინდარა თავი.

– ნუ შეგეშინდება, ჩემთანაც შემოიარე – მიმიპატიჟა კიდეც.

ის ერთი კვირა არ მეცალა.

ან რა გამოლევს სოფელში საქმეს, მითუმეტეს მთელი წლით რომ გაქვს გამოკეტილი სახლ-კარი.

ერთ საღამოს კი, შებიდულ ცაზე ვარსკვალავები რომ აკიაფდნენ და ნიავმაც ოდნავ წამოუბერა, კალათაში სანოვაგე ჩავაწყვე და მაშატას სახლისკენ გავემართე. გზად სასფლაოზე გავიარე. მომცილდა შიში, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ შიშზე უფრო დიდი ტკივილი – მარტოობა და მოკვეთა ჯაბნიდა ადამიანს და გამარჯვებული ზეიმობდა სასაფლაოსა და ღამეულ იდუმალებას შორის.

თვითონ, რა თქმა უნდა, არავის ელოდა. ჩემს დანახვაზე თითქოს დღესასწაულიაო, დიდის ამბით გააბრდღვიალა შემოსასლელსა და ოთახებში სინათლე. ჩიფჩიფებდა, ერთ ადგილზე ცმუკავდა და ვერ ისვენებდა. აივანზე გამიშალა პატარა სუფრა.

სანამ მივიდოდი, მეგონა აბლაბუდებითა და მჭვარტლით მოფენილი სახლი დამხვდებოდა, ჭუჭრუტანებიდან ღამურების ფუთფუთითა და უჟმურის მზერით. აქ კი სრული წესრიგი და სისუფთავე დამხვდა.

– მაშატა ბები, გექნება ოჯახში ისეთი საქმე, რასაც ვერ აუხვალ, საზამთროდ შეშას დაგიჩეხავ.

– თავს ნუ იწუხებ, დღე რომ იყოს ჩემს მოვლილ ბოსტანს გაჩვენებდი.

ზამთარში სიცივეს სულს შევუბერავ და როგორმე გავიტან თავს. სახლასც გავათბობ – მითხრა ჯიუტად მოხუცმა.

– შენ მართლა ჯადოქარი ყოფილხარ, – გამეღიმა მე.

– ეეჰ, ჯადოქარი ... დაე, სჯეროდეთ, რაღაც ხომ უნდა გამოიგონონ. მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როდესაც ძლიერ გაუჭირდებათ, არანაირი სხვა გზა არა აქვთ და გრძნეულებით აპირებენ გულის მოოხებას. გასაჭირში ჩავარდნილი კაცი გინახავს? ზოგი ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ იქიდან ამოვიდეს, სულსაც მიჰყიდის.

– რას ამბობ, მაშატა ბები, ეშმაკების მოციქული ხარ?

– ი, იფ, ეშმაკების, სად არიან ეშმაკები, ან მათი რად გეშინია – სასაფლაოსკენ მიმანიშნა, – ცოცხლები უფრო საშიშნი არ არიან? ან თითოს რომ თავისი საკუთარი ეშმაკი უზის სულში, იმაზე რას მეტყვი? იქიდან როგორ უნდა გამოდევნო, როცა შესისხლხორცებია, გულ-გვამი დაუპყრია, გონებაში დავლურს უვლის და რაღას აღარ აკეთებინებს. მიბრძანდი და გამოუდევნე.

– მერე შენ შველი?

– მე ვშველი. თავიანთზე უფრო დიდი ეშმაკი ვგონივარ და იმიტომ.

– თუ ასეთი ჯადოქარი ხარ, ჩემს ეშმაკებსაც არ აწყენდა ერთი დაფრთხობა.

– მერე სად გადავასახლო?

– აბა საიდან მეცოდინება.

აიღე და თუნდაც ამ ქოთანში ჩაამწყვდიე. შემდეგ ავდგეთ და სადმე გადავუძახოთ, თუნდაც დიდ ზღვაში.

– წყალს რომ აამღვრევს?

– არ ყოფილა ჩემი საშველი.

– რატომაც არა, სიცოცხლე რამდენ სინათლეს და სიკეთეს გაწვდის, მიიღე, დაისაკუთრე, შეირგე, რომ შენი წილი გაჩენის და არსებობის სიხარულისა შენვე შეგხვდეს. ურგები კი გადახარშე და განდევნე.

– ვერ ვიქნები გამორჩეული, უთვალავ ყვავში ერთი თეთრიც რომ გაერიოს, უცბად დაჰკორტნიან და განდევნიან. მე ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ, ჩემი ადამიანური სურვილებითა და ცდუნებებით.

– რაიმე უჩვეულო არ მითქვამს შენთვის, უბრალოდ შეეცადე ასე იცხოვრო.

– ვცდილობ და ვწვალობ, ვეცემი და ისევ ვდგები, ფეხი მიბრუნდება და ნაბიჯს ვასწორებ, მინდა ბოლომდე ნათლად ვზიდო ჩემი ტვირთი, შენ სხვა მითხარი, ეს ისედაც ხომ ნათელია... თან მოსაწყენი.

– წარმოიდგინე რომ მიფრინავ და სადღაც დაეშვი. ამ წარმოიდგენით წარმომისახე მითხარი რითი მიფრინავ და როგორი ქვეყანაა ის, რომელიც ამოირჩიე? – მკითხა მაშატამ.

დავფიქრდი, თამაშს მივენდე. გავმხიარულდი კიდეც და ვკითხე,

– ყველაფერი დასაშვებია, რითიც ვიმგზავრებ?

– ყველაფერი! – დინჯად მიპასუხა მაშატამ და მოხუცისათვის უჩვეულო გაფაციცებული მზერით შემომაცქერდა.

– არა, ხალიჩით გაფრენა არ ივარგებს, – ხმამაღლა გამოვთქვი აზრი, – არც თვითმფრინავით.

თეფშებზე რომ ჰყვებიან, რაღაც იმდაგვარი მანქანით, იმდენივე სინათლისა თუ სხივის სიჩქარით. წინ არ ვიცი რა მელოდება.

 ვარსკვლავებით მოვარაყებულ ცას გავხედე და ოცნებაში ჩავიძირე – ზოგან პირველყოფილი სამყარო, ზოგან სპირალები, ზოგან კი ხრიოკი, პირამიდები, ათასნაირი გალაქტიკები, თვალთუნახავი სხვადასხვა სამყარო, სხვა რეალობა, ისეთი, ოცნებისა და ნატვრის ახდენას რომ ჰგავდეს, დაუჯერებელს, ოცნება არა, სიზმარი არა, რეალობა და კვლავ რეალობა, – ბოდვა დავიწყე. მერე კი უცბად გავჩუმდი.

– ამისთვის ერთი სიცოცხლე არ გეყოფა.

– მეყოფა, თუ სინათლის სხივის სიჩქარით ვიმგზავრებ, ჰო, მოვასწრებ. – დარწმუნებით დავხარე თავი.

– აი, ხომ ხედავ, როგორი ხარ. დღევანდელი არ გაკმაყოფილებს. რაღაც ამოუცნობსა და ამოუხსნელს ეძებ, გინდა ჩაწვდე და იხილო ყოველივე. შენი სურვილები რეალობას სცილდება.

მარტო მეოცნებე არ ყოფილხარ. მეოცნებე მსუბუქია, შენ კი ვერცხლის წყალივით მძიმე. დროის მბრძანებელიც გინდა გახდე, შენი თავი კი დაგიპყრია საკუთარი სურვილებითა და ნდომით – ესეც იფიქრე.

– ეს ხომ თამაშია და შენ მომეცი ამის უფლება – შევცბი, – მერე რა არის ამაში ცუდი – გავიმართლე თავი, ადამიანი ცდილობს ოცნება რეალობად აქციოს. განა ასე არ მოვიდა კაცობრიობა დღემდე?! ხვალ უფრო მეტს დავინახავთ და შევიცნობთ. ისე, რატომაც არა, შემიძლია დღევანდელზეც ვიფიქრო და ხვალინდელ დღეზეც ვიზრუნო. ძალიან, ძალიან ბევრი ფული მინდა რომ მქონდეს, – დანარჩენზე მერე ვიფიქრებ...

– ეხლა არ ფიქრობ?

– ეხლა მაწვალებს!

მოხუცი წამოდგა. სადაფებით მოოჭვილი ხელნაკეთი კარადის უჯრა გამოაღო და უკან დაბრუნდა.

ბანქო ისე სხარტად გადამიფურცლა მაგიდაზე, განცვიფრება ვერ დავმალე.

– ეს შენს სახელზე, – მითხრა და გაშალა.

პირველ ხელს სულ ჯვრები ამოჰყვა.

– აი, ხომ ხედავ, – მითხრა – ამჟამად ბრინჯაოს ცხოვრება გაქვს, ვერცხლისაც კი არა.

სხარტად მოკრიფა და ხელმეორედ ჩამოარიგა.

მეორედ წითელი გულოვანი გადაიშალა.

– ვერ წარმოიდგენ, წინ როგორი ცხოვრება გელის, ზღაპრული, მეფური და წარმტაცი ...

– ეს როდის, როდის – გამეღიმა და თამაშს მივენდე.

მესამედაც გამიშალა, მაგარმ თქვენს მტერს, რაც დავინახე.

ყველა შავი ფერის იყო და თანაც ყველა ყვავი.

– გახსოვდეს, არაფერია მარადიული! – მითხრა მაშატამ და ჩამჭკნარი თითი ბრძნულად აღმართა ზევით.

– ეგ ხომ მეც ვიცი.

 

სულ ეს იყო?

– მეტი რა გითხრა. აუცილებლად გინდა მოგატყუო?

– ლამაზი ტყუილი ხანდახან კარგია, მომატყუე მაშატა ბები, იქნებ დავმშვიდდე.

– მეტს, ძალიაც რომ მოვისურვო, ვერაფერს გეტყვი. სხვა ყველაფერი სიცრუე და სულსწრაფობაა.

– ესეც ვიცი, მაგრამ ხანდახან ...

– ხანდახან კი არა, ხშირად გაიღიმე, მხრები გაშალე და თუ მაინცდამაინც ხვდები რომ გიჭირს, ბუნებაში გაინავარდე, ამ მადლიან დედამიწაზე. ყველანაირ შიმშილს დაიოკებ. შენ ის იფიქრე, სულს თუ მოშივდა... რა დააპურებს, ვინ დაარწყულებს. ბუნება კი როგორი მკურნალიცაა ნახავ, მარტოობას არ გაგრძნობინებს.

დაგანახებს რომ ტკივილი უმაღლესი საფეხურია ამქვეყნად ...

– რაღაც ამდაგვარს ხომ წიგნებშიც წერენ? – ვკითხე ოდნავ სევდაშეპარვით.

– ერთ ადგილზე არაფერი რჩება, ან წინ მიდის უმაღლესისკენ, ან უკან, იღუპება და კვდება. რაღა წიგნი გინდა, დალოცვილო, მიმოიხედე, დაინახე, ჩაწვდი და აბა, მაჩვენე, ამაზე დიდი წიგნი. ბუნებამ მასწავლა მე ეს, სხანაირი თვალით უნდა ამას შეხედვა.

– მაინც როგორი? – ინტერესით არა, მაგრამ იქედნურად კი შევეკითხე.

– ნუღარ ხიმანკლობ, იმ ეშმაკბსაც გამოგიფრხობ, ნუ გეშინია, აქ დამიცადე ... – ისე მითხრა, თითქოს გავრბოდი სადმე.

– გვეყოფა, მაშატა ბები.

– დამაცა, დამაცა – თქვა, ოთკუთხედი ყუთი მოიტანა და საუნჯესავით ფრთხილად დადო მაგიდაზე.

– აი, ეს ყუთი, აზრებით არის სავსე, – მითხრა და როცა ჩემს სახეზე გაკვირვება დალანდა, გამიმეორა, – აზრის ყულაბაა, ფიქრებით სავსე.

– კომპიუტერი? – ეხლა კი ვეღარ გამაკვირვებ, წინ ვართ წასული ...

– დამაცა-მეთქი, – ჩამოჯდა და თავის საუნჯეს ხელები დააფარა.

შემდეგ ფურცელი და ფანქარი მომაწოდა და მითხრა:

– ეხლა ჩამოწერე ყველა სურვილი, რაც შენ გაწუხებს.

ჯადოქართან სტუმრობა იოლი არ გეგონოთ. სხვა გზა არ მქონდა. ხელში ფანქარი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე. ნახევარი საათი ვწერდი.

 

თავი არ ამიღია, ნელ-ნელა გამიტაცა, რა არ ჩავწერე. ჯერ ათი მილიონი მოვისურვე, მერე ორასი, ბოლოს ათასი. ათას მილიონს ნამდვილად ვიმყოფინებ, პროცენტებითაც ვიცხოვრებ – ხელად განვსაჯე და ვიანგარიშე. ჩამოვწერე რაში დავხარჯავდი, რას ვიყიდდი. რა კარგია ყოველდღე უზრუნველად გაშლილი სუფრა, ერთი ხელის შემოკვრა, ჰოპ, ან “სეზამ გაიღე” – და თვალწინ აღმართული სასახლე. უზრუნველობა, უზრუნველობა და კიდევ ერთხელ უზრუნველობა. ლოკოკინასებრს გათხაპული და ბლანტი სახე, რაღაც სიზანტე...

რაც მოვისურვე ყოველივეს მფლობელი გავხდი.

ნელნელა განვთავისუფლდი გასაჭირისაგან, მათზე გამუდმებული ფიქრისაგან. თითქოს სხეულში მყავდა უზარმაზარი გველეშაპი ჩასახლებული, მწოვდა და მჭამდა. თითქოს ათასი თვალი მილულა ჩემში ამ ურჩხულმა და მიიძინა. ამ ნახევარი საათით ცოტა მაინც ამოვისუნთქე. შევაჩერე ეს გამუდმებული ურვა და ჭმუნვა. ქაღალდს მივანდე. რა კარგად უთქვამთ ძველად, რაც არ უნდა დაწერო, ქაღალდი არ გაწითლდებაო.

ეს ფურცელი შემდეგ მაშატამ გამომართვა და ყუთში ჩადო.

 მცირე ხნით გულზე ხელები დაიწყო და გაირინდა.

შემდეგ ხელახლა ახსნა ყუთს თავი. ფურცელს დაავლო ხელი, მაგრამ სასწაული, ჩანაწერები წაშლილიყო.

– ოო, მომეწონა სანახაობა, – აი, მესმის მაგია.

მაშატამ ჩემს ხუმრობას ყურადღება არ მიაქცია. მთლიანად ჩაფლულიყო თავის ხრიკებში.

ის სუფთა ფურცელი აიღო და ახლა თვითონ დაიწყო წერა. თან დაბადების თარიღი და ზოგიერთი მონაცემი მკითხა, ანკეტებს რომ ავსებენ იმდაგვარად. მეც ვუპასუხე, შემდეგ ეს ფურცელი ორად გახია.

ერთ ნახევარზე, სავსებით სუფთა ფურცელი რომელიც იყო, ერთი სიტყვა დაწერა, ორთავე ცალ-ცალკე მოკეცა და მომაწოდა.

– ერთს ამ საღამოს დაწვავ, კვამლი რომ ავა, სახეს მიაპყრობ. მეორე კი, რომელიმე ხის ძირას ჩაფალი, მხოლოდ აუცილებლად გააკეთე, არ დაგავიწყდეს, – დამარიგა.

შევპირდი, რომ ზედმიწნევით შევასრულებდი ყოველივეს. შემდეგ გზის ბოლომდე გამომყვა და გამომაცილა.

  სახლში რომ დავბრუნდი უკვე გვიანი იყო.

მართლაც, ერთი ფურცელი დავწვი და კვამლთან დავდექი. მეორე ფურცელი კი დილისთვის შემოვინახე. ამ ღამითვე ხომ არ დავიწყებდი ეზოში ბორიალსა და განძივით ჩაფლვას.

კვამლი ჩემს სახეს გადაევლო და ღია ფანჯარაში გადაფარფატდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.

მხოლოდ ის კია, რომ ღამით უცნაური სიზმარი ვნახე: ამწვანებულ, ახავერდებულ მინდორში ვიდექი, გვერდით წყარო მოჩუხჩუხებდა, წყურვილი მომეძალა და წყაროსაკენ გავემართე. როცა დავიხარე და პეშვით პირთან მივიტანე, თვალს ვერ დავუჯერე, შიგ ოქროს ნაფშვენები ბზინვარებდნენ. უმალ უკანვე ჩავაბრუნე ხელი და ახლა ფსკერზე ქვიშას ამოვურიე. ამოვიღე და სულ ოქრო შემრჩა ხელთ. კიდევ ჩავყავი, ხელმეორედ ამოვიღე, წყალი შეიმღვრა და ისიც ოდნავ შეყვითლდა თითქოს, გადამავიწყდა წყურვილი, კიდევ უფრო მეტი, კიდევ და კიდევ, ვთხოვდი, პეშვით ვიღებდი და ბალახზე ვყრიდი.

შემდეგ ვუბრძანე და წყალი კიდევ უფრო გაყვითლდა და მოსჩქეფავდა ჩემს თვალწინ ოქროს მდინარე, ორთავ ხელებით დავეწაფე, დავეწაფე და ახლაღა მივხვდი, რომ მწყუროდა. მაგარმ სადღა იყო წყალი. მწვანე მდელოც გახუნდა და გაუფერულდა, სულ მთლად გადახმა, წყალი, წყალი, ვხრიალებდი და ვყვიროდი, მაგრამ ვეღარ გადავაქციე ოქრო უკვდავებისა და განახლების სითხედ. პირი გამიშრა. ვგრძნობდი როგორ მიშრებოდა სხეულში სითხე.

წყალი, წყალი, ვკვნესოდი და ვკვდებოდი, ამ ტანჯვაში როგორც იქნა გამოვიღვიძე.

– ერთი იმ ბებერ კუდიანს დამიხედე, ეს რეები სცოდნია, – ცოტა არ იყოს გავიკვირვე.

შემდეგ ეზოში გავედი და ახალგაზრდა, ნორჩი ალუბლის ხე ამოვარჩიე. ფურცლის მეორე ნახევარი და ფესვებთან ჩავფალი. შევყურებდი და მეგონა, ცოტაც და აი, დაიყვავილებს...

ისე გავიდა ზაფხული, რომ ხე ჩვეულებრივ იდგა, მწვანე ფოთლებით მოშრიალე.

– გაისად ალბათ ალუბლის მაგივრად ოქროს გამოისხამს – თვითონაც გამეღიმა ამ ხუმრობაზე.

ზაფხულამდე აღარ დამიცდია.

გაზაფხულზე, აპრილის თვეში სოფლისაკენ გავეშურე. ერთადერთი სურვილი მქონდა, მეხილა ჩემი ალუბლის ხე, აყვავებული და შეფიფქული.

 მატარებელი სოფლის სადგურზე დილაუთენია ჩამოდგა. ბაქანიდან ჩამოვხტი და ფეხით გავემართე კარ-მიდამოსაკენ. მალე ჩემი სახლის სახურავიც გამოჩნდა, ეზოს ჭიშკარი შევხსენი და აყვავებულ ხეს დავუწყე ძებნა, მაგარამ უცებ ვერ დავინახე. სათითაოდ ჩამოვუარე ხეებს, ჩემი ალუბალი ვეღარ ვიცანი, მის წინ შევჩერდი და . . .

მეხის დარტყმას ჰგავდა, რაც მე ვიხილე. გამხმარიყო და საცოდავად მოკრუნჩხულიყო.

რა დაემართა?

მაიცდამაინც ამ ხეს რატომ დაეცა მეხი, დამწვრის კვალიც რომ არ ჩანდა?! მაშ რამ გაახმო?

სუსხიანი ზამთარი იყო იქნებ, ეგება ქარმა დამიჯაბნა, თოვლმა შეთოშა და დამიზრო? – რაღას აღარ დავუკავშირე.

– იქნებ ვეღარ აიტანა სურვილთა სიმრავლე? ღმერთო, რა მოხდა?! ან რა ეწერა იმ ფურცელზე?

სიბრალულით შევყურებდი ხეს, მეგონა სიცოცხლე მე მოვუსწრაფე.

დაველოდე გათენაბას და ჯადოქარისაკენ გავეშურე.

მივუახლოვდი მის სამოსახლოს. სასფლაოს დუმილი გადასდებოდა ირგვლივ ყველაფერს. კარი ღიად დამხვდა.

– მაშატა ბები! – შევძახე. ხმა არ გამცა. შევიცადე, მაგრამ ამაოდ.

შინ გამოვბრუნდი.

შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, ზამთარი ვერ გადაიტანაო მაშატამ ...

დავმწუხრდი.

იქნებ შესცივდა. იქნებ წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავდა, თუნდაც მშველელი. კეთილ სიტყვასაც არავის გაატანდა საგზლად, ცრემლსაც არავინ გააყოლებდა. მაინც რა დაწერე იმ ფურცელზე შე კუდიანო. ამოსახსნელად რომ დამიტოვე?

ან რას შეუძლია ასე გათანგვა? ნუთუ ასე ნელ-ნელა მახმობს და მილპობს ამ ფესვებს ჩემეულებთან და შორებლებთან რომ მაკავშირებს? განა რა მომდის? რა მაწამებს, ან რა მაომებს? რა ილეთებს მაკეთებინებს, ეს ... ეს ... სიხარბე?! მახმობს და მაჭკნობს, გონებას მირევს?

– შენც მოიგონე არაკები ჯადო-მისანზე, თავი დაანებე ამდენ ფიქრს, ერთხელ იქნება და გადაგრევს კიდეც – ვუთხარი და შევეცადე ახლა მე დამემშვიდებინა.

– ისე, ერთი მილიონი ურიგო არ უნდა იყოს, თუნდაც ათასი, – ვთქვი და სასმელი ბოლომდე გამოვცალე.

ფეხზე წამოვდექი და სუფრა ავალაგე. ჩემი სტუმარი უჩუმრად გაპარულიყო. ასე იცოდა, უხმოდ მოვიდოდა და უხმოდვე გაუჩინარდებოდა.

მაგარამ ხვალ, თუ უძილობა კვლავ შემაწუხებს, თუ საქმეები და უამრავი მტანჯველი ხარჯები თავს ამატკივებს, თუ ვიგრძნობ განმარტოების მძაფრ სურვილს, და თუკი მივხვდი, რომ საშინლად გადავიღალე, ისევ ორეულს მოვუხმობ ჩემთან, ერთად შევსვამთ და ვიმუსაიფებთ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჟორდანია ხათუნა / სენი