ჟორდანია ხათუნა

 

სხვისი ორეული

 

 

 

გაზაფხული მაგრად მევასება, მაგრამ ეს მარტი ძაან მაზალოა; – ხან ქარი, ხან თოვლი, ხან წვიმა, ხანაც მზე! მიდი და გაუგე..

მე რა, მისი ხუშტურები ვერაფერს მაკლებს.

როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მაინც ჩემთვის დავდივარ ქუჩაში და ვსეირნობ. ეს ძაღლი რაღას ამეკიდა, მოძუძგული და გალუმპული. ვა, ეგრე წვიმს? წვიმს თუ თოვს? ჭყაპივით პონტია. მსდიოს რა, ან რა მანაღვლებს... ის მშიერია, მე გრადუსები დამაკლდა. ჩემზე ამბობენ, ლოთიაო, ლოთი არა... იჩიჩინონ, ერთი მაგათი... ეს საზოგადოებრივი აზრიო, კრებითობის საკრებულოო, მიღებული – მიუღებელი ფორმებიო, ეტიკეტებიო და სხვა ფორსობა.

ერთი მე მკითხოს ვინმემ, დაინტერესდეს, თუ რატომ ვსვამ...

ძაღლო, დაიცა, წინ ნუ მისწრებ, სიგარეტს უნდა მოვუკიდო.

ჟინჟღლავს, მაგრამ, ეს როგორ? მთვარეა ისეთი...

ისეთი, ბოლომდე სავსე. აბა, ისე უღრუბლოდ როგორ იწვიმებს?! გადაუღია და ეგ არი. იქნებ არც წვიმს და ჩემი ცა ტირის ასე. ხოო, მთვარე, – თავი ხელმეორედ ასწია და ზემოთ ააბოლა...

ირგვლივ ამორძალივით ღამე გაშოტილა, სავსე მთვარე ცალ ძუძუსავით რომ უციმციმებს, თამთამებს კიდეც კვერცხის ცილასავით. მარტია, თორემ რა მეძუძუება, ძუძუც კაია, ოღონდ ნაღდი... ეს ძაღლი დედალია თუ მამალი? მარტში მგონი მათი ამძუვნების დრო არის... თუ კატების...

რა ვიცი... ერთი მაგათი...

ან ჩემი სმით, ვის ვაწუხებ, იქნებ სასოწარკვეთას ვიხრჩობ, ან თვითმკვლელობას ლოთობა მირჩევნია?! ამ ფარს ურთიერთობებს, ცრუ დამოკიდებულებებს, ვაზელინს წყალყინტა სასმელი არა სჯობს? ისე, რაც უფრო მაღლა მიძვრება მაიმუნი, მით უკეთესად მოჩანს მისი წითელი უკანალი.

ერთი ხელმოცარული ინჟინერი ვარ, ყოფილი სპორტსმენი. ან რა პროფესიის უნდა ვიყო, პოეტი? პოეტები ჩემზე მაგრად უგრადუსებენ. რაო, ვახო რომ არის ადვოკატი, არ სვამს თუ?! მაგრამ მასზე არ ამბობენ, ლოთიაო, პირიქით, გულს უკეთებენ, ლაზათიანი სიმთვრალე გაქვსო... მოკლედ, ლოთობაშიაც ბედი გინდა კაცს... აქიმნი, ყასაბი ქირურგები – ზოგი სვამს, ზოგიც იკეთებს... ასეც ამბობენ, რას გაიგებ...

მათი ნაღდად მეშინია, ნემსისაც და ლანცეტისაც.

ანდა ეს პოლიტიკანები, გალსტუკიანი გვამები. ორი მოცუცქნული რქით და პატარ-პატარა კუდებით... სარკესთან დაყენებული, გადატკეცილი ყალბი სიფათებით... აბა მათ ჭირდებათ ვაზელინი ყუთებით, სასმელი მათთვის არამია... გურიაში გლეხი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, ის უკეთესად მსჯელობს, მათ უფრო იციან ამ ქვეყნის ავან-ჩავანი, თუ რაა საჭირო ხალხის კეთილდღეობისათვის.

რა, პოლიტიკა მე არ მესმის რო? დაიჭირონ ხელში ის კონსტიტუცია სახელმძღვანელოდ, კარგად წაიკითხონ, ასე ნალოლიავებს გულ-ჯიგარი რომ ამოგვლიჯეს და დასაკლავი ინდაურივით მობუზული ცალ ფეხზე მდგარი დატოვეს. ახლა კი, ფსევდო დემოკრატიით ატყუებენ ხალხსაც და მსოფლიოსაც. მოვიდნენ თუ ბიჭები არიან და მკითხონ, რა არის საჭირო, თან მაძახონ, ლოთიაო...

ქვეყანა დალაგებული რომ იყოს, რა გამალოთებდა...

  ყველა პროფესიის ხალხი ხომ კოლეგიალობენ: ჟურნალისტები, ექიმები, პოლიტიკოსებიც კი, ამ ლოთებმა რა დავაშავეთ, რა ღმერთი გვიწყრება, გავერთიანდეთ, ვიკოლეგიალოთ, ეგებ პარტიაც შეგვექმნა. თითო ლოთი ყველა პროფესიის მქონეთ ეყოლებათ, ერთი პროფესორი ძმაკაცი მყავს, მერე რა თუ ლოთია, ვერ პროფესორობს თუ?

– ბიძია, ხურდა ფული მოგვეცი, – ფიქრი შეაწყვეტინეს მაწანწალა ბავშვებმა.

– არა მაქვს, შვილო, – ჯიბეები ამოიტრიალა, – რაც მქონდა, სულ დავხარჯე.

ბავშვებმა სხვასთან გადაინაცვლეს, ესეც ჩვენნაირი მაწანწალაო...

  ხელი ჩაიქნიეს.

აღარც ძაღლი ჩანდა.

– ეჰ, ფული როგორ არა მაქვს ხოლმე. მაგრამ ჯიბე მაქვს გახვრეტილი, ჩემნაირ კაცს ფული არ უჩერდება, ქრონიკული უბარაქობა გვჭირს, სულ ქესეტათა ვართ და არც ჯიბის ჭიები გვაკლია. ამ ორი დღის წინ მივედი და ფული მათხოვარს გამოვართი, იმდენი, ერთ ბოთლზე რომ მყოფნიდა, ერთი კი ამომხედა გაკვირვებით, მაგრამ ჯიგარი იყო და მომცა. როცა მაქვს, მეც გავცემ, მექნება და ორჯერ მეტს მივუტან. ამას წინ, სახლში მითხრეს, კაფსულა უნდა ჩაგიყენოთო... კაფსულა მიშველის? მინდა დავლევ, მინდა და არა...

ხვალისთვის შეპირებულები არიან, ჭყაპა ყოფილა ყურძნის ჯიში, იმისი ღვინო უნდა ჩამომიტანონ.

ეგეთი არ დამილევია, ისე როგორ იქნება, ჭაშნიკები არ გავუსინჯო? მერე სადმე ჩავუსხდებით ერთად ბახუსის ძმები და ვიჭყაპაჭყუპებთ.

პატარა კოკით, ჩემს თათულიასაც ავუტან, შოთის პურს ვიყიდი, ზედ ყოჩივარდებით ავავსებ. ასე ხელდამშვენებული მივალ. ის ქალი მიყვარს... ამას მხოლოდ გული კი არ მეუბნება, სულ წითელს მინთებს.

იცით, როგორი ქალია? – ქარვისფერი, ოქროსფერი შამპანიურივით შუშხუნა. ისეთი ცეცხლია, სამოცდაათი გრადუსი. ჯიგარს და გულს რომ ჩაგწვავს. ჩამწვა და ეგ არის, დამანახშირა.

აი, ისეთი ქალია, სულ ყლუპ-ყლუპით რომ უნდა შესვა, ნელ-ნელა, ყლურწვით, ან როცა მაგრად გწყურია, ცივ ღვინოს რომ გადაუშვებ თვალებდახუჭული, შეუსვენებლივ.

ეგ არის ჩემი კაფსულა, ის მთვარეც, ცაზე რომ ანათებს, იზაბელას ყურძნის ჯიშიც და გიჟაცა.

– სმას თუ თავს დაანებებ, წამოგყვებიო.

მგონი მატყუებს, მაგრამ ლამაზი ტყუილი ხელახლა გაცოცხლებს და ჯანშიაც ძალებს გმატებს.

როგორ თქვა? – ან მე, ან სასმელიო?!

მეც დავპირდები, მოვიყვან, მერე სად წავა.

მაგრამ წავა, ისეთია... თან ფიქრშიაც კი შემომიძვრა და თლილი თითითაც დამემუქრა,

– ყოველდღე მთვრალთან რა დამაწვენს... გამობრუჟულს მიგაგდებ და სხვას მივუწვებიო...

ფიქრშიაც რომ ფარღალაობს და ორპირი ნიავივით დანავარდობს. თან ერთი ისეთი დეკოლტე სარაფანა აქვს, კოპლებიანი, – სულ ელეთები მცვივა. ნეტავ, არსებობს კი საერთოდ? ხვალ მივალ და ვნახავ, ხელითაც შევეხები, ეგებ მელანდება და ლოთური თეთრი ცხელება მჭირს. სხვებსაც უნდა ვკითხო, ნაღდია თუ არა... ან იქნებ ჩემშია, მაშ, ვისთან უნდა დაწვეს? თუ სიზმარი და ჩემი თეთრი ცხელებაა, სად წავა?! მასე, იქნებ მეც სიზმარში ვარ, ეს ცხოვრებაც სიზმარია ეგება და მთელი მისი დავიდარაბა და დოზანაც.

თუ არა სასმელით, სხვანაირად როგორ უნდა გავცდე ამ მაწაუკ ცხოვრებას, ან ის ძაღლი ჩემი ორეული ხომ არ იყო, თან რომ მომდევდა?..

სად დაიკარგა?..

მიიხედ-მოიხედა, ერთიც, ჰოყ... დაასლოკინა და ისევ ფიქრი განაგრძო:

 – ორეულიც დავკარგე, ძაღლური ცხოვრებაც მეეკლერება, ისე ძაღლი არც სვამს და ვერც თვრება, აი, მე კი ვსვამ... ვაფრენ კიდევაც, ხელები თვითმფრინავივით გაშალა, ერთ ადგილზე დატრიალდა, დაბარბაცდა და ახლოს მდგარ ხეს მიენარცხა.

– არა, შე ჩემა, თვითმფრინავობა არ შეგძლებია, – საკუთარ თავს შეუკურთხა და ხესთან ჩახუტებული ნელ-ნელა წამოდგა.

 

ერთიც, – ხეს უთხრა, ხელი უნდა ჩამოგართვაო, და მერე ის ხელიც ჩაიქნია, ჰოყ... ისევ ამოასლოკინა და ქვემოთ ჩაბნელებული სკვერისაკენ დაუყვა...

დაღმართზე ინერციით ფეხს აუჩქარა, – ეგ რა, ბორბლები ხომ არ მასხიაო, გაუკვირდა და ხელმარცხნივ გადაუხვია. იქვე ბუჩქთან რაღაც გაფაჩუნდა, – ყურპარტყუნა კურდღელოო? მანდ შენა ხარ? თუ იცი, მე რომ მონადირე ვარ, თანაც სს... სნაიპერი! ახლავე გაგაგორებ...

მაგრამ კურდღელი არსად ჩანდა. იქნებ ბურვაკია? ჰო, ბურვაკია, ამ ქალაქში ეგენი ლეგიონებად დადიან.

გაღმიდან მანქანის სიგნალი მოესმა.

– დამაცათ, რა, გადავაფსა.

მანქანამ ხელმეორედ დაასიგნალა.

– რაო? შენც ერთ მეტრზე არ გადააფსაო?! დაიცა, ხორთუმი ამოვიღო!

შარვალი ძლივს შეისხნა და რატომღაც კილოკაურად ჩაიღიღინა:

– ამაიღო დიპლიპიტომ, რა ამაიღოო! ამაიღო, ამაიღო, ხმა ამაიღოო... გაუკვირდათ კნეინებსა, ეს რაი ჰქონიაო, ეს რა დიდი, ეს რა კარგი, რა ხმაი ჰქონიაო.

ცოტაც ფეხსაცმელებზე გადაეწუწა და ისიც წვიმას დააბრალა, ზეცას ახედა და შეუძახა:

– რას შვები, მორჩი, თავზე რამდენი უნდა გადაგვაფსაო? მაგრამ წვიმდა კი?

შემდეგ შეეცადა ნაბიჯები გაესწორებინა, თვლაც დაიწყო, ფეხი რომ არ შეშლოდა... უცებ, იქვე სკვერში მდგარი სკამი დაინახა, მიუახლოვდა, ჩამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო. მთავარი კი ისაა, როცა ვთვრები, მწერალიც ვარ, ფილოსოფოსიც, თავი მეცნიერიც მგონია, კაცი ვარსკვლავებს ვეთამაშები...

ახლა ერთი ჭიქა არაყი რომ მომცა... ისეთ სადღეგრძელოს ვიტყოდი, ისეთ აზრებს ჩამოვაგუგუნებდი, პლატონსაც გაუკვირდებოდა. განა მან არ დაწერა `ნადიმი~? ეტყობა მაგასაც მაგრად ევასებოდა ყლურწვა.

თუნდაც მაშინ, რა სუფთა ღვინო ექნებოდათ? მე შენ გეტყვი და შაქრიანი? თაფლში ნაზავ ღვინოს სვამდენ.

თვით დიონისეც ღვინის ღვთაება არ იყო?

ლოთი კი არა, დიონისეს ქურუმი ვარ მე!

აბა, ნიკალა ნახეთ, ისევ ეს ღვთიური სასმელი რომ არა, მის გარეშე ხომ ვერაფერს დახატავდა? ხატავდა გასამრჯელოდ – ჭიქა რომ აეწია, პურ-მარილი დაელოცა, თან სულ სუფრის ლაზათს არ აფერადებდა? ტურფაც ხომ ჰყავდა, მარგარიტა მგონი...

ერთი ქალი ხომ არ გვიყვარს, ნიკალ, მე და შენ? ჰა? – მთვარეც ხომ ისეთივე აქვს დახატული, როგორიც ახლა ჩემს ზემოთაა, თანაც ისეთი, ჩაკბეჩა რომ მოგინდება, ან მგლები რომ შეჰყმუიან, ხოდა მეც მგელივით ვყმუი. . . უ. . .უ. . .უ. .

ანდა გალაქტიონი, მთელი გალაქტიკების მფლობელი, უკიდეგანო სივრცეში რომ გადაეშვა საავადმყოფოს ფანჯრიდან, ფეხით რაფასაც რომ არ დაჰყრდნობია ისე, მკლავები გაშალა და გაფრინდა. ისიც ჩემსავით დიონისეს ქურუმი იყო, თუ თავად იყო დიონისე? მაგრამ სად მე და სად ის, პოეზიის მეფე!

– ბიძიკო, ნიჭი უნდა ყველაფერს, ნიჭი, ახლა ამას მე ვამბობ, გალაქტიონი კი არა.

– ისე, გაფრენასაც ნიჭი სდომებია, ეს ნაღდია... მიდი და ეგრე ჰარიჰარალოდ გაფრინდი... ფრიი... – ისევ გაშალა მკლავები და მერე ისე უცებ დაუშვა, მართლაც და რომ არ აფრენილიყო. – ან ტერენტი? ცისთვალა ანგელოზი.

არც ზეცა უნდოდა, არც მიწა, რაღაც მესამეო.. ფხიზელი, იმ მესამე `ნაღმს~ კი მოისურვებდა? სიფხიზლეშია უფრო აღარაფერი რომ არ გყოფნის. რა ყოჩაღია ეს დედამიწა, ვამძიმებთ, ვამძიმებთ და ვერ დავამძიმეთ, მაინც ტრიალებს, – ბრუნოსი არ იყოს, ჯორდანოსი... ჰოდა, იბრუნოს რამდენიც უნდა თავის ჭკუაზე.

ფხიზლები მიწის ჭიაღუებივითა ვართ, ჭიანჭველებივით, ყოველდღიური საზრუნავით დატვირთულნი... მეც ეგრე არა ვარ? არც ზევით, აღარც აქ.. არც მესამე უტოლობა მსურს და აღარც არაფერი... ან აქ რა მინდა...

ჭუჭყია, ჭუჭყი! ჰოდა, მირჩევენ ამ ჭუჭყში შენც ღორივით ამოიგანგლეო... ხანდახან ღორებიც ღრუტუნებენო თავისსავე მწყემსზე, – შეხედეთ ამ მეღორესო.

პატივცემულო ღორებო და მეღორეებო, მაღლა ასწიეთ დინგები და ზემოთ აიხედეთ! ლაფს სივრცე არა სჯობს? – მაგრამ ეს ფრთები, ფრთებია საქმე! მე რომ ფრთები არ მაქვს, იმიტომ ვსვამ. ფრთები რომ მქონოდა, ეგებ მყოფნოდა საფრენი განზომილება. თავისუფლება მწყურია, სასმელი კი არა.

მაგრამ, არც ისეთი მახინჯი თავისუფლება, გიჟებს რომ გააჩნიათ. არა, ჯიგრებო... აქ ყველანი, გიჟებიცა და ჭკუისკოლოფებიც ჩვენი ხვედრის მონები ვართ. აბა, ჭკუათმყოფელი როგორ იქნები, როცა შენი ქმედების ტყვეობაში იმყოფები და ცოდვების მონა ხარ! თავი კი თავისუფლად მიგაჩნია.

მხოლოდ, ეგ მე როდი მეხება, არა, არა, ინტელიგენტი ვარ, პიჟონი კი არა, მერე რა თუ ხანდახან ფული არა მაქვს, კაცი არ მქვია თუ?! ეგ ფული ვინღამ მოიგონა, მაგრამ კაი კია, სასმელიც რომ ფული ღირს ტო...

აბა, წყალი რამდენიც გინდა დალიე, გინდა ოყნაში ჩაასხი, ეგეც ბროწეულის წვენი იყოს რა, მიცვალებულს რომ აცოცხლებდეს. მაგრამ, უკვდავების წყალიო, ხომ გაგიგიათ?! ხოდა, უკვდავების წყალს ვსვამ ყოველდღე, თავისუფალი ვარ, აბა რა, ეი, იუზგარ! – საკუთარ თავს შესძახა, – მე კი არა, ეს ქალაქი გაგიჟდა, გალაყდა და დიდი ვაგონი საგიჟეთია, ერთი მე ვარ ჭკვიანი და ისიც ლოთიაო... რას იზამ, ეგონოთ, მაძახონ, მათებურად მაინც არ ვაფაღარათებ იდეებით. ტკივილის გამო ვსვამ, გაუცხოობის და გათითოკაცების გამო... ხეიბარი ვარ, ჩემს სულს ყავარჯნები სჭირდება და ვინმემ შემომეშველეთ... სითბო დამაკლდა... თუმცა ამ თავში ხანდახან მაზალო აზრები მომდის, საქანელასავით ხან აიწონებიან ზევით, ხანაც დაიწონებიან, აი, ტვინის ფოკუსი ვერ გავასწორე, ესაა და ეს! ხალხს რას ვერჩი...

ამ სასაქმებლებს იმათზე ვამბობ, ქვეყნის სხვენში რომ მოყუჟულან ყრანტალა ყვავებივით, იმედის კაკალსაც რომ აღარ იმეტებენ ხალხისთვის... და გაგვწირეს...

აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგოო!? – ხოო, ყვავი სამას წელს ცოცხლობსო, არა? დიდი ამბავი... მაგრამ ჩვენ უფრო მაგარი ყვავები გვყავს, ფარშავანგისკუდიანები. ხან გაშლიან ამ კუდებს, ხანაც დახურავენ, ცირკია ცხოვრება, ცირკიც, კიბეც და ჟანგიანი კარუსელიც.

იცით როგორ არის სიტუაცია!? როგორც დოსტოევსკის რომანში, ნამდვილი ლოთი როა, შვილი რო გაუბოზდება და კმაყოფილი რომაა საწყალი, ორ კაპიკს შოულობს ჩემი ქალიშვილიო, თავის თავსაც ინახავს და მეც ერთ-ორ გროშს გადმომიგდებს დასალევადო.

ერთი მითხარით, ტრაკის მიცემა როგორ დავიწყო, არადა აქ სხვაგვარად საქმე წინ ვერ მიდის, ხვალ ვაზელინიც უნდა ვიყიდო... ეგებ წაღმა ამეწყოს ცხოვრება, მგონი აღარც ეგ იშოვნება და აღარ ყოფილა ჩემი საშველი... ერთი ეგ ბანძი ცხოვრება გამაჟინვინა! რაო? თავად მე ვიჟიმები?Q დაიცათ, ისევ გაჩვენოთ სპილო?

ფეხზე წამოდგა, შარვლის ჯიბეები ამოიტრიალა, ყურებივით დააყენა, მერე შარვლის შეხსნაც დააპირა და უცებ გადაიფიქრა, – ვიღაცას ხურუშიანი არ ვეგონოო.

ჰოო, რომელ სადღეგრძელოზე გავჩერდით?

ბოლოს, პატიმრების სადღეგრძელოსაც შევსვამდი, მათი თანადგომის, ციხის სარკმლიდან სივრცეს რომ უჭვრეტენ, რამდენი ვარსკვლავი უნდა დაინახონ მუჭისოდენა ჭრილიდან? მაინც ინავარდეთ თავისუფალი სივრცისკენ ძმებო...

არავინ არა ვართ არავისზე უკეთესები.

ყველა ერთი ნეხვიდანა ვართ ნათითხნი... ყველანი ერთ მუგუზალზე ვიხრუკებით, სანამ სიკვდილი არ გადაგვსანსლავს.

მაგრამ, ამ ნეხვში, აღმაფრენა, ძალისხმევა და თავისუფლების წყურვილი რომ ჩადო ხელმადლიანმა, ესაა საქმე... მართლა ღმერთი უნდა ყოფილიყო, თიხა რომ აემღერებინა, თიხის ნეკნიდან მშვენიერება მოეცა...

ის მძიმე ცოდვა, მე თუ ამცდა, სხვამ ხომ იტვირთა... საკანშიაც გამოკეტა. მაგრამ, არ მახსოვს ვინ თქვა, – კაცობრიობა ერთი ადამიანია, ერთი ადამიანი კი მთელი კაცობრიობაო.

ჭეშმარიტების ღალატი ძვირად გვიჯდება, რადგან არსებობს ადამიანის კერძო, საკუთარი აზრი... ჯიუტი, თავკერძა თხა... თუმცა, ხომ არსებობს უმაღლესი სამართლიანობაც..

 ყოველივეს რომ ასწორებს. ჰოდა, უნდა გავასწოროთ ჩვენი მრუდე ბილიკები, იმ ნათლისმცემლის სიტყვების არ იყოს, უდაბნოში რომ ღაღადებდა. სიძულვილის ჭირსაც ოდესმე ხომ მოვიხდით. მხოლოდ ისეთი თავისუფლებიდან, – რომელსაც ჭეშმარიტება უყვარს, შევძლოთ უნდა შევიყვაროთ ღმერთი ისე, როგორც ეს თავად სურს ღმერთს! მისგან კი მიტოვებული არავინაა.

– დაიცათ, მეც ხელებით დამიწყია ლაპარაკი, თანაც ხმამაღლა, მგონი ჩემს თავს ვესაუბრები თუ ვეკამათები...

ფაიზაღი სამკურნალო ვხდები... გული რაღამ ამიჩუყა, სასმელმა? პირიქით, რომ არ მეყო და დამაკლდა?! ჩემივე თავი მეუბნება უკვე... ამ ლოთობას არ სჯობს, ურჩხულის მძლეველივით რაიმე გმირობა ჩაიდინოო? მაგრამ ურჩხულს ბოლოში ვერ დაამარცხებ, თუ თავიდანვე არა ხარ მძლეთამძლე... ანგარებით, შუღლით, სიძულვილით, ამ რეტიანი თავით, ურჩხული არ მარცხდება! თუმცა, მაინც სჯობს ვინმეს მშველელი და შემწე გავხდე...

რაღაც ამაღლებული მოვიმოქმედო... ან მიტოვებული საყდრის განახლებაზე ვიზრუნო... ვიმარიფათო, ქვაზე ან თუნდაც სიზიფეს ლოდზე დავდო სიკეთე და უკან არ მივიხედო...

ეგრე სჯობს!

– ოჰო, მოლანდებებიც მეწვივნენ? ხმაც მესმის... ჩუ, ირგვლივ არც ლანდია, არც ვინმე ხორციელი... ვინ მესაუბრება?

– ერთი მეზღაპრე, მწერალი, კალმითმჯღაბნელი.

– სადა ხარ?

– შენში!

– მერე და რა გინდა ჩემში?!

– შენი თვალთახედვიდან უნდა დამენახა სამყარო.

– მერე რა დაინახე, ჩემი სამყარო ილუზიაა, მირაჟი.

– არც მთლად ეგრეა საქმე.

– როგორ შეძელი ჩემში შემოსვლა, რა ძალით მოახერხე?

– თანაგრძნობით!

– ...

– ნუღარ სვამ მაგდენს!

– შენც იგივეს მეუბნები? ხომ, ხედავ, სიმთვრალეშიაც ვფხიზლობ. მცირე ხანში წახვალ, და მე ისევ დავრჩები ჩემს თავთან მარტო, დედიშობილა... შეგიძლია ჩემს პატიმარ ძმაშიც შეხვიდე და იმისი თვალებიდანაც დაინახო სამყარო?

– შემიძლია.

– მერე და რაა საშველი.

შენც ადგები და შენს წიგნში ჩაგვწერ. შიგ ჯინივით გამოგვამწყვდევ. ეგრე იმდენს უწერიათ რომ... 

  – თანაგრძნობაა საშველიცა და ნუგეშიც.

– მერე რა, მითანაგრძნობ, გაიხურავ გულის კარს და წახვალ. უფრო მძიმე იქნება საკუთარ თავთან დარჩენა... არ დამტოვო... გთხოვ, არ მიმატოვო.

ვეცემი და ხელი შემაშველე.

– ამისთვის მოვედი.

– გზასაც მაჩვენებ?

– გზას თავად დაადგები... თანაგრძნობა ყველას სჭირდება. ბევრს, იმდენს, რომ მეც ვერ გავწვდები. რეალობასა და სიმართლეს გაუსწორე მზერა, როგორი მწარე და მტანჯველი არ უნდა იყოს. იგი თავად მიგიყვანს გზამდე, ეხლა კი გამოვიდეთ ამ შენი ქვევრიდან. . წამო წავიდეთ...

– სად?

– გზაზე დავდგეთ...

უკვე მამადავითს ვუახლოვდებით.

  აქვე ჩამოვსხდეთ, ქალაქს გადავხედოთ მთაწმინდიდან.

თენდება. ხედავ? ქალაქიც იღვიძებს და ნელ-ნელა ამოდის სიბნელიდან, როგორც ზღვიდან წყალქვეშა უზარმაზარი ნავი. მზე ჯერ არა ჩანს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს, რომ მუდამ ჩვენთანაა, ღრუბლებმაც რომ დაფარონ, მაინც იარსებებს ჩვენს ზევით, სიცოცხლის ძალით დაგვაპურებს და დაგვამზნებს. დედამიწის ყველანაირი საკვები გვაზიანებს, ცხოვრება სიკვდილს იწვევს, ფუჭი აზრები გვასნეულებს, ჩვენი ხსნა იმ რეალურ აღქმებშია, ცნობიერებას რომ აჯანსაღებენ. სიცოცხლის აწმყო როგორ უნდა გაცვალო ილუზიაზე, წარსულის დაფერფლილ დიდებაზე ან მომავლის ბროლის კოშკებზე?

– არა, მაგრამ, მალე ისევ ქალაქში უნდა განვიფრქვეთ, სხვადასხვა ადამიანურ და ყოფით ურთიერთობებში.

– ისე განვიფრქვეთ, ჩვენი თავი აღარ დავკარგოთ... ბრბოს ნაწილებად არ ვიქცეთ...

– ჰო, თერთმეტ საათზე ჩემი ძმაკაცი მოვა, გაბრო. სოფლიდან ღვინოს ჩამომიტანს მოშუშხუნეს.

შემდეგ ავიღებ კოკას, შოთის პურს ყოჩივარდებით ავავსებ და თათულის გაზაფხულს მივულოცავ. უჩუმრად ხელსაც შევავლებ, უნდა დავრწმუნდე, სიზმარი ხომ არაა? მერე კი ვნახავ, ბილიკიც გამოჩნდება. თვალებს მოვიფშვნეტ და ამ გაუსაძლის კუნაპეტში, სიყვარულის მადლით,

ვიფხიზლებ!

  მიიხედ-მოიხედა, მის გვერდით კვლავ არავინ ჩანდა. შორიახლოს მამა დავითის ტაძრის ზარებიც აგუგუნდნენ. ხეებში შეყუჟულმა ბეღურებმა ერთბაშად კამარა შეკრეს და თავისუფალ სივრცეში შხუილით გაინავარდეს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჟორდანია ხათუნა / სხვისი ორეული