ჟორდანია ხათუნა

 

ხელთათმანები

 

 

 

გათენდა... გარემო უჩვეულო გარინდებასა და სიმშვიდეს მოეცვა. გაღვიძებისთანავე ჩემი მზერა ფანჯარასთან მდგარ კომოდზე დაბრძანებულ ფაიფურის ქალბატონს მისწვდა. შემდეგ კი საათისაკენ გადაინაცვლა. ცხრის ნახევარი იყო.

წამოვდექი, ხალათი მოვისხი და მაქმანიანი ფარდები გადავწიე. თურმე რა,…… თოვლი მოსულა, საშობაო, დილის ღრუბელივით თეთრი და ქათქათა. ალბათ ეს უჩვეულო გარინდებაც მას მოჰყვა. მთელი ღამე უბარდნია და მეც გავიხარე ისევე, როგორც ბავშობისას.

წუხელ, ბაღში ჩამომჭკნარ ფოთლებს ეძინათ, ხანდახან ქარი შეარხევდა მათ, ხელახლა ჩაჰბერავდა სიცოცხლის უნარს, ახლა კი, საშობაო თოვლმა ფუმფულა საბანი გადააფარა და შიშველი ხეებიც ერთიანად თეთრად შემოსა. ეზოს ლამპიონსაც თექის ქუდივით ჩამოფხატვოდა თავზე.

ირგვლივ ბუნება ეთანაზიარება მთელ სამყაროს.

უკვე ნელ-ნელა, ქათმის ნაბიჯისოდენა მოემატება დღეს ნათელი და გრძელი, სულისშემხუთველი ღამეები დაპატარავდება.

დერეფანში ჩემი პატარა გოგონას წკრიალა ხმა გაისმა:

– დედა, დედიკო, თოვლი! – თვალებანთებულმა შემოაღო ოთახის კარი. – ბებომ თქვა, ვისაუზმოთ და ნახშირისთვალებიანი და სტაფილოს ცხვირიანი თოვლის ბაბუა გავაკეთოთო. . .

– ჰო, ანი, მანამდე ჩემი წითელი ბოტები უნდა მოვძებნო, – ესღა ვუთხარი და გავუღიმე.

უცბად შემთხვევით, ლურჯი ხალათის ფართო სახელო იქვე მდგარ ფაიფურის ფიგურას წამოვკარი, რომელსაც დანარცხებისთანავე დამსხვრევა ემუქრებოდა, მაგრამ ხელის ჩავლება მოვასწარი და გადარჩა.

– როგორ შემაშინე ჩემო ფიფინურო, – მივმართე ფაიფურის ქალბატონს და თავის ადგილზე დავაბრძანე. ძველად ფიფინურს სამკაულს უწოდებდნენ. ეს ფაიფურის მშვენიერი ქალბატონი ჩემი სამკაულია, ინტერიერსაც ამშვენებს და ოთახსაც ესამკაულება.

ამ ფაიფურის ფიფინურს მთელი ჩემი ქალური მოგონებები უკავშირდება...

 

 

 

 * * *

 

მატარებლის კუპეში სამნი ვისხედით. ქალაქიდან სოფლად მივემგზავრებოდით.

მოპირდაპირედ ჩემი საკმაოდ ხანდაზმული ბაბუა შემოგვცქეროდა. ალაგ-ალაგ, ისე, სხვათაშორის ვმუსაიფობდით მატარებლის ბორბლების რიტორიკულ `ნანინანის~ თანხლებით.

ჩემს გვერდით ჩემს ქმარს ფეხი ფეხზე გადაედო, მარცხენა ხელის თითებით, ჩემს მარჯვენა ხელის თითებს ეთამაშებოდა. რამოდენიმე თვის შეუღლებულები ვიყავით. პირველად თხუთმეტი წლის გავთხოვდი.

უცბად, თითქოსდა სხვათაშორის ჩემმა მეუღლემ მოხუცს ჰკითხა: – ღმერთი თუ გწამსო?.

დღემდე მახსოვს ბაბუას სიტყვები:

– აქამდე მატერიალისტი ვიყავი, ახლა ვფიქრობ, რომ ვცდებოდი, ურწმუნოებას ყოველთვის სჯობს რაიმის გჯეროდეს. ცხოვრება გავლიე, ერთადერთი ნუგეში ღმერთია, ჩემს სულსაც უფრო მას ვაბარებ, ვიდრე ამაოებას.

საოცრად სევდიანად იცქირებოდნენ მისი ჩამქრალი მზერადაშრეტილი, რუხი თვალები.

სოფელში რამოდენიმე დღე დავყავით. ესეც ბაბუას სურვილი იყო. სიკვდილის მოახლოებას ქვეშეცნეულად გრძნობდა და ალბათ მშობლიურ კერასთან ეწადა სამუდამო გამოთხოვება.

რატომღაც მეც ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ იქ აღარასოდეს დავბრუნდებოდი.

მართლაც ასე მოხდა.

ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მთელი კარმიდამო ავეჯიანად გაყიდეს, ისე, რომ არავინ არაფერს შემკითხვია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი სამოსახლო ანდერძით ჩემს სახელზე ჰქონდა გაფორმებული, საბუთი აღარ გამომიჩენია. ჩემივე ახლო ნათესავების შემრცხვა. იმდენად მიყვარდა ის ეზო და სახლი, მისდამი გრძნობებს ნათესაური კინკლაობით ვერ შევბღალავდი. ბოლოსდაბოლოს ადამიანი კვდება, ბაბუაც წავიდა, ის გარემო უიმისოდ ისედაც დაცარიელდა. ერთადერთი ადამიანი ვინც სულის ამოსვლისას მის გვერდზე იდგა, ჩემი მეუღლე იყო, რომელმაც გარდაცვლილს თვალები საბოლოოდ დაუხუჭა, რატომღაც ასე მოხდა.

სოფლიდან მაშინ, სამახსოვროდ მხოლოდ ერთადერთი ნივთი ფაიფურის ფიგურა წამოვიღე, რომელიც სახლის საძინებელ ოთახში, დასავლეთით ფანჯარასთან კაკლის ძველებურ კომოდზე ყელმოღერებული იდგა. მაგრამ, ეს მაკრამე კაბიანი ბანოვანი უბრალო ფიგურა კი არა ყულაბაც გახლდათ.

 

იმდენად ნატიფი ქმნილება იყო, მას მერე, რაც ამ ოთახში მიაკუთვნეს ადგილი, შიგ ფულის ჩაყრა არავის აზრად არ მოსვლია.

სოფლიდან სანამ წამოვიდოდით, დრო ვიხელთე და ჩუმად, ყველასაგან მალულად ეზო ფეხაკრეფით დავიარე. დავემშვიდობე ხეებს, სადაც ჩემი ჰამაკი ეკიდა, ასევე წყავს, თუთას, მაგნოლიასა და მრავალწლიან ბზას. სათითაოდ დავკოცნე და ისე გამოვეთხოვე.

და აი, ფაიფურის ყულაბა ახლა უკვე ჩემს საძინებელ ოთახში დგას. თუმცა, ბავშობისდროინდელი მრავალი სხვა ნივთიც შემოვინახე. ფაიფურის ვეფხვები, რომელიც ბუხარს ამშვენებს, ადრე ქალაქის მშობლიურ სახლში დიდი ბუფეტის თავზე დაედოთ. ჩემი მსუნაგობისაგან შოკოლადები რომ გადაერჩინათ, უფროსები ბუფეტის თავზე შემოდებდნენ მაღლა ვეფხვებთან. როდესაც სკამიდან ბუფეტის გამოწეულ მოჩუქურთმებულ კონცოლზე ავძვრებოდი, იქ კი აღარაფერი მხვდებოდა, ასე მეუბნებოდნენ, რომ შოკოლადი ვეფხვებმა შემიჭამეს და მეც გულწრფელად მჯეროდა.

შემოვინახე უზარმაზარი სასალათე, სადაფისფრად დაფერილი ფაიფურისავე კომბოსტო, მარწმუნებდნენ, რომ ამ კომბოსტოში მიპოვეს და სწორედ იქიდან ამომიყვანეს.

მჯეროდა, მაგრამ მიკვირდა, რა მინდოდა სულ თავდაპირველად კომბოსტოში?!

ამ ნივთებთან შერწყმული მოგონებები თავისთავად ისე სუფევდნენ ჩემში, ნებისმიერ დროს შემეძლო მათი ამოტივტივება და ცხოველმყოფელობა. წლები გავიდა და დღეს მივიჩნევ, ერთი კი არა, მრავალი ადამიანის სიცოცხლით ვიცხოვრე, იმდენად მრავალფეროვანი იყო ცხოვრება.

მახსოვს, უჩუმრად მანამდე ვუმზერდი სახლიდან გასულ ბაბუას, სანამ მისი მხრებში მოხრილი სილუეტი არ დაფერმკრთალდებოდა და ბოლოს თვალს არ მიეფარებოდა. ვიმახსოვრებდი მის მხრებს, სიარულს, რადგან უკვე ვიცოდი, მცირე ხანიც და ვეღარასოდეს ვნახავდი. ეს იმდენად ღრმა შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოსახვაში ცოცხალი სახით შემოვინახე.

ერთხელ კი არ ვიცი, საიდან ან როგორ შეამჩნია ბაბუამ, ვიღაცის ხელში დანახული გრძელყურებიანი და ხელოვნური ყვავილებით მორთული დაწნული კალათა მომეწონა. ერთ დილას, როდესაც გავიღვიძე, იქვე სასთუმალთან, სკამზე მანდარინებითა და შოკოლადებით სავსე ისეთივე ვარდისფერი კალათა დამხვდა. იმ დილის სიხარულს რა დამავიწყებს, უფრო მეტიც, ცხოვრების მანძილზე, თუკი რამ პიროვნული ღირებულება გამაჩნია, ან რაიმეს მივაღწიე, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც ჩემში სიყვარული ჩანერგეს...

ბავშვობისას სიყვარული მსურდა ზუსტად ისევე აღმექვა, როგორც საგანი, რაიმეს ფორმა რომ ჰქონოდა და ერთხელაც ცაზე აღმოვაჩინე კიდეც, – ცისარტყელა! დანახვისთანავე ხელაწეულმა თითითაც კი მივანიშნე, – აი, სიყვარული

ერთხელ, სარკის წინ ახალი კაბით რომ ვკოპწიაობდი, ბაბუამ რატომღაც მითხრა, – ოდესმე მშვენიერ ქალბატონად იქცევი, დაიმახსოვრე, არავის არაფერი სთხოვო. . . რადგან, ადამიანი თუ ძლიერია, მან ისედაც იცის რა უნდა გაგიკეთოს და თუ სუსტია, აბა სუსტს რა უნდა მოსთხოვო?!

არ ვიცი, მან რისთვის მითხრა ეს სიტყვები, ან მე რატომღა დავიმახსოვრე, მაგრამ შემდგომ ეს შეგონება იქცა ისეთ გასაღებად, რომლითაც პირადი ცხოვრების ყველა კარი გავხსენი. მაგრამ მთავარი მამაკაცის სიძლიერე ან სისუსტე არ ყოფილა, არამედ თავად უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, ძლიერი კი ვერ იქნები, თუ ურთიერთობებში არა ხარ მართალი.

შემდგომ ცხოვრება ხან აირეოდა და ხანაც ლაგდებოდა. იმედი არასოდეს დამიკარგავს. იმედი თითქოს მეორე სული იყო ჩემში და ყოველივეს მაძლევინებდა. ადამიანი კი ცხოვრებაში აღწევს მხოლოდ იმდენს, რამდენი სიყვარულის უნარიც გააჩნია.

  თუმცა ხანდახან გაუთვალისწინებელი მოვლენებიც ხდებოდა.

 

* * *

 

  დედა გამიხდა ავად და რამოდენიმე ხნით მასთან მომიხდა დარჩენა.

ერთ დილას კი საკუთარ სახლში დაბრუნებულმა ქმარს უცხო ქალთან საწოლში მწოლიარეს გადავაწყდი. ოთახში აღარ შევსულვარ და უნებურად სამზარეულოსკენ გავემართე. მეუღლე თავად გახდა იძულებული ჩემთან გამოსულიყო. მე ფანჯარასთან ვიდექი და ქუჩას გავყურებდი. არც მწყინდა, არც არაფერზე ვფიქრობდი. თავდაპირველად უხერხულობა ვიგრძენი, შემდეგ გულგრილობა. იმხანად, მეუღლე თანამდებობისპირი იყო, მთხოვა, რომ არ გამეხმაურებინა ეს ამბავი.

საუბარი სწორედ ამით დაიწყო:

–არავის არაფერი უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ, მთელ ქონებას გადაგიფორმებ, რასაც ისურვებ, ყველაფერი გექნება. . .

ვდუმდი და ვუსმენდი.

ერთია, რომ ჩემდაუნებლიედ ამ ამბის შემსწრე გავხდი. შეურაცყოფილად თავი არ მიგვრძვნია. მაგრამ, უფრო სამწუხარო და დამამცირებელი იყო ის, რომ ამ თხოვნით უმეტეს ტკივილს მაყენებდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი, ჩემი მეუღლე მე არ მიცნობდა.

რაღა უნდა მექნა.

– როგორც გსურს ისე იქნება, არაფერს ვიტყვი. . .

ერთია კი, გააკვირვა ჩემმა სიმშვიდემ, მერე კვლავ მთხოვა, – რიტა ორი დღის შემდეგ მიემგზავრება, სამგზავრო ბილეთებიც აღებული აქვს და ეს ორი დღე, თუ შესაძლებელია აქ დარჩეს, მე კი შენთან ერთად წამოვალო.

აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან იქნებოდა ორი დღით, ან სად წავიდოდა. . .

დავთანხმდი და ჰოლისაკენ მშვიდად, აუღელვებლად გავემართე.

უცბად, კარებთან მისულს, მეუღლემ მაჯაზე მომკიდა ხელი და ისევ მთხოვა:

– ასე დათრგუნულს ნუ დაგვტოვებ, რიტაც უხერხულადაა, მიდი მასთან, იქნებ ორიოდე სიტყვით უთანაგრძნო.

საძინებელში შევედი. საწოლთან მივედი და ჩამოვჯექი. რიტას მაჯა თვალებზე ჰქონდა აფარებული. გატრუნული იწვა. მარჯვენა ხელს, რომელიც საწოლზე ჰქონდა ჩამოშვებული, ოდნავ მოვუჭირე, ვაგრძნობინე, რომ ვუთანაგრძნობდი.

შემდეგ უცნაური რამ მოხდა. რიტა უეცრად წამოიმართა და თავად დამიწყო კოცნა თითებზე, ხელებზე, ჩემს მუხლსაც შეეხო.

თავს არ სწევდა და თვალს ვერ მისწორებდა.

წამოვდექი და ისევ გასასვლელისაკენ გავემართე. მეუღლემ ესღა მკითხა, თუ რის გამო მოვიქეცი ასე. . .

დავფიქრდი, თითქოს ხარკი გადავიხადე. ბოლოს ვუთხარი:

– თუკი რამ სიკეთე მახსოვს შენგან, სულ მცირედიც კი, იმ ნათელი წუთების გამო, რაც შენთან გამიტარებია, მხოლოდ იმისთვის. . .

გავუღიმე და კარი გამოვიხურე.

მას შემდეგ კვლავ ერთად ვიყავით, თითქოს უფრო შევუყვარდი, მაგრამ. . . იმიერიდან ვიყავი ყველასი და არავისი.

მერე მოვიდა სანდრო. . . ჰო, ჩემი ალექსანდრე, მას სხვაგვარი გრძნობით და ვნებით ვუყვარდი, გამუდმებით ჩემთან ყოფნას ცდილობდა. რატომღაც მის მიმართ ჩემი გული დუმდა.

თუმცა მომწონდა მისი თავდაუზოგავი ყურადღება და ყოველივეს გადალახვის წყურვილი, მაგრამ . . . ერთ საღამოს, ო, იმ საღამოს, წავედით ბარში, ვიმხიარულეთ, შევსვით, ვიცეკვეთ, შემდეგ კი ჩემი ახლობლის ბინაში თავად ავიყვანე. მივუალერსე, გახდა დაუწყე, საწოლში ჩავაწვინე და შუქი ჩავაქრე.. . .

მეორე დილით კი, ალექსანდრემ აღმოაჩინა, რომ ჩემს გვერდით კი არა, უცნობ ქალთან იწვა, რომელსაც ჩემნაირი თმის ფერი, სიმაღლე და აღნაგობა ჰქონდა.

ის ქალი გარკვეული თანხა დამიჯდა. სანდროს ეგებ ეს არც სურდა, მაგრამ რატომღაც ასე გამოვხატე მისდამი ჩემი დამოკიდებულება. ვისაც სურს განმსაჯოს. მაგრამ, მან რაღაც ჩემგანაც ხომ მიიღო სიყვარულის სანაცვლოდ. რამოდენიმე დღე ტელეფონი გამოვრთე, შემდეგ კი საზღვარგარეთ გავემგზავრე. . . .

თუმცა, ახლაც მინახულებს ხოლმე და ტელეფონითაც ხშირად მესაუბრება, მომიკითხავს, ხანდახან ქუჩაშიც ვსეირნობთ. ასე ნელ-ნელა დავმეგობრდით და ვგრძნობ, მისდამი გაზაფხულივით დამითბა გული.

სად იყო და სად არა, რაინდიც გამოჩნდა. მართალი ყოფილა, რაინდებს ზეციურად უყვართო. სურვილი გამიჩნდა მთელი ჩემი სამყაროთი მასში ჩავთქმულიყავი. მასთან ერთად ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე ვმოგზაურობ და მიწაზე ჯერ ვერ დავეშვით. მიწა კოსმოსი არაა, – ის მსხვერპლს ითხოვს! თან სხეულითაც გიზიდავს, რადგანაც სხეული მიწას ეკუთვნის და სანამ ეს სამოსელი გაგაჩნია ზევით არ გიშვებს. დილემაა; – ან აქ, ან იქ! და თუ მართლაც რაინდია, იქ უნდა დავრჩეთ, რადგან მიწა თვით რაინდებსაც ამარცხებს! ეს კი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

ჯერ თავად უნდა მიყვარდეს იმდენად, აქ მიწაზე მოვისურვო მის სხეულში ვიპოვო ჩემი ბინა. ბოლოს და ბოლოს მე ხომ რაინდი არ ვარ. ლაზიერს კი თავისუფალი და ხშირად გაუთვალისწინებელი სვლები აქვს, იგი ვერ ეგუება გარდეს!

დედამიწაზე არის ერთი ადგილი, რომელიც მთელ ზეცას იტევს და ეს ადგილი ადამიანის გულია, – სიყვარულია ზეცა. . . ეს ბოლოს ვიგრძენი, გვიან, როცა პირველად შემიყვარდა.

მაგრამ ადამიანებს ისიც შეუძლიათ, რომ – ზეცაც კი გააქვაონ!

რატომ გამახსენდა ეს ყოველივე? ნუთუ შესაძლებელია ნივთებმა სამყარო შექმნან? ან ფასდაუდებლები იყვნენ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველივეს სთმობენ და ყიდიან? თუმცა, ვერც მოგონებებს მოიშორებ და ვერც გულს ამოიგდებ სხეულიდან. დაუსრულებლად შემიძლია ერთი ნივთიდან, – ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, რომელნიც ერთ მთლიან, საერთო სამყაროს მიქმნის.

ეს მოკლე რიტორიკული წიაღსვლა იმ ფაიფურის ფიფინურმა გამოიწვია, მთელი ჩემი ქალური მოგონებების ყულაბად რომ იქცა.

ან კი, რომელი ერთი გავიხსენო?

თითქოს მეც ამ ფაიფურის თოჯინად ვიქეცი, რომელსაც არც წლები ეტყობა და არც მისით დაღდასმული ნაოჭები, გადაღლა, ან ცხოვრებისეული გულგატეხილობა. ჩემგან განსხვავებით ეს ფაიფურის ქალბატონი სულაც არ არის ბედნიერი იმით, რომ ტკივილი არ შეუძლია. 

იგი შეიძლება კომოდიდან შემთხვევით ჩამოვარდეს და ისევე დაიმსხვრეს, როგორც ხშირად ოცნებები იმსხვრევა, მაგრამ ის, რაც ხელთქმნილია ადამიანის არსებობაში, საკუთარი სახიერება მაინც გააჩნია და ადამიანის მხოლოდ ერთი არსებობაც კი ყოველივეს ტოლფასია, ტოლფასია თუნდაც მარადისობისა.

ასე, რომ შესაძლებელია ადამიანებმაც მიანიჭონ ნივთებს სიცხოველე და უფრო მაღალი დანიშნულება, ვიდრე თავად ისინი წარმოადგენენ საკუთარ თავს, რადგან ნივთები შეგვიძლია ჩვენი არსებობის ნაწილებად ვაქციოთ.

ხოლო, თუ ის საგნები რაიმეს ხსოვნას წარმოადგენენ, ან თუნდაც არსებობის ნაწილებია, როგორ შეაფასებდით?! ყოველივეს დახურდავება რომც შეგეძლოს, სიყვარულსა და ხსოვნას ხომ ვერ გაყიდი?!

ვერც გავყიდი, ვერც დავახურდავებ, და ვერც გამოვცვლი...

ქმარი?.. ქმრები კი ხელთათმანებივით გამოვიცვალე...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჟორდანია ხათუნა / ხელთათმანები