რენისონი ლუის 

 

რომანი

 

 

ჯორჯია ნიკოლსონის აღსარება (ჩემი შოტლანდიური კატა, ”ნიფხავი-მატყარა” და კოცნა ჩახვეულ-ჩახუჭუჭებულად)  ჯორჯია ნიკოლსონის აღსარება (ჩემი შოტლანდიური კატა, ”ნიფხავი-მატყარა” და კოცნა ჩახვეულ-ჩახუჭუჭებულად)

 

 

მთარგმნელი – ვარდიაშვილი ნათია

 

 

კვირა, 23 აგვისტო

 

ჩემი საძინებელი

 

წვიმს

 

დილის 10:00

 

მამიკოს ძია ედიც შემოჰყვა. ჰო, აბა რა! ისე როგორ დადგებოდნენ, რომ არ შემოსულიყვნენ და ყველაფერში ცხვირი არ ჩაეყოთ.

 

ხომ უნდა დაეზვერათ, რას ვაკეთებდი. თუ ძია ედი (რომელიც ბებერივით მელოტია, ფაქტობრივად, ძალიან ბებერივით) ახლა ადგება და ისევ მეტყვის: არ გინდა ბერიკაცს მოტვლეპილ თავზე მოეფეროო, შეიძლება თავი მოვიკლა. ეტყობა ვერ ხვდება, რომ ბავშვი აღარ ვარ. ლამის არის ვუკივლო: «თოთხმეტი წლისა ვარ, ძია ედი! დავქალიშვილდი. ბიუსტჰალტერი მაცვია უკვე. მართალია, ცოტა ხალვათად მაქვს და ავტობუსისკენ რომ გავრბივარ, ყელისკენ ამდის... მაგრამ ესეც მზარდი ქალურობის ნიშანია, მელოტო ბებერო!»

 

მართალი გითხრათ, სულაც არ მინდა, ჩემი ოჯახის ქალებივით, ბიუსტი ლანგარივით მქონდეს გამოდგმული, – თითქოს ზედ რაღაც უნდა დადგაო.

 

მაგალითად, როდესაც დედა წვეულებაზეა და ხელები დაკავებული აქვს – ცალ ხელში სასმელი უჭირავს, მეორეში კი სენდვიჩი – წონასწორობის დასაცავად შეუძლია ბიუსტზე მსუბუქი საუზმე შემოდგას, რომელსაც მოგვიანებით შეექცევა. დიდი ვერაფერი სანახავია. მირჩევნია, საშუალო ზომის მკერდი მქონდეს და არა იმხელა, რამხელაც თუნდაც, აგერ, მელანი გრიფიტს აქვს. ყველაზე საშინელი შოკი ცხოვრებაში ჰოკეის ბოლო სეზონის შემდეგ მივიღე საშხაპეში. მისი ბიუსტჰალტერი ორ დიდ ტომარას ჰგავდა. დიდი ეჭვი მაქვს, ჰორმონალური წონასწორობა ექნება დარღვეული. კი, ნაღდად ასეა.

 

როცა ბურთს გაეკიდება ხოლმე და ცდილობს მისწვდეს, გეგონება თავისი «ჯიქანით» – ამ სასაცილო სახელს მის მკერდს ჯესი ეძახის – ბარიერს გაანგრევსო.

 

 

 

ისევ ჩემს ოთახში

 

ისევ წვიმს

 

ისევ კვირაა

 

დილის 11:30

 

ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლება ჩავკეტო ჩემი საძინებლი ოთახის კარი. მარტოობის უფლება არა მაქვს: თითქოს ჩემს ოთახში «ნოელის სახლის წვეულება»2  იყოს. როგორც კი აქ რაიმეს გაკეთებას განვიზრახავ, მაშინვე ყველა გაცხარებული აქნევს თავს და ისეთი კრიახი და ღავღავი ატყდება ხოლმე, თითქოს სახლი შარვლიანი დედლებით, ან მთვლემარე ქოფაკებით იყოს სავსე, ანდა სულაც...  თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს! სულ ერთია, უფლება არა მაქვს ჩემი ოთახის კარი ჩავკეტო.

 

«რატომ – არა?» – დავუსვი დედიკოს გონივრული კითხვა (გამოვიჭირე, როცა არც იტალიურის შემსწავლელთა საღამოს მეცადინეობაზე იყო წასასვლელი და არც რომელიმე წვეულებაზე).

 

«იმიტომ რომ, შეიძლება უბედურება შეგემთხვას და ჩვენ ვერ შემოვიდეთო», – მიპასუხა.

 

«მაინც, რა უბედურება?» – არ მოვეშვი.

 

«ჰო, კარგი... ხომ შეიძლება გული წაგივიდეს...»

 

მერე მამიკომაც აუბა მხარი: შეიძლება საწოლს ცეცხლი წაუკიდო და კვამლში გაიგუდოო.

 

რა სჭირს ამ ხალხს? მშვენივრად ვიცი, რატომაც არ უნდათ, რომ კარი ჩავკეტო. იმიტომ რომ, ეს პირველი ნაბიჯი იქნება ჩემი მოწიფულობისკენ. ამ აზრს ვერაფრით ეგუებიან, გაფიქრებაც არ უნდათ.

 

იქნებ იმიტომ რომ, მაშინ თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და ჩემსას თავი დაანებონ.

 

 

 

კვლავ კვირაა

 

დილის 11:35

 

ჩემს ცხოვრებაში ექვსი შეცდომაა:

 

1. კანქვეშ ლაქა მაქვს, რომელიც თავს არასოდეს გაიკეთებს და მომდევნო ორი წელი წითლად იქნება ჩასაფრებული;

 

2. ლაქა ცხვირზე მაქვს;

 

3. მყავს სამი წლის და, რომელიც ჩემს ოთახში ყველგან იფსამს, სადაც მოხვდება;

 

4. თოთხმეტ დღეში ზაფხულის არდადეგები მთავრდება და მე ისევ «სტალაგ 143-ში, ობერფიურერ ფრაუ სიმფსონთან და სადისტური «მასწავლებლების» თაიგულთან დაბრუნება მომიწევს;

 

5. ძალიან უშნო ვარ და უშნო სახლში მივდივარ;

 

6. მეჯლისზე წიწაკით დატენილ ზეთისხილად გამოვეწყვე.

 

 

 

დილის 11:40

 

ჰო, კარგი, რაც არის, არის! ახლა ლორთქო ფოთლად გადავიქცევი. დედიკოს ჟურნალ კოსმოში სტატია აღმოვაჩინე – როგორ გახდე ბედნიერი, როცა ძალიან უბედური ხარ (ჩემსავით). სტატიას სათაურად აქვს: «ემოციური თავდაჯერებულობა». დაბრუნდი უკან, გაიხსენე... განიცადე... და განიკურნე. მოკლედ, მტკივნეულ წუთებს თვალი გაუსწორე, ყველა საშინელი წვრილმანი გაიხსენე...

 

ამას ცოტათი უკან დაბრუნება ჰქვია... ემოციები შეიმეცნე და შემდეგ, ნება მიეცი, წავიდეს.

 

ნაშუადღევის 2:00

 

ძია ედი წავიდა, მადლობა ღმერთს! მკითხა: არ გინდა, ჩემი ეტლიანი მოტოციკლით გავისეირნოთო? ეს უფროსები ყველა პლანეტა ქსენონიდანაა, თუ რა ხდება? რა უნდა მეთქვა? «დიახ, რასაკვირველია, ძია ედი, ვგიჟდები, ისე მინდა, შენი ომამდელი მოტოციკლით გასეირნება. იმედია, ბედი შემეწევა და ყველა ჩემი მეგობარი დამინახავს თავზეხელაღებული მელოტი ჭაბუკის გვერდით გამოჭიმულს... ჰოდა, ჩემს ცხოვრებასაც წერტილი დაესმება. გმადლობთ.»

 

 

 

დღის 4:00

 

ჯესი დაბრუნდა და თქვა: სამეჯლისო ტანსაცმლის გაძრობას საუკუნე მოვუნდიო. მართალი გითხრათ, სულაც არ მაინტერესებდა, მაგრამ ზრდი-ლობის გამო, რატომ-მეთქი, შევეკითხე.

 

«რატომ და, გასაქირვებელი სამოსის მაღაზიის დახლთან ისეთი ბიჭი იდგა, დაეცემოდიო.»

 

«მერე რა-მეთქი?»

 

«მერე ის, რომ მოვატყუე და ჩემი ზომა – თორმეტის ნაცვლად, ათი ზომა კეტსუიტი4  ვუთხარიო».

 

კისერთან და წელთან საკმაოდ ღრმა, წითელი ნაჭდევი ეტყობოდა.

 

«თავი ცოტა შეგსიებია-მეთქი», – ვუთხარი.

 

 

«ბუნებრივია.»

 

ჯესს, კოსმოში რომ სტატია იყო, იმაზე მოვუყევი. ერთხანს სამასკარადო  წვეულებას (ანუ მტკივნეულ შემთხვევას) ვიხსენებდით, რათა განგვეცადა, ემოციები გადაგვეხარშა და მოგვენელებინა.

 

მე რომ მკითხოთ, ყველაფერი ჯესის ბრალია. არა, ფარშირებულ ზეთისხილად გამოწყობა იქნებ ჩემი იდეა იყო, მაგრამ რატომ არ დამიშალა? აბა, მეგობარი რის მეგობარია! ჯესმა კი, პირიქით, წამაქეზა კიდეც.

 

წიწაკით დატენილი ზეთისხილის კოსტიუმის გასაკეთებლად ავიღეთ წვრილი ბადე – აი, ისეთი, წიწილების დასამწყვდევად რომ იყენებენ და მწვანე, თხელი ქაღალდი, ნაირ-ნაირი აპლიკაციებით. ეს ზეთისხილის ნაწილი იყო და ქვემოთ რომ არ ჩამოცურებულიყო, მხრებთან პატარა თასმით დავიმაგრე.

 

შიგნით მწვანე მაისური და გრძელყელინი მწვანე წინდები მეცვა.

 

ეს კოსტიუმის შიდა, ფარშირებული ნაწილი იყო. ამ ყველაფერში ჯესი მეხმარებოდა. როგორც მახსოვს, სწორედ ჯესმა მირჩია, თმა, სახე და ყელი ფეთხუმივით ჭყეტელა ჭიაფრად შემეღება... მწიფე წიწაკისფრად. ეს სამზადისი, ცხადია, ძალიან სასაცილოც იყო და სანამ ოთახში ვიყავით, კარგადაც გავერთეთ. საქმე მაშინ გაჭირდა, როდესაც ოთახიდან გამოვედით. ჯერ იყო და, კიბეზე გვერდულად ჩავედი, მერე, კართან რომ მივედი, უკან დაბრუნებამ და წინდების გამოცვლამ მომიწია, იმიტომ რომ ჩემი კატა, ანგუსი5,  სულ გაველურდა.

 

 

ნამდვილი ცოფიანია. ჩვენ ის ლოქ ლომონდიდან ჩამოვიყვანეთ, სადაც არდადეგებს ვატარებდით. ბოლო დღეს ვიპოვნე იმ სახლის ბაღში, სადაც ვცხოვრობდით. სახლს ტერი-ე-ვი-ვაილი6  ერქვა და წარმოიდგინეთ, რა დროსტარებაშიც ვიქნებოდი.

 

როდესაც კნუტი ხელში ავიყვანე, გაცოფებული მეცა გულზე და ჩემს შალის ჯემპრს გლეჯვა დაუწყო. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ კატების სფეროში ყველაფერი რიგზე ვერ ექნებოდა, – არადა, ისეთი საყვარელი, ისეთი ფუმფულა იყო, ისეთი გრძელი ბეწვი და უზარმაზარი, ყვითელი თვალები ჰქონდა... თუნდაც ის რად ღირდა, რომ კნუტი იყო და პატარა ძაღლს ჰგავდა.

 

დედიკოს და მამიკოს ვთხოვდი, თან წავიყვანოთ-მეთქი.

 

«მოკვდება აქ, არც დედიკო ჰყავს და არც მამიკო», – ვამბობდი საცოდავად. მამიკომ კი, ამაზე, – დიდი გულქვა ვინმეა! – ალბათ დედიკოც და მამიკოც თვითონ შეჭამაო. ბევრი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდნენ. შოტლანდიელმა სახლის მეპატრონემ თქვა, შინაური ჭრელი კატისა და შოტლანდიური გარეული კატის ნარევიაო. მახსოვს, გავიფიქრე: აუ, რა ეგზოტიკური იქნება-მეთქი! რა ვიცოდი, თუ მომცრო ლაბრადორისოდენა გაიზრდებოდა. საყელურით დავატარებდი ხოლმე, მაგრამ, – ქალბატონ ნექსთ დორსაც7  ასე ავუხსენი, – კატა თასმებსა ჭამდა.

 

ზოგჯერ მას ჩრდილო-შოტლანდიის მთიანეთი უყივლებს ხოლმე. მოკლედ, როდესაც წიწაკით დატენილ ზეთისხილად გამოწყობილმა, კარში გასვლა დავაპირე, გადმოხტა თავისი საიდუმლო სამალავიდან (ანუ კატური ჭკუით, თავისი ბუნაგიდან), რომელიც ფარდის უკან ჰქონდა მოწყობილი და ჩემი წინდები «მოინადირა».

 

რის ვაივაგლახით მოვიგერიე.

 

მერე იყო და, მამიკოს «ვოლვოში» ვერ შევეტიე.

 

«გაიხადე ეგ შენი სულელური ზეთისხილის კოსტიუმი და საბარგულში ჩააგდე», – მითხრა მამიკომ.

 

«რას მეუბნები? თუ გგონია, მანქანაში წინდებისა და მწვანე მაისურის ამარა ჩავჯდები, გაგიჟებულხარ და ეგ არის-მეთქი», – მივუგე.

 

ძალიან გაბრაზდა და მაშინვე გადაწყვიტა დავესაჯე, – როგორც მშობლებმა იციან ხოლმე, როგორც კი მიახვედრებ, რა უჭკუო და უმაქნისები არიან.

 

«კი ბატონო... მაშინ, მე და ჯესი მანქანით ნელ-ნელა ვივლით, შენ კი ფეხით გამოგვყევიო.»

 

ყურს არ დავუჯერე. «თუ მაინც ფეხით უნდა ვიარო, რატომ არ შეიძლება, ორივე – მეც და ჯესიც, ფეხით წავიდეთ და თავს რატომ არ დაგვანებებ-მეთქი?» – ვუთხარი.

 

ისეთი სულელური, მკაცრი სახე მიიღო, როგორიც მამებს აქვთ ხოლმე, როცა ჰგონიათ, რომ ძალიან წინდახედული და ჭკვიანები არიან.

 

«არ მინდა ღამე ქუჩა-ქუჩა იხეტიალოთ და მინდა ვიცოდე, სად მიდიხართო.»

 

«არა მჯერა! – ვთქვი მე. – მაინც, სად შეიძლება წავიდე ღამიანად, ფეხით, ამ ზეთისხილის კოსტიუმში...

 

თუ გგონია, კოქტეილის წვეულებაზე დაუპატიჟებელ სტუმრად გამოვცხადდები?»

 

ჯესმა მოწონებით ჩაიფრუტუნა, მაგრამ მამიკომ შეურაცხყოფად მიიღო.

 

«ასე ნუ მელაპარაკები, თორემ ფეხს ვერსად გაადგამო.»

 

რა ლაპარაკია?

 

როგორც იქნა, მივედით წვეულებაზე (ფეხით მივყვებოდი მამიკოს «ვოლვოს», რომელიც საათში ხუთი მილის სიჩქარით მიდიოდა). საშინელი დრო გავატარე. თავიდან ყველა დამცინოდა, მაგრამ მერე და მერე, დიდ ყურადღებას აღარ მაქცევდნენ. ჩემთვის, უტიფრად მარტო ვცეკვავდი, მაგრამ ჩემ გარშემო იატაკზე რაღაცები ცვიოდა და მასპინძელმა მთხოვა, დავმჯდარიყავი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ჭიშკართან ისედაც ერთი საათი ვიყურყუტე, სანამ მამა მოვიდოდა.

 

ამჯერად, ზეთისხილის ზემოთა ნაწილი საბარგულში ჩავაგდე. გზაში კრინტი არ დაგვიძრავს. 

 

სამაგიეროდ, ჯესს გაეტარებინა კარგი დრო. გარშემო სულ ტარზანები, რობინ ჰუდები და ჯეიმზ ბონდები მეხვიაო (ბიჭებს მგზნებარე წარმოსახვა აქვთ... არა?).

 

მახსოვს, გუნება ცოტა გამომიკეთდა, როდესაც ტესტის ემოციური შემეცნების ნაწილი გავიარეთ და გულნატკენმა დავასკვენი, რომ ზეთისხილად რომ არ გამოვწყობილიყავი, მეც ვიქნებოდი ბიჭებით გარშემორტყმული.

 

«ჯორჯია, – მითხრა ჯესმა, – მე და შენ გვეგონა, რომ ეს გასართობი და სასაცილო იყო, მაგრამ ბიჭებისთვის გოგოები სახუმარო არ არის...»

 

ისეთი ბრძნული სახით ლაპარაკობდა, რომ გავღიზიანდი. რა ჯანდაბა იცის ბიჭებზე? ღმერთო, რა იდიოტური ჩოლკა აქვს. მოკეტე, ჩოლკიანო!

 

მაშასადამე, ბიჭებს მხოლოდ ბრიყვულად მომღიმარი, ტანსაცმელშემოტკეცილი გოგოები მოსწონთ?

 

ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრიდან მეზობლის პუდელს ვხედავდი, რომელიც ჩვენს ღობესთან ყეფით ხტოდა და ცდილობდა, შეეშინებინა ჩვენი კატა, ანგუსი... მოგართმევენ, შანსი არ არის!

 

ჯესი ისევ ბრტყელ-ბრტყელს ისროდა: «ჰო, ასეა...

 

მე მგონი, მათ ნამდვილად მოსწონთ ცოტა უფრო რბილი გოგოები და არა ისეთი... მოკლედ, შენც იცი...»

 

ჯესი თავის ზურგჩანთას კრავდა. მე შევხედე და ვკითხე: «როგორი ისეთი?»

 

«უნდა წავიდე, – თქვა ჯესმა, – დღეს ადრე ვვახშმობთ.»

 

ოთახიდან რომ გადიოდა, ვიცოდი, რომ ჯობდა მომეკეტა. ნეტა, რატომ არის, რომ ნაღდად იცი, უმჯობესია მოკეტო და მაინც მიერეკები? ჰო, კარგი, ეგ ნაკლი მეც მჭირს.

 

«მიდი, განაგრძე... რა ისეთი?» – ჩავაცივდი.

 

კიბე რომ ჩაათავა, რაღაც წაიბურტყუნა. კარში რომ გადიოდა, მივაძახე:

 

«ისეთში ჩემნაირს გულისხობ, არა?!!!»

 

 

 

ღამის 11:00

 

ბიჭები თავს მაბეზრებენ და ამას ჯერჯერობით ვერაფერს ვუხერხებ.

 

 

 

შუაღამეა

 

ოჰ, ღმერთო, გთხოვ, გთხოვ, არ გამხადო ლესბოსელი, ჰეარი ქეითივით ანდა მის სთემფივით.

 

 

 

ნაშუაღამევის 12:10

 

ისე კი, ნეტა, რას აკეთებენ ლესბოსელები?

 

 

 

ორშაბათი, 24 აგვისტო

 

დღის 5:00

 

არცერთი სატელეფონო ზარი არავისგან. შეიძლება მოვკვდე.

 

ადრე უნდა დავიძინო.

 

 

 

დღის 5:30

 

ლიბი შემოტანტალდა და ლოგინში შემომიგორდა.

 

იმდენ ხანს მეუბნებოდა «ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა!», რომ ბოლოს ავდექი. ძალიან საყვარელი და ლამაზია, მაგრამ ცოტა სუნი ასდის. თუმცა, ლიბის, სხვა თუ არაფერი, მოვწონვარ და სულაც არ აინტერესებს იუმორის გრძნობა მაქვს თუ არა.

 

 

 

საღამოს 7:00

 

ელენმა და ჯულიამ დამირეკეს სატელეფონო ჯიხურიდან. რიგრიგობით მელაპარაკებოდნენ ფრანგული აქცენტით. ხვალ ვაპირებთ მოვაწყოთ La Marche Avec Mystery.

 

 

 

ღამის 10:30

 

სახეზე კვერცხის გული წავისვი, თუ ვინიცობაა les garçons gorgeous8-ს  გადავეყრებოდით.

 

 

 

სამშაბათი, 25 აგვისტო

 

დილის 9:00

 

როცა გავიღვიძე, მეგონა, სახეზე დამბლა დამეცა-მეთქი. მაგარი შიში ვჭამე.

 

კანი დაჭიმული და მკვრივი მქონდა, თვალი ბოლომდე ვერ გავახილე. მერე, კვერცხის გული გამახსენდა... კითხვის დროს ჩამძინებოდა. ადრე თუ დავიძინე, თვალები ისე მიშუპდება, თითქოს აღმოსავლური სისხლი მქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ერთადერთი, რაც აღმოსავლურ ეგზოტიკასთან გვა-კავშირებს, დეიდა ქეითია, რომელსაც ჩინურად შეუძლია სიმღერა, ოღონდ, რამდენიმე ყლუპი ღვინის შემდეგ.

 

 

 

დილის 11:00

 

ელენსა და ჯულიას რენდეზ-ვოუს9  ვაითლისთან დავუთქვი. ასე რომ, შეგვეძლო დაგვეწყო ჩვენი La Marche Avec Mystery. შევთანხმდით, რომ სპორ-ტულად ჩავიცვამდით.

 

მე სათხილამურო შარვალი, დაბალყელიანი ჩექმები, გრძელყელიანი შავი მაისური და პრიალა ხელოვნური ჟაკეტი მაცვია. ახალ-გაზრდა ბრიჯიტ ბარდოს ვგავარ. არა, სირცხვილია! ა) მე მას არაფერი მიგავს; ბ) არა მაქვს ქერა თმა, რაც მისი სამარკო ნიშანია. ნებას თუ დამრთავდნენ, შემეძლო თმა ქერად შემეღება, მაგრამ ჩემთან ნამდვილი საბავშვო ბაღია. მამიკოს ტელეღიპუცური მენტალიტეტი არც ისე სწრაფად ვითარდება. დედიკოს რომ ვუთხარი, მინდა თმა ქერად შევიღებო და შენ რა საღებავს მირჩევდი-მეთქი, ვითომ ვერ გაიგო და ლიბის ჩაცმა განაგრძო. სამაგიეროდ, მამიკოს გამოსვლა იყო ფუნდამენტური.

 

«შენ თოთხმეტი წლის ხარ.

 

მხოლოდ თოთხმეტი წელია, რაც ეს თმა გაქვს და უკვე გინდა, შეიცვალო? როგორი მობეზრებული გექნება, როცა ოცდაათი წლის გახდები. მერე, რა ფერად შეიღებავ?»

 

რაც მართალია, მართალია, იმ წუთს რატომღაც საღად აზროვნებდა. დედიკოს ვუთხარი, მე მეგონა, დიდი წივილ-კივილი ატყდებოდა, მაგრამ შევცდი-მეთქი და კარისკენ გავიქეცი. გავიგონე, მამამ რომ მომაძახა: შენ თუ გგონია, სარკასტული თუ იქნები და თვალებს დაიხატავ, გამოცდას ჩააბარებ და O-levels10-ს  მიიღებ, ძალიან ცდებიო.

 

O-levels-იო! ქვის ხანის ცოცხალი მემატიანეა.

 

 

 

შუადღეა

 

La Marche Avec Mystery. აი-სთრითზე ხან ავივლით, ხან ჩამოვივლით. მხოლოდ ფრანგულად ვლაპარაკობთ და გამვლელ-გამომვლელს გზას ვეკითხებით: „Ou est la gare, s’il vous plaît?“ და „Au secours, j’oublie ma tête, aidez-moi, s’il vous plaît.“11

 

მერე კი... ის მომხიბლავი ბიჭი გამოჩნდა...

 

ჯულიამ და ელენმა მისვლა ვერ გაბედეს. მე მივედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვითომ ფრანგი ვიყავი და თანაც ვკოჭლობდი. ბიჭს მართლა ლამაზი თვალები ჰქონდა... ცხრამეტი წლისა იქნებოდა. მოკლედ, კოჭლობით მივედი და ფრანგულად ვუთხარი: „Excusez-moi. Je suis Française.

 

Je ne parle pas l’anglais. Parlez-vous Français?“12

 

საბედნიეროდ, ვერაფერი გაიგო. საკმაოდ რომანტიკული ყმაწვილი ჩანდა. მე ტუჩები გაბუტულივით გავბუსხე. სინდი კროუფორდმა თქვა, როდესაც იღიმები, თუ ენას უკან გასწევ და არ გამოაჩენ, ღიმილი უფრო სექსუალური გამოგივაო. ოღონდ, ამ დროს, ცხადია, არ უნდა ილაპარაკო, თუ არ გინდა ჭკუანაკლულივით აბლუკუნდე.

 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მომხიბვლელმა ბიჭმა იკითხა: «გზა აგებნათ? ფრანგულად არ ვლაპარაკობ».

 

გაოცებულმა ავხედე და ამოვიხვნეშე: „Au secours, monsieur“.13

 

მან ხელი ჩამკიდა და მითხრა: «შემომხედეთ და ნუ გეშინიათ.

 

წამომყევით».

 

ელენმა და ჯულსმა პირი დააღეს. ბიჭი ძალიან ლამაზი იყო და სადღაც მივყავდი. მე მომხიბლავი კოჭლობით მივყვებოდი. თუმცა, შორს არსად წავსულვართ. ფრანგულ საკონდიტრო მაღაზიაში შევედით, რომლის დახლთანაც ფრანგი ქალბატონი იდგა.

 

 

 

საღამოს 8:00

 

საწოლში

 

ფრანგმა ქალბატონმა ფრანგულად გააბა და ორმოცი წელი აღარ გაათავა. სადამდეც გავუძელი თავაზიანად ვუკანტურე თავი, მერე კი უკანმოუხედავად გამოვვარდი ქუჩაში.

 

ლამაზ ბიჭს ძალიან გაუკვირდა, როცა დაინახა, რა სწრაფად განვიკურნე კოჭლობისგან და რა მკვირცხლად გავრბოდი.

 

ნამდვილად უნდა შევიღებო თმა, – ახლავე, თუ მინდა, ოდესმე, საყიდლებზე ისევ გავიდე ამ ქალაქში.

 

 

 

ოთხშაბათი, 26 აგვისტო

 

დილის 11:00

 

მეგობრები არა მყავს. ერთიც კი. არავის დაურეკავს, არავინ მოსულა. დედიკო და მამიკო სამუშაოზე წავიდნენ, ლიბი საბავშვო ბაღშია. შეიძლება მოვკვდე.

 

შეიძლება უკვე მკვდარი ვარ. თუ ძილში მოკვდი და მკვდარმა გაიღვიძე, როგორ გაიგებ, რომ მკვდარი ხარ?

 

შეიძლება ისეა, როგორც იმ ფილმში, – როცა შენ ყველას ხედავ და ისინი ვერ გხედავენ, რადგან მკვდარი ხარ.

 

ჰო, ახლა კი მართლა შემეშინდა... ხმამაღლა ჩავრთავ დისკს და ვიცეკვებ.

 

 

 

შუადღეა

 

ისევ შოკში ვარ და თანაც დავიღალე. თუ მართლა მოვკვდი, საინტერესოა, ვინ იდარდებს გულწრფელად? ვინ მოვა ჩემს დაკრძალვაზე? დედიკოს და მამიკოს ალბათ მოუწევთ... მეტწილად მათი ბრალია, რომ დეპრესიული გავხდი და თვითმკვლელობამდე მივედი.

 

რა მოხდებოდა, მეც ისეთი ნორმალური ოჯახი მქონოდა, როგორიც ჯულიასა და ელენს აქვთ? მათ ჰყავთ ნორმალური ძმები და დები, ჰყავთ მამები, რომლებსაც აქვთ წვერი და აქვთ სახელოსნო. დედიკო ამის უფლებას მამიკოს არასდროს მისცემს, მას შემდეგ, რაც მან იქ თავისი სათევზაო მატლები დატოვა და ბუზების ინკუბატორად გადააქცია.

 

ელექტრიკოსმა, რომელიც მაცივრის შესაკეთებლად გამოვიძახეთ, რადგან მაცივარმა იფეთქა, დედიკოს უთხრა: რომელმა «ჭკვიანმა» მიაბა ეს მაცივარი მავთულით? აქ ვინმე ისეთი ხო არ იცით, ვისაც მართლა არ მოსწონხართო?

 

მავთული მამიკოს გამოება. იმის მაგივრად, რომ მაცივარი თვითონვე შეეკეთებინა, სულ გრძნობებზე და რაღაც ასეთებზე ლაპარაკობს.

 

რატომ არ შეიძლება ნამდვილი მამიკო იყოს? ვის სჭირდება ეს პათეტიკა?

 

იმას არ ვამბობ, რომ მეც ისეთი მინდა ვიყო, წინათ რომ იყვნენ, როდესაც ყველა თავბრუდამხვევ ქალსაც და კაცსაც, თუნდაც ტვინის კიბო ჰქონოდა, ენაზე კბილი უნდა დაეჭირა და ხმა არ გაეღო. მინდა, რომ ჩემმა მეგობარმა ბიჭმა (რა თქმა უნდა, თუ ღმერთმა ინება და ლესბოსელი არა ვარ) გრძნობა გამოხატოს...

 

მაგრამ მხოლოდ ჩემ მიმართ. მინდა ისეთი იყოს, როგორიც დერსია «სიამაყე და ცრურწმენაში» (მართალია, სხვა ფილმებშიც მინახავს, მაგალითად, «Fever Pitch»-ში, მაგრამ იქ, ფურჩალებიან პერანგსა და გრძელ-ყელიან წინდებში, ისეთი სექსუალური და დიდებული არ არის). თუმცა, სულერთია, მე არასოდეს მეყოლება მეგობარი ბიჭი, იმიტომ რომ უშნო ვარ.

 

 

 

ნაშუადღევის 2:00

 

ვათვალიერებდი ოჯახის ძველ ალბომებს... სულაც არ მიკვირს, ასეთი უშნო რომ ვარ. მამიკოს ბავშვობის ფოტოები საშინელებაა.

 

უზარმაზარი ცხვირი თითქმის ნახევარ სახეს უფარავს. კაცმა რომ თქვას, სულაც ცარიელი ცხვირია, ხელებითა და ფეხებით.

 

 

 

საღამოს 8:00

 

ლიბიმ გაიღვიძა და არ მომეშვა, სანამ ჩემთან არ დავაწვინე. ძალიან საყვარელია, მაგრამ ბოლის სუნი ასდის.

 

 

 

შუაღამეა

 

სიყვარულის ოცნების გვირაბი, რომლის გავლითაც მომხიბლავ ბიჭს კარიბის თბილი წყლისკენ მივყავდი, ლიბის სველი საღამური აღმოჩნდა, ჩემს ფეხებთან.

 

ლოგინი გამოვცვალე. ლიბი სულაც არ შეწუხებულა, საღამურს რომ ვუცვლიდი, ხელს მირტყამდა და იძახდა: «ცუდი ბიჭი».

 

 

 

ხუთშაბათი, 27 აგვისტო

 

დილის 11:00

 

ვერ გადამიწყვეტია, პირველ დღეს სკოლაში რა ჩავიცვა და ძალიან ვწუხვარ. 11 დღეღა დარჩა. მაინტერესებს, რამდენად «ბუნებრივი» მაკიაჟის გაკეთება შემიძლია? გრიმი – ალბათ შეიძლება.

 

ტუში მაინტერესებს. იქნებ, მხოლოდ წამწამები შევიღებო? ვერ ვიტან ჩემს წარბებს. წარბებს ვამბობ, მაგრამ მთელ შუბლზე, სინამდვილეში, ერთი წარბია გადაჭიმული. დედიკოს პინცეტი უნდა ვიპოვნო და წარბები ამოვიპუტო. ყველაფერს მიმალავს, ამბობს, უკან არაფერს აბრუნებო. მომიწევს საფუძვლიანი რევიზია ჩავუტარო მის საძინე-ბელს.

 

 

 

ნაშუადღევის 1:00

 

მსუბუქი ლანჩი მოვიმზადე: ჯემიან-კარაქიანი პური და რძიანი ყავა. ამ სახლში ვერაფერს შეჭამ.

 

რა გასაკვირია, რომ ლავიწის ძვლები სიგამხდრისგან ამოყრილი მაქვს.

 

 

 

ნაშუადღევის 2:00

 

როგორც იქნა, პინცეტი ვიპოვნე. რატომ ეგონა დედიკოს, რომ თუ მამიკოს ჰალსტუხების უჯრაში ჩადებდა, ვერ მივაგნებდი, მართლა არ ვიცი. პინცეტთან ერთად, უჯრაში, ერთი ძალიან უცნაური რაღაც ვნახე. ეს იყო წინსაფარი, რომელიც ცალკე, განსაკუთრებულ ყუთში იდო. იმედია, მამაჩემი ტრანსვესტიტი არ არის (ასეთი გადახრა ოჯახის სირცხვილი იქნებოდა), თორემ მე, დედიკოსა და ლიბის მოგვიწევს ვუყუროთ, როგორ იპაკუნებს აქეთ-იქით დედიკოს საღამურითა და ბუმბულებიანი ქოშებით და ალბათ, მოგვიწევს დავუძახოთ დაფნი.

 

ღმერთო, რა მწარე ყოფილა ამოპუტვა. ცოტა უნდა შევისვენო. ტკივილი საშინელებაა, ცრემლი ღაპა-ღუპით მდის.

 

 

 

 

დღის 2:30

 

არა, ამას ვერ გავუძლებ. ხუთი ღერი ამოვიგლიჯე და თვალები უკვე საშინლად დამისივდა – ორჯერ უფრო დიდი გამიხდა.

 

 

 

დღის 4:00

 

მიტყდება! ისევ მამიკოს საპარსს გამოვიყენებ.

 

 

 

დღის 4:05

 

არ მეგონა, ასეთი ბასრი თუ იქნებოდა. ერთ მოსმაზე წარბი ლამის მთლიანად მომპარსა. მეორეც უნდა გავისწორო.

 

 

 

დღის 4:16

 

აღარ შემიძლია. მგონი, ახლა ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ერთი თვალით უფრო გაოცებული გამოვიყურები. ახლა მეორეც უნდა გავისწორო.

 

 

 

საღამოს 6:00

 

დედიკომ რომ დამინახა, ლიბი ლამის ხელიდან გაუვარდა და ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, ასე მითხრა: «ღვთის გულისათვის, რა უქენი შენს თავს, შე ჩურჩუტო?»

 

ღმერთო, ვერ ვიტან მშობლებს! მე ვარ ჩურჩუტი?! თვითონ არიან ჩურჩუტები.

 

რა უნდათ? – უნდათ, რომ სულ ლიბის ასაკისა ვიყო და სულ ის სასაცილო, იხვებით მოხატული, ყურებიანი ქუდი მეხუროს? ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!!!

 

 

 

საღამოს 7:00

 

მამიკო მოვიდა. გავიგონე, ჩემზე ლაპარაკობდნენ.

 

«ბუტ-ბუტ, ბუტ-ბუტ... ისეთი სანახავია... ბუტ-ბუტ, ბუტ-ბუტ...» – ეს დედაა. მერე, მამიკომ – «რაო??? კარგი... ბუტ-ბუტ... ბუტ-ბუტ...» მოისმა ბუზღუნი...

 

ფეხის ხმა და კარზე კაკუნი.

 

«ჯორჯია, კიდევ რა ჩაიდინე?»

 

თავზე პლედი წავიხურე და იქიდან გამოვძახე – ოთახში ვერ შემოვიდოდა, იმიტომ რომ კარს კომოდი მივადგი – «როგორც იქნა, ნამდვილი ქალი ვარ!!!»

 

მან კარიდან შემომძახა: «რა ტრაკობა გქონდა მხედველობაში?»

 

მართალი გითხრათ, ძალიან უხეშად მოუვიდა.

 

 

 

ღამის 10:00

 

ნეტა არ შეიძლება, რომ დილისთვის წარბები ამოსული მქონდეს? რამდენ ხანში იზრდება წარბი?

 

 

 

პარასკევი, 28 აგვისტო

 

დილის 11:00

 

წარბები არ ამომსვლია.

 

 

 

დილის 11:15

 

ჯესმა დამირეკა. უნდოდა, საყიდლებზე წავსულიყავით – რაღაც ახალი მაკიაჟი გამოსულა. თურმე ისე ბუნებრივად გამოიყურება, თითქოს არც გისვია.

 

«თუ იცი, შიგ წარბებიც ხომ არ არის?» – ვკითხე ჯესს.

 

«რატომ მეკითხები? რას გულისხმობ? ხელოვნურ წამწამებს?»

 

«არა, – წარბებს! – ბეწვებს, რომელიც თვალის ზემოთ ამოდის.» მართალი გითხრათ, მეგობარი შეიძლება უტვინოც იყოს.

 

«რასაკვირველია, არა. ვის რად უნდა ზედმეტი. წარბები ყველას აქვს.»

 

«მე, მე არა მაქვს-მეთქი. შემთხვევით მოვიპარსე. შემეშალა.»

 

«ახლავე მოვდივარ.

 

ჩემს მოსვლამდე, ხელი არაფერს ახლოო.»

 

 

 

შუადღეა

 

კარი რომ გავუღე, ჯესმა ისე შემომხედა, გეგონება კლინგონი ვიყავი. ასეც მითხრა: კლინგონს გავხარო. მართლა უტვინოა. ფაქტობრივად, ერთგული ძაღლი უფროა, ვიდრე მეგობარი.

 

 

 

საღამოს 6:00

 

ჯესი წავიდა. მისი დახმარება იმაში გამოიხატა, რომ მირჩია, წარბები თვალის ფანქრით დაიხატეო.

 

ახლა კი აშკარაა, რომ სამუდამოდ შინ დარჩენა მიწერია.

 

 

 

საღამოს 7:00

 

მამიკო ძალიან მაღიზიანებს.

 

მოდის კართან, შემოიხედავს, გაიცინებს და მიდის... ცოტა ხნით. მერე ძია ედი ამოჰყავს კიბეზე, რომ იმანაც მნახოს. ნეტა, ვინ ვგონივარ, – ქალიშვილი, თუ ატრაქციონი ბაზრის მოედანზე? ძია ედიმ მითხრა: შენ მაგაზე არ იდარდო, თუ არ გაგეზრდება, მე და შენ შოუ-ბიზნეში წავალთ. ორი მოტვლეპილი ორმაგ შთაბეჭდილებას მოვახდენთო. როგორ გამეცინა!

 

სულაც არა.

 

 

 

საღამოს 8:00

 

მხოლოდ ლიბია ერთადერთი კარგი ადამიანი.

 

ჯერ ხელს მისვამდა იმ ადგილას, სადაც წარბები მქონდა, მერე კი წავიდა და ყველის ნაჭერი მომიტანა.

 

დიდებულია! ახლა ქალი-ვირთხაც გავხდი.

 

მაინტერესებს, ვინ იქნება ჩვენი კლასის დამრიგებელი?

 

ევედრე ღმერთს, რომ ეს ჰოკეი ჰიტონი არ იყოს. არ მინდა, გაუთავებლად მახსენებდეს კალიების ინციდენტს. რას წარმოვიდგენდი, რომ ორიოდე კალია, ორიოდე წუთში, იმხელა რაღაცის შეჭმას შეძლებდა. რას ვიფიქრებდი, როდესაც ბიოლოგიის ლაბორატორიიდან გამოვუშვი, რომ ცოტა ეფრინათ, ფარდებს თუ შეჭამდნენ.

 

პირდაპირ მაოცებს, რა ცუდი იუმორის გრძნობა აქვს ჰოკეის. იგი დაახლოებით 100 წლისაა და გაუთხოვარია. ეს ჩემთვის ნიშანდობლივია.

 

ალბათ მეც, როგორც ქალი-ვირთხა, ცხოვრებას მასავით დავასრულებ – ბიოლოგიის მასწავლებლად შტერი გოგოების სკოლაში. მეყოლება კატები და მექნება თბილი რძე. მეცმევა ჩექმებში ჩატანებული გრძელტოტიანი ნიფხავი, მოვუსმენ რადიოს და დაინტერესებული ვიქნები რაღაცებით.

 

შეიძლება თავიც მოვიკლა. ამას იმ შემთხვევაში ვიზამ, თუ თავი ძალიან მომბეზრდა. მაგარი დეპრესია მაქვს.

 

 

 

შაბათი, 29 აგვისტო

 

დილის 10:00

 

დედა და მამა ქალაქში წავიდნენ რაღაცების საყიდლად. დედიკომ მკითხა: არ გინდა, სკოლისთვის ფეხსაცმელი გიყიდოთო? მე მრავალმნიშვნელოვნად დავაშტერდი მის ფეხსაცმელს. მოსაბეზრებელია, როცა ასაკოვანი ადამიანი ცდილობს ახალგაზრდას დაემსგავსოს.

 

მე რომ მკითხოთ, თუ ცხვარი ხარ, ბატკანივით არ უნდა იცვამდე. არადა, იმ დღეს, როცა ჯდებოდა, ბიკინი დავუნახე (და მე ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ამას ხედავდა).

 

 

 

დილის 11:00

 

ტელეფონმა დარეკა. ელენი, ჯულია და ჯესი ქალაქში საქმეს მორჩებიან და გამომივლიან. ჯესმა მაღაზიაში ნახა ვიღაც, ვინც მართლა მოსწონს. ეტყობა მე მეგობარი ბიჭი არასდროს მეყოლება. ყოველთვის სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრებ.

 

 

 

შუადღეა

 

გამოშტერებული ვათვალიერებ «ჯასტ 17»-ს.14  აქ კოცნის ტექნიკაა ჩამოთვლილი.

 

ვერ ვხვდები, როდის რა უნდა გააკეთო და საიდან მიუდგე? გასაგებია, რომ მტრედივით თავი არ უნდა აკანტურო, მაგრამ ფოტოებიდან ბევრს ვერაფერს გაიგებ. ნეტა არ წამეკითხა! უფრო გავნერვიულდი და ავ-ღელდი. ნეტა ვიცოდე, მე რა მენაღვლება? მე ხომ ვაპირებ მთელი ცხოვრება შინიდან ცხვირი არ გამოვყო... სანამ გასაშტერებლად ლამაზ ბიჭს გზა არ აებნევა, ჩემს ქუჩაზე არ შემოეხეტება და ბრმად არ მოადგება ჩემს საძინებელს, სადაც ოთხ კედელში სამუდამოდ ვარ გამოკეტილი.

 

 

 

ნაშუადღევის 12:15

 

რადგან გარეთ ვერ გავდივარ, სჯობს დრო საზრიანად გამოვიყენო: ოთახი დავალაგო, კაბები კარადაში შევკიდო და ა. შ.

 

 

 

ნაშუადღევის 12:17

 

ვერ ვიტან სახლის დალაგებას.

 

 

 

ნაშუადღევის 12:18

 

თუ გავთხოვდები ან, რაც უფრო მოსალოდნელია, მაღალი დონის ლესბოსელი გავხდები, არასოდეს დავალაგებ სახლს. დამხმარე მეყოლება. დალაგების არანაირი ნიჭი არ გამაჩნია.

 

დედიკოს ჰგონია, რომ განზრახ არ ვაქცევ ყურადღებას, სად რა დგას, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ვერ ვარჩევ, რა განსხვავებაა დალაგებულსა და დაულაგებელს შორის. როდესაც დედიკო მეუბნება, იქნებ, სამზარეულო დაგელაგებინაო და მიმოვიხედავ ხოლმე, ვფიქრობ: სულ რამდენიმე ტაფა დევს... ჰოდა, იდოს, არაფერი უშავს! და ჩხუბიც იწყება.

 

 

 

ნაშუადღევის 2:00

 

ყავა დავადგი გოგოებისთვის. ხსნადი ყავაა, მაგრამ თუ შაქართან და რამდენიმე წვეთ წყალთან ერთად დიდხანს აურევ, სქელ მასას მიიღებ. მერე მდუღარეს დაასხამ და გამოვა ესპრესო. თუმცა, ხელები მაგრა გეტკინება.

 

 

 

საღამოს 7:00

 

შესანიშნავი საღამოა. ყველამ სხვადასხვა მაკიაჟი ვცადეთ.

 

ჩოლკა დავიტკეპნე, რომ ცოტა დამეგრძელებინა და დამეფარა ცარიელი ადგილი, სადაც წარბები მქონდა. ჯესმა მითხრა, სასაცილო ქალების სახლიდან გამოქცეულს ჰგავხარო. ელენის აზრით, თუ ტუჩებსა და თვალებს გავიდიდებდი, მთელი ყურადღება ამაზე გადავიდოდა და ჩემი ცხვირი თვალში აღარავის მოხვდებოდა. ასე რომ, დღეიდან დრუნჩა ვიქნები.

 

ყველანი ჩემს საწოლზე ვიყავით გაკოტრიალებული, ვუსმენდით საუკეთესო 40-ეულს და ჯესი გვიყვებოდა ლამაზ ბიჭზე, რომელიც მაღაზიაში ნახა. იცოდა, რომ მას ტომი ერქვა, იმიტომ რომ მაღაზიაში, სადაც მუშაობდა, ვიღა-ცამ დაუძახა. გამოსაკვლევია! ყველამ პირობა დავდეთ, რომ მოვიცდიდით, სანამ გარეთ გასვლას შევძლებდი, მერე კი ყველა ერთად წავიდოდით და ვნახავდით ტომს.

 

მოვილაპარაკეთ და ვაკოცეთ ერთმანეთს. ელენმა თქვა: შარშან ჩემს ბიძაშვილთან ვიყავი წვეულებაზე და იქ ერთი ბიჭი იყო, ლივერპულიდან.

 

მეგონა, მეზღვაური იყო. ალბათ 19 წლის იქნებოდა. იმ ბიჭმა ფითრის რტო მაჩუქა და მაკოცაო.

 

ყველამ მაშინვე ყური ვცქვიტეთ. ძალიან ყურადღებით ვიყავით, რომ არაფერი გამოგვპარვოდა. მე ვკითხე: «როგორი იყო?»

 

ელენმა თქვა: ცოტა სველი იყო, – თბილი ჟელესავითო.

 

ჯესმა იკითხა: ტუჩი მოკუმული ჰქონდა თუ ღიაო?

 

ელენი დაფიქრდა და – ცოტათი ღიაო.

 

«ენას ამოძრავებდა?» – ვკითხე მე.

 

«არა, მხოლოდ ტუჩებს...»

 

მინდოდა გამეგო, სად წაიღო ელენმა თავისი ენა?

 

«სად და იქ დავტოვე, სადაც წესით უნდა ყოფილიყოო.»

 

«კბილებს, კბილებს რაღა მოუხერხე?» – არ მოვეშვი.

 

ელენს ეტყობა მოთმინება დაელია: რა და, ამოვიღეო.

 

ცოტა მეწყინა, მე ხომ მხოლოდ ვეკითხებოდი...

 

 

მან თქვა: მართლა არ მახსოვს. ცოტა მეღიტინებოდა და არც დიდხანს გაგრძელებულა, მაგრამ მგონი, მომეწონა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მეგობარი გოგო ჰყავდა და თანაც, ალბათ ფიქრობდა, რომ მე 13 წლის პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც ბევრი არაფერი გაეგებოდაო.

 

«ჰოდა, მართალიც იყო-მეთქი», – ვუთხარი.

 

 

 

ღამის 10:00

 

ჩემი და, ლიბი, სულ ტუჩებში მკოცნის, მაგრამ არა მგონია დების კოცნა ანგარიშში ჩასაგდები იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ლესბოსელი არა ვარ, ალბათ კარგი პრაქტიკაა.

 

 

 

ღამის 11:00

 

ფარდებში დიდი ყვითელი მთვარე მოჩანს. ვფიქრობ იმ ხალხზე, მთელ მსოფლიოში, ვინც ამ მთვარეს უყურებს.

 

მაინტერესებს, რამდენს არა აქვს წარბები?

 

 

 

კვირა, 30 აგვისტო

 

დილის 11:00

 

გმადლობ, ღმერთო! როგორც იქნა, წარბები ამომდის. რა არის ბედნიერი ოჯახის უაზრობა? ყველაფერი «ჩვენ, როგორც ოჯახმა, ერთად უნდა ვაკეთოთ?»

 

მამიკოს გადავუკარი, რომ ჩვენ, ოთხივეს, ბედი არ შეგვეწია, რადგან ერთ სახლში მოგვიწია ცხოვრებამ, მაგრამ რატომ გავიუარესოთ მდგომარეობა, ბაღში ერთად ხეტიალითა და სეირნობით-მეთქი?

 

ყოველ შემთხვევაში, ქალი-ვირთხა არ გადის გარეთ.

 

იგი, მომდევნო 40 წელი, თავის საძინებელ ოთახში იბორიალებს, რათა გარეშე ხალხმა არ დასცინოს.

 

 

არასოდეს მეყოლება მეგობარი ბიჭი. უსამართლობაა. მეგობარი ბიჭები შტერ გოგოებსაც კი ჰყავთ. ყურპანტურა ზოუ ბოლი ისეთ ბიჭებს ხვდება, თვალი დაგრჩება.

 

 

 

ნაშუადღევის 1:00

 

მამიკოსთვის იმ წინსაფარზე ჯერაც არაფერი მიკითხავს.

 

 

 

ნაშუადღევის 1:15

 

ღმერთო, ძალიან მომეწყინა. ვხედავ ქალბატონ და ბატონ ნექსთ დორებს თავიანთ სათბურში. ნეტა იქ რას აკეთებენ? თუ ცხოვრებას მისტერ ნექსთ დორივით დავასრულებ, ნაღდად თავს მოვიკლავ.

 

ამხელა უკანალი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. მიკვირს, სათბურში რომ ეტევა. ერთ დღესაც მისი უკანალი იმხელა გახდება, რომ სათბურიდან ვეღარ გამოეტევა და ჩამოთლა მოუწევს. O quel dommage! Sacré bleu!! Le gros monsieur dans la maison de glass!!!15

 

 

 

ნაშუადღევის 1:20

 

შეიძლება სამეზობლო გაზეთი გამოვუშვა.

 

 

 

ნაშუადღევის 1:22

 

ოჰ, ძვირფასი! ეს არის ანგუსი დავინახე. რაღაცას ემალებოდა მაღალ ბალახებში. მეზობლის პუდელს უთვალთვალებს. თუ არ ჩავერიე, სისხლისღვრა ატყდება.

 

ხო, არა უშავს რა, ქალბატონმა ნექსთ დორმა აგური ესროლა.

 

 

 

ღამის 11:00

 

რა გრძელი და მოსაბეზრებელი დღეა! ვერ ვიტან კვირადღეს. საგანგებოდ იმათთვის არის მოგონილი, ვისაც პირადი ცხოვრება არა აქვს და არ ჰყავს მეგობრები. დადებითი მხარე კი ისაა, რომ წარბების ადგილას, 6 საათისთვის დამახასიათებელი ჩრდილივით რაღაც მაქვს.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

1 (ფრანგ.) იდუმალი გასეირნება.

 

2 გასართობი შოუ BBС-ზე. წამყვანი ნოელ ედმონდი. ტრან¬სლაცია ხდებოდა დიდი სახლიდან, რომელიც გამოგონილ სოფელში მდებარეობდა.

 

3 ციხე გერმანიაში სამხედრო დამნაშავეებისათვის.

 

4 კეტსუიტი – სხეულზე, ფეხებსა და მკლავებზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი, რომელიც შეკერილია ჭიმვადი მატერიისგან. შეიძლება იყოს ლიკრა ან ტყავი და წინ და უკან ელვა შესაკრავით იკვრება.

 

5 ანგუსი (ან აბერდინ-ანგუსი) – XIX ს.-ში შოტლანდიაში (აბერდინისა და ანგუსის საგრაფოები) გამოყვანილი დიდი ზომის (სიმაღლე – 120-150 სმ. წონა – 500-100 კგ.) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სახორცე ჯიში.

 

6 Tarry-a-Wee-While (ინგლ.) – როცა ცოტა ხნით შეყოვნდები.

 

7  Next Door (ინგლ.) – კარის მეზობელი.

 

8  (ფრანგ.-ინგლ.

 

ნარევი) დიდებული ბიჭები.

 

9  (ფრანგ.) პაემანი.

 

10  O-levels – საგამოცდო შეფასება, რომელიც 1988 წელს შეიცვალა.

 

11  (ფრანგ.) სად არის სადგური, გეთაყვა? მიშველეთ, თავ¬გზა ამებნა, დამეხმარეთ, თუ შეიძლება.

 

12 (ფრანგ.) მომიტევეთ. ფრანგი ვარ. არ ვლაპარაკობ ინგ¬ლი¬¬სურად. თქვენ ლაპარაკობთ ფრანგულად?

 

13  (ფრანგ.) მიშველეთ, ბატონო.

 

14  ჟურნალი თინეიჯერი გოგონებისთვის.

 

15 (ფრანგ.) ოჰ, რა სამწუხაროა! დალახვროს ეშმაკმა! მსუქანი ბატონი მინის სახლში!!!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / რენისონი ლუის / რომანი