რუხაძე თამარ

 

მარტის კვირადღე

 

 

 

 ექსპედიცია ნელა, სვენებ-სვენებით მიიწევდა წინ. ყველაფერი საოცრად ძველი და შორეული ჩანდა. მხოლოდ უძველეს კედლებზე ამოკაწრული სახელები და თარიღები ახსენებდა დროს, რომელშიც ცხოვრობდა. თვითონ არასოდეს უცდია, თავისი სახელი და თარიღი დაეტოვებინა სკოლის ან უნივერსიტეტის კედელზე...

მზე აუტანლად აცხუნებდა... გაოფლილი თავიდან პანამა მოიხადა და გადახოტრილ თავზე სველი ცხვირსახოცი გადაისვა...

მაკრატლის ყოველ გაკრიჭინებაზე მეტ სიმსუბუქეს გრძნობდა. ბებიამ დაიჟინა, მუცლის თმა არ ვარგაო, დილაადრიანად მაღალ, უზურგო სკამზე შემოსვა და უკან შეკრული თმა ჩამოუშალა. სულ რაღაც ოცწუთიანი პროცედურის შემდეგ, ჯერ კიდევ ბავშვურ მკერდზე სწორი, სრიალა ბეწვების ჩხვლეტას რომ აგრძნობინებდა, შემოსასვლელში დაკიდებულ სარკეს ეცა. სარკე მაღლა იყო და საკუთარ თავს მხოლოდ ნიკაპს ზემოთ ხედავდა. დაწყლიანებული თვალებიდან მოჭრილი თმა მოიშორა და ბებიამისის ნათქვამი გაახსენდა, რძალს რომ ამშვიდებდა –  “რა უჭირს დედა, ხელად წამოეზრდება”. მამას მოეწონა, ძმამ დასცინა, გოგოებმა ბევრი ეძახეს ეზოდან, ფანჯრიდანაც არ გაიხედა.

იმ დღეს შინიდან არ გასულა. მერე ნელ-ნელა გაუარა და მეორე დილით მოეჩვენა, რომ თმა ოდნავ წამოზრდოდა კიდეც. კვირა დღე იქნებოდა ალბათ, რადგან ახსოვს, წინა დღის მიუხედავად კარგი განწყობით გაიღვიძა. მაგიდასთან, როგორც ყოველთვის, ახლაც მთელი ოჯახი დახვდა და მზის შუქით გამთბარი ოთახი. ახლად გახამებულ ფარდებს ღია ფანჯრებიდან სითბო და მწვანე ფოთლების სუნი შემოჰქონდა დრო და დრო. სასწრაფოდ დახვრიპა ჩაი და თეფშზე მისთვის გამზადებული კარაქიანი პურიც მიაყოლა. კაბის მკერდზე დაკერებულ ჯიბეში ახალი ცხვირსახოცი ჩაიდო და გასვლისას სარკეში ჩაიხედა.

–  “ფუ, როდის წამოიზრდება ეს თმა” “წახვედი ხოტორ”? –  მიაძახა ძმამ. “ქვემოთ ჩავდივარ” –  გასძახა მეორე ოთახში და კარი გაიჯახუნა.

კიბის ბოლო გვერდითსადარბაზოელი ბიჭი შეეფეთა. ფეხბურთის მაისური და ლურჯი შორტები ეცვა. ბურთს კენწლავდა და თან კიბეზე ადიოდა. `შენი ძმა სახლშია?” “არ ვიცი, ადი და ნახე”. ფეხს აუჩქარა და დარჩენილი ორი კიბეც ჩაირბინა. მთელი ეზოს გოგოებს უყვარდათ ეს ბიჭი.

პირველ სართულზე, სამი და რომ ცხოვრობდა, სამივეს უყვარდა და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ხოლმე ამის გამო. მეხუთესართულელ პუტკუნა ეკასაც უყვარდა და მისი ქართულის მასწავლებლის შვილებსაც, მაგრამ ყველა მალავდა. ვერაფრით გაეგო, რატომ მალავდნენ, ან როგორ შეეძლოთ, არაფერი შეემჩნიათ, როდესაც ფეხბურთის თამაშის დროს მუხლისთავებს იყვლეფდა, ან ქვედა კორპუსის ბიჭებთან ჩხუბის შემდეგ დალურჯებული საფეთქლით დადიოდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ეჯიბრებოდნენ სხვადასხვანაირად, ყველაზე მაღალ რეზინზე ვინც გადახტებოდა, ყველაზე მეტჯერ ვინც შემოტრიალდებოდა ჰაერში ან ყველაზე დიდხანს სუნთქვაშეკრული ვინც გაძლებდა. თვითონ ყველაზე პატარა იყო და ყველაზე ჩუმი.

“გინდა თამაში?”– ისინი უკვე დიდი გოგოები იყვნენ, “ლიფჩიკებს” იზომებდნენ ჩუმ-ჩუმად სახლში და “ბრის ილი მიაუს” თამაშობდნენ ბიჭებთან ერთად. თამაში დაიწყო.

“ამის პატრონმა რა ქნას?” “მაგის პატრონმა?” “მაგის პატრონმა თქვას, ვინ უყვარს”, “თქვი ვინ გიყვარს?” “...ვეტყვით, ვეტყვით, ვეტყვით რომ გიყვარს, ვუთხრათ?” “უთხარით რა, მერე რა, რომ მიყვარს, სულაც არ მეშინია”. ბებიამ დაუძახა საჭმელად. “მე წავედი”. შინ შემწვარი კარტოფილის გემრიელი სუნი იდგა. “მარტო მე ვჭამ?”– იკითხა გაკვირვებულმა. ოჯახში ყოველთვის ერთად სადილობდნენ, მთელი ოჯახი თუ არა მარტო მაინც არავინ ჭამდა. “წავედიიიი” –  ისევ კარიდან დაიძახა და კიბეები სიმღერ-სიმღერით ჩაირბინა.

არასოდეს გამოსდიოდა სიმღერა. მუსიკის მასწავლებელიც მხოლოდ იმიტომ იყო კმაყოფილი, რომ უბრალოდ ნოტებს იმახსოვრებდა იოლად. გზადაგზა ჯემპრი გადაიცვა, საღამოვდებოდა და გრილოდა უკვე. მარტის ბოლო იყო. გეტრები გაისწორა. გეტრებს ეზოშიც და სკოლაშიც პირველი ყოველთვის თვითონ იცვამდა, საკუთარ დაბადების დღეს –  26-ში. გოგოები აღარ თამაშობდნენ, სადარბაზოს წინ იხსდნენ და მზესუმზირას ჭამდნენ.

თვითონაც გააკნაწუნა. დამწვარი იყო და ყელი ჩაუხეხა. ეზოს ბოლოში ბიჭები ბჭობდნენ რაღაცას. “ მართლა ბიჭო”? “ხოტორას?” “მერე?” “აუუუუ,” “ეგ როგორ გითხრეს” “უყვარხარ არა ისა, გეკაიფება”. “დედას გეფიცები, მე მივიდოდი და გავარტყამდი”, “მე ვაფშე, გოგოს მაგას ვერ გამიბედავს” “მაგის ძმას არ უთხრათ ტო...”…”გასატყდომია, აბა რა არის, შენს ადგილას მეც გამიტყდებოდა”. “აუ მიდი, აგე ჩამოვიდა...” `მოდის” –  გადაულაპარაკა დანარჩენებს პირველსართულელი სამი დიდან საშუალომ. ბიჭს გოგოს გაკვირვებული თვალები არც შეუმჩნევია.

გოგომ მხოლოდ მისკენ წამოსული ხელისგული დაინახა, სანამ ტკივილს იგრძნობდა, მზესუმზირის ჩენჩო გადაეყლაპა და სადღაც ყელში გაეჭედა. ლოყა სილაზე მეტად გოგოების სიცილმა აუწვა. რა უცებ დაღამდა.... ცდილობდა თვალის უპეებზე მომდგარი ცრემლი არ გადმოღვროდა. გაეხარდა, საღამო რომ იყო და არ ჩანდა კარგად. ძირს რკინის ნაგლეჯი მოძებნა და ასფალტზე გააფხაჭუნა. უაზროდ, ძალიან საქმიანი სახით კაწრავდა რაღაცას.

“მოვდივარ” –  ასძახა დედამისს. გაჭიმულმა გაიარა, ცდილობდა დამტვრეულ ასფალტზე ფეხი არ წაბორძიკებოდა. პირველი სართულის კიბეებთან შეჩერდა და მწვანე კედელზე მავთულით რაღაც ამოკაწრა. საკუთარი სახელის პირველი ასო. ალბათ, თავის ბავშვურ სიჯიუტესა და თავმოყვარეობაში რომ დარწმუნებულიყო. –  “მომეცი აქ თითი, მომეცი” –  ვერ გაიგო, როდის წამოადგა თავზე მეზობლის ქალი. “რას შვრები? შენ ჯღაბნი ხომ ამ კედლებზე, მომეცი აქ თითი, როგორც დაჯღაბნე, ისე წაშლი”. წინააღმდეგობა არ გაუწევია. დამნაშავესავით გაუწოდა. საჩვენებელი თითი საშინლად აეწვა. ხელი გაითავისულა თუ არა, ეგრევე პირში გაიქანა და ლოკვა დაიწყო. გაჯის გემომ გამოუვსო პირი. “დამაცადე, ამოვალ და დედაშენს ვეტყვი”. სირბილით აირბინა მეორე სართულზე.

კარს ყოველთვის ღიად ტოვედნენ, ღამითაც კი. ფეხზე არც გაუხდია, ისე შეირბინა საძინებელში და დასამალი ადგილის ძებნა დაიწყო. იცოდა, წუთი წუთზე ააწკრიალებდა ზარს ის მაწონივით თეთრი ფაშფაშა მეზობლის ქალი. თავისი საწოლის ქვეშ შეძვრა და თითი პირში გაიქანა.

“გამოდი” –  მოესმა დედის ხმა. უფრო მაგრად მოუჭირა თითს ტუჩები. “გესმის? გამოდი”. ხმა არ გასცა.

“შენ გეძახი, არ გესმის?” და მერე “რა მოხდა, დააშავა რამე?” –  ისევ დედის ხმა იყო. ახლა ალბათ უყვება. ლოყა და თითი ერთად ეწვოდა, მაგრამ ვეღარ ხვდებოდა, თითი უფრო სტკიოდა თუ ლოყა. ვერ გაეგო, ან ერთი რატომ უნდა სტკიებოდა, ან მეორე.

“მერე კედელზე ამოკაწრულის წაშლა თითით როგორ შეიძლება?”– ესეც დედის ხმა იყო. “კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩემს შვილს მე თვითონ დავსჯი, სხვა დროს თქვენ ნუღარ შეწუხდებით”.

საწოლის ქვეშიდან დაინახა დედის ფლოსტები.

– წამოდი, წავიდა, მამიდაა მოსული, არ უნდა დაენახო?

– არ მინდა

– წამო, ნამცხვარი ჭამე

– არ მინდა

– ნუ გაქვს გაბუტული ხმა, გამოდი ფაჩუჩები გიყიდე

– არ მინდა –  მაცდუნებელი წინადადება იყო, მაგრამ მაინც...

საწოლის ქვეშიდან დაინახა, როგორ გავიდა დედა. გაჯის გემო მთლიანად გაუჯდა ენაზე.

ვიღაც შემოვიდა ოთახში ქუსლიანი ფეხსაცმლით. ალბათ მამიდა. საწოლთან თეფშით შოკოლადიანი ნამცხვარი დადო და გაბრუნდა..

გული ამოუჯდა. მკერდზე მიდებული ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაძვრინა და ხმამაღლა მოიხოცა. ტირილმა მთელი ძალა გამოაცალა. იგრძნო თითმა გაუარა, დაბლა დადებულ ნამცხვარს ხელი წაატანა და ერთი ჩაკბიჩა, ლუკმას ყელში გადასვლა გაუჭირდა მაინც. ცრემლის გემო ჰქონდა ნამცხვარს.

ლოგინში გაეღვიძა.

საწოლთან ნამცხვრის ნაცვლად ახალი, ბეწვიანი ფაჩუჩები იდო.

“... საძინებელი. ეს ერთგვარი საწოლია, აქ სასთუმალი იქნებოდა. ეს კედელი კი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ასეთ უნიკალურ მზისა და მთვარის გამოსახულებებს სხვაგან ვერსად ნახავთ”– ძალიან ენერგიული იყო ჯგუფის ხელმძღვანელი– “იქნებ ჩაიხატოთ. ჩვენ ამაზე მოგვიანებით ბევრს ვისაუბრებთ”. ფანქარი და ბლოკნოტი ამოიღო და გამოსახულება გადაიხატა.

მზიანი დღე იყო, კვირა, მარტისთვის ცოტა შეუფერებლად მშვიდი. წყალი მოიყუდა ბოთლით, თითქმის გამოცალა, მერე ქუდი მოიხადა და გადახოტრილ თავზე ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთები გადმოიპირქვავა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / რუხაძე თამარ / მარტის კვირადღე