საბანისძე იოანე 

 

წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისეტსისა 

 

წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისეტსისა ჰაბოსი რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა

 

 

მე, სამოელ, ქრისტჱს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანის-ძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა ჩუენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტჱს მიერ!

 

ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღმერთის-მსახურებისათჳს და ღმრთივ-მიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულს-მოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს. შენ თჳთ უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოჲსი, რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს.

 

მნებავს, რაჲთა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტჳლობაჲ, ვითარცა პირველთა მათ ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა. ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.

 

აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაჲ ჩემი და ჯუარისა დაწერაჲ ჴელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდათა მოციქულთაჲთა და მოწამეთაჲთა ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი იყო და ვითარცა შენ თჳთ უწყი, და აღწერე მარტჳლობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღუანე, რაჲთა უმეტჱსად ლოცვა ვყოთ შენთჳს. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა. ამჱნ!

 

 

 

პასუხი წიგნისაჲ იოვანჱს მიერ

 

 

მარადის საწადელი და თაყუანის-საცემელი ბრძანებაჲ ღმრთივპატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისაჲ მოვიღე ჴელითა სიწმიდის მოყუარისა ხსართა მღდელისაჲთა, რომლისათჳსცა აღპყრობითა ჴელთა ჩემთაჲთა მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად-ძლიერისა და ქველის მოქმედისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან არა დავიწყებულ-ყო სიმდაბლჱ ესე ჩემი ღმრთივ-შეწყნარებულთა წმიდათა ლოცვათა თქუენთა, რომელთაცა ესე ღირს ვიქმენ მე მიმთხუევად. და უფროჲსღა ვაქებ და ვაკურთხევ მე მოწყალებასა ღმრთისასა, რომელმან დაჰნერგა გულსა მამფლისასა ესევითარისა ამისთჳს ბრძანებად, რომელი სარგებელ და ნაყოფ სულისა და სიქადულ და სიხარულ ჴორცთა მექმნების მე სუკუნოდ მიმართ და სოფელსაცა ამას.

 

აწ რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე; უკუეთუ ურჩ ვექმენე ბრძანებასა თქუენსა, წერილ არს: შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო, და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთჳსცა იტყჳს:

 

უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებო და უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავო. ამისთჳს შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობჱსად შევრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კუალად განვძლიერდი და აღვემართე ღმრთის სათნოჲთა წმიდითა ლოცვითა თქუენითა და მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთა-მთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული, ვითარმედ ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა. ვითარცა იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა.

 

მეცა გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად და წადიარებაჲ გულისა ჩემისაჲ აღავსო უფალმან, და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტჳლობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისაჲ მადლითა და მეოხებითა ნეტარისა ჰაბოჲსითა და მოგიძღუანე უფალსა ჩემსა, რომლისათჳს კუალად ვითხოვ ვედრებით: სათნო-ყავნ უფალმან გულსა თქუენსა და გულსა ყოვლისა ქრისტჱს მოყუარისა ერისა მორწმუნისასა, რომელნი აღმოიკითხვიდენ, რაჲთა ზიარ ლოცვათა თქუენთა იქმნეს კუალად და მერმეცა უღირსებაჲ ჩემი.

 

 

 

საკითხავნი წმიდისა ჰაბოჲსნი, თავნი დ

 

 

პირველი თავი: ღმრთის-მსახურთა და მარტჳლთ-მოყუარეთა კრებულისათჳს თხრობაჲ და მოძღურებაჲ და ახლისა ამის მოწამისა ჰაბოჲს ჴსენებაჲ.

 

მეორჱ თავი: ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ ნეტარისა ჰაბოჲსი.

 

მესამჱ თავი: მარტჳლობაჲ წმიდისა ჰაბოჲსი.

 

მეოთხჱ თავი: ქებაჲ სანატრელისა წმიდისა ჰაბოჲსი.

 

 

 

პირველი თავი

 

 

ღმრთის-მსახურებისათჳს შეკრებულთა მათ უწყებაჲ და

მარტჳლთ-მოყუარეთა მათ სწავლაჲ და ახლისა

ამის მოწამისა მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა. მონად ამის გამო, რამეთუ პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.

 

აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, – რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს, – შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ. რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ეკლესიათამან, ვითარმედ ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის; და უფალი იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა მირ: მე მოვიდე და დავიმკჳდრო თქუენ შორის, და წმიდასა შინა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს.

 

ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, – რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.

 

და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან, რომელნი ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ; და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვითარმედ მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის.

 

რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულის-დებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.

 

მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.

 

ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ, უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა, რომლისათჳსცა დღეს კუალად ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გჳრგჳნოსან-ყო ეკლესიაჲ, და ყოველი კრებული ქრისტეანეთაჲ ერთბამად განანათლა, და ყოველინივე პირნი ღირს იქმნნეს ამას დღესა გარდამეტებულისა მადლისა შეწირვად ქრისტჱს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა.

 

რამეთუ მრჩობლ იქმნა დღესასწაული ესე ღმრთის-გამოცხადებისაჲ და მადლმან ღმრთისა მამისამან, გამოჩინებითა მით ჩუენდა საყუარელისა ძისა თჳსისაჲთა და გარდამოსლვითა სულისა წმიდისა მისისაჲთა, სარწმუნოებითა შეთხზული იგი გჳრგჳნი მარტჳლთა თჳსთაჲ დაადგა თავსა ზედა ეკლესიასა, რომლისაგანცა სიმრავლჱ იგი დღესასწაულთაჲ, ვითარცა გჳრგჳნი, გარემოადგეს და ღმრთისმოყუარეთა მათ ჩვეულებაჲ აქუს მარადის შემოკრებად მას შინა საღმრთოჲსთჳს დიდებისა.

 

რამეთუ ერთად შეკრებითა მით მათითა მრავალი ღმრთის-მსახურებაჲ აჩუენიან, არა თუ ცუდთა განცხრომათა და ჭამადთა ნაყროვნებისა უძღებებაჲ შორის მათსა იპოვის, არამედ ყლველთა წილ საჭმელთა გემოვანთა ძალი იგი საღმრთოთა სიტყუათა ტკბილადი გამოვალნ პირსა მათსა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ ოხრინ შორის მათსა, ვითარმედ: ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფალო, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა. რამთუ შეკრებასა მას ჭამადთასა განძღებაჲცა აქუს, ხოლო ღმრთისა სიტყუათა მოჴსენებასა არა არს განძღებაჲ ღმრთის-მოყუარეთა სულთაჲ. და კულად: წმიდათა მათ მარტჳლთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳლთ-მოყუარჱ? და ერთგულებაჲცა აქსუ უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა:რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა; ამისთჳს უფროჲსღა გულს-მოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათ; მუნ შუვა წარმოიხუნიან სიტყუანი იგი ცხორებისანი, მუნ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოებაჲ აღორძნდებინ, მუნ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მუნ მოძღურებანი იგი მადლისანი, მამათ-მთავართა იგი შუენიერებაჲ, წინაჲსწარმეტყუელთა იგი დიდებანი, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღუაწებაჲ, ქრისტჱსი იგი თავს-დებაჲ, ჩუენთჳს ვნებაჲ.

 

რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსაჲ. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ მოწაფეთა და შვილთა ეკლესიისათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ.

 

და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ჴმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობის შემსხმელთა და სული წმიდაჲ იხარებნ შორის მათსა თავყუანის-ცემული, და მამაჲ იდიდებინ და კაც-მოყუარებაჲ იგი და ქველის-მოქმედებჲ ძისაჲ იქადაგებინ. რამეთუ ყოვლისა მპყრობელმან ღმერთმან და დიდად უხუმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვაჲ კაცთაჲ და სიყუარულისათჳს კაცთაჲსა ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეიმოსნა, წმიდითა მით ჴორცითა მისითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა დაცემულსა ზეცად აღუწოდა და მოუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირს-ყო, რომელ-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელ-იგი იყო, დიდებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱსსა მას დამდაბლებასა ჩუენთჳს.

 

რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანა-აღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს, რომელი იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახელითა, – ერთი ძჱ ღმერთად და კაცად, თჳნიერ განყოფისა, – იქადაგების, იგივე სახელით ენმანუელ – ჩუენ თანა ღმერთი და კაცი, რაჲთა, სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუჴლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს სახელსა მისსა.

 

რამეთუ საშინელ და წმიდა არს და ყოვლად ძლიერ და საკჳრველ და უფალ და ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი; ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.

 

რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳვს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულის ამის სახელისათჳს, ჭეშმარიტად უწყებად თქუენდა. გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს-მოყუარეთა.

 

კარ ეწოდა, რამეთუ თქუა:

 

მე ვარ კარი ცხოვართაჲ, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფევლისასა შევალთ.

 

გზა ეწოდა, რამეთუ თქუა:

მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.

 

ტარიგ ეწოდა, რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა

 და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს.

 

მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა:

 

მე ვარ მწყემსი კეთილი, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ:

 

იწყლა იგი, ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

 

ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა.

 

მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.

 

მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა.

 

ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.

 

ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა.

 

კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან:

 

კაცი არს და ვინ იცნას იგი; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა.

 

ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა.

 

ნათელ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.

 

ქუეყანა ეწოდა, ვითარცა თქუა დავით:

 

ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳისი, მაკურთხენინ ჩუენ ღმერთო, ღმერთო ჩუენო!

 

 ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო.

 

მარცუალ მდოგჳს ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა, დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღამაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა.

 

მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა:

 

მატლ ვარ და არა კაცი, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა დაფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს:

 

შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით:

შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის.

 

მზე სიმართლის ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან:

 

და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.

 

ხოლო ესე არათუ რაჲმე თვით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს-მოყუარენო და სწავლის-მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, – წმიდათა სახაერებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ დიდ მოძღურება არს! ამით მადლითა თავყუანის-გცემენ შენ მართალნი, გაკურთხევნ შენ წმიდანი, აღგიარებენ შენ მარტჳლნი და შენთჳს დევნულებად ღირს იქმნებიან, რომელმან ივნე ჩუენთჳს ქრისტე ღმერთო, მოწამე არიან შენდა და შენ შეგევედრებიან, და ცთომასა მას ეშმაკისასა და მსახურთა მისთა მძლავრებასა შეურაცხ-ჰყოფენ!

 

რამეთუ არა ხოლო თუ ბრძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა.

 

აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.

 

 

მეორჱ თავი

 

 

ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

 

 

რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერის-მთავარი იგი ქართლისაჲ სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავარისაჲ, მიწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა.

 

ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილ[ა] ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველის-მოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერის-მთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.

 

მნებავს აწ, ქრისტჱს-მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოჲსთჳს, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა.

 

ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოვლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს – აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერის-მთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად-შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა.

 

ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით, არამედ წამის-ყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.

 

და რაჟამს მოვიდა იგი ქართლდ, ცხომდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედა-მიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რომეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის-მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცა-თუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მერ.

 

მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან.

 

და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარი-ალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ.

 

ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.

 

მაშინ, ვითარცა იხილა ნტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა და სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელ იღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხომდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.

 

მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.

 

ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.

 

მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელ-ღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱსთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

 

და ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთ-სადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱს-მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოვლისასა.

 

ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მის ადგილისათა გარდამეტებული ღმრთის-მოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის. იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთჳსა მის იანვარისასა, აჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებესა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თჳსისათა, რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა მით და მარხვითა წმიდითა ორმეოც დღე.

 

ეგრეჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ეგრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.

 

ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედის-ძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერის-მთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.

 

და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა:

 

ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანობით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო. ხოლო ნეტარმან ჰაბო ჰრქუა:

 

სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱს-მოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არასადა დავემალო მე შიშისაგან სიკუდილისა, რამეთუ ვისწავე მე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ; ამისთჳს არა მეშნის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან. და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა.

 

და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლდ და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.

 

ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი. ხოლო კაცნი ქრისტჱს-მოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / საბანისძე იოანე / წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისეტსისა