საიდი ყურბან 

 

ალი და ნინო

 

 

 

ყურბან საიდის “ალი და ნინოს” ქართული გამოცემა ეძღვნება დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ყველა ნინო ყიფიანსა და ალი ხან შირვანშირს

 

წინასიტყვაობა

 

ეს წიგნი თბილისში მცხოვრებმა ინგლისელმა მეგობრებმა გამაცნეს. მწერალი პიტერ ნეისმიტი, რომელსაც საქართველოს შესახებ ორი თუ სამი წიგნი აქვს გამოცემული, აღელვებული ტონით, თვალებგაბრწყინებული მეუბნებოდა – ასეთი წიგნი კავკასიის შესახებ არ დაწერილა და აუცილებლად უნდა წაიკითხოო. პიტერის გემოვნებაში ეჭვი არ შემიტანია, მაგრამ ვიცოდი, რომ მას გარკვეული ინტერესი ჰქონდა საქართველოში ინგლისურენოვანი ლიტერატურის გავრცელების მიმართ და ნათქვამი გადაჭარბებულ შეფასებად აღვიქვი. მაგრამ, როცა ჟურნალისტმა ვენდელ სტივენსონმა (წერს ჟურნალ თიმე-ისათვის) მითხრა, ეს ნაწარმოები ჩემს ხუთ უსაყვარლეს წიგნს შორის არისო, მივხვდი, რომ საქმე განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოვლენასთან მქონდა.

   მოკლედ, ვენდელმავე მათხოვა ეს წიგნი და მითხრა – რამდენ ხანსაც გინდა იკითხე, სახლში კიდევ ორი ცალი მაქვსო. ამის მიუხედავად, ორ დღეში წავიკითხე. იმიტომ, რომ ვერ მოვწყდი; იმიტომ, რომ ეს რომანი დაწერილია მათთვის, ვისაც უყვარს მხატვრული ლიტერატურა; იმიტომ, რომ ეს არის რომანტიკული ისტორია, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, როგორ შეიძლება წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდეს ისე, რომ თრილერი ან სკანდალური ავტორის ნაწარმოები არ იყოს.

   რომანის პირველ გვერდზე აღწერილი ბაქოს სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილიდან დაწყებული და წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობით დამთავრებული, ნაწარმოების ყოველ წინადადებაში დასმულია კითხვა – პროგრესული ევროპა თუ ჩამორჩენილი აზია?

   მიუხედავად იმისა, პასუხი ამ კითხვაზე გაქვთ თუ არა, წიგნის წაკითხვა მაინც ღირს; თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საშუალება მოგეცეთ ცხოვრება მუსლიმის თვალით დაინახოთ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ქრისტიანული სამყაროსათვის მუსლიმური ცხოვრების წესი ძალიან ხშირად გაუგებარი და მიუღებელია.

   წიგნი სავსეა ბრწყინვალე ფრაზებით და დაწერილია სიტყვაკაზმული, მაგრამ არა სიტყვაჭარბი ენით. აქ შეხვდებით ძალიან ნაცნობ ადგილებს (თბილისი, ბაქო, ყარაბაღი, დაღესტანი), ძალიან ნაცნობ ტიპებს (ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი) და სიტუაციებს;  ნაწარმოების ყოველი სცენა ისე გადადის შემდეგ ეპიზოდში, რომ თხრობის ძაფს შეუნელებელი ინტერესით მიჰყვები. და, რაც მთავარია, დღესაც ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც 80 წლის წინათ, როცა რომანის მოქმედება ვითარდება.

   რომანზე არანაკლებ მიმზიდველია და საიდუმლოებით მოცული ავტორის ვინაობა – ამ შესანიშნავ წიგნს ძალზე საინტერესო და ერთობ ბუნდოვანი ისტორია აქვს. მისი ავტორის შესახებ მანამდე არაფერი მსმენია. არც არის გასაკვირი, რადგან ყურბან საიდი ფსევდონიმია და, ვეჭვობ, ვინმემ იცოდეს იმ ადამიანის სახელი, ვინც ეს ფსევდონიმი შეირჩია.

   ებრაელი ბიზნესმენის შვილი, ლევ ნასიმბაუმი (იგივე ყურბან საიდი)  1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა.როცა აზერბაიჯანში რევოლუცია მოხდა, მამასთან და გერმანელ აღმზრდელ ქალთან ერთად (დედა ადრე მოუკვდა) სტამბოლს შეაფარა თავი. იქიდან ბერლინში ჩავიდა, სადაც უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო წერა და მალე სრულფასოვან ჟურნალისტად და მწერლად ჩამოყალიბდა. 30-იანი წლების ბოლოს გერმანულ ფაშიზმს ავსტრიაში გაექცა. როცა ნაცისტებმა იქაც შეაღწიეს, იძულებული გახდა იტალიაში გადასახლებულიყო. 1942 წელს დეპორტა-ციისათვის თავის ასარიდებლად ფეხი დაიჭრა, მაგრამ სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა. დაკრძალულია იტა-ლიაში მაჰმადიანური წესით. ლევ ნასიმბაუმს ასად ბეის სახელით გამოცემული აქვს მუჰამადის, რეზა შაჰის, ნიკოლოზ მეორის და ლენინის ბიოგრაფიები, ეს რომანი კი ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

   „ალი და ნინო“ დაწერილია გერმანულად და გამოცემულია ვენაში 1937 წელს. საავტორო უფლება ეკუთვნოდა ავსტრიელ ბარონესას, ელფრიდე ერენფელსს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ის და ყურბან საიდი მეგობრები იყვნენ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ბარონესას განცხადებით, წიგნი მისი დაწერილი იყო.

  თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. გამოჩენილი აზერბაიჯანელი სცენარისტის, რუსტამ იბრაჰიმბეკოვის თქმით, მის სამშობლოში თვლიან, რომ „ალი და ნინო“ იუსიფ ვეზიროვის დაწერილია, ხოლო ყურბან საიდი უბრალოდ პლაგიატორია. ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი იუსიფ ვეზიროვი ჩემინზემინლის ფსევდონიმით წერდა. ის სტალინური რეპრესიების მსხვერპლია: 1940 წელს დააპატიმრეს, 1943-ში დახვრიტეს, 1956-ში კი რეაბილიტირებულ იქნა. დღეს მისი შვილი ფიქრეთ ვეზიროვი აცხადებს, ნასიმბაუმი თაღლითი იყო, ავანტიურულ რომანებს წერდა, ხოლო „ალი და ნინო“ მამაჩემმა გამოსცა ვენაში იქ მცხოვრები ბიძაშვილის საშუალებითო.

   იმ დროს, როცა რომანი გამოქვეყნდა, ანუ ნაციზმის აყვავების დროს, ეროვნებათშორისი ქორწინება სრულიად მიუღებელი სალიტერატურო თემა იყო. ასე რომ, ის დროებით დაივიწყეს და ხელახლა მხოლოდ ომის შემდეგ აღმოაჩინეს. რომანი ითარგმნა და რამდენჯერმე დიდი წარმატებით გამოიცა ინგლისსა და ამერიკაში. დღეს, როცა წიგნის გამოქვეყნებიდან 65 წელია გასული, ჭეშმარიტი ავტორის დადგენა ძალიან სერიოზულ ძიებას მოითხოვს. პირადად ჩემთვის კი ავტორობის სამივე პრეტენდენტის პრეტენზია მისაღებია. სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდა ამ ისტორიის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც ნასიმბაუმმა გაამდიდრა სათავგადასავლო-ავანტიურული ელემენტებით, ხოლო ბარონესამ ყველაფერ ამას საბაზრო-ევროპული სახე მისცა. თუმცა ჯერ დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ალი და ნინო“ ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიერ არის  დაწერილი.

   წაკითხვის შემდეგ ამ წიგნის ინგლისური გამოცემის ოთხი ეგზემპლარი ვიყიდე საჩუქრად დასარიგებლად. ერთი ცალი შოტლანდიაში გავუგზავნე ახლობელ ოჯახს. როცა წიგნი მიიღეს, ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე დამირეკა, რაც უცნაური იყო, რადგან საერთოდ წელიწადში ერთხელ თუ მირეკავდნენ ხოლმე. ორივემ ერთი და იგივე მითხრა: დიდ მადლობას გიხდით წიგნისათვის, რომელიც მთელს მსოფლიოში ბესტსელერია, შოტლანდიაში კი ჯერ არ იყიდება და ვერსად ვიშოვეთო.

   აი, ასეთი წიგნი გიჭირავთ ხელში და, დარწმუნებული ვარ, მანამ არ გადადებთ გვერდზე, სანამ ბოლო წინადადებას არ წაიკითხავთ.

       ბიძინა მაყაშვილი

      თბილისი, 2002

 

 

პირველი  თავი

 

ბაქოს მეფის რუსეთის ჰუმანიტარული გიმნაზიის მესამე კლასში ორმოცი მოსწავლე ვიყავით: ოცდაათი მაჰმადიანი, ოთხი სომეხი, ორი პოლონელი, სამი სექტანტი და ერთი რუსი. ვისხედით და სულგანაბულნი ვუსმენდით პროფესორ სანინის ნაამბობს ჩვენი ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიულ მდებარეობაზე:

   – ევროპის კონტინენტის ბუნებრივ საზღვრებს ჩრდილოეთით – ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით – ატლანტის ოკეანე და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა შეადგენენ. ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი რუსეთის იმპერიაში ურალის გასწვრივაა გადაჭიმული, კასპიის ზღვას კვეთს და შემდგომ ამიერკავკასიაზე გადის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მეცნიერი კავკასიონის სამხრეთით განლაგებულ მხარეს აზიას მიაკუთვნებს, ზოგი კი თვლის, რომ ეს ქვეყანა თავისი კულტურული განვითარების თვალსაზრისით ევროპის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ისე, ნაწილობრივ, ეს თქვენზეცაა დამოკიდებული, ბავშვებო, განვითარებულ ევროპას გსურთ მიეკუთვნებოდეთ, თუ ჩამორჩენილ აზიას? – თავმომწონედ გადმოგვხედა ოქრომკედით ნაქარგ მუნდირში გამოწყობილმა პროფესორმა და თვითკმაყოფილად ჩაიცინა. სუნთქვა შეგვეკრა, ამხელა პასუხისმგებლობა რომ დაგვაკისრეს. უკანა მერხიდან მეჰმედ ჰაიდარმა ხელი აიწია და თქვა:

   – ბატონო პროფესორო, ჩვენ ისევ აზიაში ყოფნა გვირჩევნია.

   კლასში  ყურისწამღები  სიცილი ატყდა.  მეჰმედ  ჰაიდარი უკვე მეორე წელი იყო,  მესამე კლასის მერხს ვერ გასცილებოდა და, როგორც ჩანს, მესამე წელსაც იგივე მოელოდა.  და, თუკი ბაქო კვლავაც აზიად დარჩენას ამჯობინებდა, სამინისტროს განკარგულების თანახმად, აზიური რუსეთის მკვიდრს იმდენ ხანს შეეძლო მჯდარიყო ერთ კლასში, რამდენსაც ინებებდა.

   პროფესორმა სანინმა შუბლი შეიჭმუხნა:

   – მაშ შენ აზიაში დარჩენა გინდა? ეგებ გამოხვიდე და დაგვისაბუთო კიდეც, რატომ?

   მთლად გაწითლებული მეჰმედ ჰაიდარი პირდაღებული იდგა და დუმდა. და იმ დროს, როცა ოთხი სომეხი, ორი პოლონელი და სამი სექტანტი მის გონებაშეზღუდულობაზე ხითხითებდა, ხელი მეც ავიწიე და ჩემი მოსაზრება წარმოვთქვი:

   – ბატონო პროფესორო, მეც აზიაში ვარჩევდი დარჩენას.

   – ალი ხან შირვანშირ! შენცა? გამოდი და იქნებ შენ მაინც დაგვისაბუთო, რატომ? – პროფესორი, ალბათ, გულში თავბედს იწყევლიდა, ცხოვრებამ კავკასიას რომ მიაჯაჭვა.

   – დიახაც, აზიაში. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ.

   – ისე როდისმე ნამდვილ ველურ აზიურ ქალაქში, მაგალითად, თეირანში თუ ყოფილხარ?

   – რა თქმა უნდა, სწორედ გასულ ზაფხულს.

   – მერე, ნახე იქ რამე ევროპული კულტურის დიდი მონაპოვრისმაგვარი, ვთქვათ, მანქანა?

   – კი, როგორ არა, სხვათა შორის, კარგა მოზრდილები, ოცდაათადგილიანი, უფრო დიდებიც, – თან გარეუბნების ერთი ბოლოდან მეორეში დადიოდნენ.

   – ეგ ხომ ავტობუსებია! რკინიგზა რომ არა აქვთ, იმიტომ დადიან ეგრე. სწორედ ეგაა ჩამორჩენილობა. დაჯექი, შირვანშირ!

   ყველა აზიელი თანხმობის ნიშნად გახარებული შემომცქეროდა. პროფესორი სანინი სიმწრისაგან დუმდა. მისი მოვალეობა იყო, მოსწავლეები კარგ ევროპელებად გამოეზარდა.

   – რომელიმეს გინახავთ ბერლინი? – იკითხა მან უცბად. როგორც ჩანს, უიღბლო დღე გაუთენდა. აღმოჩნდა, რომ სექტანტი მაიკოვი ყოფილა იქ ბავშვობაში. ხმაურიანი რკინიგზის სადგურიც გაიხსენა, სადაც  დედას ლორიანი პური უჭმევია.

   ოცდაათივე მაჰმადიანმა პირები დავაღეთ, როცა მოულოდნელად სეიედ მუსტაფა წამოდგა და გარეთ გასვლა ითხოვა. ეტყობა, სიტყვა „ლორის“ ხსენებამ ცუდად იმოქმედა. ამით ბაქოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე დისკუსია შეწყდა.

   ზარი დაირეკა. პროფესორმა შვებით ამოისუნთქა და კლასი დატოვა. ჩვენც გარეთ გავცვივდით. დიდი შესვენება იყო და სამი არჩევანი გვქონდა: ეზოში გავქცეულიყავით და რეალური გიმნაზიის მოსწავლეებთან გვეჩხუბა, რახან იმათ ფორმებს ოქროს ღილები და კოკარდები ამშვენებდა მაშინ, როცა ჩვენ ვერცხლისას უნდა დავჯერებოდით; ან ხმამაღლა აზერბაიჯანულად გველაპარაკა, თუმცა ეს სასტიკად გვეკრძალებოდა; ან კიდევ ქუჩაში გავსულიყავით და იქიდან წმინდა თამარის სახელობის ლიცეუმის ეზოში გოგოების სანახავად შევპარულიყავით. მე ეს ვარჩიე. ბაღში გოგოები დასეირნობდნენ, ცისფერი ფორმები ეცვათ თეთრი წინსაფრებით. ჩემმა ბიძაშვილმა აიშემ ხელი დამიქნია, ნინო ყიფიანთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მოდიოდა. ნინო მსოფლიოში ულამაზესი გოგო იყო. გოგოებს ჩვენს გაკვეთილზე მომხდარი ამბავი ვუამბე. მსოფლიოში ულამაზესმა ასულმა მსოფლიოში ულამაზესი ცხვირი აიბზუა და დასძინა:

   – ალი ხან, რა სულელი ხარ. კიდევ კარგი, ღვთის მადლით, ევროპაში ვართ, თორემ, ნამდვილ აზიაში რომ ვცხოვრობდეთ, ჩემს ნახვას ვერასოდეს ეღირსებოდი, ჩადრი მეხურებოდა.

   გონს მოვეგე. გეოგრაფიის გაკვეთილზე წამოჭრილ პრობლემაზე მსოფლიოში ულამაზესმა ასულმა ამიხილა თვალი.

   თავისუფალ დროს დაღონებული დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში. ვაკვირდებოდი აქლემებს, ზღვას, ვფიქრობდი ევროპაზე, აზიაზე, ნინოს მშვენიერ თვალებზე და სევდა მეუფლებოდა. ზოგჯერ მათხოვრებს ფულს ვურიგებდი, მაგრამ ერთხელ ერთ უსიამოვნო მათხოვარს, რომელმაც მადლობის ნიშნად ხელზე კოცნა დამიპირა, შეშინებული გავექეცი, მერე კი ორი საათი დავეძებდი, ბოდიში მინდოდა მომეხადა. სინდისი მქენჯნიდა, გული რომ ვატკინე.

   ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ იყო. ამ ხუთ წელიწადში უამრავი რამე მოხდა. სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. დასჯის უცნაური მეთოდი შემოიღო: მოსწავლეს საყელოში სწვდებოდა და მთელი ძალით ანჯღრევდა, რადგან გიმნაზიელისათვის სილის გაწვნა სასტიკად იკრძალებოდა. რელიგიის მასწავლებლის განმარტებით, ალაჰმა ჩვენზე წყალობა მოიღო, მაჰმადიანებად რომ მოგვავლინა ამქვეყნად. ამ წლებში კლასში კიდევ ორი სომეხი და ერთი რუსი შემოგვემატა, ორი მაჰმადიანი კი გამოგვაკლდა; ამათგან ერთი თექვსმეტი წლისა დაქორწინდა, მეორე კი სისხლის აღების ადათის მსხვერპლი გახდა. მე კი, ალი ხან შირვანშირი, ამ ხანებში სამჯერ ვიყავი დაღესტანში, ორჯერ – თბილისში, ერთხელ – კისლოვოდსკში, სპარსეთშიც ჩავედი ბიძასთან. ერთ წელს კი კინაღამ კლასშიც ჩავრჩი, რადგან გერუნდიუმი ვერ გავარჩიე გერუნდივუმისაგან. ამის გამო მამაჩემს მოლასთან მისვლაც კი მოუხდა. იმან კი დაამშვიდა და აუხსნა, რომ მთელი ლათინური ცარიელი ილუზიააო. მერე მამაჩემმა თავისი თურქული, სპარსული თუ რუსული ყველა მედალი აისხა და დირექტორთან მივიდა. სკოლას ფიზიკის კაბინეტისათვის საჭირო მოწყობილობა აჩუქა. მეც, რაღა თქმა უნდა, გადამიყვანეს შემდეგ კლასში.

   სკოლის შესასვლელში კედელზე გაკრული პლაკატი გიმნაზიელებს დატენილი რევოლვერებით შესვლას უკრძალავდა. ქალაქში ტელეფონები შემოიტანეს, ორი კინოთეატრი გახსნეს. ნინო ყიფიანი კი ჩემთვის კვლავ მსოფლიოში ულამაზეს გოგოდ რჩებოდა.

ასე გავიდა ეს ხუთი წელი. ერთი კვირაღა მაშორებდა გამოსაშვებ გამოცდებს და ყველაფერი დამთავრდებოდა. ვიჯექი სახლში, ჩემს ოთახში, კასპიის ზღვის სანაპიროსთან და ჩავკირკიტებდი უაზრო ლათინურის სახელმძღვანელოს. მშვენიერი ოთახი მქონდა. კედლებს ბუხარიდან და ისპაანიდან ჩამოტანილი ხალიჩები ამშვენებდა, რომლებზეც მქსოველთა ფანტაზიის მიხედვით სხვადასხვაგვარად იყო ასახული ტყეები, მდინარეები, ბაღები – ამას საქმეში ჩაუხედავი ვერ ჩასწვდებოდა, მაგრამ პროფესიონალისათვის, მართლაც რომ საუცხოო რამ გახლდათ. ამ ნაზი ფერების შესაქმნელად ბალახებს შორეულ უდაბნოში, ველურ ეკლიან ბუჩქებში აგროვებდნენ ქალები. თავისი გამხდარი თითებით შიგ იდუმალ სურნელს აქსოვდნენ. ერთი ხალიჩის დასრულებას წლები სჭირდებოდა და ის მერე კედლებს ამშვენებდა, როგორც საიდუმლოებით აღსავსე სანადირო სცენებისა თუ ბრძოლების სიმბოლო. ზოგჯერ ამგვარ ხალიჩას კიდეში ორნამენტებით ამოქსოვილი ფირდოუსის ლექსი ან საადის რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც ახლდა. ეს უამრავი ხალიჩა აბნელებდა ოთახს. შიგ ერთი დაბალი დივანი და სადაფით მოპირკეთებული ორი პატარა ტაბურეტი იდგა. აქეთ-იქით უამრავი რბილი ბალიში ეწყო და მათ შორის უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი დასავლური ცოდნის წიგნები მოჩანდა: ფიზიკის, ლათინურის, ტრიგონომეტრიის – მთელი ეს სულელური ნაბოდვარი, ურწმუნოებმა რომ მოიგონეს თავისი ბარბაროსობის მისაჩქმალად. წიგნი დავხურე, ოთახიდან ვერანდის გავლით ბანზე გავედი. აქედან ჩემი სამყარო მოჩანდა: ძველი ქალაქის ციხე-სიმაგრის განიერი კედელი, სასახლის ნანგრევები არაბული წარწერით. ქუჩაში აქლემები დაზოზინებდნენ, ისე ნაზად მიირხეოდნენ, მოფერება მოგინდებოდა. წინ ქალწულის კოშკი აღმართულიყო, რომლის მიღმაც, შორს, ტყვიისფერი უკიდეგანო კასპიის ზღვა გადაშლილიყო, ზურგს უკან კი – თვალუწვდენელი უდაბნო: კლდეები, ქვიშა, მშვიდი და წყნარი, შეუდარებელი, სამყაროს უმშვენიერესი ლანდშაფტი.

 მდუმარედ ვიჯექი ბანზე. რაში მჭირდებოდა სხვისი ქალაქები, სხვა სახურავები და სხვა ბუნება. ჩემი ზღვა, ჩემი ქვიშიანი სანაპირო, ეს უძველესი ქალაქი, ხმაურიანი ხალხი მიყვარდა. აქ აუარება ხალხი ჩამოდიოდა. ისინი ნავთობს ეძებდნენ, მდიდრდებოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ, რადგან მათ უდაბნო არ უყვარდათ.

მოსამსახურემ ჩაი შემოიტანა. შევექცეოდი და თან გამოსაშვებ გამოცდაზე ვფიქრობდი. გულსატკენი იყო სკოლასთან განშორება. იმედი მქონდა, ჩავაბარებდი. თუ ჩავრჩებოდი, დიდი უბედურება არც ეს იქნებოდა. ამაზე ჩვენი კუთხის გლეხები იტყოდნენ, ცოდნის კერასთან განშორება უმძიმსო. ისე მართლაც მიმძიმდა სკოლასთან, ვერცხლისფერღილებიან, სამხრეებითა და კოკარდით დამშვენებულ, მართლაც საოცრად ელეგანტურ ფორმასთან განშორება. სამოქალაქო ტანსაცმელი თითქმის არც მცმია. ერთი ზაფხულიც, და მერე, დიახ, მერე მოსკოვში გავემგზავრები, ლაზარევის ინსტიტუტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. მე თვითონ გადავწყვიტე ასე. რუსებთან მართლაც მექნებოდა უპირატესობა, რადგან ის, რაც მათ ეძნელებათ, ჩემთვის უადვილესია. ამას გარდა, ლაზარევის ინსტიტუტს ძალიან ლამაზი ფორმა აქვს: წითელი პიჯაკი ოქროსფერი საყელოთი, ვიწრო მოოქროვილი ხმალი და ტყავის ხელთათმანები. თუ გინდა, რუსები პატივისცემით მოგეპყრან, ფორმა აუცილებლად უნდა ატარო. მეც მეტი რაღა დამრჩენია, უნდა მეცვას, რადგან თუ რუსები პატივს არ მომაგებენ, არც ნინო ჩამთვლის კაცად. ეს კი რას მარგებს? მე ხომ ნინოს ცოლად შერთვა მინდა, მერე რა, რომ ქრისტიანია! ქართველ ქალზე მშვენიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. თუ უარს მეტყვის, შევარჩევ რამდენიმე კუნთმაგარ ბიჭს და სპარსეთით თეირანისკენ გავიტაცებ. მერე რაღას იზამს, გამოსავალი რომ აღარ ექნება?

ცხოვრება ჩვენი სახლის ბანიდან ლამაზი და იოლი ჩანდა.

„დროა“ – მხარზე მოსამსახურის ხელის შეხებამ ოცნებებისაგან გამომაფხიზლა. მართლაც დრო იყო. ჰორიზონტზე, კუნძულ ნარგინის უკან, გემი მოჩანდა. და თუ კაცი ქაღალდის ფურცელს დაუჯერებდა, სახელმწიფო ფოსტის მოხელემ შინ რომ მოგვიტანა, ამ გემზე ბიძაჩემი უნდა ყოფილიყო, თავისი სამი ცოლითა და ორი საჭურისით. ბიძაჩემს უნდა დავხვედროდი. კიბე ნაჩქარევად ჩავირბინე. ხმაურიან ნავსადგურთან მანქანით მივედი. ბიძაჩემი სპარსეთში დიდად დაფასებული პიროვნება იყო. შაჰმა ნასრ ედ-დინმა მას „ასად ოდ-დავლეს“ – „იმპერიის ლომის“ ტიტული მიანიჭა და არავის ჰქონდა მისი სხვაგვარად მოხსენიების უფლება. ჰყავდა სამი ცოლი, უამრავი მსახური, თეირანში სასახლე ჰქონდა და დიდი მამულები – მაზანდარანში. ბაქოში ერთ-ერთი ცოლის, თვრამეტი წლის ზეინაბის გამო ჩამოდიოდა.

ბიძაჩემს ის სხვა ცოლებისაგან გამორჩეულად უყვარდა. შვილი არ უჩნდებოდა, არადა სწორედ მისგან უნდოდა შვილის ყოლა. ამ მიზნით გაემგზავრა ჰამადანშიც, სადაც შუაგულ უდაბნოში წითელი აგურებით ნაშენი იდუმალთვალებიანი ლომის ქანდაკება იდგა. ეს ქანდაკება უკვე კარგა ხნის მივიწყებულმა უძველესი დროის მეფეებმა ააგეს. საუკუნეებია, ქედს იხრიან ამ ქანდაკებასთან ქალები, მის მძლავრ ასოს კოცნიან და იმედოვნებენ, რომ დედობისა და შვილის შეძენის სიხარულს ეზიარებიან. მაგრამ საბრალო ზეინაბს ვერც ლომმა, ვერც ქარბალელი დერვიშის თილისმამ, ვერც მაშჰადელ ბრძენთა შელოცვებმა და ვერც ყოველგვარ სასიყვარულო საქმეებში გამოცდილი თეირანელი ქალების იდუმალმა ხელოვნებამ ვერ უშველა. ახლა ბაქოშიც იმიტომ ჩამოდიოდნენ, რომ ადგილობრივმა სიბრძნემ ვერ გაჭრა და უნდოდათ, დასავლელი ექიმების გამოცდილებაც ეცადათ. საბრალო ბიძაჩემი! თავისი ორი ცოლიც თან უნდა ხლებოდა. ადათი ასე მოითხოვდა: „შეგიძლია, ერთი, ორი, სამი და ოთხი ცოლიც იყოლიო, თუკი მათ თანაბარი უფლებები ექნებათ.“ თანაბარ უფლებებში კი იგულისხმებოდა – დანარჩენებსაც ისე მოეპყარი, როგორც ერთს; აი, თუნდაც, ბაქოში ერთად გამგზავრება ავიღოთ.

თუმცა, იმავე ადათების მიხედვით, ამ ყველაფერთან არაფერი მესაქმება. ცოლები ხომ მხოლოდ და მხოლოდ ანდარუნს, სახლის შინაგანაწესს მიეკუთვნებიან. კარგად აღზრდილი კაცი სხვის ცოლს არც უნდა მიესალმოს და არც ქმარს უნდა ჰკითხოს რამე მის შესახებ. ცოლები თავიანთი ქმრების აჩრდილები არიან და ამ ჩრდილში ხშირად შეიძლება კარგადაც კი გრძნობენ თავს. ჩვენში გავრცელებული ანდაზისა არ იყოს, ქალს ქათამზე მეტი ჭკუა არც მოეკითხება, უჭკუო არსება კი გვერდით უნდა იყოლიო და თვალ-ყური ადევნო, თორემ თავის თავსაც უბედურებას მოსწევს და სხვასაცო. ჩემი აზრით, მართლაც ბრძნული ნათქვამია.

პატარა გემი ნავმისადგომს მოუახლოვდა. მხარბეჭიანმა, თმაგაბურძგნულმა მეზღვაურებმა კიბე მიადგეს. უამრავი მგზავრი ჩამოვიდა: რუსი, სომეხი, ებრაელი. ისე ჩქარობდნენ, თითქოს ყოველ წამს ითვლიდნენ, ვინ უფრო ადრე დაადგამდა დედამიწაზე ფეხს. ბიძაჩემი ჯერ არსად ჩანდა. „სიჩქარე ეშმაკისააო“ – იტყოდა ხოლმე. მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მგზავრმა დატოვა გემი, „იმპერიის ლომიც“ გამოჩნდა, მთელი თავისი ბრწყინვალებით: აბრეშუმის ლაცკანებიანი სერთუკი ეცვა, თავზე პატარა შავი ბოხოხი ეხურა, ფეხთ ქოშები ემოსა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წამებული ჰუსაინის პატივსაცემად წვერიც და ფრჩხილებიც ინით შეეღება. პატარა, დაღლილი თვალები ჰქონდა. დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა. უკან აშკარად აღელვებული, თავით ფეხამდე შავებით მოსილი ცოლები მოჰყვებოდნენ. სულ ბოლოს კი ორი საჭურისი მოსდევდა. ერთ მათგანს განსწავლული, გამოფიტული ხვლიკის სახე ჰქონდა, მეორეს კი – ამაყი და გასიებული. ეს უკანასკნელნი მისი აღმატებულების მცველები იყვნენ.

ბიძაჩემი კიბეზე ნელ-ნელა დაეშვა. გადავეხვიე და პატივისცემით მარცხენა მხარზე ვეამბორე, თუმცა ქუჩაში ეს აუცილებელი არც იყო. ცოლებისათვის თვალიც არ შემივლია. მანქანაში ჩავსხედით. ჰარამხანა და მსახურები დახურული ეტლით უკან მოგვყვებოდნენ. ბიძაჩემის პატივსაცემად პრომენადას გარს შემოვუარეთ. იქ ნინო იდგა და მომღიმარი თვალებით შემოგვცქეროდა.

   ბიძაჩემმა წვერზე ხელი ჩამოისვა და მკითხა:

   – ახალი რა არის ქალაქში?

   – განსაკუთრებული არაფერი. – მოვალეობა მკარნახობდა, ჯერ უმნიშვნელოთი დამეწყო და მერე გადავსულიყავი მნიშვნელოვანზე.

   – გასულ კვირას დადაშ ბეგმა ახუნდ ზადე ქალაქში დაბრუნებისთანავე მოკლა. არადა, უკვე რვა წელი იყო გასული, რაც ახუნდ ზადემ დადაშ ბეგს ცოლი წაართვა. ახლა დადაშ ბეგს პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. თუმცა ყველამ იცის, რომ სოფელ მარდაკიანშია. ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, დადაშ ბეგმა სამართალი აღასრულაო.

ბიძაჩემმა თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად.

   – კიდევ რა იცი ახალი?

   – ბიბი-აიბატში რუსებმა აუარებელი ნავთობი აღმოაჩინეს. ნობელმა უზარმაზარი გერმანული მანქანა შემოიტანა, რომ ზღვის პატარა ნაწილი მიწით ამოავსოს და ნავთობი ამოტუმბოს.

   გაოგნებულმა ბიძაჩემმა თავი გადააქნია და ჩაიბუტბუტა: “ალაჰ, ალაჰ!“

   – ჩვენთან, შინ, ღვთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია, – განვაგრძობდი მე. – მომავალ კვირას ცოდნის სახლს ვამთავრებ.

განუწყვეტლივ ვლაპარაკობდი და მოხუციც დაფიქრებული მისმენდა. სახლს რომ ვუახლოვდებოდით, მაშინღა ვუთხარი სასხვათაშორისოდ, თან გვერდზე გავიხედე:

   – რუსეთიდან ქალაქში ცნობილი ექიმია ჩამოსული. როგორც ხალხი ამბობს, ძალიან გამოცდილი უნდა იყოს. ადამიანს სახეზე ატყობს წარსულს, აწმყოს და მომავალს.

ბიძაჩემი ნახევრად მოჭუტული თვალებით მისმენდა, მერე კი ყასიდი გულგრილობით იმ ბრძენი ექიმის სახელი მკითხა. მივხვდი, ჩემი ქცევით კმაყოფილი დარჩა, რადგან ჩვენში ეს კარგ ჩვევად და წესიერ აღზრდად ითვლებოდა. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / საიდი ყურბან / ალი და ნინო