სამადაშვილი ზაალ

 

ბოშები 

 

 

 

ისინი ლოტკინის გორაზე, გამურულ ფიცრულებში ბინადრობენ, უფრო სწორად, ღამეებს ათევენ იქ – ცხოვრებით კი, ქალაქის ქუჩებში ცხოვრობენ...

იღვიძებენ სისხამ დილით, მზის ამოსვლისას. წინა დღეს მოპოვებული საკვებიდან რამე თუ აქვთ შემორჩენილი – პურის ნატეხები მაინც – ჰაიჰარად ყლაპავენ, თუ არადა, მშივრები მიუყვებიან გრძელ დაღმართს „გადასასვლელ ხიდამდე. შედარებით მაძღრები მხოლოდ პატარები არიან, რომლებსაც ზურგზე მოკიდებამდე ძუძუს აჭმევენ კაფანდარა, გალეული დედები...

ჩადიან მეტროში, ჟეტონებს არ იღებენ. მგზავრობის საფასურის ნახევარს ან მესამედს – რამდენიმე ხუთთეთრიანს – გამოუძინებელ, ნახევრად მთვლემარე პოლიციელს უყრიან ხელისგულზე. ესკალატორზე შედგომისთანავე იწყებენ ყაყანს. ყაყანებენ იმის შესახებ, თუ სად სჯობია ამოსვლა, სად უფრო იღბლიანად ჩაივლის დღევანდელი დღე...

შეილალებიან ვაგონში. არც იქ წყნარდებიან, განაგრძობენ ხელების ქნევასა და ყვირილს. მგზავრების ერთი ნაწილი, უმეტესად, გაზეთებმომარჯვებული შუახნის კაცები მრისხანედ იყურებიან მათკენ. ჩასვლის გადაწყვეტილებას მოულოდნელად იღებენ... მატარებელი ბორბლების ღრჭიალით რომ გამოდის გვირაბიდან, მაშინ იწყებენ წამოშლას. შიშველი ფეხების ტყაპა-ტყუპით გადიან მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ ბაქანზე, თან უკან-უკან იხედებიან, ვინმე ხომ არ ჩამოგვრჩაო...

ბუკიას ბაღთან ამოდიან, ყოფილ პეკინის ქუჩაზე. ნაწილდებიან. ზოგი სასტუმრო „აჭარისკენ” იღებს გეზს – ტოტალიზატორია იქვე და იქნებ მოგებულებს მაინც დასცინცლონ რამე, ზოგი „გეპეისკენ”, სადაც მისაღები გამოცდების გამო მილეთის ხალხი ირევა, ზოგი კიდევ იპოდრომისკენ – მდიდარ ძიებს დილაობით უყვართ ცხენის ჭენება...

ორი მათგანი, ახალგაზრდა ქალი და ბავშვი – დანარჩენი ბავშვებივით ჭუჭყიანი და აჩაჩულ-დაჩაჩული გოგონა – მოპირდაპირე ტროტუარზე გადადიან და "ნაიკ-ის" მაღაზიის ვიტრინასთან ჩერდებიან. ახალგაზრდა ქალი ასფალტზე ჯდება და ფეხებს ირთხამს, ასე უფრო მოსახერხებელია ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. გოგონა დგას. ქალი ხელით ანიშნებს, დაჯექიო, მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევს. ჯერ კიდევ მანქანებით სავსე ქუჩის გადმოჭრისას ამჩნევს წითელ-ყვითელი ატმებითა და მსხვილი, მოლურჯო ქლიავებით დახუნძლულ დახლს და თვალი ახლაც მისკენ გაურბის. დახლი ოციოდე ნაბიჯის მოშორებითაა მათგან...

ცოტა ხანში, გამვლელები ასეთი სცენის შემსწრენი ხდებიან: გრძელსარაფნიანი სქელი დედაკაცი გამეტებით ურტყამს “ნაიკ"-ის მაღაზიის ვიტრინასთან ატუზულ გოგონას. თან ურტყამს, თან დასძახის, – კიდევ გაბედავ ხელის ხლებას?!. ბავშვი იდაყვებით იგერიებს დარტყმებს, ხელში არაფერი უჭირავს. როგორც ჩანს, გამყიდველი – ეს სქელი დედაკაცი სადღაც რომ გაიგულა, დახლთან მიირბინა, მაგრამ ხილის აღება ვეღარ მოახერხა, მოუსწრეს... ფეხმორთხმით მჯდარი ახალგაზრდა ქალი არ ესარჩლება გოგონას, ისეთი სახით იყურება, თითქოს არც იცნობდეს მას. ცემით გულს რომ იჯერებს, დედაკაცი მიდის... მიდის გოგონაც... აქამდე მას ხმა არ გაუღია, ახლა კი, აცახცახებულ მხრებზე ეტყობა, რომ ტირის... ტირის და მუჭებით ისრესს თვალებს... უკან რომ ბრუნდება თხუთმეტი თუ ოცი წუთის შემდეგ, შავი ზოლები ატყვია ლოყებზე... ჯდება, მუხლები ნიკაპთან მიაქვს...

გვიანობამდე სხედან “ნაიკ"-ის მაღაზიის ვიტრინასთან ახალგაზრდა ქალი და გოგონა. ბევრს ვერაფერს, სამ ლარამდე ხურდას აგროვებენ. შებინდებისას ბუკიას ბაღიდან სტვენა ესმით, გროვდებიან სხვადასხვა მხარეს გაფანტული მათი თანამგზავრები, დგებიან. ახალგაზრდა ქალი ოციოდე ნაბიჯით დაშორებულ დახლთან მოფუსფუსე სქელი დედაკაცისკენ იწყებს ყურებას. ისეთ დაჟინებულ მზერას აპყრობს, რომ დედაკაცი იხედება. იხედება თუ არა, ახალგაზრდა ქალი ზურგით უტრიალდება, წელში ოდნავ იხრება და მისკენ მიშვერილ გავაზე ხელს ირტყამს... მერე გოგონას ეუბნება, აბა, ჩქარაო და ქარივით მიჰქრის თავისიანებისკენ...

ლოტკინის გორაზე, გამურულ ფიცრულში დაბრუნებულ, პურის ყუითა და მარილმოყრილი პამიდვრით დანაყრებულ გოგონას ტკბილად დაეძინება. ამიერიდან მას ეცოდინება, რომ ხელი რამეზე არ უნდა წაუცდეს იქ, სადაც სარჩოს მოსაპოვებლად მოუწევს ყოფნა და კიდევ ის, რომ მის ცემას არავის შეარჩენენ. შეიძლება, ესიზმროს, როგორ შეექცევიან წვნიან ატმებს ისა და მისი უფროსი მეგობარი, რომელსაც, ალბათ, ძალიან მოუხდებოდა, მოუხდებოდა კი არა – დახატავდა, გრძელი, ყვავილებიანი სარაფანი...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ბოშები