სამადაშვილი ზაალ 

 

ბუხრისა და ბორხესისა 

 

 

 

დალოცვილია ბუხარი, განსაკუთრებით – ძველი, კედლებგამურული... დაანთებ, ააგუზგუზებ, მიიდგამ დაბალ, სამფეხა სკამს, მოიმარჯვებ რკინის საჩხრეკს, მისწევ-მოსწევ ნაკვერჩხლებს, მიუგდებ ყურს ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცს და სხვებს რომ უცნაურად მოეჩვენებათ, ისეთ რამეებზე დაიწყებ ფიქრს.

გაგახსენდება ბებოს სახლი მახათას ფერდობზე, ოღრო-ჩოღრო, ქვით მოკირწყლული ეზო, ფოთლებშემოძარცვული ხე, ტოტებზე სათამაშოებივით დაკონწიალებული ხურმები, შემოდგომის მზით განათებული მყუდრო ოთახი, წიგნების კარადა, „ფედერაციისა» თუ „საბლიტგამის» მიერ გამოცემული მონაცრისფრო სამტომეული, წარწერა ყუაზე – ალექსანდრე ყაზბეგი, მეორე ტომის სამასმერამდენეღაცე გვერდი, დასაწყისი მოთხრობისა – „ელეონორა», თავად მოთხრობა.

გოროზი თავადის ქალი – მასზე გამიჯნურებული ვაჟკაცების სასიკვდილოდ გამმეტებელი, ლეკთა ნაიბი ასლან-გირეი – თარეშსა და საწადელის ძალით მიღწევას ჩვეული, მოხევე ბიჭი კრეჭიაშვილი – ჯერ მტრისა და მერე საკუთარი თავის დამხანჯლავი...

მიუბრუნდები ისევ იმას, რაც პირველი, მეორე, მესამე წაკითხვისას მოსვენებას გიკარგავდა, რასაც ვერაფრით ვერ უძებნიდი ახსნას ვერც ბავშვობაში, ვერც ყმაწვილკაცობაში, მაინც არ იყო ეს საკუთარი თავის დახანჯვლა, განა შეიძლებოდა, ასეთ მაგარ ბიჭს თავი მოეკლა?!

ფრაზა წამოგიტივტივდება მოულოდნელად, ცოტა ხნის წინ ნაცნობის მიერ ნათქვამი – წავა, წამოვა, ბორხესს მიადგებაო... შენც მიადგები...

„შეხვედრას» გაიხსენებ, პატარა მოთხრობას, სადაც დანებით ჩხუბის ბედს თავად მოჩხუბართა კი არა, დანების ადრინდელ მფლობელთა ოსტატობა წყვეტს, სადაც დანების მოძრაობის ტრაექტორიები კარგა ხნის წინათაა განსაზღვრული შფოთისთავ გაუჩოების – ალმეირასა და ალამეირას მიერ...

გუზგუზებს ბუხარი, ალმური გედება სახეზე...

იქნებ კრეჭიაშვილის ხანჯალი ვინმე თვითმკვლელის ნაქონი იყო, იქნებ სწორი ხაზი აღმართვის ბოლო წერტილიდან პატრონის სხეულამდე ერთხელ უკვე გავლილი ჰქონდა ამ იარაღს?!

 

***

ძველი, კედლებგამურული ბუხრისა არ იყოს, დალოცვილია ბორხესიც.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ბუხრისა და ბორხესისა