სამადაშვილი ზაალ 

 

დეზი 

 

 

 

შვიდი წლისა ვიყავი, ვიჯექი პაპისეული სახლის ჭრაჭუნა იატაკიან შუშაბანდში და პირდაღებული შევცქეროდი ტელევიზორს. ფეხის ხმა მომესმა კიბეზე. სულ ცხრა საფეხური ჰქონდა ჩვენს კიბეს. მერე კარი იყო, რომლის საკეტსაც მძიმე, დიდყუნწიან გასაღებს ვარგებდით. გაიჩხაკუნა საკეტმა, კარი გაიღო, დაიხურა და შემოვიდა მამა, რომელსაც დიდი, მოწნული კალათი ეჭირა ხელში. მამა დინჯად წამოვიდა ჩემკენ, ისე რომ პალტოც არ გაუხდია, გვერდით მომიჯდა და მითხრა, გინდა ახლა ფოკუსი გაჩვენოო. კალათას, რითაც სანოვაგე მოგვქონდა ხოლმე ბაზრიდან, მუქი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. ვიფიქრე, საბატიბუტე სიმინდი, ანდა უკეთესი – მოხალული მიწის თხილი იქნება ნაჭრის ქვეშ-მეთქი. მამამ კი ასწია ნაჭერი, ფოკუს-მოკუსო, დაიძახა და კალათის ძირზე რაღაც შავი გუნდისმაგვარი გამოჩნდა. ჩამოვხტი სკამიდან და კალათას მივუცუცქდი. გუნდა შეინძრა. ეე, ლეკვი-მეთქი? – ავხედე მამას. მან თავი დამიქნია და მხარზე ხელი წამკრა, მიდი, ამოიყვანეო... ჩავყავი ორივე ხელი, ამოვიყვანე და გულზე მივიხუტე. თბილი იყო, ცახცახებდა და არაფერი არ უჩანდა ერთი ციცქნა, სველი ცხვირის გარდა... გამოვიდა დედაც. ლეკვიო? – გაიოცა იმანაც.

შეიძლება მომეჩვენა, შეიძლება არა, პირველად მაშინ დავუნახე მამაჩემს ცრემლი, რომელიც ჩვენს თვალებში ამოკითხული სიხარულით იყო გამოწვეული ალბათ...

ლეკვს დეზი დავარქვით, ეს სახელი რქმევია დედამისსაც. თავიდან რძეს ვაჭმევდით საწოვარათი, მერე, ცოტათი რომ მოყოჩაღდა და თვალებიც აეხილა, წვრილად, ძალიან წვრილად დარჩილულ მოხარშულ ხორცს. გაბუთქუნდა, მოვარდისფრო ღიპი იატაკზე დასთრევდა ოთახებში სუნსულის დროს. ყველა კუთხე-კუნჭული აინტერესებდა, ყველაფერს სუნავდა. მამამ წიგნი იყიდა, სადაც უამრავი რამ ეწერა პუდელების შესახებ, მათ შორის ასეთი რამეც – პუდელები, რა თქმა უნდა, ადამიანები არ არიან, მაგრამ მთლად ძაღლებადაც ვერ ჩაითვლებიან თავიანთი გონიერების გამოო...

მოყვანიდან სამი თვის თავზე ავად გაგვიხდა. ჭამას უკლო, მოიწყინა და ეზოში გაშვებას აღარ გვთხოვდა. არადა, მას შემდეგ, რაც ბინა მთლიანად „აითვისა”, ყველაზე მეტად ეზოსკენ მიუწევდა გული. მართალია, ხან გუნდად აფრენილი ბეღურების ფრთების ფათქუნი აფრთხობდა და ხან საიდანღაც შემოძურწული კატის აფხორვა, მაგრამ დღეში სამჯერ მაინც იქ უნდოდა ჩასვლა... ექიმთან მაშინ წავიყვანეთ, როცა გულისრევები დაეწყო და ერთი-ორჯერ სისხლზეც გავიდა. ჩვენი უბნის ვეტერინარული პუნქტი ისნის ბოლოს იყო, რკინიგზის რომელიღაც უსახელო ბაქნის გადმოღმა. ადრე მოგვიწია მისვლა, პუნქტი დაკეტილი დაგვხვდა. უჭმელები ვიყავით წამოსულები შინიდან და ბაქნის გვერდით მდებარე პატარა სასადილოში შევედით. ავიღეთ ლუდი მამასთვის, ჩემთვის ლიმონათი და მწვადი – სამივესთვის. ფანჯარასთან ახლოს დავსხედით, რომ ექიმის მოსვლა არ გამოგვპარვოდა. დეზიმ პირი არ დააკარა ხორცს, ვერც ჩვენ ვჭამეთ. ვწრუპეთ უხმოდ ლუდი და ლიმონათი, ვიდრე ექიმი არ გამოჩნდა.

ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ლეკვი-მეთქი, პირველად მაშინ ვთქვი, თან, რა თქმა უნდა, ჩუმად, როცა ვეტერინარულ პუნქტში შევდგით ფეხი. ვეტერინარმა, შუახნის სახედაბიჟვინებულმა კაცმა, წვრილად მოაყოლა მამას დეზის ავადმყოფობის ამბავი, მერე თქვა, იციან ასე ძაღლებმაო და კუთხეში მიდგმული მოგრძო მაგიდისკენ გაიშვირა ხელი, იქ დამისვითო. მაგიდას ჭუჭყიანი, ალაგ-ალაგ სისხლით დალაქავებული ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ვეებერთელა ნემსი გაუკეთა ზურგში, კისერთან ახლოს. დეზის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ერთი ამოიწკმუტუნა საბრალოდ და უკანა ფეხები მოკეცა. მამამ ფული გადაიხადა და წამოვედით. დღეს თუ არა, ხვალ გამოკეთდებაო, არა, მამი? – ათჯერ მაინც დავსვი ეს შეკითხვა, სანამ შინ მივიდოდით...

არც იმ დღეს გამოკეთებულა და არც მეორე დღეს. მესამე დილას კი, შეძვრა საწოლის ქვეშ და დედასა და ჩემი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ცხვირიც არ გამოჰყო გარეთ. სამსახურიდან დაბრუნებულმა მამამაც რომ ვერ გამოიტყუა ვერაფრით, იძულებულები გავხდით საწოლი აგვეწია. შევძვერი, გამოვიყვანე, ავიტაცე ხელში, მივიყვანე ფანჯარასთან და დავუწყე მოყოლა, რა ხდებოდა ქუჩაში – როგორ წვიმდა, როგორ დაჰქროდნენ მანქანები, რა ფერის ქოლგები ეჭირათ ქალებს... ვრატრატებდი შეუსვენებლად, თან გულში ვიმეორებდი, – ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ლეკვი... ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ლეკვი-მეთქი...

ზემო ვერაზე, ვინმე გენასთან იმავე საღამოს წავედით. თანამშრომელს ეთქვა მამასთვის, მაგაზე მაგარი ვეტერინარი ქალაქში არ არისო. ტაქსი გავაჩერეთ. მამა წინ ჩაჯდა, მე და დეზი უკან მოვთავსდით. რუსთაველი რომ გავიარეთ და ბელინსკის აღმართს ავუყევით, დეზის გულისრევა დაეწყო. შემეშინდა, ვიფიქრე მძღოლი გაგვიბრაზდება, სალონს რომ დავუსვრით-მეთქი და ფანჯრის ჩამოწევა ვცადე – თავი რომ გადამეყოფინებინა. მამაც აწრიალა უხერხულად, მობრუნდა და შეეცადა მომხმარებოდა. მძღოლმა კი – ეს გადააფარე სავარძელსო, მითხრა და გაზეთი გამომიწოდა. თან დეზის მიეფერა, რა კარგი ცუგა ხარო...

გენა ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, მამაჩემზე გაცილებით უმცროსი. ქართულად კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგიერთ სიტყვას სასაცილოდ წარმოთქვამდა. ძაღლის მაგივრად ძაგლს ამბობდა. ენტერიტიაო, გვითხრა, როცა გულდასმით გასინჯა. ნემსი იმანაც გაუკეთა, ოღონდ პატარა შპრიცით და თან ისე, რომ დეზის არც დაუწკმუტუნია და არც ფეხები ჩაკეცვია. აბების მთელი წყება ჩამოგვიწერა – ზოგი დილა-საღამოს უნდა ჩაგვეყლაპებინა, ზოგი დღეში ერთხელ...

აბებს მე და დედა ვაყლაპებდით. დედა პირს უღებდა და ყბებს უჭერდა, მე კი, რადგან პატარა ხელები მქონდა, ღრმად, რაც შეიძლება ღრმად ვუტენიდი ყელში პაწაწინა ბურთულებს (უკან რომ არ ამოეგდო ენით). მაინც არ ეტყობოდა გამომჯობინება. მართალია, საწოლის ქვეშ აღარ იმალებოდა, მაგრამ ახლა სამზარეულოში იწვა, მუცლით იატაკს გართხმული და მილულულ თვალებს ძალზე იშვიათად ახელდა. სამი თუ ოთხი დღე ასე იყო...

სამზარეულოდან გამოცოცებული და კუდაქიცინებული, მეოთხე თუ მეხუთე დილას დავინახე ქუსლებჩაკეცილი ფეხსაცმელების ფრატუნით სააბაზანოსკენ მიმავალმა. რა დავიყვირე არა, მაგრამ ჯელსომინოზე ხმამაღლა რომ დავიყვირე, ნამდვილად მახსოვს. ზრიალი დაიწყეს ფანჯრებმა. გამოვარდნენ დედაჩემი და მამაჩემი, დაინახეს რაც მაყვირებდა და მიცვივდნენ, დაუწყეს ფერება. დედა ტიროდა, მამა ცხვირზე ცხვირს უხახუნებდა დეზის და ამბობდა, – ცხვირი სველი აქვს, ახლა უკვე ნაღდად აღარაფერი მოუვაო...

აღარც არაფერი მოსვლია...

 

***

დეზის ავადმყოფობისა და გამოჯანმრთელების ისტორია ფრენკ კაპრას ფილმის, „ცხოვრება მშვენიერია”-ს ნახვის შემდეგ გამახსენდა. ამ ფილმში უფალი შეისმენს ადამიანების ვედრებას და მათ გადასარჩენად მეორე კლასის ანგელოზს, უფრთო კლარენსს გზავნის დედამიწაზე. წარმატების შემთხვევაში მას ფრთები გამოესხმება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მეც ვევედრებოდი ღმერთს ლეკვის გადარჩენას. ნეტავ თუ გამოგზავნა მან ჩვენთან ანგელოზი და თუ გამოგზავნა, ვინ იყოს ის?.. ტაქსის მძღოლი, სავარძლის დასვრის გამო რომ არ გაგვიბრაზდა?.. სემიონოვკელი გენა, ზოგიერთ ქართულ სიტყვას სასაცილოდ რომ წარმოთქვამდა?.. ნეტავ თუ დაიმსახურა რომელიმე მათგანმა ფრთები პუდელის ლეკვის გადარჩენისთვის...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / დეზი