სამადაშვილი ზაალ 

 

დელ პიეროს მაისური 

 

 

 

არა რა, ზამთარში ღამის ცვლაში ჯობია მუშაობა. არ გძინავს, მაგრამ გარეთ იშვიათად გიწევს გასვლა. ღამე ნავთის საყიდლად არავინ მოდის, მანქანები მოგადგებიან მარტო. ჩაყოფ პისტოლეტის ლულას ავზში, დააჭერ ღილაკს თითს და ნახევარ წუთში თავისუფალი ხარ. არც ძაბრით წვალება გინდა და არც წამდაუწუმ ტოლჩის ჩაპირქვავება ნავთიან კასრში. შეხვალ მერე „ტურბოთი” გაღუღუნებულ ოთახში, წამოგორდები დერმატინგადაკრულ ტახტზე და მიუბრუნდები აკა მორჩილაძეს. ნაღდი მწერალია, ისე გემრიელად ჰყვება, ტყუილიც რომ იყოს – დაიჯერებ. ყველაზე მაგრად „მოგზაურობა ყარაბაღში” მომწონს მაგისი. ზუსტად არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ცოტა რამ გამეგება ომზე. გამეგება მამაჩემის გამო. ის ომობდა. პირველი დესანტი რომ გადასხეს ლესელიძეში, იქიდან მოყოლებული – სოხუმის დაცემამდე. რვა წლისა ვიყავი, რომ დაბრუნდა. ძმაკაცები რომ მოუვიდოდნენ, ისინიც მასავით ნაომრები, სულ აფხაზეთის ამბებს იხსენებდნენ. მივუცუცქდებოდი ახლოს და ყურებგადიდებული ვუსმენდი. მამახსოვრდებოდა სიტყვები: „აკაესი”, „ბეერდეემი”, “ლიფჩიკი”, „პოზიცია”, „სტეჩკინი”... როგორც წესი, სვამდნენ არაყს, უგონოდ თვრებოდნენ და მერე ზოგიერთი მათგანი ტიროდა ხოლმე. ერთი-ორჯერ მამაჩემმაც იტირა. თერთმეტისა ვხდებოდი, ისევ რომ წავიდა სახლიდან. ყოფილ მეომრებს დევნა და დატუსაღება დაუწყეს და მანაც გაქცევა არჩია ციხეში ჯდომას. სწორადაც მოიქცა. ერთი წელი მე და დედაჩემმა არაფერი არ ვიცოდით, სად იყო, რას შვრებოდა. ერთი წლის თავზე ვიღაც კაცი დაგვადგა და კონვერტი მოგვიტანა. კონვერტში წერილი და ფული იდო. წერილიდან გავიგეთ, რომ რუსეთში იმყოფებოდა, ოღონდ რომელ ქალაქში, არ გვატყობინებდა. კარგად ვარო, ცნობილი ბანკირის დაცვაში ვმუშაობ და ჩემზე ნუ იდარდებთო. იმის მერე, ყოველ სამ თვეში ერთხელ, სხვადასხვა კაცები მოდიოდნენ და წერილი და ფული მოჰქონდათ სულ ერთნაირი, მოგრძო კონვერტებით. ასე გრძელდებოდა შარშანწინდლამდე. ბოლოს შარშანწინ, დეკემბრის პირველ რიცხვებში მოვიდა მისი გამოგზავნილი კაცი. მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. აგვისტომდე გავუძელი დედაჩემის ცრემლებს და ვალების ასაღებად კარდაკარ სირბილს, აგვისტოში ავდექი და მუშაობა დავიწყე აქ, ამ ბენზინის გასამართ სადგურზე. ფულს ვშოულობ, თვეში ას დოლარზე ცოტა მეტს. ას დოლარს დედას ვაძლევ, „ცოტა მეტს” ვინახავ...

ვინახავდი... „იუვენტუსის” მაისურის ყიდვა მინდოდა. სკოლის ჩემპიონატზე ვაპირებდი გასვლას. დარწმუნებული ვიყავი, მისი წყალობით გოლებსაც გავიტანდი და ახტომისას, შემართულ ხელსაც ისე გავაშხუილებდი ჰაერში, როგორც დელ პიერო...

 

***

შობის წინა დღეა – ექვსი იანვარი. ბენზინის გასამართი სადგურის შემინული ჯიხურიდან თოთხმეტი წლის ბიჭი გამოდის. ტყავის ქურთუკი აცვია, ვიღაცის ნაქონი, ოდნავ განიერი და ოდნავ გრძელი. ყელზე რუხი შარფი აქვს გამონასკვული, ჯიხურში დარჩენილი ორი კაცი თვალს აყოლებს ჭუჭყიანი ყინულით დაფარულ აღმართზე მიმავალ ბიჭს. ერთი მეორეს ეუბნება: – რა ტიპია, ტო... მეორე პასუხობს: – მიწას არ ასცილებია და უკვე მაგრობს...

აღმართის მერე ჭყაპია, ტროტუარზე ერთი წერტილიც არ არის მშრალი. ბიჭს წყალი შესდის ფეხებში, ჯერ ერთი წინდის სისველეს გრძნობს, მერე მეორის. მუშტაიდთან, გზაჯვარედინზე ჩერდება. ყოყმანობს, სტადიონს აჰყვეს, თუ მოპირდაპირე მხარეს გადავიდეს. გადადის. ქუჩის ამ მხარეზე სპორტული მაღაზიებია ჩამწკრივებული. ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქოს ბათინკებში აჭყაპუნებული წყლის გამო სიცივეს ერთიანად არ ჰყავდეს ატანილი. ჯიბეებში ჩაწყობილ ხელებს რაც შეუძლია ღონივრად მუშტავს. ჩომპეტ-თან ჩერდება. ვიტრინაში ყველა ცნობილი საფეხბურთო კლუბის მაისურია გამოფენილი. ერთს უყურებს მხოლოდ, თეთრს, შავზოლიანს, ათი ნომერი რომ აწერია ზურგზე... მერე სტადიონისკენ ჭრის ქუჩას და წერეთლის პროსპექტს მიუყვება. პროსპექტის დასაწყისში საგიჟეთია. უზარმაზარ, პირთამდე სავსე ნაჭრის ჩანთებს ხვნეშით, ყვირილით, უხმოდ, ორივე ხელებით, ურიკებით მიეზიდებიან ბაზრობაზე იქ მომუშავე კაცები და ქალები. ასიგნალებენ და იგინებიან მიკროავტობუსების, ჩვეულებრივი ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები. მეტროს სადგურთან სიწყნარეა. სიწყნარეა ფოსტაშიც, სადაც პენსიის მომლოდინე რამდენიმე ბებო ზის. ბიჭი საწერ ქაღალდს და თეთრ, მოგრძო კონვერტს ყიდულობს. ჯდება დაბალ მაგიდასთან და ჯიბიდან პასტის კალამს იღებს. იწყებს წერას. წერს ნელა, გულმოდგინედ გამოჰყავს ასოები, თითქოს ხატავს თითოეულ მათგანს. რომ მორჩება, დგება და თვალებმოჭუტული დასცქერის ნაწერს. თავს აკანტურებს კმაყოფილების ნიშნად. ფურცელს ოთხად კეცავს, კონვერტში ათავსებს და ფრთხილად იდებს გულისჯიბეში. პანთეონის მიმართულებით განაგრძობს გზას. ეკლესიას რომ ჩაუვლის, პირჯვარს იწერს სამჯერ. შედის სტალინისდროინდელი თაღიანი სახლის ეზოში. იქ უკვე ელოდებიან. ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი "ოპელ"-იდან ახალგაზრდა კაცი გადმოდის. ბიჭი ხელს ართმევს და ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის. კაცი უღიმის, ეგ არაფერიო და ეკითხება, მოიტანეო? ბიჭი ჯერ კონვერტს უწვდის, მერე შარვლის ჯიბიდან ფულს იღებს, რამდენიმე მწვანე კუპიურას და ესეც მანდ ჩადეო, ეუბნება. სამ საათზე, არა? – კვლავ ეკითხება კაცი. ჰო, სამზე, პასუხობს ბიჭი და თვალს უკრავს, აბა, შენ იციო... ეზოდან გამოდის და ტაქსს უწყებს ლოდინს. არც ისე შორია დიდუბიდან ოქროსუბნამდე, მაგრამ მთელი ღამის უძინარია და თანაც ფეხები აქვს სველი...

***

ზუსტად სამ საათზე მივა ბიჭთან და დედამისთან "ოპელ"-იანი კაცი. კითხვა-კითხვით მიაგნებს მათ ბინას გადაბრეცილ შუშაბანდებიან იტალიურ ეზოში და კარზე დააკაკუნებს. შევა, კონვერტს მაგიდაზე დადებს, აჩქარდება, მელოდებიანო და გაბრუნდება. დედას ტირილი აუვარდება. ცრემლებს რომ მოიწმენდს, როდის-როდის ხელების კანკალით გახსნის კონვერტს და წერილს ამოიღებს. აქამდე დაძაბული ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბება...

და როცა დედის თვალებში სიხარულს ამოიკითხავს, ისეთივე გრძნობა დაეუფლება, როგორიც "დელ ალპი"-ზე პირველად გასულ ალესანდრო დელ პიეროს, რომელსაც ყურებში ტრიბუნების გუგუნი ჩაესმის: "ფორცა ჟუვე"!!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / დელ პიეროს მაისური