სამადაშვილი ზაალ

 

ერთი პასუხის ამბავი 

 

 

 

ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”

 

სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, – რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა...

 

* * *

ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო.

ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე...

მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს...

ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას...

ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი.

ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს...

იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით...

მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი.

ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა...

ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა...

ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, – რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, – ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა.

ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება...

ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, – ვინ ხარ შენ?!.

გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.

ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, – ადამიანი ვარ!

***

კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, – ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, – ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა.

გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, – ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის...

კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ერთი პასუხის ამბავი