სამადაშვილი ზაალ 

ვარიაციები ვარიაციების თემაზე

 

დავალებული ვარ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე პატარა საპარიკმახეროსგან, სადაც ყველა პატარა საპარიკმახეროს მსგავსად, რადიო იყო ჩართული დილიდან საღამომდე და საიდანაც დასაცინად განწირული ?პოლბოქს-ით გამოვდიოდი ჯონ ლენონისა და მიკ ჯაგერის ეპოქაში...

დავალებული ვარ წითლად შეღებილი ძველი ტრამვაისგან, ვორონცოვის აღმართიდან კალინინის ქუჩაზე გასვლისას სიჩქარეს რომ ანელებდა და საშუალებას მაძლევდა მოხდენილად ჩამოვმხტარიყავი საშაქარლამოსთან შეკრებილი გოგოების თვალწინ...

დავალებული ვარ თეთრად გადაპენტილი აკაციებისგან, რომელთა სურნელი ქვაფენილიან ქუჩებთან ერთად გაჰყვა ჩემს ბავშვობას...

დავალებული ვარ კინოთეატრების ბოლო რიგებისგან, სადაც ხარბად ვეწეოდი მუჭში დამალულ სიგარეტს და ტუჩებს ვუკოცნიდი გოგოებს, რომლებიც მცირეოდენი გაპრანჭვის შემდეგ ამის ნებას მაძლევდნენ...

დავალებული ვარ წვრილპირიანი ჩინური დანისგან, რომლითაც ერთი-ერთზე ჩხუბისას დამჭრეს. ყმაწვილკაცური მაქსიმალიზმით განპირობებული ამ შემთხვევის წყალობით შედგა ჩემი პირველი შეხვედრა სიკვდილთან, რომელსაც სადეზინფექციო ხსნარებისა და ქათმის ნახარშის სუნი ასდიოდა...

დავალებული ვარ მტრედებისგან, ფრთების ფათქუნით რომ ფრინდებოდნენ რუსული ეკლესიის ოქროსფერი გუმბათებიდან. არა მგონია, რომ მათი ფრთების ხმა იმქვეყნადაც ჩამესმება...

დავალებული ვარ "ბლატნოი"?სიმღერებისგან. მათი მოუბეზრებელი ყურისგდება რომ არა, ვერასოდეს ვერ გავუგებდი გემოს ჯონ ლი ჰუკერისა და ტომ უეიტსის ხრინწიან ამონათქვამებს...

დავალებული ვარ ჟარგონისგან, საგნებისა და მოვლენების აღქმისა და ასახვის არაჩვეულებრივი სიზუსტის გამო...

დავალებული ვარ მღვიმეებივით გრილი და ბნელი სარდაფებისგან, სადაც ოც თეთრად წყალში გაზავებულ სპირტს ჩამოგისხამენ, სადაც დიდი ხნის უნახავი ამხანაგის სახე შეიძლება ამოიცნო იარებივით ღრმა ნაოჭებსა და შეშუპებულ ნაკვეთებს მიღმა და სადაც ვერასოდეს ვერ ჩააღწევს ფსევდომორალურობის ბაცილა...

დავალებული ვარ ძაღლებისა და კატებისგან, რომლებიც ოდესმე მყოლია და კვლავაც მეყო-ლება...

დავალებული ვარ მეგობრის ფრაზისგან – “დამასაფლავეთ მეოცე საუკუნეში”...

დავალებული ვარ ულამაზესი ქალისგან, რომელიც პლედმოხურული მოუჯდებოდა ხოლმე ჩემს საწერ მაგიდას და დიდხანს, დიდხანს უყურებდა, როგორ გამომყავდა ასოები მორუხო, ხორკლიან ქაღალდზე...

დავალებული ვარ კაფე “La Bbodejito Ddel Mmedio”-ს ბარმენ პედროსგან, ვისთან ერთადაც პირველად დავლიე ტეკილა და მოვუსმინე კესარია ევორას. 1995 წლის ნოემბრის მიწურული იყო, ძლიერი ქარი ფოლადისფერ ღრუბლებს დააფრიალებდა ბერლინის ცაზე...

დავალებული ვარ სიზმრებისგან. არ ვიცი და ვცდილობ გავარკვიო – ისინი ცხოვრობენ ჩემში თუ მე ვცხოვრობ მათში...

  • დავალებული ვარ ბორხესისგან, ვისი აშკარა ზეგავლენითაც იწერება ეს სტრიქონები და არა მხოლოდ ამის გამო...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ვარიაციები ვარიაციების თემაზე