სამადაშვილი ზაალ

კატარინა გრამკო 

 

თვრამეტი წლის კატარინა გრამკო ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა, ოღონდ სხვა ლამაზი გოგოებისგან განსხვავებით – სასიყვარულო თამაშებში ნაკლებად პრაგმატული ანუ ისეთი, ვის მონადირებასაც დიდ წარმატებად არ მიიჩნევენ ბიჭები. ბიჭებს კი, მოგეხსენებათ, ბარიერების გადალახვა უყვართ, რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია სიამოვნების განცდა, რომელიც მათ მიზნის მიღწევისას ეუფლებათ. კატარინას კი ბარიერების აგება, მით უმეტეს, ხელოვნურებისა – არ უყვარდა.

ის მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახით მოქმედებდა, ვისკენაც გული გაუწევდა, მზერასაც მიაპყრობდა, დაელაპარაკებოდა, შეხვდებოდა კიდეც და მოფერების უფლებასაც მისცემდა. ის საცეკვაო მოედნებისა და ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარი გახლდათ და შინ შუაღამეზე ადრე და თან კავალრის გარეშე თითქმის არასდროს ბრუნდებოდა. კავალრებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთი დღიდან ორ კვირამდე მერყეობდა. კატარინა არც ეძებდა, არც უფრთხოდა სიყვარულს, ის ჰგავდა მოგზაურს, რომელსაც სადღაც ჩაღწევაზე მეტად თავად გზაში ყოფნა მოსწონს და არანაირ სტიქიურ მოვლენას, შხაპუნა წვიმა იქნება ეს თუ ძლიერი შტორმი, არ უფრთხის. ქალთა ლიცეუმის ბოლო, დამამთავრებელ საფეხურზე სწავლობდა. მასწავლებლები, უმეტესად შუახანს გადაცილებული, მოზარდებთან ხანგრძლივი ურთიერთობით გაბეზრებული ქალბატონები, აღშფოთებას ვერ ფარავდნენ მისი ქცევის გამო. თუმცა მათ შორის ყველაზე მკაცრი განმსჯელიც კი აღიარებდა, რომ გოგონა სხარტად აზროვნებდა და თანატოლებისგან განსხვავებით, ბევრს კითხულობდა.

იმხანად, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი “თამაში ჭვავის ყანაში” იყო და მისი მთავარი გმირი ჰოლდენ კოლფილდი თითქმის ისეთივე აღტაცებით მოიხსენიებოდა, როგორითაც ლეგენდარული “ბითლზი” ჯონ ლენონი და ასევე ლეგენდარული მეამბოხე ჩე გევარა. კატარინა გრამკომ ლამის ზეპირად იცოდა ეს რომანი, ხოლო მისი ავტორის სახელსა და გვარს ამერიკულ ყაიდაზე გამოთქვამდა – ჯერი სელინჯა...

 ეს იყო დრო, როცა ქვეყანას რადიკალი-მემარცხენეები მართავდნენ და ყოველივე ამერიკული, კოკა-კოლადან და ჯინსებიდან დაწყებული, კერუაკითა და ჰენდრიქსით დამთავრებული, იმპერიალისტური იდეოლოგიის პროდუქტად მიიჩნეოდა და საზოგადოებაზე გამხრწნელი ზემოქმედების არდაშვების მიზნით ცენზურის მიერ იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლამდე მაინც აღწევდა საღეჭი რეზინა “Wrigleys”, ჟურნალი “Playboy” და კომპოზიცია სახელად  „Whole lotta love“, რომლის ამგდებ რიტმსაც თავების ქნევითა და მუხლებზე ხელების ტყაპუნით ჰყვებოდნენ მუსიკის მოსასმენად ვინმე მაგნიტოფონიან მეგობართან შეკრებილი გოგო-ბიჭები. ასეთ შეკრებებზე მარიხუანაც იწეოდა და თითო ნაფაზს ყველა ურტყამდა წრეში დატრიალებულ სიგარასავით მსხვილ ნახვევს...

 ბიჭმა, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით არა რამდენიმე დღით, არამედ სამუდამოდ უნდა ჩავარდნოდა გულში, იმით მიიქცია კატარინა გრამკოს ყურადღება, რომ მიწოდებულ მარიხუანაზე უარი თქვა და ტეკილა გადაკრა ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული ბრტყელი, მათარისმაგვარი ბოთლიდან. ქურთუკი მაგარი ეცვა, თეთრი ბეწვით გაწყობილი, ტყავის – ანდების ავიახაზების მფრინავები რომ ატარებდნენ, ისეთი. სახეზეც არა უშავდა – ოდნავ სქელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი, შუაზე გაყოფილი ნიკაპი და ნაიარევი წარბი თავზეხელაღებულ თუ არა, ყოჩაღ ბიჭთან გადაყრის განცდას ბადებდა.

 ბიჭი, არქიტექტურული კოლეჯის სტუდენტი, სახელად ესტებან სამპაიო, დედით ფრანგი აღმოჩნდა. მამამისს, ფრანგული ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნესა და მკვლევარს, პარიზში მივლინებით ყოფნისას გაუცნია მომავალი მეუღლე. იმდროინდელ ახალგაზრდა ინტელექტუალთა მსგავსად მემარცხენე იდეებით გატაცებულ ქალს არა მარტო ცოლობაზე, არამედ სამშობლოს დატოვებაზეც არ უთქვამს უარი და მასზე გაცილებით უფროს კაცთან ერთად წამოსულა საცხოვრებლად იქ, სადაც მარქსისა და ლენინის უტოპიური თეორიების ხორცშესხმას ცდილობდნენ ხელისუფლებაში იარაღის ძალით მოსული ადამიანები...

 კატარინა გრამკომ ყოველივე ეს ესტებან სამპაიოს სახელოსნოში მოისმინა, ხანგრძლივი ალერსის შემდეგ აზიურ დივანზე გვერდულად მიწოლილმა. ბიჭმა ისიც უთხრა, ჯოანა შიმკუსს ჰგავხარო. ჯოანა შიმკუსი ალენ დელონისა და ლინო ვენტურას პარტნიორი იყო ფილმში “Les Aventuriers” და ნებისმიერ გოგოს, ვისაც ჩალისფერი თმა, ლურჯი თვალები და მაღალი ფეხები ჰქონდა, ეს სიტყვები თავბრუს დაახვევდა. კატარინასაც დაეხვა თავბრუ, ოღონდ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ცხადია, არა მარტო ამ სიტყვების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბული კვარტალის მკვიდრი არ იყო და უბირი ადამიანების გარემოცვაში არ იზრდებოდა, სამყარომ, ვისი პირმშოც ესტებან სამპაიო გახლდათ და ვის სახესაც ეს სახელოსნო წარმოადგენდა თავისი ნახატებით, ფოტოებით, თაბაშირის ფიგურებითა და ზეთის საღებავების სურნელით, მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ, მიიზიდა ამ ბიჭის თბილი, ღონიერი ხელებით.

 ადვილი საფიქრებელია, რომ წერა ამ სამყაროს გავლენით დაიწყო. შესაძლოა, ერთ მშვენიერ საღამოს ან შუადღეს რამდენიმე ჩანაწერი წაუკითხა ახალ მეგობარს თავისი დღიურიდან.

დღიური წერა-კითხვის მცოდნე თითქმის ყველა გოგოს ჰქონდა იმ დროს – ფერადყდიანი, ნაჭრის ზონარჩატანებული სქელი რვეული, სადაც შთაბეჭდილებები და სურვილები იყო ჩაწიკწიკებული ლამაზი ასოებით. ესტებანმა, ალბათ, უთხრა, საინტერესოა, აბა, მოთხრობის დაწერა სცადეო და მანაც, ამ სიტყვებით გათამამებულმა, სცადა...

 ნახევარი წელი დრო გაჩერებული იყო კატარინასთვის. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სულ ერთი და იგივე დღე თენდებოდა და ღამდებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. დღეების ასეთი მსგავსება იმდენად სასურველი, ისეთი ბედნიერების მომგვრელი იყო მისთვის, რომ ეშინოდა კიდეც, უნებლიეთ არ დაერღვია იგი. როგორც კი ეს შიში შეატყო თავს, შინიდან ერთსა და იმავე დროს გამოსვლა, სიგარეტის ერთსა და იმავე ფარდულში ყიდვა, სიარულისას ერთი და იმავე მელოდიის წამღერება და ესტებანის სახელოსნოს კარზე სამჯერ დაკაკუნება ჩვევად გადაიქცია...

 გაჩერებული დრო ხელახლა მაშინ ამოძრავდა, როცა მემარცხენე-რადიკალების მმართველობა აჯანყებულმა სამხედროებმა დაამხეს და ქვეყანაში კომუნისტების დევნა დაიწყო. სამსახურებიდან ითხოვდნენ და აპატიმრებდნენ არა მარტო დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მათთან მოთანამშრომლე და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს.

დაპატიმრების საფრთხე ესტებანის ოჯახსაც დაემუქრა და ქალბატონ იზაბელის საფრანგეთის მოქალაქეობა რომ არა, მას და მის ქმარს ბორკილები და საპყრობილე, ალბათ, არ ასცდებოდათ.

ესტებანი და მისი მშობლები ოკეანის გაღმა, ევროპაში, გემით გაემგზავრნენ. პორტში მათ გასაცილებლად არავინ მისულა კატარინა გრამკოს გარდა, რომელმაც როგორღაც შეძლო თავის შეკავება და ტრაპისკენ დაძრულ, მაგრამ მაინც მისკენ მაცქერალ ესტებანს არ უთხრა, ბავშვს ველოდები შენგანო...

 ***

 კატარინა გრამკოს მწერალთა ეროვნული ასოციაციის შენობაში შევხვდი პირველად. უფრო სწორად, ამ შენობის ვრცელ, მაღალჭერიან და კედლებმოხატულ სადარბაზოში. ნაცნობი პროზაიკოსი – პირქუში კაცი, ნატურალისტური აღწერებით გადატვირთული რომანების ავტორი, და ის, ძალიან გამხდარი, მოკლედ, ლამის ბიჭურად თმაშეჭრილი ქალი, მარმარილოს კიბეზე ჩამოდიოდნენ. კლასიკოსებმა გამოგვლანძღესო, მითხრა კაცმა, კოსმოპოლიტები და მიმბაძველები გვეძახეს მეც და ამასაცო. ლიტერატურული პერიოდიკის საჯარო განხილვიდან იყვნენ გამოსულები. ასეთი განხილვები ჯერ კიდევ მაშინ იმართებოდა ამ შენობაში, როცა აქ ეროვნულის ნაცვლად პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია იყო დაბინავებული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ასეთი ეპითეტებით შემკობა გამამტყუნებელი განაჩენის ტოლფასი აღარ იყო ადრესატისთვის.

ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ-მეთქი, ვუთხარი ღიმილით და კიბეზე ავაბიჯე. ასოციაციის წევრთათვის საგანგებოდ გახსნილ მაღაზიაში აღმოსავლური პოეზიის ახალგამოსული კრებულის საყიდლად ვიყავი მოსული და ვჩქარობდი, ამხანაგს, რომლის მოწმობითაც უნდა მესარგებლა, არ გაესწრო. ეს კატარინა გრამკოა, “ავტოპორტრეტის” ავტორიო, დამაწია სიტყვა რომანისტმა. შევყოვნდი, ხელი გავუწოდე. ქალს დაქანცული, გაბეზრებული მზერა ჰქონდა, სახის ნაკვთები ოდნავ უთრთოდა. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამის მიზეზი ცოტა ხნის წინ მოსმენილი შეფასებები იყო, მაგრამ ხელის ჩამორთმევის შემდეგ რომ თქვა, დროზე გავიდეთ, ჩავარტყათ რამეო, მივხვდი, რაც ხდებოდა მის თავს. საღამოს, ომარ ხაიამის რობაიების კითხვისას, ისიც გავიფიქრე, რომ ვრცელი მოთხრობა “ავტოპორტრეტი”, სადაც ჩვენი ლიტერატურისთვის უჩვეულო პირდაპირობითა და გულახდილობით იყო გადმოცემული ახალგაზრდა ქალის ვნებები, სწორედ ასეთ ვინმეს უნდა დაეწერა...

 იმხანად გაზეთში ვმუშაობდი.

საავტორო სვეტი მქონდა – “მკითხველი მკითხველს გადაეყარა”. კვირაში ერთხელ ორ გამოგონილ პერსონაჟს, წიგნის ორ ჭიას, ლიტერატურულ სიახლეებზე ვასაუბრებდი ერთმანეთთან. ეს ფორმა ზედგამოჭრილი მეჩვენებოდა გაზარმაცებული და გაუცხოებული მკითხველისათვის და, მგონი, არც ვცდებოდი. ყოველ შემთხვევაში, როცა სვეტი თუნდაც ერთხელ ჩავარდებოდა, რედაქციაში აუცილებლად რეკავდნენ და ჩავარდნის მიზეზს კითხულობდნენ. კატარინა გრამკოსთან შეხვედრის შემდეგ პირველივე დიალოგი მის “ავტოპორტრეტს” მივუძღვენი. ერთ-ერთ პერსონაჟს ისიც კი ვათქმევინე, ამ მოთხრობის ავტორი გულახდილობით თვით მარგერიტ დიურასსაც არ უდებს ტოლს-მეთქი.

 მიზანში გავარტყი. აღმოჩნდა, რომ ფრანგი მწერალი კატარინა გრამკოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორი გახლდათ.

ეს მან თავად მითხრა კაფე “დელ მარში”, სადაც მე ყავის დასალევად შევედი ერთ საღამოს, ხოლო ის ბარში დამხვდა უკვე საკმაოდ ნასვამი. “დელ მარში” მისგან ისიც შევიტყვე, რომ შვილთან, თორმეტი წლის ბიჭუნასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომ ის უკვე ოცდათორმეტი წლის იყო და რომ მისი საყვარელი მამაკაცი შორეულ საფრანგეთში, პარიზში იყო გადახვეწილი...

 მოკლე, გულამოღებული და უსახელოებო კაბა ეცვა, რაც თვალში საცემს ხდიდა სხვაობას ტანის ჯერჯერობით შენარჩუნებულ, ახალგაზრდულ სიმკვრივესა და სახის ნაადრევად დაბერებას შორის. ალკოჰოლთან მეგობრობის კვალი მხოლოდ სახეს ეტყობოდა – ნაოჭების ქსელი თვალების კიდეებთან და შუბლზე. მიუხედავად სიმთვრალისა, დიდხანს და საინტერესოდ ილაპარაკა ლიტერატურაზე, თქვა, რომ ვერ იტანდა პათეტიკურ, ქარაგმებით აღსავსე, მოჩუქურთმებულ ტექსტებს და ის, რასაც ერთნი ხელაღებით უწუნებდნენ, ხოლო სხვები უქებდნენ, სხვა არაფერი იყო, თუ არა პროფესიული პატიოსნება. სიმთვრალე რომელ ქალს უხდება, კატარინა გრამკოს რომ მოხდენოდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც აუშნოებდა. ეს კი იმის ნიშანი გახლდათ, რომ სასიცოცხლო ძალებს სასმლის გარკვეული დოზა სჭირდებოდა ასამოძრავებლად, სხვაგვარად გარე სამყაროსთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, უკვე რთული იყო...

 სამოქალაქო ომამდე კატარინა გრამკოს აღარ გადავყრივარ, თუმცა პირქუში რომანისტის მეშვეობით, რომელიც ჩვენს გაზეთში პოლიტიკურ პამფლეტებს აქვეყნებდა, მის ამბებს პერიოდულად ვიგებდი. ბოლო ამბავი ის გახლდათ, რომ გადაბმით სმას თავისი შედეგი გამოეღო და კატარინას ფსიქოთერაპევტების რჩევით ანტიდეპრესანტების მიღება დაეწყო.

ის დღე, მოულოდნელად რომ გამომეცხადა რედაქციაში, კარგად მახსოვს. მახსოვს იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო ამ ვეებერთელა, ერთ დროს ფუტკრის სკასავით მოზუზუნე ოთახში. მეამბოხე გენერლების ქვედანაყოფები ორმოცდაათ კილომეტრზე იდგნენ დედაქალაქიდან და გაზეთი, რედაქტორის განცხადებით, დროებით წყვეტდა გამოსვლას...

 ნივთებს ვალაგებდი ჩანთაში, ხენაროო, ვიღაცამ რომ დამიძახა. მივიხედე, უსათვალოდ მხოლოდ სილუეტი მეცნო. სათვალის მორგებისთანავე მივხვდი რომ არ ვცდებოდი, ღია კარში კატარინა გრამკო იდგა. გვიანი შემოდგომისა და გვარიანი სიცივის მიუხედავად, თხლად ეცვა: ჯინსის მოკლე ქვედაკაბა, ჯინსისავე ქურთუკი, ორივე – მაგრად გაცრეცილი, და კეპი “ჩიცაგო ბულს”-ის ემბლემით. იღლიაში რაღაც შეკვრა ჰქონდა ამოჩრილი.

რომ ჩამოვსხედით, შეკვრა გახსნა და ეს თქვენო, მითხრა. “ქემელის” ბლოკი იყო, ოღონდ ჩვენს ფაბრიკებში დამზადებული კი არა, ნაღდი, ამერიკული. ომი იყო, ხალხი ნამწვავებს აგროვებდა ქუჩებში, ზოგი შეგროვილი ნამწვავებით ვაჭრობდა კიდეც. ამ ბლოკის გაყიდვით ერთი კვირის სამყოფი სანოვაგის შეძენა შეიძლებოდა. პირქუში რომანისტისგან სულ რომ არ მცოდნოდა, როგორ სიღატაკეში ცხოვრობდა კატარინა გრამკოს ოჯახი, რა თქმა უნდა, საჩუქარზე მაინც უარს ვიტყოდი. უკან რომ მივუჩოჩე მაგიდაზე ჩემ წინ დადებული ყუთი, იწყინა და წამოხტა. დაჯექი-მეთქი, ვუთხარი წყნარად.

დამემორჩილა, დაჯდა და მოყოლა დაიწყო – გუშინ ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, ესტებანთან ვიყავი (მხოლოდ სახელით მოიხსენია საყვარელი მამაკაცი), ორი ზღაპრული კვირა გავატარე პარიზში, ეს საჩუქარიც იქიდანაა, ორივე დიდად გემადლიერებით ჩემ მიმართ გამოვლენილი ყურადღებისთვისო.

ახლა უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე წელიწად-ნახევრის წინ. უფრო აგზნებული მომეჩვენა და უფრო დაღლილი. სიგარეტი, ცხადია, არ გამომირთმევია, უკან გავატანე. პირქუშმა რომანისტმა, რომელსაც მეორე თუ მესამე დღეს შევხვდი პურის რიგში, შექმნილ ვითარებასა და ამ ვითარებაში ხელოვანის მდგომარეობაზე ლაპარაკს ისიც მოაყოლა, საწყალ კატარინას ორი კვირა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუტარებია ამას წინათო...

 “ახალი ეპოქის” სავარაუდო ავტორთა სიაში, გილერმო როხასს რომ წარვუდგინე, ერთ-ერთი პირველი კატარინა გრამკო ეწერა. გაირკვა, რომ “ავტოპორტრეტს” გილერმოს რეკომენდაციის წყალობით მიეღწია მკითხველამდე. მოთხრობა თვეების მანძილზე იმტვერებოდა თურმე რომელიღაც რედაქციის ხელნაწერებით გადაჭედილ თაროზე.

ტეოფილო უერტას რომანისგან განსხვავებით, რომლის მოპოვებაც დიდად საძნელო საქმედ მიმაჩნდა და სინამდვილეში სულაც არ გამჭირვებია, კატარინა გრამკოს ნაწერები მხოლოდ მესამე ნომრისთვის ჩავიგდე ხელში. მანამდე რამდენჯერმე შევხვდი და მიუხედავად დაპირებებისა, ტექსტმა ვერა და ვერ მოაღწია ჩემამდე. ერთი პირობა ეჭვიც კი გამიჩნდა, იქნებ აღარც არაფერი დაუწერია ამ ქალს-მეთქი, მაგრამ იმედის გადაწურვამდე ცოტაღა რომ მაკლდა, გამოჩნდა და ძველებურ, ნაჭრისშესაკრავებიან საქაღალდეში დაბინავებული დასტა გადმომცა. საქაღალდეს, რომელსაც ცხიმისა და ყავის ლაქები აჩნდა, დიდი ასოებით ეწერა – “მზიანი მხარე”. რომანია, ოღონდ დაუმთავრებელიო, მითხრა; თუ მოგეწონებათ, დავიწყოთ ბეჭდვა, ასე უფრო გამიადვილდება ფინალური ეპიზოდების წერაო. წავიკითხე თუ არა, დავთანხმდი, თუმცა წაკითხვამდეც ვიცოდი, რომ მეორე დღესვე შევატყობინებდი სასურველ პასუხს. კვლავ სადა ფრაზებით ჰყვებოდა, კვლავ ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა, კვლავ ბობოქარ ვნებებს აღწერდა, მაგრამ თხრობის ის მშვიდი მდინარება, რომელსაც ყველანაირი გემოვნების მკითხველი სიამოვნებით მიჰყვებოდა, უკვალოდ იყო გამქრალი.

“მზიანი მხარის” კითხვას რთული ჯაზური კომპოზიციის ტეხილ რიტმს გაჩვეული სმენა სჭირდებოდა.

 რომანი გაგრძელებებით იბეჭდებოდა. რედაქციის უქონლობის გამო ჰონორარების მისაღებად ავტორებს ხან შინ ვიბარებდი, ხან წინასწარ დათქმულ ადგილას ვხვდებოდი. კატარინა გრამკოსთვის ორჯერ მომიწია ფულის გადაცემამ და ორჯერვე ერთსა და იმავე ადგილას შევხვდი – რუბენ დარიოს ძეგლთან, რომელიც მის სახლთან ახლოს, ქალაქის განაპირა კვარტალის ერთ-ერთ მოუვლელ სკვერში იდგა.

 პირველ შეხვედრაზე ცოტა დამაგვიანდა, ორი სახეობის ტრანსპორტის გამოცვლა დამჭირდა იქამდე მისაღწევად. კატარინას შორიდანვე მოვკარი თვალი, კვარცხლბეკის ქვედა საფეხურზე იჯდა, შავი სათვალე ეკეთა. ნაბიჯს ავუჩქარე. თავზე რომ დავადექი და მივესალმე, ხმა არ გამცა. მის მზერას ვერ ვხედავდი, ვიფიქრე, გამიბრაზდა-მეთქი, მაგრამ მხარზე რომ მოვკიდე ხელი და შეიშმუშნა, მივხვდი, რომ ჩასძინებოდა.

იაფფასიანი კონიაკის სუნი მეცა. წამოვაყენე. ნელი ნაბიჯით გამოვედით სკვერიდან. ისეთი მთვრალი არ იყო, რომ შინისაკენ მიმავალი გზის პოვნა გასჭირვებოდა, თუმცა ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ათი თუ თხუთმეტი წუთი უხმოდ ვიარეთ. ფულიანი კონვერტი სადარბაზოსთან მივეცი, ბინის კარამდე აღარ მიმიცილებია...

 მეორედ ფხიზელი მოვიდა, მეც არ დამიგვიანია. უცნაურად გამოიყურებოდა – ვიწრო, სტაფილოსფერი შორტი ეცვა, წითელი მაისური, თავზე პორტატიული მაგნიტოფონის ყურსაცვამები ჰქონდა გადაჭერილი. განწყობა ჭყეტელა ჩაცმულობის საპირისპირო მომეჩვენა, დათრგუნვილი.

როცა ვკითხე, რას უსმენ-მეთქი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ეს ხმები არ ჩამესმოდესო, ხელი შემოატარა ჰაერში. ქალაქი ხმაურობდა ირგვლივ – მანქანები, ადამიანები...

 მისი დაღუპვის ამბავი პირქუშმა რომანისტმა შემატყობინა, კატარინა გრამკოს ანტიდეპრესანტების ჭარბი დოზა მიეღო და რეანიმატოლოგებს, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, კომიდან ვეღარ გამოეყვანათ. “მზიანი მხარე” დაუმთავრებელი დარჩა. დაიწერა თუ არა ფინალური ეპიზოდები, არავინ იცის. შესაძლოა, დაიწერა, მაგრამ აღარ არსებობს, რადგან სამძიმარზე მისულს მისმა ვაჟმა მითხრა, დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ რაღაც ხელნაწერები ცეცხლში შეყარაო...

 რაც შეეხება კატარინას ვაჟს, ესტებან სამპაიო-უმცროსს, დედის დაღუპვისა და ცოტა ხანში ბებიის გარდაცვალების შემდეგ ფრანცისკელ ძმებს მიეკედლა და თავისი ქცევით ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა მათ შორის, რომ ბერებმა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე – მისიონერობა დააკისრეს სრულიად ახალგაზრდა კაცს. ახლა ის ქრისტეს სჯულს ქადაგებს ბოლივიის მთებში, იქ, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ მისი ფრანგი დიდედის კერპი – ერნესტო გევარა აღესრულა...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / კატარინა გრამკო