სამადაშვილი ზაალ 

 

ლაშქრობაში ნამყოფი 

 

 

 

აფხაზეთში ნაომარმა ოცდაათი წლის ოფიცერმა, რომლის ნახატმა – “ჯვაროსნულ ლაშქრობაში ნამყოფი რაინდი შინისაკენ მიმავალ წვიმიან გზაზე” – დიდი მოწონება დაიმსახურა საკმაოდ პრესტიჟულ გამოფენაზე, შვილის, ოთხიოდე წლის ბიჭუნას თვალწინ, სატაბელო იარაღით მოკლა ცოლი და მოიკლა თავი...

ეს ამბავი ჩემმა უმცროსმა მეგობარმა შემატყობინა. ჩვენ ორივე კარგად ვიცნობდით დაღუპულს. წავედით პანაშვიდზე.

პირველად ვნახე გვერდიგვერდ დადგმული ორი კუბო. ცოლს – ტანმორჩილ, გამხდარ ახალგაზრდა ქალს თვალზე აჯდა ნატყვიარი, ოფიცერს – შუბლზე. საპატიო ყარაულში იდგნენ ავტომატიანი ჯარისკაცები – პირტიტველა, ფერმკრთალი ბიჭები...

ჩემმა მეგობარმა გაიკვირვა – თვითმკვლელობისას ხომ საფეთქელთან, ან პირთან მიაქვთ ლულა, ამ უბედურს კი შუბლი აქვს გახვრეტილი, განა შუბლში სროლა მოუხერხებელი არ არისო?...

მე ავუხსენი, – ალბათ ჩაჯდა, თავი ჩაღუნა და ცერით ჩახმახს დააწვა-მეთქი...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ლაშქრობაში ნამყოფი