სამადაშვილი ზაალ 

 

მათთვის, ვინც ვეღარ დახეტიალობს მთაში 

 

 

 

თვრამეტ-ცხრამეტი წლისანი ვიყავით, მთაში სახეტიალოდ რომ წავედით პირველად. მოვიპოვეთ გეოლოგების რუკა (ზედ ბილიკები რომ იყო დატანილი), ჩავიცვით „შტორმოვკები”, უხეში ტყავით ნაკერი „ბათინკები”, მოვიგდეთ მხრებზე ოც-ოცკილოიანი “რიუკზაკები” და გავყევით დიდუბის ავტოსადგურიდან ხევსურეთისკენ მიმავალ ავტობუსს. ჟინვალამდე, სადაც მაშინ წყალსაცავის ჭაჭანებაც არ იყო, მოასფალტებული გზით ვიარეთ, ჟინვალის მერე კი, ბარისახომდე ოღრო-ჩოღრო აღმართებზე ვიჯაყჯაყეთ. ბარისახოში მამაჩემის ძმადნაფიცი შავი გაბრიელი გველოდებოდა, გვარად, მგონი, ოჩიაური. რატომ ეძახდნენ ამ ჩალისფერთმიან და მწვანეთვალება კაცს – შავს, ვერ გეტყვით, დამავიწყდა მეკითხა მამაჩემისთვის. ხინკლებით და ჟიპიტაურით გაგვიმასპინძლდა შავი გაბრიელი. კარგად რომ დაგვანაყრა და გაგვახალისა, საბარგო მანქანაზე დაგვსხა და დათვიჯვრის უღელტეხილის გავლით შატილისკენ გაგვისტუმრა. ღამე შატილის ზემოთ, მინდორზე, კარავში გავათიეთ. გზას დილაბნელზე დავადექით, შებინდებამდე რომ მიგვეღწია აწუნთის ძირამდე. მუცოს ქვაბულებში, სადაც ადრე ჭირით დასნებოვნებული ადამიანები თავისი ფეხით მიდიოდნენ სიკვდილთან შესაგებებლად, არ ავსულვართ. მძიმე ზურგჩანთებით ბეჭებატკიებულებს და უხეში „ბათინკებით” ქუსლებგადაღლეტილებს გზად ხევსურები გვხვდებოდნენ. ვესალმებოდით და ვეკითხებოდით, – შორია აწუნთამდე? მოსიარულეს გააჩნია – გვპასუხობდნენ ისინი, მსუბუქად დატვირთულები და მსუბუქადვე მომავლები. შებინდებამდე კი არა, კარგა მაგრა ჩამობნელებამდე ვიარეთ. საკარვე, ოდნავ მოსწორებული ადგილი ხელების ცეცებით მოვძებნეთ და ძალაგამოცლილები რის ვაი-ვაგლახით შევბობღდით საძილე ტომრებში. რომ გავიღვიძეთ, აღმოჩნდა, რომ თავზე აწუნთა გვადგას, სულ ზედა კალთებზე შარშანდლიდან შემორჩენილი თოვლებით. იქამდე რომ ავედით, ნაყინები დავიმზადეთ – დავხსენით შედედებული რძის სავსე ქილები, ჩავაპირქვავეთ ყინულადქცეულ თოვლში და ცოტა ხნის ლოდინის მერე ბრიკეტები ამოვიღეთ უკან. უღელტეხილის ყელზე ფეხშედგმულებს, საიდანაც უკვე მთათუშეთი ჩანდა, ძლიერი პირქარი დაგვხვდა. ბევრი არ გვიფიქრია, ზურგჩანთები მოვიხსენით, ზედ დავსხედით და კარგი ბობსლეისტებივით სულ სრიალ-სრიალით დავეშვით წვრილ ნაშალზე. გამონათქვამი რომ არის, გემბანიდან პირდაპირ მეჯლისზეო, ისე მოგვივიდა. ალაზნის სათავედან ერთი საათის სავალში ბინებს მივადექით. ბოხვერა ნაგაზები გამოგვიცვივდნენ ღავღავით, მაგრამ მწყემსებმა ჩააჩუმეს. მათ ისე გაუხარდათ ჩვენი დანახვა, თითქოს უცხო მგზავრები კი არა, დიდი ხნის უნახავი ძმაკაცები მიუვედით. ორნი იყვნენ, ჩვენზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი, ორი ჯირკვივით ბიჭი. ცხვარი არ დავაკვლევინეთ, იმათ კალტსა და შურთხის ხორცს ჩვენი კონსერვები შევაშველეთ, მე დედაჩემის მიერ ნაკაწრების მოსასუფთავებლად გამოტანებული არაყი დავაძრე მწვანე ლიტრიანით და გაიშალა სუფრა. ჯერ გაცნობისა ვთქვით, მერე მთათუშეთის სალოცავებისა, მერე იმათი, ვინც შინ გველოდებოდა, მერე ჟიპიტაური შემოვიდა... მეორე დილას, პიტნის მსგავსი ბალახებისგან დამზადებული ცხელი, ჩაის მაგივრობის გამწევი ნახარშით დავირბილეთ არყით ჩამწვარი ყელები და გავუდექით გზას.  ერთ-ერთი მათგანი გამოგვყვა, ფქვილი უნდა ამოეტანა გირევიდან. გვარიანად შემსუბუქებული ზურგჩანთები სიარულს გვიადვილებდა, ფეხდაფეხ მივდევდით ლამის სირბილით მიმავალ მწყემსს. ვცდილობდით გვეჩვენებინა მისთვის, რომ მთასთან ხამად მყოფი ქალაქელები არა ვართ. ისიც გვცდიდა მგონი, თორემ მარტო რომ ყოფილიყო, ასე ჩქარა არ ივლიდა. ფარსმასთან დაბალ, მკერდგანიერ ცხენზე ამხედრებულ ბერიკაცს გადავეყარეთ. ბერიკაცს წარბებამდე ჰქონდა ჩამოფხატული თუშური ქუდი და ისე უჟუჟუნებდა თვალები, ნაღდად ნასვამი იყო. მწყემსს იცნობდა, ჩვენ – გაგვეცნო და გამოგვკითხა, ვინ ვიყავით და საიდან მოვდიოდით. ვუთხარით და ერთი ძმაკაცის გვარიც ვუხსენეთ, წარმოშობით ფარსმელის. „გრელკა” და ორი პატარა ყანწი ამოიღო უნაგირის კეცზე ჩამოკონწიალებული ბოხჩიდან, გადაუკვრელად ვერ დავცილდებით ერთმანეთსო. სამ-სამი გადავკარით. მეტი არ დაუძალებია, გზაზე დგახართო. გირევამდე ისე ჩქარა აღარ გვივლია, დაბინდებამდე ჯერ ადრე  იყო, რომ მივედით. ძველი სათვალთვალო კოშკი გვაჩვენეს იქაურებმა. კოშკის ზემოთა ნაწილი მსხვილი ტყვიებით იყო დაცხრილული. ორმოციანი წლების ბოლოს ხუშპაროვის თუ ხუჩპაროვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ყაჩაღად გასული ჩეჩენის ბანდას უთარეშია ამ ადგილებში. ღამე კარავში არ გაგვითევია, ნაბდებში გახვეულები გარეთ დავწექით და სანამ ჩაგვეძინებოდა, თვალმოუცილებლად ვუყურეთ ვარსკვლავებით გადაპენტილ ცას. გირევიდან გამთენიისას წამოსულები და ნაშუადღევს დართლოს მიახლოებულები, რუსებს გადავაწყდით. მოდიოდნენ დამწკრივებულები, კაცები წელზევით შიშვლები და მოკლეშარვლიანები, ქალები – საცურაო კოსტიუმების ამარა. ნაკვერჩხლებივით იყვნენ დაწითლებულები. გეოლოგები აღმოჩნდნენ, მდინარესთან ვართ დაბანაკებულებიო, გვითხრეს და მიგვიპატიჟეს. ბევრი კი არა, საერთოდ არ გვიფიქრია, მონუსხულებივით გავყევით წითელ თეძოებსა და მუქად ავარდისფერებულ მკერდებს. უმალ წარმოვიდგინეთ, რა დროსტარება გველოდა მზის ჩასვლის შემდეგ, როგორ დაითრობოდნენ კაცები და როგორ ჩამოგვეკიდებოდნენ კისერზე ქალები. ერთი დიდი, საველე კარავი და რამდენიმე მომცრო, ვერცხლისფერი „პამირკა” ჰქონდათ გაშლილი ალაზნის პირას. დავსხედით სადილად. ამოვიღეთ ჩვენი არაყი. ჭაჭააო? – გვკითხეს. თავები რომ დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად, ეგ დელიკატესადო... და შემოდგეს მაგიდაზე ორლიტრიანი ქილა, ჯერ სპირტი დავლიოთო. გვეგონა წყლით გააზავებდნენ. ?”ჩტო ვი, რაზბავლიატ სპირტ, ეტა ჟე კაშუნსტვა"-ო, გამოგვიცხადა კაცებს შორის ყველაზე კაფანდარამ და გაწაფული ხელით დააპირქვავა ქილა თუნუქის „კრუშკებზე”. ქალებმაც კი იოლად გადაყლურწეს ცეცხლოვანი სითხე, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცებზე, რომლებსაც სახეებიც არ დაუმანჭავთ, ჰუო, ამოისუნთქეს ხმამაღლა და იდაყვები ცხვირებთან მიიტანეს. ჩვენს შორის ყველაზე მაგარმაც კი ვერ მოახერხა იგივეს გაკეთება. დალევით კი დალია, მაგრამ სული ვეღარ მოითქვა, სანამ მხრებზე ხელი არ ვურტყით. ზრდილობის გულისთვის ცოტა ხანს კიდევ შევყოვნდით მოხარშული კარტოფილის სუნით გაჟღენთილ კარავში, მერე დავემშვიდობეთ მასპინძლებს, მათთან ერთად ჩვენს ეროტიკულ ოცნებებსაც და განვაგრძეთ გზა. დართლოში შესულებს წვიმამ მოგვისწრო. შევეფარეთ ერთ-ერთ მიტოვებულ, სიპით ნაშენ და სიპითვე გადახურულ სახლს და დიდხანს ვილაპარაკეთ იმის შესახებ, როგორ ლოთდებიან ადამიანები და დღეში რა რაოდენობის არაყი სჭირდებათ, კარგად რომ იგრძნონ თავი. ეს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, გეოლოგებთან ჩვენს მარცხს უკავშირდებოდა და ერთგვარ ფსიქოთერაპიას წარმოადგენდა. ომალომდე აღწევა გვარიანად გაგვიჭირდა, რადგან ტყე-ტყე მიმავალი აღმართები თან წვიმით და თან ცხვრების ნაჩლიქარებით იყო აჭიჭყნილი. ომალოში ორი დღე დავყავით. პირველი დღე, გამოდარების მოლოდინში, „კოსმოსში” გავატარეთ – სასადილოში, რომლის ერთ-ერთ კედელზე მოკლეკაბიანი ქალი დაეხატა ვიღაცას ხინკლებით სავსე სინით ხელში. ჩვენს გარდა იქ იყვნენ დიკლოს მხრიდან ნაბდების გასაყიდად გადმოსული ლეკები. მეორე დილას გამოიდარა, შუადღეზე ჩამოფრინდა გვერდებშეჭყლეტილი ჰელიკოპტერი და... მორჩა ჩვენი პირველი წახეტიალება მთაში...

***

ვიქტორ ნეკრასოვი, კარგი კაცი და კარგი მწერალი, ბევრი კარგი კაცისა და კარგი მწერლის თანამებოთლე, თავის მოგონებებში წერს – ჩემს სახელგანთქმულ კოლეგას, ისე უყვარდა ერთი ქალაქი, რომ მისი ბულვარების, მოედნებისა და კვარტლების უბრალო ჩამოთვლაც კი, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდაო და ამ მოსაზრების დასტურად საკმაოდ მოზრდილი ციტატა მოაქვს მისი საქვეყნოდ ცნობილი კრებულიდან. ვიქტორ ნეკრასოვის კოლეგასავით მომივიდა მეც, გავიხსენე პირველი წახეტიალება მთაში, ჩამოვაწიკწიკე რამდენიმე გვერდზე და მივხვდი, რომ ოცდაათი წლის წინანდელ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შემდეგი სიტყვებია – ბარისახო, დათვიჯვარი, შატილი, მუცო, აწუნთა, ფარსმა, გირევი, დართლო, ომალო... წინადადებები კი, რომლებიც ამ სიტყვებს ახლავს, განკუთვნილია მათთვის, ვინც ადრე დახეტიალობდა და ახლა ვეღარ დახეტიალობს მთაში...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / მათთვის, ვინც ვეღარ დახეტიალობს მთაში