სამადაშვილი ზაალ 

 

მაშინ, ოცდახუთი წლის წინ...

 

 

 

ოდესღაც, თუ არ ვცდები, ოცდახუთი წლის წინათ, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ცნობილმა თავისი უჩვეულო უნარით – პროზაული ტექსტების ზუსტად დამახსოვრებითა და მათი ზეპირად ციტირებით, წასაკითხად მომცა წიგნი და გადმოცემის მომენტში შემატყო, რომ ამ სქელტანიანი ტომის ავტორი და სათაური სრულიად უცნობი იყო ჩემთვის...

მაშინ, ოცდახუთი წლის წინ, ჩემი მეგობარი მოიქცა ისე, როგორც იქცევიან ხოლმე მსგავს სიტუაციაში ადამიანები, რომლებსაც სურთ, დაგაინტერესონ იმით, რაც უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია თავად მათთვის...

და მომიყვა:

როგორ გააცოფა ამ წიგნის ავტორმა, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ნეშვილში დაბადებულმა ორმეტრიანმა ამერიკელმა თვით ადოლფ ჰიტლერი მიუნჰენის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი აშკარა ანტიარიული საქციელით, შავკანიანი ჯესი ოუენსის თავგადაკლული გულშემატკივრობით..

როგორ მოიშველია მისი ავტორიტეტი ჰემინგუეისთან ფარულ პაექრობაში თავად უდიდესმა ავტორიტეტმა უილიამ ფოლკნერმა ორჯერ, პირველად, როცა ის ჰემინგუეის „მოქნილ” სტილს, მისი აზრით, ალღოთი და „ვიღაც დამრიგებლების” დახმარებით გამომუშავებულს, საკუთარს, მძიმედ აღსაქმელს უპირისპირებდა და მეორედ, როდესაც რისკის ბრწყინვალებაზე, დასახული მიზნის გრანდიოზულობით გამოწვეულ დამარცხებებზე საუბრობდა, რაც საკუთარი სტილის ერთგულ ჰემინგუეის, მისი ღრმა რწმენით, განცდილი არ ჰქონდა. ორჯერვე, მე და ეგ კაციო, ბრძანებდა თურმე „ხმაურისა და მძვინვარების” დამწერი...

როგორ გამოაძახებინა იგი რეი ბრედბერიმ თავისი მოთხრობის პერსონაჟს, მილიონერ ჰენრი უილიამ ფილდს დროის მანქანის მეშვეობით 2257 წელს, უდიდესი მისიის შესრულების მიზნით, მარსზე მოგზაურობის აღსაწერად ორი თვით, მხოლოდ ორი თვით...

მერე ის წიგნი წავიკითხე და როგორც დამწყები პროზაიკოსების უმრავლესობას სჩვევია, ერთხანს მისი გავლენით ვწერე. უარვყავი მოკლე, მშრალი ფრაზები და მოვინდომე ერთ წინადადებაში, მაქსიმუმ ერთ აბზაცში ჩამეტია ის, რასაც მანამდე გვერდებს ვუთმობდი. შევეცადე – “მეიძულებინა ენა, ეთქვა იმაზე მეტი, რისი გამოთქმაც შეეძლო და მეიძულებინა ტვინი, ჩაწვდომოდა ისეთ რამეებს, რისი გააზრებაც არ ძალუძდა...”

ეს მცდელობა დღემდე გრძელდება...

წიგნს, ჩემმა უფროსმა მეგობარმა რომ გადმომცა ოცდახუთი წლის წინ, ერქვა – “სახლს მოხედე, ანგელოსო“, ხოლო მისი ავტორი გახლდათ მწერალი თომას ვულფი, გარდაცვლილი 1938 წელს პნევმონიით...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / მაშინ, ოცდახუთი წლის წინ...