სამადაშვილი ზაალ 

 

მემოთხრობეებსა და თხრობაზე 

 

 

 

ჩემი დაკვირვებით, ამ ბოლო დროს ლიტერატორებს გაკეთებული მოთხრობები უფრო მოსწონთ. შესაძლოა ვცდები, მაგრამ რომ არ მოსწონდეთ, ხომ არ შეაქებდნენ? რას ვგულისხმობ კეთებაში, უფრო სწორად, რომელი ტექსტი მგონია გაკეთებული! ალბათ ის, რომელსაც შესრულების თვალსაზრისით ნაკლს ვერ უპოვი, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა მთელი ენერგია ჩანაფიქრის უშეცდომოდ განხორციელებას შეალია, ნაცვლად იმისა, რომ ეს ენერგია მისი გაცოცხლებისათვის დაეხარჯა. შესრულების ხარისხი, როგორი Hი-ცლასს-ისაც არ უნდა იყოს, ვერ განაპირობებს ტექსტის სიცოცხლისუნარიანობას. სიტყვებისა და წინადადებების ეფექტურად კომბინირების ცოდნა, რასაც დიდად ვუფასებ ყველას, დამწყებსაც და გამოცდილსაც, ოდნავადაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოთხრობა სუნთქავდეს... მეტსაც გეტყვით, მოთხრობების კეთებას არ ურჩევდნენ „საბრალო სკოტს” – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს. ის კი, მოგეხსენებათ, როგორი სულის შთამბერავი გახლდათ თავისი ხელნაწერებისა. ვინც კეთებას არ ურჩევდა, ის ამბობდა სწორედ – დიდი გეტსბისნაირი რომანი დამაწერინა ნეტავიო... არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მოთხრობების წერაში ცოტა ვინმე თუა ფოლკნერზე წარმატებული. მემოთხრობე იყო ერნესტ ჰემინგუეი, რეზო ინანიშვილი; მემოთხრობეა გიგაშა – ვაჟა გიგაშვილი და მიუხედავად ერთგვარი დაუდევრობისა (რასაც სტილიც შეიძლება ვუწოდოთ), გურამ გეგეშიძე „აპრილით”, „შურისძიებით”...

გრაფომანები ყველა ჟანრში თამამად გრძნობენ თავს, მაგრამ რომანს უფრო ეტანებიან. შეგვიძლია ავხსნათ – გარდა იმისა, რომ ბევრი წერა უყვართ, სახელის მოხვეჭა რომანით უფრო იოლია. გახსოვთ, რა თქვა მარკესმა? – „ასწლიანი მარტოობა” იმიტომ დავდე თაროზე, „პოლკოვნიკს აღარავინ არ სწერს” რომ წაეკითხათო. მარკესი გრაფომანი ნაღდად არ არის; მის გენიალობაზე სწორედ ეს გამონათქვამი მეტყველებს. იმის მაგივრად, რომ თავი მოიწონოს სამოცდაათიან წლებში პლანეტარული აღიარების მქონე რომანით, ამბობს, მოთხრობა მაქვს უფრო მაგარი დაწერილიო...

რომანი არ დაუწერია სეი-სიონაგონს, არც – აკუტაგავას, მაგრამ რა, ზემოჩამოთვლილ მემოთხრობეთაგან ერთ-ერთის არ იყოს – ბაობაბზე ნაკლებმნიშვნელოვანია დედამიწისთვის პაწია ბალახი? სულ ახლახან წავიკითხე ოთარ ჩხეიძის „პაგანინის თითები”... მენდეთ, ზედიზედ რამდენჯერმე დამესიზმრა საბედისწეროდ დაქნეული გაბასრული წალდი და მტევანს მოსხეპილი თეთრი, გრძელი თითები...

რომანს არ ვეჩხუბები, ჩემთვის, წყნარად მგონია, რომ კარგი მწერლის პოტენცია მოთხრობაში უფრო ვლინდება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ ოკეანე წვეთში აისახება. წვეთი მოთხრობაა – ერთი კაცის ერთი დღე, ანდა სულაც თხუთმეტი წუთი, ოკეანე ცხოვრება – ასეულ მილიონობით ადამიანის ბიოგრაფიაა... ოღონდ პროზაში ისე არ არის, როგორც არაორგანულ ქიმიაში, ასახვა თავისთავად არ ხდება, მას განმხორციელებელი სჭირდება, პროზის ენაზე – მწერალი...

კიდევ ერთი რამ... ოცდამეერთე საუკუნის რიტმი და ამ რიტმის შესაბამისი ასგვერდიანი რომანები. თავმოყვარე რომანი, სულ მცირე, სამასგვერდიანი მაინც უნდა იყოს... სამას გვერდზე უნდა იყოლიო გვერდში მკითხველი. ამისათვის, Aმიგო მიო, ვარგას ლიოსასავით უნდა წერდე, პედრო კამაჩოს გამოგონება უნდა შეგეძლოს, დიდი გრაფომანის, რომელსაც სკამზე ბალიშები უდევს „რემინგტონის”კლავიშებს რომ მისწვდეს...

ლამაზ ქალებს უნდა აინტერესებდე, შენს გულის ფიცარზე თავიანთი სახელების ამომკაწრავ გოგოებს... გოგოებს, რადგან მაგარი ქალები სიბერეშიც გოგოებად რჩებიან... რომ მოდის და ქუჩა რომ მოაქვს, ისეთი ქალის არსებობა მწერლის გვერდით – აუცილებელია... აუცილებელია იმიტომ, რომ მოკალმე, ვინც ასეთ ქალებს არ მოსწონთ (სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ), ვერ დაწერს „ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერებას”, „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს”, „ვარსკვლავთა მანტიას”...

ბოლოს იმასაც ვიტყვი:

ვინც ერთხელ მაინც არ ჩასულა ცხოვრებისგან წახდენილი კაცებით სავსე სარდაფში წყლით გაზავებული სპირტის დასალევად, ვისი სახელის გაგონებაც არ აღიზიანებს და ნერვებს არ უშლის გაქსუებულთა დამფასებელ საზოგადოებას, ვისაც პარიზის მარად თანმდევი დღესასწაულებისა არ სჯერა – ჩემთვის ღირებულს ვერაფერს შექმნის...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / მემოთხრობეებსა და თხრობაზე