სამადაშვილი ზაალ 

 

მოახლოებული ზამთრისა 

 

 

 

ზამთარი ხომ მოვა?

ხომ ჩაქრება სინათლეები ჩვენს ფანჯრებში?

ხომ შემოვდგამთ მაგიდებზე ლამფებსა და სანთლებს?

ხომ დავწერთ და ხომ წავიკითხავთ მათ მბჟუტავ შუქზე ათასს თუ არა, ხუთ-ექვს რამეს?

ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ...

სულ წერად და კითხვად ხომ ვერ ვიქცევით ეს ისედაც მწერალ-მკითხველი ხალხი?

ხომ მოგვინდება დალაპარაკება ჩვენი ხელობის ადამიანებთან?

ალბათ...

ალბათ კი არა, აუცილებლად...

დალაპარაკება კიდევ, იქა სჯობს, სადაც ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში ტელეფონი არ რეკავს, არა დგას „საავიაციო” ნავთის სუნი და ოჯახის რომელიმე დაღლილ-დაქანცულ წევრს წაძინება არ უნდა...

დაილოცოს ლიტერატურული დუქნები, იქ, გაჩირაღდნებულ ქვეყნებში არტ-კაფეებს რომ ეძახიან. გამოხვალ შინიდან, აიწევ „კურტკის” საყელოს, დაუქნევ ხელს რუსთაველისკენ მიმავალ „მარშრუტკას” და მიადგები რომელიმე მათგანს (სულ ორია – ერთი კოტესი, ბროსეს ქუჩაზე, მეორე – დათოსი, ზემელზე). ჯერ კოტესთან ჯობია, იქ ნაკლებად ჭრელი ხალხი ირევა, იქ უფრო გადააწყდები ვინმე შენიანს. დაჯდები კედელთან, ფერად ბალიშებზე, გაითბობ გულ-მუცელს ცხელი ყავით და დაუწყებ ლაპარაკს იმ შენიანს, ვთქვათ, ასეთ რამეზე – კონტრკულტურაა სწორი ცნება, თუ არალეგალური კულტურა.

ის თუ გეტყვის – კონტრკულტურაო, შენ უპასუხებ – „კონტრ” ხომ საწინააღმდეგოს ნიშნავს, კულტურის საწინააღმდეგო რაღა კულტურააო. თუ გითხრა, არც ერთი და არც მეორე – „Underground”-იო, შენ ეტყვი – „ Underground” „Black Sabath”-ის გამიგონიაო და ა.შ. მოკლედ, გახურდებით, რომ გახურდებით, ზევით უნდა აინაცვლოთ, დათოსთან, სადაც ტეკილა ისმება ორად და ორმოცდაათად თავისი მარილითა და ლიმონით. ბარის დახლთან ფეხზე მდგომებმა უნდა დალიოთ ორ-ორი, ჰა-ჰა, ოთხ-ოთხი და უკვე იმაზე ილაპარაკოთ, „პლანეტა-ფორტეს” ჯიხურში გოგრიკოსავით დასკუპებულ ბებას რა წიგნები ჩამოუვიდა მოსკოვიდან...

ვგონებ, ურიგო არ უნდა იყოს მოახლოებული ზამთრის თუნდაც ერთი საღამოს ასე გატარება. ამისათვის კი, საკმარისი არა, მაგრამ აუცილებელი გახლავთ, სულ ცოტა, ოცი ლარი გედოს ჯიბეში. ეს ფული ლამფის შუქზე დაწერილი შენი „რამით” უნდა მოიპოვო. ლიტერატურული დუქნებისა არ იყოს, ერთი-ორი კარგი ლიტერატურული გაზეთი და ლიტერეტურული ჟურნალი ჩვენშიც არის, სადაც ამ თანხას დაუყვედრებლად გადაგიხდიან.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / მოახლოებული ზამთრისა