სამადაშვილი ზაალ

 

სამაგიდო წიგნებს მხოლოდ  მამაცები წერენ

 

 

 

კოლაუ ნადირაძეზე ჰყვებიან:

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გარდაცვლილა კაცი, ვისაც "ენკავედე" დღე-დღეზე უპირებდა დაპატიმრებას. გაუსწრია საწყალს იმქვეყნად წითელი ურჩხულებისთვის, მაგრამ ურჩხულები რისი ურჩხულები იქნებოდნენ, ჭირისუფლებისთვის ტკივილი რომ არ გაეათმაგებინათ. სადარბაზოსთან მორიგეობა დაუწესებიათ და მისასამძიმრებლად მოსულ ხალხს უკან აბრუნებდნენ; ტყავისპალტოიანი ახმახები ყოველდღე ენაცვლებოდნენ თურმე ერთმანეთს. კოლაუ ნადირაძის ნათესავი თუ ნაცნობი ყოფილა განსვენებული და თანაგრძნობის გამოსახატავად ისიც მისულა ერთ საღამოს. იცოდა თუ არ იცოდა პოეტმა, ხალხს პანაშვიდზე რომ არ უშვებდნენ _ ვერ გეტყვით, დიდი შანსია, რომ სცოდნოდა, თბილისი პატარა ქალაქი იყო მაშინ და ჩურჩულით მოყოლილი ამბები, ცხადია, სწრაფად ვრცელდებოდა. მისთვისაც გადაუღობავს გზა „ენკავედეშნიკს”, არ შეიძლებაო, უთქვამს. რა არ შეიძლება, მისამძიმრებაო? _ უკითხავს კოლაუს, რომლის მოკრივულ ცხვირს, რა თქმა უნდა, ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოუხდენია ყოვლისშემძლე, მილიონებისთვის თავზარდამცემი ორგანიზაციის წარმომადგენელზე, მეტიც, გაოცდებოდა უეჭველად, რაებს ბედავს ეს მღილიო და ხელს ჰკრავდა მკერდზე... უფრო მაგრად გაოცდებოდა მაშინ, როცა უკანალზე მოსმული, ჯოჯოხეთურად ატკიებულ ყბას მოისრესდა და საიდანღაც ზემოდან ჩაესმებოდა კიბის საფეხურების ჭრიალი. ჯერ იფიქრებდა, ხელმძღვანელი ამხანაგებიდან ხომ არ არის ვინმეო და შეშინდებოდა, თუმცა, მალე გადაუვლიდა ეს შიში... ხელმძღვანელი ამხანაგი საბუთს ააფარებდა თვალებზე... მერე იფიქრებდა, გიჟიაო და მაინც შეეშინდებოდა, რადგან არავინ არ უნდა შეეშვა სადარბაზოში, არც გიჟი და არც ჭკვიანი და რაკი „შეუშვა”, სასჯელიც არ ასცდებოდა... სხვა გზა არ ჰქონდა, სხვანაირად ვერ გადარჩებოდა, უნდა ჩაეყლაპა ყბის მონგრევა... წარმოიდგინეთ, როგორი მზერით გააცილებდა პანაშვიდიდან ჩამობრუნებულ კოლაუს, რომელსაც, ასე მგონია, ჯეიმს კეგნივით კეფაზე ექნებოდა მოგდებული ჩვეულებრივზე უფრო ფართოფარფლიანი ფეტრის შლაპა...

ნიკო სამადაშვილზე ჰყვებიან:

დაჭერილია ვახტანგ კოტეტიშვილი. ძერჟინსკის ქუჩის ბოლოში მდგარ აივნებიან სახლს შიშით უვლიან გვერდს დამფრთხალი მოქალაქეები. ძნელად გასამტყუნებელია მათი სიმფრთხალე, დღე არ გავა, რომ ვინმეს გაქრობის ამბავი არ შეიტყონ. გაქრობის „მიზეზებს” შორის ერთ-ერთი მთავარი _ ხალხის მტრებად შერაცხულ ადამიანებთან ურთიერთობაა. სტუმრად მისვლა კი არა, მათი ოჯახის წევრებისთვის გამარჯობის თქმაც დანაშაულად ითვლება. ერთ მშვენიერ დღეს, შიშიანობისა და განუკითხაობის დროშიც თენდებოდა ასეთი დღეები, რუსთაველის გამზირის მხრიდან აღმართს ამოუყვება სანოვაგითა და საბავშვო საჩუქრებით დატვირთული კაცი (ერთ-ერთი საჩუქარი პლუშის დათუნიაა). აივნებიან სახლამდე ჯერ კიდევ შორს რომ არის, იმ ადგილიდან იწყებს ეს კაცი ძახილს _ კოტეტიანებო, მოვედი და გადმომხედეთ ვინმემო... ეს გახლავთ გამომწვევი საქციელი (თან ვისი გამომწვევი), დემონსტრირება იმისა, რომ ყველას არ ეშინია და რაც მთავარია, არამარტო მასპინძლების, არამედ მთელი იმ უბნის მაცხოვრებელთა გამხნევება, მათ გულებში იმ იმედის ჩასახვა, რომ „ჩეკა” მთლად ყოვლისშემძლე არ არის... იმ დღის მშვენიერების ავტორი (და კიდევ არაერთისა), რუსთაველის მხრიდან ამომავალი კაცი იყო ნიკო სამადაშვილი, რომელსაც ეკუთვნის ასეთი სტრიქონები: „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები, ტანზე გამონაყარი...”

მკითხველი ალბათ მიმიხვდება, რატომ ვყვები ამ ისტორიებს. მინდა, ოდნავ მაინც გავაქარწყლო შეხედულება, თითქოს მწერალს კარგად წერის გარდა ბევრი რამ არ მოეთხოვება. მოეთხოვება და თანაც როგორ... უპირველეს ყოვლისა, ნონკონფორმიზმი და სიმამაცე... ის ხომ ცნობილი პერსონა ბრძანდება, გაცილებით ცნობილი, ვიდრე მისი მკითხველების უმრავლესობა. უცნობები კი, არცთუ იშვიათად, ენდობიან ხოლმე ცნობილებს და საკუთარი უმწეობების გამართლებას მათი საქციელების მიხედვით ცდილობენ... დამისახელეთ კონფორმისტი და მხდალი მწერალი და დაგისაბუთებთ, რომ ასეთი პიროვნების მიერ შემოთავაზებული ტექსტი მხოლოდ დროებით შეიძლება მოექცეს მკითხველის თვალთახედვის არეში. სამაგიდო წიგნებს მხოლოდ მამაცები წერენ, ზოგს პლუშის დათუნია და გალეტები მიაქვს პატიმარი ძმაკაცის შვილთან, ზოგი კიდევ მუშტის მოქნევამდე შლაპას კეფისკენ იწევს საყოველთაო შიშიანობის დროს...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / სამაგიდო წიგნებს მხოლოდ მამაცები წერენ