სამადაშვილი ზაალ

 

სიზმრად გამოძახება

 

 

 

ორმოცდახუთი წლის კაცი, წიგნების წერას მათი შეგროვება და კითხვა რომ არჩია, ერთ მშვენიერ ღამეს თავისი ძველი სახლის ძველ კედლებში ნახულობს სიზმარს, ვითომ სასთუმალთან უზის თორმეტ-ცამეტი წლის გოგონას, რომელსაც მაღალი სიცხე აქვს და კაცი ამას მუჭში მოქცეული მისი ხელისგულით და აპრიალებული თვალებით ხვდება. ფიქრობს, ნეტავ ვინ არის ეს ბავშვი?.. ვერ იხსენებს და მასზე ფიქრი გაღვიძების შემდეგაც არ სცილდება არათუ დილით, არამედ მთელი დღის განმავლობაში; ის არ ცდილობს ნანახის ახსნას, არ ადარდებს, როგორ შეიძლება, აუხდეს იგი, და მოსაღამოებისას საკუთარ თავს ატყობს, რომ ერთი სული აქვს, მალე დაღამდეს და კვლავ ძილს მიეცეს... იქნებ ისევ ესიზმროს გოგონა და უკეთ დააკვირდეს, რათა იცნოს...

 

* * *

...ცეკვა იყო ასეთი  ჩადგებოდა რიგში ოცი, ოცდაათი, ორმოცდაათი გოგო და ბიჭი, უკან მდგომი წინ მდგომს წელზე მოჰკიდებდა ხელებს და გაისმებოდა თუ არა მუსიკის ხმა, დაიძრებოდა ეს რიგი სკუპ-სკუპით; მისი თითოეული წევრი ოდნავ მაღლა და ოდნავ განზე სწევდა ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ფეხს...

საზაფხულო არდადეგების პიონერთა ბანაკებში გატარების დრო იდგა - წითელი ყელსახვევების, ვიმპელიანი საყვირებისა და რაზმებად და რაზმეულებად დაყოფის ხანა...

მეორერაზმელ გოგოს მეხუთე თუ მეექვსე საღამოს გაუმართლა. როგორც იქნა, იმ პირველრაზმელი მასზე ორი-სამი წლით უფროსი ბიჭის წინ აღმოჩნდა, ვისაც ჯერ კიდევ მატარებელში, ქალაქიდან გამომგზავრებისას მიაქცია ყურადღება და მერე, ჩამოსვლის დღიდან, თვალი ვეღარ მოაცილა...

 

მუსიკის ხმა რომ ჩაესმა და წელზე ხელების შეხება იგრძნო, ინანა, ნეტავ აბრეშუმის მაქმანებიანი ბლუზა და სუნამო წამომეღო ჩუმადო. რატომღაც იმედი მიეცა, რომ ცეკვის შემდეგ თვითონაც აღმოჩნდებოდა მათ შორის, ვინც ფერდობზე, ტყის პირას მდგარ ფანჩატურში მოიკალათებდა "ბრის ილი მიაუ”-ს, არაჩვეულებრივი ფლირტის სათამაშოდ, სადაც თვალდახუჭული მოთამაშის პასუხი "მიაუ”, ვინმესკენ თითგაშვერილი თამაშის წამყვანის კითხვაზე "ბრის ილი მიაუ?” - კოცნას ნიშნავდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თვალებს მის რჩეულს დაახუჭინებდნენ, ხოლო შეკითხვას, როცა თითს მისკენ გაიშვერდნენ, ის აუცილებლად მისთვის სასურველ პასუხს გასცემდა...

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გოგოს სურდა. ცეკვით რომ დაიღალნენ, ფანჩატურს მიაშურეს. არავის არ უთქვამს მისთვის, - შენ სადღა მოდიხარო. ფანჩატურში მართლა იმ ბიჭს დაახუჭინეს თვალები. ბიჭმა კი მართლა მას აკოცა ლოყაზე. “ოცნებების ასრულების დღე”, - ჩაწერა გოგომ მეორე დილას თავის მუყაოსყდიან რვეულში, რომელსაც ლეიბის ქვეშ ინახავდა, კიდევ ერთხელ გაიხსენა გუშინდელი თავგადასავალი და მიიჩნია, რომ არც ბიჭი იყო მის მიმართ გულგრილი...

მოეჩვენა...

მომდევნო დღეების მანძილზე ერთხელაც ვერ მიიქცია ბიჭის ყურადღება. მეტიც, ისევ რომ მოახერხა მის წინ ჩადგომა ცეკვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭმა ადგილი გაუცვალა ვიღაცას და სადღაც უკან გადაინაცვლა...

იმავე საღამოს მისწერა წერილი მშობლებს  დაუყოვნებლივ წამიყვანეთ აქედანო, და სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ, არც საუზმეს დააკარა პირი, არც სადილს და არც ვახშამს. დაჯდა ბანაკის სამკუთხა ალმებით მორთულ ჭიშკართან და თვალმოუცილებლად დაუწყო ყურება გზას.

მშობლები ჩამოვიდნენ და წაიყვანეს. წერილის მიწერის მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩამოსვლისასაც ჰკითხეს და წაყვანისასაც, გზაში. პასუხი ვერ მიიღეს. შინ როგორც კი შედგეს ფეხი, გოგომ ლოგინი გაიშალა, ჩაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა და საბანი თავზე წაიფარა...

ცოტა ხნის შემდეგ, დედამ შუბლზე რომ დაადო ხელი, გავარვარებული იყო, მაღალი სიცხე ჰქონდა. პოლიკლინიკიდან გამოძახებულმა ექიმმა ყელში რომ ჩახედა და ფილტვებს მოუსმინა, მხრები აიჩეჩა და თქვა, არც ერთის ბრალია სიცხიანობა და არც მეორისა, ორივე სუფთა აქვსო...

 

* * *

სიზმრები არ მეორდება. ასე რომ, ორმოცდახუთი წლის კაცი, წიგნების წერას მათი შეგროვება და კითხვა რომ არჩია, ვეღარ შეხვდება თორმეტ-ცამეტი წლის გოგონას და ვერ გაიხსენებს მას. საინტერესოა, თავად გოგონამ თუ იცნო იგი, ან იქნებ ის ორმოცდახუთი წლის მამაკაცს კი არა, თხუთმეტი წლის ბიჭს ხედავდა, რომლის ყოფნაც მის სასთუმალთან უკიდეგანო ბედნიერებას მიანიჭებდა მაშინ, ოცდაათი წლის წინათ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / სიზმრად გამოძახება