სამადაშვილი ზაალ 

 

სწორხაზოვანი სიზმარი 

 

 

 

სამშობლოდან გამოვრბოდით თუ სამშობლოსკენ მივრბოდით – არ ვიცი. გავრბოდით კია. გავრბოდით ბევრნი, ძალიან ბევრნი, ასეულ ათასობით. შემზარავი იყო ჩვენი სიმრავლე და არანაკლებ შემზარავი – ბუნება ამ ატორტმანებული სიმრავლის ირგვლივ. ელვის უხშირესი გაკლაკვნები იოდისფერ ცაზე, ბალახების გამრთხმელი და მიწის ფაფად მქცევი წვიმა. უნდა მიგვეღწია გემამდე. გემამდე კი არა, მატარებლამდეო! – ჩაგვძახოდნენ ვიღაცეები და ჩვენ, სულის მოსათქმელად აუცილებელი, ხანმოკლე შესვენებებისას ვკამათობდით, რომელიღაც დიდ პორტამდე უნდა გვერბინა, თუ რომელიღაც ვაგზლამდე. ერთნი ამბობდნენ, – ხუთი დღის სარბენი დაგვრჩა, მეორენი, – ხუთი თვისაო. მეორეებს არავინ უჯერებდა, არც ერთ ჩვენთაგანს აღარ ახსოვდა, რამდენი ხანია რაც გამოვრბოდით...

პირველად რომ ამოვყავით თავი გრძელზე გრძელ, შემინულსახურავიან სარკინიგზო სადგურში, ვიფიქრეთ, რომ მარათონი დასრულდა, მაგრამ რატომღაც არცერთმა ჩვენთაგანმა არ მიაშურა ვაგონებს. დინების თითოეულმა წევრმა ერთდროულად ვიგრძენით, რომ სინათლე და სითბო, რომლებსაც ვაგონები აშუქებდნენ თავიანთი ფარდებჩამოფარებული ფანჯრებიდან, ჩვენ არ გვეკუთვნოდა. მატარებელი ელოდა ჩვენგან სრულიად განსხვავებულ – მშრალ, დასვენებულ, ერთმანეთთან დინჯად მოსაუბრე ადამიანებს და ისინიც იქვე იდგნენ, პერონზე, ვაგონების გასწვრივ. ცნობილი პიროვნებები იყვნენ ყველანი, მოღვაწეობის სფეროთა წინამძღოლები. გვამხნევებდნენ როგორც შეეძლოთ – შემწყნარებლური ღიმილით, თავების კანტურით, საფეთქლებთან ახლოს მიტანილი ხელების სუსტი, მონოტონური ქნევით...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / სწორხაზოვანი სიზმარი