სამადაშვილი ზაალ 

 

ტუკია 

 

 

 

ერთად ვიზრდებოდით. ზედმეტსახელი “ტუკია” მე შევარქვი. სქელო რომ იყო და მაგარი ჯანიანი, იმის გამო. წიგნიერი ხალხი ხართ და ტუკი უნდა გახსოვდეთ წესით, მხიარული ბერი, რობინ ჰუდის ძმაბიჭი; სკოლისა და ინსტიტუტის ამბებით თავს არ შეგაწყენთ, საოფიცრო კურსებისას მოგიყვებით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რო გავიარეთ დილიჟანში, სომხების პატარა, საკურორტო ქალაქში, რომლის მაცხოვრებლები დიდად ამაყობდნენ იმით, რომ “კაჟდი გოდ სიუდა პრიეჟაეტ სამ არნო ბაბაჯანიან"

მოგეხსენებათ, იერარქიების გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირთ ადამიანებს. შეიყრებიან თუ არა ერთად, მაშინვე უხილავი კიბეების აგებასა და თავიანთთვის სასურველ საფეხურებზე მოკალათებას ცდილობენ. გინდა-არგინდა, ებმები ამ თამაშში, მით უმეტეს, როცა იმ თაობას ეკუთვნი, რომელიც ყოველივე ფარულსა და დაუწერელს განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდება. კიბის თავში დამკვიდრებისთვის ნაღდად არ ვიბრძოდი, მაგრამ წესებს მკაცრად ვიცავდი. ჰაუპტვახტში მოხვედრის საფრთხის მიუხედავად, არც პლაცს ვხვეტავდი, არც გაქონილ ქვაბებს ვაკრიალებდი და არც “პავიაზკას” ვიკეთებდი მკლავზე. “პავიაზკას ვერც ტუკიას შეაბამდე ვინმე, თვით პოლკის უფროსიც კი (შეიძლება არ დაიჯეროთ და გვარად პიანოვი), მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მას ოდნავადაც არ თრგუნავდა ჯარისკაცული ვალდებულებების შესრულება. არც თრგუნავდა და არც მის ავტორიტეტს აკლებდა რამეს. ტუკიას თითქმის ისევე შესციცინებდნენ, თვალებში, როგორც გობეჯას, ჩვენზე ორი-სამი წლით უფროს ბიჭს, რომელიც ყაზარმის ბოლოს, ზედა საწოლზე იწვა და ჩვენსავით ჩექმებს კი არ დაათრევდა, ჩეხური “ბოტასებით” დაიარებოდა ნაწილის ტერიტორიაზე...

ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენი ვინმე შეეცდებოდა ასეთ ტიპთან ჩაძმაკაცებას; ბევრი... მაგრამ გობეჯამ ორ კაცს დაადგა თვალი, ჩემსავით და ტუკიასავით ბავშვობის მეგობრებს, პლანის წევისგან გამომხმარ ნიკუშას და ცოტათი მოშტერო, გორილასავით გრძელხელება ცუგოს. ნიკუშა არც მანამდე აკლებდა ხელს, მაგრამ ამის მერე ხო გაბლატავდა და გაბლატავდა. ჩაცუცქული და მუხლებზე იდაყვებჩამოყრდნობილი, არჩევდა და არჩევდა საქმეებს თავის კანტურით. რაც შეეხება ცუგოს, ის აღტაცებით შეჰყურებდა მტყუან-მართლის დამდგენ მეგობარს და ტკბებოდა თავისი ახალი მდგომარეობით.

ერთი თვე გვრჩებოდა ვარსკვლავებიანი “პაგონების” დაკერებამდე, რომ გამოგვიცხადეს, ზაფხულის სტიპენდიები მიიტანეს ინსტიტუტშიო. ზაფხულის სტიპენდია ას ორმოცდაათი მანეთი იყო, თანხა, რომლითაც ყირაზე გადახვიდოდი ნებისმიერ ზღვისპირა დასახლებაში... რამდენიმე დღის შემდეგ, ორი კაცის პასპორტი გაქრა. ცხადი იყო, ვიღაცა მაგარ დღესასწაულს იგეგმავდა ამდენი ხნის ყაზარმაში გდებისა და “მარშ ბრასოკების" მერე...

ვისი პასპორტები გაქრა, არ იკითხავთ?.. ნიკუშასი და ცუგოსი... ტუკია ეგრევე მიხვდა, ვისი გაკეთებული იყო ეს. რომ მითხრა, ლამის პირი დავაღე, მაგრამ როცა ამიხსნა, მივხვდი – სწორი იყო. პასპორტების ამღები ის უნდა ყოფილიყო, ვისაც ნიკუშა და ცუგო არათუ მერე, არამედ მაშინაც კი ვერ მიაწვებოდნენ, ფაქტზე, რომ წაესწროთ. ორას კაცს შორის, ერთადერთი იყო დაზღვეული ასეთი რამისგან – გობეჯა. ჩვენ ის ჩაშვებისგანაც დაზღვეული გვეგონა, მაგრამ...

ერთ დილას, მთელი ღამის ნალოთავები მორიგე ოფიცრის მაგივრად, ცუგოს ღრიალმა დაგვიფრთხო ძილი. ჩექმებში ფეხებჩაწყობილი, ტრუსებისამარა ცუგო ასევე ტრუსებისამარა ნიკუშას მისდევდა ყვირილით, – ეს რა გამაკეთებინე, შე ახვაროო!.. თურმე ნუ იტყვით, ნიკუშას თბილისში უფრენია ცუგო მოლარის გასაფრთხილებლად, ჩვენი პასპორტებით რო მოგადგეს ვინმე, ფული არ მისცეო... უკან დაბრუნებული ცუგო გობეჯას გამოუტეხავს ამაში, ერთი წაურტყამს და უთქვამს, – მართლა რო მისულიყო ვინმე, ხო დაიჭერდნენ, შე ბოზოო!..

შტერ ცუგოს კი არა, ჭკუა რო მოეკითხებათ, ისეთ ადამიანებს უჭირთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობის აღიარება და ხშირად, საკუთარი შეცდომებისა თუ დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. სწორედ მდგომარეობის გამოსწორებას, მიკერებული იარლიყის ჩამოგლეჯას ცდილობდა ცუგო, როცა იმ დილიდან მოყოლებული, თითქმის ყოველდღე უმოწყალოდ სცემდა ყოფილ მეგობარს. გობეჯას ერთხელაც არ დაურტყამს ხელი ნიკუშასთვის, არც უგინებია, ყაზარმაში ფეხის შემოდგომა აუკრძალა და ამით მორჩა მასთან ურთიერთობას.

თავიდან არ მეცოდებოდა ნიკუშა, მოვკრავდი თუ არა თვალს სადმე საწყლად ატუზულს, სულ ის მახსენდებოდა, ამ ამბამდე როგორ დაიზლაზნებოდა ჩვენ შორის და როგორი რიხით გვიხსნიდა გამრავლების ტაბულასავით მარტივ რამეებს. მერე და მერე, დასრულების პირი რო აღარ გამოუჩნდა, წერტილი რო აღარ დაესვა მის ცემასა და ღამეების ბუჩქებში თევას, გობეჯას მივადექი და ვუთხარი, – მორჩეს ეს ამბავი, ბოლო-ბოლო, მართლა ლაგერში ხო არა ვართ-მეთქი... შემომხედა გობეჯამ, მიყურა ცოტა ხანს და მითხრა, – მოიყვანე, ვილაპარაკოთო.

ტუკიას რო მოვუყევი, ასე და ასე მოვიქეცი-მეთქი, უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, – ტყუილად ახურებო...

წითელ ოთახში შევიყარეთ სალაპარაკოდ, ვიმპელების, პლაკატების, ფოჩებიანი დროშებისა და ლენინის ბიუსტის გარემოცვაში. სხვათა შორის, ლენინის ბიუსტი გამოფუღუროებული იყო შიგნიდან და “აბლავების” დროს არყის სამალავად ვიყენებდით. გობეჯა, ტუკია და მე – ვისხედით, ნიკუშა იდგა...

დარწმუნებული ვიყავი, რო ნიკუშა შეძლებდა თავის მართლებას. იტყოდა, რო არავის ჩასაშვებად არ გაუშვია ცუგო თბილისში, რო ცუდად კი გამოუვიდა, მაგრამ ამის მიზეზი ჩაშვების სურვილი კი არა, დაუფიქრებლობა იყო, რო დაუფიქრებლობისათვის საკმარისზე მკაცრად დაისაჯა... ჩვენც შევაწევდით სიტყვას. თურმე სადა ხარ, ვინ აპირებს მონოლოგების მოსმენას?!. პირის გაღება რომ დააპირა ნიკუშამ, გობეჯამ დაასწრო და ჰკითხა, – დღეში სამჯერ რო გირტყამს ეგ შენი ძმაკაცი, არ გიტყდებაო?.. კიო, თავი დაუქნია მან. მერე? – ისევ ჩაეკითხა გობეჯა. რა მერე? – მხრები აიჩეჩა ნიკუშამ. მერე ისა რო, როდემდე უნდა არტყმევინო?.. ჩემზე ჯანიანია და რა ვქნა? – ამოილუღლუღა ნიკუშამ. რა უნდა ქნა?.. რა უნდა ქნა და... უნდა თხარო დანა მუცელში!.. – სკამიდან წამოიწია გობეჯა და ისე გაიქნია ხელი, თითქოს მართლა ურტყამდა დანას ვიღაცას. არა მაქვს, თორემ... გავიგონე ნიკუშას ხმა...

გიჟივით გამოვვარდი გარეთ, “კურილკა”-ს მივაშურე და ნახევარ საათში ერთ კოლოფ “პრიმას” მოვუღე ბოლო. მოვიდა ტუკია, დამიჯდა გვერდით და წაიღიღინა: “ფრაერ ტაპაეტ ზა მნოი, ა მნე ნრავიტსია ბლატნოი!...” არ მივაქციე ყურადღება. ისევ წაიღიღინა. გავიგე რა, რო გობეჯა “ბლატნოია”, მე კი, “ფრაერი”-მეთქი, ვუყვირე. ამ სიმღერის მესამე გმირი კიდე, ვინც “ბლატნოის” მხარეზეა – მე ვარო. წამოვხტი და წასვლა დავაპირე. შემაჩერა...

ბიჭოო, ნიკუშასნაირ ტიპებს მე და შენ ვერასოდეს ვერ ჩამოვდღლიზავთ ნიღბებს, მაგ საქმისათვის გობეჯები არიან გაჩენილებიო – მითხრა საწყალმა. საწყალმა კი არა, ცხონებულმა... ოთხმოცდაცამეტის ზაფხულში დაიღუპა აფხაზეთში, პოზიციებიდან დაბრუნებული ერთ-ერთი თანამებრძოლის ქამრიდან ჩამოვარდნილ “ლიმონკას” გადაეფარა საკუთარი სხეულით...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ტუკია