სამადაშვილი ზაალ

 

ტყეზე, მდინარესა და სოფლის ბიბლიოთეკაზე 

 

 

 

   ათას ცხრაას სამოცდახუთი წელი იყო, მე და მამამ მარტოებმა რომ გავატარეთ ზაფხული. მომდევნო წელს დედაც გვახლდა, ინგლისიდან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებსაც გადმოსცემდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ წინა ზაფხული უფრო მკაფიოდ, უფრო ღრმად ჩაიბეჭდა მეხსიერებაში.

იმხანად მამაჩემი სარწყავი არხის მშენებლობაზე მუშაობდა ქართლში და საცხოვრებლად ერთ პატარა სოფელში ჰქონდა ნაქირავები ბინა – მოზრდილი ოთახი ხის დიდი აივნით, საიდანაც ვრცელ დაბლობზე გაწოლილი მტკვარი და მის გასწვრივ აღმართული მოლურჯო-მომწვანო მთაგრეხილი მოჩანდა.

სახლი ფერდობზე იდგა, ტყის პირას. გახვიდოდი უკანა ეზოში, გადაძვრებოდი ხის ღობეზე და ტყეში იყავი. იქ კიდევ ფიჭვები ცას წვდებოდნენ და მიწა ტოტებიდან ჩამოცვენილი გამხმარი წიწვებით იყო მოფენილი. სიარულის დროს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს კაუჩუკზე მიაბიჯებდი.

ჯიბეში მუდამ მედო ბოლომოკაუჭებული და წვეტგაბრტყელებული ლურსმანი, რომლითაც ფიჭვების ტანზე ჩამოღვენთილ ფისის ბურთულებს ვაგროვებდი. ყველაზე მკვრივ და გამჭვირვალე ბურთულებს კოკრებს ეძახდნენ სოფლის ბიჭები. სწორედ კოკრების გაღეჭვით მზადდებოდა ღია ვარდისფერი, სურნელოვანი კევი, რომელიც დიდხანს, თითქმის მთელი დღე ინარჩუნებდა დრეკადობას და გემოს.

ტყეში ხეტიალი თუ მოგბეზრდებოდა და თან ხელ-პირიც მაგრად მოგეთხუპნებოდა წებოვანი ფისით, უეჭველად მტკვრისკენ გაგიწევდა გული. რა უნდოდა იქ ჩასვლას – არც არაფერი. ერთი გრძელი დაღმართის ჩარბენა, გავაკება და ჯერ სარკინიგზო და შემდეგ საავტომობილო გზის გადაკვეთა. გადაჭრიდი მოასფალტებულ გზას და გაერეოდი რიყეზე მოჟრიამულე, ტრუსებისამარა ბიჭებში.

 ყველა კარგად ვცურავდით, თუმცა გამორჩეულ მოცურავედ ის ითვლებოდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ ყველაზე შორს აუყვებოდა მდინარეს, ანდა მორევში ჩაყურყუმალავებული, ფსკერიდან ფეხის ერთი დაკვრით ამოყვინთავდა წყლის ზედაპირზე. ორნაირად ვცურავდით, სადაც დინება მდორე იყო – ბაყაყურით, სადაც სწრაფი – მკლაურით.

ცურვის ტერმინოლოგიით ბაყაყური – ბრასია, მკლაური კი – კროლი. იშვიათად, მაგრამ ხდებოდა ხოლმე, რომ ნაპირთან ახლოს, რაღაც ცივის და სლიპინას შეხებას იგრძნობდი ფეხზე. შიშისგან ფერდაკარგულს რომ დაგინახავდნენ მზეს მიფიცხებული ბიჭები, უმალ მიხვდებოდნენ, რაც გჭირდა და გამოგძახებდნენ – რა იყო, შემოგეხვია ძია სისოო?! “ძია სისო” გველი იყო, წყლის ანკარა, ხვლიკივით უვნებელი არსება.

  კიდევ ერთი ადგილი, საითკენაც ისევე მიმიწვდა გული, როგორც მდინარისა და ტყისაკენ, ძველი ციხე-სიმაგრე იყო, ქონგურებჩამორღვეული კოშკი ალაგ-ალაგ დაბზარული აივნით და გალავნის შიგნით მოქცეული ვეებერთელა ეზოთი, სადაც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში აგებული ორი შენობა იდგა. ორივე პირქუში, სქელი კედლებითა და გისოსებში ჩასმული ფანჯრებით; ერთი დიდი, ორსართულიანი, მეორე, შედარებით მომცრო – ერთსართულიანი.

 ერთსართულიან შენობაში მაღაზია იყო, რომელსაც ყველა “ეფრემას მაღაზიას” ეძახდა. ეფრემა, სურამელი ებრაელი, შუახნის მსხვილი, მელოტი კაცი ამ მაღაზიის გამყიდველიც გახლდათ, საწყობის გამგეც და დირექტორიც. იდგა ხოლმე დახლს მიღმა, დიდჯიბეებიან, ლურჯ ხალათში გამოწყობილი და მისი დანახვა კრძალვას აღგვიძრავდა მის სამფლობელოში მოხვედრილ ბავშვებს. ეფრემასთან ისეთი რამეები იყიდებოდა, როგორებსაც გორისა და ხაშურის კი არა, თბილისის უნივერმაღებშიც ვერ გადააწყდებოდი.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად საიდან აღარ ჩამოდიოდა ხალხი. იმ დროს მოდაში იყო ჩინური წარმოების ნეილონის პერანგები და “ცებოს” მარკის ჩეხური “ტუფლები”. ჩვენ, თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭებს სათამაშოები გვიზიდავდა – პლასტმასის პატარა, ასანთის კოლოფისხელა ავტომობილები, ბრტყელ ბატარეებზე მომუშავე და ორღილაკიანი პულტით წინ და უკან სატარებელი კოსმოსური ყველგანმავლები და პისტოლეტები, ზოგი წყლის ჭავლს რომ ისროდა და ზოგი პინგ-პონგის ბურთს. მამაჩემი ყოველ დილას მანეთს მაძლევდა, მანეთად კიდევ ორი პატარა ავტომობილის ყიდვა შეიძლებოდა, სამ დღეს თუ მოვითმენდი და ფულს არ დავხარჯავდი – პისტოლეტის, ხოლო უცხოურწარწერებიან, პრიალა ყუთში მოთავსებულ ყველგანმავალს ერთკვირიანი თავშეკავება სჭირდებოდა...

მეორე შენობაში ფოსტა, კლუბი და ბიბლიოთეკა იყო. ფოსტაში მარკების ყიდვაც შეიძლებოდა, წერილების გაგზავნაც და დარეკვაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ამისთვის მიხვიდოდი თავსაფრიან, ცხვირზე სათვალედასკუპებულ ბებოსთან, რომელიც ხის თეჯირის მიღმა იჯდა, ეტყოდი სასურველ ნომერს, გადაიხდიდი ფულს; დაატრიალებდა ბებო ძველისძველ, ლამის კარადისხელა აპარატის სახელურს, დაუკავშირდებოდა კომუტატორს და არცთუ ისე ხანმოკლე გადაძახილ-გადმოძახილის შედეგ ახრიალებულ ყურმილს მოგაწვდიდა – თბილისია ხაზზეო!.

კლუბს ცალკე შესასვლელი ჰქონდა და ვიდრე დიდ, მოგრძო დარბაზში მოხვდებოდი, სადაც კინოებს უშვებდნენ, ვიწრო დერეფანი უნდა გაგევლო. დერეფნის ერთ მხარეს პატარა, გისოსებიანი სარკმელი იყო.

სარკმელს ფირნიში ჰქონდა თავზე, წარწერით “სალარო”. ბილეთი ოცი კაპიკი ღირდა, ბავშვებს ათ კაპიკს გვახდევინებდნენ და მხოლოდ დღის სეანსებზე გვიშვებდნენ. დღის სეანსის დროს დარბაზის ფანჯრებს მუქი, ალაგ-ალაგ დალაქავებული ფარდებით აბნელებდნენ. კინოფირები – თუნუქის მოვერცხლისფრო, მრგვალ ყუთებში ჩალაგებული ლენტები – რაიონულ ცენტრად წოდებული დაბიდან ამოჰქონდათ. სოფლის აღმართებში შაბათ-კვირაობით ამოარახრახებდა თავის დანჯღრეულ “ვილისს” კინომექანიკოსი, შუახნის სქელი, წითელცხვირიანი კაცი. დავედევნებოდით ბიჭები ყვირილით, – ქართულია თუ ომზე? ქართულია თუ ომზე?.. და თუ ან ერთი აღმოჩნდებოდა, ან მეორე, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ყველაზე მეტად “ბაში-აჩუკი” გვახარებდა; “ბაში-აჩუკი” და “გიორგი სააკაძე”, რადგან ორივე ქართული იყო და ორივე ომზე.

ფოსტის მსგავსად, ბიბლიოთეკაშიც ბებო იჯდა და ისიც თეჯირის მიღმა, ოღონდ მას თავშალის ნაცვლად მოლურჯო ბერეტი უფარავდა თეთრ, კეფასთან შეკრულ თმას და სათვალეც უფრო დიდი და სქელშუშებიანი ეკეთა. როცა არ უნდა მივდგომოდი თეჯირს, რომელიც მკერდამდე მწვდებოდა, ბებოს მუდამ გადაშლილი წიგნი ედო პატარა, წვრილფეხებიან მაგიდაზე და კითხულობდა. ფეხის ხმას გაიგონებდა თუ არა, თავს მოატრიალებდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა და ჩამეკითხებოდა – ბოლომდე თუ წაიკითხე და თუ მოგეწონა, რაც გაგატანეო.

სულ სათავგადასავლო წიგნები მიმქონდა ბიბლიოთეკიდან, ისეთები, სადაც თითქმის ყველა გვერდზე ერთიმეორეზე საინტერესო და სულისშემძვრელი ამბები ხდებოდა, სადაც ბუნების აღწერებს ცოტა ადგილი ეთმობოდა და მეც მეტი რა მინდოდა? მომწონდა რომელია, ზოგიერთის მეორედ გადაკითხვასაც ვასწრებდი ხუთ დღეში. ხუთ დღეზე მეტი ხნით წიგნის შინ წაღება არ შეიძლებოდა და ამ პირობას არ ვარღვევდი.

მაინ რიდი, ჟიულ ვერნი და კონან დოილი მოგვიანებით წავიკითხე, ერთი-ორი წლის შემდეგ. იმ ზაფხულს ბერეტიან ბებოს სხვა წიგნები გამოჰქონდა ჩემთვის თეჯირის გასწვრივ ჩამწკრივებული მაღალი – ზედა თაროდან წიგნის ჩამოღებას კიბე რომ სჭირდებოდა, ისეთი მაღალი – სტელაჟებიდან. ეს წიგნები გახლდათ: ელიზბარ ზედგინიძის მოთხრობების კრებული, სადაც ერთი მოთხრობა ჩემხელა ბიჭზე იყო, თბილისის ძველ უბანში მცხოვრებ ბიჭზე, რომელიც მამას, თამბაქოს ქარხნის მუშას პაპიროსების გახვევაში ეხმარებოდა.

გახვევა-გახვევაში მოწევას ეჩვეოდა, ფილტვებს იავადებდა და ამ დაავადებით იღუპებოდა.

სოსო იორამაშვილის პატარა, თხელყდიან წიგნშიც ბიჭის ამბავი იყო მოთხრობილი, უსამართლოდ დევნილი, უდანაშაულო მამის საძებნელად, მეგობრებთან ერთად მტკვარს რომ დაუყვებოდა ტივით მდინარის შუაწელიდან მინგეჩაურის წყალსაცავამდე. გზაზე ათასი რამ რომ გადახდებოდა თავს და ბოლოს მიზანს რომ მიაღწევდა – მამას იპოვიდა.

,,კლაპზუბის ფეხბურთელთა კლუბის“ ავტორი ვინ იყო, არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ჩეხი გახლდათ. ჩეხები იყვნენ კლაპზუბებიც, მამა და თერთმეტი შვილი, ბიჭები, რომლებიც ფეხბურთის თამაშს მშობლიურ სოფელში იწყებდნენ და მამის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ყველა უძლიერეს ნაკრებს ამარცხებდნენ, თანაც, ინგლისელებს - ,,უემბლიზე“, ბრაზილიელებს - ,,მარაკანაზე“, იტალიელებს- ,,სტადიო ოლიმპიკოზე“ და ა.შ.

,,მე, პელეც“ ფეხბურთზე იყო, დაწერილი თავად პელეს – ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიერ. ეს გახლდათ ზღაპარივით ამბავი ფეხსაცმელების მწმენდავ მუქკანიან ბიჭზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – ფეხბურთის მეფე ხდებოდა, ჩვეულებრივ მეფეებზე გაცილებით ცნობილი და ზოგიერთ მათგანზე არანაკლებ მდიდარი.

,,საბლიტგამის“ მიერ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტ წელს გამოცემული წიგნაკი, რომლის გარეკანსაც ვირზე ამხედრებული ჭილისქუდიანი ყმაწვილი ამშვნებდა, ვინმე ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრებას აღწერდა. ვინაობა ავტორისა, რომელიც შორეულ მეთექვსმეტე საუკუნეში ესპანეთის სამეფოში ცხოვრობდა, დაუდგენელი იყო. მოთხრობა რამდენიმე თავად გახლდათ დაყოფილი და თითოეულ მათგანში ერთიმეორეზე თავშესაქცევ ამბავს ამოიკითხავდი.

ყველაზე მეტად ის თავი მომწონდა, სადაც საბრალო ლაზარილიო პურით სავსე კიდობნის გასაღებს ჰპარავდა ძუნწ ბატონს, რომელიც დღეში მხოლოდ ერთ თავ ხახვს იმეტებდა მძიმე შრომით ქანცგაწყვეტილი მსახურისთვის.

წიგნი, რომლის არა მხოლოდ ერთი, არამედ თითქმის ყველა ეპიზოდი დღემდე მახსოვს, ნიკა აგიაშვილს ეკუთვნოდა და ისიც მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ამბებს, უფრო ზუსტად ყველაზე გამოჩენილი ესპანელი მწერლის ბიოგრაფიას მოგვითხრობდა. ამ მწერლის სახელი და გვარი ისე ამაყად ჟღერდა, რომ მისი ხმამაღლა წარმოთქმისას თვალწინ ფათერაკების მაძიებელი უმამაცესი რაინდი წარმოგიდგებოდა. სინამდვილეში ასეც გახლდათ, მიგელ დე სერვანტესი საავედრა ლეპანტოს ომის გმირი იყო, მონაწილე დიდი საზღვაო ბრძოლისა, სადაც ესპანელთა ფლოტმა დონ ხუან ავსტრიელის მეთაურობით თურქეთის არმადა დაამარცხა. ამ დიდ შეტაკებაში სერვანტესი მკერდსა და მარცხენა ხელში დაიჭრა და სამუდამოდ დაინვალიდდა – ხელი გაშეშებული დარჩა. სანამ ,,დონ კიხოტს” დაწერდა, ალჟირელ მეკობრეთა ტყვეობაც იგემა და ენით აუწერელი ტანჯვა-წამებაც, ტყვეობიდან თავის დაღწევის არაერთი წარუმატებელი მცდელობის გამო...

ღამ-ღამობით ვკითხულობდი. მთელი დღის ნაწანწალები სახლში საკმაოდ გვიან, დაბინდებისას ვბრუნდებოდი, ჭრიჭინობელების ხმა რომ გაისმებოდა ორღობეებში, იმ დროს.

სასწრაფოდ ვნთქავდი დიასახლისის მიერ დახვედრებულ ვახშამს – დაბრაწულკანიან, სურნელოვან პურს, წვრილნასვრეტებიან კრაჭუნა ყველს, პიტნის ჩაის და საბნის ქვეშ შეგორებული, იდაყვით ბალიშს დაყრდნობილი, გადაშლილ წიგნს ვაპყრობდი მზერას. მამაჩემი ნაშუაღამევს ბრუნდებოდა და შუქის ჩაქრობა ყოველთვის მას უწევდა, რადგან კითხვას მხოლოდ ძილი, ან მისი მოსვლა მაწყვეტინებდა...

როგორც უკვე ვთქვი, იმავე სოფელსა და იმავე სახლში გატარებული მომდევნო ზაფხულისა ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის თუ ამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში, როგორ ტოვებს მოედანს დამარცხებული ფეხბურთის მეფე – კოჭლობს, მუხლი აქვს შეხვეული და სახეზე ხელებაფარებულს მხრები უცახცახებს. იმ, ათას ცხრაას სამოცდაექვს წელს ხომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს გადმოსცემდნენ ინგლისიდან.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ტყეზე, მდინარესა და სოფლის ბიბლიოთეკაზე