სამადაშვილი ზაალ 

 

ვარსკვლავთა მანტიის  კალთა

 

 

მეგობარი

 

ერთი თვე გაჩერებული ვიყავი, გრამი არ ჩამიშვია პირში. სამი დღის წინ ცოტა ღვინო მოვწრუპე დიდი ხნის უნახავი ქალის ხათრით და ავუშვი აფრები. ადრე ეგრე იოლად არ ვიკიდებდი „ზაპოის», სულ ცოტა, ორი კვირა უნდა მესვა გადაბმულად, ნახევარ საათში ერთხელ ჩარტყმა რომ მომდომებოდა... ბაკურას რომ დავურეკე, ცხრა ხდებოდა, აღარც დასალევი მქონდა, აღარც ფული. ღამის მეშინოდა, გათევა ხომ უნდოდა იმ ოხერ ღამეს... რედაქციაში იყო; მაგის რედაქცია აქვეა, ყოფილ ათარბეგოვზე – ერთ საათში მოვიდა. ტელეფონში კი ვუთხარი, ძვირიანი არ წამოიღო, რამე იაფფასიანი იყიდე-მეთქი, მაგრამ მაინც ძვირიანი არაყი მოიტანა–„სარაჯეფ» დაღლილი იყო, თვალები ამოწითლებული ჰქონდა. სამშაბათობით, როცა გაზეთს უშვებს, მუდამ ასე გამოიყურება ხოლმე. დავუსხი. მაგრამ არ დალია. ვიღაც სერბ მწერალზე ჩამომიგდო სიტყვა, გვარად მგონი პავიჩზე. ახალი ავტორების მონაა, რაც თავი მახსოვს, სულ ეგეთი იყო. პირველად მაგისგან გავიგე კერუაკი და ბეროუზი, თან როდის, სამოციანი წლების ბოლოს, ბიტნიკებს კი არა, საკუთარ კლასიკოსებს რომ გვიმალავდნენ, მაშინ. ბოლო რომანი აქო იმ სერბის: „ვარსკვლავთა მანტია», თუ „ვარსკვლავებიანი მოსასხამი». რაზეა-მეთქი, რომ ვკითხე, მაგრად გახალისდა, – ათი წლის ბიჭის ფოსტას გამოდიხარო. რა ვქნა, სვიფტის და სტივენსონის კაცი ვარ, იმათი ჩაგვირისტებული ამბები მიყვარს, ვერ ვიტან, მაზალო კონსტრუქციებში ბორიალს. სტივენსონის გახსენებაზე, `ბრმა პიუს» თარგმნას რომ შემპირდი, ხომ არ დაგავიწყდაო, მკითხა და თავისი განუყრელი „ასტრის» უმყრალესი ბოლი შემომაფუტა, ჰონორარი მაინც არ გინდაო?! ბორხესს დამავიწყებს-მეთქი, მივუგე პათეტიურად და ერთი ამოსუნთქვით წავუკითხე რუსული ვარიანტი, მეორე სტროფი – „აბლაიან ზლიმი ხუტორსკიმი პსამი» -თ რომ იწყება – ლამის გამოთქმით. დუბინი რომ მაგარი მთარგმნელია, ვიცი, შენ შენი გაკეთებული დადე „სტოლზეო», მითხრა თავის კანტურით და ისევ შემომაბოლა „ასტრა»... დიდხანს აღარ დარჩენილა, თერთმეტის მერე «მარშრუტკები» აღარ ივლიანო, მომიბოდიშასავით, ტკიცინა ხუთლარიანი დამიტოვა და წავიდა...

იმ ღამეს რაც შეემთხვა, გვიან გავიგე, „ზაპოიდან» რომ გამოვძვერი, მერე. საავადმყოფოდან გამოყვანილი ჰყავდათ უკვე, შინ იწვა, მოწევა აკრძალული ჰქონდა და ასანთის ღერების მტვრევით ირთობდა თავს, მოზრდილი ჯამისხელა საფერფლე გაავსო ჩემს იქ ყოფნაში...

 

 

 

 

მძღოლი

 

სხვა დღე რომ ყოფილიყო, ნაღდად არ დამახსომდებოდა – ვინ სად დამიქნია ხელი და როდის ჩამიჯდა. იმ დღისა იმიტო მახსოვს ყველაფერი, რო საწყალი მამაჩემის ამბის მერე პირველად გავედი სამუშაოზე. მაგრა გამიჭირდა, სუ ცხონებული მედგა თვალწინ. რა უნდა ქნა ეგეთ დროს, ავარიას ხო არ მოახდენ?! უნდა ადგე და ყურადღება სხვა რამეებზე გადაიტანო. მეც ეგრე ვქენი...

ოპერასთან გამაჩერა. თორმეტი იყო დაწყებული, ბოლო „კრუგზე» მივდიოდი. უკან აპირებდა დაჯდომას, სალონში, მაგრამ კარი რო გამოაღო, დაინახა, რომ იქ გოგო და ბიჭი კოცნაობდნენ და წინ ჩამიჯდა. ტყავის კეპკა ეხურა და ჩვენებური, შოფრული კურტკა ეცვა – მოკლე, მკლავებზეც რო ჯიბეები აქ, ისეთი. არ ვიცი ნასვამი იყო, არ ვიცი დაღლილი, გზაში ერთი-ორჯერ დააყვინთავა...

„გეპეისთან» ჩამოვიდა. შუქები არ იყო. ისე ბნელოდა, ისე ბნელოდა, რომ სააკაძის ძეგლი არ ჩანდა. დიდხანს ეძება ფული, ყველა ჯიბე ამოიბრუნა. თქმა რომ დავაპირე, არ გინდა, ძიაკაცო-მეთქი, იპოვა, ხელისგულზე გადაითვალა ხურდები, მომცა და თან ბოდიში მომიხადა, გალოდინეო... გოგო და ბიჭი მერე ჩამოვიდნენ, გაგარინის ქუჩის დასაწყისში, ქურდაძეების ღვინის მაღაზიასთან...

სადაც ჩამოვსვი, იქიდან ოც ნაბიჯში, ზედ მოედანთან მიპარვიან ვიღაცეები და კინაღამ მოუკლავთ ცემაში. ახვრები... რა უნდა ჰქონოდა დასაყაჩაღებელი „მარშრუტკიდან» გადმოსულ კაცს?!

 

 

შვილი

 

შუქი ახალი მოსული იყო. ტელევიზორს ვუყურებდი. მეცხრე არხზე კესარია ევორა უბერავდა. იჯდა და ეს გენიოსი ბებია იდაყვებს ატოკებდა მარტო და უფრო მაგარი სამბა გამოსდიოდა, ვიდრე ცეკვისგან გახვითქულ მულატ ნაშებს...

კარგ ხასიათზე ვიყავი. საფულეში ხუთასი დოლარი მედო – შეკვეთებში, რაღაც სულელური ბუკლეტების გაფორმებაში აღებული ჰონორარი და გეგმებს ვაწყობდი, როგორ მოვიხეოდი ქალაქიდან ერთი კვირით და დავბრუნდებოდი თუ არა, როგორ ჩავიკეტებოდი ძმაკაცის სახელოსნოში სახატავად. მეც მამაჩემივით ამეწყო ცხოვრება, ახალგაზრდობაში ისიც ყიდულობდა დროს, რომ ეწერა და ამისათვის ათას რამეს აკეთებდა, ერთი პერიოდი, მგონი მტვირთავადაც მუშაობდა რკინიგზის სადგურზე...

პირველი საათი იყო, ზარი რომ დაირეკა კარზე. მამაჩემს თავისი გასაღები აქვს, ნეტავ ვინ მოეხეტა ამ შუაღამისას-მეთქი, გავიფიქრე და ძლივს ავითრიე წელი სავარძლიდან...

ვერ ვიცანი. საკუთარი მამა ვერ ვიცანი... წინ მედგა კაცი, რომელსაც სახე აღარ ჰქონდა. დასიებულ, სისხლიანი ნახეთქებით დაფარულ რაღაც მასას თვალების, ცხვირის, ტუჩების ნასახიც არ აჩნდა... ძველისძველი, გაქუცული კურტკით მივხვდი, რომ მამაჩემს შევყურებდი... რა მოგივიდა-მეთქი, დავიღრიალე გიჟივით. რაღაც ამოიჩლიფინა გაუგებრად. კბილებიც ჩამტვრეული ჰქონდა...

სასწრაფო არ გამომიძახებია, ლიფტს ვერ ვენდე. მეზობელი მოვიხმარე, პლედზე დავაწვინეთ და ფრთხილად ჩავიყვანეთ კიბეებზე...

მანქანა რომ მოვწყვიტე ადგილიდან, მერე გავფუჭდი, წამომივიდა ცრემლები... საიდანღაც გადმოვარდნილი, ან სადმე ჩავარდნილი ნაღდად არ იყო – ფეხებს არ იტკიებდა... ნაცემს ჰგავდა... მაგრამ იმ მომენტში `აბაროტზე» არ ვფიქრობდი, თან ვტიროდი, თან ღმერთს ვეხვეწებოდი, – მამა გადამირჩინე-მეთქი...

რესპუბლიკურში მივიყვანე, ჩვენთან, საბურთალოზე...

 

 

ექიმი

 

მორიგე ვიყავი სამშაბათს. ვიჯექი საორდინატოროში და სალიცენზიო ტესტებს ვიზუთხავდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ორმოცი წლის ასაკში მეცადინეობა მომიწევდა. გამოცდები დაგვინიშნეს გაზაფხულზე, ვინც ვერ ჩააბარებს, სამსახურიდან დავითხოვთო. თავიდან, სანამ ტესტებს ვნახავდი, ყოჩაღად ვიყავი, ვფიქრობდი, განა რა შეკითხვები უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ ვუპასუხო-მეთქი... თურმე სადა ხარ?!. ვნახე და ისეთი რამეები ეწერა შავით თეთრზე, რომ გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. მაგალითად, გეკითხებიან: რა არის დამახასიათებელი მიოკარდიუმის ინფარქტისათვის და ჩამოთვლილია ოთხი პასუხი – არტერიული წნევის დაცემა, არითმია, ცვლილებები კარდიოგრამაზე, პულსური წნევის მომატება. გამოცდილ ექიმს კი არა, ინტერნსაც არ გაუჭირდება მიხვედრა, რომ პირველი, მეორე და მესამე პასუხია სწორი. არადა, ტესტებში წერია – პირველი, მეორე და მეოთხეა სწორიო. რა გინდა რომ ქნა?!. სხვა გზა არ გრჩება, უნდა დაიზუთხო შემდგენლების ჭკუით სწორი პასუხები...

ის იყო, ყავის მოდუღება დავაპირე ათასი სისულელის დამახსოვრებით თავატკიებულმა, რომ ყვირილი მომესმა, მიშველეთო. გავედი. დერეფანში ახალგაზრდა კაცი დარბოდა, ხან ერთ კარს მიაწყდებოდა, ხან მეორეს. რომ დამინახა, ჩქარა, ექიმოო, დამიძახა და გარეთ გავარდა. სანიტრები არ ჩანდნენ. დავავლე საკაცეს ხელი და გავყევი...

ორმოცდაათი-ორმოცდათხუთმეტი წლის ტანმორჩილი, მაგრამ საკმაოდ ძვალმსხვილი კაცი უმოწყალოდ იყო ნაცემი. თავის არეში, კეფის ოდნავ ზემოთ, ორჯერ ჰქონდა დარტყმა მიყენებული რაღაც მძიმე, ბლაგვი საგნით – რკინის ჯოხით, ან მილის ნაჭრით, სახესა და ტანზე ძირითადად წიხლების, მაგარცხვირიანი ბათინკების კვალი აჩნდა. ღვთის წყალობით, თავის ქალა გატეხილი არ იყო, ბზარი აჩნდა მხოლოდ. მაიკ ტაისონის ქალა ჰქონია მამაშენს, მარტო ტვინის შერყევით და ნაკერებით რომ გადარჩა-მეთქი, ვუთხარი ახალგაზრდა კაცს საპროცედუროდან გამოსვლისას...

ფულს მიტენიდა ჯიბეში. თვალი მოვკარი, რომ დოლარები იყო. არ გამოვართვი. პალატაში რომ გადავიყვანეთ, გაიქცა და ორი ბოთლი ტეკილა მოიტანა, ერთი ბოთლი აქ გავჭყლიტოთ, მეორე შინ წაიღეთო, მთხოვა. საორდინატოროში დავლიეთ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, ასე ნაცემი კაცი შინ თავისი ფეხით მოვიდაო... ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ წამდაუწუმ ვუბრუნდებოდით თემას ქალაქის გადაგვარებისა და მასში გაბოროტებული ადამიანების მომრავლების შესახებ...

 

 

მწერალი

 

ნასვამი?.. ცოტა ნასვამი ვიყავი, კი... რედაქცაში დავლიეთ... როგორც ხდება ხოლმე... გაზეთის კეთებას რომ მოვრჩით, მერე გაგვახსენდა, მთელი დღის მშივრები რომ ვართ... გადავირბინე გასტრონომში – პური, ძეხვი და ღვინო ვიყიდე... სამნი ვიყავით, თითო ბოთლი ღვინო რას გვიზამდა?.. ცხრა ხდებოდა, ბავშვობის მეგობარმა რომ დამირეკა, „ზაპოი» მაქვს, რამე სასმელი ამომიტანეო... კიდევ კარგი, ათი ლარი მქონდა... მივუტანე... მართლა ცუდად იყო... მორალის კითხვას ხომ არ დავუწყებდი?.. ახალ წიგნებზე ველაპარაკე... ბოლოს შევუგდე, ბორხესის თარგმანს რომ შემპირდი, ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი... ჩემი ჭკუით გამოფხიზლებისკენ ვუბიძგე... მალე წამოვედი... თერთმეტი ხდებოდა, „მარშრუტკაში» რომ ჩავჯექი... ჩემს სახლამდე რომ მიდის, იმას აღარ დაველოდე, საბურთალოსკენ მიმავალ პირველსავე მანქანას დავუქნიე ხელი... „გეპეისთან» გავაჩერებინე... მოედანზე გადავდიოდი... სააკაძის ძეგლთან არმისულს მგლიჯეს თავში... არ ვიცი რკინა, არ ვიცი – ქვა... უკნიდან მომეპარნენ... მანამდე არავინ შემიმჩნევია, შემალულები იქნებოდნენ სადმე... მოკლედ, მგლიჯეს... პირველად რომ გავახილე თვალები, ჯიბეებს მიჩითავდნენ... ორნი იყვნენ... ერთი მუცელზე მაჯდა, მეორე იდგა... წამოწევა დავაპირე, რას შვრებით-მეთქი... ისევ მომხვდა... რო იდგა, იმან მგლიჯა ფეხი, ისევ თავში... გავითიშე... მუცელზე რომ მაჯდა, იმანაც მირტყა, ეტყობა, იმან ალბათ მუშტები... იმის ცემა აღარ მიგრძვნია... მეორედ რომ მოვედი აზრზე, უკვე მარტო ვიყავი... წამოდგომას, სულ ცოტა, ნახევარი საათი მოვანდომე, საათზე მეტი – სახლამდე მიღწევას... კინაღამ გაგიჟდა ჩემი ბიჭი, კარი რომ გამიღო... კურტკით მიცნო, კეპკა აღარ მეხურა, ალბათ გზაში დავკარგე... სახე – ცხვირი, პირი, თვალები, რამე – აღარ მქონდა... საავადმყოფოში გამაქანა... – სურათები რომ გადამიღეს და მიმკერ-მომკერეს, ნეიროქირურგმა თქვა, ტაისონზე მაგარი თავის ქალა ჰქონია, ეგეთ დარტყმებს მარტო ტვინის შერყევით რომ გადაურჩაო... მოვიდა პოლიცია, მკითხეს, თავდამსხმელების სახეები თუ გახსოვთო... არა-მეთქი, ვუპასუხე... ბუნდოვნად მახსოვდა ორი ერთნაირი, ბულდოზერის ნიჩაბივით ყბა... ვინ უნდა ყოფილიყვნენ?.. მანიაკები?.. შეიძლება... ყველაზე და ყველაფერზე გამწარებული ადამიანები, ჩემი გამეტებული ცემით დაგროვილი ბოღმისგან რომ თავისუფლდებოდნენ თავიანთი ჭკუით... რამ გადამარჩინა... ძვლების სიმაგრემ?.. არა... იყო, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რამაც დამიფარა... ეს „რაღაც უფრო მნიშვნელოვანი» სერბი მწერლის, პავიჩის დავალება გახლდათ... მისი ბოლო რომანი მკითხველისადმი აღვლენილი თხოვნით მთავრდება... გასაჭირში ჩავარდნილი პერსონაჟების გადარჩენას ითხოვს ავტორი, ხუთი ასოსგან შემდგარი ქალის სახელის ამოცნობას... არ მქონდა ეს დავალება შესრულებული... ასე მგონია, „ვარსკვლავთა მანტიის» კალთა მაქვს გადაფარებული, ვიდრე შევასრულებ... „ვარსკვლავთა მანტია» რომანს ჰქვია... ვიცი გაგეცინებათ, მაგრამ არა უშავს, ტვინის შერყევას მიაწერეთ ეს დაუსაბუთებელი, უცნაური მოსაზრება...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ზაალ / ვარსკვლავთა მანტიის კალთა