სამადაშვილი ნიკო 

უცნობი

 

  “ამ ჩემ გამურულ წარსულსაც უმზერ”

                                   მოგონებები           

სარჩევი:

სოფელ ხიდისთავის სკოლა და თეატრი        

გორის გიმნაზიაში

სტუდენტობა         

სოფელ სადგერში  

1929–36 წლები       

დაპატიმრება, დევნა, გაჭირვება           

მეგობართა მოგონებები   

ერეკლე ტატიშვილი და მისი “მრევლი”         

პოეტის სიკვდილი           

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

წერილები    

 

ლექსები       

გალაკტიონ ტაბიძეს         

მიყრუებული ქუჩებით მიხვალ 

ერეკლე ტატიშვილს         

ლეოს წერილი        

ჩემს ორეულს         

წიწამური     

სალახანას პორტრეტი      

დღეს შენს საფლავზე აღარ მოდიან     

ჩემს მარიამს           

გამიშვით     

ფიქრებს იქით        

ლიახვის ნაპირები

საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა       

გეჯა  

ორი გზა

ატენის სიონი         

გენია და სამრეკლო          

ძველი სარდაფი     

უცნაური ხელობა  

შეხვედრები დღის ბოლოს          

მზით დაგასვენეს სამრეკლოს ჩრდილში       

ისევ ვილოცებ, იქნებ ღმერთმა მიშველოს      

ამოვალ, როცა დაბინდდება თბილისის ზეცა

ჩემი სოფელი          

მოკრძალებით        

გაივლის დრო და დიდი ხნის მერე      

ვუძღვნი დედას

 

ნიკო სამადაშვილის ცხოვრება საზოგადოებისათვის უცნობია. მას სურდა, თავისი ცხოვრება აღეწერა, მაგრამ არ დასცალდა. ამ წიგნზე მუშაობა  რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა არაერთი წერილი, რომელიც  მის პიროვნებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ამ წერილებში არ ჩანს ნიკო სამადაშვილი ისეთი, როგორიც სინამდვილეში  იყო. ამას იმით ვხსნი, რომ ავტორები არ იცნობდნენ მამაჩემის ცხოვრებას, რომელიც ტრაგიზმით იყო აღსავსე – დაბადებიდან სიკვდილამდე.

     ზოგჯერ  რომელიმე მოგონება ამეკვიატება ხოლმე. მეჩვენება, თითქოს ცხადად ვხედავ ჩემს მამას, ვისმენ მის საუბარს, ვუმზერ მის დაღლილ, სიკეთით სავსე ცისფერ-მოლურჯო თვალებს…

      შვიდიოდე წლისა ვიქნებოდი, მამამ სასეირნოდ წამიყვანა. რუსთაველის გამზირზე იგი  წარმოსადეგ წვერებიან მამაკაცს მიესალმა, რომელმაც თბილად უპასუხა, მე კი თავზე ხელი გადამისვა და გამიცინა. შემდეგ მოულოდნელად პროსპექტზე მიმავალ ხალხს მიუბრუნდა, ხელი მამასკენ გაიშვირა და მჭექარე ხმით შესძახა: – გაიცანით, ეს არის დიდი პოეტი საქართველოსი! მამას სახეზე ალმურმა გადაჰკრა. ეს კაცი გალაქტიონი იყო. ასე გავიცანი ეს ბუმბერაზი პოეტი. მამას არაერთხელ უთქვამს, რომ გალაქტიონი ყოველი შეხვედრისას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ასეთი შეძახილებით.

     ვიგონებ ჩემს ბავშვობას, მძიმეს და დათრგუნულს. Uნებურად, ჩვენი ოჯახის ცხოვრებიდან მაგონდება ზოგიერთი ეპიზოდი, რომელიც ბავშვურ სულს მიფორიაქებდა და ამავე დროს მიწრთობდა კიდეც. ათი წლისა ვიყავი, დედამ  ლამაზი ცისფერი ფეხსაცმელები მიყიდა. მერე ისინი დაიხა. როცა  პირს დააღებდა, დედა გულმოდგინედ მიკერებდა ხოლმე. კარგი ოსტატი ვერ იყო, ამიტომ ფეხსაცმელს დაკერება ხშირად სჭირდებოდა. ერთხელ ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ მკითხა: „მზია, დახეული ფეხსაცმელი რატომ გაცვია?” ამ შეკითხვამ  გული მომიკლა. ცრემლები შევიკავე და ამაყად ვუპასუხე: „ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ, რომ ახალი მიყიდონ”.  ცხოვრებაში შემდეგ არაერთი განსაცდელი გადამიტანია, მაგრამ  გაჭირვებისათვის თავი არასოდეს არ დამიხრია. ისე როგორც ჩემს მშობლებს არ მოუხრიათ ქედი, არ შემდრკალან. მამაც ამ ქვეყნიდან ამაყი და შეუპოვარი წავიდა. ეს ხასიათი ეტყობა ჩემი მშობლებისაგან მომდევს.

     მამას გარდაცვალების შემდეგ  მისი ახლობლებისა და მეგობრებისაგან დავიწყე მოგონებების შეკრება. ამ წიგნის შედგენაში დიდი ღვაწლი მიუძღვის დედაჩემს , მარიამ სამადაშვილს. ზოგი მოგონება ავტორებმა მომაწოდეს, ზოგი ნაამბობი მე თვითონ ჩავწერე. ასე დამიგროვდა მასალა. თითოეული მოგონება მამას პორტრეტს გამოკვეთდა. მოგონებები შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო, მაგრამ ყოველ მოგონებაში  პოეტის ბობოქარი სული ჩანდა, ტრაგიკული, და მაინც სიცოცხლის ხალისით აღსავსე. როგორც მწერალმა ზაალ სამადაშვილმა ბრძანა: „ის იყო ტრაგიკული მსოფლგანცდის ადამიანი და მასში უცნაური არაფერია. ეს არის მშვენიერი ტრაგიზმი, რომელიც კი არ ადამბლავებს და სიცოცხლის ხალისს გიკარგავს. ეს არის ტრაგიზმი აყვანილი უმაღლესი ხელოვნების რანგში”.

     თამაზ ჩხენკელი წერს: „ამისთანა დრამატული მწერალი მე სხვა არ ვიცი. ასეთი დრამატული და ტრაგიკული ტონალობის პოეზია მეოცე საუკუნეში სხვას არა აქვს”.

     დედაჩემი, მარიამი, ასე იგონებს მეუღლეს: „ნიკო  ამაყი, შეუვალი, კეთილი და ამავე დროს ბავშვივით სათუთი იყო. სულ იოლად შეიძლებოდა მისი განაწყენება და გახარება. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თავი არავის წინაშე არ დაუხრია. სწამდა, რომ თავისი ერი  დააფასებდა. ხშირად იცოდა ხოლმე თქმა: „მე ჩემი ერი ქვესკნელიდან ამომიყვანსო”. დედამ ქართველ ერს სათუთად შემოუნახა პოეტის არქივი, რომლის დიდი ნაწილი  გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმშია დაცულია.

     ვფურცლავ მამაჩემის არქივს და თვალნათლივ ვხედავ, მისი ამაღლებული სული რა ჯოჯოხეთს უძლებდა. აქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ ჩანაწერს, რომელიც ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდეს. მამამ უპასუხოდ დატოვა ცნობილი ლიტერატორის შემზარავი კრიტიკული წერილი. აი პატარა ნაწყვეტი ამ „შედევრიდან”: „ნიკო სამადაშვილს პოეზია ავადმყოფობა ჰგონია და, მკითხველო, შენ განსაჯე, ასეთ ადამიანს რა მოეკითხება”. სამწუხაროდ, ასეთი უმეცარი ლიტერატორების უსულგულო დამოკიდებულებამ არაერთი ნიჭიერი ადამიანი „დაანარცხა” მიწაზე, ხოლო უნიჭოებს თავზე გვირგვინები დაადგა.

     მართალია, განუწყვეტელმა დევნამ მამას უდროოდ მოუღო ბოლო, მაგრამ იგი  ამაყი და ამაღლებული წავიდა. მას სწამდა: „..ჩემი სიმღერა და უკვდავება ალბათ ჟამს შემდეგ ეცოდინებათ”.

     მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ლიტერატორმა მამას  შეურაცხყოფა მიაყენა, მე არასდროს გამჩენია აზრი, რომ მათთვის პასუხი გამეცა. ყოველთვის მახსოვს ჩემი მამის შეგონება: „მდაბიოს არ უნდა აჰყვე, თორემ შენც მდაბიო გახდებიო””.

     ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მალე დადგება ჟამი ნიკო სამადაშვილის პოეზიის აღზევებისა.

     მინდოდა, ამ წიგნში გამოძერწილიყო ნიკო სამადაშვილის,  როგორც  პოეტისა და მოაზროვნის პორტრეტი.

     ჩემთვის სასიხარულოა, რომ წიგნის შედგენაში მონაწილეობდნენ პოეტის შვილიშვილები, ნათია და ნინო სამადაშვილები.

     მინდა მადლობა გადავუხადო მწერალ ზაალ სამადაშვილს, რომელსაც  ამ წიგნის გამოცემის იდეა ეკუთვნის.

 

                                                                                                                     მზია სამადაშვილი

 

 

მოგონებები

 

სოფელ ხიდისთავის სკოლა და თეატრი

ნიკო სამადაშვილი დაიბადა 1905 წლის ცხრამეტ ივლისს ქალაქ თბილისში, როცა პოეტის დედა, ოლღა სიმონის ასული კობერიძე, სტუმრად ყოფილა აქ ჩამოსული.

პაპაჩემი, მიხეილ სპირიდონის ძე სამადაშვილი, აზერბაიჯანში ჩინოვნიკად მუშაობდა, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ოლღა კობერიძეს. ისინი აზერბაიჯანის ქალაქ აგდამში ცხოვრობდნენ. 1907 წელს ოჯახს შეემატა ელენე.

ნიკო ორი წლისა იყო, როცა მამამისი ფილტვების ანთებამ იმსხვერპლა. პატარა ნიკო დიდედა ეფემიამ აზერბაიჯანიდან წამოიყვანა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. მას ზრდიდა ეფემიას ქვრივი და ეკატერინე (იგივე კატო).

ჩვენს საოჯახო არქივს შემორჩა მამას პატარა ჩანაწერი, რომელსაც „ზედაველა” ჰქვია. „სოფელ ხიდისთავს სამხრეთით თრიალეთის მოტიტვლებული ქედი მიბჯენია, როგორც ბაბილონის გოდოლი. ამ ქედის ბეჭზე გაჭიმულია მწირი ურწყავი მიწები.

ზედაველა მიერეკება ველებს, ხრიოკებს და ზედ რუს დაჰყურებს.

ერთ-ერთი ქედის მხარეზე – ფხვიერი კლდის ნაშალზე და თიხანარევ მიწაზე – ხიდისთაველებს სასაფლაო გაუშენებიათ.

წესრიგოდ მიყრილ სამარის ლოდებს, ჭირისუფალდაკარგულ საფლავებს რომ აჰყვე, მიაწყდები რკინის ნამოაჯირალ ხიწვიან ბალახით შესუდრულ სამარეს, საფლავის ქვა ნეკნებამდე რომ ჩაფლულა მიწაში, სადაც განუწყვეტლივ ზენა ქარი სისინებს. აი,აქ მარხია მამაჩემი.

    საცოდავი მამა! ოცდათორმეტი წლის კაცი გამოესალმა წუთისოფელს. რა ცოტა ხანი ჰქონდა დარბაზობა ამ წყალწაღებულ ქვეყნიერებასთან.

საოცარია, რომ არასოდეს არც დიდედას, არც დედას, არც რომელიმე ახლობელს, არავის უამბნია ჩემთვის მამის ხასიათი, შნო, ლაზათი, თუნდაც სიმახინჯე და, როცა მის სურათს ვუცქერი, ვხედავ შავგვრემან, შავთვალება ადამიანს, მაგრამ ნერვიულად შეკრულ ტუჩებს, ახალ ბზარგადაყრილ სახის კუნთებს. ჰო, ვხედავ კი არა, ვგრძნობ კიდევაც.

მარცხენა ხელი ჩემს თოთო წელზედ შემოუხვევია, თითქოს მის სახეზეც გამოკრთის კმაყოფილება და სიამაყე მემკვიდრე ვაჟისადმი. მე ორი წლის ბალღი არც კი ვიქნები, რომ ვზივარ მშობლების შუაში მაღალ სკამზე.

ორი წლისა და ექვსი თვის არ ვიქნებოდი, რომ მამიდან ობოლი დავრჩი. ის წავიდა, მე დავრჩი: წამებისთვის, ტანჯვისთვის, არამზადობისთვის, სივალალისთვის.

 მამა გარდაიცვალა ქალაქ ალექსანდროპოლში, მგონი სააქციზო სამმართველოს ჩინოვნიკი იყო, თუ „აკალოდნიჩი”, კარგად არ ვიცი.

    დედას და დიდედაჩემს მამის გაცივებულ გვამთან კინკლაობა მოსვლიათ – რძალ-დედამთილის ონავრობა.  დიდედაჩემს მამის ცხედარი ხიდისთავში წამოუსვენებია”.

    დიდედა ეფემიამ ნიკო აზერბაიჯანიდან იმ მიზნით ჩამოიყვანა ხიდისთავში, რომ შემდგომში, როგორც მამულების პატრონი, მეურნე დამდგარიყო.

    მამას მეურნეობის გაძღოლის ნიჭი არ ჰქონია. ვენახში სამუშაოდ გაგზავნილს რომელიმე ხის ძირას ნახულობდნენ წიგნით ხელში. ასეთი საქციელი დიდედას რისხვას იწვევდა.

 

 

გორის გიმნაზიაში

 

ავტობიოგრაფიაში ნიკო სამადაშვილი წერს: “რვა წლის ბავშვი შემიყვანეს ქალაქ გორის სასულიერო სასწავლებელში, 1917 წელს კი სასულიერო სასწავლებლის დამთავრების გამო გადამიყვანეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში. გიმნაზია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გადაკეთდა ჰუმანიტარულ ტექნიკუმად, რომელიც დავამთავრე 1924 წელს.”

    გიმნაზიაში მამას გერმანულ ენას ასწავლიდა ერეკლე ტატიშვილი – ბუმბერაზი პიროვნება, მოაზროვნე, რომელმაც თითქმის მთელი ევროპა შემოიარა. განათლება მიიღო ლაიპციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში. მან აღმოაჩინა ნიკო სამადაშვილი,როგორც პოეტი.

    ერეკლე პოეტის მიმართ ყოველთვის დიდ მზრუნველობას იჩენდა. 1920 წელს, გორის დიდი მიწისძვრის დროს ნიკო და მასთან ბაქოდან სტუმრად ჩამოსული და, ელენე, ბიძამ, მიხეილ კობერიძემ, ჩამოიყვანა თბილისში. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი  უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანა. ერეკლე ტატიშვილმა ნიკო  ამ სახლიდან გამოიყვანა და  ინგლისურენოვან კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დირექტორი ინგლისელი ქალბატონი იყო. სწავლის ფულს,  რასაკვირველია, ერეკლე იხდიდა. ნიკო პანსიონში სწავლობდა, ვიდრე გორში სწავლა არ აღდგა. სამწუხაროდ, მის არქივში  ინგლისელი ქალბატონის სახელი და გვარი ვერსად ვნახეთ. ინგლისში გამგზავრებისას ამ ქალბატონმა ნიკოს სთხოვა, თან გაჰყოლოდა, შეჰპირდა, რომ იშვილებდა და შესაფერის განათლებასაც მისცემდა, მაგრამ თავისი საყვარელი მოწაფისაგან უარი მიიღო.

    მამას  მშობლის სითბო ყოველთვის აკლდა და ეს მთელი ცხოვრება აწუხებდა. ერთხელ ნიკო თავის მეგობარს, ვასო ბახტაძეს გაჰყოლია დედის სანახავად. ვასოს დედას კარის გაღებისთანავე შვილისთვის უთქვამს: შენ შემოგევლოს დედაო. ნიკო შინ გულდაწყვეტილი დაბრუნებულა. ცრემლები ერეოდა თურმე. მეუღლისათვის უთქვამს: „მარიამ, შენ ხომ იცი, მე არასოდეს შემშურებია არავისი. დედის ალერსი არ მღირსებია და ვასოს რომ ასეთი სიყვარულით მიმართა დედამ, ნამდვილად შემშურდაო.” ეს ამბავი მამაჩემის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მომხდარა.

 

 

სტუდენტობა

 

გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მამამ გადაწყვიტა სწავლა   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. რადგან ნიკო სამადაშვილი  მშობლიური სოფლის კომლთა სიიდან ამოწერილი იყო, ამიტომ საბუთებისთვის საჭირო ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ, ამ არაკეთილსინდისიერ საქმეში მონაწილეობდა მისი გამზრდელი დიდედა ეკატერინე. ნიკოს  მამის დატოვებული ქონება წაართვეს. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ დიდედა ეკატერინემ სასამართლოზე განაცხადა: ნიკუშასი არაფერი არ არისო. სასამართლომ ნიკოს მამისეული სახლიდან ერთი ოთახი მიაკუთვნა. მან ოთახი თავის ნათლულს აჩუქა, თვითონ კი ხიდისთავისაკენ აღარც გაუხედავს. ამ ამბავს მთელი სიცოცხლე განიცდიდა, ცდილობდა, გაემართლებინა თავისი აღმზრდელი ეკატერინე. ხშირად ამბობდა: დამ შეაცდინა, თორემ დიდედა ჩემს წინააღმდეგ როგორ გამოვიდოდაო.  თვითონ ეკატერინეც ვეღარ ეგუებოდა ამ ამბავს. სიკვდილის წინ ნიკოს ნახვას ნატრობდა. “ნიკუშას” ძახილში ამოხდა სული, მაგრამ გულნატკენი ნიკო იქ აღარ ჩასულა.

    მამამ ლექსების წერა თორმეტი წლის ასაკიდან დაიწყო. თბილისში წამოსვლამდე თავისი ხელნაწერები  ნათესავ ქალს, ნინო ჯაოშვილს მიაბარა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა, დაწვა მიბარებული ლექსები. მიუხედავად ამისა, პოეტს ნინო ჯაოშვილის შვილებთან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დღემდე ვმეგობრობ ნინოს შვილიშვილთან – გულიკო მაჭარაშვილთან.

    პოეტი ავტობიოგრაფიაში წერს: „1925 წელს შევედი ქ. თბილისის სტალინის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. დაიწყო მშფოთვარე და დაუვიწყარი სტუდენტური წლები”. მისი პედაგოგები იყვნენ ჩვენი მეცნიერების კორიფეები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები.

     ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველდღიური საკვები ულუფა. მამა იგონებდა: შალვა ნუცუბიძესთან საგანი მქონდა ჩასაბარებელი. ერთი კვირა დავდიოდი სა     საფლაოზე (ყოფილ კიროვის პარკში). ამოჩემებული მქონდა ერთი საფლავის ლოდი, ზედ ვიჯექი და ასე მოვემზადე. საგანი ფრიადზე ჩავაბარე ბატონ შალვას, გამოვედი გამოცდიდან და შიმშილისაგან გული წამივიდაო. იგი იძულებული გახდა, სწავლის პარალელურად მოანგარიშედ დაეწყო მუშაობა .

    სტუდენტობისას ნიკომ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდგომში პოეტი სინანულით იგონებდა, რომ ქართლში სხვა მასალებთან ერთად შეგროვილი სამასამდე შაირი დაიკარგა.

    1928 წელს მამა უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მიზეზი – ისევ ხელმოკლეობა და შიმშილი. მან საგნები დროზე ვერ ჩააბარა, რექტორს მიმართა, მაგრამ აღარ აღადგინეს. ეს იყო საშინელი დარტყმა, რომელსაც მთელი ცხოვრება განიცდიდა. იგი ამის შესახებ თავის პედაგოგსა და უფროს მეგობარს ვახტანგ კოტეტიშვილსაც სწერდა*.

 

 

სოფელ სადგერში

 

დამთავრდა სტუდენტობის ტკივილიანი, მაგრამ მაინც მჩქეფარე წლები. მამამ 1928 წელს თბილისი დატოვა და გაემგზავრა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში, სადაც დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სოფლის ოთხკლასიან სასწავლებელში. იგი  სკოლის დირექტორიც იყო და ამავე დროს ყველა საგნის მასწავლებელიც. მამას ჩამოუყალიბებია მოზრდილთა და მოხუცებულთა ღამის სკოლა, სადაც ყველა საგანს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

    ნ.სამადაშვილის ერთ-ერთი მოსწავლე, სოლო სტეფნაძე, რომელიც ღამის სკოლის მსმენელი იყო, იგონებს: „ნიკო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. მაშინ ჩვენი გლეხობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ღამის სკოლის გარდა, სადაც ასწავლიდა, მოხუცებთან ოჯახებშიც დადიოდა.”       

    ნიკო ხშირად სპექტაკლებსაც დგამდა. მსახიობები  სოფლის მკვიდრნი იყვნენ. დეკორაციებს მეგობარი დურგალი ნიკალა ხაჩიძე ამზადებდა. მის რეპერტუარში ხშირად იყო ერისთავისა და ცაგარლის პიესები. ზოგჯერ ნიკო თვითონაც წერდა პიესებს. თეატრის მაგივრობას ეკლესიის გალავანი სწევდა. სცენა ხალიჩებითა და ფარდაგებით იყო შემოსაზღვრული.

    ნიკალა ხაჩიძე იგონებს: „ნიკოს რომ  ერთი „არა” ეთქვა, ხალხი ნაბიჯს არ გადადგამდა. დაუზარელი კაცი იყო, ზედმეტს არ იტყოდა.  ბევრს გვიკითხავდა– ხშირად ალექსანდრე ყაზბეგს და ვაჟა-ფშაველას. ჩვენთვის წიგნები მოჰქონდა. ჩვენ მანამდე წიგნები არა გვქონია.”

    ალექსანდრე ხაჩიძე მიამბობდა: „ნიკო სამადაშვილი ჩემი პედაგოგი იყო. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლიტერატურის კითხვას. ნიკო წიგნებს რიგრიგობით გვათხოვებდა ხოლმე. ხშირად ატარებდა გაკვეთილებს ბუნების წიაღში. ამაყი იყო. ხალხს აფასებდა და ხალხიც აფასებდა. სოფელს დიდი ამაგი დასდო.”

    სადგერის მკვიდრმა მინადორა სტეფნაძემ მითხრა: „ყველა საგანს გვასწავლიდა, გვიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას, სპექტაკლებს დგამდა. თვითონაც ხშირად უთამაშია ალ. ყაზბეგის „მამის მკვლელში”. მანდილოსნებში  დიდი პატივისცემით სარგებლობდა.”

 

 

1929-36 წლები

 

1929 წლის ზაფხულში მამა თბილისში დაბრუნდა. ამ წელს გარდაიცვალა მისი ერთადერთი და – უმშვენიერესი ელენე, რომელიც ძალიან უყვარდა. როცა დის ავადმყოფობა  გაიგო, სასწრაფოდ გაემგზავრა ბაქოში. მატარებელმა დაიგვიანა და ელენეს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. შესანდობარს რაღაც განსაკუთრებულად სვამდა. „ჩემი ელენე” – ასე მოიხსენებდა ხოლმე თავის დას, რომელიც სიცოცხლეში მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა  ნანახი. ელენე ბაქოში იზრდებოდა,  დედასთან. დედის ალერსს მოკლებული პოეტი კი მამისეული სახლიდანაც გამოაძევეს.

    მამაჩემის ბავშვობის მეგობარი ლეო ხარატიშვილი იგონებდა: „ნიკოს ბევრჯერ დაუჩივლია, რომ დედა არ ზრდიდა. მიუხედავად ამისა, ის  სათუთი და მოალერსე გულის პატრონი იყო. მას ქათამიც კი არასოდეს დაუკლავს.  საოცარი სიხარული და მწუხარება იცოდა.”

    1929 წელს ნიკოს შეუყვარდა ულამაზესი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი, რომელსაც გასაოცარ სამიჯნურო წერილებს სწერდა.*

     მას ევა ჩაკალიდი „პოეზიაზე მაღალ ბედნიერებად” მიაჩნდა. ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა – სულ რამდენიმე თვეს გასტანა.

    ევა ჩაკალიდის და თინა ამბობდა: „ჩემი საყვარელი სიძე ნამდვილი რაინდი იყო “. ქალბატონმა თინამ ჩვენს ოჯახს გადმოსცა ზოგიერთი ნივთი, რომელიც თავის დროზე ნიკომ ევას უსახსოვრა. მან სიკვდილის წინ გაანადგურა თავისი და ნიკოს სურათები. გადარჩა რამოდენიმე საოჯახო ფოტო. ევა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ქალბატონმა თინამ გვითხრა, რომ ევას ნიკო მთელი სიცოცხლე უყვარდა  და  მის დაბრუნებას ელოდებოდა. ნიკოსთან განშორების შემდეგ იგი აღარ გათხოვილა.

    საინტერესოა პოეტის მეგობრობა ქალბატონ თამარ ლომიძესთან, რომელსაც, მიუხედავად ასაკისა, სილამაზე და ეშხი არც ახლა აკლია. ქალბატონი თამარი დაიბადა წინანდლის მამულში. მისი დედა, სოფიო ანდრონიკაშვილი, ელენე ბატონიშვილის შთამომავალი იყო. ქალბატონი თამარი ხშირად მეუბნებოდა: ნიკო ბუმბერაზი პოეტი იყო. მე მას ვერ ვწვდებოდი... როგორ ვნანობ, რომ მისი მარგალიტები, მძივებად შემოთავაზებული ლექსები, ყველა არ ჩავიწერე.

    ნიკო გამუდმებით საქართველოს კეთილდღეობაზე, მის თავისუფლებაზე ფიქრობდა და ამიტომ ისჯებოდა. ხშირად უთქვამს: „ვერც კი წარმოიდგენ, რა საშინელებაა, რომ საქართველოს მშვენიერება, სიმდიდრე სხვის ხელშია საჯიჯგნად. დღე დაძაბული ვარ, მხოლოდ ღამე ვარ თავისუფალი, რომ  ჩემს ფიქრებს მივეცეო.”ქალბატონი თამარ ლომიძე წუხდა, რომ სამწუხაროდ არ  შეარჩინეს ნიკოს გამოგზავნილი წერილები, რომლებიც1937 წელს ბინის ჩხრეკისას  წაიღეს.

    ნიკოს ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი თარიღი იყო 1932 წელი, როცა ბაქოდან ჩამოიყვანა თავისი დედა – ოლღა სიმონის ასული კობერიძე, რომელიც გვერდიდან აღარასოდეს   მოუშორებია. ეს ტრაგიკული ბედის მქონე ქალი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სამი შვილის სიკვდილს მოესწრო. ის 1968 წელს გარდაიცვალა. ოლღა  განათლებული, კეთილი და თბილი ქალი იყო. დამთავრებული ჰქონდა გიმნაზია და საბავშვო ბაღებში მუშაობდა აღმზრდელად . მას დიდი წვლილი მიუძღვის შვილიშვილების აღზრდაში.

    1936 წელს პოეტმა  მარიამ ნიკოლოზის ასულ ამანათაშვილზე იქორწინა. მარიამი იყო პოეტის მუზა, ქალი, რომელიც სიკვდილამდე თავდავიწყებით უყვარდა და რომელთანაც 27 წელიწადი გაატარა. მარიამი ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის მკვიდრი იყო. მშვენიერი გარეგნობის თხუთმეტი წლის ყმაწვილი ქალი. მას უძღვნა სტრიქონები:

 

    „მე შენ მიყვარხარ ისე კი არა,

    ხალხმა რომ იცის,

    ანდა წიგნებში როგორც სწერია,

    მიყვარხარ ისე, როგორც იციან

    ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველებმა...”

 

    მარიამისაგან სამი შვილი შეეძინა – თამაზი, მზია და ნუგზარი. განსაკუთრებით უყვარდა უმცროსი, ნუგზარი, რომელსაც ყოველთვის უზომოდ ანებივრებდა. საოცარია, ბოლო წერილიც ნუგზარს გაუგზავნა 1963 წლის 21 აპრილს: „შენ რომ წახველ, მე ვეღარ ვისვენებ, აღარ ვიცი, რა ვქნა... ეცადე, მანდ კარგად ისწავლო და არ შემარცხვინო. თამაშს მოესწრები და სწავლას კი ვეღარ”...სწორედ ეს იყო ნიკოს ბოლო წერილი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამადაშვილი ნიკო / უცნობი