სამარაკისი ანდონის 

 

ერა მხედარი 

 

 მთარგმნელი – კილაძე მაია

 

 

 

 

კრებულიდან "გვესაჭიროება იმედი"

 

გასულ იანვარს, ერთ საღამოს სადღეღამისო აფთიაქში შევიდა და ერთი ყუთი საფაღარათო ტაბლეტები აიღო. ბოლო წლებია მუდმივი ყაბზობით იტანჯებოდა. მერე წავიდა, რომ ავტობუსით მისულიყო სახლამდე.

გაჩერებაზე დიდი რიგი იყო. იდგა. ელოდა მოთმინებით. ბოლოს ავიდა. ფეხზე იდგა. დაბალი, პუტკუნა, ღიპუციანი.

ნოემბერში ორმოცდაშვიდს გადააბიჯა.

გვერდით მდგომი ავიწროვებდა. ცოტა ხანში ერთი ქალი ადგა, ჩავიდა. დაჯდა და სკამზე ჟურნალი იპოვა, "ბავშვთა სამყარო". საბავშვო ჟურნალი. პირველად ხედავდა. საბავშვო ჟურნალებთან არ ჰქონია შეხება. თვალი გადაავლო ფერად გარეკანს.

კავბოი ეხატა, რომელიც თეთრ ცხენს მიაჭენებდა. ქვეშ ეწერა: "თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ რომანს "თავგადასავალი ფარ უესტში", რომელიც ამ ნომერში იწყება."

გარეკანზე ეწერა, რომ ყოველ შაბათს გამოდიოდა. ბოლო ნომერი იყო, ფურცლებგაუჭრელი. არ იცოდა, რა ექნა მისთვის. შვილები არ ჰყავდა. თოთხმეტი წლის დაქორწინებული იყო, მიზეზი – ცოლის "უნაყოფობა". სამინისტროში, სადაც თვრამეტი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი თანამდებობა ეკავა, თანამშრომლები ჩაგრავდნენ, რადგან ვერ შეძლო ბავში გაეკეთებინა.

მიმოიხედა, მაგრამ გარშემო არც ერთი ბავშვი არ იყო, რომ მისთვის მიეცა.

მხოლოდ დიდები დაინახა. იფიქრა დისშვილისთვის წაეღო, თავისი დის პირველი ბავშვისთვის. თერთმეტი წლის ბიჭი იყო, ველური. მის სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ავტობუსში საშინელი სუნი იდგა.

სახლს რომ მიაღწია, პატარა ოთახში შევიდა, რომელიც მხოლოდ მისი იყო. სასადილო ოთახის გვერდით. აქ ჰქონდა პატარა კაბინეტი, პირადი ბიბლიოთეკა, წიგნების ორი კარადა. საჭმელი ჯერ არ იყო მზად, ცოლი სამზარეულოში ტრიალებდა, მაკარონს ამზადებდა ფარშით.

ვიდრე საჭმელი გამზადდებოდა, პატარა ოთახში წავიდა. ჟურნალი ერთ თაროზე დადო. თავისი გაზეთი გადაშალა. მარცხენა ფეხი სტკიოდა. რევმატიზმები ჰქონდა. დააყენებდა ხოლმე ცოლს, რომ მისთვის დაეზილა. იტანჯებოდა, როცა ნესტიანი ამინდი იყო, როცა კიბეზე ადიოდა.

მას მერე ერთი კვირა იქნებოდა გასული.

საღამოს, ვახშმის შემდეგ, ძილის გუნებაზე არ იყო. ჩაიკეტა პატარა ოთახში და ენციკლოპედია გადაშალა.

ცოლმა ყავა მოადუღა. მერე დაწვა.

ათიოდე წუთს კითხულობდა. მობეზრდა. ადგა, ოთახში სიარული დაიწყო, სიგარეტს მოუკიდა. ბოლოს გადაწყვიტა, დასაძინებლად წასულიყო.

მაშინ თვალი მოკრა "ბავშვთა სამყაროს", რომელიც თაროზე დავიწყებოდა. იფიქრა, ცოტა დრო მოეკლა.

დაახლოებით ცხრას აკლდა ოცი წუთი, როდესაც ჟურნალი აიღო. ორის ნახევარი იყო, როცა დადო.

მთლიანად გამოშიგნა. წაიკითხა ორი რომანი: "თავგადასავალი ფარ უესტში" და "ორი წელი ჯუნგლებში", რომელიც წინა ნომრის გაგრძელება იყო. მოთხრობები. ზღაპარი შედარებით პატარა ბავშვებისთვის: "შემოდგომის ფერია". გვერდი "სულიერი სავარჯიშოები", ამოხსნა კროსვორდი, ამოხსნა რებუსები, იპოვა ჯადოსნური სურათიც.

რამდენიმე საათს ეწვალა, ჩააცივდა და ბოლოს მაიგნო: ეს იყო პატარა ბაჭია, რომელსაც დედა თავს ევლებოდა. წაიკითხა გვერდიც: "ჩვენი პატარა მეგობრები წერენ", სადაც ქვეყნდებოდა პატარა ავტორების ლიტერატურული ნამუშევრები. წაიკითხა გვერდიც "ჩვენი პატარა მეგობრები მათ შორის", სადაც ბავშვები ერთმანეთს სწერდნენ, აწვალებდნენ. ბოლოს ჟურნალი საწერი მაგიდის უჯრაში ჩადო და დასაძინებლად წავიდა. დაწვა ცოლის გვერდით, რომელსაც გულაღმა ეძინა, ნახევრად პირღიას.

იმ ღამეს სიზმარი ნახა: კავბოი იყო და თეთრ ცხენზე ამხედრებული მიქროდა ფარ უესტის ერთ-ერთ ხეობაში. ასე ჭენებისას ცხენს გვერდზე მოექცა და ცოლს დაეცა ზემოდან, ისე, რომ არც გაუღვიძია. სამაგიეროდ გაიღვიძა ცოლმა.

თავიდან იფიქრა, რომ ქმარს ალერსი მოენატრა, რასაც ბოლო დროს გადაეჩვივნენ. როდესაც დაინახა, რომ ქმარს ეძინა, გადატრიალდა მეორე გვერდზე და ძილი შეიბრუნა.

იმ ღამის შემდეგ რაღაც მოხდა მასში, რაღაც შეიცვალა.

ყოველ შაბათს იღებდა "ბავშვთა სამყაროს". როდესაც მას ყიდულობდა, ქურდულ მზერას აპარებდა გარშემო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ რაღაც არანორმალურს აკეთებდა. იმავე საღამოს, ჭამის შემდეგ იკეტებოდა პატარა ოთახში და კითხულობდა ჟურნალს.

არავისთვის არაფერი უთქვამს. ვინ შეძლებდა მისთვის გაეგო!

ნომრებს საწერი მაგიდის უჯრაში კეტავდა.

რაღაც მოხდა მასში. "ბავშვთა სამყაროს" კითხვისას ისევ იპოვა ბავშვების სამყარო. სამყარო, რომელიც ასეთი განსხვავებული იყო უფროსების სამყაროსაგან.

სამინისტროში თავს აღარ ხრიდა. ადრე, როდესაც რაღაც უწესობას ხედავდა, არ ამბობდა, შიშისგან ან ჩვეულების გამო, ყველაფერი ყალბი მიეღო. ახლა სხვანაირი იყო.

ერთ დღეს, როდესაც ჩვეულებისამებრ სამინისტროს ერთმა "წარმომადგენელთაგანმა", ერთმა დირექტორმა იგი თავის კაბინეტში გამოიძახა და აიძულებდა გაეკეთებინა რაღაც კანონგარეშე, რომელიც მას ხელეწიფებოდა, კერძოდ, გაეტარებინა განცხადება ძველი თარიღით, მან არა მარტო უარი უთხრა, არამედ დირექტორის საწერ მაგიდაზე ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ყავა დაიღვარა და რაღაც დოკუმენტები დაისვარა. დირექტორი სულ მთლად დაიბნა. მისგან მსგავს რამეს ვერასოდეს წარმოიდგენდა.

ცოლმა დაინახა მისი ცვლილება. დაინახა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო, იყიდა ორი ჰალსტუხი, გადასხვაფერდა. ცოლი შეშფოთდა. იეჭვიანა, რომ ვიღაც ქალი გამოჩნდა მის ცხოვრებაში.

თუმცა დამშვიდდა, როდესაც დაინახა, რომ ძალიან ალერსიანი იყო მის მიმართ. ჩათვალა, რომ ძველი სიყვარული გაუცოცხლდა.

სხვათა შორის, გაუარა შეკრულობამაც.

ერთ დღეს ჟურნალში გაგზავნა სიმღერის ტექსტი, რომელიც თვითონ დაწერა. "შემოდგომის მირაჟი" ერქვა. გაგზავნა გვერდისთვის "ჩვენი პატარა მეგობრები წერენ". რა თქმა უნდა, ფსევდონიმის აღება დასჭირდა. რამდენიმე ვარიანტი მოიფიქრა.

ბოლოს აირჩია "ქერა მხედარი". შავგვრემანი იყო და ბავშვობიდან შურდა ქერების. უნდოდა, ქერა ყოფილიყო.

ლექსი გამოუქვეყნეს. რა სიხარული იგრძნო! გამოუქვეყნეს კიდევ ერთი სხვაც. მესამე დაუწუნეს. უპასუხეს: "თემა, რომელიც შენ აირჩიე, ჩვენო პატარა მეგობარო, შენი ასაკისთვის შეუფერებელია. მოიცადე, ცოტა გაიზარდო და შემდეგ კიდევ სცადე".

ასე იყო საქმე, როდესაც დაახლოებით ორთვინახევრის შემდეგ პირველი ღამიდან, რომელიც "ბავშვთა სამყაროსთან" გაატარა, სულ ბოლო ნომერში, გვერდზე "ჩვენი პატარა მეგობრები მათ შორის" ნახა შემდეგი:

"გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ მუსიკისა და პოეზიის საღამო.

ვიწვევთ ქვემოთ ჩამოთვლილ ჩვენს ცნობილ და უცნობ მეგობრებს, რათა მოგვნიჭონ სიხარული თავიანთი დასწრებით: კარმენი, მარია სტიუარტი, ხვიარა, მტკიცე პიროვნება, ნაპოლეონ დიდი, ნაღვლიანი მხედარი, ქერა მხედარი. . ."

ამას მოსდევდა კიდევ რამდენიმე ფსევდონიმი. და ცოტა უფრო ქვემოთ:

"მათ, უკლებლივ ყველას, ველოდებით პარასკევს, 2 აპრილს 7 საათზე. გამარჯვების ქუჩა 145, მესამე სართული.

ვერონიკა – საბას დედოფალი* – შავი მეკობრე – პოსეიდონი – ტალღების სული."

რა თქმა უნდა, შეწუხდებიან ბავშვები, მათ შეკრებას "ქერა მხედარი" რომ გამოაკლდება, – ფიქრობდა იგი, – რადგან შეუძლებელი იყო, სხვაგვარად მომხდარიყო.

– გამარჯვების 145! – დაუძახა მძღოლს.

– რაც შეგიძლია სწრაფად! ორმაგს გადაგიხდი, რასაც მრიცხველი დაწერს.

ისე მიქროდნენ, ორჯერ კინაღამ ავარიაში მოყვნენ. ერთადერთი ის ანაღვლებდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია იქ. დააგვიანა. რვის ოცი წუთი იყო, დაბარებულები კი შვიდზე იყვნენ.

როგორ წამოვიდა სამინისტროდან! როგორ მიატოვა ყველაფერი, დოკუმენტები, სამელნე, კალამი, საწერი მაგიდის უჯრები ღია, ყველაფერი თავდაყირა და დაეშვა კიბეზე. ორ-ორად ახტებოდა საფეხურებს! გამგე შეხვდა, როდესაც გადიოდა. რაღაც უთხრა, ნებართვის გარეშე რომ მიდიოდა. ყურადღება არ მიუქცევია.

რაღაც ძლიერმა ხელმა ჩაავლო, ძალიან ძლიერმა.

ძალამ, რომელიც მოულოდნელად აფეთქდა მასში, როცა თავის ოფისში იყო პარასკევ საღამოს და საღამოს ცვლის სამუშაოს ასრულებდა, 5-დან 8-მდე, და აიძულა იგი, მიეტოვებინა ყველაფერი თავდაყირა.

უახლოვდებოდნენ. საჭირო იყო, რაღაც წაეღო. არ შეეძლო, ხელცარიელი მისულიყო. საჭირო იყო, რაღაც წაეღო. ტკბილეული, ყვავილები. . .

გზაზე, მარჯვნივ ყვავილების მაღაზია იყო. ტაქსიდან ჩავიდა, ვარდების თაიგული აიღო. წითელი ვარდები.

მიაღწიეს. ყვავილებით ხელში დარეკა ზარი. გული ძალიან ჩქარა და ძალიან ძლიერად უცემდა. მაღლა, მესამე სართულზე განათებული ფანჯრები. ისმოდა პიანინოს ხმა.

კარი გაიღო.

შევიდა. ხის უსწორმასწორო კიბე აირბინა. მისი რევმატიზმები სასეირნოდ წასულიყვნენ.

კიბის ბაქანზე ორი ბიჭი, ერთი გოგო. დაახლოებით 14-15 წლისანი. ბოლოსწინა საფეხურზე გაჩერდა.

– "ქერა მხედარი", – თქვა.

ისე თქვა, თითქოს საკუთარ სახელს წარმოთქვამდა თავის წარსადგენად.

– არ მოვა? – იკითხა ერთმა ბიჭმა, უფრო მაღალმა.

– რა? არ მოვა? – იკითხა მეორემ.

– ავადაა? – ისევ იკითხა პირველმა.

– რა სამწუხაროა! – თქვა გოგონამ, – ძალიან მინდოდა მისი გაცნობა.

მდუმარედ შეხედა სამივე ბავშვს. სიტყვის თქმაც ვერ შეძლო.

მოულოდნელად, მკვეთრი მოძრაობით ყვავილები, წითელი ვარდები ხელში მიაჩეჩა გოგონას, მოტრიალდა, ჩქარ-ჩქარა ჩავიდა კიბეზე, გავიდა გარეთ.

ზემოდან, მესამე სართულიდან ისმოდა, რომ პიანინოზე რაღაც მხიარულს უკრავდნენ. ბნელ ღამეს შეერია, დაცარიალებული ხელებით, დაცარიელებული გულით.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამარაკისი ანდონის / ქერა მხედარი