სამარაკისი ანდონის 

 

მზე აცხუნებდა. . .

 

 

 

 მთარგმნელი – კილაძე მაია

 

 

კრებულიდან "გვესაჭიროება იმედი"

 

 

დაახლოებით 11 საათი იყო. დილის 7 საათიდან, მას შემდეგ, რაც თავისი ბინიდან გამოვიდა, რომელიც ბოსტნეულის ბაზრის უკანა ეზოში იყო, ფეხით დადიოდა. მიდიოდა ასე ალალ ბედზე, არც იცოდა, სად მიდიოდა, არც ფიქრობდა, სად წასულიყო.

 

მზე აცხუნებდა.

 

. .

 

პირი გამშრალი ჰქონდა და მწარე გემოს გრძნობდა. გუშინწინს აქეთ არაფერი ეჭამა.

 

– მეორე მსოფლიო ომის დროს როგორ ვუძლებდი შიმშილს? – გაიფიქრა, როდესაც საკონდიტროს ჩაუარა.

 

ყოველ დილით ადრიანად გამოდიოდა თავისი ბინიდან (ნამდვილი თაგვის სორო იყო), ვიდრე დიასახლისი გაიღვიძებდა, რომელიც სულ ბუზღუნებდა ქირის გამო და მის ლანძღვას იწყებდა, როგორც კი დაინახავდა. ამავე მიზეზის გამო გვიან ღამით ბრუნდებოდა, როდესაც მისი ვარაუდით დისახლისს ეძინა.

 

– უმუშევრების ფონდი ვარ? – ამბობდა მსუქანი ქალი, რომელიც საყლაპავის ვარიკოზით იტანჯებოდა.

 

ნამდვილად მართალი იყო, მაგრამ ესეც გამოუვალ მდგომარეობაში იყო. რვა თვის უმუშევარს რაღაც გროშებიღა შემორჩენოდა, ჯიბეში ზუსტად იმდენი ედო, სუპი რომ ეჭამა, როდესაც მისი სისუსტე მაქსიმუმს მიაღწევდა.

 

მაგრამ არა! თავის უკანასკნელ ფულს სუპის საჭმელად არ დახარჯავდა. სხვა რამეს გააკეთებდა: იყიდდა ლატარეას. გათამაშება საღამოს ექვსზე უნდა ყოფილიყო.

 

იმ დილას ფიქრობდა, რომ ლატარეის ბილეთი ეყიდა. იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა, შესაძლოა პირველ რიცხვსაც.

 

მზე აცხუნებდა. . .

 

რვა თვის უმუშევარი. ათას კარზე აკაკუნა. სამუშაო ვერსად იშოვა. იხვეწებოდა, მუშად მაინც აეყვანათ ნებისმიერ საქმეზე, მაგრამ მისი ხელები ოფისის სამუშაოს იყვნენ შეჩვეული და მუშად არავის აჰყავდა.

 

თანაც უმუშევრობა ამ სფეროშიც დიდი იყო.

 

სად არ ირბინა სამსახურისთვის ამ რვა თვის მანძილზე. აკაკუნებდა კარებზე, ადიოდა კიბეებზე, არაფერი! მაგრამ ახლა ლატარეას იყიდდა. და მოიგებდა. იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა.

 

კუთხეში შეკრებილი ხალხი დაინახა. ავარია მომხდარიყო. ორი მანქანა შეეჯახა, ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი. ქუჩა ცენტრალური იყო, მოძრაობა – გადატვირთული.

 

მივიდა და სხვების გვერდით დადგა.

 

ყველა თავისას ამბობდა. საგზაო ინსპექტორმა ჩვენებები შეაგროვა. და შეკრებილებს უთხრა, დაშლილიყვნენ, რადგან ბევრნი იყვენენ. წავიდა, მაგრამ მანქანის ნომერს დააკვირდა: 70446. იყიდდა ბილეთს, – იფიქრა, – რომელიც 6-ზე დამთავრდებოდა.

 

მზე აცხუნებდა. . .

 

გასულ კვირას კინოთეატრთან ხეტიალობდა. ვიღაც შუახნისამ, რომელსაც ოქროსჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ანიშნა და ესეც მასთან ერთად შევიდა კინოში. შუახნისამ ფული მისცა, მაგრამ შეეზიზღა.

 

– იღბლიანები აქეთ! ერთ საათში გათამაშდება! – იძახდა ერთი პატარა, ხელში ლატარეის ბილეთების შეკვრით.

 

ახლა არ იყიდდა ლატარეის ბილეთს. იცოდა, რომ ერთ საათში კი არა, საღამოს გაათამაშებდნენ. დრო ჰქონდა. მოგვიანებით იყიდდა. და მოიგებდა.

 

იმედი ჰქონდა, რომ მოიგებდა. შესაძლოა პირველივე რიცხვს.

 

მზე აცხუნებდა. . . სწყუროდა. რაღაც კაფეში შევიდა, დახლთან მივიდა და ჭიქა წყალი მოითხოვა. მისცეს.

 

გამოსვლისას ერთ მაგიდაზე გაზეთს მოკრა თვალი. რამდენიმე სათაური წაიკითხა. "მოკლე განცხადებებიც" ნახა. გულგატეხილი იყო "მოკლე განცხადებებისგან", რომლებიც სამუშაოს სთავაზობენ. ვერ აიტანდა კიდევ ერთ კარზე დაკაკუნებას. ვერ აიტანდა კიდევ ერთ კიბეზე ასვლას. თუმცა, თითქოს რაღაცამ უბიძგა, თვალი გადაავლო.

 

ერთი განცხადება ნახა, სადაც ეწერა: "გვესაჭიროება თანამშრომელი ოფისისთვის, 30-35 წლამდე, უმაღლესი განათლებით. შემოსავალ-გასავლის ბიურო, ხრიმატოსტირიოს ქუჩა 14ბ, 13:00-დან 14:00 სთ-მდე."

 

გარეთ გავიდა. მზე აცხუნებდა. . . უფრო და უფრო გრძნობდა სისუსტეს. დიდი წვალებით დგამდა ნაბიჯს.

 

მაინც მიდიოდა.

 

გვერდით ქვეითმა სამხედრომ ჩაუარა, ჩქარ-ჩქარა მიაბიჯებდა, როგორც აღლუმზე. თავს ძალა დაატანა, რომ მას მიჰყოლოდა. ნაბიჯი გამოაცოცხლა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მეტრზე, შემდეგ შეწყვიტა.

 

პირი უფრო გამშრალი ჰქონდა, უფრო მწარე. არ წავიდოდა შემოსავალ-გასავლის ბიუროში. არა, არ წავიდოდა!

 

 შემოსავალ-გასავლის ბიურო მეექვსე სართულზე იყო. საბედნიეროდ ლიფტი ჰქონდა. შესვლა დააპირა, მაგრამ დარაჯმა პატარა დაფაზე მიუთითა:

 

"მხოლოდ თანამშრომლებისთვის".

 

ფეხით აუყვა.

 

უსასრულო მოეჩვენა კიბე. ადიოდა, ადიოდა. . . მეოთხე სართულს რომ მიაღწია, სანათურის მინაში საკუთარი სახე დაინახა. გრძელი წვერი ჰქონდა. რამდენიმე დღის გაუპარსავი იყო.

 

ასე როგორ მისულიყო? უეჭველად გაადებდნენ, ასეთ მდგომარეობაში როგორც კი დაინახავდნენ.

 

 

– ბოლო კარი მარცხნივ, – უთხრა მან, ვისაც ჰკითხა, როდესაც მეექვსე სართულზე ააღწია.

 

ახლა უფრო გაბედულად მიიწევდა წინ. ახალი წვერგაპარსული იყო.

 

– გისმენთ! – ქალის ხმა.

 

გოგონამ იმ წამს დარეკა ტელეფონზე. კართან ახლოს დადგა და დაელოდა.

 

– დიახ, გეთაყვა, – უთხრა მას, როდესაც საუბარს მორჩა.

 

– მინდოდა, მეთქვა. . .

 

ტელეფონმა დარეკა. გოგონამ ყურმილი აიღო.

 

– ალო! დიახ, ტრანსპორტირების ქვითარი საღამოს იქნება მზად. დიახ, ასოცი კილო.

 

გეთაყვა!

 

ისევ მოუბრუნდა.

 

– მაპატიეთ! მაშ. . .

 

– მაშ, მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ. . .

 

ისევ ტელეფონმა დარეკა.

 

– ალო! როგორ? ერთი წუთით, ვნახავ. . .

 

გოგონამ რაღაც წიგნი აიღო და ძებნა დაიწყო.

 

ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელში თავის პლაშს. კედელზე კალენდარი შეათვალიერა, სურათები. . . შიგნიდან საუბრები ისმოდა. მამაკაცის ბოხი ხმა ამბობდა:

 

– კარგი! ვაჭრობა იქნება, "შეფ".

 

გოგონამ იპოვა, რაც სჭირდებოდა.

 

– ალო! ნომერი არის ორი, რვა, ნული, ნული. დიახ, ორჯერ ნული.

 

კარგად ბრძანდებოდეთ.

 

მოუბრუნდა, მაგრამ ვიდრე გოგონა ეტყოდა რამეს, თვითონ დაიწყო:

 

– ვაკანსიის თაობაზე მოვედი. დამთავრებული მაქვს უმაღლესი, ცოტა ბუღალტერიაც ვიცი. . .

 

მოულოდნელად გაჩერდა, რადგან დაინახა, რა გამომეტყველება მიიღო გოგონამ.

 

– ძალიან ვწუხვარ, – უთხრა, – ათი წუთით ადრე რომ მოსულიყავით, მოასწრებდით...

 

არ იცოდა, რა ეთქვა.

 

– ათი წუთით ადრე. . . – ენის ბორძიკით თქვა, – მაგრამ წავედი, რომ წვერი გამეპარსა. წავედი, რომ წვერი გამეპარსა, გეუბნებით.

 

გოგონამ უხმოდ შეხედა. შეამჩნია, რომ გოგონას თაფლისფერი თვალები ჰქონდა. და კარისკენ შებრუნდა.

 

 – იღბლიანები აქეთ! დრო მოახლოვდა!

 

ტროტუარზე ვიღაცეები დაეჯახნენ, ჩქარობდნენ.

 

– იღბლიანები აქეთ!

 

უნებლიედ თვალი გაექცა ვიტრინისკენ და საკუთარი სახე დაინახა, ახალგაპარსული.

 

– იღბლიანები აქეთ!

 

ჯერ კიდევ საკუთარ სახეს უყურებდა ვიტრინაში.

 

მოულოდნელად დაიწყო სიცილი, სიცილი. . .

 

მზე აცხუნებდა. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სამარაკისი ანდონის / მზე აცხუნებდა. . .