სარამაგუ ჟოზე 

 

მოგონებანი მონასტერზე 

 

 

 

 ეძღვნება იზაბელს, რამეთუ იგი არაფერს

 არ ანადგურებს და არც იმეორებს, არამედ

 მხოლოდ ქმნის და აახლებს.

 

 

 

ერთი კაცი სახრჩობელაზე ადიოდა; მეორე შეხვდა და ჰკითხა: რა მოხდა, სენიორ, რატომ მიდიხართ ამ გზით? სიკვდილმისჯილმა მიუგო: მე კი არ მივდივარ, ამ ხალხს მივყავარ.

 

 

                                                                            პადრე მანუელ ველიო

 

 

 

 

 

 

 

 

ვიცი, რომ გაუგებრად ვლაპარაკობ, როდესაც ვამტკიცებ, რომ რეალობა ბუნდოვანი ცნებაა. სხვა სიტყვებით: ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებზე მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენის შექმნა იმ საგნების შეცნობის ერთ-ერთი გზაა, რომლებიც რეალობის ჩარჩოებში ვერ თავსდებიან. შეცნობის გზაცაა და მათთან ჩვენი შეხების წერტილიც.

                                                                        მარგერიტ იურსენარი, ინტერვიუთა კრებული

 

დონ ჟუანი, ამ სახელის მეხუთე მატარებელი პორტუგალიის მეფეთა ნუსხაში, ამაღამ თავისი მეუღლის, დონა მარია-ანა-ჟოზეფას საძინებელში მიეშურება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დედოფალი ავსტრიიდან ჩამობრძანდა, რათა პორტუგალიის სამეფოს ინფანტები აჩუქოს, მაგრამ ჯერჯერობით არ დაორსულებულა. უკვე ჭორები ვრცელდება სასახლეშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ლაპარაკობენ, რომ, შესაძლოა, დედოფლის წიაღი უნაყოფოა, ავი წინასწარმეტყველებაა, მსტოვართა ყურებისა და ენისათვის როდია გათვალისწინებული, მას მხოლოდ ახლობლებს უზიარებენ. რაღა თქმა უნდა, მეფე არაა დამნაშავე, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ჯერ ერთი – უნაყოფობის სენი მამაკაცებს კი არა, ქალებს ემართებათ, ამიტომაც უარყოფენ ცოლებს ასე ხშირად, მეორეც – თუ საჭირო გახდა, ამის ნივთიერი მტკიცებულებაც არსებობს, ქვეყანაში მეფის მრავალი უკანონო ნაშიერი ცხოვრობს, რაც მართალია, მართალია. თანაც მეფე კი არა, დედოფალი ლოცულობს დღე და ღამე, ზეცას შვილს სთხოვს, ამასაც ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ არც ერთი მეფე, და მით უმეტეს, – პორტუგალიისა, არ ითხოვს იმას, რისი მიცემაც თავად შეუძლია, და მეორე – რადგანაც ქალი თავისი ბუნებით მიმღები ჭურჭელია, ბუნებამვე დაუწესა მას მთხოვნელის როლი და, ამრიგად, ზენაარს უნდა ევედრებოდეს როგორც მუხლებზე დაჩოქილი, ასევე სხვაგვარადაც, მაგრამ მეფის მცდელობებს შედეგი არ მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ორჯერ ძალებს არ ზოგავს და მონარქისა და მეუღლის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მხოლოდ რომელიმე რელიგიური აკრძალვის გამო თუ იკავებს თავს, ან შეუძლოდ ყოფნის ჟამს, არც დედოფლის მოთმინება და ღვთისმოსაობა შველის საქმეს, იგი მარტო ლოცვით კი არ იფარგლება, გაუნძრევლად წევს ხოლმე, როდესაც მეუღლე მის სარეცელს ტოვებს, რათა მათი სითხეები ჯეროვნად შეერთდნენ. მაგრამ დედოფალს ეს სითხე აშკარად აკლია, რადგანაც ჯერ ერთი, სურვილი არ აქვს საკმარისი, ალბათ, ჯერ ასაკიც არ შესრულებია, მეორეც – ქრისტიანული ზნეობის სიჭარბის გამო, მეფეს კი ეს სითხე მოჭარბებულადაც კი აქვს, როგორც იმ მამაკაცს შეჰფერის, ჯერ ოცდაორი წელიც რომ არ შესრულებია. არც ლოცვა, არც მეუღლის მცდელობები არ შველის დონა მარია-ანას, ვერა და ვერ იღო მუცლად. მაგრამ უფალი მოწყალეა.

 ღვთის საზომითაც კი უშველებელია წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, რომელსაც მეფე აგებს. ეს ტაძარი თხრილებისა და ფუნდამენტის გარეშე იგება, პირდაპირ მეფის ოთახში, მაგიდის ზედაპირზე, რომელიც შეიძლება არც კი ყოფილიყო ასე მასიური, რომ ამ ტვირთისთვის გაეძლო, მინიატურული ტაძრის ტვირთისათვის, ეს მაკეტი ჯერ ნაწილებადაა დაშლილი, ეს ნაწილები ერთმანეთში იდგმება ძველებური სისტემის მიხედვით, ოთხი მორიგე კარისკაცი მოწიწებით აჩვენებს მათ მეფეს. ზარდახშა, რომელშიც დეტალები ინახება, გუნდრუკის სურნელს აფრქვევს, თითოეული წითელ ხავერდში ცალ-ცალკეა გახვეული, რათა რომელიმე წმინდანის ქანდაკება შემთხვევით რომელიმე პილასტრის წახნაგმა არ დააზიანოს. სამუშაო უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველა კედელი მყარადაა ჩასმული ბუდეებში, სვეტებს მტკიცედ უჭირავთ კარნიზები, მათზე ლათინური ასოების მწკრივებია, ისინი ბორგეზეების საგვარეულოს წარმომადგენლის, პავლე V-ის სახელსა და ტიტულს გვამცნობენ, ამ ასოებს მეფე დიდი ხანია ყურადღებას აღარ აქცევს, თუმცა ღია ციფრის ყურება კი სიამოვნებს, იგივეა, რაც მისი საკუთარი. მონარქისთვის თავმდაბლობა ნაკლია. მეფე თავისი ხელით სვამს წმინდანების და წინასწარმეტყველების პატარა ფიგურებს სპეციალურ ღრმულებში, სახურავზე, კარისკაცი წელში იხრება ყოველთვის, როცა ძვირფას ხავერდს შლის და მეფეს ქანდაკებას ხელისგულით აწვდის – წინასწარმეტყველს, რომელიც გულაღმა წევს, ან წმინდანს ფეხებით წინ, მაგრამ ამ უნებლიე უპატივცემულობას არავინ იმჩნევს, მით უმეტეს, რომ მეფე წამში აღადგენს წესრიგსა და საზეიმო განწყობას, ქანდაკებას თავის შესაფერ ადგილას ათავსებს. მაგრამ ისინი თავისი სიმაღლიდან წმინდა პეტრეს მოედანს კი არ ხედავენ, არამედ პორტუგალიის მეფესა და მის კარისკაცებს, აივანს, რომელსაც მეფე სამლოცველოდ იყენებს, ფარდებს, რომლებიც სამეფო კაპელის შესასვლელში ჰკიდია, ხვალ კი, დილის წირვის ჟამს, თუ ხავერდში გახვეულებს უკან, ზარდახშაში, არ დააბრუნებენ, ნახავენ, როგორ იმეორებს მეფე წმინდა ლიტურგიის სიტყვებს, გარშემო კი ამალა ახვევია, მასში ის აზნაურები კი აღარ შედიან, რომლებიც ახლა ემსახურებიან, რადგან კვირა თავდება და ხვალიდან სხვებს უწევთ მორიგეობა. ამ აივნის ქვეშ კიდევ ერთია, ისიც ფარდებს იქით მდებარე კაპელას უერთდება, მაგრამ იქ არაფერს არ აგებენ, იქ დედოფალი განმარტოვდება ხოლმე ღვთისმსახურების დროს, მაგრამ ამაოდ – არაფერი შველის. ახლა მარტო მიქელანჯელოს გუმბათი აკლია მაკეტს, ეს განხორციელებული ექსტაზი, თავისი დიდი წონის გამო ცალკე ზარდახშაში რომ ინახება, რადგანაც გუმბათის დადგმით ტაძრის მოდელის აწყობა სრულდება, ეს ქმედება განსაკუთრებული პომპეზურობით მიმდინარეობს. დიდი ხმაურით ჯდება სამაგრები ბუდეებში, და აი – საქმე გაკეთებულია. ხმამ კაპელაში გაიჟღერა, დარბაზები გაიარა, დერეფნებში გააღწია და თავის საძინებელში მყოფ დედოფალს აუწყა, რომ მეუღლე მისკენ მოემართება.

 ცოტა უნდა მოიცადოს. მეფე ჯერ დასაწოლად ემზადება. კამერდინერებმა ტანისამოსი გახადეს და ლოგინის შესაფერი და დროების შესაბამისი კოსტიუმი ჩააცვეს. ყოველი ნივთი ფრთხილად გადადის ხელიდან ხელში, ისეთივე სასოებით, როგორც წმინდა რელიქვიები, ეს ყველაფერი მრავალრიცხოვანი მსახურების და პაჟების თანდასწრებით ხდება. ერთი უჯრას აღებს, მეორე ფარდას სწევს, მესამეს სანთელი უჭირავს და ალს ხელისგულს აფარებს, მეოთხე გაუნძრევლად დგას, დანარჩენები რას აკეთებენ, გაუგებარია, საერთოდ რისთვის არიან აქ, ესეც არავინ იცის. ბოლოს და ბოლოს, საერთო ძალისხმევით, მეფე ჩაცმულია, ერთი აზნაური ნაკეცებს უსწორებს ტანსაცმელზე, მეორე ჟაბოს უფუებს, წამიც და – დონ ჟუან V დედოფლის საძინებელში შევა. ჭურჭელი იმის მომლოდინეა, როდის გააბედნიერებს მას წყარო.

 აი, შემოდის დონ ნუნო და კუნია, ეპისკოპოსი-ინკვიზიტორი, უკან მოხუცი ფრანცისკანელი ბერი მოჰვება. მათ შემოსვლასა და ვიზიტის მიზნის მოხსენების მომენტს შორის რთული ცერემონიალია – მისალმება, თავის მოდრეკა, ორივე წელში იხრება, უკან იხევს. ძველ რიტუალს ასრულებენ, რომლის დეტალებშიც ახლა არ ჩავღრმავდებით, თანაც ეპისკოპოსი აშკარად ჩქარობს, ფრანცისკანელი ბერი კი აღტაცებულია. დონ ჟუან V და ინკვიზიტორი განზე გადგნენ და ამ უკანასკნელმა მოახსენა, რომ ეს ბერი, ძმა ანტონიო დი სან-ჟოზე, მოვიყვანე, მან იცის თქვენი უდიდებულესობის მწუხარების შესახებ დედოფლის უშვილობის გამო, მე ვთხოვე მას, უფლის მიმართ ელოცა, რათა თქვენ მემკვიდრე შეგძენოდათ, მან კი მიპასუხა, რომ თქვენს უდიდებულესობას ძე ეყოლება, თუკი, მეფეო, თქვენი ნება იქნება ამაზე. მაშინ მე შევეკითხე, რას გულისხმობ ამ ბუნდოვან სიტყვებში-მეთქი, ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის უდიდებულესობას ძალიან უნდა, რომ შვილი შეეძინოს, ამაზე კი მან გასაგებად და ნათლად მიპასუხა, რომ, თუ თქვენი უდიდებულესობა აღთქმას დადებს, რომ სოფელ მაფრაში მონასტერს ააშენებს, მაშინ უფალი მემკვიდრეებს აჩუქებსო. ესა თქვა დონ ნუნომ და ბერს ანიშნა, მოგვიახლოვდიო. და მეფემ ჰკითხა მას, მართალია, რაც ახლა გავიგე მისი უწმინდესობისაგან, ესე იგი, თუ აღთქმას დავდებ, რომ მაფრაში მონასტერი აიგება, შვილები მეყოლება? და ბერმა მიუგო, სრული სიმართლეა, ხელმწიფეო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონასტერი ფრანცისკანული იქნება, და ისევ შეეკითხა მეფე, საიდან იციო, და ძმა ანტონიომ უთხრა, ვიცი, მაგრამ საიდან, თავად ვერ ვხვდებიო, მე მხოლოდ ჭეშმარიტების საყვირი ვარ! და თუ ნამდვილი მორწმუნე ხარ, ამას კითხვაც კი არ უნდა, ააგეთ, თქვენო უდიდებულესობავ, მონასტერი, მაშინ შვილები გეყოლებათ, არ ააგებთ და – ყველაფერი უფლის ხელშია. ხელის ჟესტით დაითხოვა იგი ხელმწიფემ და შემდეგ ჰკითხა დონ ნუნო და კუნიას, ზნეკეთილია ეს ბერი თუ არაო, და ეპისკოპოსმა მიუგო, მასზე ზნეკეთილს მთელს მათ ორდენში ვერ იპოვიო. მაშინ დონ ჟუანი, ამ სახელის მეხუთე მფლობელი, დარწმუნდა, რომ ახლავე უნდა მისცეს ეს აღთქმა უფალს, ხმა აღიმაღლა, რათა ყველა იქ მყოფს გაეგონა მისი სიტყვები და უკვე დილით ისინი მთელს დედაქალაქსა და სამეფოს სცოდნოდა და თქვა, ვფიცავ, ავაგებ ფრანცისკანულ მონასტერს სოფელ მაფრაში, თუ ამ დღიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში დედოფალი შვილს მაჩუქებს, და ყველამ შესძახა, ღმერთმა უსმინოს თქვენს უდიდებულესობას, მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო, ვის უწყობდნენ გამოცდას, თავად უფალ ღმერთს, მეფის მამაკაცურ ძალას თუ დედოფლის ნაყოფიერებას.

 დონა მარია-ანა თავის მთავარ სეფე-ქალს, პორტუგალიელ მარკიზა დე უნიანს ესაუბრება. მათ უკვე განიხილეს დღევანდელი საღვთო საქმეები, გაიხსენეს, როგორ მოინახულეს უმანკო ჩასახვის მონასტერი კარდაისში, რომელშიც ფეხშიშველი კარმელიტი ქალები ცხოვრობენ, ცხრადღიანი ფეხზე დგომაც ახსენეს წმინდა ფრანცისკის პატივსაცემად, რომელიც ხვალ დაიწყება წმინდა როხას ეკლესიაში – მართლაც, დედოფლისა და მარკიზას შესაფერისი საუბარია! სათნო და ცრემლისმომგვრელი, როდესაც წმინდანების სახელებს ახსენებენ, სევდიანი – როდესაც რომელიმე მარტვილს ან მონანიების მკაცრ სასჯელს შეეხება, რომელსაც ბერ-მონაზვნებს ადებენ ხოლმე, თუნდაც ეს მხოლოდ მარხვა ან შიშველ ტანზე მოხვეული ჯვალო იყოს. მაგრამ აი, მსახურმა მეფის მოსვლა აუწყა დედოფალს, მონარქი მეუღლისკენ მოეშურება, მისი სული აღმაფრენას განიცდის, ძმა ანტონიო დი სან-ჟოზეს საშუალებით უფლისათვის მიცემული მისტიური აღთქმითა და ხორციელი სურვილითაა აღტკინებული. მეფეს ორი კამერდინერი შემოჰყვა, მათ ზედმეტი ტანისამოსი გააძრეს, მარკიზა კი ამასობაში დედოფალს ეხმარებოდა გახდაში, მას კიდევ ერთი გრაფინია შეეშველა, და კიდევ მეორე სეფე-ქალი, არანაკლები გვარიშვილი ქალბატონი, რომელიც ავსტრიიდან ჩამოჰყვა დედოფალს, საძინებელში მთელი საკრებულოა, მათი უდიდებულესობები ერთმანეთს ესალმებიან, ცერემონიას ბოლო არ უჩანს, მაგრამ აი, კამერდინერები ერთ კარით გავიდნენ, ქალბატონები — მეორით. კამერდინერები მეფეს შემოსასვლელში დაელოდებიან, რათა მერე თავის აპარტამენტებში გააცილონ, რომლებიც აქამდე მის მამას ეკუთვნოდა, სეფე-ქალები კი დედოფლის საძინებელში შევლენ, დონა მარია-ანას ბუმბულის საბანს დააფარებენ. ეს საბანი მან ავსტრიიდან ჩამოიტანა და ზამთარ-ზაფხულ არ იშორებს. ეს საბანი თებერვლის ცივი ამინდისთვისაც კი ზედმეტად თბილია და სწორედ მის გამო აღარ რჩება ხოლმე მისი უდიდებულესობა დედოფალთან დილამდე, თუმცა თავიდან რჩებოდა, რადგან სიახლის ხიბლი დისკომფორტზე ძლიერი იყო, თანაც არცთუ პატარა დისკომფორტზე, მეფე სულ ოფლში იწურებოდა, თავისაში და დედოფლისაში, დედოფალი კი კისრამდე გაეხვეოდა ხოლმე საბანში და ლამის იხუთებოდა. დონა მარია-ანა არცთუ თბილი ქვეყნიდან ჩამოვიდა, მაგრამ აქაურ კლიმატს ვერ ეგუება. თავით ფეხებამდე იფუთნება ამ უზარმაზარი, აფუებული ბუმბულის საბნით და იმ თხუნელასავით იკუნტება, რომელიც ქვას წააწყდა და ფიქრობს, საით გააგრძელოს მიწისქვეშა გვირაბის თხრა.

 მეფესაც და დედოფალსაც გრძელი, იატაკამდე ჩამოშვებული პერანგები აცვიათ, მეფის პერანგის დაქარგული კალთა იატაკს ეხება, დედოფალს კი შლეიფივით დასთრევს, რათა ფეხები არ გამოუჩნდეს, ტერფის წვერი ან ფეხის ცერი – ეს ხომ ურცხვობის ნებისმიერ გამოვლენაზე უარესია. დონ ჟუან V-ს ხელჩაკიდებული მიჰყავს დონა მარია-ანა საწოლისაკენ, როგორც ცეკვის დროს. სანამ სამეფო წყვილი საწოლისაკენ მიმავალ საფეხურებს აივლის, კიდევ ერთი რიტუალია შესასრულებელი. ორივე მუხლს იყრის სარეცლის აქეთ-იქით და ლოცვას კითხულობს. ეს უსაფრთხოების გამო ხდება, რათა სქესობრივი აქტის დროს რომელიმე მოუნანიებლად არ გარდაიცვალოს, და თანაც იმიტომ, რომ მორიგი მცდელობა მაინც დაგვირგვინდეს წარმატებით, ამჯერად დონ ჟუან V-ს ორმაგი იმედი აქვს – უფლისა და საკუთარი ძალისა, და ამიტომაც ორმაგად გულმხურვალედ შესთხოვს ღმერთს, შვილი უბოძოს. დონა მარია-ანას რაც შეეხება, ალბათ, იმასვე ევედრება უზენაესს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე სხვა ფარული მიზეზი არა აქვს, მაგრამ ეს უკვე აღსარების საიდუმლოა.

 აი, ავიდნენ სარეცელზე. ეს ლოგინი ჰოლანდიიდან საგანგებოდ არის ჩამოტანილი დედოფლის ავსტრიიდან ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მეფემ თავად შეუკვეთა იგი, ხუთი ათასი კრუზადო5 დაუჯდა, რადგანაც პორტუგალიაში არ ჰყავთ ასეთი კარგი ოსტატები და, რომც ეპოვათ, ამდენს, რა თქმა უნდა, არ გადაუხდიდნენ. გაუწაფავი თვალი ვერც კი გაარჩევს, მართლა ხისგანაა გაკეთებული ეს საოცარი, ბრწყინვალე აბრეშუმგადაკრული, ოქროსფერი ყვავილებითა და ჩახლართული ორნამენტებით დაქარგული ქმნილება თუ არა, ჩარდახის ქსოვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თვით რომის პაპის სამოსისათვისაც კი გამოდგება. როდესაც ლოგინი ამ ოთახში დადგეს, მაშინ მასში ჯერ რწყილები არ ცხოვრობდნენ, ბუნებრივიცაა, მაშინ ხომ სულ ახალთახალი იყო, ახლა კი გაჩნდნენ, სასახლის სხვა სათავსებიდან თუ ქალაქიდან შემოაღწიეს, რას გაიგებ, საიდან მოდიან ეს წყეულები და, რადგანაც ლოგინი ასე ძვირფასი მასალისგანაა გაკეთებული, ასეა მორთული და მოკაზმული, მას ვერ დამდუღრავ, რათა მწერები გამოდევნო, ერთი საშუალება რჩება, თუმცა მთლად საიმედო არა, წმინდა ალექსის ყოველ წელს ორმოცდაათ რეალს უხდიან, რომ დედოფალიცა და ყველა ჩვენგანი ამ ჭირს და მათი ნაკბენების ტკივილს და ქავილს გადაარჩინოს. ისეთ ღამეებში, როდესაც დედოფალთან მეფე შედის, რწყილები ცოტა მოგვიანებით იწყებენ დედოფლის კბენას, რადგან ამ მწერებს სიმშვიდე და მძინარე ადამიანი უყვართ, მეფე კი ლეიბებს აჯანჯღარებს. სამაგიეროდ, მეფის სარეცელზე სხვა რწყილები ელიან მათთვის განკუთვნილ სისხლს, რომელიც, მათი აზრით, სხვაზე არც მეტია და არც ნაკლები, ისეთივეა, როგორიც სხვა ადამიანებისა, ცისფერი იქნება თუ ბუნებრივი ფერის.

 დონა მარია-ანამ მეფეს თავისი ოფლიანი და გაყინული ხელი გაუწოდა, რომელიც, ბუმბულის საბნის ქვეშ გამთბარიც კი, წამში უცივდება საძინებლის გრილ და ნესტიან ჰაერზე. მეფემ თავისი ვალი უკვე მოიხადა და იმისი იმედი აქვს, რომ მისი რწმენა, ღვთისმოსაობა და ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს, ასე რომ, ხელზე კოცნის დედოფალს და მისი მომავალი შვილების დედას – თუ, რა თქმა უნდა, ძმა ანტონიო დი სან-ჟოზე არ ტყუის. დონა მარია-ანა ზარის ზონარს ქაჩავს, ერთი კარიდან კამერდინერები შემოდიან, მეორიდან – სეფე-ქალები, ოთახში ბევრნაირი სუნი ტრიალებს, ერთ-ერთი მათგანი შემოსულთათვის კარგადაა ნაცნობი – უიმისოდ ის სასწაული, რომელსაც დღეს ელიან, შეუძლებელი იქნებოდა, სხვა სასწაული, უმანკო ჩასახვის სასწაული, მხოლოდ ერთხელ მოხდა და მეორედ აღარ განმეორდება, ისიც იმისთვის, რომ ყველას გაეგო – უფალი თუ მოინდომებს, უმამაკაცოდაც შეძლებს ამის გაკეთებას, ქალის თვინიერ კი – შეუძლებელია.

 თუმცა დედოფლის მოძღვარი სულ იმას შთააგონებს, რომ მისი სინდისი სუფთაა, დონა მარია-ანა მაინც სულიერ ტკივილს განიცდის ხოლმე. მეფე და კამერდინერები უკვე წავიდნენ, სეფე-ქალებმაც დაიძინეს, დედოფალი კი იმაზე ფიქრობს, რომ ძილისპირის ლოცვა ჯეროვნად ვერ შეასრულა, რადგან ექიმები ამ დროს ადგომას უკრძალავენ, ის გაუნძრევლად უნდა იწვეს, როგორც კრუხი ბუდეში, ჩუმად ჩურჩულებს და კრიალოსანს ათამაშებს, სულ უფრო ნელა, ვიდრე შუა ლოცვაში არ ჩაეძინება: გიხაროდეს, ქალწულო, მადლით მოსილო. ეჰ, მაგას რა უჭირდა, კურთხეული ხარ ასულთა შორის, კურთხეულია ნაყოფი მუცლისა შენისა – დედოფალი საკუთარი მუცლის ნაყოფზე ფიქრობს, ასეთ სასურველზე – ღმერთო, ოღონდ შვილი მეყოლოს, ოღონდ მეყოლოს. აღსარებისას არასდროს არ აღიარებდა ამ თავის ამპარტავნებას. ეს უნებლიე ცოდვა იმდენად განყენებული იყო, რომ დედოფალს სრულიად გულწრფელად შეეძლო დაეფიცა, რომ მხოლოდ ღვთისმშობელს მიმართავს. ეს მეფური ქვეცნობიერების რთული ხლართებია, მათ ის სიზმრებიც განეკუთვნება, რომლებსაც დონა მარია-ანა ხშირად ხედავს ხოლმე მეუღლის წასვლის შემდეგ. აბა, სცადოს ვინმემ და ახსნას ასეთი რამ – დედოფალს ესიზმრება, რომ ტერიერო-დო-პასოზე6 მიდის, იმ მხარეს, სადაც სასაკლაოებია, კაბის კალთა აიკრიფა და წებოვან ტალახში ფრთხილად ადგამს ფეხებს. ტალახს რაღაც მამაკაცური სუნი ასდის. ამ დროს კი მის გარშემო ოჩოფეხებზე შემდგარი დონ ფრანსისკო, მისი მაზლი ცეკვავს. შავ წეროსა ჰგავს. არც ამ სიზმრის შესახებ უამბნია აღსარებაზე, ან კი რას ეტყოდა ამაზე მოძღვარი, იმ წიგნში, სადაც წერია, როგორ უნდა თქვა აღსარება, ასეთი რამე ნახსენებიც კი არაა. დაე, მშვიდად იძინოს დონა მარია-ანამ თავისი ბუმბულის მთის ქვეშ, რწყილები კი ამასობაში ხვრელებიდან გამოდიან და საწოლის მაღალი ზურგიდან ძირს ხტებიან.

 დონ ჟუან V-მაც ნახა იმ ღამეს სიზმარი. ეზმანა, რომ მისი სხეულიდან იესეს ხე7 ამოვიდა, უზარმაზარი, განტოტვილი, ქრისტეს წინაპრებით დასახლებული. ქრისტეც აქ იყო, ყველა სამეფოს მემკვიდრე, მერე კი ხე გაქრა და მის ადგილას მთელი თავისი ბრწყინვალებით, სიმძლავრით, მაღალი სვეტებით, სამრეკლოებით, გუმბათებით, კოშკებით ფრანცისკანული მონასტერი წამოიმართა, ძმა ანტონიო დი სან-ჟოზემ ჭიშკარი გააღო. ასეთი ტემპერამენტიანი მეფეები იშვიათობაა, მაგრამ პორტუგალიას მეფეებში ყოველთვის უმართლებდა.

 სასწაულებშიც უმართლებდა. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, სასწაული ჯერ მწიფდება, თუმცა არც ისე დიდი სასწაულია, უბრალოდ ღვთის საჩუქარია, მოწყალე მზერით გადმოხედა უფალმა პორტუგალიას და ქალის უნაყოფო წიაღს. არა, სჯობს მანამდე უკვე მომხდარ და დადასტურებულ სასწაულებზე ვისაუბროთ, რომლებიც მეფის მიერ მიცემულ აღთქმას სიკეთეს უქადიან და რომლებსაც სადმე კი არა, ფრანცისკანელთა ორდენში ჰქონდათ ადგილი.

 აი, მაგალითად, ძმა მიგელ და ანუნსიანის გარდაცვალების ამბავი, რომელიც მამა-პროვინციალად აირჩიეს წმინდა ფრანცისკის მესამე ორდენში და რომლის არჩევამაც, აქვე უნდა ითქვას, დიდი ომი გამოიწვია, ეს ომი წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიის სამღვდელოებამ წამოიწყო მამა მიგელის წინააღმდეგ, მის პროვინციალად დანიშვნას აპროტესტებდნენ, ეს რაღაც გაუგებარი შურის გამო მოხდა, მაგრამ ისე სასტიკად და დაუნდობლად იბრძოდნენ, რომ მამა მიგელს სიკვდილამდე არ ჰქონია მოსვენება მათი საჩივრებისგან. გაუგებარი იყო, რას გადაწყვეტდა სასამართლო ან როდის შეწყდებოდა ეს დავა, იმიტომ, რომ, როგორც კი განაჩენს გამოიტანდნენ, იმ წუთში მისი გასაჩივრება ხდებოდა, ძლივს დასრულდებოდა სასამართლო სხდომები, მაშინვე აპელაციის პროცესი იწყებოდა, ასე გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს, თავად სიკვდილს რომ არ შეეწყვიტა საქმე. რა თქმა უნდა, ძმა მიგელი დარდს არ გადაჰყოლია, ბოროტმა ციებ-ცხელებამ შეიწირა, მუცლის ტიფი იყო თუ რაიმე სხვა, უცნობი სენი, არავინ იცის, ჩვეულებრივი აღსასრულია დიდი ქალაქის მცხოვრებისთვის, სადაც სასმელი წყლის ნაკლებობაა და გალისიელი წყლის მზიდავები უსირცხვილოდ ავსებენ კასრებს ცხენებისთვის განკუთვნილ წყაროებზე, ჰოდა, ამიტომაც იხოცებიან პროვინციალები დროზე ადრე. მაგრამ ძმა მიგელ და ანუნსიანი ისეთი ღვთისნიერი იყო, რომ სიკვდილის შემდეგაც სიკეთით უპასუხა ბოროტებაზე, სიცოცხლეში თუ ბევრი მადლი უქნია, გარდაცვლილი უკვე ნამდვილ სასწაულებს ახდენდა და პირველი მისი სასწაული ის იყო, რომ უარყო ექიმების აზრი იმის შესახებ, რომ მისი სხეული სწრაფად გაიხრწნება და ამიტომ დამკრძალავი რიტუალი უნდა შემოკლდეს. მისი ნეშტი არათუ არ გაიხრწნა, სამ დღეს სურნელით ავსებდა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას, სადაც ესვენა. გვამი არც კი გაშეშებულა, არამედ ცოცხალივით რბილი და თბილი იყო.

 ამას ისეთი საოცარი მოვლენა მოჰყვა, რომელიც ნამდვილი სასწაული იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მთელი ქალაქი შეიყარა სანახავად და მოსასმენად, რადგან დამტკიცდა, რომ ხსენებულ ეკლესიაში ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, საპყრებს – სიარულის უნარი. იმხელა ბრბომ მოიყარა თავი ეკლესიის პორტალთან, რომ ხალხი ჩხუბობდა, მუშტებით იკვლევდა გზას, დანაც დაატრიალეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ამ უკანასკნელთ სასწაულმა ვეღარ უშველა. თუმცა, შეიძლება, შველოდათ კიდეც, მაგრამ სამი დღის შემდეგ ნეშტი საიდუმლოდ გაიტანეს ეკლესიიდან და საიდუმლოდვე დაკრძალეს. იმედდაკარგულმა საპყრებმა, ბრმებმა და მუნჯებმა (ყოველ შემთხვევაში, მორიგი წმინდანის გამოჩენამდე იმედდაკარგულებმა) დიდი ჩხუბი ატეხეს, ზოგი ყვიროდა და წმინდანებს ლანძღავდა, სანამ სამღვდელოება არ გამოვიდა გარეთ და ყველა არ დალოცა, ამის შემდეგ ხალხი დაიშალა, რადგან სხვა რამის მოლოდინს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

 მაგრამ ჩვენი ქვეყანა, მოდით, სირცხვილი დროებით დავივიწყოთ და გულწრფელად ვაღიაროთ ეს ამბავი, ქურდების ქვეყანაა, როგორც იტყვიან, რაც ცუდად დევს, ყველაფერს იპარავენ. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს რწმენა, ეკლესიის მძარცველების ურცხვობა და უტიფრობა უფრო ძლიერია, როგორც ეს შარშან გიმარაენსში მოხდა, ისევ და ისევ წმინდა ფრანცისკის ეკლესიაში. ამ წმინდანმა, როგორც ცნობილია, ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე უარყო, ჰოდა, ეტყობა, იმაზეც ყაბულსაა, რომ მარადისობაშიც წაართვან ყველაფერი. წმინდა ანტონიუსს კი არა ჰგავს, ეს უკანასკნელი თავისი მომჭირნეობითა და პრაქტიკულობითაა ცნობილი, თავისი საკურთხევლების და საცავების ძარცვას არ მოითმენს, გიმარაენსში იქნება ეს, როგორც უკვე ვთქვით, თუ ლისაბონში, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

 საქმე ასე იყო – გიმარაენსში ქურდები ეკლესიაში ფანჯრიდან გადაძვრნენ, ამ დროს კი თვით წმინდა ანტონიუსი გამოეცხადათ. ქურდებს ისე შეეშინდათ, რომ ერთი კიბიდან ჩამოვარდა, მართალია, ძვლები მთელი შერჩა, მაგრამ განძრევის თავი აღარ ჰქონდა, თითქოს დამბლა დაეცაო, ამხანაგებს მისი წაყვანა უნდოდათ, ქურდებს შორისაც ხომ არიან ერთგული და გულკეთილი ადამიანები – მაგრამ ამაოდ, ძვრაც ვერ უყვეს. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მომხდარა, მაგალითად, ის ამბავი – ინესს, წმინდა კლარას მონაზონს, რომ გადახდა. იმ დროს ჯერ კიდევ წმინდა ფრანცისკი დადიოდა ამქვეყნად, ხუთასი წლის წინათ, დაახლოებით ათას ორას თერთმეტ წელს, მაგრამ მაშინ ქურდობას კი არ ჰქონდა ადგილი, უფრო სწორად, რაღაცის მოპარვა უნდოდათ, მაგრამ ნივთის კი არა, თავად ღვთისმსახური ქალწულის. ეს ჩვენი გიმარაენსელი ქურდი კი ასე დარჩა იატაკზე გაშოტილი, უფლის ხელი აკავებდა თუ სატანასი, გაუგებარია, დილით კი ეკლესიის მსახურებმა იპოვეს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ასწიეს და საკურთხეველზე დააწვინეს, რათა წმინდანს დამბლისგან განეკურნა. ჰოდა, სასწაულიც მოხდა – წმინდა ანტონიუსის ქანდაკებას ოფლმა დაასხა, ამასობაში სასამართლოს მოხელეები და ნოტარიუსებიც მოვიდნენ, წესისამებრ, დააფიქსირეს სასწაულის ფაქტი, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხე ოფლს გამოყოფდა. ქურდიც განიკურნა, როდესაც ამ ოფლში დასველებული პირსახოცით დაზილეს. ასე გადარჩა და თანაც ცოდვებიც მოინანია.

 თუმცა ყოველთვის ასე ადვილი როდია ჭეშმარიტების გარკვევა. ლისაბონშიც, მაგალითად, სასწაული მოხდა, მაგრამ ქურდები ვერ იპოვეს. რაღაც ეჭვები კი იყო, მაგრამ არ გამართლდა, რადგანაც საბოლოო ჯამში ბრალდებულებს, თურმე, კეთილი საქმე ჰქონდათ განზრახული. საქმე ისაა, რომ წმინდა ფრანცისკის მონასტერში, შაბრეგასში რომაა, ქურდები შეიპარნენ, ერთი მათგანი გადაძვრა პატარა სარკმლიდან, რომელიც წმინდა ანტონიუსის კაპელას ებჯინება. ჰოდა, მათ (თუ მხოლოდ მან) მთავარ საკურთხევლამდე მიაღწიეს და წამში გააქრეს სამი ლამპარი, რომელიც იქ ეკიდა. კაუჭებიდან ჩამოხსნეს, სრულ სიბნელეში ფანჯრამდე მიათრიეს, არც წაბორძიკებულან, არც წაქცეულან, არც ხმაური აუტეხავთ, ნამდვილი სასწაული იყო. ეს ყველაფერი ნამდვილად რომელიმე გზას აცდენილი წმინდანის მფარველობით მოხდა, თუმცა ამ დროს ეკლესიის ზარმაც მთელი ხმით რეკვა დაიწყო და ბერებს დილის ლოცვაზე უხმო. ალბათ, ამიტომაც გააღწია ქურდმა სამშვიდობოს, რაც არ უნდა ხმაური აეტეხა, მაინც ვერავინ ვერ გაიგონებდა. ცხადია, ქურდმა მონასტრის წესები კარგად იცოდა.

 შედიან ბერები ეკლესიაში, იქ კი სიბნელეა, არაფერი ჩანს. ძმა, რომელიც ლამპრებზე აგებდა პასუხს, უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მკაცრად დაისჯება, შუქი დროზე რომ არ აანთო. ამ დროს კი აღმოაჩინა, რომ აღარც ზეითუნის ზეთია საკურთხეველზე (იატაკზე დაუქცევიათ, რასაც სუნი მოწმობს), აღარც ლამპრები, არადა, ყველა მათგანი წმინდა ვერცხლისა იყო. ახლახან მოუპარავთ, ჯერ ის ჯაჭვებიც კი ქანაობდა, რომლებზეც ლამპრები ეკიდა. წყნარ, მელოდიურ წკარუნს გამოსცემდა... აი, ასე მოხდა ეს საქმე.

 ახლა ბერები ახლო-მახლო გზებზე გავიდნენ ქურდის საძებრად, ჯგუფებად დაიყვნენ. რომ დაეჭირათ, კაცმა არ იცის, რას უზამდნენ, მაგრამ მის კვალსაც კი ვერ მიაგნეს. რაღას იზამდნენ, უკვე შუაღამე გადასული იყო და მთვარეც თვალს მოეფარა. აქოშინებულები და ხელცარიელები დაბრუნდნენ მონასტერში, ხუმრობაა, მთელი არემარე ჭენებ-ჭენებით მოიარეს. ამასობაში სხვა ბერები ეკლესიაში დაეძებდნენ ქურდს, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მან ეშმაკობა იხმარა და სადმე ბნელ კუნჭულში დაიმალა. მთელი ეკლესია გადააქოთეს ქოროდან სადიაკვნემდე და, სანამ ამ ამბავში იყვნენ, სკივრებს თავებს ხდიდნენ, სკამების ქვეშ იხედებოდნენ, ერთმანეთს ანაფორის კალთებსა და სანდლებზე აბიჯებდნენ, ერთმა მოხუცმა ბერმა, რომელიც თავისი სათნოებით, ღვთისმოსაობითა და რწმენის სიმყარით იყო ცნობილი, შენიშნა, რომ ქურდის ხელი წმინდა ანტონიუსის საკურთხეველს არ შეხებია, თუმცა იქ დიდძალი ვერცხლეულობა ინახებოდა, თანაც სულ მასიური, ოსტატურად ნაკეთი და მაღალი სინჯისა. გაუკვირდა ღირს მამას, თქვენ რა, არ გაგიკვირდებოდათ, იქ რომ აღმოჩენილიყავით: ქურდი ხომ პატარა სარკმლიდან გადმოძვრა, გვერდითა, მიმდებარე ეკლესიიდან. სრულიად ცხადია, რომ, სანამ ლამპრებს მოიპარავდა, მანამდე წმინდა ანტონიუსის ეკლესიის საკურთხეველს ჩაუარა. მაშინ ბერი აღშფოთდა, წმინდა ანტონიუსის ქანდაკებას მიუბრუნდა და უსაყვედურა, როგორც ადამიანს, რომელმაც თავისი მოვალეობა ცუდად შეასრულა, ნამდვილად ჰქონდა საყვედურის მიზეზი: ეს როგორ, წმინდანო, მარტო საკუთარ ვერცხლეულზე ზრუნავთ, სხვისი ქონება კი – დაე, მოიპარონ? ასეთი საქციელისთვის ავდგებით და თქვენს ნივთებს წავიღებთო. ესა თქვა და საკურთხევლიდან ვერცხლეულის მოხვეტას შეუდგა, ვერცხლის ნივთებს დაფრანაც მიაყოლა, თვით წმინდანის ქანდაკებასაც ჩამოხსნა ძვირფასი ქვებით მორთული შარავანდედი და ჯვრები, კინაღამ ჩვილი იესოც მოაძრო, ხელში რომ უჭირავს წმინდა ანტონიუსს, მაგრამ სხვები მოცვივდნენ და გააჩერეს, ეს უკვე ნამეტანია, ჩვილი მაინც დავუტოვოთ საწყალსო. ბერი დაფიქრდა და გადაწყვიტა, არა, მოდი, ჩვილი მაინც ჩვენ გვყავდეს, სანამ ანტონიუსი ლამპრებს არ დაგვიბრუნებსო. ამასობაში ღამის სამი საათი შესრულდა, აი, რა დრო გასულა ქურდების ძებნასა და დამსჯელი ღონისძიების გატარებაში, ამიტომ ძმები დასაძინებლად წავიდნენ, თუმცა ზოგს კი ეშინოდა, რომ წმინდა ანტონიუსი ასეთ შეურაცხყოფას არ აპატიებდათ. მეორე დღეს, ასე თერთმეტ საათზე, მონასტრის ჭიშკარზე ერთმა სტუდენტმა დააკაკუნა. ეს სტუდენტი დიდი ხანია ფრანცისკანელის ანაფორის ჩაცმაზე ოცნებობდა და ხშირად დაიარებოდა მონასტერში. ეს ცნობა იმიტომ მოგვყავს, რომ, ჯერ ერთი, ჭეშმარიტებაა, და ჭეშმარიტება ყოველთვის დასაფასებელია, მეორეც, თუ ვინმე ამ თავსატეხი საქმის გარკვევას დააპირებს, გამოადგება. მოკლედ, სტუდენტმა დააკაკუნა და თქვა, მამა წინამძღვრის ნახვა მინდაო. მიიყვანეს. სტუდენტი მას ხელზე ემთხვია ან, შეიძლება, წელზე შემოხვეულ ბაწარზე, ან ანაფორის კალთაზე, ზუსტად არაა ცნობილი, და მოახსენა, ქალაქში ჭორები დადის, რომ თქვენი ლამპრები კოტოვიაში, ბაირო-ალტო-დი-სან-როკეს უკან, იესოს საძმოს მონასტერშიაო. წინამძღვარი დაეჭვდა – ჯერ ერთი, მოსული მაინცდამაინც დიდ ნდობას არ იმსახურებდა, ვიღაც სტუდენტია, მართალია, არამზადად არ თვლიან, სულ რომ არაფერი, ფრანცისკანელთა ორდენში მიილტვის, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ცოტა უცნაური იყო შაბრეგასში მოპარული ნივთების კოტოვიაში გამოჩენა. ეს ორი უბანი ქალაქის სხვადასხვა ბოლოშია. მათ შორის კარგა დიდი მანძილია, ორ ორდენს შორისაც ბევრი არაფერია საერთო, სწორი ხაზით თუ იანგარიშე, მთელი მილია სასიარულო, ერთი ბერები ყავისფერ ანაფორაში დადიან, მეორენი – შავში, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც იტყვიან, ნაყოფს გემოს ვერ გაუგებ, სანამ არ ჩაკბეჩ. მაგრამ გონიერება ამ ცნობის შემოწმებას მოითხოვდა, ამიტომ ერთი სანდო ბერი ამ სტუდენტთან ერთად კოტოვიაში გაგზავნეს. ისინი ქალაქში წმინდა ჯვრის კარიბჭით შევიდნენ და, თუკი სიზუსტე გნებავთ, წმინდა სტეფანეს მონასტერს გვერდი აუარეს, მერე წმინდა მიხეილის ეკლესიაც გაიარეს, წმინდა პეტრეც უკან ჩამოიტოვეს, მისივე სახელობის კარიბჭეში შევიდნენ, მდინარისკენ დაეშვნენ გრაფ დე ლინიარესის ქუჩით, მარჯვნივ გაუხვიეს, საღვთო კარიბჭით პელოურინიო-ველიოზე გავიდნენ, ყველა ამ ადგილიდან და სახელწოდებიდან ახლა მოგონებებიღა დარჩა, გვერდზე მოიტოვეს სავაჭრო ქუჩა იმიტომ, რომ ბერი ძალიან ღვთისმოსავი იყო, ხოლო სავაჭრო ქუჩაზე კი დღემდე მევახშეობას ეწევიან, როსიოც გაიარეს, სან-როკეს გადასასვლელთან გავიდნენ და მონასტრის წინ აღმოჩნდნენ. კარზე დააკაკუნეს და შევიდნენ. მამა წინამძღვართან შეიყვანეს. ბერმა თქვა, ეს სტუდენტი ჩემთან ერთად მოვიდა შაბრეგასიდან და ამბობს, რომ ჩვენი ლამპრები, წუხელ რომ მოიპარეს, თქვენთანაა. წინამძღვარმა უპასუხა, მართლაც ასეა, წუხელ, ასე ღამის ორ საათზე, ვიღაცამ ჭიშკარზე დააბრახუნა. კარისკაცმა ჰკითხა, რა გინდაო, მან კი უპასუხა, სწრაფად გამიღეთ კარი, პატრონს მისი საკუთრება უნდა დავუბრუნოო. კარისკაცმა მომახსენა ეს უცნაური ამბავი, მეც ჭიშკრის გაღება ვუბრძანე, და იქ ეს ლამპრები დაგვხვდა, ცოტა დასრესილი და ალაგ-ალაგ გატეხილი, აი, ინებეთ, თუ რამე აკლია, ჩვენი ბრალი არაა, ამგვარი ჩაგვაბარეს. მომტანი თუ ნახეთო. არა, ნახვით არ გვინახავს, შარაგზაზეც კი გავგზავნეთ ბერები, მაგრამ ვერავინ იპოვესო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სარამაგუ ჟოზე / მოგონებანი მონასტერზე