სენკევიჩი ჰენრიკ

 

რომანი

 

 

 

კარი I

 

   – იცი, ნელი, – უთხრა სტაშ ტარკოვსკიმ თავის პატარა ინგლისელ მეგობარს, – გუშინ აქ პოლიციელები იყვნენ და ზედამხედველ სმაინის სამი შვილი და ცოლი დაიჭირეს, ის ფატმა, ამას წინათ რამდენიმეჯერ რომ მოვიდა კანტორაში ჩვენს მამებთან.

   ულამაზესი ანგელოზის მსგავსმა პატარა ნელიმ სტაშს მომწვანო თვალები შეანათა და ნახევრად გაკვირვებით, ნახევრად შიშით ჰკითხა:

   – მერე, ციხეში ჩასვეს?

   – არა, მაგრამ სუდანში წასვლა აუკრძალეს და, პორტ-საიდიდან ფეხი რომ არ მოიცვალოს, ჩამოსული მოხელე მიუჩინეს.

   – რისთვის?                                                        

    თოთხმეტი წლის სტაშმა, რომელსაც თავისი რვა წლის მეგობარი ძალიან უყვარდა, თუმცაღა მას ჯერაც ბალღად თვლიდა, ამაყად მიუგო:

   – ჩემხელა რომ გაიზრდები, მაშინ გეცოდინება, რა ხდება არა მარტო არხის გასწვრივ, პორტ-საიდიდან მოყოლებული სუეცამდე, არამედ მთელს ეგვიპტეში. სულ არაფერი გაგიგონია მაჰდიზე?

   – ვიცი, რომ მახინჯია და უზრდელი.

   ბიჭმა შემწყნარებლურად გაიღიმა.

   – მახინჯია თუ არა, ეგ არ ვიცი. სუდანელები, მაგალითად, მას ლამაზად თვლიან. მაგრამ უზრდელის თქმა კაცზე, რომელმაც უკვე ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეუძლია მხოლოდ რვა წლის გოგონას და ისიც მოკლეკაბიანს.

   – მამამ ასე მითხრა, მან კი შენზე უკეთ იცის.

   – ასე იმიტომ გითხრა, რომ სხვანაირად ვერ გაიგებდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ მეტყოდა. მაჰდი ნიანგზე უფრო საშინელი ვინმეა. გასაგებია? მაგარი ნათქვამია “უზრდელი“, ასე აღუა თუ იტყვის.

   გოგონას მოღუშული სახის დანახვაზე დადუმდა, მერე კი დასძინა:

   – ნელი! ხომ იცი, შენი გაბრაზება სულაც არ მინდოდა; მოვა დრო და შენც გახდები თოთხმეტი წლის, ამას ნაღდს გეუბნები.

   – ჰო! – მიუგო ფიქრიანად მომზირალმა. – მაგრამ მანამდე მაჰდი პორტ-საიდში რომ შემოიჭრას და შემჭამოს?

   – მაჰდი კაციჭამია კი არა, კაცისმკვლელია. ვერც პორტ-საიდში შემოიჭრება, მაგრამ, რომც შემობედოს და შენი მოკვლა მოინდომოს, იცოდე, ჩემთან ექნება საქმე.

   ამ განცხადებამ და ცხვირის ქშუტუნმა, რაც მაჰდის კარგს არას უქადდა, ნელი საგრძნობლად დაამშვიდა და საკუთარი თავის რწმენა შემატა.

   – ვიცი, – თქვა, – ჩემს თავს არავის შეაჭმევინებ, მაგრამ, რატომ არ უშვებენ ფატმას პორტ-საიდიდან?

   – იმიტომ, რომ ფატმა მაჰდის დეიდაშვილია. მისმა ქმარმა სმაინმა კაიროში ეგვიპტის მთავრობას განუცხადა, რომ სუდანში წავიდოდა მაჰდისთან და მის ხელში მოხვედრილ ყველა ევროპელს ტყვეობიდან გაათავისუფლებდა.

   – ის სმაინი კეთილი კაცია?

   – მოიცა. შენი და ჩემი მამები მას მშვენივრად იცნობდნენ. არ ენდობოდნენ და ამიტომ გააფრთხილეს ნუბარ-ფაშა, მისი იმედი არ ჰქონოდა. მაგრამ მთავრობამ სმაინი მაინც გაგზავნა და მთელი ნახევარი წელია, რაც მაჰდისთან იმყოფება. ტყვეები კი, არა თუ არ დაბრუნებულან, ხარტუმიდან ცნობაც მოვიდა, მაჰდისტები მათ სულ უფრო საძაგლად ეპყრობიანო. სმაინმა მთავრობისაგან ფული აიღო, მაგრამ პირი გატეხა, მაჰდის მიემხრო და ემირის წოდებაც მიიღო. ხალხი ამბობს, რომ იმ საშინელ ომში, გენერალი ჰიქსი რომ დაიღუპა, მაჰდის არტილერიას სმაინი ხელმძღვანელობდაო. ჩანს, სწორედ მან ასწავლა მაჰდისტებს ზარბაზნის ხმარება, რაზედაც მათ, როგორც ველურებს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ახლა სმაინის მთავარი საფიქრალია, როგორმე გაიყვანოს ცოლ-შვილი ეგვიპტიდან. ისიც ჩანს, რომ ფატმამ თავიდანვე იცოდა სმაინის განზრახვა და ჩუმად ცდილობდა პორტ-საიდიდან გაპარვას. ამიტომაც დააპატიმრა მთავრობამ შვილებიანად.

   – მერე მთავრობას რად უნდა ფატმა და მისი შვილები?

   – მთავრობა მაჰდის ეტყვის: დაგვიბრუნე ტყვეები და ფატმას მოგცემთო...

   საუბარი აქ შეწყდა, რადგან სტაშის ყურადღება ეხტუმ ომ ფარაგიდან მენზალეჰის ტბისაკენ გაბწკარულმა ფრინველებმა მიიპყრეს. საკმაოდ დაბლა მოფრინავდნენ და გამჭვირვალე ჰაერში მკვეთრად ჩანდა, რამდენიმე კისერწაწვართული ვარხვი ვეებერთელა ფრთებს ლაღად რომ აქნევდა. სტაშმა უმალვე მათ მიბაძა, კისერი წაიგრძელა და წინ გავარდნილმა ხელები ფრთებივით ააქნია.

   – შეხე, ფლამინგოებიც მოფრინავენ, – შესძახა ანაზდად ნელიმ.

   სტაში უმალვე შედგა. მართლაც, ვარხვების უკან, ოღონდ საგრძნობლად მაღლა, ლაჟვარდისფერ ზეცაში თითქოსდა ორი უზარმაზარი – ვარდისფერი და წითელი ყვავილი დაკიდებულიყო.

   – ფლამინგოები! ფლამინგოები!

   – საღამო ახლოვდება და კუნძულზე თავიანთ ბუდეებს უბრუნდებიან. – თქვა ბიჭმა. – ოჰ, ნეტა ახლა თოფი მქონდეს!

   – მერე რისთვის? უნდა ესროლო?

   – ქალებს ამისი რა გესმით. მოდი, წინ წავიდეთ, ეგებ, იქიდან უფრო მეტი დავინახოთ.

   ეს რომ თქვა, გოგონას ხელი მოჰკიდა და პორტ-საიდის იქით, არხის პირველი ნავმისადგომისაკენ, წავიდა. მათ უკან მიჰყვა ზანგი დინაჰი, რომელიც ჩვილობისას ნელის გადიაობას უწევდა. მენზალეჰის ტბისა და არხის წყალგამყოფ მიწაყრილზე მიაბიჯებდნენ. არხში იმჟამად ვეებერთელა ინგლისური თბომავალი მიცურავდა. თბომავალს ლოცმანი მართავდა. ჰა და ჰა, მოსაღამოვდებოდა. მზე ჯერაც მაღლა იდგა, მაგრამ დასავლეთისკენ, ანუ ტბისაკენ, საკმაოდ გადაწვერილიყო. წყალს უკვე ოქროსფერი დასდებოდა და მის ზედაპირზე ფარშევანგის ფრთათა ანარეკლი ციმციმებდა. არაბეთის სანაპიროზე, სადამდეც კაცს თვალი მიუწვდებოდა, მოყვითალო, მიყრუებული, ავბედითი და უსიცოცხლო ქვიშიანი უდაბნო გადაჭიმულიყო. მოსარკულ, თითქოსდა უსიცოცხლო ზეცასა და უთვალავ ნაოჭებდაყრილ ქვიშას შორის მოჭაჭანე სულიერს ვერ დაინახავდით. მაშინ, როცა არხზე სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა, მიირწეოდნენ ნავები და გაისმოდა ორთქლმავლების სტვენა, მენზალეჰის ტბას მზის შუქის ფონზე აკიაფებული თოლიები და გარეული იხვები დასტრიალებდნენ, არაბეთის სანაპიროზე კი თითქოსდა სიკვდილი გამეფებულიყო. მხოლოდ თანდათან, რაც მზე დასავლეთისაკენ იხრებოდა და სულ უფრო და უფრო წითლდებოდა, ქვიშასაც ასე თანდათან ედებოდა შროშანისფერი, სწორედ ისეთი, როგორც შემოდგომის ჟამს პოლონეთის ტყეში მანანას აქვს ხოლმე.

   ნავმისადგომისაკენ მიმავალმა ბავშვებმა კიდევ რამდენიმე ფლამინგო დაინახეს და თვალები გაუბრწყინდათ, მაგრამ ამასობაში დინაჰმა განაცხადა, ნელის შინ დაბრუნების დროაო. ეგვიპტეში დღეს, როცა ზამთრობითაც კი ხშირად ცხელა, ძალზე ცივი ღამე მოსდევს. ნელის ჯანმრთელობა კი დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა და მამა, პან რავლისონი, მზის ჩასვლის შემდეგ გოგონას წყლის მახლობლად ყოფნის ნებას არ აძლევდა. ჰოდა, უმალვე მიბრუნდნენ ქალაქისაკენ, რომლის ერთ-ერთ გარეუბანშიც, ზედ არხის შორიახლო იდგა პან რავლისონის ვილა – და სწორედ იმ ჟამს, როცა მზე ზღვაში ჩაესვენა, ბავშვებმა ზღურბლზე გადააბიჯეს. მალე სადილად მოწვეული სტაშის მამა, ინჟინერი პან ტარკოვსკიც გამოჩნდა და მთელი ეს საზოგადოება და მათთან ერთად ნელის მასწავლებელი, ფრანგი პან ოლივერი, სუფრას მიუსხდნენ.

   პან რავლისონი, სუეცის არხის კომპანიის ერთ-ერთი დირექტორთაგანი, და ამავე კომპანიის უფროსი ინჟინერი ვლადისლავ ტარკოვსკი, უკვე რახანია, გულითად მეგობრებად ითვლებოდნენ. ორივენი ქვრივები იყვნენ, ოღონდ წარმოშობით ფრანგი პან ტარკოვსკა ამ თოთხმეტი წლის წინათ სტაშის გაჩენას გადაჰყვა, ნელის დედა კი ჭლექისაგან გარდაიცვალა ჰელუანში, როცა გოგონა სამი წლისა იყო. ორივე ქვრივი პორტ-საიდში გვერდიგვერდ სახლობდა და სამსახურის წყალობით ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდა. საერთო უბედურებამ ისინი კიდევ უფრო დააახლოვა და მათი ოდინდელი მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. პან რავლისონს სტაში საკუთარი შვილივით უყვარდა, ხოლო პან ტარკოვსკი პაწია ნელის გულისთვის არც ცეცხლს შეუშინდებოდა და არც წყალსა და მეწყერს. დღიურ საქმეებს რომ მორჩებოდნენ, მათს ყველაზე სასიამოვნო დასვენებას შვილებზე, მათ აღზრდასა და მომავალზე საუბარი წარმოადგენდა. ამგვარი საუბრებისას პან რავლისონი უმეტესწილად სტაშის ნიჭს, ღონესა და სიმამაცეს ასხამდა ხოტბას, პან ტარკოვსკი კი ნელის ანგელოზისებრ სახეს აქებდა და ადიდებდა. რაც მართალია, მართალია – არც ერთი ტყუოდა, არც – მეორე. სტაში ცოტა თავდაჯერებული და ცოტა ტრაბახა კი იყო, მაგრამ შესანიშნავად სწავლობდა და პორტ-საიდის ინგლისური სკოლის მასწავლებლები მის მართლაცდა უჩვეულო ნიჭიერებას აღტაცებაში მოჰყავდა. რაც შეეხება სიმამაცესა და საზრიანობას, სტაშს მამისაგან გადაეცა მემკვიდრეობით, რამეთუ ეს თვისებები პან ტარკოვსკისთვის განგებას მოჭარბებულად მიემადლებინა და სწორედ ამის წყალობით მიაღწია ეგზომ მაღალ თანამდებობას. 1863* წელს მთელი თერთმეტი თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იბრძოდა. ბოლოს, დაჭრილი, ტყვედ ჩავარდა და გააციმბირეს. მაგრამ მალე რუსეთის მიყრუებული ტაიგიდან გაქცეულმა საზღვარგარეთ ამოყო თავი. აჯანყებაში ჩაბმამდე უკვე ჩამოყალიბებული ინჟინერი იყო, თუმცა კიდევ ერთი წელი მიუძღვნა ჰიდრავლიკის შესწავლას, რის შემდეგაც არხზე მიიღო თანამდებობა და რამდენიმე წელიწადში, როცა საზოგადოდ ცნობილი გახდა საქმის მისეული ძირფესვიანი ცოდნა, გონიერება და შრომისმოყვარეობა, უფროსი ინჟინრის მაღალი თანამდებობაც დაიკავა.

   სტაში პორტ-საიდში, არხის მახლობლად დაიბადა, გაიზარდა და თოთხმეტი წელიც აქ შეუსრულდა, რის გამოც ინჟინრები, მამამისის კოლეგები, “უდაბნოს ბავშვს” ეძახდნენ. მოგვიანებით, უკვე სკოლაში სწავლისას, ხან მამას და ხანაც პან რავლისონს არდადეგებსა და დღესასწაულებზე პორტ-საიდიდან მოყოლებული თვით სუეცამდე არხის კალაპოტის ჩაღრმავებისა და მოწაყრილის გაკეთებაზე სამეთვალყურეოდ მოწყობილ ექსპედიციებში დაჰყვებოდა.

   ყველას იცნობდა, როგორც ინჟინრებსა და რიგით მოსამსახურეებს, ასევე მუშებს – არაბებსაც და ზანგებსაც. სად აღარ დაინახავდით, სად აღარ შეხვდებოდით; ხან მიწაყრილზე დააბოტებდა, ხანაც მენზალეჰზე დაცურავდა ნავით. არაბეთის სანაპიროზეც გადადიოდა და ვიღაცის ცხენზე გადამჯდარი, თუ ცხენი არ იყო, მაშინ აქლემზე ან ვირზე წამოსკუპებული, თავს არაბეთის უდაბნოს მხედრად წარმოიდგენდა, მოკლედ, პან ტარკოვსკის თქმისა არ იყოს, ყველგან “დაძვრებოდა” და სწავლისაგან თავისუფალ ყოველ წუთს სანაპიროზე ატარებდა.

   მამა სტაშს არაფერს უშლიდა, რადგან ხედავდა, რომ ნიჩბების მოსმა, ცხენის ჭენება და სუფთა ჰაერზე მუდმივი ყოფნა აკაჟებდა და სიმარჯვეს აჩვევდა. სტაში მისი ასაკის ბიჭებზე მაღალიც იყო, ღონიერიც და თვალებშიც ეტყობოდა, მისი შეშინება იოლი საქმე არ უნდა ყოფილიყო. თოთხმეტი წლისა მთელს პორტ-საიდში ყველაზე საუკეთესო მოცურავედ ითვლებოდა, თუმცაღა არაბებიც და ზანგებიც თევზებივით ცურავდნენ. მცირეკალიბრიანი კარაბინით გარეულ იხვებსა და ეგვიპტურ ბატებზე ნადირობამ სიჩაუქეს მიაჩვია. მისი ოცნება იყო ოდესმე შუა აფრიკაში რომელიმე დიდ მხეცზე ნადირობა. სიამოვნებით იხსენებდა ხოლმე არხზე მომუშავე სუდანელების ნაამბობს მძვინვარე მხეცებსა და სქელკანიან ცხოველებზე, რომლებიც მათ თავიანთ სამშობლოში შეხვედროდათ.

   ყოველივე ამას ის დადებითი მხარეც ჰქონდა, რომ სტაში ენებს სწავლობდა. სუეცის არხისა მარტო გათხრა არ კმაროდა, საჭირო იყო მისი შენარჩუნებაც, რადგან ორთავ მხარეს მდებარე ქვიშა წლის განმავლობაში არხს ავსებდა. ლესეპსის დიადი საქმე გამუდმებულ შრომასა და ყურადღებას მოითხოვდა. ამიტომაც იყო, რომ მისი კალაპოტის ჩაღრმავებაზე გამოცდილი ინჟინრების მეთვალყურეობით დღემდე მუშაობდა უძლიერესი მანქანების ჯარი და ათასობით მუშა. არხის გათხრაზე 25 ათასი მუშა შრომობდა. დღესდღეობით, დამთავრებული საქმისა და გაუმჯობესებული მანქანების კვალობაზე, ბევრად ნაკლები მუშა იყო საჭირო, თუმცაღა მათი რაოდენობა არც ისე მცირე იყო. მათ შორის ადგილობრივები ჭარბობენ, მაგრამ იყვნენ ასევე ნუბიელები, სუდანელები და სომალელები, აგრეთვე თეთრი და ცისფერი ნილოსის სანაპიროებზე მობინადრე ზანგებიც, ანუ მცხოვრებნი იმ ადგილებისა, რომლებიც, მაჰდის აჯანყებამდე, ეგვიპტის მთავრობას ეკავა. სტაში ყველასთან ძმაბიჭობდა, და, როგორც პოლონელთა უმრავლესობას, მასაც ჰქონდა ენების შესწავლის უჩვეულო ნიჭი, რის წყალობითაც, თავადაც რომ არ უწყოდა, ისე ისწავლა მათებური მრავალი კილო. ეგვიპტეში დაბადებული არაბულს არაბივით ლაპარაკობდა. მანქანებზე მომუშავე ცეცხლფარეში ზანზიბარელებისაგან მთელს შუა აფრიკაში გავრცელებული – სვა-ჰილის ენა შეისწავლა და, ასე განსაჯეთ, ფაშოდის ქვემოთ, ნილოსის პირას მცხოვრები დინკისა და შილუკის ტომის ზანგებსაც კი ესაუბრებოდა. თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად, ფრანგულად და პოლონურად, რამეთუ მამამისი, ეს გულანთებული პატრიოტი, მონდომებით ცდილობდა ბიჭს მშობლიური ენაც სცოდნოდა. სტაში, რასაკვირველია, პოლონურს მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზ ენად მიიჩნევდა, პაწია ნელისაც ასწავლიდა და არცთუ წარუმატებლად. ოღონდ ვერაფერს გახდა და თავისი პოლონური სახელის “სტაშის” პოლონურად წარმოთქმა ვერ შეასწავლა. გოგონა მას “სტესს” ეძახდა. ამის გამო არაერთხელ წაკინკლავებულან, რაც უმალვე წყდებოდა, რაჟამს გოგონას თვალებში ცრემლი აკიაფდებოდა. საკუთარ თავზე დაბოღმილი “სტესი” გოგონას უმალვე ბოდიშს მოუხდიდა ხოლმე.

   მიუხედავად ყველაფრისა, სტაშს ერთი საზიზღარი თვისება ჰქონდა: ნელის ასაკზე აგდებით ლაპარაკი უყვარდა და მუდამ თავის “დარბაისლურ” ასაკსა და გამოცდილებას უპირისპირებდა. მისი მტკიცებით, ბიჭი, რომელიც უკვე თოთხმეტი წლის გახდა, თუ მთლად მოწიფული არა, ყოველ შემთხვევაში, ბავშვი ნამდვილად აღარ იყო და ხელი მიუწვდებოდა ყოველგვარ საგმირო საქმეზე, მით უფრო, რომ მის ძარღვებში პოლონური და ფრანგული სისხლი ჩქეფდა. ძალიან სურდა ამგვარ საქმეზე თავის გამოცდა, განსაკუთრებით, ნელის დასაცავად. ჰოდა, დასხდებოდნენ და ათასგვარ საშინელებას იგონებდნენ, მერე სტაშს პასუხი უნდა გაეცა ნელის შეკითხვებზე: რას იზამდა, მაგალითად, მის სახლში ფანჯრიდან ათმეტრიანი ნიანგი, ანდა ძაღლისხელა მორიელი რომ შესულიყო. ამგვარ წუთებში არც ერთ მათგანს თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სულ მალე მწარე სინამდვილე მთელ მათ ფანტასტიკურ გამონაგონებს მეტისმეტად გადააჭარბებდა.

 

 

 

კარი II

 

      ამასობაში, სადილობის ჟამს, შინ სასიამოვნო ამბავი ელოდათ. რამდენიმე კვირის უკან პან რავლისონმა და პან ტარკოვსკიმ, როგორც გამოცდილმა ინჟინრებმა, მიწვევა მიიღეს პროვინცია ელ-ფაიუმის, ქალაქ მედინეტის, კაროუნის ტბის მიდამოებისა და მდინარე იუზეფისა და ნილოსის გასწვრივ, არხის მთელ სიგრძეზე ჩატარებული სამუშაოების დასათვალიერებლად და შესაფასებლად. იქ ერთი თვე უნდა დაეყოთ და საამისოდ შვებულება მიიღეს საკუთარი ფირმისაგან. რამდენადაც შობის დღესასწაული კარზე იყო მომდგარი და ბავშვებთან განშორებაც უჭირდათ, გადაწყვიტეს, მედინეტში სტაშიც და ნელიც წაეყვანათ. ამის გაგონებაზე ბავშვები სიხარულისაგან კინაღამ გაგიჟდნენ. მხოლოდ არხის გასწვრივ მდებარე ქალაქებს იცნობდნენ, კერძოდ – იზმაილსა და სუეცს, არხის მოშორებით კი – ალექსანდრიასა და კაიროს, სადაც უზარმაზარი პირამიდები და სფინქსი ენახათ. მაგრამ ეს იყო ხანმოკლე ექსკურსიები, მაშინ, როდესაც მედინეტ-ელ-ფაიუმამდე, სამხრეთისაკენ, ნილოსის გასწვრივ მატარებლით მთელი დღე უნდა ევლოთ, იქიდან კი დასავლეთით მდებარე ელ-ვასტასაკენ ლიბიის უდაბნო გადაესერათ. სტაში ახალგაზრდა ინჟინრებისა და მოგზაურთა მონათხრობით იცნობდა მედინეტს, სადაც მათ წყლის მრავალგვარ ფრინველზე, უდაბნოს მგლებსა და აფრებზე ენადირათ. იცოდა, რომ ეს იყო ნილოსის მარცხენა ნაპირზე მდებარე დამოუკიდებელი, თვალუწვდენელი ოაზისი, რომელსაც კაროუნის ტბის, ბაჰრ-იუსეფისა და სხვა მომცრო არხებისაგან შემდგარი საწყალოსნო სისტემა გააჩნდა. ოაზისის მნახველები ამბობდნენ, რამდენადაც ეს მხარე ეგვიპტეს ეკუთვნის, მაგრამ მისგან უდაბნო ყოფს, იგი მაინც განსაკუთრებულ, თავისთავად მთლიანობად აღიქმებაო. მდინარე იუზეფი ამ სამყაროს წვრილ, ცისფერ რკალად შემორტყმოდა და იგი ნილოსის დაბლობთან შეეერთებინა. წყლის სიუხვე, ნოყიერი ნიადაგი და შესანიშნავი მცენარეული საფარი ქმნიდა აქ თითქოსდა ამქვეყნიურ სამოთხეს, ხოლო ქალაქ კროკოდილოპოლისის თვალუწვდენელი ნანგრევები ასობით ცნობისმოყვარე მოგზაურს იზიდავდა. სტაშს კი, ყველაზე მეტად, კაროუნის ტბა, იქ მობინადრე უთვალავი ფრინველი და გუებელ-ელ-სედმენტის მიყრუებულ მთაზე მგლებზე სანადიროდ წასვლა იზიდავდა.

   არდადეგები რამდენიმე დღის შემდეგ იწყებოდა და რადგანაც არხის გასწვრივ ჩასატარებელი რევიზია სასწრაფო იყო და დახანებას ვერ ითმენდა, უფროსებს დროის დაკარგვა მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ. ბარგი სასწრაფოდ ჩაალაგეს, რათა გზას უმალვე გასდგომოდნენ, ბავშვები კი, პანი ოლივერის თანხლებით, ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრებოდნენ. სტაშსა და ნელისაც, რასაკვირველია, ახლავე ერჩიათ წასვლა, მაგრამ სტაშმა ხმის ამოღება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, მგზავრობასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი გამოიკითხეს და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ ბერძნების მოუხერხებელ სასტუმროებში კი არ იცხოვრებდნენ, არამედ ცოოკის სამგზავრო საზოგადოების კუთვნილ კარვებში. სწორედ ასე იქცეოდნენ კაიროდან დიდი ხნით მიმავალი მგზავრები. ცოოკი მსურველებს სთავაზობდა კარვებს, მსახურებს, მზარეულებს, სურსათ-სანოვაგის მარაგს, ცხენებს, ვირებს, აქლემებს და მეგზურებს, ასე რომ მოგზაურებს დიდი სადარდებელ-საზრუნავი აღარ აწუხებდათ. მართალია, ეს ძვირადღირებული ფუფუნება იყო, მაგრამ პან ტარკოვსკი და პან რავლისონი ამას ანგარიშს არ უწევდნენ, რადგან ყველაფრის საფასურს იხდიდა ეგვიპტის მთავრობა, რამდენადაც ინჟინრები სწორედ მან მიიწვია არხზე ჩატარებულ სამუშაოთა შესამოწმებლად და შესაფასებლად. ნელის, რომელსაც ყველაზე მეტად აქლემით სეირნობა უყვარდა, მამა შეჰპირდა, რომ უშოვიდა განსაკუთრებით დიდკუზიან აქლემს, რომლითაც ის და პანი ოლივერი, ანდა დინაჰი, დროდადრო კი სტაში, უდაბნოსა და კაროუნის ტბის შემოგარენში ისეირნებდნენ. სტაშს კი პან ტარკოვსკიმ აღუთქვა, რომ ღამით მგელზე ნადირობის ნებას დართავდა იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან წარჩინების მოწმობას მოიტანდა და ნაღდ ინგლისურ შტუცერსა და ნადირობისათვის საჭირო ყველა ნივთსაც აჩუქებდა. წარჩინების მოწმობას რომ აიღებდა, სტაშს ეჭვიც არ ეპარებოდა და თავი უმალვე შტუცერის მფლობელად წარმოიდგინა, ჰოდა, უკვე უამრავ განსაცვიფრებელ და დაუვიწყარ თავგადასავალზე ოცნებას შეუდგა.

   გახარებული ბავშვებისათვის ამგვარი გეგმების განხილვასა და საუბარში ჩაიარა სადილმა. მომავალი მგზავრობისადმი ნაკლებ აღფრთოვანებას ამჟღავნებდა პანი ოლივერი, რომელსაც დიდად არაფრად მოსწონდა ^პორტ-საიდის მოხერხებული ვილიდან ფეხის მოცვლა და რამდენიმე კვირა კარავში ცხოვრებაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც აქლემით მგზავრობა აშინებდა. ეგვიპტეში მცხოვრები ბევრი ევროპელივით, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რამდენჯერმე უცდია აქლემზე შეჯდომა და ეს მცდელობა ყოველთვის მარცხით დამთავრებულა. ერთხელ აქლემი იმაზე ადრე ამდგარა, ვიდრე პანი უნაგირზე მოხერხებულად დაჯდებოდა, რის გამოც მისი კუზიდან ზედ მიწაზე გადმოებერტყა. მეორეჯერ, მძიმედ მოარულ დრომადერს ისე დაენჯღრია, რომ ორი დღე გონს ვერ მოსულა; ერთი სიტყვით, რამდენადაც ნელი ორი თუ სამი გასეირნების შედეგს აღტაცებით იგონებდა და ირწმუნებოდა, ამაზე სასიამოვნო ქვეყნად არაფერიაო, იმდენად შავბნელი მოგონებები აღეძვროდა პანი ოლივერს. მისი აზრით, აქლემით მგზავრობა ზედგამოჭრილი იყო არაბებისა და ნელის მსგავსი პაწაწკინტელა არსებისათვის და არა მძიმე და დარბაისელი ქალისთვის, მით უფრო, თუ ამ ქალს ზღვის საძაგელი ავადმყოფობისაკენ მიდრეკილება აწამებდა. თუმცა, მედინეტელ-ფაიუმისაკენ მგზავრობაში სხვა ხიფათიც იმალებოდა. პორტ-საიდში ისევე, როგორც ალექსანდრიაში, კაიროსა და მთელს ეგვიპტეში, გაუთავებლად ლაპარაკობდნენ მაჰდის აჯანყებასა და დავრიშთა სისასტიკეზე. რადგან პანი ოლივერს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მდებარეობდა მედინეტი, შეშფოთდა, მაჰდისტებთან ძალიან ახლო ხომ არ არისო და პან რავლისონს გამოკითხვა დაუწყო.

   მან კი, მხოლოდ გაიღიმა და თქვა:

   – მაჰდიმ ამჟამად ალყა შემოარტყა ხარტუმს, სადაც გენერალი გორდონი არის გამაგრებული. იცით, რა მანძილია მედინეტიდან ხარტუმამდე?

   – ოდნავი წარმოდგენაც არ მაქვს.

   – არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიც აქედან სიცილიამდე. – აუხსნა პან ტარკოვსკიმ.

– არც მეტი, არც ნაკლები, – დაუდასტურა სტაშმაც. – ხარტუმი მდებარეობს იქ, სადაც თეთრი და ცისფერი ნილოსი ერთმანეთს ერწყმის და ერთ მდინარედ იქცევა. მას ეგვიპტის ვეებერთელა სივრცე და მთელი ნუბია გვაშორებს.

სტაშს იმის დამატებაც უნდოდა, რომ მედინეტი აჯანყებულთა მიერ დაკავებულ მხარესთან თუნდაც სულ ახლო ყოფილიყო, ის ხომ იქ იქნებოდა თავისი შტუცერით, მაგრამ გაახსენდა, რომ ამგვარი ტრაბახისათვის მამას არაერთხელ დაუტუქსავს და ისევ გაჩუმება ამჯობინა.

   უფროსებმა სიტყვა ჩამოაგდეს მაჰდისა და აჯანყებაზე, რადგან ეგვიპტის მთავრობას იმჟამად ყველაზე მნიშვნელოვან ამბად ის მიაჩნდა. ხარტუმიდან ცუდი ამბები აღწევდა. ველური ურდოები, უკვე თვენახევარია, ქალაქს გარშემორტყმოდნენ; ეგვიპტელთა და ინგლისელთა რიგები თანდათან თხელდებოდა. დამხმარე ძალა მათკენ ახლახან წასულიყო, მაგრამ გორდონის სახელის, სიმამაცისა და სიმარჯვის მიუხედავად, საყოველთაო შიში გამეფებულიყო, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი ქალაქი ბარბაროსებს ჩაუვარდებოდა ხელში. ამავე აზრისა იყო პან ტარკოვსკიც, რომელიც ეჭვობდა, რომ გულიგულში ინგლისს სურდა, მაჰდის ეგვიპტისთვის წაერთმია სუდანი, რათა, მოგვიანებით, თავად მას წაეგლიჯა იგი მაჰდისთვის და ეს ვეებერთელა ქვეყანა დაემორჩილებინა. თუმცაღა, პან ტარკოვსკის თავისი ეჭვი პან რავლისონისთვის არ გაუნდვია, რადგან მისი პატრიოტული გრძნობის შებღალვას ერიდებოდა.

   სადილობის მიწურულს სტაში იმის გამოკითხვას შეუდგა, რისთვის მიიტაცა ეგვიპტემ ნუბიის სამხრეთით მდებარე მიწები, კერძოდ – კორდოფანი, დარფური და სუდანი ზედ ალბერტ-ნიანძამდე და რად წაართვა იქაურ ხალხს თავისუფლება. პან რავლისონმა ასე უპასუხა: რასაც ეგვიპტის მთავრობა აკეთებს, აკეთებს ინგლისის დავალებით, რადგან ეგვიპტეზე თავის პროტექტორატს ავრცელებს და ისე იქცევა, როგორც თავად სურს.

   – ეგვიპტის მთავრობას იქაურებისათვის თავისუფლება კი არ წაურთმევია – დასძინა, – პირიქით, ასეულ ათასობით და, შესაძლოა, მილიონობით ადამიანს თავისუფლება მიანიჭა. კორდოფანში, დარფურსა და სუდანში, ბოლო ხანებში, არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა. აქა-იქ მომძლავრებული რომელიმე ბელადი თავის უფლებებს აცხადებდა ამა თუ იმ მიწაზე და ადგილობრივ მცხოვრებთა სურვილის წინააღმდეგ, ანუ ძალით იერთებდა მას. ეს მიწები, უმეტესწილად, დასახლებული იყო არაბულ-ზანგური დამოუკიდებელი ტომებით, ანუ ისეთი ხალხით, რომელთა ძარღვებშიც ორივე რასის სისხლი ჩქეფდა. ეს ტომები განუწყვეტელი ომიანობის პირობებში ცხოვრობდნენ. ერთმანეთს თავს ესხმოდნენ და ართმევდნენ ცხენებს, აქლემებს, რქოსან პირუტყვსა და, უპირველესად, ტყვეებს. ამასთანავე უამრავ სისასტიკეს სჩადიოდნენ. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც სპილოს ძვალსა და ტყვეებზე მონადირე ვაჭრები იყვნენ. ისინი თითქოსდა ადამიანთა განსაკუთრებულ კლასს ჰქმნიდნენ, რომელსაც მიეკუთვნებოდა ყველა ტომის ბელადი და, ამასთანავე, მდიდარი ვაჭრები. შორს, აფრიკის სიღრმეში მძარცველურ ლაშქრობებს აწყობდნენ და ყველგან სპილოს ეშვებსა და ათასობით ადამიანს – მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს იტაცებდნენ. ამასთანავე, შეუბრალებლად ანადგურებდნენ სოფლებსა და დასახლებებს, ნაცარტუტად აქცევდნენ ყანებს, სისხლის მდინარეებს აჩუხჩუხებდნენ და მოწინააღმდეგეს უგულოდ უსწორდებოდნენ. სუდანის, დარფურისა და კორდოფანის სამხრეთული მიწები, ამასთანავე ნილოსის მთიანი მხარეები, თვით ტბებამდე მოყოლებული, ალაგ-ალაგ თითქმის სრულიად გაუკაცრიელდა. არაბული ბანდები კიდევ უფრო შორს მიიწევდნენ და მთელი ცენტრალური აფრიკა სისხლითა და ცრემლით მორწყეს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისი მთელს დედამიწის ზურგზე დევნის ტყვეებით ვაჭრობას და კორდოფანის, დარფურის და სუდანის დაკავებას ეგვიპტის მთავრობის მიერ იმიტომ დათანხმდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება, რათა ამ მკვლელ-მძარცველთათვის სამარცხვინო ჩვევა მოეშლევინებინა და, ასე თუ ისე დაემორჩილებინა. საბრალო ზანგებმა ამოისუნთქეს, თავდასხმა და ძარცვა-გლეჯა შეწყდა და ხალხიც მშვიდობიან ცხოვრებას შეუდგა. რასაკვირველია, ასეთი მდგომარეობა ვაჭრებს ჭკუაში არ დაუჯდათ და აღმოჩნდა თუ არა მათ შორის მაჰდი, ანუ მოჰამედ-ახმედი, რომელმაც წმინდა ომი გამოაცხადა იმ მიზეზით, ეგვიპტეში მაჰდის ჭეშმარიტი რწმენა იბღალებაო – ყველამ, ვით ერთმა კაცმა, ხელი იარაღს წამოავლო. და დაიწყო საშინელი ომი, რომელშიც ეგვიპტელები მაინცდამაინც დიდად არ ბრწყინავდნენ. მაჰდიმ მთავრობის ჯარები ყველა ომში დაამარცხა და კორდოფანი, დარფური და სუდანი დაიკავა; ამჟამად მისი ურდოები ხარტუმს გარშემოერტყმოდნენ და ჩრდილოეთით, ზედ ნუბიის საზღვარს მოსდგომოდნენ.

   – შეუძლიათ ეგვიპტემდეც მოაღწიონ?– ჰკითხა სტაშმა.

   – არა. – მიუგო პან რავლისონმა. – მართალია, მაჰდი ირწმუნება, რომ მთელ მსოფლიოს დაიპყრობს, მაგრამ ის ველური კაცია და ბევრი რამ არ გაეგება. ეგვიპტის დამპყრობი ის არ არის, რადგან ამის ნებას ინგლისელები არ მისცემენ.

   – ეგვიპტის ჯარები მთლად რომ გაანადგუროს, მაშინ?

   – მაშინ ბრძოლაში ჩაებმება ინგლისის ჯარი, რომლის მომრევი ქვეყნად არავინ მეგულება.

   – მერე ინგლისმა რატომ დაანება მაჰდის ამდენი ქვეყნის დაპყრობა?

   – რა იცი, რომ დაანება, – უპასუხა პან რავლისონმა, – ინგლისს აჩქარება არ სჩვევია, რადგან იგი მარადიული ქვეყანაა.

   საუბარი შეაწყვეტინათ შემოსულმა ზანგმა, რომელმაც განუცხადათ, სმაინის ცოლი, ფატმა მოვიდა და მოსმენას გთხოვთო.

   ქალები აღმოსავლეთში, ჩვეულებისამებრ, საშინაო საქმეებით არიან დაკავებულნი და ჰარამხანიდანაც იშვიათად გამოდიან. მხოლოდ ღატაკები ეწევიან ვაჭრობას, ანდა მინდვრად შრომობენ, ისიც ფელაჰის ცოლები, მაგრამ მაშინაც კი სახეს იბურავენ. ფატმას სამშობლოში კი, სუდანში, ამ წესს მაინცდამაინც მკაცრად არ იცავენ. ფატმა ინჟინრებთან მანამდეც ყოფილა კანტორაში, მაგრამ ასე გვიან მისმა გამოჩენამ აქ, ამ კერძო სახლში, ერთგვარი გაოცება გამოიწვია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი