– სმაინზე მაინც შევიტყობთ ახალ ამბავს. – თქვა პან ტარკოვსკიმ.

   – ჰო, – მიუგო პან რავლისონმა და მსახურს აგრძნობინა, ფატმა შემოიყვანეო.

   წუთიც და ოთახში შემოვიდა ტანწერწეტა, ახალგაზრდა, სახედაუფარავი სუდანელი, რომელსაც კუპრივით შავი სახე და ულამაზესი, ოდნავ ველური, თან ოდნავ მტრული თვალები ჰქონდა. შემოსვლისთანავე მიწაზე სახით დაემხო და როცა პან რავლისონმა ადგომა უბრძანა, წამოიწია, მაგრამ მუხლებზე დამხობილი დარჩა.

   – სიდი, – თქვა – ალაჰმა დაგლოცოთ შენ, შენი მთავრობა, შენი სახლი და შენი ჯოგი.

   – რა გნებავს? – ჰკითხა ინჟინერმა.

   – გულმოწყალება, შველა და გაჭირვების ჟამს ხელის წაშველება, ჩემო ბატონო! პორტ-საიდში ვარ დატყვევებული და ყოველ წამს განადგურება გველის მეც და ჩემს შვილებსაც.

   – დაპატიმრებული ვარო, ამბობ და აქ მოსვლა კი შეძელი, თანაც ღამით.

   – იმ პოლიციელებმა მომიყვანეს, ჩემს სახლს დღე და ღამ რომ დარაჯობენ და ვიცი, მალე თავებსაც დაგვაყრევინებენ.

   – წინდახედულად ილაპარაკე, – უთხრა პან რავლისონმა და მხრები აიჩეჩა. –სუდანში ხომ არ ხარ, ეგვიპტეში იმყოფები, აქ კი, სასამართლოს გარეშე, არავის კლავენ, ჰოდა, გწამდეს, ვერც შენ და ვერც შენს შვილებს თითსაც ვერავინ დაგაკარებთ.

   მაგრამ ფატმამ ვედრება დაუწყო, თავდებად დადგომოდა მთავრობასთან,  რათა სმაინთან წასვლის ნება დაერთოთ.  “შენსავით სახელოვან ინგლისელს (ეუბნებოდა) ყველაფერი შეუძლია. კაიროს მთავრობა ფიქრობს, რომ სმაინი მოღალატეა, მაგრამ იცოდეთ, ეს ტყუილია. სწორედ გუშინ მომინახულეს სოუაკიმიდან ჩამოსულმა არაბმა ვაჭრებმა, რომლებსაც სუდანში რეზინი და სპილოს ძვალი შეუსყიდიათ და მათ მითხრეს, ავადმყოფი სმაინი ელ-ფაშერში წევს და შენ და ბავშვებს თავისთან გიბარებთ, რათა დაგლოცოთო”...

   – ფატმა, ეგ ყველაფერი შენი გამოგონილია. – გააწყვეტინა პან რავლისონმა. ამაზე ფატმამ ალაჰი დაიფიცა, რომ მართალს ამბობდა, თან დასძინა, გამოჯანსაღდება თუ არა, სმაინი ყველა ქრისტიან ტყვეს გამოისყიდის, მაგრამ თუ მოკვდა, როგორც დავრიშთა სისხლით ნათესავი, გამოსავალს უეჭველად მოვნახავ და ისე მოვიქცევი, როგორც მოვინდომებ. დამრთონ წასვლის ნება, თორემ ქმრის ნატვრაში, საცაა სული ამომხდება. რა დავუშავე მე უბედურმა მთავრობას და ჰედივს? ნუთუ ჩემი ბრალია და პასუხი უნდა ვაგო, დავრიშ მოჰამედ ახმედის სისხლით ნათესავი რომ ვარ?

   ინგლისელთა თანდასწრებით ფატმამ ვერ გაბედა თავისი ნათესავისათვის მაჰდი ეწოდებინა, რადგან იცოდა, ეგვიპტის მთავრობა მას მეამბოხედ და თაღლითად მიიჩნევდა. ფატმა იატაკს შუბლს სცემდა და ცასა და მიწას მოუხმობდა თავისი უმწიკვლობისა და უბედურების უტყუარ დასტურად; მერე ატირდა და თან ისე შესაბრალის კივილს მოჰყვა, როგორც აღმოსავლეთში ქმრისა და ვაჟიშვილის დამკარგავმა დედებმა იციან. შემდეგ სახით ისევ იატაკს, უფრო სწორედ კი ფარდაგს დაასკდა და დადუმებული გაირინდა.

   თვალის მოსატყუებლად მიწოლილმა ნელიმ გაიღვიძა და რადგან გულჩვილი იყო, მამას ხელზე ჩააფრინდა, აკოცა და აკოცა და ფატმას დახმარება სთხოვა:

   – მიეხმარე რა, მამიკო, მიეხმარე!

   ეტყობა, ფატმას ინგლისური ესმოდა, რადგან ამოქვითინებასა და ამოქვითინებას შორის, ფარდაგიდან სახის აუწევლად წამოიძახა:

   – ალაჰმა დაგლოცოს, სამოთხის ვარდო, უმწიკვლო ვარსკვლავო!

   მართალია, სტაში მაჰდისტებზე იყო გაბრაზებული, მაგრამ ფატმას ვედრებამ და ჩივილმა ისიც ააღელვა. რამდენადაც ნელი გამოექომაგა, სტაშს კი მუდამ ის სურდა, რაც ნელის, თითქოსდა საკუთარ თავს ეუბნებაო, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ, წარმოთქვა:

   – მე რომ მთავრობა ვიყო, ფატმას წასვლის ნებას მივცემდი.

   – რამდენადაც მთავრობა არ ხარ, – უთხრა ამაზე პან ტარკოვსკიმ, – კარგს იზამ, სხვის საქმეში ცხვირს თუ არ ჩაყოფ.

   პან რავლისონიც შემწყნარებელი იყო და ფატმას მდგომარეობას ისიც განიცდიდა, მაგრამ გულზე მოხვდა ქალის ნათქვამი რამდენიმე ფრაზა, რომლებიც აშკარა ტყუილს ჰგავდა. იზმაილის საბაჟოსთან ყოველდღიური ურთიერთობის წყალობით მშვენივრად იცოდა, რომ რეზინითა და სპილოს ძვლით მოვაჭრეებს ბოლო ხანებში არხზე არ გამოუვლიათ. ამ საქონლით ვაჭრობა თითქმის სრულიად ჩაკვდა. არაბ ვაჭრებს უჭირდათ სუდანის ქალაქ ელ-ფაშერიდან უკან დაბრუნება, რადგან მაჰდისტები თავდაპირველად ვაჭრებს ახლოსაც არ იკარებდნენ, ხოლო თუ რომელიმე მათგანი ხელში ჩაუვარდებოდათ, ტყვედ მიჰყავდათ. სმაინის ავადმყოფობაზე ლაპარაკიც აშკარა სიცრუედ მიიჩნია.

   ნელიმ რომ მავედრებელი თვალები არა და არ მოაცილა, მამას შვილის გაწბილებაზე მეტად კი არაფერი ეჯავრებოდა, მცირე ხნის შემდეგ ფატმას უთხრა:

   – ფატმა, შენი თხოვნა ამას წინათ უკვე მივწერე მთავრობას, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი მისმინე: ხვალ მე და ეს მეჰედი (ინჟინერი), მედინეტ-ელ-ფაიუმში მივდივართ, გზად ერთი დღე კაიროში უნდა შევჩერდეთ, რადგან ჰედივს ბაჰრ-იუზეფიდან გაყვანილი არხის შესახებ სურს ჩვენთან საუბარი. შევეცდები, შენს გასაჭირზეც ვუამბო და მოწყალება გამოვთხოვო. სხვა არაფერი შემიძლია და ვერც ვერაფერს გპირდები.

   ფატმა ფეხზე წამოდგა და მადლობის ნიშნად ხელებაპყრობილმა შესძახა:

   – გადავრჩი და ეგაა!

   – არა, ფატმა, – მიუგო პან რავლისონმა. – გადარჩენაზე ნუ ლაპარაკობ, რადგან უკვე გითხარი, არც შენ და არც შენს შვილებს სიკვდილი არ გემუქრებათ. წინასწარ ვერ გეტყვი, ჰედივი შენი გამგზავრების თანხმობას მომცემს თუ არა, რადგან სმაინი ავად არ არის, თანაც მოღალატეა; მთავრობას ფული გამოსტყუა, მაგრამ მოჰამედ-ახმედის ტყვეების გამოსყიდვა არც უფიქრია.

   – სმაინი უდანაშაულოა, ბატონო, და ელ-ფაშერში წევს – გაიმეორა ფატმამ. – მაგრამ თუ მთავრობის ფული მაინც გაფლანგა, სიტყვას გაძლევთ, ჩემო კეთილისმყოფელო, თუკი აქედან წასვლის ნებას დამრთავენ, მოჰამედ-ახმედს მანამ ვევედრები, სანამ თქვენს ტყვეებს არ გაათავისუფლებენ.

   – კარგი. გპირდები, რომ ჰედივს შენზე დაველაპარაკები.

   ფატმამ თავი უთვალავჯერ დაუკრა.

   – დიდი მადლობა, სიდი! მარტო ძლიერი კი არა, სამართლიანიც ხართ. ახლა კი გევედრები, ტყვესავით მიმსახურე.

   – ეგვიპტეში ტყვეები არ უნდა იყვნენ. – ღიმილით მიუგო პან რავლისონმა. – მსახურები ისედაც საკმარისად მყავს და შენს სამსახურს კიდევ იმიტომ ვერ მივიღებ, რომ, როგორც წეღან გითხარი, ყველანი მედინეტში მივემგზავრებით და შეიძლება იქ რამაზანამდეც დავრჩეთ.

   – ვიცი, ჩემო ბატონო, ეს ზედამხედველმა ხადიგმა მითხრა და უმალვე თქვენთან მოვედი, მაგრამ არა მხოლოდ დახმარების სათხოვნელად. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი გვარის, ანუ დანგალთა შტოს ორი წარმომადგენელი, იდრისი და გებჰრი მედინეტში მეაქლემეები არიან, იქ ჩასვლისთანავე თაყვანს გცემენ და თავიანთი აქლემებით თქვენს განკარგულებაში იქნებიან.

   – კეთილი, კეთილი, – მიუგო დირექტორმა. – მაგრამ ეგ ცოოკის კომპანიის საქმეა და არა ჩემი.

   ფატმამ ორივე ინჟინერსა და ბავშვებს ხელები დაუკოცნა, განსაკუთრებით დალოცა ნელი და გავიდა. უფროსები ერთხანს დუმდნენ, მერე კი პან რავლისონმა თქვა:

   – საბრალო ქალი... მაგრამ ისევე ცრუობს, როგორც საერთოდ აღმოსავლეთში იციან. მადლობის სიტყვებშიც კი სიყალბე იგრძნობოდა.

   – სწორს ამბობ, – კვერი დაუკრა პან ტარკოვსკიმ, – მაგრამ ის კი უეჭველია, რომ სმაინი მოღალატეა თუ არა, მთავრობას ეგვიპტეში ფატმას გაჩერების უფლება არ აქვს, რადგან ცოლი ქმრის მოქმედებაზე პასუხს არ აგებს.

   – მთავრობა განსაკუთრებული ნებართვის გარეშე სოუაკიმსა და ნუბიაში წასვლის ნებას არ აძლევს არა მარტო ფატმას, არამედ არც სხვა სუდანელებს. ეგვიპტეში ისინი მრავლად არიან საშოვარზე, მათ შორის ბევრია დანგალთა შტოს წარმომადგენელი, ანუ მაჰდის ნათესავი, მაგალითად, ფატმას გარდა, ხადიგი და ის ორი მედინეტელი მეაქლემეც... მაჰდისტები ეგვიპტელებს თურქებს ეძახიან და მათ წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, მაგრამ ალბათ აქაურ არაბებს შორისაც მოიძებნებიან მაჰდის უამრავი მომხრენი, რომლებიც სიამოვნებით გაიქცეოდნენ მასთან. ამ ხალხს უნდა მივუმატოთ აგრეთვე ფანატიკოსები, არაბი ფაშას ოდინდელი მომხრენი და უამრავი ღარიბ-ღატაკიც... ეს ხალხი მთავრობას საყვედურობს ინგლისის გავლენის ქვეშ მოქცევას და ირწმუნება, რელიგია იჩაგრებაო. ღმერთმა იცის, უკვე რამდენმა მოახერხა უდაბნოს გავლით გაქცევა და უარი თქვა სოუაკიმისაკენ ჩვეულებრივი საზღვაო გზით წასვლაზე, ჰოდა, როცა მთავრობამ შეიტყო, ფატმაც ასე აპირებდა გაქცევას, მისი მეთვალყურეობა ბრძანა. ალბათ მხოლოდ ამ ქალსა და მის ბავშვებზე, როგორც მაჰდის სისხლით ნათესავებზე, შეიძლება ტყვეების გაცვლა.

   – ნუთუ მართალია, რომ ეგვიპტის ღატაკთა ფენა მაჰდის უთანაგრძნობს?

   – მაჰდის მომხრენი ჰყავს თვით ჯარშიც, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ამის გამო იბრძვის ასე სუსტად.

   – კი მაგრამ, როგორ უნდა გაიქცნენ სუდანელები უდაბნოზე? ეს ხომ ათასმილიანი გზაა?

   – სწორედ იმ გზით გამოჰყავდათ ტყვეები ეგვიპტეში.

   – არა მგონია, იმ გზას გაუძლონ ფატმას შვილებმა.

   – ამიტომაც სურს გზის შემოკლება და სოუაკიმში ზღვით გამგზავრება.

   – ასეა თუ ისე, საბრალო ქალია...

   ეს საუბარი ამაზე დასრულდა.

   თორმეტიოდ საათის შემდეგ “საბრალო ქალი” თავის სახლში ზედამხედველ ხადიგის ვაჟთან ერთად საგულდაგულოდ ჩაკეტილი, წარბებშეჭმუხნული და თვალებგაბოროტებული ჩურჩულებდა:

   – ხამის, ხადიგის ვაჟიშვილო, აი, ფული. დღესვე წახვალ მედინეტში და იდრისს გადასცემ ამ წერილს, რომელიც, ჩემი თხოვნით წმინდა დავრიშმა ბელალიმ დაწერა... ამ მეჰენდისების ბავშვები კეთილები არიან, მაგრამ თუ წასვლის ნება არ მომცეს, მაშინ სხვა გზას ვერ ვხედავ. ვიცი, არ მიღალატებ... გახსოვდეს, რომ შენც და მამაშენიც მიეკუთვნებით იმ ტომს, რომლის ბელადიც დიდი მაჰდია.

 

 

კარი III

 

ინჟინრები მეორე დღესვე, დილაუთენია გაემგზავრნენ კაიროში, სადაც სასწრაფოდ უნდა ენახათ ინგლისის რეზიდენტი და დარბაზობაზე სწვეოდნენ მეფისნაცვალს. სტაშის ვარაუდით, ამას ორ დღეს მოანდომებდნენ და მართალიც გამოდგა, რადგან სწორედ მესამე დღეს, საღამოჟამს მედინეტიდან მიიღო მამის დეპეშა: “კარვები მზადაა. შეგიძლიაათ არდადეგების დაწყებისთანავე წამოხვიდეთ. ფატმას ხადიგის პირით აცნობეთ, რომ მისთვის ვერაფერი მოვახერხეთ”. მსგავსი დეპეშა მიიღო^ პანი ოლივერმაც, რომელიც ზანგი დინაჰის დახმარებით შეუდგა მგზავრობის სამზადისს.

   ამის დანახვაზე ორივე ბავშვი სიხარულით ცას ეწია. მაგრამ მერე მოხდა ისეთი რამ, რამაც ეს დაწყობილი საქმე მთლად არია და გამგზავრება კინაღამ ჩაფუშა. სწორედ სტაშის არდადეგების დაწყებისას, ზედ გამგზავრების წინა დღეს, ბაღში ჩათვლემილ პანი ოლივერს მორიელმა უკბინა. ეს შხამიანი არსებები ეგვიპტეში მაინცდამაინც საშიშები არ არიან, მაგრამ ამჯერად, ნაკბენი, შესაძლოა, საბედისწერო გამომდგარიყო. დაწნულ სავარძელზე აცოცებული მორიელი საზურგეზე მიწოლოლ პანი ოლივერს თავით მიეჭყლიტა და მასაც სწორედ მაშინ ეკბინა. ქალს ამას წინად სახეზე წითელი ქარი სჭირდა და ახლა ავადმყოფობის გამეორების საშიშროება წარმოიშვა. ექიმი უმალვე გამოიძახეს, მაგრამ სხვაგან დასაქმებული, მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოჩნდა. ავადმყოფს კისერი და სახე გაუსივდა, მერე კი სიცხემ აუწია, რაც მოწამვლის უტყუარი ნიშანი იყო. ექიმმა განაცხადა, ასეთი ავადმყოფის მგზავრობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო და მას ლოგინში წოლა ურჩია; ამგვარად, ბავშვებს შობის დღესასწაულის შინ გატარება დაემუქრა. ნელის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ პირველ წუთებში თავისი მასწავლებლის ტანჯვაზე უფრო წუხდა, ვიდრე წაუსვლელობაზე. კუთხეში მიმჯდარი ჩუმად იმდუღრებოდა, რომ მამას რამდენიმე კვირას ვეღარ ნახავდა. თუმცა სტაშს ასე ხელაღებით არ დაუყრია ფარ-ხმალი და ჯერ დეპეშა გაგზავნა, მერე კი – წერილი – რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო.

   პასუხი ორი დღის შემდეგ მოვიდა. პან რავლისონი, უპირველესად, ექიმს დაუკავშირდა და როცა გაიგო, საშიშროებას ნაწილობრივ ჩაევლო და პანი ოლივერს მხოლოდ წითელი ქარის გამეორების შიშით არ რთავდა პორტ-საიდიდან გამგზავრების ნებას, თან დაარწმუნა, რომ ზრუნვასა და ყურადღებას არ მოაკლებდა, ბავშვებს მხოლოდ ამის შემდეგღა აცნობა, რომ შეეძლოთ დინაჰთან ერთად დადგომოდნენ გზას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დინაჰს ნელი სულით და გულით უყვარდა, რკინიგზასა და სასტუმროში მარტო ვერას გახდებოდა, ჰოდა, გზაზე წინამძღოლობა და ხაზინადრობაც სტაშს დაეკისრა. იოლო წარმოსადგენია, როგორ ეამაყებოდა თავი ამ როლში და რა რაინდული აღმაფრენით აღუთქვა პაწია ნელის, თავიდან თმის ღერიც არ ჩამოგვარდებაო, თითქოსდა კაიროდან მედინეტამდე გზაზე მართლა რაიმე საშიშროება ყოფილიყო მოსალოდნელი.

   ყოველგვარ სამზადისს წინდაწინ მორჩნენ და იმავე დღეს გაემგზავრნენ არხით ისმაილიასაკენ, იქიდან კი მატარებლით უნდა წასულიყვნენ კაიროში, სადაც ღამე უნდა გაეთიათ და მეორე დღესვე დადგომოდნენ მედინეტის გზას. ისმაილიადან გასულებმა მალე დაინახეს ტიმსაჰის ტბა, სადაც სტაში ადრეც ყოფილა, რადგან პან ტარკოვსკის, ნადირობის ამ ჭეშმარიტ ტრფიალს, მოცალეობის ჟამს შვილიც დაჰყავდა ტბის ფრინველებზე სანადიროდ. შემდგომი გზა ვადი-ტოუმილათიდან, ანუ ნილოსიდან მოყოლებული, ისმაილიასა და სუეცამდე გაჭიმულ მტკნარი წყლის არხს მიუყვებოდა. ეს არხი სუეცის არხის გაჭრამდე გაეყვანათ, რადგან ლესეპსის დიად წამოწყებაზე დასაქმებული ხალხი, უბრალოდ, სასმელი წყლის გარეშე ხელსაც ვერ გაანძრევდა. მაგრამ მის გაჭრას, რასაკვირველია, სხვა მიზანიც გააჩნდა: მხარე, რომელიც უწინ ხრიოკ უდაბნოს წარმოადგენდა, მთლად გადაახალისა და ააყვავა ძლიერი და მაცოცხლებელი მტკნარი წყლის ძარღვმა. ბავშვებს ვაგონის მარცხენა ფანჯრიდან შეეძლოთ დაენახათ მწვანედ აბიბინებული მინდვრები, სადაც უამრავი ცხენი, აქლემი და ცხვარი ძოვდა. დამუშავებულ მინდვრებზე კი – სიმინდი, ფეტვი, ალფალფა და სხვა მცენარეულობა შენიშნეს. არხის სანაპიროზე, ალაგ-ალაგ მოჩანდა ჭები, საიდანაც ფელაჰები წყალს ვედროებით ხაპავდნენ და ფარეხებთან მიჰქონდათ, ანდა, კამეჩებშებმულ საზიდრებზე დაწყობილი კასრებით ეზიდებოდნენ. დათავთავებულ მინდვრებს მტრედები დასტრიალებდნენ, დროდადრო კი, აქა-იქ, მწყრების მთელი გუნდი წამოფრთხიალდებოდა. არხის სანაპიროზე დარბაისლურად დააბიჯებდნენ ყარყატები და წეროები. მოშორებით კი, ფელაჰთა მიწურ ქოხებს ჯიღებივით გადმოფაფროდა ფინიკის გაბარჯღული პალმები.

   სამაგიეროდ, რკინიგზის ჩრდილოეთით მოჩანდა მოტიტვლებული უდაბნო, რომელიც სულ აღარაფრით ჰგავდა სუეცის მეორე მხარეს მდებარე უდაბნოს. ის უეჭველად მოგაგონებდათ ზღვის უკიდეგანო ფსკერს, საიდანაც, თითქოსდა წყალი გაწრეტილიყო და იქ მხოლოდ დატალღული ქვიშა დარჩენილიყო. აქაური ყვითელი ქვიშა ალაგ-ალაგ ბორცვებად აღმართულიყო, ხოლო მათ დამრეც კალთებზე ბღუჯა-ბღუჯად ამოჩრილიყო მონაცრისფრო ბალახ-ბულახი. ამ ბორცვებს შორის, რომელთაც დროდადრო, ვეებერთელა მთა-გორებიც ენაცვლებოდა, ვრცელი მინდვრები და ზედ მიმავალი ქარავნებიც მოჩანდა ხოლმე.

   ვაგონის ფანჯრიდან ბავშვებს შეეძლოთ დაენახათ თვალუწვდენელ ქვიშიან უსასრულობაში მიმავალი დატვირთული აქლემების გრძელ-გრძელი მწკრივები. ყოველ აქლემს წინ მიუძღოდა შავწამოსასხამიანი და თეთრჩალმოსანი არაბი. ამის დანახვაზე პაწია ნელის უმალვე გაახსენდა, ბიბლიის ფურცლებზე გამოსახული სურათები, რომლებზეც ასახული იყო იესოს დროს ეგვიპტეში ებრაელთა შესვლის ამბავი. ისინი სწორედ აქ ნანახს გავდა. სამწუხაროდ, მოქარავნეთა დანახვა უკეთ არ შეეძლო, რადგან ვაგონის იმ მხარეს, ზედ ფანჯარასთან ორი ინგლისელი ოფიცერი იჯდა და ისინი ეფარებოდნენ.

   შესჩივლა თუ არა ნელიმ ეს სტაშს, მან უმალვე დარბაისლური სახე მიიღო, ქუდზე თითი მიიდო და ოფიცრებს მიმართა:

   – ჯენტლმენებო, ადგილს ხომ ვერ დაუთმობთ ამ პატარა მისს, რომელსაც აქლემების დანახვა სურს?

   ოფიცრები მის თხოვნას გულისხმიერად მოეკიდნენ და არა მარტო ადგილი დაუთმეს, ერთ-ერთმა მათგანმა ნელი ხელშიც აიყვანა და ფანჯარასთან, სკამზე დააყენა.

   სტაშმა მოხსენების გაკეთება გადაწყვიტა:

   – ეს გახლავთ უძველესი გოსჰენის მხარე, რომელიც ფარაონმა იესოს თავისი ისრაელელი ძმებისთვის უბოძა. ოდესღაც, ჯერ კიდევ უძველეს დროს იყო აქ მტკნარი წყლის არხი, ასე რომ, ეს ახალი აღდგენილი ძველი არხია. მოგვიანებით იგი განადგურებულა და ეს მხარეც უდაბნოდ ქცეულა. ამჟამად აქაურობა ხელახლა იწყებს აღორძინებას.

   – ჯენტლმენო, ეს ყოველივე საიდან იცით? – ჰკითხა ერთ-ერთმა ოფიცერმა.

   – ჩემი ასაკის ხალხმა ასეთი რამეები უკვე იცის. – მიუგო სტაშმა. – ამას გარდა, ახლახან ვადი-ტიუმილათზე პროფესორმა სტერლინგმა წაგვიკითხა მოხსენება.

   სტაში ინგლისურად სხაპასხუპით ლაპარაკობდა, მაგრამ მისი საუბრის ოდნავ განსხვავებულმა კილომ მეორე ოფიცრის ყურადღება მიიპყრო და ჰკითხა:

   – პატარა ჯენტლმენო, თქვენ ინგლისელი არ ხართ?

   – პაწია ნელი, რომლის მამამაც გზაში მისი მეურვეობა მთხოვა, ინგლისელია, მე კი არხის ინჟინრის შვილი ვარ, წარმოშობით პოლონელი.

თამამი ბიჭის პასუხზე ოფიცერს გაეღიმა და უთხრა:

 – პოლონელებს დიდ პატივს ვცემ. მე თავად ვმსახურობდი ცხენოსანთა იმ პოლკში, რომელიც ნაპოლეონის დროს რამდენჯერმე იბრძოდა პოლონელ ულანებთან ერთად.

 – მეტად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. – მიუგო სტაშმა.

   ოფიცრები გამხიარულდნენ და ამის შემდეგ საუბარი უფრო ხალისიანად წარიმართა. აღმოჩნდა, რომ ორთავენი პორტ-საიდიდან კაიროში მიემგზავრებოდნენ ინგლისის ელჩთან შესახვედრად, მოსალოდნელი ხანგრძლივი მგზავრობისათვის ინსტრუქციის მისაღებად. მათგან უმცროსი გახლდათ სამხედრო ექიმი, მეორეს კი, რომელიც სტაშს ესაუბრებოდა, ანუ კაპიტან გლენს, თავისი უფროსებისაგან დავალება მიეღო, – კაიროდან სუეცის გავლით მისულიყო მომბასამდე და, პორტიდან მოყოლებული, მთელი ეს მხარე, ზედ უცნობ სამბურამდე, თავისი მთავრობისათვის დაემორჩილებინა. სტაშს ბევრი რამ წაეკითხა აფრიკაზე და იცოდა, რომ მომბასა ეკვატორთან მდებარეობდა და მისი შემოგარენი მხარეები, რომლებზეც ინგლისს ეჭირა თვალი, ჯერაც არ იყო გამოკვლეული, ველურ მხარეებად ითვლებოდა და სავსე იყო სპილოების, ჟირაფების, მარტორქების, კამეჩემისა და ანტილოპების ჯოგებით, რომელთაც ექსპედიციები და ჯარები, მისიონერები და ვაჭრები დღენიადაგ ხედავდნენ. სტაშს უმალვე შეშურდა კაპიტანი გლენისა და უთხრა კიდეც, უთუოდ გეწვევით მომბასაში ლომსა და კამეჩზე სანადიროდო.

   – კეთილი, ოღონდ ამ პატარა მისთან ერთად, – მიუგო პასუხად კაპიტანმა გლენმა და სწორედ იმ წუთას ფანჯარას მოცილებულ და მათკენ მიბრუნებულ ნელიზე მიუთითა.

   – მის რავლისონს მამა ჰყავს, – უპასუხა სტაშმა, – მე კი მხოლოდ ამ გზაზე მევალება მისი მეურვეობა.

ამის გაგონებაზე მსწრაფლ შემობრუნდა მეორე ოფიცერი და იკითხა:

   – რავლისონი? არხის ერთ-ერთი დირექტორთაგანი, რომელსაც ძმა ჰყავს ბომბეიში?

   – ბომბეიში ბიძაჩემი ცხოვრობს. – თქვა ნელიმ და პაწია თითი ასწია.

   – ძვირფასო, ბიძაშენი ხომ ჩემი დის ქმარია. მე კლარი მქვია. ერთი სიტყვით, ნათესავები ვყოფილვართ და ძალიან მიხარია, რომ შეგხვდი და გაგიცანი, ჩემო პატარა, საყვარელო ჩიორავ.

   ექიმი მართლაც გახარებული ჩანდა. თქვა: პორტ-საიდში ჩამოსვლისთანავე მოვიკითხე პან რავლისონი, მაგრამ დირექციის კანტორაში მითხრეს, სადღესასწაულოდ გაემგზავრაო. სინანული გამოთქვა, რომ ის გემი, რომლითაც გლენთან ერთად მომბასაში უნდა გამგზავრებულიყო, სუეციდან რამდენიმე დღეში გადიოდა, რის გამოც მედინეტში ჩასვლას ვერ მოასწრებდა.

   ნელის მამასთან მოკითხვა დააბარა და მომბასადან წერილის მოწერას შეჰპირდა. ორივე ოფიცერი ნელისთან საუბარში გაერთო, ასე რომ, სტაში, ცოტა არ იყოს და, განზე დარჩა. სამაგიეროდ, ყოველ სადგურზე მანდარინი, მწიფე ფინიკი და სანაქებო შარბათი უზომოდ ჰქონდათ.

   ამგვარად, კაირომდე გზა თვალისდახამხამებაში გაილია. დამშვიდობებისას ოფიცრები ნელის ხელსა და თავზ ეამბორნენ, სტაშს კი ხელი ჩამოართვეს, თანაც კაპიტანმა გლენმა, რომელსაც ბიჭი ძალზე მოეწონა, ხუმრობანარევ კილოზე უთხრა:

   – გამიგონე, ჩემო ბიჭუნავ! ვინ იცის, კიდევ სად, როდის და რა ვითარებაში მოგვიწევს შეხვედრა. ჰოდა, დაიმახსოვრე, ჩემი დახმარების იმედი მუდამ გქონდეს.

   – ჩემიც! – მიუგო სტაშმა და თავი ამაყად დაუკრა.

  

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი