კარი XVIII

 

სახლში რომ შევიდნენ, დაინახეს მაჰდი რბილ ტახტზე წამოწოლილიყო. ირგვლივ გარშემორტყმოდნენ ცოლები, რომელთაგანაც ორნი სირაქლემას ფრთებს უნიავებდნენ, დანარჩენი ორი კი ფეხის გულებს მომეტებული სინაზით ფხანდა. ცოლების გარდა, აქ იყვნენ კიდევ ორნი: ხალიფა აბდულაჰი და ხალიფა შერიფი, მესამე კი – ალი-უდელ-ბელუსი სწორედ იმჟამად ჯარებით გაეგზავნა ჩრდილოეთისკენ, კერძოდ, ბერბერასა და აბუ-ჰამედში, რომლებიც წინდაწინ აეღოთ დავრიშებს. შემოსულთა დანახვისთანავე წინასწარმეტყველმა ცოლები მისწი-მოსწია და ტახტზე წამოჯდა. იდრისი, გებჰრი და ორი ბედუინი მყისვე პირქვე დაემხნენ, მერე კი გულზე ხელებგადაჯვარედინებულნი მუხლის ჩოქებზე დადგნენ. ბერძენმა სტაშს ანიშნა, მან კი მხოლოდ თავი დახარა და, როგორც იდგა წელში გასწორებული, ისევე დარჩა. სახე გაუფითრდა, სამაგიეროდ თვალები მეტისმეტად უბრწყინავდა და მისი შესახედაობით – ამაყად ზეაწეული თავით, მტკიცედ მოკუმული ბაგეებით – იოლად მიხვდებოდით, რომ ყოყმანსა და შიშს გაევლო და უკვე მიეღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც არაფრის გულისთვის აღარ გადათქვამდა. ჩანს, ამას ბერძენიც მიხვდა, რადგან სახეზე შეშფოთება დაეტყო. მაჰდიმ ბავშვებს წამიერი მზერა მოავლო, გაფიჟვინებულ სახეზე ნათელი ღიმილი დაიფინა და ამის შემდგომ ჯერ იდრისსა და გებჰრს მიუბრუნდა.

   – შორეული ჩრდილოეთიდან ჩამოხვედით? – იკითხა.

   იდრისმა შუბლი ძირს დასწია.

   – ო, მაჰდი, ეს ასეა! ჩვენ დანგალთა ტომს ვეკუთვნით, ფაიუმში საკუთარი კერა მივატოვეთ, რათა შენს ღვთაებრივ ფეხთა წინაშე მუხლებზე დავმხობილიყავით.

   – უდაბნოში დაგინახეთ. საშინელი გზა იყო, მაგრამ მე თქვენ მოგივლინეთ ანგელოზი, რომელიც გიცავდათ და მან დაგიფარათ ურჯულოთა ხელით სიკვდილისაგან. ვერ ხედავდით, მაგრამ ის მუდამ თავს დაგტრიალებდათ.

   – გმადლობ შენ, მომნანიებელო!

   – და სმაინს ჩამოჰგვარეთ ბავშვები, რათა ესენი თურქების მიერ პორტ-საიდში წაყვანილ თავის შვილებსა და ფატმაზე გაცვალოს.

   – შენთვის მსახურება გვწადია.

   – ვინც მე მემსახურება, ის საკუთარი ხსნისთვის იღწვის, ასე რომ, თქვენთვის სამოთხის კარი უკვე ღიაა. ფატმა ჩემი სისხლი და ხორცია... მაგრამ უნდა გაუწყოთ, როცა მთელ ეგვიპტეს დავიპყრობ, ჩემს ნათესავსა და მის შთამომავლობას იმავე წამს ვიპოვით და გავათავისუფლებთ.

   – თუ ასეა, ყოვლად ღირსეულო, როგორც გსურთ, ისე მოეპყარით ამ ბავშვებს...

   მაჰდიმ ქუთუთოები მილულა, მერე – ზეაწია, კეთილად გაიღიმა და სტაშს თავი დაუქნია.

   – მომიახლოვდი, ბიჭუნავ!

   სტაშმა რამდენიმე გამართული, თითქოსდა ჯარისკაცური ნაბიჯი გადადგა, თავი მეორეჯერ დაუკრა, მერე ლარივით გაიჭიმა და მაჰდისკენ ჯიქურ მომზირალი ლოდინად იქცა.

   – გიხარიათ ჩემთან ჩამოსვლა? – ჰკითხა მაჰდიმ.

   – არა, წინასწარმეტყველო. ძალად მოგვიტაცეს და მამებს დაგვაშორეს.

   ამ უბრალო პასუხმა გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა პირფერობას მიჩვეულ მბრძანებელსა და ყველა იქ მყოფზე. ხალიფა აბდულაჰმა წარბები შეჭმუხნა. ბერძენმა ულვაში მოიკვნიტა და თითების მტვრევას მოჰყვა, თუმცაღა მაჰდის სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.

   – სამაგიეროდ, – თქვა, – ჭეშმარიტების წყაროსთან დგახართ. გსურს დაეწაფო ამ წყაროს?

   მდუმარება ჩამოწვა; მაჰდიმ იფიქრა, ყმაწვილმა შეკითხვა ვერ გაიგოო და სათქმელი დააზუსტა.

   – გსურს ჩემი მოძღვრების აღიარება?

   რაზედაც სტაშმა გულზე დადებული ხელით ოდნავშესამჩნევად მოხაზა წმინდა ჯვარი, თითქოსდა ჩასაძირავად განწირული გემიდან მორევში გადახტომას აპირებსო.

   – წინასწარმეტყველო, – მიმართა, – შენს მოძღვრებას არ ვიცნობ და, რომც ვაღიარო, ამას, ალბათ, მშიშრობითა და სულმდაბლობით ვიზამ. ნუთუ ასე ძალიან გსურს, რომ შენი რწმენა მშიშარა და სულმდაბალმა ადამიანებმა აღიარონ?

   ამას რომ ამბობდა, მაჰდის თვალებისთვის მზერა არ მოუცილებია. ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ბუზების ბზუილიც კი ისმოდა. იმავდროულად უჩვეულო რამ მოხდა. მაჰდი დაიბნა და აღარ იცოდა, რა ეპასუხა. სახიდან ღიმილი გაუქრა და მის ნაცვლად გულგრილობა და შეცბუნება აღებეჭდა. ხელი თაფლიანი წყლით სავსე ხაპისაკენ წაიღო და დაეწაფა, მაგრამ აშკარა იყო, ეს იმიტომ ქნა, დრო მოეგო და შეცბუნება დაემალა.

   ყოჩაღი ბიჭუნა კი, ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტ დამცველთა შთამომავალი, ამაყად თავაწეული ელოდა განაჩენს. თვალებწამონთებულსა და სხეულდაძაბულს უდაბნოს მზითა და ქარით გარუჯული, გამხდარი ლოყები წამოყირმიზებოდა. “აბა, – ამბობდა გუნებაში, – ყველამ მიიღო მისი მოძღვრება, მე კი რწმენისთვის წამითაც არ მიღალატია”. და აწ მოსახდენის გამო შემონთებული შიში ანაზდად სიხარულისა და სიამაყის გრძნობამ შეცვალა.

   ამასობაში მაჰდიმ ხაპი დადო და ჰკითხა:

   – მაშ, უარს ამბობ ჩემს მოძღვრებაზე?

   – მე მამაჩემივით ქრისტიანი ვარ...

   – ვისი სმენაც დახშულია ღვთაებრივი ხმისთვის, – ნება-ნება, შეცვლილი ხმით წარმოთქვა მაჰდიმ, – ის მხოლოდ დასაწვავად განწირული კუნძია.

   ამის გამგონე აბდულაჰმა, სიმკაცრითა და დაუნდობლობით სახელგანთქმულმა ხალიფამ, თეთრი კბილები ველური მხეცივით ააელვა და შესძახა:

   – თავხედურად ლაპარაკობს ეს ბიჭი, ამიტომ უნდა დასაჯო, მბრძანებელო, ანდა მე დამრთეთ მისი დასჯის ნება!

   “მოსახდენი მოხდა!” – გაიფიქრა სტაშმა.

   მაგრამ მაჰდის სურდა, მისი გულმოწყალების ამბავი გაეგო არა მხოლოდ დავრიშებს, არამედ მთელს სამყაროს, ჰოდა, ამ პატარის მკაცრად დასჯას, შესაძლოა, სახელი გაეტეხა მისთვის.

   ჩაფიქრებული ერთხანს კრიალოსანს მარცვლავდა, შემდეგ კი წარმოთქვა:

   – არა. ეს ბავშვები სმაინისთვის მოიტაცეს, ამიტომაც, ურჯულოებთან არავითარ მოლაპარაკებას არ გავმართავთ, პირდაპირ სმაინს უნდა გადავცეთ. მე ასე მნებავს.

   – იყოს ნება თქვენი! – მიუგო ხალიფამ.

   მაჰდიმ ხელი იდრისის, გებჰრისა და ბედუინებისკენ გაიშვირა.

   – ო, აბდულაჰ, ეს ხალხი ჩემ მაგივრად დაასაჩუქრე, რამეთუ გრძელი და ფათერაკიანი გზა გამოვლეს, რითაც უზომო პატივი მიაგეს ღმერთს. – ამის შემდგომ იქ მყოფთ ანიშნა, რომ მიღება დასრულდა, ბერძენსაც მყისვე უბრძანა ოთახიდან გასვლა. სამლოცველო მოედნის წყვდიადს შეფარებული ბერძენი უმალვე მხრებში ჩააფრინდა სტაშს და მრისხანედ და სასოწარკვეთით შეანჯღრია.

   – წყეულო! ხომ დაღუპე უმანკო ბავშვი, – თქვა და ნელიზე მიანიშნა. – თავიც დაიღუპე და, შესაძლოა, მეც ზედ მიმიყოლე.

   – სხვაგვარად არ შემეძლო. – უპასუხა სტაშმა.

   – არ შეგეძლო! იცოდე, რომ პირველზე ასჯერ უარესი მგზავრობა მოგელით. ეს კი უეჭველ სიკვდილს უდრის, გასაგებია? ფაშოდის ციება ერთ კვირაში მოგიღებთ ბოლოს. მაჰდიმ იცის, რისთვისაც გაგზავნით სმაინთან.

   – სიკვდილი არც ომდურმანში დაგვინდობს.

   – ტყუილია! მაჰდის სახლში საჭმელ-სასმელი არ მოგაკლდებოდათ და ვერც სიკვდილი მოგერეოდათ. არადა, მაჰდი მზად იყო, თქვენთვის თავშესაფარი მოეცა. ვიცი, მზად იყო. კეთილი სიტყვების სანაცვლოდ მეც როგორ გამწირე. აწი, როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! აბდულაჰი ერთი კვირის თავზე ფაშოდში ფოსტას აგზავნის აქლემებით, ამ ერთ კვირას კი, რაც გინდათ, ის ქენით! მე თქვენკენ გამომხედავი აღარ ვარ!..

   ამის თქმა და წასვლა ერთი იყო, მაგრამ უმალვე ისევ უკან მობრუნდა. ყველა ბერძენივით, მასაც ბევრი ლაპარაკი უყვარდა და სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა. ვერ მოისვენებდა, სანამ სტაშის ლანძღვით გულს არ მოიფხანდა. ბოროტი არ იყო, მაგრამ სურდა, ბიჭისთვის ბოლომდე წარმოედგინა დაკისრებული პასუხისმგებლობის სიმძიმე, რაკიღა მის რჩევასა და გაფრთხილებას არ უგდო ყური.

   – ყოფილიყავ გულში ქრისტიანი, გიშლიდა ვინმე? – განაგრძო. – გგონია, მე ქრისტიანი არ ვარ? მაგრამ ჭკუა მოვიხმარე. შენ კი თავი გმირად მოგაქვს. ეს კი ყასიდი გმირობაა! აქამდე თეთრკანიან ტყვეებს დიდ დახმარებას ვუწევდი, ამიერიდან ამას ვეღარ შევძლებ, რადგან მაჰდი მეც შემომწყრა. ყველანი დაიღუპებიან. შენი უბედური ამხანაგი კი, ეჭვიც არ მეპარება, ყველაზე ადრე გამოაკლდება ამ წუთისოფელს! შენ დაღუპე! ფაშოდში მოწიფული ევროპელები ბუზებივით იხოცებიან ციებ-ცხელებით და პაწია ბავშვს რაღა მოუვა?! არადა, ცხენებსა და აქლემებს რომ ფეხით გაგაყოლონ, პირველ დღესვე მოეღება ბოლო. ყველაფერი შენი ბრალია. გაიხარე ახლა ... შენი ქრისტიანობით!

   და გაშორდა, მათ კი სამლოცველო მოედნიდან ქოხისაკენ მიმავალ ბნელ შუკაში გაუხვიეს.; დიდხანს მიდიოდნენ, რადგან ქალაქი უზარმაზარ ფართობზე იყო გადაჭიმული. სიბნელის, შიმშილის, შიშისა და მთელი დღის საძაგელი შთაბეჭდილებით გაბრუებულ ნელის დაღლა დაეტყო. იდრისი და გებჰრი სწრაფად სიარულს აიძულებდნენ, მაგრამ მალე ფეხებმა უმტყუნა. სტაშმა დაუფიქრებლად აიყვანა ხელში. გზადაგზა მასთან ლაპარაკს, თავის მართლებას აპირებდა, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, მაგრამ აზრის მოკრება გაუჭირდა, თითქოსა გონებაც დაებინდა და ერთთავად იმეორებდა: – “ნელი! ნელი! ნელი!” და, სხვას რომ ვერას ამბობდა, გოგონას მხოლოდ გულში იკრავდა: რამდენიმე ათეული ნაბიჯის შემდეგ ძალაგამოცლილს მის ხელზევე ჩაეძინა. ის კი ჩუმად მიუყვებოდა მდუმარე ქუჩაბანდს, რომლის სიმშვიდესაც მხოლოდ იდრისისა და გებჰრის ლაპარაკი არღვევდა.

   სტაშის საბედნიეროდ, გულები სიხარულით ავსებოდათ, თორემ მაჰდისთვის თავხედურ პასუხზე, შესაძლოა, მისი დასჯა მოეწადინებინათ. მათი გონება ისე მოეცვა თავს გადამხდარ ამბავს, რომ სხვა რამეზე ფიქრის ილაჯიც არ ჰქონდათ.

   – ავად ვიყავი, – ამბობდა იდრისი, – მაგრამ წინასწარმეტყველის შემოხედვამ მომარჩინა.

   – უდაბნოში შემოფეთებულ პალმასა ჰგავს და კიდევ – პაპანაქებაში დალეულ ცივ წყალს, მისი სიტყვები კი მწიფე ფინიკს მოგაგონებს, – დასძინა გებჰრმა.

   – ტყუილი გვითხრა ნურ-ელ-ტადჰილმა, ახლოს არ მიგიკარებთო; მიგვიკარა კიდეც, დაგვლოცა კიდეც და აბდულაჰს ჩვენი დასაჩუქრებაც უბრძანა.

   – დარწმუნებული ვარ, გულუხვადაც დაგვაჯილდოებს, რამეთუ მაჰდის სურვილი წმიდათა წმიდაა.

   – ბისმილაჰ! შენს პირს შაქარი. – გამოეპასუხა ერთ-ერთი ბედუინი.

   გებჰრმა ინატრა, ნეტა აქლემების მთელი ჯოგი, რქოსანი პირუტყვი, ცხენები და პიასტრებით სავსე ტომრები მოგვცესო.

   ამ ოცნებიდან ანაზდად გამოაფხიზლა იდრისმა, რომელმაც ხელში გოგონაატატებული სტაშისკენ გაახედა და ჰკითხა:

   – ამ ონავარსა და ბუზს რაღა ვუყოთ?

   – ჰა! ამათ გამო სმაინმა კიდევ ცალკე უნდა დაგვაჯილდოოს.

   – რადგან წინასწარმეტყველმა თქვა, ურჯულოებთან არანაირ მოლაპარაკებას არ გავმართავო, სმაინს ესენი, ალბათ, უკვე აღარაფრად უღირს.

   – თუ ასეა, მეწყინება, ხელში რომ არ ჩაუცვივდნენ ხალიფას, რომელიც ამ ძაღლის ლეკვს უეჭველად ასწავლიდა, როგორ უნდა ღვთის რჩეულისთვის დაყეფება.

   – მაჰდი გულმოწყალეა. – მიუგო იდრისმა.

   მერე ერთხანს ჩაფიქრდა და თქვა:

   – ჩემი აზრით, ესენი რომ ხელში ეყოლება, სმაინი დარწმუნებული იქნება, რომ ვერც თურქები და ვერც ინგლისელები ფატმასა და მის შვილებს ვერ დახოცავენ.

   – ეგებ კიდეც დაგვაჯილდოოს?

   – რატომაც არა. დაე, ესენი აბდულაჰის ფოსტამ წაიყვანოს ფაშოდში. ხელ-ფეხი მაინც გაგვეხსნება. როცა სმაინი აქ დაბრუნდება, გასამრჯელო მაშინ მოვთხოვოთ.

   – გამოდის, რომ ომდურმანში ვრჩებით?

    –ალაჰ! არ გეყო ფაუმიდან ხარტუმამდე გამოვლილი გზა? დროა, დავისვენოთ.

   ქოხებამდე დიდი მანძილი აღარ დარჩენოდათ. სტაშმა ნაბიჯი შეანელა, რადგან ძალ-ღონე მასაც გამოელია. სხვა დროს ფიორასავით მსუბუქი ნელი ახლა თანდათან დამძიმდა. სუდანელები, რომელთაც დაძინება ეჩქარებოდათ, უყვიროდნენ, რათა ფეხი აეჩქარებინა, მერე კი თავში მუშტებიც შემოჰკრეს. გებჰრმა ბეჭზე დანაც კი უჩხვლიტა. ბიჭი ყველაფერს მოთმინებით უძლებდა, უპირველესად თავისი პაწია დაიკოს გადასარჩენად და, როცა ერთმა ბედუინმა ისე წაუთაქა, რომ კინაღამ წაიქცა, კბილებიდან გამოსცრა:

   – ფაშოდამდე ცოცხლებმა უნდა ჩავაღწიოთ.

   ამ სიტყვებმა მართლა შეაკავა არაბები, რადგან მაჰდის ბრძანების დარღვევას ერიდებოდნენ, მაგრამ უფრო კი იმან შეაჩერათ, რომ ანაზდად იდრისმა ისეთი თავბრუსხვევა იგრძნო, იძულებული გახდა, გებჰრს მხარზე ჩამოყრდნობოდა. თავბრუმ მალე გაუარა, მაგრამ სუდანელს შეეშინდა და თქვა:

   – ალაჰ! მგონი რაღაც საშინელება მჭირს. რამე ავადმყოფობა ხომ არ შემეყარა?

   – მაჰდი იხილე და რა ავადმყოფობა მოგერევა! – მიუგო გებჰრმა.

   როგორც იქნა, ქოხებამდეც მიაღწიეს. ღონემიხდილმა სტაშმა მძინარე ნელი ხელშივე მიაწოდა ბებერ დინაჰს, რომელიც დასუსტებულიყო, მაგრამ თავისი გოგონასათვის მაინც მარჯვედ გაეშალა ქვეშაგები. სუდანელებმა და ბედუინებმა ხორცის თითო-ოროლა ლუკმა შელოღნეს და ქეჩებზე მკვდრებივით მიეყარნენ. სტაშისთვის საჭმელი არ მიუციათ, სამაგიეროდ ბებერმა დინაჰმა მუჭში ჩაუტენა აქლემების არჩივიდან მოპარული დამბალი სორგო, მაგრამ ბიჭს ძილისა და ჭამის თავიც აღარ ჰქონდა.

   მხრებზე ატატებული ტვირთი, მისთივს ერთობ მძიმე აღმოჩნდა. უარყო რა მაჰდის კეთილგანწყობა, რისთვისაც რჯული და სული უნდა გაეყიდა, გრძნობდა, რომ ღირსეულად მოიქცა. გრძნობდა აგრეთვე, რომ მისი საქციელით მამა იამაყებდა და გაიხარებდა, მაგრამ იმავდროულად ფიქრობდა, რომ ნამდვილად დაღუპა უბედური თანამგზავრი, უსაყვარლესი დაიკო, პაწია ნელი, ვისი გულისთვისაც სისხლის უკანასკნელ წვეთებსაც კი არ დაინანებდა.

   ჰოდა, ყველამ დაიძინა თუ არა, ქვითინი წასკდა და ქეჩის ნაჭერზე მიგდებული დიდხანს ბალღივით ტიროდა, რამეთუ ჯერაც კიდევ ბალღი იყო.

 

 

 

კარი XIX

 

მაჰდის ნახვამ და მასთან საუბარმა იდრისი, ჩანს, ვერ მოამჯობინა, რადგან ღამით კიდევ უფრო ცუდად გახდა და დილისთვის გრძნობა დაკარგა. ხალიფასთან გამოძახებული ხამისი, გებჰრი და ორი ბედუინი რამდენიმე საათს ისმენდნენ მისგან ქება-დიდებას. საშინლად მოძმარულ-მოჟამულები დაბრუნდნენ, რადგან, ღმერთმა უწყის რაღანაირი საჩუქრის იმედი არ ჰქონდათ, აბდულაჰმა კი მხოლოდ თითო ეგვიპტური ფუნტი და თითო ცხენი უწყალობათ.

   ბედუინები გებრჰს აუხირდნენ და საქმე ჩხუბამდეც კი მივიდა, ბოლოს განუცხადეს, ფოსტას ფაშოდამდე აქლემებით გაჰყვებოდნენ, რათა სმაინისთვის გასამრჯელო გამოერთმიათ. მათ შეუერთდა ხამისიც, რომელიც იმედოვნებდა, რომ სმაინის მფარველობა უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა, ვიდრე ომდურმანში დარჩენა.

   ბავშვებისთვის კი დაიწყო შიმშილისა და გაჭირვების კვირა, რადგან გებჰრს მათი დაპურება არც უფიქრია. საბედნიეროდ, სტაშს ბერძნის ნაჩუქარი მარია ტერეზას ორი ტალერი ჰქონდა და ბაზარში წავიდა ფინიკისა და ბრინჯის საყიდლად. სუდანელებს გაშვებაზე უარი არ უთქვამთ, რადგან იცოდნენ: ომდურმანიდან გაქცევა უკვე შეუძლებელი იყო და თან არაფრის დიდებით არ მიატოვებდა პატარა ბინტს, მაგრამ ამ ამბავმა უხიფათოდ მაინც ვერ ჩაიარა, რადგან ბაზარში სურსათის საყიდლად შესულ ევროპულად ჩაცმულ ბიჭს ნახევრადველური დავრიშები გუნდ-გუნდად გარშემოერტყნენ და სიცილითა და ბღავილით გააყრუეს. საბედნიეროდ, ბევრმა დაინახა, რომ გუშინ იგი მაჰდისთან იყო და მასზე თავდასხმის მოსურნენი იმათ შეაჩერეს. მხოლოდ ბავშვები ესროდნენ ქვიშასა და ქვას, მაგრამ სტაშს ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.

   ბაზარს ცეცხლის ფასი ედო. ფინიკი საერთოდაც არ იყიდებოდა, ბრინჯის დიდი ნაწილი კი გებჰრმა წაართვა თავისი “ავადმყოფი ძმისთვის”. ბიჭმა წინააღმდეგობა გაუწია, რაც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და, რასაკვირველია, კარგა გვარიანადაც მიიტყიპა. ხამისმაც საკმაო გულბოროტება გამოამჟღავნა. ის მხოლოდ ლომას ელოლიავებოდა და უმ ხორცს აჭმევდა. სამაგიეროდ ბავშვებს, რომლებსაც უკვე კარგა ხანია იცნობდა და მათგან სიკეთის მეტი არაფერი ახსოვდა, გულგრილად უყურებდა და, როცა სტაშმა სთხოვა, ნელისთვის მაინც გაემეტებინა ცოტაოდენი საჭმელი, ღრეჭით უთხრა:

   – წადი და იმათხოვრე!

   ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ ნელის გადასარჩენად სამათხოვროდაც გავიდა. ხელი ყოველთვის არ მოცარვია. ხანდახან რომელიმე ყოფილი ჯარისკაცი ან ეგვიპტელი ჰედივის ოფიცერი რამდენიმე პიასტრს ან გამხმარ ფინიკს გაიმეტებდა, თან მეორე დღეს ხელის გამართვასაც შეჰპირდებოდა. ერთხელ გზად გადაეყარა მისიონერსა და მოწყალების დას, რომელთაც მწარედ განიცადეს ორი ბავშვის უიღბლობა და, თუმც თავადაც შიმშილობდნენ, რაც ჰქონდათ, უწილადეს. აღუთქვეს, ქოხში მოგაკითხავთ და ჩვენთან წაგიყვანთო. მეორე დღეს მისულები გებჰრმა და ხამისმა მათრახის ცემით მოაშორეს იქაურობას. სტაში მათ ისევ შეხვდა და საწყაო ბრინჯი და ორი შეკვრა ქინაქინა მისცეს, თან გააფრთხილეს, წამალს თვალისჩინივით გაფრთხილებოდა, რადგან შიშობდნენ, რომ ფაშოდში ციებ-ცხელება ორივეს შეეყრებოდა.

   – თქვენ ახლა, – უთხრეს, – თეთრი ნილოსის გასწვრივ, ჭალა-ჭალა ივლით. მდინარე მდორედ მიედინება, რადგან კალაპოტი სავსეა მცენარეულობით, მერე და მერე უფრო მდოვრდება და თავთხელ ადგილებში ქმნის უშველებელ სნებოვან ჭაობს, სადაც ციება თვით ზანგებსაც კი არ ინდობს. ყველაზე მეტად ღამღამობით ტიტველ მიწაზე დაწოლას ერიდეთ.

   – ნეტავი, ახლავე დავიხოცებოდეთ! – თითქმის წამოიკვნესა სტაშმა.

   ამაზე მისიონერმა გამოფიტული სახე აწია, ერთხანს ილოცა, რის შემდეგაც ბიჭს პირჯვარი გარდასახა და გაამხნევა:

   – გწამდეს ღვთისა. რადგან არ უარყავი, იცოდე, მისი გულმოწყალება და მფარველობა არ მოგაკლდება.

   ამის შემდეგ სტაშმა მათხოვრობა კი არა, მუშაობა სცადა: ერთ დღეს სამლოცველო მოედანზე მომუშავე ხალხი დაინახა, მათ შეუერთდა და მოედნის შემოსაღობი თიხის ზიდვას შეუდგა. დასცინოდნენ და მუჯლუგუნს ურტყამდნენ, მაგრამ სამუშაოს ზედამხედველმა ბებერმა შეიხმა საღამოხანს თორმეტი ფინიკი მისცა. სტაში სიხარულისაგან ცას ეწია, რადგან ნელისთვის ბრინჯი და ფინიკი იყო ერთადერთი ყუათიანი საჭმელი და აქ, ომდურმანში, ესეც არ იშოვებოდა.

   ფინიკი სიამაყით აღვსილმა მიუტანა პაწია დაიკოს, ვისთვისაც სულიც არ ენანებოდა და ყველაფერს მას აჭმევდა, თავად კი, აგერ თითქმის მთელი კვირა, მხოლოდ აქლემების სარჩოდან მოპარული სორგოთი იკვებებოდა. საყვარელი ხილის დანახვამ ნელი გაახარა, მაგრამ მოიწადინა, მის მეგობარსაც ეჭამა. ფეხის წვერებზე აწეულმა ხელი მხარზე დაადო, თავ-კისერი აიღერა, ბიჭს თვალებში ჩახედა და სთხოვა:

   – სტაშ! ნახევარი შეჭამე რა, გეხვეწები!

   რაზედაც ბიჭმა უპასუხა:

   – ვჭამე, უკვე ვჭამე! იცი, რა მაძღარი ვარ?

   და გაიღიმა, მაგრამ პირს მომდგარი ქვითინის შესაკავებლად უმალვე ტუჩი მოიკვნიტა, რადგან შიმშილისაგან არც მეტი, არც ნაკლები, კუჭი უხმებოდა. თავს შთააგონა, სამუშაოდ მეორე დღესაც წასულიყო, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდა: დილაუთენია აბდულაჰის შიკრიკმა ამბავი მოიტანა, ფოსტა აქლემებით ამ ღამით მიემგზავრებოდა ფაშოდში და ხალიფას ბრძანებით იდრისი, გებჰრი, ხამისი და ორივე ბედუინი ბავშვებთან ერთად გზას უნდა გასდგომოდნენ. გებჰრი ბრძანებამ გააკვირვა, თან საშინლად გაანაწყენა და დაურიდებლად განაცხადა, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, რადგან ძმა ავად მყავს და უპატრონოდ ვერ დავტოვებ, თუმცა კარგადაც რომ იყოს, ორივენი მაინც ომდურმანში დავრჩებოდითო.

   ამის გამგონე შიკრიკმა მიახალა:

   – მაჰდის სურვილი უცვლელია, აბდულაჰს კი, მის ხალიფასა და ჩემს ბატონს, ბრძანებისთვის არასოდეს გადაუხვევია. ძმას ტყვე მოუვლის, შენ კი ფაშოდში წახვალ.

   – თავად მივალ და განვუცხადებ, რომ წავალ.

   – ხალიფასთან შედიან მხოლოდ ისინი, ვისი ნახვაც თვითონ სწადია. შენ რომ მასთან შენით შესვლა მოინდომო, იცოდე, სახრჩობელაზე ამოყოფ თავს.

   – ალაჰ აკბარ! თქვი პირდაპირ, რომ ტყვე ვარ, და მორჩი საქმეს!

   – ხმა გაკმინდე და ბრძანებას დაემორჩილე! – განუცხადა შიკრიკმა.

სუდანელს ომდურმანში უკვე დაენახა ჩამოხრჩობილთა გვამებისგან დამძიმებული სახრჩობელები, რომლებსაც, მრისხანე ხალიფას განჩინებით, სულ ახალ-ახალი გვამებით ამკობდნენ და შეშინდა. ყველა დავრიშმა დაამოწმა შიკრიკის ნათქვამი – მაჰდის სურვილი უცვლელია და აბდულაჰი მხოლოდ ბრძანებას ასრულებსო. მეტი რა ჩარა იყო, ბედს უნდა დამორჩილებოდა და გზას გასდგომოდა.

   “ამიერიდან იდრისს ვეღარ ვნახავ!” – გულში გაივლო გებჰრმა. სინანულმა და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო იმის გაფიქრებაზე, რომ თანშეზრდილი ძმა გაჭირვებაში უნდა მიეტოვებინა. ხამისი და ბედუინები ამაოდ არწმუნებდნენ, ეგების ფაშოდში უფრო გაგვიმართლოს, ვიდრე ომდურმანში და სმაინმა ხალიფაზე გულუხვად დაგვაჯილდოოსო. გებჰრის მწუხარებისა და მძვინვარების ჩაცხრობა არანაირ სიტყვებს არ შეეძლო და გულისჯავრი უმეტესწილად სტაშზე იყარა.

   ის დღე სტაშისთვის ნამდვილ სატანჯველად იქცა. ბაზარში წასვლის ნება არ დართეს, ამდენად არც მუშაობისა და არც მათხოვრობის საშუალება არ მიეცა, ეგ კი არადა, ტყვესავით მთელ დღეს სამგზავრო საპალნეებს დასტრიალებდა და მშიერ-მწყურვალი ფეხზე ძლივს იდგა. დარწმუნებული იყო, მზეში გებჰრის მათრახი თუ არა, შიმშილი მოუღებდა ბოლოს.

   ბერძენი, საბედნიეროდ, გულკეთილი კაცი აღმოჩნდა და საღამოხანს ბავშვებს გამოსამშვიდობებლად მიაკითხა, თან საჩუქრებიც მიუტანა – რამდენიმე შეკვრა ქინაქინა, შუშის მძივები და ცოტაოდენი სურსათი. იდრისის ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, გებჰრს, ხამისსა და ბედუინებს მიუბრუნდა.

   – იცოდეთ, – უთხრა მათ, – აქ მაჰდის ბრძანებით მოვედი!

   და, რომ დაინახა, ქედი მოიხარეს, დასძინა:

   – გზაში ბავშვებს უნდა გაუფრთხილდეთ და კარგად მოეპყრათ. თქვენი საქციელი ამათ სმაინს უნდა მოახსენონ. სმაინი კი, თავის მხრივ, წინასწარმეტყველს მოსწერს. თქვენ შესახებ რომ აქ რაიმე საყვედური მოვიდეს, შემდეგი ფოსტა სასიკვდილო განაჩენს ჩამოგიტანთ.

   ამის გამგონეთ ისევ ქედი მოხარეს, ამასთანავე, გებჰრმა და ხამისმა სადრუნჩეწამოცმული ნაგაზების გამომეტყველება მიიღეს.

ბერძენმა ისინი მოიცილა, რის შემდეგაც ბავშვებს ინგლისურად გამოელაპარაკა:

 – ყველაფერი ეს მე მოვიგონე, რადგან მაჰდის თქვენ შესახებ ახალი აღარაფერი უბრძანებია, მაგრამ, რადგან ფაშოდში წასვლა დაგავალდებულათ, იქ ცოცხლებმა უნდა ჩააღწიოთ, თან იმედი მაქვს, წასვლამდე ვერც ერთი ამათთაგანი ვერც მაჰდისა და ვერც ხალიფას ვეღარ ნახავს.

მერე სტაშს მიუბრუნდა:

   – შენზე ნაწყენი ვიყავი, ყმაწვილო, და ვარ კიდეც. იცი, რომ კინაღამ დამღუპე? მაჰდი მეც გამინაწყენდა და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იძულებული გავხდი, აბდულაჰისათვის ჩემი ქონების უმეტესი ნაწილი მიმეცა, თან ჯერ კიდევ არ ვიცი, დიდი ხნით გადავრჩი თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ტყვეებს ისე ვეღარ მივეხმარები, როგორც აქამდე ვეხმარებოდი. მაგრამ ძალიან მებრალებით, განსაკუთრებით კი ეს (და ნელიზე მიუთითა). – სწორედ ამის ტოლა გოგონა მყავს... რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნია... რაც ჩავიდინე, ყველაფერი მისი გულისთვის... ამის გამო ქრისტე განმსჯის... ჩემი გოგონა დღემდე ატარებს კაბის ქვეშ ვერცხლის ჯვარს... სახელიც კი ერთნაირი გქვიათ. ის რომ არა, ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებას სიკვდილი მერჩია.

   და გული აუჩუყდა. ერთხანს იყუჩა, ბოლოს შუბლზე ხელი მოისვა და საუბარი სხვა რამეზე გადაიტანა.

   – მაჰდი ფაშოდში იმ იმედით გაგზავნით, რომ იქ დაიხოცებით. ამგვარად შურსაც იძიებს თქვენზე, ყმაწვილო, შენი სიჯიუტის გამო, რამაც დიდად შეურაცხყო, თან არც “გულმოწყალის” ღირსებას დააკლდება რამე. ის მუდამ ასეთია... მაგრამ, ვინ იცის, ვის უფრო ადრე მოელის სიკვდილი! აბდულაჰმა შთააგონა, რომ თქვენი მომტაცებლებიც თქვენთან ერთად წამოსულიყვნენ. მართალია, ეგენი დაასაჩუქრეს, მაგრამ ეშინია, ხმა არ გავარდეს და ამ ხალხმა არ ილაპარაკოს, რომ ეგვიპტეში კიდევ არიან ჯარები, ზარბაზნები, ფული და ინგლისელები... მძიმე და გრძელი გზა გელოდებათ. უკაცრიელ და სნებოვან მხარეში მოგიწევთ მგზავრობა, ჰოდა იცოდეთ, თვალისჩინივით გაუფრთხილდით იმ ფხვნილს, მე რომ მოგეცით.

   – ერთხელ კიდევ უთხარით, ბატონო, გებჰრს, აღარ გაბედოს ნელის დამშევა და ცემა! – სთხოვა სტაშმა.

   – ნუ გეშინიათ. თქვენი თავი ფოსტის გამყოლ ბებერ შეიხს ჩავაბარე. ის ჩემი ძველი ნაცნობია. საათი მივეცი და თქვენზე მზრუნველობაც დავავალე.

   ამის შემდგომ გამოთხოვების ჟამიც დადგა. ხელში აყვანილი ნელი გულში ჩაიკრა და გაიმეორა:

   – ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო პატარავ!..

   ამასობაში მზე ჩავიდა და ვარსკვლავებიანი ღამე ჩამოწვა. სიბნელეში ცხენების ჭიხვინი და დასაპალნებული აქლემების ქშინვა გაისმა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი