კარი XX

 

მოხუცი შეიხი ჰატიმი პირნათლად ასრულებდა ბერძნისთვის მიცემულ პირობას და ბავშვებს მზრუნველობას არ აკლებდა. ზემოთ, თეთრი ნილოსისაკენ მიმავალი გზა, ედ-დუციმი და კანო რომ გაიარეს, გვერდით ჩაუარეს აბას, ნილოსის ტყიან კუნძულს, სადაც ომის დაწყებამდე ერთი ხის ფუღუროში მაჰდი დავრიში განდეგილივით ცხოვრობდა. ქარავანი ხშირად იძულებული იყო, გარს შემოევლო პაპირუსებით დაფარული ჭალებისათვის, ანუ სედის ჭანჭრობისათვის, საიდანაც ნიავს მდინარის დინებით ჩამოტანილი და უკვე გახრწნილი ფოთლების მყრალი სუნი მოჰქონდა. ინგლისელმა ინჟინრებმა ეს საცობები გახსნეს*  და გემები ხარტუმიდან ფაშოდამდე და მის იქითაც დაცურავდნენ. ამჟამად მდინარეს იქაურობა ისევ ჩაეშლამა, დინება თავისუფლად ვეღარ მიიქცეოდა და იძულებული იყო ნაპირებზე გადმონთხეულიყო. მარჯვენა და მარცხენა სანაპირო დაეფარა მაღალ გაუვალ ჯუნგლებს, აქა-იქ ვეებერთელა ხეებიც აფოფრილიყვნენ. შედარებით მშრალ ადგილებში აკაციის ჭალები შრიალებდა. პირველ ხანებში გზადაგზა ხვდებოდნენ არაბთა სოფელ-დასახლებებს, სადაც სახლებს დონნუს ჩალით დაწნული გუმბათიანი სახურავები ედგა. აბას შემდეგ, გოზ-აბუ-გუმიდან მოყოლებული, შავკანიანთა ქვეყანას მიადგენენ. მაგრამ იქაურობა პირწმინდად გაუკაცრიელებულიყო, რადგან დავრიშებს ადგილობრივი ზანგი მოსახლეობა ერთიანად წაესხათ და ხარტუმის, ომდურმანის, დარის, ფაშერის, ელ-ობიედისა და სუდანის, დარფურისა და კორდოფანის სხვა ქალაქების ბაზრობებზე ყიდდნენ. მათ, ვინც ტყვეობას გადაურჩა და ტყესა და ბუჩქებს მისცა თავი, მუსრი გაავლო შიმშილმა და ყვავილმა, რაც თეთრი და ცისფერი ნილოსის მიდამოებში გაუგონარი ძალით მძვინვარებდა. თავად დავრიშთა თქმით, ხალხი ბუზებივით იხოცებოდა. სორგოს, მანიოკისა და ბანანის ყოფილ პლანტაციებზე ჯუნგლებს გადაევლო. მხოლოდ მხეც-ნადირი მომრავლებულიყო, რადგან მათზე აღარავინ ნადირობდა. საღამოობით ბავშვებს არაერთხელ მოუკრავთ თვალი მოძრავი კლდეებისდარი სპილოების ჯოგებისთვის, დინჯად რომ მიიზლაზნებოდნენ დასარწყულებლად მხოლოდ მათთვის ცნობილ ბილიკებზე. მათ დანახვაზე სპილოს ძვლის გამყიდველი ჰატიმი პირს აწკლაპუნებდა, ხვნეშოდა, სტაშს გულდაწყვეტით ეუბნებოდა:

   – მაშალაჰ! – რამდენი სიმდიდრეა! მაგრამ ახლა ნადირობა არ ღირს, რადგან მაჰდიმ ეგვიპტელ ვაჭრებს ხარტუმში ჩამოსვლა აუკრძალა და ეშვების მყიდველიც აღარავინაა...

   სპილოების გარდა ჟირაფებიც ხვდებოდათ, ქარავნის დანახვაზე ნაჩქარევად რომ გარბოდნენ და გრძელ კისრებს ისე მიაქნევდნენ, კოჭლები გეგონებოდნენ. გოზ-აბუ-გუმას რომ გასცდნენ, სულ უფრო მომრავლდა კამეჩებისა და ანტილოპების ჯოგები. მექარავნენი ხორცის ნაკლებობას განიცდიდნენ და ნადირობდნენ ხოლმე, მაგრამ თითქმის ყოველთვის ტყუილუბრალოდ ირჯებოდნენ, რადგან მგრძნობიარე და სწრაფი ცხოველები ახლოს მისვლისა და გარშემორტყმის საშუალებას არ იძლეოდნენ.

   საკვები საერთოდაც ცოტა ჰქონდათ, რადგან იმ მხარის გაუკაცრიელების გამო შეუძლებელი იყო ბანოსა და ფეტვის შეძენა, აგრეთვე თევზის, რასაც უწინ შილუკისა და დინკის ტომის ზანგები მექარავნეთ სიამოვნებით უცვლიდნენ შუშის მძივებსა და თითბრის მავთულებში. მაგრამ ჰატიმს ბავშვები საშიმშილოდ არ გაუწირავს და რაც მთავარია, გებჰრს მაგრად მოუჭირა ხელი: როცა ერთხელ ღამისგასათევად აქლემებს უნაგირს ხსნიდნენ და სტაშს მუშტი სთხლიშა, ბრძანა, მიწაზე გაეწვინათ და ბამბუკის ჯოხი ტერფებზე ოცდაათ-ოცდაათჯერ ეცხუნებინათ. საძაგელი სუდანელი ორ დღეს მხოლოდ ფეხის წვერებზე აწეული დადიოდა, ფაიუმიდან წამოსვლის წუთებს წყევლიდა და გულს ნაჩუქარი ტყვის, კალის, ცემით იოხებდა.

   სტაშს თავდაპირველად ძალიან უხაროდა, აყროლებულ ომდურმანს რომ დააღწია თავი და იმ მხარეში მოხვდა, რომლის ნახვაც ოცნებად ქცეოდა. მისმა ძლიერმა სხეულმა ჯერხნობამდე კარგად გაუძლო გზის სიძნელეებს, ხოლო უხვმა საჭმელმა ძალ-ღონე დაუბრუნა. გზადაგზა და ღამის სათევშიც არაერთხელ ჩასჩურჩულა პაწია დაიკოს ყურში, რომ გაქცევა თეთრი ნილოსის მიდამოებიდანაც შეიძლებოდა და ამ განზრახვაზე ხელი არ აუღია. მაგრამ სტაშს გოგონას ჯანმრთელობა ძლიერ ადარდებდა. მართალია, ომდურმანიდან გამოსვლის სამი დღის თავზე ნელის ციებ-ცხელება არ დამართნია, მაგრამ სახე მეტისმეტად ჩამოუხმა და გარუჯვის ნაცვლად სულ უფრო და უფრო უფერმკრთალდებოდა, ხოლო მისი პაწია ხელის მტევნები ცვილისგან ჩამოქნილი გეგონებოდათ. ჰატიმის მეოხებით სტაშისა და დინაჰისგან მოვლა-მზრუნველობა არ აკლდა, სამაგიეროდ ჯანსაღი ჰაერი ნამდვილად ესაკლისებოდა. ისედაც დასუსტებულ გოგონას აქაურმა ნესტიანმა ცხელმა ჰავამ და მგზავრობის სიძნელემ ჯანმრთელობა მთლად შეურყია.

   გოზ-აბუ-გუმიდან მოყოლებული სტაში ყოველდღე ქინაქინის ნახევარ-ნახევარ ფხვნილს ასმევდა და შიშისგან გული უსკდებოდა, რომ წამალი დიდხანს არ ეყოფოდა, არადა მერე აქ მისი შოვნა ყოვლად შეუძლებელი გახდებოდა. მეტი რა ჩარა იყო, ყოველნაირად უნდა ცდილიყვნენ, ციებისათვის თავი აერიდებინათ. იყო წუთები, როცა ბიჭს სასოწარკვეთა იპყრობდა. ხანაც თავს იტყუებდა, რომ, თუ სმაინი თავის ბავშვებზე ტყვეთა გაცვლას მოიწადინებდა, მაშინ ფაშოდზე უფრო ჯანსაღი ადგილი უნდა შეერჩია.

   მაგრამ უბედურება თითქოს ფეხდაფეხ სდევდათ. ფაშოდში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე დინაჰი, რომელმაც ჯერ კიდევ ომდურმანში იგრძნო თავი ცუდად, ფაიუმიდან წამოღებულ ნელის ნივთების ფუთას რომ ხსნიდა ანაზდად, აქლემიდან გადმოვარდა. სტაშმა და ხამისმა ძლივძლივობით მოასულიერეს. გონს მოსვლა მაინც ვერ შეძლო, მხოლოდ საღამოხანს მოიხედა და იმდენი მოახერხა, ცრემლჩამდგარი თვალებით თავის საყვარელ პაწია ქალბატონს გამოსთხოვებოდა და ისე მომკვდარიყო. გებჰრმა იმავ წუთს მისთვის ყურების დაჭრა მოინდომა, რათა სმაინისათვის ეჩვენებინა და მისი მოტაცების საფასურიც გამოეთხოვა. მაშინ ასე იქცეოდნენ, თუკი ტყვე გზაში მოკვდებოდა, მაგრამ სტაშისა და ნელის თხოვნით, ჰატიმი ამაზე არ დაეთანხმა, პირიქით, დინაჰი პატიოსნად დამარხეს და გვამი აფთარს რომ არ ამოეთხარა, საფლავზე ქვები და ეკლები დააწყვეს. ბავშვებმა თავი კიდევ უფრო ობლად იგრძნეს, რადგან ერთადერთი მახლობელი და მზრუნველი არსება დაკარგეს. ეს დარტყმა განსაკუთრებით იგრძნო ნელიმ, რომელსაც იმ და კიდევ მომდევნო დღეს სტაში ამაოდ იხუტებდა გულში.

   დადგა მოგზაურობის მეექვსე დღე. შუადღისას ქარავანი ფაშოდს მიადგა, მაგრამ იქ მხოლოდ ნახანძრალი დახვდათ. მაჰდისტები ღია ცის ქვეშ ანდა ტოტებისა და თივის სახელდახელო ქოხებში დაბანაკებულიყვნენ. დასახლება სამი დღის წინათ მთლიანად ფერფლად ქცეულიყო. დარჩენილიყო მხოლოდ მრგვალი ქოხების კვამლისგან გაშავებული თიხის კედლები და წყაროსთან მდგარი ხის ფარდული, რომელსაც ეგვიპტის ბატონობის ჟამს სპილოს ძვლის საწყობად იყენებდნენ და რომელშიც ამჟამად დავრიშების ბელადი, ემირ სეკი-ტამალა ცხოვრობდა. მას მაჰდისტებს შორის ხალიფა აბდულაჰის ფარულ მტრად იცნობდნენ, სამაგიეროდ იგი ჰატიმის განსაკუთრებულ მეგობრად ითვლებოდა. მოხუცი შეიხი ბავშვებითურთ მან განსაკუთრებული პატივისცემით მიიღო, მაგრამ მათ უმალვე გაუგონარი ამბავი ამცნო.

   მაშ, ასე, ფაშოდში სმაინს ვერ შეხვდებოდნენ. ორი დღის წინათ გასდგომოდა გზას აღმოსავლეთისაკენ, ნილოსიდან ჩრდილოეთით, ტყვეთა ხელში ჩასაგდებად, და არავინ იცოდა, უკან როდის დაბრუნდებოდა, რამეთუ უახლოესი ადგილები უკვე გაეუკაცრიელებინათ, ასე რომ, ეს ორფეხა საქონელი უფრო შორს უნდა ეძებნათ. ფაშოდის შორიახლო მდებარეობდა აბისინია, რომელთანაც დავრიშები ომს აწარმოებდნენ, მაგრამ სამასკაციანი რაზმით სმაინი მისი საზღვრის გადაჭრას ვერ გაბედავდა, რადგან იქაური მეომრები და მეფე იანის ჯარისკაცები სადარაჯოზე ფხიზლად იდგნენ.

   ყოველივე ამასთან დაკავშირებით სეკი-ტამალამ და ჰატიმმა ბჭობა გამართეს, რა ეყოთ ყმაწვილებისათვის. ბჭობა წარიმართა, ძირითადად ვახშმობისას, რომელზედაც ემირმა სტაში და ნელიც მიიწვია.

   – მე, – მიმართა ჰატიმს, – მთელი ჩემი ხალხით შორეულ ლადოში მჯდომ ემინ-ფაშასთან საომრად უნდა გავემართო; იქ მას გემი და ჯარი ჰყავს. ასეთი ბრძანება ჩამოვიტანე, ჩემო ჰატიმ... შენ ომდურმანში უნდა დაბრუნდე, ასე რომ ფაშოდში სულიერი არ დარჩება. აქ არც საცხოვრებელია და არც საჭმელი, სამაგიეროდ სნეულებანი ბობოქრობს. ცნობილი ამბავია, თეთრკანიანებს ყვავილი არ ეკარება, მაგრამ ციებ-ცხელება ამ ბავშვებს ერთ თვეში მოუღებს ბოლოს.

    – მე ამათი აქ ჩამოყვანა მიბრძანეს, – მიუგო ჰატიმმა, – ჩამოვიყვანე კიდეც და შემეძლო ბავშვებზე მზრუნველობა ამით დამესრულებინა, მაგრამ მათი თავი ჩემმა მეგობარმა, ბერძენმა კალიოპულომ ჩამაბარა, ჰოდა, არ მინდა, რომ დაიხოცონ.

   – ეს რომ ასე მოხდება, ამას წყალი არ გაუვა.

   – როგორღა მოვიქცე?

   – ფაშოდში დატოვების ნაცვლად სმაინთან გაგზავნე და გააყოლე ის ხალხი, ვინაც ეგენი აქ ომდურმანიდან ჩამოიყვანა. სმაინი ზევით, მშრალი და მაღალმთიანი მხარისკენ გაემართა, სადაც ციება ისე ვერ ერევა ხალხს, როგორც მდინარის გასწვრივ.

   – მერედა სმაინი როგორღა იპოვონ?

   – ის უეჭველად ჯუნგლების დაწვას მოჰყვება; ჯერ ერთი, იმისათვის, რომ მხეც-ნადირი ვიწრო ხეობებში შერეკოს, იოლად გარშემოერტყას და დახოცოს; მეორეც, იმიტომ, რომ ჯუნგლებს თავშეფარებული ურჯულოები დააფრთხოს და იქიდან გამოიყვანოს... ერთი სიტყვით, სმაინის პოვნა ძნელი საქმე არაა...

   – დაეწევიან კი?..

   – ერთ ადგილას შეიძლება კვირაობითაც კი მოუწიოს გაჩერება, რადგან ხორცი ხომ უნდა შებოლოს. ორი-სამი დღის შემდეგაც რომ გავიდნენ, უეჭველად დაეწევიან.

   – ისე, რატომ უნდა გამოუდგნენ? სმაინი ხომ ისედაც ფაშოდში დაბრუნდება?

   – არა. თუ ბედმა გაუღიმა და ბლომად ტყვე მოიგდო ხელში, მათ პირდაპირ ბაზრობაზე წაასხამს...

   – რა გზას ვეწიოთ?

   – იცოდე, როგორც კი მე და შენ ფაშოდიდან წავალთ, ბავშვებს ციებაც რომ არ შეეყაროს, შიმშილი მოუღებს ბოლოს.

   – ოი, უფალო! ეგ მართალია.

   მართლაც, მეტი რა ჩარა იყო და ბავშვები ისევ სახეტიალოდ უნდა გაეწირათ. კეთილ ჰატიმს ისღა ადარდებდა, რომ გებჰრი, რომლის გულბოროტებაც გზაში გამოსცადა, ბავშვებს არ დაინდობდა. მაგრამ მრისხანე სეკი-ტამალამ, საკუთარ ჯარისკაცებსაც კი შიშის ზარს რომ სცემდა, სუდანელის მასთან მიყვანა ბრძანა და განუცხადა, ტყვეები სმაინთან ცოცხალი და საღ-სალამათი ჩაეყვანა, თანაც კარგად მოპყრობოდა, თორემ ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა. კეთილმა ჰატიმმა ემირს ნელისთვის აჩუქებინა ტყვე ქალი, რომელიც ბავშვს გზაშიც მოუვლიდა და სმაინის ბანაკშიც. ნელი უზომოდ გაახარა ამ საჩუქარმა, რადგან ტყვე დინკების ტომის საოცრად ლამაზი და ეშხიანი გოგონა იყო.

   სტაშს ესმოდა, რომ ფაშოდი – ეს უეჭველი სიკვდილი იყო, ჰოდა, ჰატიმისთვის არც უთხოვია, ისინი ახალი, რიგით მესამე მოგზაურობისთვის არ გაეწირა. გულში ფიქრობდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მოძრაობისას შესაძლოა, აბისინიის უკიდურეს სამხრეთ საზღვრებამდე მიეღწიათ და მერე იქიდან გაქცევაც მოეხერხებინათ. იმასაც იმედოვნებდა, მშრალ მაღალმთიანეთში ნელი, ეგების ციებას გადაურჩეს და ყოველივე ამის გამო სიამოვნებით და გაფაციცებით შეუდგა გამგზავრების სამზადისს.

   არც ხამისი, გებჰრი და ორი ბედუინი იყვნენ გამგზავრების წინააღმდეგი. ისინი ვარაუდობდნენ, რომ სმაინის გვერდით ბლომად ტყვეს ჩაიგდებდნენ ხელში და მერე ბაზრობაზე სარფიანად გაყიდდნენ. გაეგონათ, რომ ტყვეებით მოვაჭრენი ხანდახან დიდ ქონებასაც მოიხვეჭენო; ყოველ შემთხვევაში, ჰატიმისა და სეკი-ტამალას ხელში ჰოფნას ისევ გამგზავრება ერჩიათ.

   სამზადისს დიდი დრო მოანდომეს, მით უფრო, რომ ბავშვებს დასვენება ესაჭიროებოდათ. ამ მგზავრობისას აქლემების გამოყენება უკვე შეუძლებელი იქნებოდა, ამდენად არაბებიცა და მათთან ერთად სტაში და ნელიც ცხენებით უნდა წასულიყვნენ, ხოლო გებჰრის ტყვე, კალი და მეა (სტაშის რჩევისამებრ ასე დაარქვა ნელიმ თავის მოახლეს), ცხენებს ფეხით უნდა გაჰყოლოდნენ. ჰატიმმა ბავშვებს სახედარიც უშოვა და გოგონასთვის განკუთვნილი კარავი და სამი დღის საგზალი აჰკიდეს. ამაზე მეტის მიცემა სეკი-ტამალამ ვერ შეძლო. ნელის ქალის უნაგირის მაგვარი დასაჯდომი მოუწყვეს ქეჩის, ბამბუკისა და პალმის ძენძისაგან.

   ბავშვები ფაშოდში დასასვენებლად სამ დღეს დარჩნენ, მაგრამ მდინარეზე თავშეყრილი კოღოების ურიცხვი ჯარი აქ ჰოფნას გაუსაძლისს ხდიდა. დღისით საიდანღაც გამოჩნდნებოდნენ უშველებელი ცისფერი ბუზები, რომლებიც, მართალია, არ იკბინებოდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ხალხს თვალებზე ასხდებოდნენ, ყურებსა და, ასე განსაჯეთ, ცხვირ-პირში უძვრებოდნენ. სტაშს ჯერ კიდევ პორტ-საიდში გაეგონა, რომ კოღოები და ბუზები ავრცელებდნენ ციებ-ცხელებისა და თვალის ანთების ბაცილებს; ჰოდა, თავადვე სთხოვდა სეკი-ტამალას, რაც შეიძლება მალე გაემგზავრებინა ისინი, მით უფრო, რომ საგაზაფხულო წყალდიდობის პერიოდიც ახლოვდებოდა.

 

 

 

კარი XXI

 

– რა ხდება, სტაშ, სულ მივდივართ და მივდივართ, სმაინი კი არა და არ ჩანს?

   – არ ვიცი. ეტყობა, ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, რათა მალე მიაღწიოს იმ მხარეს, სადაც ბევრი ზანგის დაჭერას შეძლებს. რაო, ასე გეჩქარება მის რაზმთან შეერთება?

   გოგონამ უმალვე დაუქნია თავისი ჩალისფერთმიანი თავი.

   – რისთვის გეჩქარება? – ჰკითხა სტაშმა.

   – ეგებ სმაინთან ვეღარ გაბედოს გებჰრმა ამ საცოდავი ქალის ცემა.

   – უკეთესი, ალბათ, არც სმაინია. ტყვეებს ესენი საერთოდ არ სწყალობენ.

   – ჰოო?

   ეს იყო მგზავრობის მეცხრე დღეს. ქარავნის ამჟამინდელი წინამძღოლი გებჰრი თავდაპირველად იოლად პოულობდა სმაინის რაზმის ნაკვალევს. მის გზას ნახანძრალი ჯუნგლები და ნაბანაკარის ირგვლივ მიმოყრილი გამოხრული ძვლები და ათასგვარი ნაყარ-ნუყარი მიანიშნებდა, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ მიადგნენ თვალუწვდენელ სივრცეზე გადაშლილ გადამწვარ ტრამალს, რომელზეც ქარს ყოველმხრივ მიმოეფანტა ცეცხლი. ნაკვალევი აირდაირია, რისი მიზეზიც ის იყო, რომ სმაინმა, რაზმი ალბათ რამდენიმე მცირე დასად დაყო, რათა ნადირს იოლად გარშემორტყმოდნენ და საკვები მოეპოვებინათ. გებჰრმა აღარ იცოდა, რომელ მხარეს წასულიყო და ხშირად ისეც ხდებოდა, რომ კარგა ხნის ბოდიალის შემდეგ ქარავანი ისევ იმ ადგილს უბრუნდებოდა, საიდანაც დაიძრა. მერე ტყეს მიაღწიეს და ის რომ გადასერეს, ანაზდად მიადგნენ კლდოვან ადგილს, სადაც პიტალო ქვები ეყარა, ალაგ კი – ქვა-ღორღი. მცენარეულობა აქ ერთობ შემეჩხრებულიყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ, ღარტაფებში, იზრდებდა რძიანა, მიმოზა, უფრო იშვიათად ხვდებოდათ ტანმაღალი, ღიამწვანე ფერის ხე, რომელსაც კალი კი-სვაჰილის ენაზე “მწი”-ს ეძახდა და რომლის ფოთლებსაც ცხენებს აჭმევდნენ. ამ მხარეს აშკარად აკლდა ნაკადულები და წყაროები, მაგრამ, საბედნიეროდ, დროდადრო წვიმდა და კლდის ღრმულებსა და ნაპრალებში ჩაგროვებულ წყალს პოულობდნენ.

   მხეც-ნადირი სმაინის რაზმებს დაეფრთხო და ქარავანი შიმშილით სიკვდილს ვერ ასცდებოდა, რომ არა პენტარეკი, რომელთა გუნდები წამდაუწუმ წამოფრთხიალდებოდნენ ხოლმე ცხენების ფეხებთან, საღამოს კი იმდენი სხდებოდნენ ხეებზე, საკმარისი იყო იმ მიმართულებით ერთი გასროლა, მიწაზე რამდენიმე ერთად ვარდებოდა. მშიშრები არ იყვნენ და მიახლოებისას ისე მძიმე-მძიმედ და ზანტად წამოიშლებოდნენ, დღე არ გავიდოდა, ქარავნის წინ მორბენალ ლომას რამდენიმე არ მოეგდო პირში.

   ხამისიც ბევრს ხოცავდა ძველი ფალიანი თოფით, რომელიც ომდურმანიდან ფაშოდში გადასვლისას გამოსტყუა ჰატიმის ერთ-ერთ დავრიშს. ოღონდ საფანტი ოციოდ გასროლაზე თუღა ეყოფოდა და შიშით აღარ იყო, რა უნდა ექნა, მარაგი სულ რომ გამოელეოდა. დაფრთხობის მიუხედავად, ხანდახან კლდეებზე მაინც გამოჩნდებოდა ხოლმე არიელის, შუა აფრიკის ყველაზე ლამაზი, ჩვეულებრივი ანტილოპების მომცრო ჯოგები, მაგრამ არიელის მოკვლა მხოლოდ შტუცერით შეიძლებოდა. მათ კი სტაშის იარაღის ხმარება არ იცოდნენ, ბიჭის ხელში მისი მოხვედრა კი გებჰრს არა და არ სურდა.

   სუდანელიც გაღიზიანდა, რადგან გზას ბოლო აღარ უჩანდა. ხანდახან ფაშოდში დაბრუნებასაც კი ფიქრობდა, რადგან, თუ სმაინს ასცდებოდნენ, შესაძლოა ამ ველურ მიდამოში გზა არეოდათ, სადაც, რომ აღარაფერი ვთქვათ შიმშილზე, ყოველ წამს მოსალოდნელი იყო თავდასხმა მხეცებისა და მათზე არანაკლებ საშიში ზანგებისა, რომლებიც შურისძიების გრძნობით იყვნენ განმსჭვალული. მაგრამ, რადგანაც არ იცოდა, რომ სეკი-ტამალა ემინის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა (ამ თემაზე სასაუბროდ, რასაკვირველია, ის არავის მიუწვევია), მრისხანე ემირთან მოსალოდნელი შეხვედრის შიში იპყრობდა, თანაც მან ბავშვების სმაინთან მიყვანა უბრძანა და წერილიც გაატანა, ამასთან ერთად, მკაცრად გააფრთხილა: თუ წესიერად არ მოიქცევი, ყულფი არ აგცდებაო. ყოველივე ამან იგი კიდევ უფრო გააშმაგა. მართალია, სტაშსა და ნელიზე შურისძიებას თავი ანება, სამაგიეროდ ხელმოცარულობისთვის საბრალო კალის მხარ-ბეჭს ყოველდღე მათრახის ნაკვალევები ემატებოდა. ახალგაზრდა ტყვე თავის მრისხანე ბატონთან მუდამ კანკალითა და შიშით მიდიოდა. მაგრამ ამაოდ ეხვეოდა ფეხებზე და უკოცნიდა ხელებს, ამაოდ სცემდა თაყვანს და მიწას სახეს ამაოდ უხათქუნებდა. ქვა გული ვერც მორჩილებამ მოულბო და ვერც კვნესამ და უბედურ ბიჭს მათრახი ხან უმნიშვნელო მიზეზის გამო, ხანაც სრულიად უმიზეზოდ უფლეთდა სხეულს. ღამ-ღამობით კი ფეხებს ამოჭრილ ფიცარში აწყობინებდნენ, გაქცევა რომ ვერ მოეხერხებინა. დღისით კი გებჰრის ცხენს მიჰყვებოდა თოკგამობმული, რაც მეტისმეტად ართობდა ხამისს. ნელი ცხარე ცრემლებით დასტიროდა კალის უიღბლობას, სტაშს გულში ცეცხლი ენთო და აღშფოთებული რამდენიმეჯერ გამოექომაგა, მაგრამ, როცა ნახა, გებჰრს ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა, კრიჭაშეკრული მდუმარებდა.

   მალე კალი მიხვდა, რომ ბავშვები მისდამი კეთილად იყვნენ განწყობილი და თავისი ბეჩავი, ნატანჯი სულითა და გულით ისინი ალალად შეიყვარა.

   ორი დღე მიუყვებოდნენ მაღალ, პიტალო კლდეებს შორის გაწოლილ ვიწრო ხეობას. ჩამოტანილი და უწესოდ მიმოფანტული ქვების მიხედვით კაცი ადვილად მიხვდებოდა, რომ წვიმიანობის ჟამს ხეობა წყლით ივსებოდა, მაგრამ ამჯერად ფსკერი სრულად დამშრალიყო. აქეთ-იქით კედლებზე იშვიათად მოჰკრავდნენ თვალს ბალახს, სამაგიეროდ ბევრი იყო ეკალ-ბარდები და აქა-იქ – ხეებიც კი. გებჰრმა ამ ქვის ხახაში თავი მხოლოდ იმიტომ შეყო, რომ გზა სულ უფრო და უფრო ზევით მიემართებოდა და იფიქრა, ეგებ რაიმე მწვერვალს მივაღწიო და იქიდან იოლად დავინახავ სმაინის ბანაკის კვალს დღისით კვამლით, საღამოს კი – კოცონის შუქითო. დროდადრო ხეობა ისე ვიწროვდებოდა, რომ მხოლოდ ორ-ორ ცხენს შეეძლო გვერდიგვერდ სიარული, ალაგ-ალაგ კი ისევ ფართოვდებოდა და ნელ-ნელა მათ თვალწინ გადაიშლებოდა მრგვალი ველობი, გარშემორტყმული ქვის კედლებით, სადაც არხეინად მოთამაშე პავიანები ყეფდნენ და მოქარავნეთ კბილებს უჩვენებდნენ.

   ნაშუდღევის ხუთი საათი იქნებოდა. მზე დასავლეთისკენ გადახრილიყო. გებჰრი ღამის გასათევზე ფიქრობდა. უნდოდა მოენახა ისეთი ველობი, რომელსაც ველური მხეცებისგან თავდასაცავად მიმოზისა და აკაციის ეკლიანი ტოტების ღობეს შემოაკრავდა. ლომა წინ-წინ გარბოდა და გაავებული უყეფდა მაიმუნებს, რომლებიც მის დანახვაზე შემკრთალი გარბოდნენ. ძაღლი დროდადრო კლდის მიხვეულ-მოხვეულებში გაუჩინარდებოდა ხოლმე. მის ყეფას ექო ახმოვანებდა.

   მაგრამ ანაზდად დადუმდა, ხოლო რამდენიმე წამში უკანვე მოვარდა ცხენებთან, კუდამოძუებული და ბალანაშლილი. ბედუინები და გებჰრი მიხვდნენ, რომ რაღაცამ შეაშინა, ერთმანეთს გადახედეს და ამბის გასაგებად წინ დაიძრნენ. პატარა მოსახვევს რომ გასცდნენ, ცხენები შეკრთნენ და, ანაზდად გაქვავდნენ, ადგილიდან ფეხი ვეღარ მოიცვალეს. წინ ასეთი სურათი გადაეშალათ:

   იმ ადგილას უკვე გაფართოებული ხეობის შუაგულში, მომცრო კლდის ქიმზე, ლომი წამოწოლილიყო.

   მისგან დიდი-დიდი ასიოდ ნაბიჯი ჰყოფდათ. მხედრებისა და ცხენების დანახვაზე ვეება მხეცი წინა თათებზე წამოიწია და მზერა დაძაბა. ჩამოდაბლებული მზის სხივებმა გაანათა მისი უზარმაზარი თავი, აჩეჩილი მკერდი და ამ მეწამული შუქის ფონზე იგი საოცრად წააგავდა ძველეგვიპტური სალოცავების შესასვლელების სამშვენის ერთ-ერთ სფინქსს.

   ცხენები მზად იყვნენ შეტრიალებულიყვნენ და იქაურობას სწრაფად გასცლოდნენ, მაგრამ ჩაფიქრებულმა და შიშნაჭამმა მხედრებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და წამდაუწუმ წამოისროდნენ უმწეო სიტყვებს: “ალაჰ! ბისმილაჰ! ალაჰ აკბარ!”

   ჯუნგლების მეფე კი, თითქოსდა თუჯისგან ჩამოუსხამთო, მათ გაქვავებული დასცქეროდა მაღლიდან.

   გებჰრსა და ხამისს სუდანიდან ეგვიპტეში ჩასული სპილოს ძვლით მოვაჭრეთაგან გაეგონათ, რომ ლომი ხანდახან მუსრს ავლებდა მთელ ქარავანს. ქარავნებმა მას, არც მეტი, არც ნაკლები, შეძლებისდაგვარად გვერდი უნდა აუქციონ. მაგრამ აქ გვერდის ასაქცევი აღარსად იყო. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, უკან თუ მიბრუნდებოდნენ და მოკურცხლავდნენ! კი, ბატონო, მაგრამ იმასაც მშვენივრად მიხვდნენ, რომ საზარელი მხეცი წამოხტებოდა და უკან გამოუდგებოდა.

   და ისევ გაისმა ნაუცბათევი კითხვა:

   – რა ვქნათ?

   – რა ვქნათ?

   – ალაჰ! ეგებ, უკან დაიხიოს.

   – არ დაიხევს.

   და ისევ მდუმარება ჩამოწვა. მხოლოდ ცხენების ფრუტუნი და ხალხის მომეტებული ქშინვაღა ისმოდა.

   – გაუხსენი კალის თოკი, – ანაზდად უთხრა გებჰრს ხამისმა. – ჩვენ ცხენებს გავქუსლავთ, ლომი კი მაგას ეძგერება და ბოლოს მოუღებს.

   – ეგრე ქენი! – გაიმეორეს ბედუინებმა.

   მაგრამ გებჰრი მიხვდა, ასე თუ იზამდა, კალი თვალისდახამხამებაში კლდეზე აცოცდებოდა, ლომი კი ცხენებს გამოენთებოდა, ჰოდა თავში სხვა, საზარელმა აზრმა გაუელვა: დავკლავ ბიჭს და დავაგდებ, მხეცი გადმოხტომისას სისხლიან სხეულს დაინახავს და მის შესაჭმელად შეჩერდებაო.

   კალი თოკით თავისკენ მისწია, დანა ზეაღმართა და ის-ის იყო, უნდა დაერტყა, რომ ანაზდად სტაში მივარდა და განიერ სახელოში ჩააფრინდა.

   – რას სჩადი, არამზადავ?

   გებჰრმა დასხლტომა დააპირა და ბიჭს რომ პირდაპირ ხელზე წაევლო ხელი, უმალვე გააშვებინებდა კიდეც, მაგრამ სახელო აებლანდა და გაშმაგებული აყვირდა.

   – ძაღლო, ეგ თუ არ ეყო, თქვენც დაგკლავთ! ალაჰ! დაგკლავთ, დაგკლავთ!

   სტაშს მკვდრისფერი დაედო და მყისვე თავში გაჰკრა აზრმა, რომ შესაძლოა, ლომს კალის გვამისთვის გვერდი აევლო და მაშინ გებჰრი ორივეს უყოყმანოდ დაკლავდა.

   ჰოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სახელოზე მოქაჩა და შეჰყვირა:

   – თოფი მომეცი!.. ლომს მე მოვკლავ!

   მისმა ნათქვამმა ბედუინები განაცვიფრა, მაგრამ ხამისმა, ვისაც ჯერ კიდევ ჰორტ-საიდში ენახა სტაშის სიმარჯვე, უმალვე შესძახა:

   – მიეცი თოფი! ეგ მოკლავს ლომს!

   გებჰრს უმალვე გაახსენდა კაროუნის ტბაზე გამართული სროლა და, დიდი საფრთხის მიუხედავად, წინააღმდეგობის გაწევა აღარ უცდია. ბიჭს სასწრაფოდ მისცა შტუცერი, ხამისმაც სულმოუთქმელად გააღო ტყვია-წამლის ყუთი, საიდანაც სტაშმა მთელი მუჭა ამოხაპა.

   მერე ცხენიდან ჩამოხტა, ლულა დატენა და მხეცისკენ დაიძრა.

   თავდაპირველად გაბრუებული იყო. თვალწინ გებჰრის დანით განგმირული თავისი და ნელის გვამები ედგა. მაგრამ მოახლოებულმა და უსაშინლესმა განსაცდელმა აიძულა სხვა ყველაფერი მყისვე დაევიწყებინა. მის წინ ლომი იყო! მხეცის დანახვაზე თვალთ დაუბნელდა. ლოყები და ცხვირ-პირი გაეყინა, ფეხები ტყვიასავით დაუმძიმდა და მიხვდა, გამბედაობა ჰა და ჰა, უღალატებდა. არც მეტი, არც ნაკლები – შეშინდა. პორტ-საიდში არაერთხელ წაუკითხავს ლომებზე ნადირობის ამბები, მაგრამ სულ სხვა იყო წიგნებში დახატული სურათების თვალიერება და სულ სხვა – პირისპირ შეყრა მხეცთან, რომელიც აგერ თითქოსდა გაოცებული შემოჰყურებდა და განიერ შუბლს ნება-ნება ჭმუხნიდა.

   არაბებმა სუნთქვა შეკრეს, რადგან მსგავსი რამ სიცოცხლეში არ ენახათ. ერთ მხარეს იდგა პაწია ბიჭი, რომელიც თვალუწვდენელ კლდეებს შორის კიდევ უფრო პატარა ჩანდა, მეორე მხარეს კი – ძლიერი ნადირი, მთლად ოქროსფერი, ჩამავალი მზის სხივებისგან გალამაზებული, მრისხანე – “დიდთავა ბატონი”, როგორც მას სუდანელები უწოდებენ.

   სტაშმა თავს ძალა დაატანა, რომ გახევებული ფეხები აემოძრავებინა და ისევ წინ წასულიყო. მოეჩვენა, რომ სადაც იყო, გული ყელში მოებჯინებოდა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თოფი სახესთან არ მიიტანა. ახლა კი, სულ სხვა რამეზე უნდა ეფიქრა. რა, აჯობებდა – კიდევ უფრო წინ წასვლა თუ აქედანვე სროლა? რაც უფრო მოკლეა მანძილი, გასროლაც უფრო საიმედოა... ახლა კი წინ! წინ! დიდი დიდი ორმოცი ნაბიჯიღაა... ოცდაათი! – ოცი! ნიავს უკვე მოაქვს მხეცის მძაფრი სუნი...

   ბიჭი შედგა.

   “ტყვია თვალებს შორის, არადა მორჩება ყველაფერი! – გაიფიქრა. – სახელითა მამისათა!..”

   ლომი წამოიმართა, წელში გასწორდა, თავი დახარა. ლაშები თანდათანობით გახსნა, წარბები თვალებზე გადმოეფხატა. ამ პაწაწკინტელა არსებამ მასთან ასე მოახლოება გაბედა! – ნახტომისთვის იწყო მზადება, შეირხა, უკანა ტორებზე ჩაიზნიქა...

   ანაზდად სტაშმა შენიშნა, რომ შტუცერის სამიზნე სწორედ მხეცის შუბლს გაუსწორდა და ჩახმახი დასხლიტა.

   გაისმა სროლის ხმა. ლომი აიყალყა, მთელი ტანით ზეაიწია და ზურგზე დაცემულმა ოთხივე ტორი მაღლა აიქნია.

   ბოლო, სასიკვდილო კრუნჩხვები და კლდიდან მიწაზე დაეძნეყა.

   სტაშს მისთვის ერთხანს მიზანი არ მოუცილებია, მაგრამ, შენიშნა თუ არა, რომ თრთოლვამ თანდათან გაუარა და სხეული უსულოდ გაიშხლართა, თოფი უმალვე ხელახლა დატენა.

   კლდოვანი კედლები ჯერაც ხმამაღალ ექოს იმეორებდა. გებჰრს, ხამისსა და ბედუინებს ჯერ კარგად ვერ დაენახათ, რა მოხდა, რადგან წინა ღამის ნაწვიმარ ხეობაში მსუბუქი კვამლი ჩამოდგა. როცა კვამლი გაიფანტა, გახარებულებმა ყვირილი მორთეს და ის ის იყო, ბიჭისკენ უნდა გაჭრილიყვნენ, მაგრამ ამაოდ, ცხენებს წინ ნაბიჯიც ვერ წაადგმევინეს.

   ამასობაში სტაში შემობრუნდა, თვალი მოავლო ოთხ არაბს და მზერა გებჰრს მიირჭო.

   – საკმარისია! – უთხრა კბილების ხრჭიალით. – ზღვარს გადახვედი. ამიერიდან ვერც ნელის მოკლავ და ვეღარც სხვა ვინმეს!

   და ანაზდად იგრძნო, რომ ცხვირ-პირი ისევ გაუფითრდა, ოღონდ ეს არ იყო შიში, პირიქით, მას საბოლოო და მტკიცე გადაწყვეტილება მიეღო.

   “ჰო! ჰო! ესენი ხომ არამზადები, ჯალათები და მკვლელები არიან, ნელი კი სწორედ მათ ხელშია!..”

   – ვერ მოკლავ. – გაიმეორა.

   მათკენ წავიდა, ისევ შეჩერდა. თავი უცებ, ელვისუსწრაფესად აწია და შიგ სახეში დაუმიზნა.

   ორი გასროლის ექომ ხეობის მდუმარება გაფხრიწა: გებჰრი მიწას ქვიშისავსე ტომარასავით დაეძნეყა, ხამისი კი წინ გადაიხარა და სისხლიანი შუბლი ცხენის კისერს წაარტყა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი