ბედუინებმა საშინლად შეჰყვირეს და ცხენებიდან ჩამომხტრები სტაშისკენ გაექანნენ. მათ უკან მცირე მოსახვევი იყო და, რომ გაქცეულიყვნენ, რასაც სტაში გულში კიდევაც ნატრობდა, სიკვდილს ნაღდად გადაურჩებოდნენ. მაგრამ შიშითა და სიბრაზით გონდაბინდულებს ეგონათ, სანამ თოფის ხელახლა დატენას მოასწრებს, ბიჭს მანამდე დავაცხრებით და დანებით ავკუწავთო. სულელები! რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა მოასწრეს, რომ ისევ იჭექა ავბედითმა თოფმა, ხეობამ ისევ ექოდ გაიმეორა ახალი გასროლის ხმა, ორივე სახით დაენარცხა მიწას და წყლიდან ნაპირზე ამოყრილი თევზებივით აფართხალდნენ.

   ერთი, რომელსაც ნაჩქარევმა გასროლამ უმალვე ვერ მოუღო ბოლო – კიდევ წამოიწია და ხელებს დაეყრდნო, მაგრამ მას იმავე წამს ლომა დააცხრა და კისერში ეშვები ჩაასო.

   სამარისებური მდუმარება ჩამოწვა.

   ეს მდუმარება ანაზდად დაარღვია კალის კვნესამ, რომელმაც უმალვე მიწაზე ჩაიმუხლა, ხელები წინ გაიშვირა და კი-სვაჰილის ენაზე აბლუკუნდა.

   – ბვანა კუბვა! (დიდო ბატონო!) მოკლა ლომი, მოკლა ბოროტი ხალხი, მარა არ მოკლა კალის!

   მაგრამ სტაშს მისი ვედრებისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ერთ ხანს გაშტერებული იდგა, მერე ნელის მიტკლისფერი სახე და შიშისგან დაჭყეტილი თვალები დაინახა და უმალვე მასთან მიიჭრა.

   – ნელი! ნუ გეშინია!.. ნელი! თავისუფლები ვართ...

 

. . . . . . . .

   მართლაც, ნამდვილად თავისუფლები იყვნენ მაგრამ, მაინც უკაცრიელი, ველური ჯუნგლების – “შავი კონტინენტის” ყბებში ჩაკარგულებად ითვლებოდნენ.

 

 

კარი XXII

 

სანამ სტაში და ახალგაზრდა ზანგი მოკლული არაბებისა და ლომის მძიმე გვამებს განზე გადააწყობდნენ, მზე კიდევ უფრო გადაიწვერა და საცაა ჩამობნელდებოდა. შეუძლებელი იყო გვამების მეზობლად ღამის თევა, თუმცა მოკლული მხეცისკენ მომზირალი კალი ხელს მკერდზე ისვამდა და პირის წკლაპუნით იმეორებდა: “მსური ნუამა” (გემრიელი ხორცი), მაგრამ სტაშმა მას “ნუამასთან” ტრიალის ნაცვლად სროლის ხმაზე დამფრთხალი ცხენების დაჭერა დაავალა. შავმა ბიჭმა საოცარი სიმარჯვე გამოამჟღავნა და ხეობაში დადევნების ნაცვლად, რაც ცხოველებს ეუჭველად დააფრთხობდა, მაღლა აფორთხდა, რითაც მიხვეულ-მოხვეულები საგრძნობლად შეამოკლა, შეშინებულ ცხენებს გზა წინიდან გადაუღობა. იქვე სიცილით დაიჭირა ორი, დანარჩენ ორს კი სტაშისკენ აქნევინა პირი. ოღონდ გებჰრისა და ხამისის ცხენების პოვნა შეუძლებელი გახდა, თუმცა ოთხი ხომ ჰყავდათ, თუ არ ჩავთვლით კარვითა და სხვა ნივთებით დასაპალნებულ ყურებპანტურას, რომელმაც, ტრაგიკული ამბების მიუხედავად, ნაღდი ფილოსოფიური სიმშვიდე გამოიჩინა. იგი მალევე იპოვნეს მოსახვევში, დინჯად, აუჩქარებლად რომ წიწკნიდა კლდის ძირში ამოწვერილ ბალახს.

   სუდანური ტანდაბალი ცხენები, საზოგადოდ, მიჩვეულნი არიან ველურ მხეცებთან შეხვედრას, მაგრამ ლომებისა ძალიან ეშინიათ, ჰოდა გაჭირდა კლდის პირას დამდგარ სისხლის გუბესთან მათი გატარება. ნესტოებგაფართოებული ცხენები ხვიხვინებდნენ და კისრებს იგრძელებდენ სისხლიანი ქვისკენ. და ეს მაშინ, როცა სახედარმა მხოლოდ ყურები დაცქვიტა და დინჯად გაიარა. ამის შემდეგ მიჰყვნენ მას უკან. ჰა და ჰა, უკვე ღამდებოდა, მხოლოდ ერთი კილომეტრი გაიარეს და იმ ადგილას ოდნავ გაფართოებულ ხეობაში, უამრავი ეკალ-ბარდითა და ჩხვლეტია მიმოზის ბუჩქებით დაბურულ, ამფითეატრის მაგვარ ველზე შეჩერდნენ.

   – ბატონო, – თქვა ახალგაზრდა ზანგმა, – კალი კოცონს დაანთებს, დიდ კოცონს.

ხელი წამოავლო სუდანურ ფართოპირიან მახვილს, რომელიც გებჰრის გვამს ააცალა და ეკალ-ბარდებისა და მომცრო ხეების გასხეპას შეუდგა. კოცონის დანთების შემდეგ კიდევ მოჭრა და მოჭრა, სანამ მთელი ღამის სამყოფი არ მოიმარაგა.

   ამის შემდგომ მან და სტაშმა ხეობის ერთ თითქოსდა საგანგებოდ ჩამოთლილ კედელთან ნელის კარავი გაშალეს და გარს ე. წ. ზერიბა, ანუ ეკალ-ბარდების მაღალი და განიერი ნახევარწრე, შემოავლეს. სტაშმა აფრიკული მოგზაურობების აღწერებიდან იცოდა, რომ ამრიგად იცავდა ხალხი თავს ველური მხეცების თავდასხმებისგან. ცხენები ღობის შიგნით ვეღარ მოთავსდებოდნენ, ამიტომაც ბიჭებმა ისინი დააპალვანდეს, ჯამ-ჭურჭელი და ტომრები ჩამოხსნეს და იქვე, შორიახლო წყლისა და ბალახის მოსაძებნად მიუშვეს. მეამ მოპირდაპირე მხარეს მალე საკმაო წყალი იშოვა აუზივით დაგუბებულ კლდის ნაპრალში. იმდენი იყო, ცხენებიც დარწყულდნენ და დილით ხამისის მოკლული პენტარეკების მოსახარშავადაც ეყოთ. სახედარს აკიდებულ ფუთებში სამიოდ საწყაო სორგო, რამდენიმე მუჭი მარილი და მანიოკის გამხმარი ფესვები აღმოაჩინეს.

   მდიდრული ვახშამი გააწყვეს, თუმცაღა ძღომამდე მხოლოდ კალიმ და მეამ ჭამეს. ახალგაზრდა ზანგმა, რომელსაც გებჰრი თითქმის შიმშილით სულს ხდიდა, იმდენი ჭამა, ორ კაცს გააძღებდა. სამაგიეროდ, თავისი ახალი ბატონების მადლიერი იყო და, ივახშმა თუ არა, სტაშს მიწამდე სცა თაყვანი ნიშნად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მათი მონობა სურდა. ამის შემდეგ ქედი მოიხარა სტაშის თოფის წინაშეც, რადგან, ალბათ, სწამდა: უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თავიდანვე მოეპოვებინა ასეთი მრისხანე იარაღის კეთილგანწყობა. ყველაფერი რომ მოითავა, საზეიმოდ განაცხადა: სანამ “დიდი ბატონი” და ბიბი იძინებდნენ, ის და მეა იფხიზლდებდნენ, რათა ცეცხლი არ ჩამქრალიყო და უმალვე კოცონთან ჩაყუნცდა, თან სიმღერის მსგავს რაღაცას ღიღინებდა, რომელშიც წამდაუწუმ მეორდებოდა: “წიმბა კუტა! წიმბა კუტა!”, რაც სვაჰილის ენაზე ნიშნავდა: ლომი მოკლულია.

   მაგრამ “დიდ ბატონსა” და პატარა ბიბის თვალზე რული არ მიჰკარებიათ. ნელიმ სტაშის ხვეწნა-მუდარის შემდეგ პენტარეკის ორიოდ ლუკმა და მოხარშული სორგოს რამდენიმე მარცვალი ძლივს გადაყლაპა. არც ჭამა სურდა, არც ძილი, მხოლოდ წყუროდა. სტაში შიშმა შეიპყრო, ვაითუ სიცხე მისცაო, მაგრამ ხელები გრილი, თითქმის გათოშილიც კი ჰქონდა. კარავში შესვლაზე დაიყოლია, ბალახ-ბულახი საგულდაგულოდ გადაჩიჩქნა, მორიელი არსად იყოსო და თავისსავე გამზადებულ ქვეშაგებზე დააწვინა. თვითონ თოფმომარჯვებული ქვაზე ჩამოჯდა, რათა გოგონა ველური მხეცების თავდასხმისაგან დაეცვა, თუ რასაკვირველია, მათ კოცონი ვერ შეაკავებდა. საშინელი დაღლილობა იგრძნო. გულში იმეორებდა: “გებჰრი მოვკალი, ხამისი მოვკალი, ბედუინები დავხოცე, ლომიც მოვკალი და თავისუფლები ვართ”. მაგრამ ეჩვენებოდა, თითქოს ამ სიტყვებს ვიღაც სხვა ჩასჩურჩულებდა, მათი მნიშვნელობა კი თავად არ ესმოდა. თავისუფლების განცდა ჰქონდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ, ამასთანავე, მოხდა საშინელი რამ, რამაც სიმშვიდე დაუკარგა და გულზე ლოდივით დააწვა. მერე თანდათან გაშტერდა. დიდხანს უაზროდ დაჰყურებდა ცეცხლის ალზე მოფარფატე უშველებელ ფარვანებს, თავი ააკანტურა და თვლემა მოერია. კალიც თვლემდა, მაგრამ ხშირ-ხშირად ეღვიძებოდა და ცეცხლს ტოტებს ამატებდა.

   მშვიდი, ტროპიკებისათვის უჩვეულო წყნარი საღამო ჩამოწვა. ისმოდა მხოლოდ ცეცხლმოდებული ეკალ-ბარდების ტკაცატკუცი და შიშინი ალისა, რომელსაც შემორკალული კლდისძირი გაენათებინა. მთვარის ნათება ხეობის ფსკერზე ვერ აღწევდა, ზემოთ უცნობი ვარსკვლავები გუნდ-გუნდად მოჩანდა. ისეთი სიცივე ჩამოწვა, რომ სტაშს გაეღვიძა, ბურანიდან გამოერკვა და უმალვე შეკრთა, ვაითუ პაწია ნელი სიცივემ შეაწუხაო.

   მაგრამ მალევე დამშვიდდა, რადგან გაახსენდა: ფაიუმიდან წამოუღებელი შალი კარავში ქეჩაზე დადო. ისიც გაიფიქრა, რომ კარგა ხანია ნილოსს დასცილდნენ და, თუმცა ნება-ნება, მაგრამ მაინც სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდნენ, იმ მხარისაკენ, სადაც ციება ისე საშიში აღარ იყო, როგორც მდინარის დაბლობ ადგილებში. ღამის გამჭოლი სიცივე ამის უტყუარ საბუთად გამოდგებოდა.

   ამ ფიქრმა სიმხნევე შემატა. წამით კარავში შევიდა, რათა ენახა, ნელის მშვიდად ეძინა თუ არა, მერე ისევ გარეთ გამოვიდა, ცეცხლს ახლორე მიუჯდა და ჩათვლიმა, ბოლოს კი ღრმა ძილმა წაართვა თავი.

   ანაზდად მის ფეხებთან მიწოლილი ლომას ღრენამ გამოაღვიძა.

   კალიც გამოფხიზლდა და ორივემ მღელვარედ დახედა ლარივით დაჭიმულ ნაგაზს, რომელსაც ყურები დაეცქვიტა, ჩამოწოლილი წყვდიადისთვის მზერა მიეშტერებინა და ნესტოებით ჰაერს ყნოსავდა, კისერსა და ზურგზე ბალანი აშლოდა, გახშირებული სუნთქვისაგან კი მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა.

   ახალგაზრდა ტყვემ კოცონს უმალვე ტოტები დაამატა.

   – ბატონო, – წაიჩურჩულა, – თოფი აიღოს! თოფი აიღოს!

   სტაშმა თოფს ხელი სტაცა და ხეობის წყვდიადში თვალს რომ უკეთ გაეჭრა კოცონის წინ დადგა. ლომას ღრენა ყეფამ შეცვალა. კარგა ხანს არაფერი გაუგონიათ, მერე კი სტაშისა და კალის სმენას შორეული თქარათქურის მისწვდა, გეგონებოდათ, კოცონისაკენ რომელიღაც დიდი მხეცები მორბიანო. ამ თქარათქურის ხმას ღამის სიჩუმეში კლდოვანი კედლები ექოდ იმეორებდა და კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმოდა.

   სტაში მიხვდა, საბედისწერო საშიშროება უახლოვდებოდათ, ოღონდ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? ეგებ, კამეჩები ანდა რამდენიმე მარტორქა ეძებდა ხეობაში გასასვლელს? ამ შემთხვევაში თუ გასროლის ხმა ვერ დააფრთხობდა და უკან ვერ გააბრუნებდა, ქარავანს ვეღარაფერი გადაარჩენდა, რადგან იმ ცხოველებს, ველურ მხეცებზე არანაკლებ მძვინვარეებსაც და შემტევებს, ცეცხლი ვერ აშინებთ და ყოველივე გზად შემხვედრს აცამტვერებენ...

   ანდა ხომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო სმაინის რომელიმე რაზმი, რომელიც გზად გვამებს გადააწყდა და ახლა მკვლელების კვალს მოჰყვებოდა? სტაშმა თავადაც არ უწყოდა, რა ერჩია – სწრაფი სიკვდილი თუ ისევ ტყვეობა? გონებაში გაუელვა, თუ თავად სმაინი იპოვიდა, შესაძლოა დაენდო ესენი, მაგრამ, თუ ის არ იყო, მაშინ დავრიშები ან იმწამსვე დახოცავდნენ, ანდა, რაც უფრო საშინელი იყო, ყველას წამებით ამოხდიდნენ სულს. “ოჰ, – გაიფიქრა, – ღმერთმა ქნას, რომ ცხოველები იყვნენ და არა ადამიანები!”

   ამასობაში თქარათქური გაძლიერდა და მალე ფლოქვების მძლავრ გრგვინვად იქცა, სანამ საბოლოოდ სიბნელიდან არ გამოსხლტა აპარპალებული თვალები, გაფართოებული ნესტოები და ჭენებისგან გაშლილი ფაფრები.

   – ცხენები! – შესძახა კალიმ.

   მართლაც, ესენი გებჰრისა და ხამისის ცხენები იყვნენ. ალბათ, შიშით დამფრთხალნი, ორივენი გიჟებივით მოიჭრნენ, მაგრამ შუქის წრეში მოხვდნენ და, თავიანთი დაპალვანდებული ამხანაგები დაინახეს თუ არა, უმალვე უკანა ფეხებზე აიწივნენ, მერე წინა ფლოქვები მიწას დააჭირეს და ერთ ხანს ასე გაქვავებულები დარჩნენ.

   მაგრამ სტაშს სახიდან თოფი მაინც არ მოუცილებია. დარწმუნებული იყო, ცხენების უკან ან ლომის ბანჯგვლიანი თავი გამოჩნდებოდა, ანდა პანტერას პრიალა ცხვირ-პირი, მაგრამ მისი მოლოდინი ამაო გამოდგა. ცხენები ნელ-ნელა დამშვიდდნენ და, რაც მთავარია, ლომამაც მალე შეწყვიტა წრიალი, სამაგიეროდ რამდენიმეჯერ შემოუარა იმ ადგილს, როგორც საერთოდ ძაღლებმა იციან ხოლმე, მერე დაწვა, გორგალივით მოიქცა და თვალები დახუჭა. თუ ცხენებს რომელიღაც მტაცებელი ნადირი მოსდევდა – ან კვამლის სუნს იგრძნობდა, ანდა ცეცხლის ენებს შენიშნავდა და იქაურობას გაეცლებოდა.

   – ეტყობა, ესენი რაღაცამ ძალიან დააშინა, – უთხრა სტაშმა კალის, – რადგან გვამებისა და ლომის გვერდით გამოვლა გაბედეს.

   – ბატონო, – მიუგო ჭაბუკმა. – კალი ხვდება, რაც მოხდა, ბევრი, ბევრი აფთარი და ტურა შემოსვლა ხეობაში და გვამებისკენ წასვლა. ცხენები შეშინება და გაქცევა, მაგრამ აფთრები მათ არ დადევნება. ახლა ისინი გებჰრისა და დანარჩენების ჭამა...

   – შესაძლებელია, ახლა კი მიდი, ცხენებს უნაგირები მოხსენი, ჭურჭელი და ტომრები აქ მოიტანე. ნუ გეშინია, თოფი დაგიცავს.

   – კალის არ ეშინია. – მიუგო ჭაბუკმა.

   ეკალ-ბარდები ოდნავ გაწია კლდისაკენ და, ზერიბადან თავი გაყო თუ არა, ამ დროს კარვიდან ნელიც გამოვიდა.

   ლომა უმალვე წამოხტა, ცხვირი მიადო და ჩვეული ალერსი მოსთხოვა. გოგონამ გაწვდილი ხელი უმალვე ზიზღნარევი სიჩქარით წაიღო უკან.

   – სტაშ, რა მოხდა? – ჰკითხა.

   – არაფერი. გაქცეული ცხენები დაბრუნდნენ. მაგათმა თქარათქურმა გაგაღვიძა?

   – უფრო ადრე გამეღვიძა და გამოსვლაც კი მინდოდა, მაგრამ...

   – მაგრამ რა?

   – ვიფიქრე, ვაითუ გამიბრაზდეს-მეთქი.

   – მე? შენ? – ნელიმ თვალები აწია და ბიჭს ისეთი მზერა მიაპყრო, ისეთი, რანაირიც ადრე არასდროს შეუნიშნავს. სტაშს სახეზე განცვიფრების გამომეტყველებამ გადაუარა, რადგან მის სიტყვებსა და გამოხედვაში აშკარა შიში შეიმჩნეოდა.

   “ჩემი ეშინია!” – გაიფიქრა.

   პირველ წუთებში სასიამოვნო განცდამაც კი მოიცვა. ეამაყა იმის გაფიქრება, რომ მისმა საქციელმა ნელის თვალში არა მარტო მოწიფულ, არამედ მრისხანე კაცადაც კი აქცია. მაგრამ ეს აზრი უმალვე მოიცილა, რადგან უბედურებამ დამკვირვებლის სხარტი უნარი შესძინა და სწრაფადვე შენიშნა, რომ გოგონას შემკრთალ თვალებში შიშის გვერდით ზიზღიც ჩაგუბებულიყო ყოველივე მომხდარის, დაღვრილი სისხლისა და იმ საშინელებისადმი, რომლის მოწმეც დღეს თვითონ იყო და გაახსენდა, რა სწრაფად წაიღო ნელიმ უკან ლომას მოსაფერებლად გაწვდილი ხელი, რადგან ძაღლმა დღეს ერთ-ერთ ბედუინს მოუსწრაფა სიცოცხლე. დიახ! სტაში ჯერ თავადაც გონებაარეულს ჰგავდა. სხვა საქმე იყო პორტ-საიდში წაიკითხო ამერიკელ ტრაპერებზე, შორეულ დასავლეთში შეუბრალებლად რომ ხოცავდნენ შავკანიან ინდიელებს და სულ სხვა, ეს თავად ჩაიდინო და სულ ერთი წუთის წინათ ცოცხალი ადამიანები სისხლის ტბაში მოფართხალენი ნახო. დიახ! ნელის გული უეჭველად შიშითაა შეძრწუნებული, მაგრამ, ამასთანავე, გრძნობს ზიზღსაც, რაც აღარასოდეს მოსცილდება. “ჩემი შიში მუდამ ექნება”, – გაიფიქრა სტაშმა, – მაგრამ თავისდაუნებურად გულის სიღმეში მუდამ იგრძნობს ჩემდამი გაბოროტებას და ეს იქნება ყოველივე იმის საზღაური, რაც მე მისთვის გავაკეთე”.

   ამის გაფიქრებაზე საშინლად შეურაცხყოფილი დარჩა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა: ნელი რომ არა, აქამდე ან თავს შეაკლავდა ვინმეს, ანდა გაიქცეოდა. მისი გულისთვის იტანჯა, რაც იტანჯა, იმისთვის გაუძლო ამდენ წამებასა და შიმშილს, რომ აგერ ახლა ასე იდგეს შეშინებული, თითქოს იგივე პაწია დაიკო არ იყოს და ძველებური ნდობით კი არა, შიშჩამდგარი თვალებით შეჰყურებდეს. სტაშს საშინლად გაუბედურებული კაცის შეგრძნება გაუჩნდა. სიცოცხლეში პირველად მიხვდა, რას ნიშნავდა შეურაცხყოფა. თვალებში უნებლიეთ მოაწვა ცრემლი და, თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ “მრისხანე მეომარს” ტირილი არ ეკადრება, თავს ნამდვილად ვერ შეიკავებდა.

   გრძნობები მოთოკა და გოგონასაკენ მიბრუნებულმა ჰკითხა:

   – გეშინია, ნელი?

   მან წყნარად მიუგო:

   – ჰო... რაღაცნაირად მეშინია!

   სტაშმა კალის უნაგირქვეშ დასაფენი ქეჩები მოატანინა, ერთი იმ ქვაზე დააფენინა, წეღან რომ იჯდა, მეორე კი მიწაზე გაშალა და თქვა:

   – აგერ, ჩემს ახლოს მოუჯექი კოცონს... ხომ ცივი ღამეა? თუ ძილი მოგერევა, თავს დამადებ და დაიძინებ.

   ნელიმ ისევ გაიმეორა:

   – რაღაცნაირად მეშინია!..

   სტაშმა შალი საგულგაგულოდ შემოახვია და ერთხანს მდუმარედ ისხდნენ ერთმანეთს მიყრდნობილები და ცეცხლის ვარდისფერი ალით განათებულები.

   ზერიბას გარეთ ცხენები ფრუტუნებდნენ და ბალახს ახრამუნებდნენ.

   – მისმინე, ნელი, – ხმა ამოიღო სტაშმა, – ვალდებული ვიყავი, ასე მექნა... გებჰრი დაგვემუქრა, თუ ლომი კალისთან არ შეჩერდება და დევნას განაგრძობს, თქვენ დაგკლავთო. გესმის?.. ხვდები თუ არა, რომ მარტო მე კი არა, შენც დაგემუქრა. და ასეც იზამდა! გულახდილად გეტყვი, ეგ მუქარა რომ არა, თუმცა ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მათ მაინც ვერ ვესროდი. მგონია, ვერ შევძლებდი... მაგრამ გებჰრი ყოველგვარ საზღვარს გადასცდა. ხომ ნახე, მანამდე როგორ ტანჯავდა კალის. ახლა ხამისს აღარ იკითხავ? თხებივით გაგვყიდა. თანაც, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, სმაინს თუ ვერ იპოვნიდნენ? გებჰრი ჩვენც დაგვიწყებდა წამებას... შენ უნდა ეწამებინე. გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მათრახით უნდა ეცემე და ორთავე გავეწამებინეთ, ჩვენი სიკვდილის შემდეგ კი ფაშოდში არხეინად დაბრუნდებოდა და იტყოდა, ბავშვები ციებამ იმსხვერპლაო... მე, ნელი, ეს სიავით კი არ მომსვლია, შენს გადარჩენაზე უნდა მეფიქრა... შენ მედარდებოდი და იმიტომ.

   ბრმაც კი მიხვდებოდა, რა გულნატკენი იყო. ჩანს, ამას ნელიც მიხვდა, რადგან უფრო მაგრად ჩაეხუტა, სტაშმა კი მოჭარბებული გრძნობები დაიოკა და განაგრძო.

   – ამიერიდან კი არ შევიცვლები, როგორც გივლიდი და გპატრონობდი, ახლაც ისე მოგივლი და გიპატრონებ. სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ, გადარჩენის არავითარი იმედი არ არსებობდა. ახლა აბისინიაში*  გაქცევა შეიძლება. აბისინიელები შავები და ველურები კი არიან, მაგრამ ქრისტიანობა სწამთ და დავრიშებს მტრობენ. თუ ჭკვიანად მოვიქცევით, ეგ არ გაგვიჭირდება, რადგან აბისინიამდე არც ისე შორი მანძილია. მაგრამ, ვთქვათ, და არაფერი გამოგვივიდა და ისევ სმაინის ხელში მოვხვდით, არ იფიქრო, რომ ჩვენზე შური იძიოს. მას ხომ თავის სიცოცხლეში თვალითაც არ უნახავს გებჰრი და ბედუინები; მართალია, ხამისს კი იცნობდა, მაგრამ თან არც მას გადაჰყვება. შეგვიძლია სმაინს ვუთხრათ, რომ ხამისი ჩვენთან სულაც არ ყოფილა. თუ აბისინიაში გადასვლა მოვახერხეთ, გადარჩენილები ვართ, თუ ვერა, და უკეთესი თუ იქნება, თორემ უარესი არა, რადგან იმათნაირ მტარვალებს, სანთლით რომ ეძებო, ვერსად იპოვი... ჩემი ნუ გეშინია, ნელი!..

   ნდობის მოსაპოვებლად, თანაც გასამხნევებლად, თავზე ხელი ალერსიანად გადაუსვა. გოგონა უსმენდა, თან ნება-ნება, გაუბედავად, გაუსწორა მზერა. ჩანდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ეტყობოდა, ვერ გაებედა და ყოყმანობდა. ბოლოს თავი ისე დახარა, ჩამოყრილმა თმამ სახე მთლიანად დაუფარა და წეღანდელზე წყნარი და მთრთოლვარე ხმით ჰკითხა:

   – სტაშ...

   – რაო, ძვირფასო?

   – აქ ხომ არ მოვლენ?..

   – ვინ? – ჰკითხა გაკვირვებულმა სტაშმა.

   – ისინი... მკვდრები?

   – რას ამბობ, ნელი?..

   – მეშინია! მეშინია!..

   და გაფითრებული ტუჩები აუკანკალდა.

   სიჩუმე ჩამოვარდა. სტაშს არ სჯეროდა მკვდრეთით აღდგომისა, მაგრამ, რამდენადაც ღამე იყო და თან მათი სხეულები იქვე, შორიახლო, ეწყო, რაღაცნაირად შეკრთა და მხრები აუთრთოლდა.

   – რას ამბობ, ნელი? – გაიმეორა. – შენ დინაჰმა შთაგაგონა სულების შიში... მკვდრები არ...

   და სიტყვა გაუწყდა, რადგან სწორედ იმ წამს საშინელი რამ მოხდა: შუაგულ ხეობაში, ჩამოწოლილი ღამის წყვდიადში, იმ მხრიდან, სადაც გვამები ეყარა, გაისმა არაადამიანური, საზარელი სიცილი, რომელშიც იგრძნობოდა სასოწარკვეთა და სიხარული, მძვინვარება და ტკივილი, ქვითინი და დაცინვა.

   ეს იყო შერყეულთა და განწირულთა გულგამგმირავი, სულისშემძვრელი სიცილი.

   ნელიმ შეჰკივლა და სტაშს მხრებზე შემოეხვია. ვაჟს კი თმის ყველა ღერი ყალყზე დაუდგა. ლომა წამოხტა და აღრინდა.

   მხოლოდ იქვე მჯდარმა კალიმ აწია თავი მშვიდად და თითქმის მხიარულად წარმოთქვა:

   – ეგ აფთრები დაცინვა – გებჰრსა და ლომს.

 

 

კარი XXIII

 

წინა დღის დიდმნიშვნელოვანმა ამბებმა და ღამეულმა განცდებმა სტაში და ნელი საშინლად დაქანცა და, როცა ძილი საბოლოოდ მოერიათ, მკვდრებივით ჩაეძინათ და გოგონა მხოლოდ შუადღის ჟამს გამოჩნდა კარვის წინ. კოცონთან დაგებულ ქეჩაზე მიწოლილი სტაში უფრო ადრე წამოხტა და მეგობრის მოლოდინში კალის უბრძანა, მოემზადებინა საუზმე, რომელიც დაგვიანების გამო, ალბათ, სადილიც იქნებოდა.

   დღის სინათლემ ღამეული შიში დააფრთხო; გაღვიძებული ბავშვები არა მარტო დასვენებულები ჩანდნენ, სულიერადაც გამხნევებულიყვნენ. ნელი უკეთესად გამოიყურებოდა და მომაგრებულიყო კიდეც, ასე რომ, ორივეს სურვილი იყო, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ იმ ადგილს, სადაც თოფით განგმირული სუდანელები ეყარნენ. ჰოდა, წაიხემსეს თუ არა, უმალვე ცხენებზე შესხდნენ და გზას გაუდგნენ.

   დღის ამ დროს, ანუ შუადღისას, აფრიკის მიდამოებში მგზავრები ყოველთვის დასვენებას ამჯობინებენ და თვით ზანგებისაგან შემდგარი ქარავანიც კი დიდრონი ხეების ჩრდილქვეშ აფარებს თავს, რადგან ეს არის ე. წ. “თეთრი საათები” – საათები პაპანაქებისა და მდუმარების, როცა მზე უმოწყალოდ აცხუნებს და ზემოდან ისე დასცქერის დედამიწას, თითქოსდა გამალებული ეძებდეს მსხვერპლს მოსაკლავად. მხეც-ნადირი ყველაზე დიდ ტევრებში შედის; წყდება ფრთოსანთა გალობა-ჭიკჭიკი, აღარ ისმის მწერთა ზუზუნი და მთელი ბუნება მდუმარებაში იძირება, ირინდება, თითქოსდა ყველა სულდგმული ბოროტ ღვთაებას ემალება. მაგრამ ესენი გულდაგულ მოუყვებოდნენ ხეობას, რომლის ერთ-ერთი კედელი იქაურობას ღრმა ჩრდილს ჰფენდა და სიცხე სრულიადაც არ აწუხებდათ. სტაში ხეობიდან გასვლას მაინცდამაინც არ ჩქარობდა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მაღლა ასულებს იოლად დაინახავდნენ სმაინის რაზმები, მეორეც, უფრო იოლად იპოვნიდნენ კლდის ღრმულებში ჩაგუბებულ წყალს, რომელსაც ღია ადგილებში მიწა ისრუტავდა, ანდა მზის სხივებზე ორთქლდებოდა.

   გზა ნება-ნება, ოღონდ მაინც მაღლა მიიწევდა. კლდეებს ალაგ-ალაგ გოგირდის ყვითელი დანაშრევები აჩნდა. ნაპრალებში ჩაგუბებულ წყალსაც მისი სუნი ასდიოდა, რამაც ორივე ბავშვს უმალვე უსიამოვნო მოგონებანი გაუღვიძა ომდურმანისა და მაჰდისტებისა, რომლებიც თავზე გოგირდის ფხვნილარეულ ცხიმს ისვამდნენ. სამაგიეროდ, სხვაგან უკვე მუშკის სუნი იდგა, ხოლო იქ, სადაც მაღალი ბარდნარიდან ზედ ხეობის ძირამდე შადრევნებად ეშვებოდა ლიანების ხლართები, ვანილინის დამათრობელი სურნელი ტრიალებდა. პატარა მოგზაურები სიამოვნებით ჩერდებოდნენ ალისფერი და ცისფერი ყვავილებით მორთულ ბუჩქებთან, სადაც ყვავილის ფოთოლს ცხენები მადიანად ახრამუნებდნენ.

   მხეცები არსად ჩანდნენ, მხოლოდ აქა-იქ, კლდისპირებზე მაიმუნები ჩაცუცქებულიყვნენ. ცის ფონზე ისინი საოცრად მიაგავდნენ ფანტასტიკურ წარმართულ ღვთაებებს, რომლებითაც ინდოეთში ტაძრების სახურავის კიდეებს რთავენ. უშველებული, ფაფარაშლილი მამრები ლომას კბილებს უჩვენებდნენ და ნიშნად განცვიფრებისა და მრისხანებისა, დრუნჩებს წინ სწევდნენ, ხტოდნენ, თვალებს წკურავდნენ და თან გვერდებს იფხანდნენ. მაგრამ მათ ცქერას შეჩვეული ლომა მუქარას უკვე ყურადღებასაც არ აქცევდა.

   მხნედ მიდიოდნენ. მოპოვებული თავისუფლების შეგრძნებამ სტაშს ღამით შემოწოლილი ნაღველი განუქარვა. ამჟამად თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა – რა გზას დასდგომოდა, როგორ გაეყვანა ნელიცა და საკუთარი თავიც იმ მიდამოდან, სადაც ისევ დავრიშთა მონობა ემუქრებოდა, როგორ მოქცეულიყო ჯუნგლებში ხანგრძლივი ხეტიალისას, რომ შიმშილითა და წყურვილით არ დახოცილიყვნენ და ბოლოს: საით აეღო გეზი? ჯერ კიდევ ჰატიმისგან გაეგონა, რომ ფაშოდიდან სწორი გზით აბისინიის საზღვრამდე ხუთი დღის სავალი იყო, რაც, მისი გამოთვლით, დაახლოებით ას ინგლისურ მილს უდრიდა. რადგან ფაშოდიდან გამოსვლის შემდეგ თითქმის ორი კვირა გასულიყო, სრულიად ნათელი იყო, რომ იმ მოკლე გზას არ ადგნენ და სმაინის ძებნაში გეზი სამხრეთისკენ აეღოთ. ისიც გაიხსენა, რომ მგზავრობის მეექვსე დღეს გადაჭრეს მდინარე, რომელიც ნილოსი არ იყო, მერე კი, სანამ გზა მაღლა წავიდოდა, რომელიღაც ვეებერთელა ჭაობები გაიარეს. პორტ-საიდის სკოლაში ძალიან დაწვრილებით ასწავლიდნენ აფრიკის გეოგრაფიას და სტაშს მეხსიერებაში ჩაბეჭდოდა ბალორი, ნილოსის ნაკადის, ნაკლებადცნობილი მდინარე სობატის ჭალის სახელწოდება. მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ ზუსტად ის ჭალა გადაკვეთეს, მაგრამ დაუშვა, რომ ის იყო. დიდი ფიქრის შემდეგ იმასაც მიხვდა, რომ ტყვეების ხელში ჩასაგდებად სმაინი არამც და არამც არ წავიდოდა ფაშოდიდან აღმოსავლეთით, რადგან იქაურობა მთლად გაუკაცრიელებულიყო ჯერ დავრიშებისა და მერე ყვავილისგან, ასე რომ, იძულებული გახდებოდა, ჯერაც დაულაშქრავი სამხრეთის გზას დასდგომოდა. სტაშმა აქედან დაასკვნა, რომ სმაინის კვალს მიჰყვებოდნენ და ამის გაფიქრებაზე თავდაპირველად შეეშინდა.

   ახლა იმის განსჯაში იყო, ხომ არ აჯობებდა აშკარად სამხრეთისაკენ მიმავალი ხეობიდან გამოსვლა და აღმოსავლეთისაკენ შებრუნება. საკუთარ თავთან მცირე ბჭობის შემდეგ ეს წინადადება უარყო. მართლაც, სმაინის ბანდისგან ორი-სამი დღის სავალზე სიარული უფრო უხიფათო ეჩვენა, რადგან შეუძლებელი იყო, ცოცხალი ნაალაფარით ისინი ნილოსისაკენ მიმავლი სწორი გზის ნაცვლად შემოვლით წასულიყვნენ. სტაში იმასაც მიხვდა, რომ აბისინიაში გადასვლა შეიძლებოდა მხოლოდ სამხრეთის მხრიდან, სადაც იმ ქვეყანას ველური ჯუნგლები ესაზღვრებოდა და არა დავრიშებისგან ფხიზლად დაცული აღმოსავლეთის საზღვრებიდან.

   ამ ფიქრების შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიძლება ღრმად წასულიყო სამხრეთისაკენ. მართლაც, შეიძლებოდა იქ როგორც თეთრი ნილოსის მხრიდან გაქცეულ, ასევე ადგილობრივ ზანგებს გადაჰყროდა. თუმცა ორივე საშინელება იყო, მაგრამ სტაშს ერჩია საქმე ჰქონოდა შავკანიანებთან, ვიდრე მაჰდისტებთან. ამასთანავე, ლტოლვილებსა თუ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას კალისა და მეას დახმარების იმედიც ჰქონდა. ამ ახალგაზრდა ზანგი გოგოს ერთი დანახვაც საკმარისი იყო იმის გამოსაცნობად, დინკების თუ შილუკის ტომს რომ მიეკუთვნებოდა, რადგან უსაშველოდ გრძელი და თხელი ფეხები ჰქონდა, რითაც ნილოსის სანაპიროზე მცხოვრები და მის ჭანჭრობებში ყანჩებივით თუ წეროებივით მოხეტიალე ორივე ხალხს სხვებისგან იოლად გამოარჩევდით. გებჰრის ხელში მოხვედრილ უკვე ჩონჩხადქცეულ კალის კი სრულიად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა. ჯმუხი, ძლიერი აღნაგობისა იყო. გაშლილ მხარ-ბეჭიანი, მეასთან შედარებით დაბალ ფეხებზე იდგა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი