რადგან კალი არაბულად სრულიად ვერ ლაპარაკობდა, ხოლო ძალზე ცუდად იცოდა კი-სვაჰილის ენა, რომელსაც მთელს აფრიკაში იყენებენ და რომელიც სტაშმა არხზე ისწავლა ზანზიბარელებისაგან, აშკარა იყო, რომელიღაც შორეული მხარის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, რომელი მხარისა – სტაშმა ამის გარკვევა სცადა.

   – კალი, რა ჰქვია შენს ხალხს? – ჰკითხა.

   – ვა-ჰიმა. – მიუგო ახალგაზრდა ზანგმა.

   – ბევრნი არიან?

   – ბევრი, რომელიც ბოროტ ზამბურუელებს ეომება და საქონელს ართმევს.

   – სად მდებარეობს შენი სოფელი?

   – შორს! შორს!.. კალიმ არ იცის, სად.

   – ამნაირ მხარეში, სადაც ახლა ვართ?

   – არა. იქ დიდი წყალია და მთები.

   – იმ წყალს რას ეძახით?

   – რას ვეძახით და “მუქ წყალს”.

   სტაშმა იფიქრა, კალი ეგებ ამჟამად ემინ-ფაშას ხელში მყოფი ალბერტ-ნიანზის მხრიდან არისო და ამის გასარკვევად დაკითხვა ისევ განაგრძო:

   – იქ ხომ არ ცხოვრობს თეთრი უფროსი, რომელსაც შავი, ბოლიანი ნავი და ჯარი ჰყავს?

   – არა, უფროსი ხალხი ლაპარაკი, რომ ნახა თეთრი ხალხი (კალიმ თითებიც მოიშველია) ერთი, ორი, სამი!.. დიახ. სამი თეთრ გრძელკაბიანები. ძებნა სპილოს ეშვები... კალის ისინი ნახვა არა, რადგან ჯერ არ ყოფნა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ისინი მიღება კალის მამა და მიცემა ბევრი ეშვი.

   – მამაშენი ვინაა?

   – ვა-ჰიმას მეფე.

   ამის გაგონებაზე სტაში, ცოტა არ იყოს, სიამოვნებისაგან გაიბადრა, რადგან მსახურად მეფისწული ჰყავდა.

   – გინდა მამის ნახვა?

   – კალის გინდა დედის ნახვა.

   – როგორ მოიქცეოდი, ვა-ჰიმას რომ შეხვედროდი, ან ისინი როგორ მოიქცეოდნენ?

   – ვა-ჰიმა კალის წინაშე თაყვანის ცემა.

   – თუ ასეა, წაგვიყვანე მათთან, შენ იქ დარჩები და მამაშენის შემდეგ იმეფებ, ჩვენ კი გზას განვაგრძობთ ზღვისაკენ.

   – კალი მათ ვერ იპოვის და ვერც დარჩება, რადგან კალის უყვარს “დიდი ბატონი” და მთვარის ასული.

   სტაში თანამგზავრს მხიარულად მიუბრუნდა და ამცნო.

   – ნელი, შენ მთვარის ასული გახდი.

   მაგრამ მის დანახვაზე უცაბედად დანაღვლიანდა და გონებაში გაუელვა, რომ გაჩხინკული გოგონა თავისი ფერმკრთალი, დაწრეტილი სახით მართლა მთვარეულ არსებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მიწიერს.

   ახალგაზრდა ზანგი ერთხანს დადუმდა, მერე ისევ გაიმეორა.

   – კალის უყვარს ბვანა კუბვა, ბვანა კუბვამ კალი არ მოკლა, გებჰრი მოკლა, კალის კი ბევრი საჭმელი მისცა.

   და აშკარად კმაყოფილმა ხელი გულმკერდზე მოისვა.

   – ბევრი ხორცი, ბევრი ხორცი!

   სტაშს უნდოდა ისიც გაეგო, როგორ ჩაუვარდა დავრიშებს ტყვედ, მაგრამ აღმოჩნდა, როცა ერთ ღამეს ზებრის დასაჭერ ორმოსთან შეეპყროთ, იმდენ ხელში გაევლო, მისი პასუხიდან ვერაფრით მიხვდებოდი, რომელ ქვეყნებსა და გზებს მიეყვანა ფაშოდამდე. სტაშმა მხოლოდ “მუქ წყალზე” გაამახვილა ყურადღება და ივარაუდა, რომ მისი სამშობლო იქნებოდა ალბერტ-ნიანზი, ალბერტ-ედვარდ-ნიანზის, ანუ ვიქტორია-ნიანზის მხარე, რომლის მახლობლადაც მდებარეობდა უნიოროსა და უგანდის ქვეყნები, უეჭველად გაგონილი ექნებოდა ემინ-ფაშაზე, მის ჯარსა და გემებზე, რომლებიც ზანგებს განაცვიფრებდა და შიშის ზარსაც სცემდა. ტანგანაიკა მეტისმეტად შორს იყო და მხოლოდ იმის დაშვება შეიძლებოდა, რომ კალის ხალხს სადღაც ახლო უნდა ჰქონოდა სამფლობელო. ამრიგად, ვა-ჰიმის ხალხთან შეხვედრა მოულოდნელი სულაც არ იქნებოდა.

   რამდენიმე საათი რომ იარეს, მზემ გადახრა იწყო. სიცხემაც თანდათან იკლო. ანაზდად წააწყდნენ გაშლილ ტაფობს, სადაც წყალიც იყო და რამდენიმე ველური ლეღვის ხეც*  იზრდებოდა, ჰოდა, ცხენების დასასვენებლად და მარაგის შესავსებად უკეთეს ადგილს სად მონახავდნენ. რაკიღა იმ ადგილებში კლდოვანი კედლები შედარებით დაბალი იყო, სტაშმა კალის დაავალა, მაღლა ასულიყო და მიდამო მოეთვალიერებინა, სადმე კვამლი ხომ არ ჩანდა.

   კალიმ ბრძანება შეასრულა და თვალისდახამხამებაში მოექცა კლდის თავზე. მიდამო გულდასმის მოათვალიერა, ლიანის მსხვილ ღეროზე ჩამოსრიალდა და განაცხადა, კვამლი არსად ჩანს, მაგრამ იქ ნიბმა არისო. ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ ნახა არა პენტარეკი, არამედ რომელიღაც დიდი ნადირი; ჯერ სტაშის თოფისკენ გაიშვირა ხელი, მერე თითები თავზე დაიდგა ნიშნად იმისა, რომ ნადირი რქოსანი იყო.

   ამჯერად სტაში აცოცდა მაღლა და ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა. თვალსაწიერს არაფერი უჩრდილავდა, რადგან ოდინდელი, მაღალი ჯუნგლები გადამწვარი იყო, ხოლო ახალი, გადაბუგულ-გადაშავებული მიწიდან ახლახან ამოწვერილი, რამდენიმე დიუმის სიმაღლისა თუ იქნებოდა. სადამდეც თვალი მიწვდებოდა, იშვიათად მოჩანდა დიდი, ცეცხლით ტოტებგამურული ხეები. სწორედ ერთ-ერთი ამგვარი ხის ჩრდილში ძოვდა ბალახს მომცრო ჯოგი ანტილოპა გნუსი, რომელსაც ტანი ცხენს მიუგავს, თავი კი – კამეჩს. ბაობაბის ტოტებში გაცრილი მზის სხივები მოციმციმე შუქად ეფინებოდა მათ ყავისფერ ზურგებს. სულ ცხრანი იყვნენ: მანძილი, დიდი დიდი, ასი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ქარი სწორედ იქიდან ქროდა ხეობისაკენ. მშვიდად ძოვდნენ და საფრთხეს სრულიად ვერ გრძნობდნენ. ქარავნის ხორცით მომარაგების მიზნით სტაშმა ესროლა მისკენ ყველაზე ახლო მდგომს, რომელიც მოსხლეტით დაეცა მიწაზე. დანარჩენები ადგილს მოსწყდნენ და მოკურცხლეს. მათ გაჰყვა უშველებელი კამეჩი, რომელიც ქვის უკან წოლილიყო და ამიტომაც ვერ შენიშნეს. ბიჭმა არა საჭიროების, არამედ მონადირული ჟინის გამო დრო შეურჩია და ტყვია მასაც ესროლა. დაჭრილი ცხოველი შეტორტმანდა, გავა აითრია, მაგრამ მაინც გაიქცა და სანამ სტაშმა თოფში ახალი ტყვიის ჩადება მოასწრო, თვალს მიეფარა.

   კვამლი რომ გაიფანტა, კალი უკვე ანტილოპას მოსჯდომოდა და მუცელს გებჰრის დანით უფატრავდა. ცხოველის უკეთ დასათვალიერებლად სტაში ახლოს მივიდა და განცვიფრებისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა, როცა ახალგაზრდა ზანგმა რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ხელში ჩაბღუჯული ანტილოპას ოხშივარავარდნილი ღვიძლი მიაწოდა.

   – რისთვის მაძლევ? – ჰკითხა.

   – მსური, მსური ბვანა კუბვა ახლავე შეჭამოს.

   – თავად შეჭამე! – მიახალა ნაწყენმა სტაშმა.

   კალის ბევრი არ უხვეწნინებია, ღვიძლს ეცა, კბილებით დაფლითა და უმ ხორცს თქლაფათქლუფით დაუწყო ჭამა, მაგრამ, რომ ნახა, სტაში ამრეზით უყურებდა, ჭამა არ შეუწყვეტია, ლუკმასა და ლუკმას შორის ჩაურთო: “მსური! მსური! (“კარგი! კარგი!”)

   ასე შეჭამა ღვიძლის ნახევარი, შემდეგ კი ანტილოპას გასუფთავებას შეუდგა. გასაოცარი სისწრაფითა და მოხერხებულობით ირჯებოდა, ასე რომ, გატყავებას მსწრაფლვე მორჩა და თავ-ფეხიც აქნა. სტაში განცვიფრდა, ამ საქმიანობას ლომა რომ არ ესწრებოდა და დაუსტვინა, რათა ცხოველის წინა ნაწილებით მასაც კარგად მოელხინა.

   მაგრამ ლომა არსად ჩანდა, სამაგიეროდ ანტილოპასკენ დახრილმა კალიმ აწია თავი და თქვა:

   – დიდი ნაგაზი კამეჩს დადევნება.

   – დაინახე? – ჰკითხა სტაშმა.

   – კალიმ დაინახა.

   ეს რომ თქვა, ანტილოპას სუკის ნაჭრები თავზე დაიწყო, ორი ბარკალი მხრებზე შემოიწყო და ხეობისაკენ დაეშვა. სტაშმა კიდევ რამდენიმეჯერ დაუსტვინა და დაელოდა, მაგრამ, რომ მიხვდა, ამაოდ ირჯებოდა, უკან გაჰყვა. დაბლა მეა ზერიბასათვის უკვე ეკალ-ბარდების აჭრას შესდომოდა, ნელი კი თავისი პაწია თითუნებით უკანასკნელ პენტარეკს რომ პუტავდა, უმალვე ჰკითხა:

   – ლომას უსტვენდი? წეღანვე გამოგედევნათ.

   – კამეჩს გამოუდგა და ძალიან მეშინია, – მიუგო სტაშმა, – ეგენი საშინლად მრისხანე ცხოველები არიან, თან ისე ძლიერები, თვით ლომიც კი ერიდება მათზე თავდასხმას. ლომას საქმე წასულია, ამისთანა მოწინააღმდეგეს თუ შეება.

   ამის გაგონებაზე ნელიმ მოიწყინა და განაცხადა, სანამ ლომა არ დაბრუნდება, არ დავიძინებო. გოგონას ნაღვლიანი სახის დანახვაზე სტაში თავს გაუბრაზდა, რატომ არ დავუმალე საშიშროებაო და მის დამშვიდებას შეუდგა.

   – თოფით გამოვუდგებოდი, – ამბობდა, – მაგრამ ახლა შორს იქნება წასული, თან უკვე მალე დაღამდება და კვალის დანახვა შეუძლებელი იქნება. კამეჩი მაგრად დაიჭრა და იმედი მაქვს, დაეცემა... ყოველ შემთხვევაში სისხლდენა დაასუსტებს და, ლომას რომც შეუტიოს, ვერას უზამს, ვერც დაეწევა... ჰო, ჰო! შეიძლება ღამით დაბრუნდეს, მაგრამ, რომ დაბრუნდება, ეჭვიც არ მეპარება.

   ამას რომ ამბობდა, საკუთარი სიტყვებისა მაინცდამაინც არ სწამდა, რადგან ახსოვდა, რამდენი რამ წაეკითხა აფრიკული კამეჩის საშინელ შურისმაძიებლურ ხასიათზე. თურმე, მძიმედ დაჭრილი ცხოველი გზას შემოუვლიდა, მონადირეს ბილიკზე წინ დახვდებოდა, მოულოდნელად დაესხმებოდა თავს, რქებზე წამოიცვამდა და მაღლა შეისროდა. ასეთი რამ ლომასაც შეიძლება დამართნოდა, თუ აღარას ვიტყვით სხვა სახიფათო შემთხვევებზე, ღამით გზადაგზა რომ ემუქრებოდა.

   ღამეც მალე ჩამოწვა. კალიმ და მეამ ზერიბა გააწყვეს, კოცონი დაანთეს და ვახშმის თადარიგს შეუდგნენ. ლომა არა და არ ჩანდა.

   სულ უფრო და უფრო დაღვრემილმა ნელიმ ბოლოს ტირილი მორთო.

   სტაშმა ძლივს დაიყოლია, რომ დაწოლილიყო და აღუთქვა, ლომას დაველოდები, მერე გათენებისთანავე საძებრად წავალ და მოვიყვანო. ნელი მართლაც შევიდა კარავში, მაგრამ წამდაუწუმ ექაჩებოდა კალთაზე და კითხულობდა, ძაღლი ხომ არ დაბრუნებულაო? ბოლოს, ნაშუაღამევს, ძილმა წაართვა თავი, ამ დროს კოცონთან მოდარაჯე კალის შესაცვლელად მეა გამოვიდა. – მთვარის ასული რატომ ტირის? – ჰკითხა სტაშს ახალგაზრდა ზანგმა, როცა ორივენი დასაძინებლად ქეჩაზე მიწვნენ: – კალის ეს არ უნდა.

   – ლომა ეცოდება, ალბათ, კამეჩმა დაგლიჯა.

   – ეგებ ვერც დაგლიჯა. – წარმოთქვა შავმა ბიჭმა.

   ამის შემდეგ გაჩუმდნენ და სტაშს ღრმად ჩაეძინა. ჯერ კიდევ ბნელოდა რომ გაეღვიძა, რადგან სიცივემ შეაწუხა. კოცონი ჩამქრალიყო. მის საყარაულოდ დარჩენილ მეასაც ჩასძინებოდა და ცეცხლისთვის ფიჩხი ვეღარ დაეყარა.

   კალის ქეჩა ცარიელი იყო.

   კოცონს ფიჩხი სტაშმა დააყარა. მხოლოდ ამის მერე შეანჯღრია ზანგი გოგონა და ჰკითხა:

   – კალი სად არის?

   ერთხანს უაზროდ უცქირა, მერე, აზრი რომ მოიკრიბა, თქვა:

   – კალიმ გებჰრის მახვილი აიღო და ზერიბას გადააბიჯა. მეგონა, ფიჩხის მოსატანად წავიდა, მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა.

   – დიდი ხანია, რაც წავიდა?

   – დიდი ხანია.

   სტაში ელოდა, ელოდა, მაგრამ, ზანგი რომ არ გამოჩნდა, უნებლიეთ საკუთარ თავს კითხვა დაუსვა:

   – გაიქცა?

   და გული მოეწურა იმ უსიამოვნო შეგრძნებისაგან, რასაც ადამიანთა უმადურობა იწვევს ხოლმე. კალის ყოველთვის მფარველობდა და იცავდა, როცა გებჰრი ყოველდღე აბუჩად იგდებდა, საბოლოოდ კი სიკვდილსაც გადაარჩინა. ნელიც კეთილად ეპყრობოდა და მის უიღბლობას დასტიროდა, მოკლედ, ორივენი თან ყვებოდნენ. ის კი გაიქცა. თავად ამბობდა, რომ არ იცოდა, რომელ მხარეს იყო ვა-ჰიმას დასახლება და რომ ვერც მიაგნებდა, არადა გაქცევით კი გაიქცა! სტაშს ისევ პორტ-საიდში წაკითხული აფრიკული დღიურები გაახსენდა, სადაც მოთხრობილი იყო ჩერჩეტ ზანგებზე, რომლებიც ყრიდნენ ბარგს და გარბოდნენ მაშინაც კი, როცა ეს გაქცევა უეჭველ სიკვდილს უქადდათ. რასაკვირველია, მხოლოდ გებჰრის სუდანური მახვილის ამარა მყოფ კალისაც შიმშილით სიკვდილი ელოდა – ან თუ ისევ დავრიშებს არ ჩაუვარდებოდა ტყვედ, ველური მხეცების საკბილო გახდებოდა.

   – ოჰ! უმადური და ჩერჩეტი!

   მერე სტაში იმაზე ჩაფიქრდა, რომ კალი თუ არ ეყოლებოდა, უფრო ძნელი, მძიმე და საზრუნავით გადატვირთული მგზავრობა ელოდათ. ცხენების დარწყულება და ღამღამობით დაპალვანდება, კარვის გაშლა, ზერიბის აგება, მგზავრობის დროს ბარგისა და სურსათისთვის თვალ-ყურის დევნება, ნადირობა და ნანადირევის გატყავება – ყოველივე ეს ახალგაზრდა ზანგის გაქცევის გამო მას უნდა დაწოლოდა მხრებზე, არადა თავს გამოუტყდა, რომ ზოგ საქმეზე, მაგალითად, ცხოველის გატყავებაზე მცირედი წარმოდგენაც არ ჰქონდა.

   “ეჰ! ძნელია, – ჩაილაპარაკა თავისთვის, – მაგრამ, რას ვიზამ!”

   ამასობაში თვალსაწიერზე მზემ ამოყო თავი და ტროპიკების ჩვეულებისამებრ ერთბაშად ჩამოდღევდა. ცოტა მოგვიანებით, პაწია ქალბატონისთვის ღამით მეას შეგროვებული წყალი კარავში ადგაფუნდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ნელი ადგა და უკვე იცვამდა. მართლაც, მალევე გამოჩნდა ჩაცმული, ოღონდ ხელში სავარცხელი ეჭირა ჯერაც თმააჩეჩილს.

   – ლომა? – იკითხა.

   – ჯერ არ გამოჩენილა.

   გოგონას უმალვე ბაგეები აუთრთოლდა.

   – იქნებ კიდეც დაბრუნდეს, – უთხრა სტაშმა. – ხომ გახსოვს, უდაბნოში ორ დღეს რომ იკარგებოდა და მერე გვეწეოდა.

    – ხომ მითხარი, წავალ და მოვძებნიო?

   – არ შემიძლია.

   – რატომ, სტაშ?

   – რატომ და შენ და მეას ხეობაში მარტო ვერ დაგტოვებთ.

   – მერე კალი?

   – კალი არ არის.

   თქვა და დადუმდა, რადგან არ იცოდა, ეთქვა თუ არ ყველაფერი ბოლომდე, მაგრამ, რადგან ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა, გადაწყვიტა, ყველაფერი ერთბაშად ეთქვა.

   – კალიმ გებჰრის მახვილი წაიღო, – თქვა – და წუხელ გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. შეიძლება გაიქცა კიდეც. ზანგები, თავისდა საუბედუროდ, ასე ხშირად იქცევიან. ისე კი მეცოდება... მაგრამ შეიძლება მალე მიხვდეს, სისულელე რომ ჩაიდინა და...

   მომდევნო სიტყვის თქმა აღარ აცალა ლომას მხრიარულმა ყეფამ, რამაც მთელი ხეობა აავსო. ნელიმ სავარცხელი მიწაზე დააგდო და შესახვედრად გაქცევა დააპირა, მაგრამ ზერიბას ეკლებმა არ გაუშვა.

   სტაში სწრაფად შეუდგა მის დაშლას და, სანამ ფართო შესასვლელს გააკეთებდა, ლომაც მოვარდა, მას კი უკან მოჰყვა კალი, რომელიც ცვარს ისე დაესველებინა და აელაპლაპებინა, იფიქრებდით, თავსხმა წვიმაში უვლიაო.

   უდიდესმა სიხარულმა მოიცვა ორივე ბავშვი და, როცა დაღლილობისგან გულამოვარდნილი კალი ზერიბას ღობურის შიგნით აღმოჩნდა, ნელიმ თავისი თეთრი, პაწია მკლავები შავ კისერზე შემოაჭდო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გულში ჩაიკრა.

   მან კი თქვა:

   – კალის არ უნდა ნახოს ბიბის ტირილი, ჰოდა, კალიმ მოძებნა ძაღლი.

   – კეთილო კალი! – უთხრა სტაშმა და მხარზე ხელი დაარტყა. – მერე ღამით არ შეგეშინდა, ლომს ან აფთარს რომ გადაყროდი?

   – კალის ეშინოდა, მაგრამ კალი წავიდა. – მიუგო ახალგაზრდამ.

   ამ სიტყვებით მან ბავშვების გული საბოლოოდ მოინადირა. სტაშმა ნელის თხოვნით ფუთა გახსნა, ომდურმანიდან წამოსვლის წინ ბერძენი კალიოპულოს ნაჩუქარი შუშის მძივების ასხმულა ამოიღო და მით კალის დიდებული ყელ-კისერი შეამკო; საჩუქრით უზომოდ გახარებულმა ახალგაზრდამ იმწამსვე ამაყად გადახედა მეას და უთხრა:

   – მეას არა აქვს მძივები, კალის კი აქვს, რადგან კალი არის “დიდებული ქვეყანა”.

   ასე მოხდა შავი ბიჭის კურთხევისადმი მიძღვნილი დაჯილდოება. სამაგიეროდ ლომა შეუბრალებლად დაიტუქსა. მას შემდეგ, რაც ნელის ემსახურებოდა, მან მეორედ გაიგო, რომ საშინლად ცუდი ძაღლია და თუ კიდევ ჩაიდენს მსგავს რამეს, პატარა ლეკვივით თოკით დააბამენ. ყოველივე ამას იგი საკმაოდ ორაზროვანი კუდისქიცინით ისმენდა. მაგრამ ნელის სწამდა, რომ დაიმორცხვა და, ალბათ, გაწითლდა კიდეც, რისი დანახვაც ლომას ბანჯგვლიანობის გამო შეუძლებელი იყო.

   მერე ნარჩევ-ნარჩევი გარეული ლეღვისა და ანტილოპას მკერდის ანაჭრებისგან საუზმე გაიმართა, კალი კი ამ დროს თავის თავგადასავალს ჰყვებოდა. რადგან ნელის სვაჰილის ენა არ ესმოდა, სტაში მას ინგლისურად უთარგმნიდა. კამეჩი, როგორც აღმოჩნდა, შორს გაქცეულიყო. კალის გაუჭირდა კვალის პოვნა, რადგან უმთვარო ღამე იდგა. საბედნიეროდ, ორი დღის წინანდელ ნაწვიმარზე მიწა არც ისე მაგარი იყო, რის გამოც მძიმე ცხოველის ფლოქვები ღრმა ნაკვალევს ტოვებდა. კალი ამ ნაკვალევს ფეხის თითებით ეძებდა და დიდხანს მიდიოდა. ბოლოს კამეჩი დაეცა და ეტყობა, უმალვე მოკვდა, რადგან მისი და ლომას ორთაბრძოლის კვალი არსად ჩანდა. როცა კალიმ ისინი იპოვნა, ლომას წინა ბეჭის დიდი ნაწილი უკვე შეეჭამა და, მართალია, მეტის ჭამის თავი აღარ ჰქონდა, კამეჩთან მიახლოების ნებას არ აძლევდა ორ აფთარსა და რამდენიმე ტურას, რომლებიც შორიახლო დამდგარიყვნენ იმის მოლოდინში, როდის მორჩებოდა ქეიფს მათზე ძლიერი მხეცი და წავიდოდა.

   ბიჭმა უსაყვედურა, ძაღლმა მეც დამიღრინა, მაგრამ უმალვე “დიდი ბატონისა” და ბიბისავით დავემუქრე, მერე თოკი მოვაბი, ძლივს მოვაცილე კამეჩს და მხოლოდ ხეობაში შემოსვლის შემდეგ შევხსენიო.

   ამით დასრულდა კალის ღამეული მოგზაურობის ამბის თხრობა, რის შედეგადაც ხასიათგამოკეთებულები ცხენებზე შესხდნენ და გზა განაგრძეს.

   მხოლოდ გრძელკანჭა, ერთი შეხედვით კეთილი და მორჩილი მეა უყურებდა შურით ახალგაზრდა ზანგის ყელსაბამსა და ლომას თოკს და ნაღვლიანად ფიქრობდა.

   “ეგენი ორივენი “დიდი ქვეყანა” არიან, მე კი მხოლოდ თითბრის მავთული მაქვს და ისიც ცალ ფეხზე”.

 

 

 

კარი XXIV

 

მომდევნო სამი დღე ისევ ხეობაში მიდიოდნენ და ისიც – სულ მაღლა და მაღლა. დღისით უმეტესწილად ცხელოდა, ღამეები კი ხან ცივი იყო, ხანაც ჩახუთული. წვიმების პერიოდი ახლოვდებოდა. თვალსაწიერზე აქა-იქ რძესავით თეთრი, მაგრამ მძიმე-მძიმე ღრუბლები ჩნდებოდა. ალაგ-ალაგ წვიმის ზოლები და შორეული ცისარტყელები მოჩანდა. მესამე დღეს, უფრო სწორად კი დილას, ერთი ასეთი ღრუბელი მათ თავზემოთ ანაზდად სალტეშემომომძვრალი კასრივით გასკდა და მსხვილწვეთებიანი, თბილი, მაგრამ ხანმოკლე წვიმა დაუშვა. მალე ისევ მშვენიერი ამინდი დაიჭირა და კვლავ შეძლეს გზის გაგრძელება. იმდენი პენტარეკი დაფრინავდა, სტაში ცხენიდან ჩამოუსვლელად ესროდა და ხუთი ცალი ჩამოაგდო, რაც ლომასა და მათ ერთ ჭამად ნამდვილად ეყოფოდათ. ნაწვიმარ, სუფთა ჰაერზე სიარული სულაც არ უმძიმდათ, ხოლო ფრინველისა და წყლის სიუხვე შიმშილისა და წყურვილის საშიშროებას გამორიცხავდა. საერთოდ, საქმე იმაზე უკეთ აეწყო, ვიდრე მოელოდნენ. ამიტომაც მშვენიერ გუნებაზე მყოფი სტაში გოგონას მხიარულად ელაპარაკებოდა, დროდადრო კი ემასხრებოდა კიდეც:

   – იცი რა, ნელი, – უთხრა ერთხელ, როცა ცხენები უზარმაზარი პურის ხის ქვეშ შეაჩერეს, რათა კალის და მეას უშველებელი, ნესვისხელა ნაყოფი ჩამოეკრიფათ, – ხანდახან მგონია, რომ მოხეტიალე რაინდი ვარ.

   – რას ნიშნავს მოხეტიალე რაინდი? – ჰკითხა ნელიმ და კოხტა თავი მისკენ მიაბრუნა.

   – ადრე, ძალიან ადრე, შუა საუკუნეებში იყვნენ ისეთი რაინდები, რომლებიც ქვეყნად დაეხეტებოდნენ და თავგადასავლებს ეძებდნენ. ერკინებოდნენ გოლიათებსა და ურჩხულებს და იცი? ყოველ მათგანს ჰყავდა თავისი ქალბატონი, რომელსაც მფარველობდა და იცავდა.

   – განა მეც ისეთი ქალბატონი ვარ?

   სტაში ერთხანს ჩაფიქრდა, მერე უპასუხა:

   – არა, – შენ პატარა ხარ. ისინი დიდები იყვნენ.

   და თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ, შესაძლოა, არც ერთ მოხეტიალე რაინდს თავისი ქალაბატონისთვის არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც მან გააკეთა თავისი პაწია დაიკოსათვის – უბრალოდ ეგონა, ეს ყველაფერი თავისთავად ასე უნდა კეთდებოდესო.

   მაგრამ ნელის მისი ნათქვამი ეწყინა და ბაგედაბუშტულმა უპასუხა:

   – გახსოვს, უდაბნოში რომ მითხარი, ცამეტი წლის ადამიანივით მოიქეციო? ჰა!

   – ეგ ერთხელ. მაგრამ შენ მაინც რვა წლისა ხარ.

   – მერე რა, ათი წლის შემდეგ თვრამეტისა ვიქნები.

   – დიდი ამბავი! მე კი ოცდაოთხის ვიქნები! იმ ასაკში კი ადამიანი ქალზე კი არა, სამსახურზე ფიქრობს. გასაგებია?

   – რას გააკეთებ?

   – ინჟინერი ან მეზღვაური გავხდები ანდა, თუკი პოლონეთში ომი იქნება, მამაჩემივით მეც იქ წავალ საომრად.

   შემკრთალმა გოგონამ ჰკითხა:

   – მაგრამ პორტ-საიდში ხომ დაბრუნდები?

   – ჯერ ორივენი დავბრუნდეთ იქ.

   – მამიკოსთან! – დასძინა გოგონამ.

   და თვალები დაუდარდიანდა. საბედნიეროდ, ამ დროს ულამაზესი თუთიყუშების გუნდი მოფრინდა. ნაცრისფერ ჩიტებს ვარდისფერი თავები და ვარდისფერარშიანი ფრთები ჰქონდათ. ბავშვებს წეღანდელი საუბარი უმალვე გადაავიწყდათ და თვალი გააყოლეს.

   გუნდი ეუფორბიის ბუჩქების თავზე დატრიალდა და მერე იქვე ლეღვსულელას ტოტებზე ჩამოჯდა, საიდანაც მალე ხმამაღალი ლაპარაკისა თუ ჩხუბის მსგავსი ხმები გაისმა.

   – ეს ისეთი ჯიშის თუთიყუშებია, ძალიან ადვილად რომ სწავლობენ ლაპარაკს. – აუხსნა სტაშმა. – დიდი ხნით რომ სადმე გავჩერდებით, ერთ მაგნაირს დაგიჭერ.

   – ო, სტაშ! გმადლობ! – უთხრა გახარებულმა ნელიმ. – დაისს დავარქმევ...

   ამასობაში კალიმ და მეამ დაკრეფილი ნაყოფი ცხენებს აჰკიდეს და მცირე ქარავანი ისევ გაუდგა გზას. ნაშუადღევს ცა კვლავ მოიღრუბლა, დროდადრო წვიმდა კიდეც და წყლით ივსებოდა ყოველი ღრმული თუ ნაპრალი. კალი ნამდვილ თავსხმას წინასწარმეტყველებდა, ჰოდა, სტაშმა იფიქრა, იმ ადგილებში ისევ დავიწროებული ხეობა ღამის თავშესაფრად უხიფათო ვერ იქნებოდა, რადგან, შესაძლოა, იქაურობა წყლით ავსებულიყო. ამიტომაც ღამის გათევა მაღლა გადაწყვიტა. ამან ნელიც გაახარა, მით უფრო, როცა დასაზვერავად გაგზავნილი კალი დაბრუნდა და განაცხადა, შორიახლო სხვადასხვა ხეების პატარა ტევრია, სადაც მხოლოდ პაწია მაიმუნები დახტიან, მაგრამ ამას წინათ ნანახი პავიანებივით უშნო და ავები არ არიანო.

   ერთგან, სადაც კლდოვანი კედლები დაბალი იყო და ოდნავ გაშლილიც, ცხენები მაღლა აიყვანეს და, სანამ დაბნელდებოდა, ღამის გასათევად შეემზადნენ. ნელის კარავი გაუშალეს მაღალ, მშრალ ადგილს, რომელსაც თერმიტების ბორცვაკები გარშემორტყმოდა, რაც ზერაბას გაკეთებას აადვილებდა.

   იქვე მდგარი უზარმაზარი ტოტებგაფოფრილი და ხშირფოთლოვანი ხე წვიმაში მშვენიერი თავშესაფარი იქნებოდა. ზერიბას წინ ჯგუფ-ჯგუფად იდგა ხეები, ოდნავ მოშორებით კი მოჩანდა ხშირი, ტოტებჩახლართული ტყე, რომელსაც თავზე დაჰყურებდა რაღაც უცნაურზე უცნაური პალმები, ვეებერთელა მარაოებსა თუ ფარშევანგის*  გაშლილ ბოლოს რომ მიაგავდნენ.

   სტაშმა კალისგან გაიგო, რომ მეორე წვიმიანობის დროს, უფრო სწორად კი შემოდგომაზე, იმ პალმების ქვეშ ღამისთევა საშიშია, რადგან მწიფე ნაყოფი მოულოდნელად წყდება ხოლმე და საკმაოდ მაღლიდან ისეთი ძალით ეხეთქება, ადამიანსა და თვით ცხენსაც კი კლავსო. ამჟამად პალმაზე ნაყოფი ახალგამოსული იყო და მზის ჩასვლამდე კარგად ჩანდა, ტოტებზე როგორ დახტოდნენ და ერთმანეთს მხიარულად დასდევდნენ პაწაწინა მაიმუნები.

   სტაშმა კალისთან ერთად უამრავი, მთელი ღამის სამყოფი შეშა მოიმარაგა და, რამდენადაც დროდადრო ცხელი ქარიც ქროდა, ზერიბა საკმაოდ გაამაგრეს პალოებით, რომლებსაც ახალგაზრდა ზანგმა გებჰრის მახვილით ჩაუთალა ბოლოები და ისე ჩაასო მიწაში. სიფრთხილე ზედმეტი არ იყო, რადგან გრიგალს შეეძლო, ბღუჯა-ბღუჯად წაეღო ღობის ეკლიანი ტოტები, რაც მტაცებლების თავდასხმას გააადვილებდა.

   მაგრამ მზის ჩასვლისთავნავე ქარი ჩადგა, სამაგიეროდ ჰაერი დამძიმდა და დაიხუთა. თავდაპირველად ღრუბლებსა და ღრუბლებს შორის აქა-იქ ვარსკვლავები ჟიკჟიკებდა, მაგრამ მერე, ღამით სულ ჩაკუნაპეტდა ისე, რომ თვალთან მიტანილი თითიც არ ჩანდა. პატარა მოგზაურები კოცონთან შეგროვდნენ და მეზობელი ხეებიდან მოღწეულ მაიმუნების ალიაქოთს უსმენდნენ. ამას ერთოდა ტურებისა და სხვა მხეცთა უცნობი ხმები, რომელშიც აშკარად შეიმჩნეოდა მოუსვენრობა და შიში იმის წინაშე, რაც ღამეულ სიბნელეს შეფარებულ ჯუნგლების ბინადართ ემუქრებოდა.

   ანაზდად სამარისებური მდუმარება ჩამოწვა, რადგან ჩაკუნაპეტებულ შორეთში ლომის გმინვა გაისმა.

   იქვე, ახალამონაყარ ჯუნგლებში, საძოვრად მიშვებული ცხენები უცებ დაფრთხნენ, წინა დაპალვანდებულ ფეხებზე აკუნტრუშებულები უმალვე შუქისაკენ წამოვიდნენ, საერთოდ ომახიანი ლომაც აიფხორა და ადამიანებს კუდამოძუებული მიეკრა, თითქოსდა მფარველობას სთხოვსო.

   გმინვა განმეორდა – იტყოდით, მიწიდან წამოვიდა ღრმა, მძიმე, დაძაბული გმინვა, რომელიც ნადირმა თითქოსდა ძლივძლიობით გამოატია თავისი მძლავრი ფილტვებიდანო. დაბლა, მიწა-მიწა მოდიოდა, ხან ძლიერდებოდა, ხანაც სუსტდებოდა და დროდადრო მოგუდულ, ძლიერ და გულშემზარავ კვნესად იქცეოდა.

   – კალი! ფიჩხი დააყარე. – ხმა ამოიღო სტაშმა.

   ზანგმა კოცონს უცებ იმდენი ფიჩხი დააყარა, ცეცხლის ენები მაღლა აიჭრა და ჩინჩხლები ბღუჯა-ბღუჯად გაყარა.

   – სტაშ, ლომი ჩვენს თავს არ დაგვესხმის!.. ხომ მართალია?– წასჩურჩულა ნელიმ და სახელოზე მოქაჩა.

   – არა. არ დაგვესხმის. შეხე, რა მაღალი ზერიბაა...

   ეს რომ თქვა, გულშიც ასევე სწამდა, რომ საშიშროება მათ კი არ ელოდა, არამედ ცხენებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მოიწევდნენ ღობისკენ და შეიძლება, გადმოენგრიათ კიდეც.

   ამასობაში გმინვა გადაიზარდა გრგვინვასავით გაბმულ ღრიალში, რისგანაც ყველა სულდგმულს შიშისაგან ძარღვებში სისხლი ეყინება, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც საერთოდ არ იცის, რა არის შიში, ნერვები ისე უთრთის, როგორც ზარბაზნების შორეულ გრგვინვაზე თრთის ხოლმე სარკმლის მინები.

   სტაშმა ნელის წამიერი მზერა ესროლა და, აკანკალებული ნიკაპი და აწყლიანებული თვალები რომ დაუნახა, უთხრა:

   – ნუ გეშინია, ნუ ტირი!

   მან კი ისე უპასუხა, როგორც მაშინ, უდაბნოში:

   – ტირილი სულაც არ მინდა... ოღონდაც... თვალები მიოფლიანდება! ვაი!

   ბოლო შეკივლება გოგონას ბაგეს მოსწდა იმის გამო, რომ ზუსტად ამ დროს ტყის მხრიდან პირველზე მეტად ძლიერი გმინვა გაისმა. ცხენები ზედ ღობეს მოაწყდნენ და აკაციის ფოლადივით მტკიცე და გრძელი პალოები რომ არა, უმალვე გადმოქელავდნენ. ლომა ღრინავდა, თან ფოთოლივით თრთოდა, კალიმ კი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოღერღა:

   – ბატონო! ორი! ორი! ... ორი!..

   ლომებმა ერთმანეთს გაუგეს და ახლა შეუჩერებლად ღრიალებდნენ და ეს საზარელი კონცერტი სიბნელეში განუწყვეტლივ გრძელდებოდა, რადგან, თუ ერთი დაიღლებოდა, ღრიალს მეორე ნადირი აგრძელებდა. სტაში უცებ ვერ მიხვდა, საიდან მოდიოდა ღრიალი, რადგან ნახმევს ხეობა ექოდ იმეორებდა, კლდე კლდეს გადასცემდა, ეშვებოდა დაბლა, ამოდიოდა მაღლა, მით ივსებოდა ტყე, ჯუნგლები და სიბნელე გრგვინვითა და მღელვარებით იჟღინთებოდა.

   ერთ რამეს კი უეჭველად ხვდებოდა, კერძოდ იმას, რომ მხეცები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ. კალიც მიხვდა: ლომები მათ სადგომს გარშემორტყმოდნენ, წრეს თანდათან ავიწროებდნენ და, ცეცხლის შუქით შეჩერებულები, თავიანთ შიშსა და უკმაყოფილებას ღრიალით გამოხატავდნენ.

   ისე, ალბათ, ისიც იმას ფიქრობდა, რომ საშიშროება მხოლოდ ცხენებს ემუქრებოდა, რადგან თითები გაშალა და თქვა:

   – ლომები მოკვლა ერთი, ორი – მაგრამ ყველა არა! ყველა არა!..

   – კოცონს ფიჩხი დააყარე! – გაიმეორა სტაშმა.

   ისევ იფეთქა ცეცხლის ენებმა; ღრიალი იმწამსვე შეწყდა. მაგრამ კალიმ თავი აწია და მაღლა მომზირალი სმენად იქცა.

   – რა ხდება? – ჰკითხა სტაშმა.

   – წვიმა! – მიუგო ზანგმა.

   სტაშმაც ყურები ცქვიტა. ხის ვარჯები მყარად იცავდა კარავსაც და მთელ ზერიბასაც, ამდენად მიწას ჯერ ერთი წვეთიც არ დასცემია, მაგრამ ზემოთ უკვე ისმოდა ფოთლების შრიალი. რამდენადაც დახუთულ ჰაერში ნიავი ოდნავადაც არ იძვროდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ტევრში წვიმა იწყებდა ფუთფუთს.

   შარიშური წუთიწუთ მატულობდა და ცოტა ხნის შემდეგ ბავშვებმა აშკარად დაინახეს ფოთლებზე ჩამოკიდებული უშველებელი, ვარდისფერი მაგრაგლიტების მსგავსი წვეთები. როგორც კალი ვარაუდობდა, თავსხმა წვიმა იწყებოდა. შარიშური დიდ ხმიანობაში გადაიზარდა. წვეთებიც გახშირდა და მალე ზემოდან წყლის ზონრები დაეშვა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი